სერგო ჩიხლაძე: „სტატისტიკა სანდო არაა, კორონაშემთხვევები ბევრად მეტია!“

დრამატულად გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დისკუსიაში იწვევს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყოველდღე უარესდება, ასევე ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაციის მართვა ქვეყანაში. მთლიანად მორღვეულია ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი, გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება საწოლფონდთან დაკავშირებით, სავალალო მდგომარეობაა ე. წ. კოვიდსასტუმროებში, 112 და სასწრაფო დახმარება დროულად და, რიგ შემთხვევებში, საერთოდ ვერ რეაგირებს მოქალაქეების ჯანდაცვის საჭიროებებზე. არ გვაქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სამედიცინო სახარჯი მასალების ან წამლების კუთხით. სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების ეფექტიანად მობილიზება კვლავ არ ხდება. სრულიად გაუმჭვირვალეა კოვიდთან მიმართებით მობილიზებული და უცხოური დახმარების სახით მიღებული მილიარდობით ლარის ხარჯვა. ამასთან, დღითიდღე უარესდება ადამიანებისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
უკვე ყოველ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ეფექტიანი გეგმისა და სტრატეგიის გარეშე ყოველი დღის დაყოვნება დამატებით გარდაცვლილ, ათასობით დაინფიცირებულ და ასევე ათასობით სიღარიბისა და შიმშილისთვის განწირულ ადამიანს ნიშნავს.
ამიტომ დაუყოვნებლივ ვითხოვ საჯარო დისკუსიას ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან და ვუსვამ კონკრეტულ კითხვებს: 1. რა გააკეთეთ განვლილ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემის ეპიდემიის ტალღისთვის მოსამზადებლად და სად დაიხარჯა კოვიდზე მობილიზებული თანხები? 2. რატომ გვეღუპება ადამიანები ე. წ. კოვიდსასტუმროებში და რატომ რჩება ასეთ სივრცეებში პაციენტი ყოველგვარი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე? 3. რატომ ვერ ააწყვეთ ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი ქვეყანაში გასული 6 თვეში? 4. რატომ არ მუშაობს 112 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი ქვეყანაში და რატომ უწევთ მოქალაქეებს საათობით ლოდინი საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად? 5. რატომ არ დაიწყეთ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ოჯახის ექიმების მასობრივი ტრენინგი და მომზადება პაციენტების ბინაზე სამართავად? 6. რატომ არ დაიწყეთ მოლაპარაკება კერძო სექტორთან საჭირო საწოლფონდისა და სამედიცინო პერსონალის მობილიზაციისა და მოსამზადებლად და რატომ იწყებთ ამაზე ფიქრს მხოლოდ ახლა, ოქტომბერში, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გაგექცათ? 7. რა გეგემა გაქვთ ეპიდემიის სამართავად?“ _ აცხადებს სერგო ჩიხლაძე და ქალბატონ ტიკარაძეს მოუწოდებს, რომ კონკრეტული, დროში გაწერილი და განსაზღვრულ ინდიკატორებზე დაფუძნებული გეგმა წარმოადგინოს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც სასწრაფოს 4-6-საათიან დაგვიანებას ნორმალურად მიიჩნევს, სერგო ჩიხლაძის გამოწვევას, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია და, დიდი ალბათობით, არც გამოეხმაურება.

ზემოთქმულის გარდა, კიდევ რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი კორონაპანდემიას? _ „ქრონიკა+“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამსვლელი პროპორციული სიის წევრს, ჯანდაცვის ექსპერტ სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა:

_ სერგო, თქვენ, როგორც ექსპერტი, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მოულოდნელ რეკორდულ ზრდას რით ხსნით?
_ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იმიტომ იზრდება, რომ კონტროლის მექანიზმი მიშვებული იყო. შესაბამისად, ინფექციამ ერთბაშად იფეთქა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მარტ-აპრილში ვსაუბრობდით, რომ საჭირო იყო მწვავე სადიაგნოსტიკო ქსელის აწყობა, რადგან ერთი შემთხვევაც არ გაგვპარვოდა და ადამიანთა იზოლაცია დროულად მოგვეხდინა. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და დღესაც კი სულ 22 ლაბორატორიაა, რომელიც ტესტების ჩატარებას ვერ აუდის. ერთი სიტყვით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლიდან დროული დიაგნოსტიკა, ადამიანთა იზოლირება და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა ამოვარდნილია. შესაბამისად, ინფიცირებულთა ციფრებიც „გაიქცა“. საერთოდ, ინფექცია საზოგადოებაში გროვდება, ანუ აკუმულირდება და გადადების მაჩვენებელიც იზრდება.
გარდა ამისა, სახელმწიფოც მოდუნდა.
_ რას გულისხმობთ?
_ ზაფხულის განმავლობაში წესების დაცვაზე ერთი ახალი საინფორმაციო კლიპი მაინც გინახავთ?
_ სიმართლე გითხრათ, არა.
_ ჰოდა, ყველაფერი ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობა მოდუნდა და დაიჯერა, რომ მართლა ძალიან მაგარია და კორონა დაძლია. მოკლედ, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინფორმირებულობის კომპონენტი დაირღვა.
_ შეიძლება, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, კორონაშემთხვევები მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში იმატებს.
_ დიახ, მაგრამ იგივე ევროპაში კორონაშემთხვევები იმ ფონზე იზრდება, როცა ეკონომიკა ამოქმედებულია, საზღვრები კი _ გახსნილი. ჩვენთან კი საზღვრები ჩაკეტილია და, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს პანდემია მაინც „გაექცა“. მეტიც, ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ერთ სულ მოსახლეზე კოვიდინფიცირებული ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე _ ევროპას ან რომელიმე სხვა ქვეყანას.
_ არავინ უარყოფს, რომ ხელისუფლება კორონას ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ როგორც ყველა მედალს, კორონამედალსაც აქვს მეორე მხარე, ანუ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანს კორონას უდგენენ, თუმცა მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფეიკ-დადასტურებაა. სხვათა შორის, ამის ნათელი მაგალითია მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის არასრუწლოვანი შვილის შემთხვევა _ ბავშვს კორონა დაუდგინეს, თუმცა გაირკვა, რომ დიაგნოზი არასწორი იყო. ჰოდა, ბევრი ფიქრობს, რომ კოვიდსტატისტიკა ხელოვნურადაა გაბერილი და ყველაფერი ერთგვარი პოლიტიკური თამაშებია. ამ კუთხით რისი თქმა შეგიძლიათ?
_ ასეთი ვარაუდი აქამდეც გვქონდა და ახლაც გვაქვს, თუმცა მთავრობის ლოგიკიდან ამოვიდეთ.
_ ანუ?
_ მთელი ამ თვეების განმავლობაში მთავრობა თავს იმით იწონებდა, რომ მაგარი კრიზისმენეჯერია, ეპიდემიას მართავს და კორონის 10-15 შემთხვევაზე მეტი თითქოს სწორედ ამიტომაც არ გვქონდა. აქედან გამომდინარე, არჩევნების წინ ხელისუფლებისთვის კორონარიცხვების გაზრდა მომგებიანი არაა. „ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნებოდა, რომ სტატისტიკა, ვთქვათ, 200-მდე გაზრდილიყო, თუმცა ხელისუფლებას ეთქვა, ყველაფერს ისევ ვმართავო, მაგრამ ამასობაში სიკვდილიანობაც გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე ასზე მეტია. პარალელურად, კლინიკები სერიოზულადაა გადატვირთული და იგივე აჭარაში ადგილებიც აღარაა. ამიტომ ადამიანები, რომელთაც კოვიდი უდასტურდებათ, კოვიდსასტუმროებში გადაჰყავთ. სხვათა შორის, ამ კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი ისე გარდაიცვალა, რომ მასზე ზედამხედველობაც არ არსებობდა.
სიმართლე გითხრათ, სტატისტიკაში ეჭვი მეც მეპარება, რადგან სანდო არაა, ვის როდის ტესტავენ და რა პასუხს ეუბნებიან, ანუ იქითკენ ვიხრები, რომ შესაძლოა, შემთხვევა ბევრად მეტია, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ და დავუშვათ, რომ იტყუებიან და ზედმეტ სტატისტიკას აქვეყნებენ, მაგრამ ფაქტია, რომ სიკვდილიანობა იზრდება და, როგორც გითხარით, კლინიკებიც გადატვირთულია. ყველაფერი ეს კი მთავრობის ინტერესში არ შედის.
_ სხვათა შორის, ზოგს კითხვის ნიშნები სიკვდილიანობის გაზრდაზეც აქვს. აი, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილი ერთ-ერთი პაციენტის ოჯახს არ სჯერა, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონა გახდა. მოკლედ, არსებობს ვერსია, რომ დამძიმებული ეპიდვითარება პოსტსაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, როცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ათასობით ადამიანმა შესაძლოა, ქუჩაში გამოსვლა დააპიროს. ხელისუფლება კი ამ საპროტესტო ტალღის შეჩერებას იმ საგანგებო მდგომარეობით შეეცდება, რომელსაც კორონის საბაბით გამოაცხადებს…
_ გეთანხმებით, ეს გეგმა ნამდვილად არსებობს, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ „ოცნება“ ქვეყანას მართლა ჩაკეტავს, მაგრამ ამ „შეთქმულების თეორიას“ მხოლოდ იმ ნაწილში არ ვიზიარებ, აი, ხელისუფლებას აწყობს და დაინფიცირებულთა რიცხვს ამიტომ ზრდისო. იმ ეპიდვითარებით, რაც დღეს ქვეყანაშია, ხელისუფლება მხარდამჭერებს კარგავს. საერთოდ, ხელისუფლებას ციფრებით მანიპულირება შეუძლია, მაგრამ ის თანმხლები მოვლენები, რაც ყველაფერ ამას ახლავს, მანიპულირებადი არაა.
_ რას გულისხმობთ?
_ ყველას, მით უმეტეს, მათ, ვინც ჯანდაცვის სფეროში ვართ, საავადმყოფოებთან, კლინიკებსა და ექიმებთან კონტაქტი გვაქვს და ვიცით, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია, ანუ ციფრების მოგონება შესაძლებელია, მაგრამ არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლითაც რეალობა დგინდება.
_ მესმის, მაგრამ სერგო, რატომ არ უშვებთ ალბათობას, რომ კლინიკებში ყველა კოვიდდადებითი კი არაა, არამედ ზოგს სეზონური გრიპი სჭირს?
_ გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა…
_ შორს რომ არ წავიდეთ, აი, ნიკა გვარამიაც წერდა სოციალურ ქსელში, რომ თბილისში, კოვიდის გარდა, სხვა უმძიმესი ვირუსიცაა მოდებული…
_ სეზონური გრიპი ოქტომბრის ბოლოს იწყება, პიკს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში აღწევს. მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც კლინიკებში ხდება, მოგონილია.
_ ჰოდა, თუ ვითარება, მართლაც, ასეთი დრამატულია, ხელისუფლება მკაცრ ღონისძიებებს რატომ არ ატარებს?
_ „ოცნებას“ უნდა, რომ ვითარება როგორმე 31 ოქტომბრამდე მიაგოროს, მერე კი ქვეყანა დაკეტოს.
სხვათა შორის, სხვა მიმართულებითაც წავალ.
_ რომელი მიმართულებით, სერგო?
_ ხელისუფლება თავს იმითაც აღარ იმართლებდა, ეკონომიკა რატომ ვერ გამართა ან სამუშაო ადგილები რატომ ვერ შექმნა. მისი ერთადერთი კოზირი ის იყო, რომ კორონა კარგად მართა. ამ კოზირის გაშვება მის ინტერესებში არ შედიოდა და ასეც ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ოქტომბრის ბოლოს ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა და სანამ საზოგადოება გონზე მოვდოდა და იტყოდა, ხელისუფლებას კორონა, თურმე, კარგად ვერ უმართავსო, არჩევნები „ოცნებისთვის“ ხელსაყრელ პირობებში ჩატადებოდა, მაგრამ იცით, რა ხდება?
_ რა?
_ კორონა „ოცნებას“ აზრს არ ეკითხება და, აქედან გამომდინარე, ეპიდსიტუაცია უფრო ადრე აფეთქდა, ვიდრე ხელისუფლება ელოდებოდა. ისე, მთავრობაში მეც რომ ვიყო, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვეცდებოდი, რომ ზემოხსენებული კოზირი შემენარჩუნებინა, მით უმეტეს, ვიცით, რომ „ოცნება“ თავის კარგ კრიზისმენეჯერობაში საზოგადოების დიდ ნაწილს აჯერებდა.
_ ასეა თუ ისე, პოლიტიკურ წრეებში თანდათან მწიფდება აზრი, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არჩევნების გადადებას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ დაუჭერს მხარს?
_ არა! არჩევნები არ უნდა გადაიდოს. ეს აზრი, თუ არ მეშლება, „ლელომ“ გააჟღერა და თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, შეიძლება, უკმაყოფილოა და ფიქრობს, არჩევნების გადადება უკეთესიაო, თან ფულადი რესურსების პრობლემაც არ აქვს და, ალბათ, ურჩევნია, კამპანია გააგრძელოს და არჩევნები მოგვიანებით ჩატარდეს, მაგრამ არჩევნები რატომ უნდა გადაიდოს?
_ იმიტომ უნდა გადაიდოს, რომ ქვეყანაში საგანგაშო ეპიდსიტუაციაა.
_ გასაგებია, მაგრამ არჩევნები რომ გადაიდოს, რა, „ოცნება“ რამეს გააკეთებს და ერთი თვის მერე უკეთესობა იქნება?
დიახაც, არჩევნები 31 ოქტობერს უნდა ჩატარდეს, რადგან ხელისუფლება დროულად შეიცვალოს და ისეთი მოვიდეს, რომელიც ჯანდაცვის, ეკონომიკისა თუ სხვა მიმართულებით რამეს რეალურად გააკეთებს!
_ ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, სადაც უამრავი ადამიანი იქნება, კორონაუსაფრთხოების ზომებს როგორ დავიცავთ?
_ კი ბატონო, მაგრამ საარჩევნო უბნებზე თუ სადეზინფექციო საშუალება იქნება და ხალხი ნიღბებით მივა, ეს დიდი რისკი არაა.
_ სხვათა შორის, 31-ში საარჩევნო უბნებზე სიცხეს არ გაგვიზომავენ, ანუ მასობრივი თერმოსკრინინგი არ იქნება.
_ ეს თერმოსკრინინგი ისედაც „ტრუხა“ რაღაცაა და მასზე დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია, თუმცა საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების წესების დაცვა მარტივია. მოკლედ, არჩევნების ჩატარებაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ და, წეღანდელი თქმისა არ იყოს, არჩევნები რომც გადაიდოს, ხელისუფლება მაინც ვერაფერს გააკეთებს, თან ისიც არავინ იცის, კორონავირუსი ჩვენთან რამდენ ხანს დარჩება.
_ პრობლემას ვერც იმაში ხედავთ, რომ 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდა?
_ არჩევნებზე ერთმნიშვნელოვანი აზრი მაქვს _ არ უნდა გადაიდოს. სწავლის აუდიტორიებში დაწყებას კი უფრო ფრთხილად მივუდგებოდი.
_ რატომ?
_ სანამ კორონავირუსის შემთხვევების ასეთი მაღალი ციფრები გვაქვს, სწავლის აუდიტორიებში განახლებისგან თავს შევიკავებდი.
_ ისე, თქვენი დაკვირვებით, კორონის მეორე ტალღა საქართველოში როდემდე გაგრძელდება?
_ ამის თქმა ზუსტად არავის შეუძლია, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები, ალბათ, ორი-სამი თვე იქნება, მით უმეტეს, რომ ამას სეზონური გრიპიც დაერთვება, რაც დამატებით პრობლემას შექმნის. ერთი სიტყვით, გაზაფხულამდე, ალბათ, რთული სიტუაცია იქნება.
_ მასობრივი თუ არა, ლოკალური „ლოკდაუნების“ მომხრე ხართ?
_ ყველანაირი ჩაკეტვისა და „ლოკდაუნის“ წინააღმდეგი ვარ, თუმცა სექტორული შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ხელისუფლება არ საუბრობს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ვკითხულობდით, ვთქვათ, ყოველდღე ასი შემთხვევის დროს რა შეიზღუდებოდა და რა _ არა.
_ ხელისუფლებამ რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს 22:00 საათის მერე მუშაობა უკვე აუკრძალა.
_ გახარიას, ალბათ, არავინ უთხრა, რომ გასართობი ცენტრები დიდი ხანია, დახურულია. ამასთან, ამ გაჭირვების ფონზე რესტორნებში ჯგუფურად სიარულიც დიდი ხანია, არ მინახავს. პრობლემაც სწორედ ეგაა, რომ ხელისუფლებას გეგმა არ გააჩნია, კორონავირუსის შემთხვევების მატებისას რა უნდა გააკეთოს. აი, მაგალითად, გერმანიაში ყველა მუნიციპალიტეტმა, ქალაქმა თუ ფედერალურმა მთავრობამ ზუსტად იცის, რომ თუ ასი ათასს მოსახლეზე 35 და მეტი ახალი შემთხვევა იქნება, მაშინ გარკვეული ტიპის შეზღუდვები უნდა დააწესოს. 50 და მეტ შემთხვევაზე ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და ა. შ., ანუ ყველა ნიშნულზე სხვადასხვა შეზღუდვა არსებობს, რომლისთვისაც უცხოეთში მხოლოდ მთავრობები კი არა, ხალხიც მომზადებულია. ჩვენთან კი მსგავსი არაფერი არსებობს და მთავრობას სწორედ ამას ვეუბნებით, თქვას, რა ნიშნულზე როგორ ვიქცევით.
რაც უნდა მოხდეს, ტრანსპორტი არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ის მაინც უნდა დარეგულირდეს, რომ სამარშრუტოში ადამიანები ფეხზე არ იდგნენ. მსგავსი რაღაცები ძალიან მარტივი გასაკონტროლებელია.
_ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მეტროსადგურებთან პოლიცია დგას და კორონაწესების დაცვისკენ მოუწოდებს ხალხს, ვთქვათ, ვისაც არ აქვს, პირბადეს აძლევს და ა. შ….
_ ამის გაკეთება მანამდეც ხომ შეიძლებოდა, სანამ დღეში ათასზე მეტი შემთხვევა გვექნებოდა?
_ ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ აქამდე თბილისი მწავნე ზონად ითვლებოდა, სერგო.
_ ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა, ანუ როცა შემთხვევები გაიზრდება, ზომები მაშინ უნდა გავამკაცროთ? ამირან გამყრელიძემ 4 ოქტომბერს თქვა, ოჯახის ექიმების გადამზადების პილოტური პროგრამა გუშინ დავიწყეთო. ამაზე მარტიდან ვლაპარაკობთ და პილოტური პროგრამა ოქტომბერში უნდა დაეწყოთ? ხელისუფლებამ ისიც თქვა, საწოლფონდის მობილიზებისთვის 48 მილიონი ლარი გამოვყავითო, მაგრამ ეს ახლა კი არა, როცა ადგილები აღარაა, არამედ მარტსა და აპრილში უნდა გაკეთებულიყო. პრობლემის გამოსწორებაზე ფიქრს პრობლემის გაჩენის შემდეგ რომ იწყებენ, აი, სწორედ ესაა მავნე და მცდარი მენეჯმენტი!
_ სერგო, გასაგებია, რომ ხელისუფლების კორონამენეჯმენტი მავნეა, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოქალაქეებს რას გვირჩევს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კორონას გადავურჩეთ?
_ ინფექციის კონტროლისთვის ორი ძირითადი გზა არსებობს: სწრაფი გამოვლენა, ანუ დიაგნოსტიკა და ინფიცირებულის იზოლირება ან მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ამიტომ ფართომასშტაბიანი სადიაგნოსტიკო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აეწყოს, რათა მეტი ადამიანის ტესტირება და დიაგნოსტირება მოხდეს. სხვათა შორის, საქართველოს მცირე მოსახლეობიდან გამომდინარე, ამის გაკეთება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა შეივსოს ყველანაირი მარაგი, სამედიცინო პერსონალის დამცავი ეკიპირებიდან დაწყებული, ტესტებით დამთავრებული.
პარალელურად, კერძო სექტორთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება.
_ რაზე?
_ დამატებითი საწოლფონდის მობილიზებაზე.
ისიც მავნე პრაქტიკაა, ხელისუფლება რომ ამბობს, კორონაშემთხვევების ზრდა ჩემი ბრალი კი არაა, ხალხმა რეგულაციები დაარღვიაო. არადა, სინამდვილეში, ხალხს არაფერი დაურღვევია. ხალხი ისე იქცევა, რასაც ეუბნებიან!
_ მედიკოსები გვაფრთხილებენ, პირბადე ატარეთ და დისტანცია დაიცავითო, მაგრამ გულწრფელად ვთქვათ, რომ უმეტესობა არც დისტანციას ვიცავთ და პირბადესაც კორონამოდისთვის, ნიკაპზე ვატარებთ. ჰო, მართლა: იზიარებთ გახარიას შეგონებას, რომ პირბადის ტარება პატრიოტიზმია?
_ პირბადის ტარება პატრიოტიზმი კი არა, დახურულ სივრცეში ჩვეულებრივი რეკომენდაციაა. საერთოდ, ეს სადღეგრძელოები და რაღაცები თავიანთთვის შეინახონ და ამას ჯობია, საქმე გააკეთონ! ისე, თუ პირბადის ტარებაზეა ლაპარაკი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მთელი ზაფხული ისე გავიდა, ერთი საინფორმაციო ბუკლეტი არ გამოუციათ და ადამიანებისთვის არ უთქვამთ, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მარტის მერე არაფერი შეცვლილა, ანუ რეკომენდაციები იგივეა _ კონკრეტულ ადგილებში პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და შესაბამისმა უწყებებმა ისიც უნდა უზრუნველყონ, რომ დაწესებულებებს დეზობარიერები თუ ანტისეპტიკური ხსნარები ჰქონდეთ!
გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალის _ ექიმებისა და ექთნების _ გადამზადებაც აუცილებელია, რადგან რაც შეიძლება მეტი რესურსის მობილიზება შევძლოთ. რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა თუ კარგი კვალიფიკაციის თერაპევტების კუთხით ისედაც შეზღუდულები ვართ.
_ რა ამის პასუხია და, არავინ იცის, კოვიდფონდში აკუმულირებული მილიონობით თანხა სად დაიხარჯა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ ფონდის შესწავლას ხომ არ მოითხოვს?
_ დიახ, ამ ფონდის შესწავლა აუცილებელია, მით უმეტეს, მაქვს ინფორმაცია, რომ ფონდიდან თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, თუმცა ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ვამოწმებ. სხვათა შორის, ლაპარაკი მხოლოდ ამ ფონდზე კი არა, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზეცაა. აი, მაგალითად, კოვიდთან საბრძოლველად ჯანდაცვის ბიუჯეტი 242 მილიონით გაიზარდა. ამასთან, უცხოელი პარტნიორებისგან რამდენიმე მილიარდის დახმარება მივიღეთ, საიდანაც მილიარდ ლარზე მეტი ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლადაა განკუთვნილი, მაგრამ გაურკვეველია, ეს ფული სად წავიდა _ სახარჯი მასალებისა და ტესტების დეფიციტი გვაქვს, ექიმების ტრენინგიც არ ჩატარებულა და საწოლფონდზე დამატებითი თანხაც ახლა გამოიყო. ვერც იმაზე მივიღეთ ინფორმაცია, რამდენი დამატებითი სასუნთქი აპარატი შემოვიდა.
ყველაფერ ამის პარალელურად, კოვიდთან ბრძოლის პირველ ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი ხელფასებს ვერ იღებს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! ექიმებისა და ექთნების ხელფასი, უმეტესად, 300-დან 500-ლარამდეა, ანუ მიზერულ თანხებზეა ლაპარაკი და ამ დროს არავინ იცის, ზემოხსენებული მილიონები სად წავიდა.
მოკლედ, ამ კუთხით სერიოზული კითხვები არსებობს და პასუხისმგებელ პირებსაც სერიოზული პასუხების გაცემა მოუწევთ!

გიორგი აბაშიძე