ნინო მეტრეველი: „ოცნება“ კორონააფერით აპირებს არჩევნების მოგებას“

ნაადრევად იზეიმა „ქართულმა ოცნებამ“ გაზაფხულზე კორონავირუსის დამარცხება. მოვიდა შემოდგომა და ვნახეთ კრიზისმენეჯერისა და სამ მუშკეტერად შერაცხული ექიმების ძალა. ინფიცირებულების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და წინ კიდევ უარესი გველოდება. მუშკეტერები არ იმჩნევენ, მაგრამ აშკარად ნირი აქვთ წამხდარი. ლეიბორისტული პარტიის წევრი ნინო მეტრეველი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კატასტროფულს უწოდებს, მაგრამ არ სჯერა, რომ დღეში 1000 და მეტი ინფიცირებული გვყავს. ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება რაღაც ტრიუკისთვის ემზადება და ეს ტრიუკი 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

რა ეჭვები აქვს ოპოზიციას? რატომ გაინავარდა ასე ლაღად კორონამ საქართველოში? რატომ უნდა მოშორდნენ პოლიტიკას ბიზნესმენები? რა აღარ უშველის ივანიშვილს? რატომ გაჩერდა დასავლეთი? _ ამ თემებზე ნინო მეტრეველი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო ნინო, კორონის გავრცელებასთან დაკავშირებით საოცრებები ხდება. როცა გაზაფხულზე დღეში 3-4 შემთხვევა იყო ჩაგვკეტეს, ახლა ყოველდღე 1000 ინფიცირებულია და გვეუბნებიან, საპანიკოდ არ გვაქვს საქმეო.
_ ამ ვირუსის მიმართ „ქართული ოცნების“ მიდგომა საკვირველი და საოცარია. ალბათ, გემახსოვრებათ, რა ხდებოდა გაზაფხულზე: დღეში 2-3 შემთხვევაზეც კი ისტერიკაში ვარდებოდნენ ექიმები და ხალხსაც ზაფრავდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც სასწაული ხდებოდა. ახლა დღეში 1000 და მეტი ინფიცირებულია და სიმშვიდე სუფევს. ეს, ბუნებრივია, ეჭვებს იწვევს.
_ თქვენ არ გჯერათ, რომ ამდენი ადამიანია დაინფიცირებული?
_ კორონა რომ ვერაგი ვირუსია, ამაზე არ ვკამათობ, მე ექიმების სიმშვიდე მაეჭვებს. არც ხელისუფლების რეაქცია არის ადეკვატური. 2-3 შემთხვევაზე თუ ისტერიკაში იყვნენ, ახლა აუხსნელია მათი სიმშვიდე. აშკარად რაღაც ხდება. ამ სიმშვიდით შეიძლება, თავიანთ უნიათობას მალავენ. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ვირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე იქნებოდა. ამისთვის ყველა ქვეყანა მოემზადა. ამათ რა ქნეს? ის ფული, რომელიც კორონასთან საბრძოლველად იყო გამოყოფილი, შეჭამეს. ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვები, რატომ არ მოემზადნენ მეორე ტალღისთვის? ეს კითხვები მათაც რომ არ დავუსვათ, ისე იქცევიან, ვითომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, და ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.
არც ის არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მცდარია და ეს უხარისხო ტესტების ბრალია. რამდენმა თქვა, რომ ტესტების პასუხი არასწორი იყო. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრმა გადაამოწმა ამ ტესტების პასუხები და კორონა არ აღმოაჩნდა. ეს გადამოწმება იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ ამაზე ყველას არ მიუწვდება ხელი.
იმის მაგივრად, რომ უხარისხო ტესტებსა და მთლიანად ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას მიხედონ, ისევ ოპოზიციისთვის უნდათ ყველაფრის დაბრალება. გასულ კვირას „ნაციონალებმა“ ბათუმში აქცია გამართეს და ეპიდსიტუაციის აფეთქებას ამ თავყრილობას აბრალებენ, არადა, ამ აქციამდე ბევრად ადრე აფეთქდა. იგივე ხალხს დაავიწყდა, მთელი ზაფხული დენდროპარკში რომ ირეოდნენ: ქართველები ხომ მიჰყავდათ და მიჰყავდათ, რუს ტურისტებსაც დაათვალიერებინეს ბიძინას შემოქმედება.
რუსეთი კორონის გავრცელების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ვინ იცის, რამდენი ვირუსიანი რუსი ტურისტი დადიოდა დენდროპარკში. ეს აისახა კიდევაც აჭარაზე _ ეპიდსიტუაცია აფეთქდა! მტკიცებითი ფორმით არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ საარჩევნოდ ინფიცირებულების რაოდენობას სპეციალურად ზრდიან.
_ ამის გაკეთება რისთვის სჭირდებათ, ხალხი არჩევნებზე რომ არ წავიდეს?
_ შეიძლება, ამაზეც ფიქრობენ, მაგრამ მე სულ სხვა ვერსია მაქვს: ისევ გაზაფხულს გავიხსენებ, სახლში რომ ვისხედით დაზაფრულები. ერთ დღესაც გვითხრეს, რომ ვირუსი დამარცხებულია. იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ რეიტინგი თითქმის გაორმაგდა. 2019 წლის 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ ივანიშვილისა და მისი პარტიის რეიტინგი მინიმუმზე იყო დასული. ამ გაზაფხულზე კი ეს რეიტინგი თითქმის გაორმაგდა.
ხალხმა, ეტყობა, ხელისუფლება პატრონად მიიჩნია, რომელიც მას ვირუსისგან იცავდა. არ გამიკვირდება, რომ არჩევნების წინ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ხელისუფლების პირველი პირები გამოვლენ და ამაყად გვეტყვიან, რომ მოკლე დროში შეძლეს ვირუსთან გამკლავება. ამით მმართველი პარტიის რეიტინგი კიდევ მოიმატებს და 31 ოქტომბერს მათ სასარგებლოდ გაკეთდება არჩევანი.
ინფიცირებულთა ასეთი რეკორდული ზრდა შეიძლება ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად. „ოცნებისთვის“ უკეთესია, თუ ცოტა ამომრჩეველი მივა უბნებზე. თავის მომხრეებს მიიყვანენ და არჩევნებსაც მოიგებენ. გარდა ამისა, უკვე ვიცით, რომ ვინც საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაშია, არჩევნებზე ვერ წავა. მათთან გადასატან ყუთებს მიიტანენ. გადასატანი ყუთი კი არჩევნების გასაყალბებლად საუკეთესო საშუალებაა. ივანიშვილმა ტყუილად კი არ თქვა, 63%-ის აღება შეგვიძლიაო. კორონის დახმარებით თავისუფლად დადებენ მათთვის მისაღებ შედეგს.
ხალხი და ოპოზიცია ასეთი შედეგის გამოცხადებას პროტესტით შეხვდება, დაანონსდება საპროტესტო აქცია, „ქართული ოცნება“ ადგება და ყველაფერს ჩაკეტავს. საგანგებო მდგომარეობის დროს აქციის გამართვა აკრძალულია. მოკლედ, აშკარაა, რომ კორონააფერით აპირებენ არჩევნების მოგებას.
_ არჩევნების შემდეგ ჩაკეტვას ბევრი ელოდება, ხალხი ასე მარტივად შეხვდება ამ გადაწყვეტილებას?
_ არა მგონია. ეს ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს. ეკონომიკა თავზე დაგვემხო. ხალხს ელემენტარულად პურის ფული აღარ აქვს. ხალხი არც არჩევნების გაყალბებას დაუშვებს.
_ რატომ გგონიათ, რომ ხალხი არჩევნების გაყალბებას აღარ დაუშვებს?
_ „ოცნებამ“ ეს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. საზოგადოებას გათავისებული აქვს, რომ თუ ცვლილებები, კეთილდღეობა და განვითარება უნდა, ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.
_ ხალხს ცვლილებებიც უნდა და ხელისუფლების შეცვლაც, მაგრამ ოპოზიცია უკარგავს მოტივაციას.
_ რატომ ვუკარგავთ მოტივაციას? ჩვენ მოსახლეობას ვთხოვთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს და ხელისუფლება შეცვალოს.
_ ამ მოწოდებებით კი გამოდიხართ, მაგრამ ერთმანეთს რომ ჭამთ ოპოზიციური პარტიები, ხალხს მოტივაცია ეკარგება.
_ ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება ლამაზი სანახავი არაა, მაგრამ ეს ხალხს მოტივაციას ვერ დაუკარგავს. ჩვენ ერთმანეთთან არასდროს ვყოფილვართ შეხმატკბილებულები.
_ ბოლოს ხომ შეხმატკბილდით?
_ კი არ შევხმატკბილდით, მივხვდით, რომ მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებდით, ივანიშვილისთვის წაგვეგლიჯა საკონსტიტუციო ცვლილებები. სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ იმდენს მივაღწიეთ, რომ წელს არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ტარდება. ყველას გაგვიხარდა ასეთი სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა. ოპოზიცია ერთად რომ არ დამდგარიყო, ასეთ მხარდაჭერას ვერ მივიღებდით.
_ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში თუ გექნებათ ასეთი სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა?
_ რა თქმა უნდა, გვექნება. ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. არჩევნები თუ გაყალბდება, ევროპიდან და ვაშინგტონიდან მწვავე რეაქციებიც არ დააყოვნებს.
_ იმ შემთხვევაშიც ვიხილავთ დასავლეთის მხარდაჭერას, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება იქნება?
_ ამ ბრძოლაში ოპოზიცია ერთიანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად დავიცავთ ხმებს. დასავლეთი ამაში ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ მატყუარა ხელისუფლებაა და მისი ნდობა არ შეიძლება. ევროპამ და ამერიკამ ისიც იცის, რომ „ოცნების“ დედაც და მამაც არის რუსეთი და ისინი საქართველოში მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ისევ „ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, დასავლეთი რეგიონში მის ერთადერთ დასაყრდენს დაკარგავს.
_ რას გულისხმობთ?
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს, რომ აქ რუსული ინტერესები გატარდება. საქართველო კი ამ რეგიონში დასავლეთის, პირველ რიგში კი ამერიკის ერთადერთი დასაყრდენია.
ვაშინგტონმა რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი დახარჯა, რომ საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო. დაგვეხმარა ჯარის აღჭურვაში. გვეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით ამერიკელები ჩვენზე უარს არ იტყვიან, ამდენ მილიარდს ქარს არ გაატანენ.
_ საქართველოზე ასე მარტივად უარს არც რუსეთი იტყვის.
_ რუსეთის ნება რომ იყოს, საქართველოს არასდროს შეელეოდა. საბედნიეროდ, ამ სამყაროში კიდევ არიან სხვა დიდი ქვეყნები, რომლებიც მოსკოვს საქართველოს გადაყლაპვის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნება“ თუ დარჩა ქვეყნის ხელისუფლებაში, მართლა რუსეთის ლუკმა გავხდებით. ამ საფრთხეზე არაერთი განცხადება გააკეთეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა. ამერიკელები იმის შესახებაც გვაფრთხილებენ, რომ რუსეთი 31 ოქტომბრის არჩევნებში ჩაერევა.
_ ბოლო ხანებში ამერიკელებმა თითქოს მიივიწყეს საქართველო და „ქართულმა ოცნებამაც“ აიწყვიტა.
_ „ქართულმა ოცნებამ“ მართლა აიწყვიტა და ყველა ზღვარს გადავიდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამერიკელებს საქართველო დაავიწყდათ. ამერიკას თავისი შიდა საქმეებიც მოსაგვარებელი აქვს. აქ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და მთელი ყურადღება ამ მოვლენაზეა გადატანილი. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აღარ აკვირდება. ამერიკა გამადიდებელი შუშით უყურებს 31 ოქტომბრის არჩევნებს. იგივეს იზამს ევროპაც.
_ დამკვირვებლებს, ალბათ, ვერ გამოაგზავნიან.
_ კორონაპანდემიის გამო ბევრი უცხოელი დამკვირვებელი ვერ ჩამოვა, მაგრამ აქ არის ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც ამ არჩევნებს აუცილებლად დააკვირდება. არჩევნების დასრულების შემდეგ დასავლეთს მოუწევს პროტესტის გამოხატვა.
_ რატომ? გგონიათ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდება?
_ კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ. „ქართული ოცნების“ ბელადმა ტყუილად არ ახსენა 63%. აშკარაა, რომ არჩევნები გაყალბდება.
_ გაყალბების გარეშე ამხელა პროცენტებს ვერ აიღებენ? თავად ამბობენ, რომ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვთ.
_ 63%-ს „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს. ასეთი შედეგი მაშინაც კი ვერ დადეს, როცა პოპულარობის პიკში იყვნენ. 2012 წელს ივანიშვილის პარტიამ 52% მიიღო. მას შემეგ „ოცნებამ“ ყოველგვარი ნდობა დაკარგა და საიდან მოაქვთ ეს ციფრები? დავიჯერო, ივანიშვილს ნორმალური მრჩეველი არ ჰყავს, რომ ამ სისულელეზე ხელი ააღებინოს? ამხელა პროცენტის დაწერას დიდი ამბები მოჰყვება. ხალხი დამშეულია, კრიმინალი საშინლად გაზრდილია და ასეთ დროს მმართველი პარტია ამხელა პროცენტებს ვერ აიღებს.
_ არც შარშანდელი 20 ივნისის სისხლიანი დარბევა უნდა დაგვავიწყდეს. ამანაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე.
_ 20 ივნისის სისხლიანი ღამე შავი ლაქაა „ოცნებისთვის“. მოსახლეობა ასე შიმშილის პირას რომ არ მიეყვანათ, შეიძლებოდა ხალხს ამ დარბევაზე თვალები დაეხუჭა და „ოცნებისთვის“ კიდევ მიეცა შანსი. პირდაპირ ვთქვათ: ადამიანის ინტერესები ხშირად კუჭზე გადის. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს კუჭი შიმშილით უხმება. ერთი რამე ნამდვილად ვიცი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბიძინა უამრავ ფულს დახარჯავს.
_ დიდი ხანი იყავით ჟურნალისტიკაში და, ალბათ, ხვდებით, როდის საუბრობენ პოლიტიკოსები დამაჯერებლად და როდის იმხნევებენ თავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები როცა არჩევნების მოგებაზე საუბრობენ, დამაჯერებლად გამოიყურებიან თუ თავს იმხნევებენ?
_ დამაჯერებლობა აკლიათ. „ოცნების“ ლიდერები დამარცხებას გრძნობენ, მაგრამ არ იმჩნევენ, საკუთარ თავს ამხნევებენ და სხვებსაც. ჭირის დროს რომ სიმამაცის გამოვლენა უნდათ და შიში აწერიათ სახეზე, ასე არიან ივანიშვილი და მისი გარემოცვა. „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების ძალიან ეშინია, რადგან ბევრი რამე აქვს დასაკარგი.
ნორმალურები რომ იყვნენ და ამდენი რამ არ ჰქონდეთ დასაკარგი, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენაზე იფიქრებდნენ? ეს გამორიცხულია. არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში ხელისუფლებები ორი ვადის შემდეგ აღარ რჩებიან, ისინი იცვლებიან.
_ ყველგან ასე არ არის. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ბელარუსში, შუა აზიის რესპუბლიკებში განსხვავებული სურათია. იქ იმის დათვლაც შეუძლებელია, მერამდენე ვადით არის ერთი კაცი ხელისუფლებაში.
_ იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნებს არ ედრება. ჩვენ ხომ ევროპისკენ გვაქვს გეზი აღებული. ვამბობთ, რომ დასავლეთი მოგვწონს და დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა. დემოკრატიულ ქვეყანაში ორ ვადაზე მეტი ხნით ვინ რჩება ხელისუფლებაში? იქ ასეთი რამე, უბრალოდ, გამორიცხულია. ჩვენც ხომ დემოკრატიის შუქურობა გვინდოდა. დაივიწყა ეს დაპირება ივანიშვილმა. ასე არ შეიძლება.
_ ივანიშვილს დემოკრატიის შუქურობა არ სურდა, ის ქართული დემოკრატიით ევროპის გაოცებას აპირებდა.
_ ევროპას ნამდვილად ვაოცებთ, მაგრამ არა დემოკრატიით. ეტყობა, ივანიშვილს მესამე ვადით სურს ევროპის გადარევა. ეს თუ მოხდა, დასავლეთი მართლა გადაირევა და გაოცდება.
_ ამაში მთავარი მეოცნებე აშკარად პუტინს ბაძავს. ის უკვე ავადსახსენებელია 20 წელია, რაც ხელისუფლების სათავეშია.
_ არაა გამორიცხული, მართლა პუტინს ბაძავდეს. ძალიან ხშირად ახსენებს 2030 წელს. ეტყობა, ჩაიფიქრა, რომ 2030 წლამდე იქნება საქართველოს სათავეში.
_ ამ თარიღს ტყუილად არ აიკვიატებდა და მართლა 2030 წლამდე არ დარჩეს.
_ არა მგონია. თუ დარჩა, მაშინ ამ ქვეყნის საშველი აღარ იქნება, საბოლოოდ გადავალთ რუსულ რელსებზე და მათი გუბერნია გავხდებით.
_ ივანიშვილმა არც ერთი დაპირება არ შეასრულა და რაღა 2030 წლამდე დარჩენის პირობას შეასრულებს?
_ ერთი დანაპირები ხომ უნდა შეასრულოს. ამას ხუმრობით ვამბობ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ „ქოცები“ ხელისუფლებაში 2030 წლამდე დარჩნენ. ბიძინას ერთი სული აქვს, აქედან როგორმე გაგვყაროს. პირდაპირ ეთერში განაცხადა, აქ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით და საზღვარგარეთ წადითო. წასასვლელად იაფ ავიაბილეთებსაც დაგვპირდა. ბევრი უკვე გაქცეული იქნებოდა ქვეყნიდან, მაგრამ კორონამ შეუშალა ხელი ივანიშვილს განზრახვის შესრულებაში.
_ ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
_ კორონა მართლა დაგვეხმარა, რომ ჩვენს სამშობლოში დავრჩით. ერთი სული აქვთ, როდის წავალთ აქედან. ჩვენს ადგილზე სხვებს დაასახლებენ, კახა კალაძე და მისი ბიზნესპარტნიორი ივლიანე წულაია ტყულად კი არ აშენებენ ამდენ კორპუსს.
ქოცები უკვე ხალხის დაცინვაზე გადავიდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კარტოფილისა და ხახვის დარიგება გადავხარშეთ. ამ ზაფხულს ხალხს კიტრი, პომიდორი და ბადრიჯანი დაურიგეს. საარჩევნოდ კიდევ დაარიგებენ რაღაცებს. ბოლო ორ კვირაში „ოცნების“ ფონდში 4 მილიონი ლარი შევიდა. აშკარაა, რომ მმართველი პარტია დიდი ფულის დახარჯვას აპირებს.
_ ფულის დახარჯვა ყოველთვის არაა შედეგი. 2018 წელს 200 მილიონი დახარჯეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ძლივს გაიყვანეს პრეზიდენტად.
_ ივანიშვილი ფულის დახარჯვას ამ არჩევნებზე არ მოერიდება, ოღონდ თავის პირად კაპიტალს არ შეეხება. პარტიული შემოწირულობებით და საბიუჯეტო სახსრებით შეეცდება ხალხის მოსყიდვას. ძალიან თუ გაუჭირდა და ეს ფული არ ეყო, თავის მუთაქებსაც მოხსნის პირს, რასაც შემდეგ ათმაგად ამოიღებს.
მაგის ფული რომ არ დახარჯულიყო, მაგიტომ ჩასვეს „ოცნების“ სიაში ოლიგარქები და ბიზნესმენები. პარლამენტში მოსახვედრად ეს ადამიანები დიდ ფულს დახარჯავენ. არაფერს მოერიდებიან, რადგანაც იციან, რომ საკანონმდებლო ორგანოში თუ მოხვდებიან, თავიანთ ბიზნესს ააყვავებენ. ნორმალურ ქვეყნებში ბიზნესმენები პარლამენტში არ მიდიან. იქ ბიზნესს „კრიშა“ არ სჭირდება. აქ თუ დიდი ფულის შოვნა და ბიზნესის აწყობა გინდა ან სერიოზული მფარველი უნდა გყავდეს, ან თავად უნდა მოხვდე პარლამენტში და საკუთარი ბიზნესი თავად „დაკრიშო“.
ლეიბორისტები წლებია გავიძახით, რომ ბიზნესმენები და ოლიგარქები პოლიტიკას უნდა მოვაშოროთ.
_ ოდესმე შეძლებს საქართველო ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნას?
_ არ შეძლებს და განვითარებაზე არც უნდა იფიქროს. რასაც ნიშნავს ოლიგარქების ხელისუფლებაში ყოფნა, ყველამ გამოსცადა. მილიარდერია ივანიშვილი, მაგრამ მაინც ბიუჯეტისკენ გაურბის თვალი. თავის პირად საფულედ აქცია იგი. მშვენივრად გრძნობს თავს და ამ მდგომარეობას არ შეელევა. თავისი ნებით არ წავა, ის ხალხმა უნდა გაუშვას. ხელისუფლების შეცვლაში დასავლეთიც დაგვეხმარება. ისინი გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებენ. ივანიშვილი თუ თავისას არ მოიშლის, დღის წესრიგში მისი ქონების დაყადაღების საკითხიც დადგება. ამერიკას შეუძლია ამის გაკეთება. ეს „ქართული ოცნების“ ლიდერმაც კარგად იცის, მაგრამ მაინც შეეცდება, რომ გარისკოს.

შორენა მარსაგიშვილი