როგორ გადაარჩინეს სვანებმა დავითგარეჯა გაუდაბნოებისგან?

მთელი XX საუკუნის მანძილზე დავითგარეჯასა და მის სამონასტრო კომპლექსს რამდენიმე ბერი, მწყემსი, რუსი დუხობორი, აზერბაიჯანელი მწყემსები და ასეულობით ცხვარი თუ აფარებდა თავს…
მრავალი წელი საბჭოთა საქართველო ცდილობდა, რომ თან ეღიარებინა დავითგარეჯა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და თან არაფერი გაეკეთებინა მის შესანარჩუნებლად…

დღევანდელი გადმოსახედიდან ადვილია დავითგარეჯით აპელირება, მაგრამ იყო წლები, როცა იქ მისასვლელი გზაც კი არ არსებობდა.
1970-იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს დავითგარეჯის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების გაძლიერებას. მაშინ კრემლი არ ფიქრობდა, რომ იქ ჩასახლება უნდა განხორციელებულიყო. დავითგარეჯის გარშემო 70 ჰექტარი სამხედრო პოლიგონს ეკავა. თავის დროზე, ბერების გარდა, გარეჯის სამონასტრო კომპლექსთნ არავინ ცხოვრობდა. კომპლექსის საკითხი ყველაზე აქტუალური გახდა, როცა საგარეჯოში რაიკომის მდივნად მედეა მეზვრიშვილი დაინიშნა.
დასაწყისში უდაბნოს ველზე დასახლდნენ აზერბაიჯანელები და დუხობორები. მოგვიანებით, ჩამოასახლეს რამდენიმე ასეული ოჯახი სხვადასხვა რაიონიდან, მათ შორის, საინგილოდანაც, მაგრამ ინგილო ქართველები, რატომღაც, უკან წავიდნენ. უდაბნოს ველზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ქართულ სოფელს, სადაც სახელმწიფო მუშაობდა არა მხოლოდ სამრეწველო და აგრონომიული მიმართულებით, არამედ მუშაობდნენ არქეოლოგებიც.
80-იან წლებში ეროვნულ განმათავისუფელებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო დავითგარეჯის ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის გაყვანა. სამხედრო პოლიგონი ვერ გააუქმეს, თუმცა სროლები აკრძალეს…
სინამდვილეში, ქართველი ჩინოვნიკები საბჭოთა კავშირის თვალის ასახვევად ცდილობდნენ, რომ დავითგარეჯა არ დაეტოვებინათ და იქ სიცოცხლე შეეტანათ.
როგორ?


მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში სვანეთში მიწისძვრამ და მეწყერმა ასობით ადამიანი სახლის გარეშე დატოვა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული განსახლების გეგმის მიხედვით, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა იძულებული გახდა, საგვარეულო საცხოვრებელი მიეტოვებინა.
1987 წლის 7 თებერვალს, სვანეთიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, ადამიანის ცხოვრება თავიდან დაიწყო. ეკომიგრანტებს დახვდათ აშენებული, გამზადებული სახლები, სადაც იყო ყველაფერი, რაც კი ადამიანს სჭირდებოდა, მაგრამ გარშემო აღარ იყო მთები, მდინარეები, ტყეები… სახლის გარეთ იყო თვალუწვდენელი უდაბნოს ტრამალები… ეს გახლდათ ცხოვრება უდაბნოში… ყველა სახლში ენთო ცეცხლი, იყო სურსათი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები… მაგრამ ვერსად ნახავდით სვანეთს.
საბჭოთა კავშირის მიერ ეკომიგრანტების სოფელ უდაბნოში გადასახლებამდე არსებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და რუსეთიდან ჩამოსახლებული დუხობორების რამდენიმე ოჯახი.
ეკომიგრანტების ბედის ბორბალი ისევ დატრიალდა… მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა… გაექცნენ ზვავსა და მეწყერს და აღმოჩნდნენ უწყლო ველზე ქარბუქში. აი, ასე დაიწყო უდაბნოს ისტორია, ჯერ კიდევ, 80-იანი წლებიდან…
სოფელ უდაბნოს ლანდშაფტი ნახევარუდაბნოს ტიპისაა. ის მუნიციპალიტეტიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
1987 წლის სასიკვდილო მეწყერი სვანეთში პირველი არ ყოფილა. მსგავსი ტრაგედია ცხრა წლით ადრე სოფელ ჭუბერშიც დატრიალდა.
64 წლის უდაბნოელი ნიკო ონაინი ჰყვება, რომ საბჭოთა კავშირში ხელისუფლება წყვეტდა ხალხთა გადასახლების საკითხს:
_ სვანების უდაბნოში ჩამოსახლება 1987 წლის უეცარმა, გამანადგურებელმა მეწყერმა განაპირობა. დაუგეგმავი გადასახლება, რომელიც აუცილებლობა გახდა, საბჭოთა საქართველოს მთავრობის მიერ სწრაფად დაიგეგმა და განხორციელდა.
უდაბნოში ჩვენი ჩამოსახლება საერო საქმეც იყო, რადგან საქართველოში ეროვნული გრძნობები ნელ-ნელა ღვივდებოდა.
ყველამ იცოდა, რომ სვანეთში მღვდელი არ არსებობდა, ამიტომ მაშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ უდაბნოელი სვანები ყველა ერთად წაიყვანა და სიონში მონათლა.
1980-იან წლებში საბჭოთა მთავრობა ყოველწლიურად მართავდა კონცერტებს, სადაც, ძირითადად, მონაწილეობდნენ ქართული ხალხური მუსიკის, ცეკვისა და სხვა ხელოვნების წარმომადგენლები.
მაგრამ აქ იყო ამავე პერიოდში ერთი საეჭვო გარემოებაც: სოფელ უდაბნოში, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ეთნიკური აზერბაიჯანელების ბევრი თაობა ცხოვრობდა. ჩასახლებულმა სვანებმა აზერბაიჯანელებს კაბალური მდგომარეობა შეუქმნეს, რაც იმით დამთავრდა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში უდაბნო დატოვა ყველამ, ვინც ეროვნებით არ იყო ქართველი. დღემდე შემორჩენილია აზერბაიჯანელების ნასახლარები. დღესდღეობით სვან ეკომიგრანტებს უდაბნო საკუთარ სახლად მიაჩნიათ და ისინი დავითგარეჯის მცველებად მიიჩნევენ თავს.
ეკომიგრანტი სვანები აღმოჩნდნენ პირველები, რომლებმაც პოლიგონის გატანაზე დაიწყეს საუბარი.
ეკომიგრანტი სვანები აღმოჩნდნენ ისინი, რომლებიც დავითგარეჯაში დასახლებულ ბერებს ლუკმას აწვდიდნენ.
ეკომიგრანტი სვანები აღმოჩნდნენ ისინი, რომლებიც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მრევლის სახით დაბრუნდნენ…
რომ არა მათი იქ ჩასახლება, დღეს საზღვარი შეიძლება, საგარეჯომდე ყოფილიყო გადმოტანილი აზერბაიჯანელების მიერ, _ ასე ეხმაურება ისტორიკოსი შოთა ბატიაშვილი დღევანდელ შექმნილ მდგომარეობას.
სვანების ფიცხმა ხასიათმა შეძლო ის, რომ ეროვნული მოტივები გააღვიძა უდაბნოს გაქვავებულ მიწაზე… სვანების შეუპოვარმა ხასიათმა და მიწისადმი დამოკიდებულებამ შეძლო ის, რომ დავითგარეჯა აზერბაიჯანელი მწყემსების ღამის სათევი აღარ იყო… მათმა ბობოქარმა სულმა დააბრუნა ძველი ქართული სული ამ მიწაზე… და დღევანდელ რუკებზე საუბარი სასაცილოა. რუკაზე უკეთესად სოფელი უდაბნო მოყვება ისტორიას…
როცა დავითგარეჯაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ მედიკო მეზვრიშვილი და ყველა ის სვანი, ვინც დღეს იქ ცხოვრობს ან ცხოვრობდა. რუკაზე მეტი საქმე მათ გააკეთეს _ გარეჯაში კერა გააღვივეს და უდაბნოს სული შთაბერეს.

მაკა მოსიაშვილი