მალხაზ მაჩალიკაშვილი: „სოსო გოგაშვილი ოპოზიციას ევაჭრება“

შვილმოკლულმა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ბევრი დრო და ენერგია შეალია სოსო გოგაშვილთან ბრძოლას. ეს უკანასკნელი ჯერ სუსის უფროსობიდან გააგდეს, ცოტა ხნის წინ კი პარტია „ქართული ოცნებიდანაც“ მიაბრძანეს. მაჩალიკაშვილი მოვლენების ასეთი განვითარებით უკმაყოფილო არაა, მაგრამ თავს გამარჯვებულად არ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ იქნება გამარჯვებული, როცა გოგაშვილი და სხვა დამნაშავეები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან. შვილმოკლული მამა არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინ სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე დააკავონ.

რატომ ალაპარაკდა სოსო გოგაშვილი მხილებაზე? რა რჩევას აძლევს შვილმოკლული მამა ოპოზიციას? რა ხდება პანკისში? როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ თავისი მიზნების მისაღწევად ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ახლობლებს? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო ვახა, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ჯერ სამსახურიდან გაუშვეს, ცოტა ხნის წინ კი „ქართული ოცნებიდანაც“ მიაბრძანეს. ეს ადამიანი აცხადებს, რომ იწყებს მხილების კამპანიას. ბევრმა მიიჩნია, რომ ის ამ განცხადებებით ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. თქვენ რას უკავშირებთ გოგაშვილის ასეთ ნაბიჯებს?
_ გოგაშვილი დამსახურებულად გააგდეს, როგორც სუსიდან, ასევე _ პარტიიდან. სირცხვილია, როცა ასეთი ადამიანი გყავს პარტიაში. რაც შეეხება მის განცხადებებს, რომ მხილებას დაიწყებს, ასეთ მინიშნებებს ის კარგა ხანია, აკეთებს. პარტიიდან გაგდების შემდეგ კი უკვე ღია მუქარაზე გადავიდა. მგონი, არავის გეპარებათ ეჭვი, რომ ის ინფორმაციები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო, დღეს ამ ადამიანის ხელშია. ის ხელისუფლებას პირველად რამდენიმე თვის წინ დაემუქრა. თქვა, რომ ყველაფერზე ისაუბრებდა. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ მისი დაშოშმინება მოახერხა.
_ რანაირად დააშოშმინეს გოგაშვილი?
_ პარტიაში დატოვეს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გამოდგა. ცოტა ხნის წინ ის პარტიიდანაც მოისროლეს. ამან მუქარები დაიწყო და ამბობს, რომ ამხელს იმათ, ვინც საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენს. პოლიტიკური დღის წესრიგის შედგენა ივანიშვილს შეუძლია. სოსო გოგაშვილი მას დაემუქრა. მოკლედ რომ ვთქვათ, შანტაჟზე გადავიდა. მასალები ბლომად აქვს და ყველაფერს იღონებს, რომ ძველ ცხოვრებაში არ დაბრუნდეს.
_ ძველ ცხოვრებაში დაბრუნებაში რას გულისხმობთ?
_ 2013 წლამდე ეს ადამიანი სოციალურად დაუცველი იყო და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდა. დღეს ოფიციალური მილიონერია. ეს მილიონები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იშოვა. ახლა მას თანამდებობა აღარ აქვს და შეიძლება. ქონებაც დაკარგოს. ამიტომ გადავიდა შანტაჟზე. არ უნდა, რომ ძველ ცხოვრებაში დაბრუნდეს. ფიქრობს, რომ ამ კომპრომატებით შეიძლება კიდევ რაიმე სამსახური იშოვოს.
არის მეორე ფაქტორიც: ეს კაცი, ასე თუ ისე, აზრზეა, რა პროცესებიც მიდის. იცის, რა რეიტინგი აქვს სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ და გრძნობს, თუ როგორ იძირება ბიძინა ივანიშვილის ნავი. ასეთი ადამიანებისთვის ერთი ნავიდან მეორეში გადახტომა პრობლემა არ არის. არ გამოვრიცხავ, მხილებაზე იმიტომ ალაპარაკდა, რომ სხვა ნავში გადასახტომად ნიადაგი მოამზადოს.
_ ფიქრობთ, რომ მას ოპოზიციაში გადახტომა აქვს განზრახული?
_ არ გამოვრიცხავ, რომ ის რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში აპირებდეს გადახტომას.
_ ის შეიძლება, აპირებს გადახტომას, მაგრამ ოპოზიცია მიიღებს მას?
_ ვერ გეტყვით. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის მხილებაზე განცხადებებს ოპოზიციის გასაგონად აკეთებს. აქედან რეაქციას ელოდება და მერე გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედებს.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გოგაშვილი ოპოზიციას ეკეკლუცება.
_ კი ბატონო, იყოს კეკლუცი. მის მოქმედებებს მე უფრო ვაჭრობას დავარქმევდი. აშკარაა, რომ გოგაშვილი ოპოზიციას ევაჭრება. წყალწაღებული კაცი ხავსს ეჭიდებაო, ხომ გაგიგიათ და ესეც ყველაფერს ეჭიდება, რამაც შეიძლება გადაარჩინოს. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას გააგდებდნენ. ეს დადასტურდა. ახლა ველოდები, თუ როდის დადასტურდება მეორე ინფორმაცია.
_ რა ინფორმაციის დადასტურებას ელოდებით, იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ?
_ ეს ინფორმაციაც მაშინ მივიღე, როცა გავიგე, რომ გოგაშვილს პარტიიდან გააგდებდნენ. როგორც მითხრეს, პარტიიდან გაგდების შემდეგ მოკლე ხანში სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს დაიჭერენ. ახლა სწორედ მის დაპატიმრებას ველოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება.
_ რისთვის დააკავებენ გოგაშვილს?
_ იმდენი ცუდი აქვს გაკეთებული, მის დასაკავებლად მიზეზის მოძებნა რთული არ იქნება. აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. რატომღაც, მგონია, რომ მას არჩევნებამდე დააკავებენ, თუ მანამდე რაღაცები არ შეიცვალა.
ეს ადამიანი თავადაც ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებას უპირებენ. ამიტომ საუბრობს მხილებაზე. ჰგონია, რომ ამით შეძლებს თავის გადარჩენას. ის პირდაპირ ამბობს, თუ დაჭერას გამიბედავთ, თქვენ წინააღმდეგ კომპრომატებს გამოვყრიო. ეთამაშება „ქართულ ოცნებას“. კარგად იცნობს ამ პარტიას და დარწმუნებულია, რომ იოლად მოაგვარებს რაღაცებს, მაგრამ მისთვის ახლა რამის მოგვარება ადვილი არ იქნება.
_ წესით, მისთვის არც ივანიშვილის დაშანტაჟება უნდა იყოს ადვილი, მაგრამ, როგორც თქვენ ამბობთ, გოგაშვილი ამას ცდილობს.
_ ივანიშვილის დონის კაცს გოგაშვილის დონის კაცი დაშანტაჟებას ვერ უნდა უბედავდეს. არაა გამორიცხული, რომ ეს ერთობლივი სპექტაკლი იყოს. შესაძლოა, სპექტაკლი დადგეს რომ გოგაშვილი პარტიიდან გამოაგდეს და მას რაღაც ბინძური საქმეებისთვის ამზადებენ, რაც მას კარგად გამოსდის. ბინძური საქმეებით დააგროვა ის მილიონები, რომელსაც ასე ძალიან უფრთხილდება.
ადამიანი, რომელიც სოციალურად დაუცველი იყო, პატიოსანი შრომით იმდენ ფულს ვერ იშოვიდა, რომ ლამის ნახევარი კახეთი ეყიდა. თბილისშიც დიდძალი ქონება შეიძინა.
_ თქვენი ვარაუდით გოგაშვილი ოპოზიციას ევაჭრება და ეკეკლუცება. როგორ ხვდება ოპოზიცია მის კეკლუცს? დაიჭერენ სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან საქმეს? ისეთ ხალხთან გამონახა ოპოზიციამ საერთო? ამასაც რომ ჩაეხუტონ, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი.
_ არც პოლიტიკოსი ვარ და არც ლიდერი, ერთი ჩვეულერივი ადამიანი ვარ, რომელიც პოლიტიკასთან შვილის მკვლელობამ მიიყვანა. ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი ლიდერი და ჭკვიანი ადამიანია. ალბათ ისინი ასეთ სარისკო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
_ თუ მაინც გადაწყვეტენ მასთან თანამშრომლობას, ასეთ შემთხვევაში რას იზამთ?
_ რა უნდა ვქნა? თუ შეურიგდნენ ან ოდნავ მაინც თავისკენ გადაწიეს გოგაშვილი, მაშინ მთელ ოპოზიციას ომს გამოვუცხადებ.
_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციასთან ერთად აღარ ხართ. ისეთი აქტიური ნამდვილად არ ჩანხართ, როგორიც აქამდე იყავით. რამე უთანხმოება ხომ არ მოხდა თქვენ შორის?
_ არაფერი მომხდარა. ან რატომ უნდა მომხდარიყო? მე მათ გვერდზე ვარ. უბრალოდ, არჩევნების გამო პანკისის ხეობაში ვარ წამოსული და მაგიტომ არ ვჩანვარ. მართალია, არ ვჩანვარ, მაგრამ გაცილებით უფრო აქტიურად ვარ ამ პროცესებში ჩართული.
_ ალბათ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი ხართ. თქვენ და „ნაციონალები“ მეგობრობთ, „ნაციონალები“ კი ამ გაერთიანების წევრები არიან.
_ „ნაციონალებთანაც“ ვმეგობრობ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. ყველა ლიდერთან მაქვს კავშირი და კონსულტაციებს ვაწარმოებ. „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა პარტიასთან ვთანამშრომლობ.
_ ეს პარტიები თქვენი აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ერთობლივი ძალის მიუხედავად მაინც ვერ მიაღწიეთ მიზანს და თქვენი შვილის საქმე ისევ გამოუძიებელია.
_ როცა ხელისუფლებას არ უნდა, იქ საქმის გამოძიება ვერ მოხდება. არც მე და არც ოპოზიციას თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ ეერაფერს გავხდით. ისე, ვერც ხელისუფლება გახდა ჩემთან რამეს.
_ რას გულისხმობთ?
_ ათასი უბედურება დამატეხეს თავს. მძინარე შვილი ლოგინში მომიკლეს და იმის უფლებასაც არ მაძლევდნენ, რომ საქმის გამოძიება მომეთხოვა. ათასი პროვოკაცია მომიწყვეს, დაიჭირეს ჩემი ძმისშვილი, რომელიც სულ გვერდით მედგა. დამაბრალეს ყველა სიბინძურე, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. ცდილობდნენ ისე გავეშავებინეთ, რომ ჩემი მხარდაჭერის სურვილი არავის ჰქონოდა. გაშავება ვერ შეძლეს, მაგრამ თემირლანის საქმის გამოძიება შეწყვიტეს.
_ ეს საქმე სოსო გოგაშვილის საქმეს უკავშირდება. ის თუ მართლა დააშანტაჟებს ხელისუფლებას, როგორ გგონიათ, განახლდება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება?
_ ამ სისხლიანი ოპერაციის უკან მარტო გოგაშვილი არ დგას. არსად მითქვამს, რომ მარტო გოგაშვილი უნდა დაისაჯოს. ამის გამო გოგაშვილი რომც დაიჭირონ, მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას. ვიბრძოლებ მანამდე, სანამ ყველა დამნაშავე არ აგებს პასუხს. პასუხისგება ამ ადამიანებს მაინც მოუწევთ. ამ ჯოჯოხეთს იმიტომ გავდივარ, რომ სიმართლე ვიპოვო. ხელისუფლების იმედი არ მაქვს, თან ამათი საქმე წასულია. საქმეს ახალი ხელისუფლება გამოიძიებს. ვისთანაც პრეტენზები მაქვს, ყველა აგებს პასუხს.
_ რამდენი ადამიანის დასჯას ითხოვთ? ბევრნი არიან?
_ ბევრნი არა. თავი-ბოლო 5 ადამიანზეა საუბარი. ხუთივე უნდა დაიკითხოს და პასუხისგებაში მიეცეს.
_ როდესაც „ოცნებას“ „ნაციონალების“ გაშავება უნდა, ის ადამიანები გამოჰყავს ავანგარდში, ვისაც წინა ხელისუფლებამ შვილები მოუკლა. ამ ხელისუფლებამაც ბევრს მოუკლა შვილი, მაგრამ ისინი არ აქტიურობენ, რადგან ეშინიათ, რომ „ნაციონალებთან“ კავშირში არ დასდონ ბრალი. ამ სიჩუმით რას უნდა მიაღწიონ?
_ ჩუმად ყოფნით ვერაფერს მიაღწევენ. ამდენი ხანია ვიბრძვი, ამდენი ადამიანი მედგა გვერდით, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიე სამართალს. შვილმოკლული მშობლების ნაწილი ჩემმა ამბავმაც შეაფერხა. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ თავდაუზოგავად ვიბრძოდი, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ახლა ისინი ფიქრობენ, თუ მაჩალიკაშვილს არაფერი გამოუვიდა, ჩვენ რაღა გამოგვივაო? ხალხმა იმედი დაკარგა. საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც ბოლომდე აპირებენ ბრძოლას.
ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ერიდებიან. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებასთან საბრძოლველად გამოიყენა. ასევე მოხდა რობაქიძის შემთხვევაშიც. მათ კარგად ახსოვთ, როგორ უქმნიდნენ ამ მკვლელობებით პრობლემებს „ნაციონალებს“. გამოცდილება აქვთ და ყველა გზა მოგვიჭრეს, სადაც კი შეგვეძლო, ჩვენი შვილების მკვლელობის გამო ხმაური აგვეტეხა.
ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მკვლელობებმა „ქართული ოცნება“ არ დააზარალოს, რისი იმედიც ტყუილად აქვთ, რადგან „ქართული ოცნება“ უკვე დაზარალებულია და ამ საქმემ მოურყია მათ ხელისუფლებას საძირკველი. საძირკველმორყეული „ოცნება“ ძალიან მალე ჩამოიშლება და ამას ყველანი ვნახავთ.
_ 2012 წელს კახეთის რეგიონში „ოცნების“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლაფანყურის სპეცოპერაციამ. ამ სპეცოპერაციის დროს რამდენიმე პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს. ხეობაში თემირლანის მკვლელობაც მტკივნეულად განიცადეს და ეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე რამე გავლენას იქონიებს?
_ თემირლანი არჩევნების წინ რომ მოეკლათ, ეს აუცილებლად იქონიებდა არჩევნების შედეგებზე გავლენას. ლაფაყურის სპეცოპერაცია 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარდა, არჩევნები კი პირველ ოქტომბერს იყო. ცხელ გულზე მისცა ხალხმა ხმა „ქართულ ოცნებას“. პანკისელები ფიქრობდნენ, რომ „ნაციონალებმა“ უდანაშაულო ახალგაზრდები დახოცეს.
პანკისში დღემდე ჰგონიათ, რომ ამ სპეცოპერაციაში მთლიანად ყოფილი ხელისუფლებაა დამნაშავე. რაღაცები გავარკვიე და ახლა უკვე ვიცი, თუ რატომ მოხდა მაშინ ის ყველაფერი. ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია პანკისელებთან. მათაც გავაცანი ის, რაც სინამდვილეში მოხდა, ბევრმა აზრი შეიცვალა. მოკლედ, 2012 წელს ხეობის მოსახლეობის 99% ფიქრობდა, რომ ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალი იყო. ამიტომაც მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს პანკისში არჩევნები.
_ ბიძინა ივანიშვილი ხეობის მოსახლეობას პირადად დაჰპირდა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ არც ეს სპეცოპერაცია გამოუძიებიათ.
_ იყო ასეთი დაპირება. ეს პირობა ივანიშვილმა თელავში გამართულ აქციაზე გასცა. უკვე მეცხრე წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, მაგრამ ლაფანყურის საქმის გამოძიებაზე არც კი ფიქრობს.
_ რატომ იფიქრებს? ამ საქმის გამოძიებას არავინ ითხოვს.
_ არც მოითხოვენ. ვინც ამ საქმის გამოძიებას ითხოვდა, „ოცნებამ“ ისინი კარგად დაასაქმა და ჩუმად არიან. ეს თემა მხოლოდ იმიტომ გაააქტიურეს, რომ მე დამპირისპირებოდნენ.
_ თქვენ რატომ დაგიპირისპირდნენ?
_ იმიტომ, რომ „ნაციონალებთან“ ვთანამშრომლობ.
_ ამის გამო ვინ დაგიპირისპირდათ?
_ არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც პირდაპირ ჩემ წინააღმდეგაა. მესმის ამ ადამიანების. მათაც ხომ შვილები დაკარგეს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ვითარებაში დახოცეს ისინი. მათთვის მთავარი ისაა, რომ შვილები მოუკლეს. მე შვილმოკლული მამა ვარ და ვიცი, რა საშინელი ტკივილია შვილის დაკარგვა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემ მიმართ ამ ადამიანების აგრესია გავამართლო, მაგრამ ვერც იმას გავექცევით სადმე, რომ ლაფანყური სხვა იყო და ჩემს სახლში ჩატარებული სპეცოპერაცია _ სხვა.
ლაფანყურის სპეცოპერაციის წყალობით 2012 წელს „ქარულმა ოცნებამ“ პანკისში ხმების 99% აიღო. 2016 წელს „ოცნებამ“ „ნაციონალებს“ პანკისი სულ რაღაც 29 ხმით მოუგო. 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც იგივე მოხდა.
პანკისში ძალიან განიცდიან თემირლანის ამბავს. მთელმა საქართველომ იცის, რომ სახლში შემომივარდნენ და მძინარე შვილი ლოგინში მომიკლეს. ლაფანყურში ვინც დახოცეს, ისინი იარაღით ხელში ტყეში იყვნენ. ამ ორი სპეცოპერაციის შედარება ერთმანეთთან არ შეიძლება.
_ ზემოთ მითხარით, ლაფანყურის თემა იმიტომ გაააქტიურეს, რომ პანკისელები დამპირისპირებოდნენო. ისევ დაპირისპირებულები ხართ, თუ შეიცვალა რამე?
_ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ისევ დაპირისპირებულები ვართ. თან ისეთი ხალხი მიპირისპირდება, ვისაც საერთოდ არ ეხება ლაფანყური.
_ აბა, რატომ აქტიურობენ?
_ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დაავალა. მათ საერთოდ არ ადარდებთ, რა მოხდა ლაფანყურში. ბოდიში მომითხოვია და ეს ამბავი სულ ფეხებზე კიდიათ. იმდენად აზარტში არიან შესული, რომ „ქართული ოცნების“ იქით ვერაფერს ხედავენ.
_ საინტერესოა, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე რა მოხდება პანკისის ხეობაში? თქვენ რა პროგნოზები გაქვთ?
_ მე პროგნოზის გაკეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით შემიძლია. „ქართული ოცნების“ პოზიციები მთელ საქართველოში შესუსტდა. გამონაკლისი არც პანკისის ხეობაა. დიდი იმედი მაქვს, რომ სრულიად საქართველოში და ხეობაშიც ოპოზიცია მოიგებს. ხელისუფლებას გამარჯვების მცირე შანსები აქვს. სხვაგან არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ პანკისში „ოცნება“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს.
_ რაში ხარჯავს ფულს?
_ ამომრჩევლის მოსყიდვაში. ღიად არიგებენ ფულებს. სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს ღიად ემუქრებიან, რომ თუ „ოცნებას“ არ მისცემენ ხმას, სამსახურებს დაკარგავენ. ემუქრებიან სოციალურად დაუცველებსაც. ეუბნებიან, რომ თუ ხელისუფლებას არ დაუჭერენ მხარს, დახმარებას მოუხსნიან.
მოგეხსენებათ, რომ პანკისი ცოტა მიყრუებულ ადგილას მდებარეობს და აქ ხელისუფლებას ყველაფერი გასდის.
_ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ასე იოლად გასდის ქისტებთან რაღაცები.
_ აქ ღირსების შელახვაზე არ ვსაუბრობ. იმ ადამიანებთან გასდით, რომლებიც პოლიტიკასთან შორს არიან. პანკისში ბევრია ისეთი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და, შესაბამისად, არ იცის, თუ რა ხდება სინამდვილეში. ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთი ხალხის დაყოლიებას იოლად ახერხებენ.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან კარგად ვხედავ, რომ ხეობაში „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს. შეუძლებელია, რომ ეს არჩევნები ივანიშვილმა მოიგოს.
_ როცა ივანიშვილთან გვაქვს საქმე, იქ წინასწარ რამის პროგნოზირება რთულია.
_ ამ ადამიანს ბევრი ფული აქვს და ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ამის მიუხედავად, „ოცნება“ უშანსოდ არის. ხალხში ისეთი განწყობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არანაირად არ უნდა გაიმარჯვოს. ხვალ შეიძლება, სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ მეეჭვება, რამემ გაანეიტრალოს ის უკმაყოფილება, რაც დღეს ხელისუფლების მიმართ არსებობს. მართალია, ხეობაში ვარ და იქ ვმუშაობ, მაგრამ კარგად ვიცი, რა ხდება მთელ ქვეყანაში. ყველგან უკმაყოფილონი არიან „ქართული ოცნების“ საქმიანობით. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამარჯვება ოპოზიციას დარჩეს.
_ ოპოზიციას იმ შემთხვევაშიც დაუჭერთ მხარს, თუ ის გოგაშვილთან ითანამშრომლებს?
_ წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ შეიძლება ოპოზიციამ გოგაშვილთან ითანამშრომლოს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება. არა მგონია, ეს თანამშრომლობა შედგეს.
_ შეუძლებელი არაფერია. გოგაშვილს იმდენი კომპრომატი ექნება „ქოცებზე“ წამოღებული, ამის ხათრით მიიღებს მას ოპოზიცია.
_ პოლიტიკაში როგორც ამბობენ, გამორიცხული არაფერია. თუ მაინც მიიღებენ გოგაშვილს, მაშინ ოპოზიცია ჩემთვის იგივე იქნება, რაც გოგაშვილია. რატომღაც, მგონია, რომ ძალიანაც რომ მოინდომონ მხარეებმა, თანამშრომლობა არ შედგება _ „ქართული ოცნება“ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებას გეგმავს.

შორენა მარსაგიშვილი