თამარ კორძაია: „ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს, მათი დრო ამოიწურა“

ორ კვირაში საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ბუნებრივია, ყოველდღიურად პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა აიწევს და წინასაარჩევნო ვითარებაც სხვა ფაზაში გადავა.
გასულ კვირას პრემიერმა გახარიამ დაგვიანონსა, რომ წინ ტოქსიკური ორი კვირა გველოდება.

„მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება, ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად გვეჩვენება“.
რამდენად ტოქსიკური იქნება წინასაარჩევნო ორი კვირა, ამას მომდევნო დღეებში ვნახავთ.
ოპოზიცია, მით უფრო „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერზე წამსვლელი რომ არის, ამის დასტურად ხელისუფლების წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ გაერთიანებულმა ოპოზიციის“ აჭარაში, კონკრეტულად კი ბათუმში გამართულ ხალხმრავალ წინასაარჩევნო აქციას იშველიებდნენ, სადაც არც დისტანცია იყო დაცული და აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადეებიც არ ეკეთა.

რას ემსახურებოდა პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადება? რით აიხსნება „გაერთიანებული ოპოზიციის“ მრავალრიცხოვანი აქცია, სადაც მოქალაქეების უსაფრთხოება არ იყო დაცული? იყენებს თუ არა ხელისუფლება კოვიდ-19-ს წინასაარჩევნოდ?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ მდივან თამარ კორძაიას ესაუბრა:

_ ქალბატონო თამარ, ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მოღალატეებად მოიხსენიებენ ილიჩოვასა და მელაშვილს, რას ემსახურება „კარტოგრაფების საქმე“?
_ მგონია, რომ ამაზე პასუხი უკვე ცალსახად გაცემულია. თვითონ ხელისუფლებამ და თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რა არის ეს ყველაფერი და რისთვის გააკეთეს. თავად დავით ხიდაშელმა, რომელმაც ეს რუკა გამოაჩინა, თქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრი ყველა ეთერში საუბრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, გასანადგურებელია. როდესაც სახელისუფლებო გუნდს ერთადერთი მიზანი აქვს, _ ვიღაცის განადგურება, ეს არის, უბრალოდ, ტრაგედია, რადგან სახელისუფლებო გუნდის მიზანი უნდა იყოს ქვეყნის შენება და არა ვიღაცის განადგურება. „ოცნების“ ყველა განცხადებაში დასტურდება _ ამ წინასაარჩევნო პერიოდში მათთვის მთავარია, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მათ ოპონენტებს, პოლიტიკური დარტყმა მიაყენონ. ამ ყველაფრის გვირგვინი იყო ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, რომელმაც თქვა, რომ თურმე კონსტიტუციურად ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს, მაგრამ მისი თქმით, თურმე, ისინი ამას დიდსულოვნად არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე, მგონი, პასუხი ძალიან ნათელია.
_ თქვენ ახსენეთ ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება მოღალატეებსა და პატრიოტებს შორის. რა თქმა უნდა, მოღალატეებში მან „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო პატრიოტებში „ქართული ოცნება“ იგულისხმა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არც კი დაიჯერა „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ადამიანების დანაშაული და ამბობს კიდეც, რომ ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ დააკავეს. თქვენი შეფასებით, საზოგადოებამ როგორ აღიქვა „კარტოგრაფების საქმე“?
_ როგორ შეიძლება, არჩევნების მოსაგებად უდანაშაულო ადამიანები ციხეში ჩასვა?! თეორიულად რომ დავუშვათ, შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ვიღაც რაღაცას გეგმავდა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან გადაწყვეტილების მიმღებები და დოკუმენტს ხელს არ აწერენ, მათ მხოლოდ ექსპერტული მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ, როგორ შეიძლება, ისინი იყვნენ დანაშაულში პასუხისმგებელი სუბიექტები? ამიტომ მთელი საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს, რომ კონკრეტულად ის ორი ადამიანი ამ ხელისუფლების აბსოლუტური მსხვერპლია. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას საწინააღმდეგოდ დაუბრუნდება, რადგან თუ საზოგადოება წინა ხელისუფლების მიერ ადამიანების მიმართ უსამართლო მოპყრობას აპროტესტებდა და ამიტომ გაუშვა სახლში ის, დღეს რატომ უნდა აპატიოს „ქართულ ოცნებას“ იგივე საქციელი?
_ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ამ ტიპის მეთოდებს იყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ?
_ ეს ფაქტი ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია. 8-წლიანი მმართველობის ვადის დასასრულ ყველა ხელისუფლება აგონიაშია და ვერ ხვდება, რომ გადარჩენის ერთადერთი გზაა: უნდა შეეგუო, რომ ცოტა ხანი იქნები ოპოზიციაში და მერე შეიძლება კვლავ დაბრუნდე ხელისუფლებაში. პაუზის აღება, სამწუხაროდ, ჩვენს ჩამოუყალიბებელ დემოკრატიაში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა და ეს ყველაზე დიდი უბედურებაა. ღირსეული საქციელია, 8 წლის მერე თქვა, რომ ხელისუფლებაში ვიყავი 8 წელი, შესაძლოა ახლა ვიყო ოპოზიციაში, მაგრამ დიახ, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ კიდევ მოვიდე ხელისუფლებაში, _ ამ ელემენტარული ჭეშმარიტების გააზრება ვერ მოხერხდა ჩვენს ქვეყანაში 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში.
_ ხელისუფლება, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, საკმაოდ თავდაჯერებულია გამარჯვებაში. წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება კოვიდ-19-თან წარმატებულ ბრძოლაზე ხშირად საუბრობდა, თუმცა დღესდღეობით რეკორდულად გაზრდილია სტატისტიკა. გაექცა პროცესები ხელისუფლებას, თუ ეს რეკორდული ზრდა წინასაარჩევნოდ აწყობს და ამიტომ მიუშვა პროცესი?
_ მგონია, რომ კოვიდ-19-ის ასეთი მიშვება ხელისუფლების ინტერესებში შედის, _ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება სახლში და ვერ მივა არჩევნებზე, ეს მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებშია. ხელისუფლებას ყოველთვის ამარცხებს ამომრჩევლის სიმრავლე. თუ საარჩევნო დღეს ისეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ მივა არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ამიტომ ახლა შეიძლება შეეგუოს იმას, რომ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა და ვერ გაუმკლავდა კოვიდ-19-ს, მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლება ამით სარგებელს ნახავს და არჩევნებში ძალაუფლებას მესამედ მოიპოვებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი სალანძღავია, რადგან ადამიანების კეთილდღეობით და ჯანმრთელობით ბოროტად სარგებლობა უნდა, იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს, პროცესი მიშვებულია. როგორ შეიძლება, დღეს, როდესაც 1000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, არ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და არ თქვას, რომ სკოლები და უნივერსიტეტები უნდა დაიხუროს?! ფაქტია, რომ არაფერს კეტავენ და ვიგებთ, რომ ინფიცირებული მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს და დირექტორს არ აქვს იმის უფლებამოსილება, სკოლა დახუროს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიზანმიმართული ამბავია. ხელისუფლებას არ აწუხებს, გავაკრიტიკებთ თუ არა, მათ უნდათ შედეგი. შედეგი არის ის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თვითიზოლაციაში და მათ ვერ მიუტანენ გადასატან ყუთს, მით მეტად ისარგებლებენ ისინი, რადგან ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე. როცა ნაკლები ამომრჩეველი მიდის საარჩევნო ყუთთან, მაშინ ხელისუფლება ძალაუფლებაში რჩება.
_ რით უპირისპირდებით ამ ყველაფერს ოპოზიციური სპექტრი?
_ ამის საპირწონედ გვაქვს გონება, ამას სამართლებრივად და არგუმენტებით ვადასტურებთ. პირველი და მთავარი: არავინ ვიცით ზუსტი სტატისტიკა, შეიძლება ვიცით დაავადებულთა სტატისტიკა, რომელიც ასევე ზუსტი არ არის, მაგრამ არ ვიცით, ზუსტად რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში. როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვეკითხებით, ეს ხალხი, როგორ მისცემს ხმასო? _ გვპასუხობენ, რომ ისინი გადასატანი საარჩევნო ყუთით შეძლებენ ხმის მიცემას. ამ ნაწილს სამართლებრივად რომ შევხედოთ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბანი იქმნება არა უმეტეს 2000 ამომრჩეველზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი კი შეიძლება გავიდეს ამომრჩევლის არა უმეტეს 3%-ისა. ანუ ერთ უბანზე, სადაც 2000 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთი შეიძლება მიუტანო 60 ადამიანს. ფიზიკურად მეტი მაინც ვერ მოესწრება. ჩვენ როდესაც არ ვიცით რეალური კოვიდსტატისტიკა და ასევე ის, თუ რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით, რამდენ ადამიანს დასჭირდება გადასატანი ყუთი. საარჩევო კოდექსის ცვლილებების შემდეგ კანონმდებელმა მოახდინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დელეგირება და თქვა, რომ კოვიდ-19“-ის პრობლემებიდან გამომდინარე, ცესკო უფლებამოსილია, თვითონ დაადგინოს ახალი რეგულაციები, ანუ შეიძლება გადავაცილოთ იმ 3%-ს და რამდენიმე გადასატანი ყუთი იყოს. რამდენი გადასატანი ყუთი შეიძლება გამოვიყენოთ _ 2, 3, 10? _ ამაზე პასუხი არავის აქვს. ამას იმიტომ არ გვეუბნებიან და ვერც გვეტყვიან, რადგან არ იციან რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში. სტატისტიკური ქაოსი და უცოდინარობა, რა მდგომარეობაშიც ვართ, ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის. ამას თუ კიდე რამე დასაბუთება უნდა, მაშინ მოვიდეს ხელისუფლება და გვიპასუხოს. ოპოზიცია არ არის ძალაუფლებაში და მას არ აქვს ბერკეტები, რომ სტატისტიკა მოიპოვოს ზუსტი ან გადაწყვეტილება მიიღოს და შესაბამისად იმოქმედოს. ოპოზიცია მის ხელთ არსებული მექანიზმებით ყველაფერს აკეთებს, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ეუბნება, რა პრობლემებია და იქნებ, მოაგვარონ. ჩემი აზრით, რაზედაც უკვე ვისაუბრე, ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს ახლა ამ საკითხების მოგვარება.
_ გასულ კვირას გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში აქცია გამართა, სადაც არც დისტანცია იყო დაცული და მხარდაჭერების ნაწილს პირბადეც არ ეკეთა, რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უპასუხისმგებლო საქციელი იყო. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მისი მთავარი ნიშანთვისებაა. რით ახსნით იმას, რაც ბათუმის აქციაზე ხდებოდა?
_ კოვიდ-19-ის აფეთქების პერიოდში ამდენი ადამიანის შეკრება რთული საყურებელი იყო და ეს ადამიანურად მესმის, ეს რისკის მატარებელიც იყო. მაგრამ, იქნებ, კობახიძე და ხელისუფლება იმაზე დაფიქრდნენ, რა არის მათი გასაკეთებელი? რაც მე აღვწერე, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არაფერს აკეთებენ. გარდა ამისა, იქნებ იმაზედაც დაფიქრდნენ, ხალხი რა გამწარებულია მათი მოქმედებით და მმართველობით, რომ სწორედ ამან გამოიყვანა ის ქუჩაში. ამდენი ადამიანი, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცისა, ქუჩაში რომ გამოვიდა, ეს ხელისუფლებისთვის ნიშანი უნდა იყოს. გაერთიანებული ოპოზიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ პირბადეები გაეკეთებინათ. ჩვენ ყველას გვაქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსიში ზოგს უკეთია წესიერად პირბადე, ზოგს _ არა. ამ დროს ვცდილობ ხოლმე მივუთითო, რომ სწორად უნდა გაიკეთონ. ამ ხარისხის დისკუსიაში თუ შევალთ, ცოტა უხერხული იქნება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ შეხვედრებზე პირბადის გაკეთებას, რომ დაიცვან დისტანცია.
_ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ტოქსიკური ორი კვირა იქნება, რომ ხელისუფლების ოპონენტები ყველაფერზე წავლენ. რას ნიშნავს ეს გზავნილი პრემიერის მხრიდან?
_ თვითონ გახარია არის ტოქსიკური. მას იმდენად არ შეუძლია სერიოზული პოლიტიკური საუბარი და დებატები, რომ მათ ცხოვრებისეულ მიზნად იქცა ოპოზიციის ლანძღვა. იქნებ, გვითხრან, როგორ გამოვყავართ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და როგორ აშენებენ ეკონომიკას? ამაზე გვესაუბრონ, თორემ ეს კვირები ტოქსიკური იქნება თუ არა ამას თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, პირველ ნოემბერს ახალ ქვეყანაში გავიღვიძებთ ახალი რეალობის წინაშე, რაც იქნება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საფუძველი და ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს დომინანტი პერსონის სტატუსს. „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს წააგებს.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრისას ვხედავთ, რომ ერთ რამეზე ყველა ცალსახად არის შეთანხმებული, _ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს, მათი დრო ამოიწურა.
_ შესაძლოა, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ბუნდოვანია, ვინ უნდა მოვიდეს? წინასაარჩევნო კვლევეებიც ამას აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს.
_ არჩევნების დღეს გამოჩნდება, ვინ მოსწონს ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს, _ მოსწონს გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკი თუ სხვა პოლიტიკური ძალები? მთავარი ის არის, რომ არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი. ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, თუ ვის გადაუწყვეტს ბედს, ეს პარტიები იმის მიხედვით იძულებულები და ვალდებულები იქნებიან, მოლაპარაკებები აწარმოონ და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. ეს არ არის რთული. მთავარი მტერი ამ შემთხვევაში გახლავთ ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ კოვიდქაოსით ისარგებლოს. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია.

ნენე ინჯგია