გოჩა გუგუნავა: „სტაგნაცია ქვეყანაში, კრიზისი ტურიზმის სფეროში, უმუშევრობა, გაურკვეველ მდგომარეობაში არსებული განათლების სისტემა!!! _ ესაა დღევანდელი რეალობა“

როგორ აფასებს და რას ჰპირდება ბათუმელებს, რა გეგმები აქვს სამართალმცოდნესა და ბიზნესმენს საარჩევნოდ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატს „ჩვენი საქართველო _ სოლიდარობის ალიანსიდან“, გოჩა გუგუნავას:

_ ვინ არის გოჩა გუგუნავა?
_ მე ვარ 43 წლის, ბათუმელი, სამართალმცოდნე, თუმცა პროფესიით არ ვმუშაობ და ბოლო 18-20 წელია, რაც ბიზნესში ვარ. ასევე ვარ საქველმოქმედო ფონდ „ბათუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ მიყვარს და არ მჩვევია. ვინც მიცნობს, იცის, ვინც ვარ, ვინც არა, თუკი გამიცნობს, დარწმუნდება, რომ ვარ ჩვენი ქვეყნისა და კუთხის ჭეშმარიტი გულშემატკივარი, ნამდვილი ბათუმელი, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი ქალაქი და გული შესტკივა თითოეულ ბათუმელზე.
_ რატომ „ჩვენი საქართველო _ სოლიდარობის ალიანსი“? როგორია თქვენი ხედვები ამ პარტიის მიმართ?
_ ეს არის ახალი პოლიტიკური პარტია, ახალი სიტყვა და ძალა დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში. აქ გაერთიანებული არიან გამოცდილი პოლიტიკოსები. მე ვიტყოდი, რომ დღეისთვის საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე, ქვეყნისა და ხალხის, საკუთარი პრინციპების ერთგული ადამიანები.
ალბათ იტყვით, ძირითადად, „ოცნების“ სახეებიაო, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის დეპუტატები და პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც პირველებმა გააპროტესტეს მთავრობისა და, ზოგადად, პარტიის უმოქმედობა და უუნარო პოლიტიკა, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობა. ამ საკითხში წყალგამყოფი და პრინციპული საკითხი ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. კერძოდ, გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება და ასევე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი. სწორედ მათ პირველებმა დატოვეს პარტია, არ დარჩნენ „კომფორტის ზონაში“, მათთვის ხალხთან ერთად ყოფნა, იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვინც ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ვერც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ვერ იპოვა სამართალი, უფრო ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე ერთპიროვნული მმართველის კარზე უპრინციპო მსახურად ყოფნა.
„ჩვენი საქართველო _ სოლიდარობის ალიანსი“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, საქართველო ახალ რელსებზე გადაიყვანოს, მისი პოლიტიკური ხაზი სწორი ვექტორით მიმართოს!!! ჩვენ ვიქნებით ჯანსაღად პრინციპულები ამ ბრძოლაში.
სწორედ ამიტომ მე, გოჩა გუგუნავა, ვირჩევ და ვენდობი ამ პარტიას და მის გუნდს.
_ გქონდათ თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავაზება?
_ დიახ, მქონდა და არაერთი პარტიიდან, თუმცა არ მინდა ამ თემის განვრცობა.
_ თქვენ უკეთ იცნობთ ბათუმელებს და იცით, რაც აწუხებთ მათ. თქვენი არჩევის შემთხვევაში, რას ჰპირდებით ბათუმელებს?
_ დიახ, ვიცნობ და ძალიან კარგად ვიცი, რაც აწუხებს ჩემს ქალაქსა და ბათუმელებს. შევეცდები, თანმიმდევრული ვიყო ამ პრობლემების ჩამონათვალში: ბათუმელების, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მოსახლეობის უპირველესი გამოწვევა და პრობლემა უმუშევრობა და უკიდურესად გამწვავებული სოციალური ფონია. ამაში იგულისხმება მკვეთრად გაზრდილი ფასები, იქნება ეს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები თუ სხვა პირველადი აუცილებელი მოხმარების საგნები.
დღეს ქვეყანაში არსებულმა კოვიდ ვითარებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რაოდენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში. პრაქტიკულად, ჩამოშლილი და გაჩერებულია ეკონომიკა, ბიზნესი, ათასობით ჩვენი მოქალაქე უმუშევარია და ბედის ანაბარადაა მიტოვებული. ცხადია, რომ ასეთი მძიმე შედეგი ხელისუფლების მიერ გატარებული ხისტი, გაუანალიზებელი და არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ყველანი ვთანხმდებით, რომ უპირველესი საზრუნავი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, ასევე ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მედიკოსების მიერ დამტკიცებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა. ჩვენი მეზობელი, ევროპული სახელმწიფოების მაგალითებმა კარგად გვაჩვენა, რომ შესაძლებელია ებრძოლო ვირუსს, დაამარცხო ის ისე, რომ მინიმალური ზიანი მიაყენო ქვეყნის ეკონომიკას. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ იმ რთულ და პრაქტიკულად გაურკვეველ ვითარებაში ჩვენ, რიგითი ბათუმელები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები გვერდით ვედექით და შესაძლებლობისამებრ უანგაროდ ვეხმარებოდით ადგილობრივი მთავრობისა და მერიისგან მივიწყებულ მოსახლეობას. ხელისუფლების უმკაცრესმა კოვიდპოლიტიკამ, დაუბალანსებელმა და გადაჭარბებულად ხისტმა მიდგომებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, ჩავარდა, ჩაიკეტა საზღვრები, არ იყო ტურისტი, ვერ იმუშავეს ბაზრობებმა, რესტორნებმა, კაფებმა, რამაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უმძიმეს ვითარებამდე მიგვიყვანა.
კიდევ ერთი უმთავრესი გამოწვევა და ჩვენი, ბათუმელების უკიდურესი პროტესტისა და გულისწყრომის საგანი (რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით თვალში საცემია) ეს არის ქალაქში მიმდინარე ქაოსური მშენებლობები. ჩვენ ვთანხმდებით, რომ იზრდება ქალაქი, ჩვენს ულამაზეს ბათუმში ცხოვრებისა და უძრავი ქონების ფლობის მსურველთა რაოდენობა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციები, თუმცა ვფიქრობ, თითოეული ბათუმელისა და პირადად ხელისუფლების ძირეული ამოცანა ბათუმში არსებული, მისთვის დამახასიათებელი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა, შენახვა და შენარჩუნებაა. ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო და, პირდაპირი მნიშვნელობით, მავნებლური პოლიტიკის შედეგია, რომ ქალაქის ისტორიულ უბნებში აღმართულია უსახური შენობა-ნაგებობები და ეს სამწუხარო ტენდენცია აქტიურად გრძელდება.
ამავე კონტექსტში არ შემიძლია არ აღვნიშნო მთავრობის ე. წ. 3-თვიანი სუბსიდირების პროგრამა გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის (გარკვეული თანხით) ანაზღაურების შესახებ.
გულწრფელად მაინტერესებს, რამდენმა ისარგებლა ამ პროგრამით? ისევ მათ, ვინც სახლში არ იყო, მარტსა და აპრილში ბათუმში საკმაოდ ციოდა, 4-5-წევრიანი ოჯახი მთელი დღე რომ სახლში იყო, იმაზე მეტ შუქსა და გაზს მოიხმარდა, ვიდრე _ მანამდე. ასე რომ, ესეც მძიმედ აისახა ასეთ ოჯახებზე. აქაც არ იყო სწორი გათვლები.
ბათუმს ესაჭიროება ახლებური ხედვა და სწორი მართვა ნეპოტიზმისა და პირადი გამორჩენის გარეშე, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, კეთილსინდისიერი მმართველობა და კვალიფიციური კადრები.
_ არჩევის შემთხვევაში რას ჰპირდებით ბათუმელებს?
_ ეს მერის არჩევნები არ არის და მე ბათუმელ მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარივით, ბავშვებისთვის სკვერების მოწყობასა და გზების დაგებას ვერ შევპირდები. ჩემს თანაქალაქელებს, მათ შვილებს ვპირდები, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩემი, როგორც არჩეული დეპუტატის, კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის, მათ მოსასმენად. მე ვიქნები ბათუმელების თვალი, ყური, ხმა აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და რაც მთავარია, გავაკონტროლებ აჭარის მთავრობას, მის საქმიანობასა და თუ საჭირო გახდა, მთავრობის გადაყენების საკითხსაც დავაყენებ (ამ შემთხვევაში სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმაა საჭირო).
აუცილებლად ვიზრუნებთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, მათ დასაქმებაზე, ჩვენს პენსიონერებს უნდა შევუქმნათ ღირსეული სიბერე. ამაზე პარტიის პროგრამაში ყველაფერი კარგადაა გაწერილი.
_ როგორ აფასებთ ხელისუფლების 8-წლიან მუშაობას, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე?
_ ალბათ, ზოგადად, ქვეყნის ხელისუფლებაზე მეკითხებით, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, აქაც ანალოგიური მდგომარეობაა.
8-წლიანი მუშაობა? და თქვენ რეალურად ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლება „მუშაობდა“? ალბათ, იმაზე იმუშავეს, რომ რაც შეიძლება მეტი და ერთმანეთზე დიდი სახლი აეშენებინათ. ეს ხელისუფლება არის კლეპტოკრატიული მმართველობის მაგალითი.
ჩამოშლილი ეკონომიკა, ჩამონგრეული ჯანდაცვის სისტემა, რაშიც, კოვიდმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, სტაგნაცია ქვეყანაში, კრიზისი ტურიზმის სფეროში, უმუშევრობა, გაურკვეველ მდგომარეობაში არსებული განათლების სისტემა!!! _ ესაა დღევანდელი რეალობა და ვისაც ამ რეალობის არ სჯერა, ისევ ოცნებებშია!!!
_ თქვენი აზრით, ხელისუფლება იყენებს პანდემიას წინაასარჩევნოდ მის სასარგებლოდ? და რატომ?
_ ხელისუფლებას უნდოდა პანდემიის გამოყენება დივიდენდების მოსაპოველად საკუთარ ყულაბაში. თითქოს, გაზაფხულზე გამოუვიდათ, მაგრამ ქართველი კაცი საკუთარ ღირსებასა და თავმოყვარეობას არავის შეალახინებს. არ და ვერ გამოუვათ! მოსახლეობა 31 ოქტომბერს გასცემს პასუხს.
_ ვის მოიაზრებთ აჭარაში ძლიერ კონკურენტად?
_ ყველა კანდიდატი, რომელიც წარდგენილია მაჟორიტარად, ჩემი კონკურენტია. ალბათ, ხალხის მხარდაჭერა იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი ამა თუ იმ კანდიდატის სიძლიერისა. ვიცი, რომ ბათუმში ბევრი მხარმდამჭერი მყავს.
_ დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი?
_ უნდა გვქონდეს. ეს სავალდებულოა დემოკრატიისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ეს ჩვენი მოსახლეობის სწორ არჩევანზეა დამოკიდებული. ყველამ უნდა გავითავისოთ და გავითვალისწინოთ, რომ მომავალი დგება დღეს.
31 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი დღე და თარიღია. მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და ქვეყანაში ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაერქმევა!

ხვიჩა მამულაძე