მირიან მირიანაშვილი: „არჩევნები არაფერს შეცვლის, „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება“

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციამ ამომრჩევლის სახტად დატოვება შეძლო. საარჩევნო სიებმა განცდა გააჩინა, რომ ოპოზიციას არჩევნების მოგება არ უნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი ამბობს, რომ სიების ასეთი სახით წარმოდგენა პირდაპირ კავშირშია საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებასთან. ის იხსენებს საქართველოში სურკოვის საიდუმლო ვიზიტსაც. მისი ვარაუდით, მაშინ ბევრი რამე გადაწყდა. მაგალითად, ისიც, რომ ივანიშვილი კოალიციურ მთავრობას აღარ დასთანხმდებოდა.

რა შეიცვალა ქართულ პოლიტიკაში? ვინ დაიხია უკან _ ივანიშვილმა თუ ოპოზიციამ? რა მითითებებს ელოდება „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან? რატომ ამოიღო ოლიგარქმა პოლიტიკოსების ნაწილი შავი სიიდან? რატომ არ იქნება არეულობა ქვეყანაში? _ ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მირიან, დღეს ქვეყანაში მთავარი სალაპარაკო თემა საარჩევნო სიებია. ოპოზიციის წარმოდგენილი სიები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თითქოს არჩევნების მოგება არ უნდათო, ისეთი შემადგენლობები გამოიყვანეს. თქვენ რას გვეტყვით?
_ ჩემთვის ასეთი სიები მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო პერიოდში ბევრი რამე შეიცვალა საქართველოს გარშემო. ამ არჩევნებში უმრავლესობას ისევ „ქართული ოცნება“ აიღებს. ოპოზიცია ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გამოვა. ორივე ერთად მოემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება.
_ მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება, ახლა კი ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური ძალა შევა, მაგრამ უმრავლესობა ისევ ივანიშვილს ექნება.
_ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო თავისუფალია რუსული გავლენებისგან. დასავლეთის გააქტიურება მოსკოვს ხელ-ფეხს უკრავს და, შესაბამისად, ვერც ლავროვი გასცემს განკარგულებებს, როგორც აქამდე იყო.
_ აქამდე ლავროვის ჭკუაზე დავდიოდით?
_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ღიად ამბობდა, რომ პუტინმა მას კავკასიის მეფისნაცვლობა დაავალა. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში მისი გავლენები თვისობრივად უნდა გამყარებულიყო, მაგრამ ბოლო თვეების მანძილზე რუსეთის წონა და გავლენა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დაეცა. ლავროვი ისეთი პიროვნება გახდა, ვისთვისაც ხელის ჩამორთმევა აღარავის სურს. ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ 1921 წელს დაწყებულ რუსეთის გავლენის ეპოქას წერტილი დაუსვა.
_ რატომ გგონიათ, რომ ყარაბაღის ომმა რუსეთის გავლენის ეპოქას წერტილი დაუსვა? ასე იოლად დათმობენ პოზიციებს?
_ რუსეთის გავლენის ეპოქას წერტილი დაესვა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოსკოვი ამ პროცესებში მხოლოდ გარედან მონაწილეობს. ამის ანარეკლმა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც იქონია გავლენა. გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ ის როლი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ უნდა ჰქონოდა არჩევნების შემდეგ, სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგა.
_ რა როლს გულისხმობთ? იყო საუბარი, რომ ივანიშვილი მათთვის აპირებს ხელისუფლების გადაბარებას.
_ ამაზეც იყო საუბარი. რამდენიმე თვის წინ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ დაგეგმილი გახლდათ ელენე ხოშტარიას გაპრემიერება. ახლა ეს საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა.
_ ალბათ, სურკოვმაც ჩამოიტანა რაღაც მითითებები, რომელიც, თქვენი ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე კვირის წინ საიდუმლოდ სტუმრობდა. ის თბილისში ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა.
_ სურკოვი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა. მაშინ ომისთვის ყველაფერი მზად იყო. საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური ელიტა არ გვყავს და ჩვენთვისაა ეს კონფლიქტი მოულოდნელი, თორემ სხვა ყველა ხვდებოდა, რომ ეს გაყინული კონფლიქტი განახლდებოდა. როგორც ამბობენ, ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რამდენიმე ათასი მეამბოხე გადმოისროლეს სირიიდან აზერბაიჯანში.
ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი არჩევნები რუსეთისთვის ისეთი აქტუალური აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო ხოლმე.
_ რუსეთს ჩვენთვის აღარ სცალია, თუ რატომ აღარ იქნება ეს არჩევნები მისთვის აქტუალური?
_ მთლად ასეც არაა, რომ რუსეთს ჩვენთვის აღარ სცალია. მოსკოვი საქართველოს უყურადღებოდ არ დატოვებდა, მაგრამ რუსეთის როლი და გავლენები ძალიან შესუსტდა მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე საეჭვო გახდა ის როლი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქ უნდა ეთამაშა. ახლა ბიძინა ივანიშვილი შეიძლება, იმაზეც კი წავიდეს, რომ კოალიციურ მთავრობაზე თქვას უარი. ის ინსტრუმენტი, რასაც სახელად „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მისთვის, სავარაუდოდ, დიდი ზიანის მომტანი იქნება.
ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებით აქტიურად განიხილებოდა თემა, რომ ოქტომბრის შემდეგ კოალიციური მთავრობა გვეყოლებოდა. ახლა ამ საკითხზე აღარც კი საუბრობენ.
_ როგორ არ საუბრობენ, ოპოზიცია ხშირად ახსენებს კოალიციურ მთავრობას.
_ ამ თემაზე ისე აქტიურად არავინ საუბრობს, როგორც თუნდაც ერთი თვის წინათ. კოალიციურ მთავრობაზე ხელისუფლების დავალებით ასობით კონტროლირებადი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელში, ახლა ისინი გააჩერეს. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების თემას ერთგვარი ტაბუ დაედო. ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება ამ თემას სერიოზულ პროპაგანდას უწევდა. ასე უცბად პოზიციის შეცვლა შემთხვევით და უმიზეზოდ არ ხდება.
რაკი ამ თემას ტაბუ დაედო, ეს იმას ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის თემა ბიძინა ივანიშვილისთვის არამიმზიდველი გახდა. ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის იდეა საინტერესო თუ აღარ არის, მაშინ ამ საქმეში სავარაუდო პარტნიორიც უსარგებლო და მიუღებელი ხდება. ის პროცენტები, რომელიც ოპოზიციას უნდა მიეღო კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, ისევ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდება.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კონსტრუქციის მკვეთრ ცვალებადობას არ გააკეთებს. ის ახლა საარჩევნო ადმინისტრაციას საიმისოდ ვერ დაქოქავს, რომ დიდი პროცენტები აიღოს. „ქართული ოცნების“ ლიდერი სამოქმედოდ ჩამოაყალიბებს 50%-თან მიახლოებულ შედეგს. ამ 50%-ში შედიან როგორც პარტია, ასევე მაჟორიტარები.
ჩემთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რათა გავლენიან მოთამაშეებამდე მიიტანოს და შეათანხმოს არჩევნების სავარაუდო შედეგი. მათი თანხმობის გარეშე ივანიშვილი ასეთ პროცენტებს ვერ დაწერს.
_ თქვენ საიდან იცით, რომ ივანიშვილი გავლენიან მოთამაშეებთან ცდილობს ამ საკითხის შეთანხმებას?
_ გავლენიან მოთამაშეებამდე რომ ცდილობს მისვლას და დალაპარაკებას, აქედან ვიცი ეგ ამბავი. აბა, ბიძინა ივანიშვილის ბლოკნოტში არც მე ვიხედები და არც _ სხვა ვინმე.
_ ამ დროისთვის ივანიშვილს მიღწეული აქვს რამე შეთანხმება გავლენიან მოთამაშეებთან?
_ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ დიდი მცდელობა აქვს. უნდა, რომ შედეგების საბოლოო კონტურები შეათანხმოს. მას ძალიან აინტერესებს იმის გაგება, ეს კონტურები მისაღები იქნება თუ არა ამერიკული მხარისთვის. ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ვაშინგტონის პოზიციაა.
დღეისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება მკვეთრად შეცვლილია. არჩევნების შემდგომ მღელვარებას დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. ეს მას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ გააპროტესტებს.
_ ოპოზიციის წარმომადგენლები დღემდე იმას გაიძახიან, რომ თუ არჩევნებს ოპოზიციური პარტიები არ მოიგებენ, ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვალთო.
_ ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ყველაფერს კი არ ასრულებს. თუ რაღაც სტანდარტების დაცვით ჩატარდა არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ საშინელება არ დაატრიალა, ოპოზიცია ხმების დასაცავად ქუჩაში არ გამოვა. დღეს დასავლეთს საქართველოში არეულობა და დაძაბულობა არ აწყობს. ესეც რომ არ იყოს, ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლის პერსპექტივა კიდევ ერთი მიზეზის გამო დადგა ეჭვქვეშ: როგორც უკვე გითხარით, დღის წესრიგში აღარ დგას კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი. ოპოზიცია ასევე სულ ტყუილად ასახელებს პრემიერობისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურებს.
_ გინდათ თქვათ, რომ მთავრობას ისევ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს, პრემიერი გახარია იქნება, ხოლო პარლამენტის სპიკერი _ არჩილ თალაკვაძე?
_ პერსონალურად ვინ იქნება პარლამენტის სპიკერი, არ ვიცი. ივანიშვილი გადაწყვეტს, ვის ჩააბაროს ეს პოსტი. გახარია რომ პრემიერი გახდება, შეგვიძლია ძალიან დიდი დოზით ვივარაუდოთ.
_ გახარიას ხელახლა გაპრემიერებაში ეჭვი რატომ არ გეპარებათ? ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ გუნდში დიდად არ უყვართ.
_ რა მნიშვნელობა აქვს, გუნდში ვინ მოსწონთ ან არ მოსწონთ? ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არავითარი გუნდი არ არსებობს და გადაწყვეტილებებს ერთი კაცი ღებულობს. „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ხშირად გამოდის გარეთ ინფორმაცია, რაც ივანიშვილის დავალებით ჟონავს. ასევე ივანიშვილი ავალებს თანაგუნდელების ნაწილს, რომ რაღაცით უკმაყოფილონი იყვნენ, თორემ დამოუკიდებლად გახარია ამ ადამიანებს არც უყვართ და არც სძულთ.
_ კახა კალაძეზე რას გვეტყვით? ამბობენ, რომ ის ივანიშვილისგან დამოუკიდებლად აპირებს თამაშის დაწყებას.
_ კახა კალაძეს ძალიან უნდა, რომ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, მაგრამ პოლიტიკური წონა ამის საშუალებას არ აძლევს. ის დამოუკიდებელი თამაშის წარმართვას ვერც ახლა შეძლებს და ვერც _ მომავალში. თავის დროზე კალაძე რუსული პროექტი იყო. ეს ის პერიოდია, როცა მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებასთან რაღაცებს ვერ ათანხმებდა. ბერლუსკონი, რომელსაც კალაძე კარგად იცნობს, ტრამპთან ახლობლობდა. ბერლუსკონი რობი ჯულიანის ძმაკაცა, ეს უკანასკნელი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ტრამპის გარემოცვაში წარმოუდგენლად გავლენიანი იყო. უკრაინის ამბების გამო რობი ჯულიანი ჩამოშორდა პოლიტიკას. ამის შემდეგ პროექტი კახა კალაძე რუსეთმა დახურა. თუმცა პროექტის დახურვამდეც ბევრი ვერაფერი გააკეთა თბილისის მერმა. ის სილვიო ბერლუსკონიმ პოლიტიკურად ახლოსაც კი არ გაიკარა. ის დღეს დარჩა პოლიტიკური კრიშის არმქონე პიროვნებად. ამ როლში გინდა ქალაქის მერი იყავი და გინდა _ პრემიერი, ის საქართველოში არანაირი პოლიტიკური წონის მატარებელი არ არის.
_ გინდათ თქვათ, რომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ ვერასდროს წავა?
_ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოიწვიოს, კახა კალაძეს ძალიან მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს.
_ რა გარანტიები?
_ რა გარანტიები და ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი მას პრობლემებს ვერ შეუქმნის.
_ არჩეულ მერს რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას არაფორმალურმა მმართველმა?
_ ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. რამის მოგონება და შეთხზვა სულ არ არის საჭირო. ამისთვის საკმარისია თბილისის მერიიდან დოკუმენტაციის ამოღება. ერთი კვირის მანძილზე მერიიდან ერთი ვაგონი კომპრომატების გამოგორება შეიძლება. იმისთვის, რომ აჯანყებულ კალაძეს ივანიშვილმა პრობლემები არ შეუქმნას, მას მოკავშირე ან რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში უნდა ჰყავდეს, ან _ ვაშინგტონში. მას ასეთი მოკავშირეები არ ჰყავს, ამიტომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ წავა. დღეს მას ამისი რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნია.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, უმრავლესობას ისევ „ოცნება“ მოიპოვებს. პარლამენტში შესვლის შანსები რომელ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ?
_ პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტია შევა, მაგრამ მათი მხრიდან საუბრები იმაზე, რომ ჩვენი ლიდერი იქნება მომავალი პრემიერი, ეს ცოტა სასაცილოა. ასეთი ამბიცია როცა გაქვს, ამომრჩევლის 45% მაინც უნდა გიჭერდეს მხარს. ამ პარტიებს კი 1 და 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის მიმართ. „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას“ ახალ პარლამენტში აუცილებლად ვიხილავთ. წინა წლებში „ქართული ოცნების“ ლიდერი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
_ 2016 წელს ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბურჯანაძე და ალასანია პარლამენტში არ შესულიყვნენ.
_ ახლა ბურჯანაძე აუცილებლად შევა. როგორც უკვე გითხარით, „ოცნების“ ლიდერმა ამ პარტიის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, აქამდე ვერ იტანდა მათ.
_ რატომ ვერ იტანდა?
_ ამის მიზეზი არ ვიცი. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რომ ბურჯანაძე შავ სიაში ჰყავდა ივანიშვილს შეყვანილი და მედიით მისი გამოჩენა აკრძალული იყო. ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ნინო ბურჯანაძეს არ ეკარებოდა.
_ ეს შავი სია მართლა არსებობს, თუ პირობითად თქვით?
_ მართლა არსებობს. ივანიშვილს იქ მისთვის მიუღებელი პოლიტიკოსები ჰყავს შეყვანილი. ასეთი შავი სია ჰქონდათ შევარდნაძესა და სააკაშვილს. ამ უკანასკნელის მმათველობის ბოლო პერიოდში ივანიშვილი შავ სიაში იყო შეყვანილი. მისი სახელის ხსენება ტელევიზიით არ შეიძლებოდა. ივანიშვილმა, თავის მხრივ, ასე დაბლოკა ბურჯანაძე, რომლის მიმართაც ახლა დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეეცვალა.
_ რატომ შეეცვალა დამოკიდებულება ბურჯანაძეზე?
_ როგორც ჩანს, მან სარისკოდ ჩათვალა პოლიტიკური სივრციდან პრორუსული სეგმენტის მთლიანად ამოგდება.
_ პრორუსული სეგმენტი როგორ უნდა ამოეგდო? „პატრიოტთა ალიანსი“ გვერდით არ ჰყავს?
_ ივანიშვილი დღეს სერიოზულად ვაჭრობს „პატრიოტთა ალიანსის“ არსებობა-არარსებობაზე. რაღაც მომენტში „ქართული ოცნების“ ლიდერს „პატრიოტთა ალიანსის“ არსებობა არ აწყობს.
_ აქამდე ხომ აწყობდა?
_ აქამდე სხვა ვითარება იყო.
_ ახლა რა ხდება?
_ „პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკელებში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. ივანიშვილს, თავის მხრივ, არ უნდა ვაშინგტონის განაწყენება, ამიტომაც ვაჭრობს ამ ძალის არსებობა-არარსებობით. ამერიკის გაღიზიანებას ერიდება, მაგრამ სარისკოდ მიიჩნევს პოლიტიკური სივრციდან პრორუსული სეგმენტის მთლიანად ამოგდებას. ამიტომ შეცვალა დამოკიდებულება ბურჯანაძის მიმართ.
_ ბურჯანაძე ამერიკელებს არ აღიზიანებს?
_ არა. ის, ზოგადად, არ გახლავთ გამაღიზიანებელი ფენომენი. ივანიშვილი ცდილობს, რომ მისი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ როლზე ჩაანაცვლოს.
_ მოსკოვი ამას როგორ შეხვდება?
_ არ ვიცი. თავად ივანიშვილს ეს არ აინტერესებს, რადგან მას რუსული გავლენების უკვე აღარ ეშინია. აღარ ეშინია იმიტომ, რომ კრემლის გავლენა საქართველოზე სერიოზულად შესუსტდა.
„ლელოსთან“ რაიმე კომბინაციას კატეგორიულად გამოვრიცხავ. დიდი მცდელობების მიუხედავად, ივანიშვილსა და მათ შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.
_ წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ივანიშვილი მათ პარლამენტში 5 ადგილს სთავაზობს, ისინი კი 6-ს ითხოვენო.
_ ასე იყო, მათ საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს. ივანიშვილმა მათ მხოლოდ იმის უფლება მისცა, რომ პოლიტიკაში შეტენონ ის ფული, რაც „თიბისიში“ იშოვეს. მოკლედ, პარლამენტში შევა რამდენიმე პარტია. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნების“ ზედა ზღვარი იქნება 50%. ამის იქით მმართველი პარტია არ წავა. ეს ძალიან სარისკო იქნება.
_ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 60%-ს აიღებენ.
_ ირაკლი კობახიძემ შეიძლება, ბევრი რამე თქვას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ივანიშვილს დიპლომატიურ წრეებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა, სადაც იმაზე საუბრობდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე 50%-ს აიღებს. ის აბსოლუტური უმრავლესობით რომ ცდილობდეს მოსვლას, ამ თემას გააჟღერებდა და შეეცდებოდა გაეგო, რას იტყოდა ამაზე დასავლეთი. აშკარაა, რომ ის თამასის ამ დონეზე აწევას სარისკოდ მიიჩნევს და 50%-იანი შედეგის დადებას ფიქრობს.
_ დღეს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“. ის რა დოზით შევა პარლამენტში?
_ „ნაციონალები“ პარლამენტში მსუყედ ვერ შევლენ. ეს პარტია მიშა სააკაშვილზეა დამოკიდებული, სააკაშვილი კი დღეს ამერიკისთვის მისაღები ფიგურა არ არის. ეს გახლავთ ცალსახა. თუ ეს ასე არაა, გამოვიდეს მაშინ სააკაშვილი და ღიად თქვას, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტა მას მხარს უჭერს.
დღეს ეს ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, რომ საქართველოში ჩამოვა, გადმოვა და ა. შ. ეს არის პოლიტიკური ნონსენსი. ყოფილი პრეზიდენტები დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ დაბრუნების საკითხს. ეს საკმაოდ სერიოზული მონიტორინგის პროდუქტი გახლავთ.
_ ანუ ყველაფერი ისევ ისე იქნება, არც მიშა ჩამოვა და ბიძინაც თავის ადგილზე დარჩება?
_ 2020 წელს არაფერი შეიცვლება. ეს გადაწყვეტილი საკითხია. არსებულ ვითარებაში აქ დასავლეთი არეულობასა და კატაკლიზმებს არ დაუშვებს. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს, ვიმეორებ: ამ პროცესს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. 2021 წელს კი სერიოზული ცვლილებები იქნება. დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

შორენა მარსაგიშვილი