ბესო დანელია: „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ თუ არჩევნების გაყალბებას გადაწყვეტს, ეს მისთვის ცუდად დამთავრდება!“

მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, მმართველ გუნდს, უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს, მიმართა და უთხრა, რომ იმ დროს, როცა ხალხს შია, „ოცნების“ ერთჯერადი დახმარებები მას ვერ გააბედნიერებს: „ყურადღებით ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და ნამდვილად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ… ბატონო ბიძინა, უხერხული არ არის, რომ ადამიანს, რომელსაც 7 მილიარდი აქვს, 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ პენსიონერებს 6 დოლარით მოუმატა პენსია?!.“ _ ნათქვამია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაში.

საერთოდ, ივანიშვილი სხვა საქართველოში რომ ცხოვრობს, ამის შესახებ აქამდეც თქმულა, მაგრამ როგორია რეალური საქართველო, ანუ რატომ უნდა ხალხს „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა? _ ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“ ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელ ბესო დანელიას ესაუბრა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ახალ, ე. ი., მეათე მოწვევის პარლამენტში, „ერთიანი საქართველო“, მინიმუმ, ერთი ფრაქციით, ანუ შვიდი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი:

_ ბესო, თქვენთან საუბარსაც ტრადიციული კითხვით დავიწყებ, _ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როგორი განწყობა გაქვთ და, საერთოდ, „ერთიანი საქართველოს“ პროპორციულ სიაში ხართ?
_ დიახ, სიაში ვარ და განწყობაც საბრძოლო მაქვს! თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყოველდღე ვხვდებით. პარტიული სისტემა ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი და ოფისი საქართველოს ყველა რაიონში გავხსენით. აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, თუმცა ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსისა თუ სუს-ის გამოყენებით ხალხის დაშინებას მაქსიმალურად ცდილობს. იმ რაიონებში კი, სადაც ხვდება, რომ არჩევნები წაგებული აქვს, კორონით მანიპულირებს, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, დარწმუნებულები ვართ, 31 ოქტომბერს ქვეყანაში აუცილებად მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ერთპიროვნულ მმართველობაზე აღარ იქნება დაფუძნებული. შესაბამისად, 30-წლიანი ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ ევროპული კოალიციური ხელისუფლებით შეიცვლება!
_ ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს, თუმცა კვლევებით „ოცნებას“ ოპოზიციაზე უკეთესი სასტარტო პირობები აქვს. ჰოდა, ამის გათვალისწინებით, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიციას პოსტსაარჩევნო კოალიციაზე კი არ ეფიქრა, არამედ ახლავე გაერთიანებულიყო და ივანიშვილის გუნდისთვის, როგორც იტყვიან, ერთიანი ფრონტით შეეტია. მოკლედ, თქვენი შეფასებით, ოპოზიციამ გაერთიანება, ანუ თუნდაც ერთიანი პროპორციული სიის შედგენა, რატომ ვერ მოახერხა?
_ სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ „ახალი საქართველო“ ერთ-ერთი პირველი პარტია იყო, რომელმაც პროპორციული არჩევნები, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ მოითხოვა და დიდი ხანია, ვმუშაობთ, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.
სხვათა შორის, 2012 წელს „ოცნების“ კოალიცია ამომრჩეველს სწორედ ამას ჰპირდებოდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალ, საარჩევნო სისტემას შევცვლი და მაჟორიტარულ არჩევნებს გავაუქმებო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, თქვა, ამ ცვლილებას 2016 წელს განვახორციელებო, თუმცა ეს დაპირება 2016 წელსაც გადასწია. მოკლედ, „ოცნებაც“, წინამორბედების მსგავსად, შეეცადა, რომ საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე მოერგო.
საბოლოოდ, ყველა პარტიამ, „ოცნების“ გარდა, პროპორციული არჩევნები მოითხოვა, რასაც საქართველოს პარლამენტის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომა და 20 ივნისის მოვლენები მოყვა. ყველაფერ ამით შეშინებულმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა, პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებო, მაგრამ რამდენიმე თვის მერე, როცა სიტუაცია მიწყნარდა, „ოცნებამ“ იფიქრა, საფრთხე აღარ მემუქრებაო და მაჟორიტარული სისტემის დატოვება გადაწყვიტა…
_ ბესო, ეს ამბები მეც კარგად მახსოვს, მაგრამ სხვა რამე გკითხეთ, ანუ ოპოზიციამ „ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლა და თუნდაც საერთო პროპორციულ სიაზე შეთანხმება რატომ ვერ მოახერხა?
_ სწორედ ამას გეუბნებით. კერძოდ, დიპლომატებისა და ამ პროცესების მედიატორების პირდაპირი მოთხოვნა იყო, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას სურს, რომ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეიცვალოსო.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულამდე ვერ მივედით, ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ჰქონდა და ე. წ. გერმანულ მოდელზე დასთანხმდა, რაც საზოგადოების გამარჯვებაა.
სხვათა შორის, არასოდეს გვინდოდა, რომ მთელი ოპოზიცია არჩევნებზე ერთ სუბიექტად გამოსულიყო.
_ რატომ?
_ ამას ბევრი მიზეზი აქვს.
_ მაინც?
_ ძალიან მაღალი დონის ჟურნალისტი ხართ და ქართულ პოლიტიკაში ბევრ პოლიტიკოსზე უკეთესად ერკვევით.
_ გმადლობთ, მაგრამ თუ ერთ სუბიექტად გამოსვლა არ გინდოდათ, აბა, ნათელაშვილის ოფისში სხვადასხვა ყაიდის პოლიტიკური პარტიები რატომ დასხედით?
_ იმ მაგიდასთან, ასე ვთქვათ, მტრადმოკიდებული პარტიები ერთად საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დავსხედით, რაც დიდი შედეგი იყო.
კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს და ერთობა არაა, მაგრამ იცით, აქ საუბარი რაზეა?
_ რაზე?
_ ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ამბიციები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა.
_ ანუ?
_ აი, მაგალითად, ზოგიერთი გამოვიდა და გადაწყვეტილება საერთო ოპოზიციური მაგიდის გარეშე მიიღო და თავი პრემიერობის კანდიდატად დააყენა.
_ ბესო, კარტები გახსენით და პირდაპირ მითხარით, ამ „ზოგიერთში“ ვის გულისხმობთ?
_ ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პარლამენტში კოალიციას არც „ოცნებას“ შევუქმნით და არც _ სააკაშვილს. ჩვენთვის ეს პოლიტიკური სუბიექტი მიუღებელია!
_ სამაგიეროდ, გიგა ბოკერიაა მისაღები?
_ არა, არა…
_ აბა?
_ ჩვენ იმის მომხრე ვიყავით, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიღებულიყო.
_ ეს როგორ?
_ ყველა პარტიას გადაწყვეტილება ერთობლივად მიგვეღო, მაგრამ, მაგალითად, გიორგი ვაშაძემ თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გამოაცხადეს, პრემიერობის კანდიდატი ვარო, რომ ეს ოპოზიციასთან არ შეუთანხმებიათ, ანუ ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ბრძოლა, სია და პარტია გვაქვს, რომელიც პოლიტიკურად საკმაოდ წონადი და გამოცდილია. ამიტომ ჩვენს საარჩევნო კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ!
_ კეთილი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ბურჯანაძის პარტია „ევროპულ საქართველოს“ შეუქმნით კოალიციას?
_ კოალიციას არავის შევუქმნით და კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ იქ ყველა პარტია თანაბრად იქნება წარმოდგენილი!
საერთოდ, კოალიციის მიზანი ისაა, რომ საზოგადოების განწყობებსა და ხმებს ასახავდეს. კოალიციაში, როგორც ევროპული გამოცდილებაა, ზოგიერთს შეიძლება, მეტი მანდატი ჰქონდეს, ზოგს _ ნაკლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვიღაცამ ერთპიროვნულად მიიღოს ან ვიღაცას ერთი ხმა აკლდება და მას მხარი დავუჭიროთ!
მოკლედ, საუბარი იმაზეა, რომ კოალიცია პოლიტიკურად სრულფასოვანი უნდა იყოს და იგივე პარლამენტში საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად ასახავდეს!
_ სხვათა შორის, „ერთიან საქართველოს“ მაინცდამაინც ბევრი მაჟორიტარი არ ჰყავს, არა?
_ ჩვენ მაჟორიტარები ქობულეთში, ბათუმსა და ქარელში გვყავს. კონსულტაციები მიდის და შესაძლებელია, მაჟორიტარი გორშიც დავაყენოთ. რაც შეეხება თბილისს, მაჟორიტარობის კანდიდატები არ გვყავს.
_ რატომ?
_ ამის მიზეზი, პირველ რიგში, ისაა, რომ წლების განმავლობაში პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძვით, ანუ ჩვენთვის მაჟორიტარული სისტემა მიუღებელია და უნდა გაუქმდეს. სხვათა შორის, ამისთვის პარტია დიდი ხანია, ემზადება და თავიდან ბოლომდე პროპორციულ სისტემაზეა გადაწყობილი.
საერთოდ, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო კამპანია ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ წელიწადზე მეტია, ჩვენ პროპორციულ სისტემაზე ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, ჩვენს ძალისხმევას და სხვებთან შედარებით, ისედაც მწირ რესურსს სწორედ პროპორციულ საარჩევნო კამპანიაზე ვხარჯავთ!
ყველანი ვხედავთ, ხალხს შია, მაგრამ მარტო თბილისში სხვადასხვა პარტიის მილიონობით ბანერი და პლაკატია. ჩვენი კი ერთი პლაკატიც არსად გაგვიკრავს, რადგან ვიცით, რომ ეს არასწორია. გვირჩევნია, იმ თანხით, რაც ბანერების გაკვრაზე უნდა დაგვეხარჯა, ჩვენს პროგრამასა და ხედვას მივხედოთ, რომლითაც ქვეყანა ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიყვანოთ, მას დავბეჭდავთ და ყველა ოჯახში შევიტანთ!
კანონით, ყველას აქვს უფლება, რამდენიც უნდა, იმდენი მილიონის ბანერი გააკრას, მაგრამ ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. საზოგადოება ყველაფერ ამას ძალიან კარგად ხედავს, თანაც კანონის გარდა მორალიც არსებობს და ის უმძიმესი მდგომარეობაც, რომელშიც დღეს საქართველოს მოსახლეობა იმყოფება!
_ პოლიტიკა და მორალი, ვფიქრობ, ანტიპოდებია. ბესო, ჩვენში დარჩეს და, თქვენი პარტიის დასახელებიდან სიტყვა „დემოკრატიული“ რატომ გაქრა?
_ არ გამქრალა.
_ რა ვიცი, უფასო სატელევიზიო რეკლამაში მხოლოდ „ერთიანი საქართველო“ ისმის, „დემოკრატიულ მოძრაობას“ კი ყური ვეღარ მოვკარი…
_ ჩვენს პარტიას, დაფუძნების დღიდან, „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“ ჰქვია. საარჩევნო სუბიექტად კი ასე დავრეგისტრირდით _ „ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“. ასე რომ, სიტყვა „დემოკრატიული“ არსად გამქრალა! უბრალოდ, მოგვაჩნია, რომ ქვეყნის გამთლიანების გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ამიტომაც სიტყვების რიგითობა შევცვალეთ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წინ „ერთიანი საქართველო გადმოვიდა“ და მეტი არაფერი!
_ ბესო, დამიდასტურებთ კულუარულ ხმას, რომ ე. წ. ნათელაშვილის მაგიდასთან ბურჯანაძის ლობისტი გიგა ბოკერია იყო?
_ ჩვენს ქვეყანაში ქალბატონი ნინოს დონისა და წონის პოლიტიკოსი არ არსებობს. შესაბამისად, მას ვინმეს ლობირება არ სჭირდება! ამასთან, ნინო ბურჯანაძის ავტორიტეტი მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთაც ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური ხმა სრულიად აბსურდულია.
_ ბურჯანაძის პოლიტიკური წონა გასაგებია, მაგრამ ლეიბორისტების მაგიდასთან უმეტესად პროდასავლური პარტიები იყვნენ. ამიტომ ამიხსენით, თქვენ როგორ მოხვდით?
_ ჩვენ როგორი მიმდინარეობის ვართ?
_ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბურჯანაძეს მოსკოვში ვიზიტებს ხშირად უხსენებენ…
_ როცა პოლიტიკოსს იმის უნარი აქვს, რომ მოსკოვშიც ჩავიდეს, ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც, ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი დიდი პოლიტიკოსია.
სხვათა შორის, ქალბატონი ნინოს მოსკოვში ვიზიტებს ამ ქვეყნისთვის ყოველთვის შედეგი მოჰქონოდა, თუმცა სააკაშვილის ტელევიზიები წლების განმავლობაში შავ პიარს აგორებდნენ და ლამის პრორუსულ პარტიად გვაქციეს. არადა, ჩვენს ოფისში დიპლომატების შეხვედრები იმართება, საერთაშორისო კონფერენციებზეც ხშირად გვიწვევენ და ყველამ კარგად იცის, რომ ნინო ბურჯანაძე, პირველ რიგში, პროქართველი პოლიტიკოსია და ყველა ნაბიჯს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე დგამს.
სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, პრეზიდენტი რომ გახდა, მიხეილ სააკაშვილს პირველი ვიზიტი სადაც ჰქონდა.
_ დიახ, მახსოვს, მაგრამ თუ ბურჯანაძეს პრორუსულობის პიარი სააკაშვილმა აუგორა, მაშინ საკითხავია, მის თანაპარტიელებთან ერთად ლეიბორისტების მაგიდასთან როგორ ისხედით?
_ სააკაშვილის თანაპარტიელი, მაგალითად, ნიკა მელიაცაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2014 წელს მივიდა. იმაზე პასუხი, რაც სააკაშვილმა დააშავა, ნიკა მელიას როგორ უნდა მოვთხოვოთ?
„ოცნება“ დღეს გამოდის და გაიძახის, „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე ძალააო, მაგრამ რვა წელია, ხელისუფლებაშია და იმაზე არაფერს ამბობს, რა გააკეთა ან რის გაკეთებას აპირებს. „ოცნება“ ნებისმიერ საუბარს ასე იწყებს და ამთავრებს, _ მე თუ არა, „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდებაო, მაგრამ თუ ქვეყანაში კანონი კანონობს, დამნაშავე ისჯება. ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, ძალიან კარგი სასამართლო გვაქვსო, მაგრამ კარგი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოა? ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მიერ გირგვლიანისა თუ სხვა საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე სტრასბურგმა საქართველო გაამტყუნა.
მოკლედ, თუ „ოცნებას“ ვინმეს დასჯა უნდოდა, დაესაჯა! თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ამაზე განცხადებები კი არ უნდა კეთდებოდეს, არამედ, ციხეში უნდა იჯდეს!
რაც შეეხება ლეიბორისტების მაგიდას, ჩვენ იქ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვისხედით. წეღანდელი თქმისა არ იყოს, პროპორციული არჩევნები საზოგადოების დაკვეთა იყო და ჩვენ, პირად წყენასა და გაბრაზებაზე მაღლა ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს ვაყენებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ!
_ კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ბოლო დროს ყველა რესპონდენტს ვუსვამ: თუ ისე მოხდა, რომ დემოკრატიის ყველა პრინციპი დაირღვა და 31 ოქტომბერს „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩა, ასეთ შემთხვევაში, ბურჯანაძის პარტიის სტრატეგია როგორი იქნება?
_ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით ვეღარ დარჩება!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ როგორც გითხარით, ყოველდღე ხალხს მთელ საქართველოში ვხვდებით და საზოგადოებას ამ ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა აქვს. „ოცნებამ“ ხალხი უამრავჯერ „გადააგდო“ და ერთი დანაპირებიც კი არ შეასრულა: თითო სოფელზე 5 მილიონიდან დაწყებული, უფასო ფულითა თუ ათასი საწარმოთი დამთავრებული.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება საარსებო მინიმუმიდან საპონს, კბილის ჯაგრისსა და ტუალეტის ქაღალდს იცით, რატომ იღებს?
_ რატომ?
_ საარსებო მინიმუმი პენსიას რომ გაუტოლოს. ჰოდა, გამორიცხულია, ასეთი მთავრობა ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩეს!
თუ „ოცნებამ“ გადაწყვიტა და ისევე როგორც წინაზე, არჩევნები ახლაც გაგვიყალბა და ხმები მოგვპარა, ეს ის წითელი ხაზი იქნება, რომლის გადაკვეთაც დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში არავის ეპატიება!
სხვათა შორის, ოპოზიციას ხმების დაცვის შტაბი აქვს შექმნილი. ამასთან, უბნებზე ჩვენი კოორდინატორები და წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იმუშავებენ. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ პატარა გადაცდომასაც კი კანონის ჩარჩოებში გავაპროტესტებთ და საჩივარს დავწერთ.
ამას გარდა, მხოლოდ ადგილობრივი კი არა, საერთაშორისო დამკვირვებლებიც იქნებიან. პროცესებში ძალიან აქტიურად ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან და საზოგადოებას ვერავინ ვერაფერს დაუმალავს!
ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, რადგან „ოცნებამ“ კარგად იცის, თუ არჩევნების გაყალბებას გადაწყვეტს, ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება!
_ გასაგებია, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ იმ ძალას, რომელმაც „ოცნება“ უნდა შეცვალოს, ხედავთ?
_ 30 წელია, საქართველოში ერთპიროვნული მმართველობაა. უბრალოდ, გვარები იცვლება.
_ დიახ, ასეა, მაგრამ ამით რისი თქმა გინდათ, ბესო?
_ საზოგადოებას ვეკითხები: ამ ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელება მისაღებია თუ ურჩევნია, ხელისუფლებაში ის პარტიები, რომელსაც მხარს დაუჭერს, პროპორციულად იყვნენ წარმოდგენილნი?
_ მე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელს, ცხადია, მირჩევნია, რომ ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს.
_ ჩვენც სწორედ ამას ვამბობთ, ანუ უნდა დასრულდეს დრო, როცა ერთი კაცი თავისი ოთახიდან ქვეყანას ფეოდალივითა და ფაშასავით მართავს. დიახ, სწორედ საზოგადოების დაკვეთაა, რომ კოალიციური ხელისუფლება მოვიდეს. დემოკრატია ყველას ხმაა.
_ ე. ი., ხალხი დემოკრატიული მმართველობისთვის მზადაა?
_ დიახ, მზადაა.
_ ბოლოს, ბესო, „ერთიან საქართველოს“ როგორი მოლოდინი აქვს, მეათე მოწვევის პარლამენტში რამდენი მანდატი ექნება?
_ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ძალიან კარგად ვერკვევით და ვიცით, რომ დღეს საქართველოში ის სიტუაცია არაა, ზოგი ოპოზიციური პარტია 20 პროცენტს რომ ელოდება და ზოგი _ 30-ს. ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი იდენტიფიცირებული გვყავს და საარჩევნო უბნებზე მათ მიყვანასაც უზრუნველვყოფთ. შესაბამისად, ახალ პარლამენტში „ერთიანი საქართველო“, მინიმუმ, ერთი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.
_ ანუ ექვსი დეპუტატით?
_ არა, ახალი კანონით, ერთ ფრაქციაში შვიდი დეპუტატი უნდა იყოს.
_ წარმატებას გისურვებთ, ბესო.

გიორგი აბაშიძე