სალომე სამადაშვილი: „ყველანი არჩევნებზე _ ეს არის ჩემი მოწოდება!“

გასულ კვირას პოლიტიკურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიები დაარეგისტრირეს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ სიამ. სიის პირველი ნომერი მოულოდნელად შეიცვალა და გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვიხილეთ. ასევე სიაში არიან კახა ოქრიაშვილი (15) და ცეზარ ჩოჩელი (18).
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიამ გუნდში განხეთქილება გამოიწვია და გარკვეული ნაწილი სიის კორექტირებას ითხოვს. უკმაყოფილებას არც მხარდამჭერები მალავდნენ და სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებდნენ, რომ ეს გამარჯვების მომტანი სია არ არის.

შესაძლებელია თუ არა საარჩევნო სიის კორექტირება? რა იყო განმსაზღვრელი სიის შედგენისას? როგორ გეგმავს მთავარი ოპოზიციური ძალა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა, რომელიც საარჩევნო სიის ათეულში მერვე ადგილს იკავებს:

_ ქალბატონო სალომე, პარტიულ სიაში მომღერალ ბუბა კიკაბიძის პირველ ნომრად დასახელება რა პოლიტიკურ გათვლას ემსახურება?
_ ძალიან საინტერესო სიაა. აქ არიან არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ჩვენი ბლოკის პარტნიორი პარტიების წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომელთა მიზანი არის 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. წარმომადგენლობითი სია შეიმუშავა არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ _ ჩვენმა საარჩევნო ბლოკმა. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, სიმბოლურად, ბუბა კიკაბიძის სიის სათავეში პირველ ნომრად დასახელება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, ალბათ, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტანი არიან მორალური ავტორიტეტები. ბუბა კიკაბიძე კი ნამდვილად არის მორალური ავტორიტეტი, ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალიან პრინციპული პოზიციები დაიკავა 2008 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით და სიმბოლურად უმნიშვნელოვანესია ასეთი მოქალაქის სიის სათავეში ყოფნა. ეს არის სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით ჩვენი მორალური უპირატესობის სიმბოლური დემონსტრირება.
_ პარტიულმა სიამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში. ისინი ამას სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ასევე განაწყენებული არიან გუნდის წევრები და მათი ნაწილი სიის კორექტირებას ითხოვს. დაადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და რა კრიტერიუმებით შეადგინეთ სია?
_ სიის შედგენა საკმაოდ რთული პროცესია, ყოველთვის ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. განსაკუთრებით, როდესაც ბლოკის სიაა. რაც შეეხება სიის კორექტირებას, კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდება, რამდენადაც ვიცი, მისი კორექტირების შესაძლებლობა არჩევნებამდე აღარ არსებობს.
_ პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წელი გავიდა. ამ დღეს დაამთხვია მმართველმა გუნდმა საარჩევნო პროგრამის წარდგენა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კი ყველაზე დიდხანს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩიხშია. ადრე რაღაც დაპირებებს მაინც გასცემდა წინასაარჩევნოდ, ახლა კი დაპირებების გაცემითაც აღარ იწუხებს თავს. ამდენი საუბარი ძირითად მოწინააღმდეგეზე აჩვენებს მის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის, სისუსტეს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის თავად არის დარწმუნებული საკუთარ მარცხში. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 8-წლიან მმართველობას, ვხედავთ, რომ ეროვნული ვალუტა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, _ ეს არის უზუსტესი შეფასება იმისა, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში 8 წლის მანძილზე. პირველ რიგში: უბრალოდ ეკონომიკური უკუსვლა კი არ გვაქვს, არამედ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საგრძნობლად გაღატაკებულია. ამის პარალელურად, მმართველმა რეჟიმმა და მასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ძალიან კარგდ მოითბეს ხელი 8 წლის განმავლობაში. საერთაშორისო შეფასებებით ამ წლებში კორუფცია ქვეყანაში 3-ჯერ გაიზარდა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარი ფულივით განაგებენ. ეს არის ის მმართველი რეჟიმი, რომელმაც 8 წლის მანძილზე ხალხი გააღატაკა, თვითონ კი გამდიდრდა. მათი მმართველობის პერიოდში სახელმწიფოსთვის არაფერი გაკეთებულა, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად მიიტაცა ერთპიროვნულმა, ოლიგარქიულმა მმართველმა. დიდი უკუსვლაა როგორც სახელმწიფოს განვითარების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით. საგრძნობლად დამძიმებულია კრიმინალური ვითარება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როდესაც სათქმელი არაფერი აქვთ არც გაკეთებულ საქმეებსა და არც სამომავლო გეგმებზე, ყველაზე ადვილია მოწინააღმდეგეზე თავდასხმა. სასაცილოა _ 8 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ებრძვის. როგორც თვითონ ივანიშვილი ამბობდა, 2012 წელს დაამარცხა სააკაშვილი, თუმცა 8 წელი გავიდა და ისევ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობს, რაც თავისთავად აჩვენებს, რამდენად არაჯანსაღ ვითარებასთან გვაქვს საქმე და რატომ არის ამ ადამიანის პოლიტიკური რეჟიმი რამდენიმე კვირაში აუცილებლად თავიდან მოსაშორებელი.
_ ოპოზიციამ ბოლომდე ვერ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე მთელი წინასაარჩევნო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ კინკლაობს ვუყურებთ. ამ პირობებში როგორ აპირებთ რეჟიმის თავიდან მოშორებას?
_ გამოკითხვების შედეგებით ოპოზიცია არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს. მთავარი არის არა ის, რას გავაკეთებთ არჩევნებამდე, არამედ მთავარია, რას გავაკეთებთ არჩევნების შემდეგ. ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმებულია, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა შეიკრას ერთიანი კოალიცია. რა თქმა უნდა, ამ კოალიციის პარამეტრებს არჩევნები გამოაჩენს. არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთსულოვნება ბევრად მარტივად მისაღწევი იქნება, რადგან არჩევნებამდე, ცხადია, ოპოზიციური პარტიებიც კონკურენციის რეჟიმში არიან. ყველა მაქსიმუმის დადებას ცდილობს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამ შედეგის დასადებად საჭიროა, თავს დაესხას სხვა ოპოზიციურ პარტიას. ჩვენი ტაქტიკა ეს არ არის. ჩვენ იმ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ, მოვუწოდებთ, ისე წარმართონ პოლიტიკური სტრატეგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მოტივაცია ჰქონდეთ, რათა მათ მხარი დაუჭირონ. ჩვენი მხრივ, მათ შორის, პარტიულ სიაში წარმოვადგინეთ სწორედ კოალიციური თანამშრომლობის ხედვა, რაც არ იყო მარტივი. თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა რესურსი, მთლიანად საკუთარი პარტიული შემადგენლობით დაეკომპლექტებინა საარჩევნო სია, მაგრამ ამ დათმობაზე წავედით სწორედ ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით და ამოცანის დღის წესრიგიდან გამომდინარე.
_ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი. თუ მმართველი გუნდი სხვადასხვა რესურსის გამოყენებით შეძლებს ამ ნაწილის ხმების მიღებას, მაშინ ის 40%-ზე მეტს აიღებს, რასაც დაემატება მაჟორიტარულ ნაწილში მიღებული ხმები, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. განიხილავთ თუ არა ამ ვარიანტს?
_ არ ვფიქრობ, რომ ნეიტრალური ელექტორატი მმართველი გუნდის პოტენციური ამომრჩეველია. სინამდვილეში, ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება: თუ გინდა, უჭერ მმართველ გუნდს მხარს და ასეთი ადამიანები არიან მხოლოდ ისინი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ყოფნას. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, „ქართულ ოცნებას“ უჭერდეს მხარს. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, იგი გადანაწილდება ოპოზიციურ პარტიებზე. ეს ამომრჩეველი შეიძლება არ არის ჩამოყალიბებული, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი ოპოზიციური განწყობის ამომრჩევლები არიან. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორედ ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტიას. იგივეს ცდილობენ სხვა პარტიებიც.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესხმის თავს სხვა პარტიებს, თუმცა „ევროპული საქართველო“ ცდილობს, საარჩევნო კამპანია თქვენს გუნდზე თავდასხმებით აწარმოოს. მათ დაარიგეს ბუკლეტები, სადაც წერია, თუ რა განსხვავებაა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. გასულ კვირას კი „ევროპული საქართველოს“ კლიპი ჩაეშვა, სადაც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანია დასმული: „მათ მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ“, _ ასეთი ტექსტი აქვს კლიპს. რას ცდილობს „ევროპული საქართველო“ და როგორ უპასუხებთ მათ ამ კლიპზე?
_ თქვენ იცით, რომ მორატორიუმი გამოვაცხადეთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვანაირად ვუპასუხოთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს პარტიასა და ლიდერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ერთადერთი სამიზნე გვყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ამოცანა მისი დამარცხებაა. ჩვენი კარი ღიაა ყველასთან სათანამშრომლოდ, ვინც ამ ამოცანას იზიარებს. ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტი. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ ერთადერთი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც რეალურად წარმოადგენს საფრთხეს ივანიშვილისთვის და, ამავე დროს, ძალიან პრინციპულია საკუთარ მიდგომაში. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი, ვისაც მართლა სურს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ამას სათანადოდ დააფასებს. სწორედ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილიც ჩვენს პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს, რადგან ადამიანებს იმედი სჭირდებათ, რომ მართლა შეიცვლება ეს პოლიტიკური რეჟიმი და დღეს ამ იმედსა და რწმენას მათ აძლევს ჩვენი პოლიტიკური ძალა.
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია აცხადებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე გააყალბა არჩევნები. ახლა თუ არის ამის საშიშროება და რა ბერკეტებს იყენებთ პროცესების თავიდან ასაცილებლად?
_ არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა შევადაროთ, რადგან დღეს განსხვავებული მოცემულობაა. გასული ორი წლის მანძილზე ქვეყანა საგრძნობლად უკან წავიდა, შესაბამისად, ცვლილებების სურვილი კიდევ უფრო განმტკიცდა ხალხში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება ხელისუფლების ცვლილება. ეს იციან ადამიანებმა, საპრეზიდენტო არჩევნები კი თავისი ფუნქციით არ გულისხმობდა ხელისუფლების შეცვლას და ეს ხალხს ესმოდა. ამიტომ ამ არჩევნებზე ამომრჩევლის ბევრად უფრო მაღალი მოტივაცია და კონცენტრირება იქნება. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე! ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, _ ყველა, ვისაც ქვეყანაში ცვლილება სურს, უნდა მიხვდეს, რომ ამისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა. მე მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო მათ: რა თქმა უნდა, ხმა მისცენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც რეალურად აქვს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შანსი. თუმცა მთავარია, ყველა მოვიდეს არჩევნებზე, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურს ხმის მიცემა. დღეს ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ხელისუფლება გამოიყენებს ტრადიციულ მექანიზმებს, მაგრამ თუ ჩვენ ეს ამოცანა განვახორციელეთ, ხელისუფლების ხერხების მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იქნება მაღალი აქტივობის შემთვევაში. ამიტომ ყველანი არჩევნებზე! _ ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი ხალხის, თანამემამულეების მიმართ.
_ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელზე საუბრობენ. რამდენად მუშაობს ეს სტრატეგია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა ამ კუთხით ხომ არ ასხამს წყალს მმართველი გუნდის წისქვილზე?
_ ეს კამპანია ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, რადგან დღეს ქართველ ელექტორატს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და თუ მაინცდამაინც ვინმეს არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, სხვა პარტიები არსებობენ. თუმცა როდესაც ამდენ დროს უთმობს „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმას, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ განამტკიცებს ადამიანების რწმენას, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ხელისუფლების ალტერნატივა და პირიქით, უფრო გაზრდის ჩვენი მხარდამჭერების რიცხვს. მაგრამ თუ ვიღაც საბოლოოდ მაინც არც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს და არც _ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთ შემთხვევაში, მათ სხვა მრავალი არჩევანი აქვთ.. ამიტომ ამ არჩევნებზე, ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მარცხისთვის განწირულია.
_ ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მისამართით კრიტიკა აღარ გვესმის. პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილმა დასავლეთთან ურთიერთობა დაალაგა. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?
_ ეს საკმაოდ მცდარი მოსაზრებაა. დასავლეთიდან გზავნილები გაკეთებულია! ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან კარგად იცის, რა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ ჩვენი პარტნიორები მკვეთრ განცხადებებს, რა თქმა უნდა, ერიდებიან, რადგან ისინი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესში არ ერევიან, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ, მათ შორის, არასაჯაროდ ძალიან მკაცრი გზავნილები აქვს მიღებული ხელისუფლებას. მათ ძალიან კარგად იციან, რა არის მოლოდინი და რა შედეგები მოჰყვება მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვის ხელის შეშლას.
_ NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეს ფაქტორი ხომ არ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას, მისთვის სასურველი შედეგისთვის უფრო თამამად იმოქმედოს? კენჭისყრის დღეს, არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, რას გეგმავს ოპოზიცია, კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობა“?
_ ეუთო განახორციელებს დაკვირვებას, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო შეიძლება ადგილზე ნაკლები სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყოს წარმოდგენილი. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ დაკვირვების ძირითად ტვირთს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ და ეს რესურსი მაქსიმალურად დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებიც ჩაერთვებიან პროცესში. სადამკვირვებლო საქმიანობაში, პანდემიის მიუხედავად, არ გვექნება პრობლემა.
თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ ამომრჩეველს: ყველაზე დიდი საფრთხე ახლა ის არის, რომ ხელისუფლებამ პანდემია ადამიანების დასაშინებლად არ გამოიყენოს, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. ამიტომ ყველა უსაფრთხოების წესის დაცვით, ნიღბით, ხელთათმანებით, აუცილებლად უკლებლივ უნდა მივიდეთ არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულება! თუ დღეს რამეზე აქვს გათვლა ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ეს არის, რომ პანდემიის ფონზე იქნებ, ადამიანებმა არ მოინდომონ საარჩევნო უბნებზე მისვლა და არჩევანის დაფიქსირება. ამის პარალელურად კი „ქართული ოცნება“ თავის დაორგანიზებულ ამომრჩეველს მოიყვანს. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ პანდემია ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი დაბალი აქტივობით გავუმარტივოთ ამოცანა, რათა თავიანთთვის სასურველი შედეგები გაიფორმონ.
_ ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებულთა გაზრდილ სტატისტიკას სწორედ ამას უკავშირებთ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს მოსახლეობის დაშინებას?
_ კონსპირაციის თეორიებში რომ არ შევიდეთ, ამ პანდემიის ბუნება ასეთია: დაავადებულების სტატისტიკა პირდაპირ მიბმულია ტესტირებასთან, ანუ რაც უფრო მეტ ადამიანს დატესტავ, მით უფრო მეტ ინფიცირებულს გამოავლენ, რადგან ვირუსი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ პანდემია მისთვის საჩუქარი იყო, რომელსაც წინასაარჩევნოდ გამოიყენებდა, ახლა კი ვხვდებით, რომ ამ თვალსაზრისითაც სრული კრახია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. ტესტების რაოდენობა თუ გაიზრდება, შესაბამისად, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები ჩვენი შანსია, რათა გარდამტეხად შევცვალოთ მომავალი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, პანდემია გამოიყენოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ დავაზარალებთ ჩვენს მომავალს.
საზოგადოებაში უზარმაზარი უკმაყოფილება დაგროვდა. ეს ადამიანები მოუთმენლად ელოდებიან 31 ოქტომბერს, რომ საარჩევნო ყუთთან მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი შეხედულება.

ნენე ინჯგია