გიორგი გუგავა: „ბიძინამ რომ თქვას, „ოცნების“ 99% ჩაიხდის“

ოპოზიციამ ვერ შეძლო საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმის განეიტრალება. საარჩევნო სიების გამოქვეყნების შემდეგ ამომრჩეველი კიდევ უფრო პესიმისტურად განეწყო. ერთი შეხედვით, ოპოზიციას არ სურს გამარჯვება. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტთა ნაწილი. არსებულ ვითარებას სულ სხვა თვალით უყურებს ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საქმე წასულია.

ვინ არ უნდა იყოს პოლიტიკაში? რატომ არ აქვს საზოგადოებას ნიჰილიზმში ჩავარდნის საბაბი? რას ვერ დაინახავს ირაკლი კობახიძე? რას იკადრებენ „ქართული ოცნების“ წევრები, თუ ივანიშვილი მოითხოვს? რას არ უნდა ველოდოთ მონებისგან? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი გუგავა ესაუბრება:

_ გასულ კვირას პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიები გაასაჯაროვეს. ამ სიებმა საზოგადოებაში ნიჰილიზმი გააძლიერა. ბევრს განცდა გაუჩნდა, რომ ოპოზიციას არჩევნების მოგება არ უნდა. მართლა არ გინდათ არჩევნების მოგება? და რატომ არ ხართ აქტიურები? ლეიბორისტები სხვა არჩევნების წინ უფრო აქტიურობდით ხოლმე. ახლა თქვენი პასიურობა კორონის ბრალია?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ლეიბორისტები აქტიურები არ ვართ. როგორც სხვა არჩევნების წინ, ახლაც ყველა მიმართულებით აქტიური ფრონტი გვაქვს გაშლილი: ვარიგებთ ბუკლეტებს, ვაკრავთ პლაკატებს, ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ საჯარო ღონისძიებებს. ამის მეტი რა გავაკეთოთ? ეს აქტიურობა უფრო მოიმატებს. ოქტომბრის მეორე ნახევარი პოლიტიკურად ძალიან ცხელი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებს, არანაირი სურვილი არ მაქვს, სხვების სიები შევაფასო.
_ რატომ არ გაქვთ ამ სიების შეფასების სურვილი? კოლეგიალურობას იჩენთ, თუ სხვა მიზეზია?
_ არაა სხვის საარჩევნო სიებზე საუბარი ლამაზი. განსაკუთრებით იმ ოპოზიციურ პარტიებზე არ მსურს ლაპარაკი, ვისთან ერთადაც დიდი ხანია, საერთო მაგიდის გარშემო ვსხედვართ. მათი გადასაწყვეტი იყო, როგორ სიებს შეადგენდნენ.
საარჩევნო სიების შესახებ ერთადერთ რამეს ვიტყვი და ეს ყველა პარტიას ეხება: ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ოლიგარქი მოხვდეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ყველამ უნდა შევიგნოთ და გავითავისოთ, რომ ოლიგარქი ხელისუფლებაში არის სიმსივნე და განგრენა. სწორედ ამ ოლიგარქებმა შეიწირეს ჩვენი ქვეყანა. მათი დამსახურებაა, რომ ასეთ კატასტროფულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მათი დამსახურებაა ის უბედურებაც, რაც მართლმსაჯულების სისტემაში ტრიალებს.
ზოგადად, ქვეყანაში ჩამოყალიბებულია მახინჯი სისტემა, რომელიც მცირე ჯგუფების ინტერესებს ემსახურება და დანარჩენი მოსახლეობის დამონებაზე გადის. ეს ოლიგარქატის დამსახურებაა. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოლიგარქი რა ნომრით გამოვა არჩევნებზე, რომელ პრტიაში იქნება გაწევრიანებული ან რა ფერის მაისური ეცმევა. სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩვენ, ლეიბორისტები, მათი დაუძინებელი მტრები ვიქნებით. ამ შემთხვევაში პიროვნულ მტრობას არ ვგულისხმობ. ოლიგარქების პოლიტიკაში ყოფნა ქვეყნის მტრობაა. ვინც ამას ხელს უწყობს, ისიც მტრობს ამ ქვეყანას.
_ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე უფრო იოლად ისაუბრებთ. მმართველი გუნდის შემადგენლობაზე რას იტყვით? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ოცნების“ სიის მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში 100 კაცს გავიყვანთო. აქვს ამის რესურსი ბიძინა ივანიშვილის პარტიას?
_ რამდენ კაცს გავიყვანთ, ასსო? როგორც თავის დალალებს ვერ დაინახავს ეგ არსება უსარკოდ, ისე ვერ დაინახავს მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 100-კაციან შემადგენლობას. წარმოუდგენელია, რომ მმართველმა პარტიამ ამდენი კაცის გაყვანა მოახერხოს. რაც ამ პარტიამ ჩაიდინა, რაც მათმა ლიდერმა უქნა ქვეყანას, ამის პატიება არ შეიძლება! ამას ქართველი ხალხი „ქოცებს“ არც აპატიებს! ოქტომბრის ბოლოს მათი ბოგინი და მზაკვარი ქმედებები დასრულდება! შეუძლებელია, „ქოცების“ ფინანსური ბულემია კიდევ გაგრძელდეს ამ ქვეყანაში. ეს საბოლოოდ დააქცევს საქართველოს.
ხელისუფლებაში ამათი დარჩენა საბოლოო უპერსპექტივობაა. ქვეყანა ჭაობში ჩაიძირება, ბავშვები კი შიმშილით ისედაც იღუპებიან. აღარაფერს ვამბობ მოხუცებზე. პენსიონერების უმეტესობას თავისი პენსია წამლებშიც კი არ ჰყოფნის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეშია. სამაგიეროდ, თავისუფლად აპარპაშებენ ქვეყანაში ოკუპანტს _ სერგეი გავრილოვის ექსკურსიამძღოლი იყო უტიფარი ირაკლი კობახიძე! ამათ პარპაშს ჩვენი საზოგადოება აღარ შეეგუება!
_ დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამათ პარპაშს აღარ შეეგუება? სადაც აქამდე შეეგუენ, იქნებ, სამომავლოდაც აიტანონ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ 31 ოქტომბერს ამათი ბოგინი დასრულდება. ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს ჩვენს მრავალტანჯულ ერზე. ხალხი გადამწყვეტ წამს ყოველთვის გონივრულ ნაბიჯს დგამდა. ჩვენი მოსახლეობა ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაამარცხებს ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. ეს ძალა ბოროტ გველეშაპს ჰგავს, რომელიც ანკარა წყაროს დაეუფლება და ხალხს სიცოცხლის შანსს უსპობს.
ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება, თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოს 31 ოქტომბერს, შევახსენებ: „ქოცების“ გზა არის საჩხერის მოდელი. ჩვენი პერსპექტივა ილიას გზა გახლავთ, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის თავისუფლებასა და სოციალური თანასწორობის პრინციპებზე. აი, ასეთი სახელმწიფოს აშენება გვინდა ჩვენ. „ქართული ოცნება“ კი საჩხერის იქით ვერ იყურება. მათგან ასეთი რამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ისინი არიან ჩვეულებრივი მონები, მონები კი ყველგან კარგად გრძნობენ თავს, სადაც მათი პატრონია.
_ რიგით „ქოცებს“ რომ ეთქვათ, საჩხერის მოდელია მისაბაძიო, კიდევ არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ პრემიერ გიორგი გახარიას რაღა დაეტაკა? განათლება „მოსკოვებში“ მიიღო, „ევროპებში“ აქვს ნამუშევარი და საჩხერეზე უკეთესი ვერსად ვერაფერი ნახა?
_ რა მნიშვნელობა აქვს, სად სწავლობდა და რომელი ქვეყნები ნახა?! _ გიორგი გახარიაც ბიძინა ივანიშვილის ერთი რიგითი მონაა, რომელმაც საჩხერის შექებით პატრონს გაუკეთა რევერანსი. დამიჯერეთ: როცა ადამიანი სულით მონაა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერის პოსტი ეკავება თუ _ სოფლის გამგებლის. მონა არის მონა და ყველგან მონად დარჩება.
სამწუხაროდ, ასეთი მონები საქართველოში საკმაოდ მრავლად არიან. მათთვის ივანიშვილი მამამზეა, რომელიც ყველგან და ყველაფერში სუფევს. მის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ წარმოუდგენიათ. უნდათ, რომ დანარჩენი საქართველოც მონად აქციონ.
ისტორიამ დაამტკიცა, რომ მონობა ჩვენი დამახასიათებელი თვისება არ არის. ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი. იმისთვის საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვღვრიდით სისხლს. ჩვენს დროშიც უამრავი ქართველის გმირობის მომსწრენი გავხდით. გიორგი ანწუხელიძე და არჩილ ტატუნაშვილი ჩვენი დროის გმირები არიან. საქართველო სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას და არა გახარიებზე, თალაკვაძეებზე, კობახიძეებზე, კალაძეებზე, ივანიშვილებსა და დანარჩენ ოხერ-მუდრეგებზე.
_ ამბობთ, რომ ქვეყანაში აუტანელი სიღარიბეა. ბიძინა ივანიშვილის თქმით კი ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ სიღარიბე და დაღმასვლა შემცირდა. ამაზე რას იტყვით?
_ რა უნდა ვთქვა?! მონების გარემოცვაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილიც მონაა. ჰგონიათ, რომ ხალხი ყველანაირ ტყუილს დაიჯერებს და ტაშს დაუკრავს, როგორც ამას „ქოცები“ აკეთებენ. ძალიანაც რომ უნდოდეს მოსახლეობას იმის დაჯერება, თითქოს, კარგად ცხოვრობს, ამის უფლებას გაუფასურებული ეროვნული ვალუტა არ მისცემს. ყველა ხედავს, თუ სად გაფრინდა ლარის კურსი. ამომრჩეველს ისიც კარგად ახსოვს, თუ რა ღირდა ერთი დოლარი, სანამ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა. დღეს დოლარი ორჯერ ძვირი ღირს.
_ ეროვნული ვალუტის ასეთ გაუფასურებას „ქართული ოცნება“ არც დიდ ტრაგედიად მიიჩნევს და არც პასუხისმგებლობას იღებს ამაზე. ლარის გაუფასურებას წლების წინათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გადამდგარ გიორგი ქადაგიძეს აბრალებენ.
_ ძალიან მიკვირს, „ქოცები“ გიორგი ქადაგიძის გადადგომას რომ არ ითხოვენ. რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა, ჩვენ შევაჩერეთ სიღარიბეო, ხალხი ამას საკუთარ ტყავზე გრძნობს. განსაკუთრებით იმათი ყოფა დამძიმდა, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული.
მოქმედმა და ძველმა ხელისუფლებებმა სამომხმარებლო ერად გვაქციეს, არაფერს ვაწარმოებთ. ბაზარში რომ გავიაროთ, პროდუქციის 85% უცხოეთიდან შემოტანილია. აქედან გამომდინარე ის შეძენილია დოლარით. ვუყურებთ ყოველდღიურად, როგორ ძვირდება ეს პროდუქტები. ადამიანებს პურის ფულიც კი აღარ აქვთ. წამლები უძვირესია.
ყველაფერი გააკეთეს, რომ საშუალო ფენა გაექროთ. მონოპოლიები ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პრებმა ჩაიგდეს ხელთ. ერთ-ერთი მათგანი მევახშე ვანო ჩხარტიშვილი გახლავთ. ვანო ჩხარტიშვილი ამ ქვეყნისთვის მოუშორებელ ჭირად გადაიქცა.
_ ისე, რა გახდა მართლა მისი განეიტრალება? როგორ ახერხებს ყველა ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას?
_ ამასაც ნიჭი უნდა. ამ მოუშორებელმა ჭირმა რამდენჯერმე გაძარცვა ეს ქვეყანა და მისი მოსახლეობა. კაცმა ქონება ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების სიცოცხლის ხარჯზე დააგროვა. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნერვიულბით, რომ მისი ანაბრები ვიღაც ვიგინდარებმა შეჭამეს, არადა, იმედი ჰქონდათ, რომ დანაზოგს სიბერეში გამოიყენებდენ. ჩხარტიშვილმა მათი გაძარცვის ხარჯზე მილიონები იშოვა. დაყაჩაღებული ხალხის ნაწილი მშიერი მოკვდა, ნაწილს წამლის შესაძენი ფულიც არ ჰქონდა.
წინა არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი კიდევ რაღაცას ჰპირდებოდა ხალხს, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. ხალხს ტკბილ სიტყვასაც კი აღარ ეუბნებიან. რამის დაპირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
_ რატომ აღარაფერს ჰპირდებიან? იციან, რომ დანაპირებს ვერ შეასრულებენ თუ სხვა მიზეზია?
_ ხალხს იმის ღირსადაც კი არ თვლიან, რომ რაღაცის გაკეთებას დაჰპირდნენ. მთელი მათი კონცეფცია აგებულია იმაზე, რომ ჩვენ თუ არა, მგელი ანუ „ნაცი“ მოდისო. მეცხრე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და ისევ ამას გაიძახიან. თავის ბოლო გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილი ასეთ რაღაცებს ამბობდა: თითქოს ჩამოქცეულია ეკონომიკა, თითქოს სასამართლო ჯიბეში გვიზის, თითქოს ადამიანის უფლებები შელახულია, ადამიანებს უჭირთ, უნიათოები ვართ ხელისუფლებაში და ა. შ. ეს „თითქოს“ რომ გამოვაკლოთ გამოსვლის ტექსტს, ოლიგარქმა ზუსტად დაახასიათა მისი მმართველობა: ეკონომიკაც ჩამოქცეულია, სასამართლოც ჯიბეში უზით, ადამიანის უფლებებსაც არღვევენ და ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს.
_ ზემოთ რამდენჯერმე ახსენეთ მონები. „ქართულ ოცნებაში“, ეტყობა, თავადაც აღიარებენ, რომ მონები არიან, რადგანაც იქიდან წამოსულმა გედი ფოფხაძემ განაცხადა, აჯანყებული მონა სპარტაკი ვარო.
_ გედი ფოფხაძის სპარტაკობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მრავალ პარტიაზე გადამხტარი სუბიექტი რომ არის, ეს მეც ზუსტად ვიცი და ჩვენმა მოსახლეობამაც. შემიძლია რაღაც სახელებიც შევურჩიო, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. სულ ცოტა ხანში თავად მივა ბატონი ფოფხაძე იმ დასკვნამდე, რომ სპარტაკი კი არა, ჩვეულებრივი მედროვეა.
_ რატომ არის მედროვე? იქნებ, მასში მართლა იყივლა სპარტაკის სისხლმა და მოუნდა, არსებული სისტემის წინააღმდეგ აჯანყებულიყო?
_ მედროვეა, აბა, რა არის? სპარტაკობა მაშინ მოინდომა, როცა „ქართული ოცნებიდან“ გამოაპანღურეს. სანამ იქ იყო, ვერც ხალხის გაჭირვებას ამჩნევდა და არც ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას აპროტესტებდა. იქიდან თავისი ნებით არ წამოვიდოდა და არც სპარტაკი გაახსენდებოდა. იქნებოდა ჩვეულებრივი მონა და დატკბებოდა ამ მდგომარეობით. მედროვეებისა და სპარტაკ-გედი ფოფხაძის ამბოხება არ გაიშვა.
_ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ე. წ. ამბოხებული დეპუტატები ვიხილეთ, რომლებიც, როგორც გვეუბნებიან, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ. არადა, ივანიშვილი ის კაცი არაა, მისი ნების წინააღმდეგ მოკუნტრუშე ადამიანები თავისი პარტიის საარჩვნო სიაში ჩაწეროს.
_ ამ პერსონების „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ჩაწერა იმას ნიშნავს, რომ გასულ შემოდგომაზე მათ უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა და არანაირი ამბოხება არ ყოფილა. რომელი სპარტაკები ესენი მყვანან, პატრონს რომ აუჯანყდნენ? ესენი არიან ჩვეულებრივი მონები, ბიძინას ხელის გოგო-ბჭები, რომლებიც მზად არიან, პატრონის ნებისმიერი მითითება და დავალება შეასრულონ. მამამზემ რომ სთხოვოს, შარვალი ჩაიხადეთო, დარწმუნებული ვარ, 99% არც კი დაფიქრდება, ისე ჩაიხდის. აი, ასეთი პრინციპულები არიან „ქართული ოცნების“ წევრები. ამბოხების უნარი მხოლოდ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს აქვთ. ამათ კი მონობა ძალიან მოსწონთ და თავისუფლებაზე არც ფიქრობენ.
საარჩევნო სიაში ამ მონების ჩასმით ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ ამ ვითომ ამბოხების უკან იდგა. დავალების კარგად შემსრულებლები დააფასა და ძვალივით გადაუგდო საარჩევნო სიაში ადგილები. აი, ეგ არის მთელი ამ სიტუაციის ალია-ბალია.
_ რამე რომ იყოს, ეს მონები ბოლომდე უერთგულებენ პატრონს?
_ სანამ ახალ პატრონს არ დაინახავენ, მანამდე იქნებიან ივანიშვილის კალთის ქვეშ.
_ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ საპარლამენტო უმრავლესობის აღება და კოალიციური მთავრობის შექმნა თუ შეძლო, ივანიშვილის მონები დარჩებიან „ქართულ ოცნებაში“?
_ გამორიცხულია. კოალიციური მთავრობის შექმნას არც კი დაელოდებიან, ისე დატოვებენ მამამზე ბიძინას ნავს, როგორც კი დაინახავენ, რომ უპირატესობა ოპოზიციის მხარესაა, _ საჯაროდ უარყოფენ ბიძინა ივანიშვილს.
გადაგდება, ღალატი და სხვა ნავში გადახტომა ამ ხალხისთვის ჩვეულებრივი ამბავია. გადავხედოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას. აქ ხომ, ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მოსამსახურეები და მონები. ბევრ მათგანს მაშინდელ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი პოსტი ეკავა. ზოგიერთი მათგანი სკამზე ადიოდა და ისე სვამდა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს. აჩო თალაკვაძე მიშას კომკავშირის ერთ-ერთი პირველი პირი იყო.
_ მიშას კომკავშირში სტუდკავშირს გულისხმობთ?
_ სტუდკავშირი, მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა იყო. მაგ ორგანიზაციის ძალიან აქტიური წევრი იყო ბატონი თალაკვაძე, რომელიც ახლა მკაცრი ტონით საუბრობს „ნაციონალების“ რეჟიმზე. არადა, როცა ჩვენი მოქალაქეები ამ რეჟიმთან ბრძოლას ეწირებოდნენ, აჩო და მისნაირები რეჟიმს ამაგრებდნენ და ცხოვრებას იწყობდნენ. ასეთი პერსონები პოლიტიკაში მრავლად არიან. ისინი ყველა ხელისუფლების პიობებში კარგად ცხოვრობენ. შეიძლება ითქვას, რომ სულ ამათი დროა. სულ ერთი და იგივე ხალხის დრო როგორ არის ამ ქვეყანაში? რით ვეღარ უნდა მოვიშოროთ ეს მედროვეები? გადაჭამეს ქვეყანა და გააუბედურეს ხალხი, მაგრამ მაინც არ ისვენებენ.
_ თქვით, რომ აჩო თალაკვაძისნაირი ტიპები ყველა ხელისუფლებას ერგებიან. სასწაული თუ მოხდა და 2020 წლის არჩევნები ოპოზიციამ მოიგო, ასეთ მედროვეებს თავის რიგებში მიიღებს?
_ ოპოზიციის გამარჯვება ამ არჩევნებში სასწაული იქნება. ეს არის კანონზომიერება. „ქართული ოცნება“ ოქტომბრის ბოლოს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. რაც შეეხება ამ მედროვეების მიღებას, ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. უნდა ვთქვათ, რომ ვინც მედროვეებს თავის რიგებში მიიღებს და მათ ბერკეტად გამოიყენებს, ისეთივე დამნაშავე იქნება, როგორიც დღევანდელი ოლიგარქიული მმართველობაა.
_ ოპოზიცია შეთანხმებას შეძლებთ?
_ უნდა მოვახერხოთ.
_ მათ თავიდან მოშორებას როგორ აპირებთ? პარლამენტში ხომ შემოვლენ ვიღაცები „ოცნებიდან“, იმათ რას მოუხერხებთ?
_ ამ საკითხის მოგვარება ცოტა რთული იქნება. მათთან, როგორც პარლამენტის წევრებთან, მოგვიწევს თანამშრომლობა. „ქოცები“ ხომ არ ვართ, ადამიანებს უმიზეზოდ შევუჩეროთ დეპუტატის უფლებამოსილება და პარლამენტიდან გავყაროთ.
_ არავის შეუწყვეტთ დეპუტატის უფლებამოსილებას?
_ მხოლოდ იმათ, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. პარლამენტიდან გავიყვანთ ბიზნესმენებსაც.
_ ბიზნესმენი დეპუტატები თუ გაყარეთ, ვინღა დარჩება პარლამენტში?
_ საკმარისად დარჩებიან, რაც შეეხება ბიზნესმენ დეპუტატებს, კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ პარლამენტის წევრი ბიზნესსაქმიანობას არ უნდა ეწეოდეს. კონსტიტუციის ეს პრინციპი არ მუშაობს. პრობლემებიც ამიტომ არის. ეს ბიზნესმენები პარლამენტში მხოლოდ იმიტომ შედიან, რომ ქონება გაზარდონ. დეპუტატის მანდატით უფრო იოლია მრავალმილიონიანი ტენდერების მოგება და კორუფციულ გარიგებებში შესვლა.

შორენა მარსაგიშვილი