თაკო ჩარკვიანი: „დღეს ივანიშვილია დასამარცხებელი და ოპოზიცია ერთმანეთს არ უნდა ვეჩხუბოთ!“

პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა თაკო ჩარკვიანმა, კორონავირუსი დაამარცხა და აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

რა შეცვალა კოვიდინფექციამ ერთ-ერთი რეიტინგული პოლიტიკოსის ცხოვრებაში? _ ამის გარკვევას „ქრონიკა+“ თავად თაკოსთან შეეცადა, თუმცა ინტერვიუმდე ჩვენი რესპონდენტის „ფეისბუქსტატუსს“ გთავაზობთ:
„ჩემი საქართველო აქ არის“, „შენი საქართველო იქ არის“ და ა. შ.
და მართლა, ჩვენი საქართველო, ყველასი, სად არის, სად?
რა დაგვემართა, რომ სამოთხე გვიბოძა ღმერთმა და ჯოჯოხეთად ვაქციეთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ 30-წლიან თაღლითებს, ბიუჯეტის ქურდბაცაცებს ვერ მოვერიეთ, რომელთა დამსახურებაა ასეთი სიღარიბე ქვეყანაში და საშუალო ფენის არარსებობა ზუსტად ისე, როგორც რუსეთში.
როგორ ვერ მოვიშორეთ ეს რუსული ფეოდალური მმართველიბის სტილი, ეს რა ღვთის რისხვაა, რაა?!
ჩვენი საქართველო ცუდ დღეში გვყავს და ეს ჩვენი ბრალია, რადგან არ უნდა ვაბედინებდეთ ამდენს კორუმპირებულებსა და ფეოდალებს. ყველას კანონის რიდი უნდა ჰქონდეს ისე, როგორც ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებშია!
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დიახ, კანონის უზენაესობით იწყება თავისუფლება!
ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენი და პატივი ვცეთ საკუთარ თავს!“
ის, რომ ჩვენ, უფრო სწორად, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები პატივს არც საკუთარ თავს სცემენ და არც _ ხალხს, ამის შესახებ დიდი ხანია, ვიცით, თუმცა ის, რაც ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში ხდება, მართლაც, ტრაგიკომედიაა, ანუ ოპოზიცია „ოცნებას“ კი არა, ერთმანეთს უპირისპირდება და ისეთი განცდა იქმნება, რომ „ანტიოცნებელებს“ ივანიშვილის გუნდის დამარცხება მხოლოდ ვერბალურად უნდათ, სინამდვილეში კი იმისთვის იბრძვიან, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დაისაკუთრონ.

მაშ, ასე: რას გულისხმობს „ძალიან ცუდად დამთავრებაში“, რა გადააფასა და რატომ არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმატებაში დარწმუნებული? _ გთავაზობთ ინტერვიუს თაკო ჩარკვიანთან:

_ თაკო, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას გილოცავთ! ისე, თქვენი პოლიტიკური ცხოვრება ორ _ კორონამდელ და პოსტკორონისეულ პერიოდებად ხომ არ იყოფა?
_ არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ დრო მქონდა, რომ პროცესებისთვის თვალი გარედან მედევნებინა და რაღაცები შემეფასებინა.
საერთოდ, კარგია, როცა საამისოდ დრო გაქვს.
_ მაინც, რა შეაფასეთ?
_ სოციალურ ქსელშიც დავწერე და ახლაც ვიტყვი: გარედან კინკლაობა ძალიან ცუდად ჩანს. დებატებში „ოცნების“ წარმომადგენლები, როგორც წესი, არ მიდიან, მხოლოდ ოპოზიცია მიდის და ეს კარგად არ ჩანს…
სხვათა შორის, როცა სხვას ხედავ, აუცილებლად საკუთარ თავსაც აფასებ.
_ ანუ?
_ გასაგებია, რომ გულწრფელი და მართალი ხარ, მაგრამ ფიქრობ, ზოგჯერ სიმკაცრეში ხომ არ გადააჭარბე. ერთადერთი, სადაც საკუთარ თავს შენიშვნას არ ვაძლევ, რუსულ ვექტორთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია _ ყველგან და ყოველთვის ყველაფერს სტაბილურად სწორად ვხსნი, ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთთან დიალოგი არ უნდა გვქონდეს. რუსეთთან დიალოგის მომხრე ყველა ხელისუფლება იყო, მაგრამ დიალოგი თავად რუსეთს არ უნდა და გვთხოვს, ჩემი ვასალი იყავიო. რუსეთთან დიალოგი დასავლეთზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ გამჭვირვალედ უნდა აწარმოოს, რადგან ხალხმა იცოდეს, პუტინთან ყურში „პუტუნი“ მიდის, გარიგება თუ საუბარი რეალურად რაზეა.
მოკლედ, არ შეიძლება, რომ რუსეთში ერთპროცენტიანმა პარტიებმა ირბინონ და ვიღაცას ჩუმად ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე ესაუბრონ.
ამ თემაზე ჩემი გამოსვლები რომ ვნახე, შენიშვნა არ მაქვს, თუმცა ოპონირების დროს ზოგჯერ შეიძლება, უფრო მკაცრი ვარ, მაგრამ მთავარია, რომ ტყუილი არასოდეს მითქვამს, ანუ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ობიექტური ვიყო.
საერთოდ, ოპონენტს ყველაფერი უნდა უთხრა, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც ადამიანებს აღიზიანებს, ტყუილია.
როგორც კი ტელევიზიით სიცრუე გაჟღერდება, იმავე წამს კატასტროფა იწყება… ერთი სიტყვით, ოპონენტს ბრალი ტყუილში არ უნდა დასდო, თორემ ის, რატომაც არ მოგწონს, ფაქტებით უნდა „გაუმაგრო“.
ოპოზიცია ერთმანეთს არ უნდა ვეჩხუბოთ, რადგან დღეს ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობაა დასამარცხებელი. მაგრამ ავიღოთ, მაგალითად, ხაზარაძე _ არ მომწონს. ამოჩემებული კი არ მყავს, უბრალოდ, ადამიანურად არ ვენდობი და პირდაპირაც ვეტყვი, რომ ორი წლის წინათ საკუთარ „მრევლს“ მიმართა და უთხრა, სალომე აირჩიეთ, ზურაბიშვილიო. ეს მოწოდება ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდი იყო.
_ რატომ?
_ ხალხს როგორ მოუწოდებ, რომ პრეზიდენტად აირჩიოს ქალი, რომლის გამონათქვამებიც ჰააგაში რუსეთმა საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენა?! ბოლოს და ბოლოს, ამას სჯობდა, საერთოდ არაფერი ეთქვა…
ხაზარაძეს ამაზე, ალბათ, თავისი პასუხი ექნება…
სხვა არგუმენტიც მაქვს, ხაზარაძის რატომაც არ მჯერა.
_ და ეს სხვა არგუმენტი რა არის?
_ აი, მაგალითად, წლების განმავლობაში მისგან არასოდეს მომისმენია, საბანკო პროცენტები დავწიოთ და საქართველოში ე. წ. დასავლური პროცენტი იყოსო…
ერთი სიტყვით, ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც რიგითი მოქალაქე და პოლიტიკოსის მხოლოდ „ტყავში ვერ შევძვერი“!
სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი პერსონის მთელი ხიბლიც, მგონი, სწორედ ესაა…
_ გეთანხმებით, მაგრამ, თაკო, თქვენი აზრით, ოპოზიციონერები ერთმანეთს თავს რატომ ესხმიან?
_ შალვა ნათელაშვილის ოფისის მაგიდიდან რომ წამოვედი, ალბათ, გახსოვთ, მაშინ ერთი ამბავი ატეხეს, _ როგორ, ერთობას ემიჯნებიო? ახლა ყველას ვეკითხები: რომელ ერთობას? აბა, ერთობა სად არის?
_ ჰოდა, ოპოზიციური კონკლაობის მიზეზი რა არის?
_ მაშინაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: როგორ შეიძლება, ერთობა იდეის გარეშე იყოს?
სხვათა შორის, ალბათ, აკვირდებით, რომ გარკვეული პარტიების რეიტინგები ქვემოთ მოდის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი კი იზრდება. არადა, ეს ბლოკი სულ ორი თვისაა.
_ უკაცრავად, ამით ხაზს რას უსვამთ?
_ „სტრატეგია აღმაშენებელი“ სწორ გზას ადგას. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, ეს სწორი გზა რა არისო? რა და, _ საქმეზე ორიენტირება! გუნდში, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარვადგინეთ, ასაკი გავითვალისწინეთ, ანუ ასაკოვან და გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციები ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ ქვეყანას აღმშენებლობისთვის ახლა ახალგაზრდული ენერგია სჭირდება, რადგან ამ ქვეყანაში როგორმე საშუალო ფენა გაჩნდეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ამაზეა ორიენტირებული. აბა, მითხარით, საშუალო ფენა რომელ ქვეყანაში არ არის? ასეთი ქვეყანა მხოლოდ რუსეთია!
_ ისე, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია გაასაჯაროვა, რომლის პირველი ნომერიც მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყიდულია. თაკო, ასეთი შთაბეჭდილება თქვენც, როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილ წევრსაც, ხომ არ შეგექმნათ?
_ სიტყვა „გაყიდულს“ არ გამოვიყენებ, მაგრამ რაღაცები რომ არ მომეწონა, „ძალა ერთობაშიადან“ ამიტომ წამოვედი და ყველაფერი ეს ახლა, მგონი, უფრო კარგად ჩანს, თუმცა ეს ბატონ ბუბას არ ეხება.
_ მაინც, რა არ მოგეწონათ?
_ საერთოდ, ნიუანსებზე ხმამაღლა საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე, თუმცა ზოგჯერ, როცა ქალბატონები რაღაცებს ამბობენ, იძულებული ვარ, სიცრუე შევუსწორო.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, მაგალითად, თქვეს, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებელმა“ წარადგინაო, მაგრამ არქივი არსებობს და ყველამ კარგად იცის, რომ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტია „კანონმა და სამართალმა“ მაშინ დამასახელა, სანამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეიქმნებოდა. ასე რომ, ამაში საკამათო არაფერია.
მოკლედ, ყველას ვეუბნები, ტყუილს ნუ იტყვიან, თორემ ვუპასუხებ. სხვა შემთხვევაში, კოლეგებთან პოლემიკაში შესვლის სურვილი არ მაქვს.
_ ეს გასაგებია, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ სიაზე რას მეტყვით?
_ არ ვიტყვი, როგორი შთაბეჭდილება შემექმნა, თუმცა არ მომეწონა. სხვათა შორის, ყველაფერი ეს ბევრად უფრო ადრე არ მომეწონა, ვიდრე ყველაფერ ამას თქვენ ნახავდით.
მოკლედ, ჩემთვის ღირებულებების აღრევა რომ დაიწყო, ვფიქრობ, კორექტულად და განგაშის გარეშე წამოვედი. არავისთვის არაფერი მიკადრებია, მაგრამ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და კარგად იცით, იქ არასოდეს დავრჩები, სადაც ჩემთვის რამე მიუღებელია!
_ თაკო, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიციის ამ ფლანგიდან მხოლოდ თქვენთვის კი არა, ბევრისთვის რაღაცები მიუღებელია, გამორიცხავთ, საქართველოში დემოკრატია საბოლოდ დასამარდეს, ანუ 31 ოქტომბრის შემდეგ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩეს?
_ ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს არ დახოცავენ…
სხვათა შორის, არც „ევროპული საქართველოს“ კლიპი მომეწონა. შეიძლება, ოპონირება გაუწიო, მაგრამ ეს რა წესია? _ „ოცნებასა“ და ოპოზიციას ერთ დონეზე აყენებ და მერე ამბობ, ივანიშვილის დამარცხება მინდაო. ამის არ მჯერა და რა ვქნა?! ამას რომ ვამბობ, სწყინთ, რატომ ამბობო.
_ ჰოდა, ყველაფერი ეს „ოცნებას“ შანსს ხომ არ აძლევს, ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩეს?
_ დიახ, იმის ხარჯზე, თუ ოპოზიცია ერთმანეთს დახოცავს, „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით აუცილებლად დარჩება!
სწორედ ამიტომაც ვეუბნები, წესიერად მოიქეცით, სირცხვილია-მეთქი.
_ და ეს „წესიერად მოქცევა“ რას ნიშნავს?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ოპონირება სხვა რამეა, ტყუილების ლაპარაკი კი _ სხვა. როცა ვინმე რამეს ამბობს, დოკუმენტებითა და ფაქტებით უნდა გაამაგროს…
მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა, რასაც ახლა ვხედავთ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება…
_ თაკო, რა ამის პასუხია და, იმან, რომ კოვიდინფექცია დაგიდასტურდათ და ორი კვირა აქტიურ პოლიტიკას გამოეთიშეთ, თქვენი, როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის შანსები ხომ არ შეამცირა?
_ არა!
_ დამისაბუთეთ, ასე რატომ ფიქრობთ?
_ ხალხთან ურთიერთობა ახლა კი არა, დიდი ხნის წინ დავიწყე. საერთოდ, რაღაცებზე ლაპარაკი მეუხერხულება, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა: ის, რასაც ესენი მაჟორიტარობასა და ხალხის დახმარებას ეძახიან, ჩემი ცხოვრების წესია. ვინ-ვინ და თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება, მაჟორიტარობისთვის ზრუნვაა, მაგრამ რაღაცებს მაჟორიტარობის კანდიდატობის გარეშეც ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, ახლა უბანში გამოვჩნდები თუ არა. საბურთალოელებმა ისეც ზუსტად იციან, ვინ ვინაა!
_ ვთქვათ, ისე მოხდა, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო მანდატები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მზარდი რეიტინგის მიუხედავად, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიყო, რას იზამთ?
_ ხომ ხედავთ, ძალიან იმედიანად და შემართებით ვარ.
_ სხვა რამ გკითხეთ და, უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ ნახავთ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ როგორი წარმატებაც ექნება. ამიტომაც ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ ვურჩევ და ვეუბნები, _ პარლამენტში მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ურთიერთობა მოგვიწევს.
დიახ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ფინალში დიდი წარმატებით გავა! ისე, ჩემგან ასეთი კატეგორიული განცხადება აქამდე ხომ არ მოგისმენიათ?
_ არა…
_ რასაც ახლა ვამბობ, იმაში დარწმუნებული ვარ და ეს ძალიან ლოგიკურიცაა.
_ კი ბატონო, მაგრამ რატომ არ უშვებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ საარჩევნო შედეგები გაუყალბონ?
_ ეს რთული თემაა, მაგრამ ხალხმა საკუთარი ხმები უნდა დაიცვას!
_ როგორ?
_ ესენი გაყალბების ოსტატები არიან და კორონასა და, საერთოდ, ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებენ!
რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის „სპიჩი“ მოვისმინე, რომელსაც ცინიზმსაც ვერ დავარქმევ. ეს ტიპური რუსი მმართველი იყო! დიახ, საქართველოში პუტინის მართვის სტილია და მეტი არაფერი! ამიტომ ეს ადამიანი უნდა წავიდეს!
ხალხი ასეთ სიღარიბეშია და ამ დროს ივანიშვილი ასეთ სისულელებს ლაპარაკობს! იცით, ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს?
_ რა?
_ ვიღაცები კითხულობენ, როგორ, დენდროლოგიური პარკი არ მოგწონთო?
_ სიტყვამ მოიტანა და, არ მოგწონთ?
_ გასაგებია, რომ დენდროლოგიური პარკი ლამაზია, მაგრამ იდიოტები რატომ ვგონივართ? ჯერ ერთი, რაღაცები იქნებ, მილიარდერ ივანიშვილზე გაცილებით ადრე გვაქვს ნანახი. მეორეც, გაეროს მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბაშვი შიმშილობს და ხალხი, რომელიც გამგეობას დახმარებას სთხოვდა, მეწყერში ყვება, ამ დროს რა დენდროლოგიურ პარკზეა ლაპარაკი? ქართველმა ელემენტარულად ხორცის გემო აღარ იცის და ესენი დენდროლოგიურ პარკზე საუბრობენ. ბოლოს და ბოლოს, ღმერთისა და განგების არ გეშინიათ?!
ერთი სიტყვით, ყველაფერ ამას ხალხი ძალიან კარგად ხედავს და სწორ არჩევანსაც გააკეთებს.
სხვათა შორის, ჩემი და გიორგი ვაშაძის შეთანხმება იყო, რომ ჩვენს გუნდში ერთი „ნათრევი“ სახეც არ ყოფილიყო. დროა, ახალგაზრდებს იმის საშუალება მივცეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მშენებლობაში ერთი აგური დადონ. იგივე პროპორციული სია სწორედ ამ პრინციპით დავაკომპლექტეთ.
გავკადნიერდები და ერთსაც ვიტყვი: გარკვეული ადამიანების რიგი იდგა.
_ სად?
_ გვარებს არ დავასახელებ და ყველას მადლობას ვეუბნები, რომ ჩვენს გუნდში ყოფნა უნდოდა. მათთან ურთიერთობა ისევ გვექნება, მაგრამ თქვენ ხომ კარგად იცით, რა ხდებოდა, რომ ჩვენს სიაში ყოფილიყვნენ, თუმცა არ გავაკეთეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროპორციულ სიაში ის ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებიც პოლიტიკაში 30 წელია, ჩანან…
საერთოდ, არც ერთ კითხვას არ გავურბივარ. აი, მაგალითად, გიორგის სულ ამუნათებენ, შენს სანათესავოში ვიღაც ფულიანიაო. მაგრამ იცით, ამაზე პირადად ჩემი პასუხი როგორია?
_ როგორი?
_ ჩვენ მიმართ ამ კითხვაზე უფრო დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს!
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ ე. ი., ცდილობენ, ისე გამოიყვანონ, რომ ხალხს თითქოს კვლავ ძველი სტილის საქართველოს ვთავაზობთ, სადაც პროკურატურას პრემიერის ეშინია და მის წინაშე კანკალებს. პირიქით, ხალხს ისეთ საქართველოს ვთავაზობთ, როგორიც ისრაელია, სადაც პროკურორები პრემიერს იბარებენ!
სხვათა შორის, სასამართლო რეფორმაზე ხელი უკვე მოწერილი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში რეფორმებს გავატარებთ. ამ რეფორმების შედეგად სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდება. ყველაფერი ეს კი ვიღაცის ბიძას თუ ბიძაშვილს იმის საშუალებას აღარ მისცემს, რომ კორუფციას ამოეფაროს! ეს დასავლური მმართველობის სტილია!
ისე, „ძალა ერთობაშიასა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან დიდ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი.
_ და ეს რა შემოთავაზება იყო?
_ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, თუმცა ამ შემოთავაზებისთვის კოლეგებს მადლობას ვეუბნები… ამ შემოთავაზებაზე უარი ჩემი პრინციპებისა და ღირებულებების დაცვის გამო ვთქვი!
სხვათა შორის, მართალია, ამ გუნდის წევრი აღარ ვარ, მაგრამ მე და გრიგოლ ვაშაძე ისევ მეგობრებად ვრჩებით და ერთმანეთსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, იქ, სადაც ჩემი ხმა ბოლომდე არ გაჟღერდება, არასოდეს ვიქნები!
შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ მაშინ უფრო რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, თუმცა ამაში განსაკურებული არაფერია _ ესეც პოლემიკის ფორმაა. ამიტომ წყნარად, მშვიდად წამოვედი და იქ ვარ, სადაც ჩვენი მიზანი აღმშენებლობაა!
ისე, გიორგი ვაშაძის სახელი და გვარი ყოფილ ხელისუფლებას მხოლოდ აღმშენებლობის ნაწილში უკავშირდება და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
რაც შეეხება ხალხს, ყველა გამოკითხვითა და კვლევით მოსახლეობა ახალ აღმშენებლობით პროექტებს ელოდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ უალტერნატივო, სუფთა და სიკეთეზე ორიენტირებული გუნდია! ჩვენ საზოგადოებას მეგაპროექტებს შევთავაზებთ!
აქვე, პირობას ვდებ, რომ „ოცნებასთან“ კოალიცია გამორიცხულია. ამ თემაზე საუბარს სასაცილოდ კი არა, შეურაცხყოფად მივიჩნევ! ეს აზრად როგორ მოგვივა?! ერთადერთი, მხოლოდ დასავლეთის ვექტორმა უნდა ვიურთიერთოთ!

გიორგი აბაშიძე