„გრიგოლ ვაშაძემ დაიგინა, რომ გუბაზ სანიკიძე საარჩევნო სიაში არ მოხვდებოდა“

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადება. ოპოზიციონერები გვპირდებოდნენ, რომ საბოლოო საარჩევნო სიებს დადებდნენ. თან იქ ისეთ ხალხს შეიყვანდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“, ლამის, არჩევნებამდე დაამარცხებდნენ.
მაჟორიტარების საკითხში იმედგაცრუებულ ამომრჩეველს სასწაულის ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ ისეთ კოშმარს მაინც არავინ ელოდა, რაც საარჩევნო სიები გამოდგა.

რამდენიმე თვის განმავლობაში ვისმენდით, რომ ოპოზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეჯერდებოდა. ეს როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოახერხა. ამომრჩევლის მხარდაჭერა რომ არ დაეკარგათ, გვითხრეს, თბილისში შევთანხმდებით საერთო კანდიდატებზეო, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ. უფრო ადრე ოპოზიციამ შუა გზაზე შეწყვიტა ბრძოლა და პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო მოდელს დასჯერდა. არადა, მანამდე ამბობდნენ, მხოლოდ სრულად პროპორციულ მოდელს დავთანხმდებითო.
ამ ამბავსა და მაჟორიტარობის კანდიდატებში შეუთანხმებლობას ხალხი, ასე თუ ისე, გაგებით მოეკიდა. დიდი სკანდალი არც იმას მოყვა, გიორგი ვაშაძის პარტიამ ბლოკი „ძალა ერთობაშია“ რომ დატოვა. საარჩევნო სიების გამოქვეყნების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რატომ მიიღო „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ასეთი გადაწყვეტილება.
საარჩევნო სიებმა ოპოზიციის მხარდამჭერები გასულ კვირას გააოგნა. პოლიტიკოსები ბევრად ადრე გაოგნდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა საქმე. ეს დაპირისპირება, ჯერ კიდევ, მაშინ დაიწყო, სანამ სია შედგებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს გავიგეთ, რომ მაჟორიტარული სისტემის თავგადაკლული მცველი, კახა ოქრიაშვილი, ოპოზიციას შეუერთდა. მის გარდა ოპოზიციაში შევიდა ცეზარ ჩოჩელი. როგორც ოპოზიციის კულუარებში გვითხრეს, თავიდან ჩოჩელი და ოქრიაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში უნდა გაწევრიანებულიყვნენ, მაგრამ ამას დიდი სკანდალი მოყვა.
პარტაქტივისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პარტიაში ისეთი კაცის გაწევრიანება, რომელმაც ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ უარყო, შემდეგ კი მაჟორიტარულ სისტემას უჭერდა მხარს. საუბარია კახა ოქრიაშვილზე. ამ უკანასკნელმა „ნაცმოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სხვა მაჟორიტარების მსგავსად თავიდანვე არ გადამხტარა გამარჯვებულის ნავში. ერთხანს დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ დააშანტაჟეს.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ოქრიაშვილს პროკურატურა საქმის აღძვრით დაემუქრა. საქმე ის გახლავთ, რომ ოქრიაშვილს ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცებაში სდებენ ბრალს. პროკურატურის მუქარის პარალელურად პრესაში გამოქვეყნდა ინტერვიუები გატაცებულთან.
ამ ამბის გახმაურებიდან ძალიან მალე ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2016 წელს ის უკვე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მან უპრობლემოდ მოიგო არჩევნები. სადღაც მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეოცნებეები მას მაჟორიტარად აღარ დააყენებდნენ. ეს კაცი მაჟორიტარობას ისე შეეჩვია, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია. ჰოდა, გადაწყვიტა, დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარა კენჭი. ასე ფიქრობდა მანამ, ვიდრე მასთან ვანო მერაბიშვილი არ მივიდა. მას შემდეგ გადაწყდა, რომ ის „ნაციონალების“ ბანაკში გადავიდოდა.
ამავე პერიოდში გადაწყდა ცეზარ ჩოჩელის საკითხიც. ეს უკანასკნელი ოქრიაშვილის მსგავსად ღიად არ გაქოცებულა, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ მანაც გამონახა საერთო ენა. თავიდან ვერ დალაგდნენ და ცეზარს რამდენიმე დღე ციხეშიც კი გაატარებინეს. მერე მანაც გაარკვია სიტუაცია „ქართულ ოცნებასთან“. მას ღიად უჭერდა მხარს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ის დღემდე მეგობრობს ანზორ ჩუბინიძესთან. ამ და სხვა კავშირების წყალობით მან 2016 წელს კინაღამ მოიგო არჩევნები მცხეთაში. ის და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ტურში გავიდნენ. ხუნდაძეს ბიძინა ივანიშვილთან რომ არ დაეჩივლა, ჩოჩელი მცხეთის რჩეული გახდებოდა.
ჩოჩელი ყოველთვის მეგობრობდა ვანო მერაბიშვილთან. თავიდან მათი ურთიერთობა ცემა-ტყეპით დაიწყო, ამაზე ქვევით მოგიყვებით. ჩოჩელი „ნაციონალების“ ბანაკში ვანო მერაბიშვილმა დააბრუნა. რაკი პარტაქტივმა ისინი პარტიაში არ მიიღო, მილიონერებმა სახელდახელოდ შექმნეს პარტია და ბლოკში „ძალა ერთობაშია“ შევიდნენ.
„ნაციონალები“ მაინც უკმაყოფილო დარჩნენ და მათ ვანო მერაბიშვილს სერიოზულად უსაყვედურეს, რაზედაც შემდეგი პასუხი მიიღეს, რომ გაერთიანებას ფული სჭირდებოდა. ჩოჩელი და ოქრიაშვილი კი სერიოზულ ქონებას ფლობენ. როგორც „ნაციონალების“ კულუარებში გვითხრეს, მათ მილიონ-მილიონი ლარი დადეს. თავიდან ეგონათ, რომ ეს მაჟორიტარად წარდგენის სანაცვლოდ გაღებული შემოწირულობა იყო, მაგრამ როცა სია ნახეს, მიხვდნენ, რომ მათ სიისთვისაც გადაიხადეს. სიაში ორივე მათგანი გამსვლელ ადგილას არის ჩაწერილი.
არანაკლები შოკი გამოიწვია „ნაციონალებში“ დილარ ხაბულიანის გამოჩენამ. ეს ადამიანიც მრავალ პარტიაზეა გადამხტარი. „ვარდების რევოლუციის“ დროს შევარდნაძის ბლოკიდან იყრიდა კენჭს. რევოლუციის შემდეგ „განაცდა“, თან ისე, რომ თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებლად დაინიშნა, 2008 წელს კი პარლამენტის წევრად მოგვევლინა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც „გაქოცდა“. ახლა ის ისევ „ნაციონალების“ გვერდით არის და როგორც ამბობენ, მანაც საკმაოდ სერიოზული თანხები გაიღო.
პარტაქტივს სერიოზული სკანდალი რომ არ აეტეხა, ჯავახეთში ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი შეიძლება, ენზელ მკოიანი ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერსონას ბევრი ფული აქვს, ის გამსვლელ სიაშიც გამონახავდა ადგილს.
„ენზელ მკოიანის ამბავმა ყველა გადარია. მოგეხსენებათ, რომ მასზე უამრავი კომპრომატი არსებობს. მას ჰყავს შეიარაღებული ფორმირება და მისი დახმარებით აწიოკებდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას. მისი ახლობლები არაერთ სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ. მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მკოიანი იარაღით ხელში დარბის. მას ერთი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაშიც სდებდა ბრალს.
თავად ჩვენ ვაკრიტიკებდით მკოიანს იმის გამო, რომ საშინელებებს აკეთებდა და ვერაფრით დავუშვებდით, რომ ის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო. ეს ჩვენი ბლოკისა და მთლიანად ოპოზიციის იმიჯს ძალიან დაარტყამდა“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მისივე თქმით, „ნაციონალების“ დიდი გაღიზიანება გამოიწვია ბლოკში რამაზ ნიკოლაიშვილის გამოჩენამ. იგი ჩოჩელის, ოქრიაშვილისა და ხაბულიანის მსგავსად არ გაქოცებულა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილის გუნდს უღალატა. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, რამაზ ნიკოლაიშვილი გიგა ბოკერიას გუნდში გადავიდა, ახლა კი „ნაციონალებში“ დაბრუნდა. მან ამისთვის სერიოზული თანხა გაიღო.
გუბაზ სანიკიძეს გამსვლელ სიაში მოსახვედრად თანხა არ გადაუხდია. სააკაშვილი მის მიმართ, რატომღაც, ძალიან დადებითად არის განწყობილი, რაც პარტაქტივისთვის ამოუხსნელი ფენომენია. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ის „ნაციონალებს“ და მათ ლიდერს. 2012 წელს ისიც კი თქვა, ქუთაისში წიწილა რომ იკლება, ერთი ბარკალი მიშასთან მიდისო.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სანიკიძე „ნაციონალებთან“ საერთო ენის გამონახვას „ეროვნული ფორუმიდან“ წამოსვლის შემდეგ ცდილობს. თავიდან ის ბურჯანაძის პარტიაში შევიდა. ამ პარტიის წევრის რანგში მან არაერთი მოლაპარაკება გამართა ყოფილი ხელისუფლების წამომადგენლებთან და სთხოვა, რომ „ნაციონალებს“ 2020 წლის არჩევნებისთვის თავიანთ პარტიულ სიაში ჩაეწერათ. ბურჯანაძემ სწორედ ამიტომ გაუშვა ის პარტიიდან. სანამ საბოლოოდ „განაცდებოდა“, სანიკიძემ კიდევ ერთი პარტია მოიარა.
ის სააკაშვილისთვის ძალიან მისაღები პერსონა გახდა. „ნაციონალების“ აჯანყების რომ არ შეშინებოდა, მიშა სიის პირველ ხუთეულში აპირებდა მის ჩაწერას. აღსანიშნავია, რომ გუბაზის პარტიულ სიაში შეყვანას გრიგოლ ვაშაძეც ეწინააღმდეგებოდა.
„გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმე თვის წინ დაიგინა, გუბაზი თუ ჩვენს სიაში იქნება, ჩემი ასე და ასეო. ახლა თავად მოაწერა ამ სიას ხელი, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა. ეტყობა, მიშამ დაარწმუნა“, _ გვიყვება ჩვენი წყარო.
მისივე თქმით, საარჩევნო სიის ამ სახით შედგენამ ძალიან ბევრ „ნაციონალს“ გაუტეხა გული. მათ შორის იმათაც, რომლებიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ მთავარ სამიზნეებად იყვნენ ქცეულები, მაგრამ უკან არასდროს დაუხევიათ.
„ეს ადამიანები ძალიან ნაწყენები არიან, ისინი ხედავენ, რომ მათი ბრძოლა და თავდადება არავინ დააფასა. სიაში ის ხალხი ჩაწერეს გამსვლელ ადგილებზე, ვინც პარტიას უღალატა და „ქოცებთან“ ერთად გვებრძოდა. ფული დადეს და ყველაფერი აპატიეს. ასე არ შეძლება. ამ სიიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ძალა ერთობაში კი არა, ძალა ფულშია. ლიდერების ნაწილმა გაყიდა ოპოზიციაც და ბრძოლაც. არჩევნების შემდეგ ამაზე ყველა ღიად ისაუბრებს. მანამდე შევეცდებით თავის შეკავებას, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს“, _ ამბობს ჩვენი წყარო.
საერთო საქმე, სავარაუდოდ, დაზიანდება, რადგანაც „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს აშკარად არ მოსწონს სიაში ოდიოზური ფულიანი ტომრების გამოჩენა.
გასაოცარ სიასთან დაკავშირებით განმარტებები მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის გუნდში ვითარების განმუხტვას ცდილობს.
მისი თქმით, სია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ წარადგინა, პრაქტიკულად, კოალიციურია. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, სიაში არიან ადამიანები, ვისთანაც ბევრ საკითხში წარსულში ენმ ვერ თანხმდებოდა, თუმცა ახლა გაერთიანების დროა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ 31 ოქტომბრის არჩევნებში 40-დან 50%-მდე მხარდაჭერისა და „ივანიშვილის ერთპიროვნულად დამარცხების“ რეალური შანსი აქვს:
„მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ ივანიშვილს, მაქსიმალურად ფართოდ ჩავრთავთ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს და არა მხოლოდ მათ, ქვეყნის მართვის პროცესში“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, ენმ არის პარტია, რომელიც არასდროს მიეყიდება ივანიშვილს, ეს ივანიშვილმაც იცის და სწორედ ამიტომ ებრძვის მას მთელი ძალით.
„ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ ვჭირდებით ქართულ საზოგადოებას, რაც უფრო ფართო პლატფორმა შეიქმნება, როცა კოალიციაზე ვლაპარაკობთ. მე არ მინდა, საზოგადოება დარჩეს პარტიული შეთანხმებების მიღმა, ამიტომ ვერიდები პარტიულ შეთანხმებებსა და გარიგებებზე ლაპარაკს“, _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი „მთავარ აქცენტებში“.
ის გუბაზ სანიკიძის თემასაც შეეხო. აღნიშნა, რომ იყო დრო, როცა სანიკიძეზე ნაწყენი იყო. იცის ისიც, რომ სანიკიძეც ნაწყენი იყო მასზე. სააკაშვილი ამბობს, რომ მათ ეს წყენები დაივიწყეს და ახლა ერთად არიან. მიაჩნია, რომ საერთო საქმის კეთებას თუ დასჭირდა, ყველამ უნდა დაივიწყოს პირადი წყენა.
ახლა ისევ ვანო მერაბიშვილის მეგობარ ცეზარ ჩოჩელს დავუბრუნდეთ, რომლის გარშემოც ახალი სკანდალი მწიფდება. მის გამო ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ შეიძლება, ახალგორელების ხმები დაკარგოს.
ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობა ძალიან ცუდად დაიწყო, _ მათი გზები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაიკვეთა. ცეზარ ჩოჩელი ახალგორში შევარდნაძის ბლოკიდან იყრიდა კენჭს. „ნაციონალებს“ იქ მაჟორიტარად ვლადიმერ გუცაევის კანდიდატურა ჰყავდათ დაყენებული.
გუცაევის წარსადგენად ახალგორში მიშა სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ჩავიდნენ. მათ ჩოჩელის ნათესავები მარგილებით გამოეკიდნენ. სააკაშვილმა გაასწრო, ვანოს ერთი-ორი მოხვდა.
მერე „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. ვანო ქვეყნის ხერხემალი გახდა. ჩოჩელმა ბესო ჯუღელის დახმარებით დაალაგა „ნაციონალებთან“ ურთიერთობა. იქიდან მოყოლებული მერაბიშვილის კაცად ითვლებოდა. სწორედ მერაბიშვილმა დანიშნა ის 2008 წელს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად.
ამ ადამიანის სახელს ბევრი სკანდალი უკავშირდება. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პრესაში დაიწერა, რომ ჩოჩელმა ახალგორში თავისი ქონება გადაარჩინა, ხალხი კი უპატრონოდ მიატოვა. მედიაში იმასაც წერდნენ, რომ ჩოჩელის ძმისა და მშობლების სახლს ოსი მაღალჩინოსნები დარაჯობდნენ , ყარაულობის საფასურს ჩოჩელები ყოველთვიურად იხდიდნენ.
ახალგორის თემა გასულ კვირას გახდა აქტუალური. ჩოჩელმა ერთ-ერთ გადაცემაში მოყვა, თუ როგორ დარჩა რუსების მიერ ოკუპირებულ ახალგორში და იქაურობა მანდე არ დატოვა, ვიდრე მოსახლეობის 70% არ გამოიყვანა. ამას კატეგორიულად უარყოფს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
ქალბატონი თამარი ახალგორიდან საერთოდ არ წამოსულა. ბოლო რამდენიმე წელიწადი კი შინაპატიმრობაში იმყოფება. „ქრონიკა+“-სთან მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორში დარჩენილ ქართველებს ჩოჩელი მოღალატეებს უწოდებდა.
„ეს ადამიანი ახლა არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და იმედი აქვს, რომ წეროვანში ჩასახლებული დევნილები ახალგორიდან მას მისცემენ ხმას. ეს გამორიცხულია, მათ კარგად ახსოვთ, როგორ ეძახდა ჩოჩელი მოღალატეებს მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლიური კუთხე არ დატოვეს“, _ ამბობს მეარაყიშვილი.
ის ჩოჩელის ბოლო განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ყოფილმა გუბერნატორმა ახალგორელები განსაცდელში მიატოვა:
„სოციალურ ქსელში დავწერე ამის შესახებ და აქაც მოვყვები. ცეზარ ჩოჩელის ინტერვიუს ვუსმინე გადაცემაში „სთორი“. გაოგნებული ვარ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ადამიანი ზის და ცრუობს. უტიფრად ამბობს, 2008 წლის 24 აგვისტოს მოგვთხოვეს დაგვეტოვებინა ახალგორი, მანამდე ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან, მოსახლეობის ევაკუაცია მოვახდინე, 70% გამოვიყვანეთო. სინამდვილეში სულ სხვანაირად იყო: 12 აგვისტოს ადგილობრივებთან ერთად გავაჩერეთ სპეცრაზმით მოძრავი ჩოჩელი ეკლესიის წინ და მოვთხოვეთ აეხსნა, რატომ ტოვებდნენ მისი ახლობლები რაიონს, რამე საფრთხე ხომ არ იყო? იქ 11 წლის შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მითხრა, რომ პანიკას ვთესდი და არანაირი საფრთხე აქ არ გვემუქრებოდა. თქვა, რომ მისი ოჯახიც ახალგორში იყო“, _ იხსენებს ომის დღეებს თამარ მეარაყიშვილი.
მისივე მტკიცებით, ჩოჩელმა ახალგორიდან თავისი ოჯახი 12 აგვისტოს ღამით გაიყვანა, სამი დღის შემდეგ კი თავადაც დატოვა ახალგორი.
„15 აგვისტოს ღამით კი თვითონ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ ახალგორიდან. ამ დროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სამსახურები არ უნდა მიეტოვებინათ, მინიმუმ. არანაირი ევაკუაცია არ მოუხდენიათ. ცრუობს. ახალგორში ფუნქციონირებდა ბავშვთა სახლი და მათ აღსაზრდელებზე ხომ სახელმწიფო ზრუნავდა, ისინიც კი არ გაიყვანეს.
17 აგვისტოს დაბას გაზი გაგვითიშეს. ცეზარის ძმის იყო გაზის კომპანია. გათიშვაზე თქვეს, „ოსებმა ააფეთქეს, ჩვენ რა შუაში ვართო?“ ეს იყო სიცრუე, თავად გათიშეს და მოგვიანებით აღიარეს კიდეც. შემდეგ დაიწყო ელექტროენერგიით თამაში. სინათლე ღამის 23.00-დან 10.00-მდე გვქონდა. ასე თითქმის წელიწადი ვიცხოვრეთ“, _ ყვება ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი.
მისთვის უცნობია, რატომ ემტერებოდა ცეზარ ჩოჩელი ახალგორში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას, რომელმაც იქაურობის დატოვება არ მოისურვა? მეარაყიშვილიც იქ დარჩა და ახსოვს, თუ რა დამოკიდებულება იყო მათ მიმართ.
„უშუქობისა და უდენობის პარალელურად, ზეწოლა დაიწყო მათზე, ვინც აქ დარჩა. ზეწოლას უშუალოდ ცეზარ ჩოჩელი და ახალგორის მუნიციპალიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობა ახორციელებდნენ“, _ აღნიშნავს მეარაყიშვილი.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი იხსენებს, როცა სიტყვიერმა ზეწოლამ არ გაჭრა, ჩინოსნები საქმეზეც გადავიდნენ.
„2008 წლის ბოლოს დაიწყეს ქართული ხელფასების მოხსნა, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავალი იყო“, _ აცხადებს მეარაყიშვილი.
იმ პერიოდში ის ახალგორში არსებულ მოსწავლეთა სახლს ხელმძღვანეობდა.
„მოსწავლეთა სახლი, ახალგორის ორი ბაგა-ბაღი, მუსიკალური სკოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სპორტსკოლა, სოფელ წინაგარის საშუალო სკოლა და ბაგა-ბაღი. წინაგარა ოსური სოფელია და კონტროლი 2008 წლამდეც დაკარგული იყო, თუმცა განათლება საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდებოდა. ხელფასებს მხოლოდ იმიტომ გვიხსნიდნენ, აქ რომ დავრჩით. აი, ასე „სახელმწიფოებრივად“ აზროვნებდა და მოქმედებდა მაშინ ბატონი ცეზარი“, _ აცხადებს მეარაყიშვილი.
დღემდე მწარედ ახსოვს სამსახურის დაკარგვის ამბავი და ისიც, თუ როგორ დადიოდა ოკუპირებული ახალგორიდან მცხეთის სასამართლოში, სადაც სიმართლის პოვნას ცდილობდა. მან ჩოჩელს სასამართლო მოუგო, ამის საპასუხოდ კი მისგან მუქარა მიიღო.
აი, რას გვიყვება ამის შესახებ:
„ერთადერთი მე გავაპროტესტე სამსახურიდან განთავისუფლება და 2009 წელს ახალგორიდან ქ. მცხეთაში სასამართლოში ვიარე აღდგენის მოთხოვნით. ახალგორის მუნიციპალიტეტს სასამართლო მოვუგე _ ლია მუხაშავრია და ნინო ციხისთავი იყვნენ ჩემი უფლებების დამცველები. იქვე, სასამართლოში დამემუქრნენ, რომ არ შემარჩენდნენ“.
როგორც ჩანს, ამ ადამიანებს დანაპირების შესრულება კარგად ეხერხებათ, რადგანაც მეარაყიშვილი 2010 წელს კიდევ ერთხელ მოხსნეს სამსახურიდან. სიმართლის საძებნელად თამარმა ისევ სასამართლოს მიმართა.
„2010 წელსაც მომხსნეს. შორს წავალ სასამართლოებზე საუბრით… მაინც გავაგრძელე მუშაობა ბავშვებთან _ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო პირების (მომღერლები, სპორტსმენები, მწერლები…) დახმარებით. 60-მდე ექსკურსია მოვუწყვე აქ დარჩენილ ბავშვებს და ყველა მათგანი _ დიდი დაბრკოლებით, რადგან სამარცხვინო მეთოდების გამოყენებით ცდილობდა ცეზარი და მისი ნათესავი, ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ჩაეშალათ ბავშვებისთვის ღონისძიებები.
თავად არც როგორც მხარის რწმუნებულს, ბიზნესმენს ან, უბრალოდ, ახალგორელს არანაირი დახმარება გაუწევია აქ დარჩენილი ბავშვებისთვის…
ჩემი აქტიურობა მხოლოდ გულის კარნახით ხდება. არავის მხარეს და მოსაწონად არ ვწერ და სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ რასაც მე ვაკეთებ, სწორედ ესაა პოლიტიკა _ ცვლილებები“, _ აღნიშნავს მეარაყიშვილი.
მის ბრალდებებს არ ეთანხმება ცეზარ ჩოჩელი. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ იმაზე, რაზედაც ახლა საუბრობს, წლების წინათ აქტიურად წერდა ქართული პრესა.
აცხადებს, რომ ცეზარ ჩოჩელის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო:
„იმას, რაც ზემოთ მოგიყევით, იმ პერიოდის პრესა ინახავს, დღეს არ ვწერ პირველად. ასევე იმ პერიოდის სატელევიზიო კადრებიც ინახავს ჩემს სიტყვებს. ცეზარი უკვე დეპუტატი იყო და ისევ იმ სურვილით მოდის _ საკუთარი ბიზნესის ხელშეწყობა. მაგასაც გავუგებდი, უმეტესობა ასეთია. უბრალოდ, ახალგორის თემით რომ არ მანიპულირებდეს და სამარცხვინოდ ცრუობდეს, ყურადღებას არ მივაქცევდი“, _ აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.
თამარ მეარაყიშვილს რამდენიმე წელია, რაც ახალგორის დატოვება ეკრძალება. ერთ წელიწადზე მეტია, ტყვეობაში აღმოჩნდნენ სხვა ახალგორელებიც. გასული წლის აგვისტოში ცხინვალის მმართველმა ბიბილოვმა ახალგორი ჩაკეტა. არც იქ უშვებენ ვინმეს და იქიდანაც ვერ გამოხვალ, თუ რამენაირად გამოაღწიე, უკან აღარ შეგიშვებენ. ამ ზამთარში რამდენიმე დღით გახსნეს ახალგორი და ისევ ჩაკეტეს.
ოსები ახალგორიდან არც მძიმე ავადმყოფებს უშვებენ. ამის გამო რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდევაც. საქართველოს ხელისუფლება მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებს.
გაუსაძლისი პირობების გამო ახალგორი მალე ქართველებისგან შეიძლება, სულ დაიცალოს. როგორც მეარაყიშვილი ამბობს, ამ ზაფხულს რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა იქაურობა. ისინი მთებისა და ტყეების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

შორენა მარსაგიშვილი