ვინ და რატომ ბლოკავს ეკა კვალიაშვილს?!

თუ წლების განმავლობაში, ანუ წინა ხელისუფლების დროს, მომღერალი ეკა კვალიაშვილი იბლოკებოდა, შეიძლება ითქვას, მომღერლის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში დღესაც არ გახლავთ სახარბიელო მდგომარეობა.

ვინ და რატომ ბლოკავს დღესაც მომღერლებს? სად ხედავს ქართული ესტრადის ვარსკვლავი გამოსავალს? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს მომღერალი ეკა კვალიაშვილი ესაუბრება:

_ ეკა, თქვენ სოციალურ ქსელში ასეთი სახის სტატუსი გეწერათ: „დავიბენი… ვინ ვარ მე? დაწერეთ, მიპასუხეთ, გამარკვიეთ“. თქვენ გვიპასუხეთ, _ ვინ არის ეკა კვალიაშვილი?
_ ჩემს საქმეში _ ლომი! ეკა კვალიაშვილი არის მომღერალი, რომელიც ყველას ახსოვს. მე არ ვარ 30-იან წლებში მოღვაწე მომღერალი დებ იშხნელებთან ერთად. 90-იანების კონცერტი ტარდება და მე არ მეძახიან. შესაბამისად, გიჩნდება კითხვა: რატომ?! ვინ ვარ მე? და ზუსტად ეს შეკითხვა დავსვი სოციალურ ქსელში. ასე ხდებოდა წლების მანძილზე და ასე ხდება ახლაც. ნუთუ, ჩემს კოლეგებს თვალში არასოდეს დავკლებივარ და არ უკითხავთ, თუ სად ვიყავი? მე, მაგალითად, ყოველთვის მიკითხავს ჩემი კოლეგები, როდესაც ისინი კონცერტზე არ დამინახავს.
ყველას შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩემი კოლეგები არიან, კოლეგიალური ვარ და ყოველთვის ასეთად დავრჩები, მაგრამ მე არ ვარ ის ახლად გამოჩეკილი მომღერალი, რომელიც შეიძლება, რომ არ გაახსენდეს ვიღაცას. არასდროს გამიკეთებია პიარი, მხოლოდ შოუსპექტაკლი „იმპერია “ დავდგი.
_ პრობლემას სად ხედავთ, _ კონცერტის ორგანიზატორებსა თუ კოლეგებში?
_ პრობლემას საერთოდ არაფერში ვხედავ, უბრალოდ, მიკვირს ის, რომ ეს ხდება წლების განმავლობაში და ამდენი ხნის მანძილზე, ნუთუ, არც ერთ ჩემს კოლეგას თვალში არ დავაკლდი?
_ შეიძლება ითქვას, რომ დღესაც იბლოკებით კონცერტებზე?
_ წინა მთავრობის პერიოდში დაბლოკილი ვიყავი, რადგან ნამდვილად ვერ დავიწყებდი ყვირილს იმაზე, ვის ავკარგიანობაშიც თვითონ არ ვიყავი დარწმუნებული, ხალხს ნამდვილად ვერ მოვატყუებდი. ამის გამო ძალიან ბევრი რაღაც გამოვიარე, დიდი გაჭირვება და ა. შ. მერე ვიდექი და მადლობას ვუხდიდი მაღალ ღმერთს, რომ ამხელა მოთმინება და გამძლეობა მომცა. მადლობა უფალს, რომ კეთილი ადამიანები გამომიჩინა, რომლებიც დამეხმარნენ. გადავლახე ძალიან რთული 9 წელიწადი და მაინც გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი. ერთ დღეს მე და მამა პეტრე დათო არჩვაძის მოსანახულებლად მივედით კლინიკაში. იქიდან გამოსვლის შემდეგ მამა პეტრემ ტელეფონში დაწერა სტატუსი, _ რატომ უნდა იყოს ეკა კვალიაშვილი ასეთ მდგომარეობაშიო?!
_ რა გამოხმაურება მოყვა ამ სტატუსს?
_ რამდენიმე დღის შემდეგ დამიკავშირდა ერთი ქალბატონი და მითხრა: თქვენ გახდით „ქართუ ფონდის“ სტიპენდიანტი. თავიდან დავიბენი, მაგრამ მივხვდი, რომ „ქართუ ფონდი“ ბევრ ხელოვანს ეხმარება და საარსებო საშუალება დამენიშნა, რაზედაც მადლობელი ვარ.
_ არსებობისთვის და, ზოგადად, ცხოვრებისთვის აუცილებელია ფული, მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს კონცერტებზე ვიბლოკებოდიო, დღეს რა შეიცვალა ამ კუთხით?
_ არაფერი!
_ რატომ? ახლა ხომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“? დღეს რა ხდება?
_ შენ ჟურნალისტი ხარ და ვიმედოვნებ, მოგიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაც ხელეწიფებათ ეს ყველაფერი და ეგ კითხვა მათ დაუსვი. რა პასუხი გაგცე, მართლა არ ვიცი, გულწრფელად გეუბნები.
_ ხედავთ თუ არა საკუთარ თავში პრობლემას?
_ არ ვიცი, შეიძლება, ისეთი აქტიური არ ვარ, როგორც სხვა, უფრო სწორად, ვერ ვარ და გეტყვით, რატომაც: მე გახლავართ იმ წლების შვილი, როდესაც ტელევიზია თვითონ გვირეკავდა, თვითონ აკეთებდა კონცერტებს, ანუ ჟარგონულად რომ ვთქვათ, არასოდეს „მიჩალიჩია“, კონცერტი გამეკეთებინა და ა. შ. სულ მეძახდნენ, ვმონაწილეობდი, მაჯილდოებდნენ და ორ დღეში ერთხელ გადაღება გვქონდა. ჩემი მეორე სახლი ფილარმონია იყო, ტელევიზია _ პირველი სახლი და გამომდინარე იქიდან, რომ სულ ეკრანზე ვიყავით, კონცერტები ტარდებოდა, ჩვენი თაობა ძალიან ცნობილი იყო, ყველას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ, 2000 წლებიდან, როცა სხვა თაობა წამოვიდა, საჭირო გახდა კლიპები. იმ პერიოდში ძალიან მოდაში იყო და აქტიურად იღებდა კლიპებს ბასა ფოცხიშვილი, ზაზა ორაშვილი და კიდევ რამდენიმე. სულ პირველად კლიპები ისე გადამიღეს, რომ თვითონვე მოდიოდნენ ინიციატივით და ამ ყველაფერს მივეჩვიე. როდესაც რეალობა შეიცვალა და ახალმა თაობამ აქტიურად დაიწყო კლიპების გადაღება, მაშინ არ მქონდა ფული, ფინანსურად ვეღარ შევძელი. ძალიან მინდოდა, რომ ბასასთან გადამეღო კლიპი, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა.
_ თქვენ ვერ გახდებით სხვა სტილის მომღერალი, თუნდაც „ფანოღს“ რომ უწოდებენ, მაგრამ ხომ არ გიფიქრიათ, რეპერტუარი შეგეცვალათ, ჩაგეწერათ ახალი სიმღერები ან მეტი აქტიურობა დაგეწყოთ?
_ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ საკუთარი სიმღერები მაქვს ჩაწერილი. მაგალითად, „როგორ მიყვარხარ“ რამდენიმე გადაცემაში ვიმღერე და ყველას ძალიან მოეწონა. ლუბა უსპენსკაიამ ერთ-ერთი სიმღერა მომპარა, მაგრამ მე ამ სიმღერებზე კლიპები ვერ გადავიღე. ბადრი პატარკაციშვილმა, თავის დროზე, ძალიან დიდი დახმარება გამიწია, მთლიანი შოუსპექტაკლი „იმპერია“ დამიფინანსა და 9 თვე ვაკეთებდი ამ შოუს. მერე ვიფიქრე, რომ რამდენიმე სიმღერას გადავიღებ-მეთქი, ბადრის ჰოლდინგში ერთ-ერთი დირექტორი იყო გოგი ჯაოშვილი, ვისთანაც მივედი და მან მითხრა, _ შენ კლიპი რად გინდა, ისედაც პოპულარული ხარო. _ სწორედ რომ პოპულარული ვარ, იმიტომ მინდა კლიპი-მეთქი. მოკლედ, ის დაფინანსება, რაც „იმპერიაზე“ იყო გამოყოფილი, ცოტ-ცოტა რაღაცებს დავაკელი და სიმღერა „სოფელოზე“ კლიპი გადავიღე. ეს სიმღერა ისეთი პოპულარული გახდა, რომ დღემდე ყველას ახსოვს. მეცინება, თითქოს სხვა არაფერი მიმღერია. ვიმეორებ: თუ ისე ვერ ვაქტიურობ, როგორც საჭიროა, ისევ და ისევ, უფინანსობის გამო, მაგრამ არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ რამეზე ვწუწუნებ, პირიქით, სამყაროს მადლობელი ვარ.
ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ასევე ჩემი შვილი თავის ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. გადავიხდი ბინის ქირას, კომუნალურებს და მერე მთელი თვე ვზივარ ასე და ველოდები მომდევნო თვეს, როდის ჩაირიცხება თანხა, რომ იგივე პროცედურები გავიარო.
_ ლუბა უსპენსკაიამ დაუკითხავად აიღო თქვენი სიმღერა და მღერის. სამართლებრივ ზომებს არ მიმართავთ?
_ რა თქმა უნდა, აუცილებლად, თუმცა როდის, ამას პრესით ნამდვილად არ გავახმოვანებ წინასწარ. ქალმა აბსოლუტურად ყველანაირი წესი დაარღვია, სიმღერა ისე მიიტაცა, არც აცხადებს, რომ ჩემია. მის ერთ-ერთ დირექტორს დავუკავშირდი, რომელმაც, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მომაყენა და მასთან ძალიან მშვიდად დავასრულე საუბარი. ასე რომ, ლუბა უსპენსკაიას მალე მოეთხოვება პასუხი.
_ ბევრი მომღერალი მოსულა და წასულა ისე, რომ აღარავის ახსოვს მათი სახელი და გვარი. ის, რომ ქართული შოუბიზნესის ბაზარზე სტაბილურად მოდიხართ და ყველამ იცის, თუ ვინ არის ეკა კვალიაშვილი, როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა?
_ ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, ჩემი ნიჭიერებისა და გულწრფელობის. ბევრი ჭორი ამიგორეს, თითქოს ცუდი ხასიათი მაქვს, აგრესიულობით გამოვირჩევი, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო ადამიანი ვარ.
_ სპეციალურად ავრცელებდნენ ამ ხმებს?
_ რა თქმა უნდა. ჟურნალისტები ჩემთან შეშინებულები ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მოდიოდნენ და შუა საუბრის დროს მეუბნებოდნენ, თქვენზე სულ სხვა რამეს ამბობდნენ, ამ დროს კი საერთოდ სხვანაირი ყოფილხართო. როცა ადამიანი ჭორს გივრცელებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. ე. ი. მე ძალიან მაგარი ვყოფილვარ. მადლობა მათ იმისთვის, რომ ამით უფრო მაძლიერებენ.
_ რამდენად რთულია დღევანდელი მდგომარეობა თქვენთვის?
_ სულ მაქვს რაღაც იდეები, ბევრ პროექტს ვწერ და მოვა დრო, როდესაც აუცილებლად განვახორციელებ. სიმღერა როცა მენატრება, აგერ მაქვს დინამიკები, ორი მიკროფონი, ინსტრუმენტი და ვმღერი ხოლმე.
_ თუმცა სცენა ხომ მომღერლისთვის აუცილებელია?
_ რა თქმა უნდა, სცენა აუცილებელია, მაგრამ რომ არ არის, რა ვქნა? სადმე ხომ უნდა ვიმღერო? ბევრი კარგი იდეა მაქვს, რომელსაც ჯერ არ განვახორციელებ.
_ რატომ?
_ იმდენად შეუსაბამობაა ამ ახალ რეგულაციებში, რომ წარმოუდგენელია, რამე იდეა განახორციელო და პროექტი წამოიწყო. შეუსაბამობაა თუნდაც ის, რომ ოჯახში 10 კაცზე მეტი სტუმრის მიღების უფლება არ გაქვს და ერთი რამ მაინტერესებს: თუ 11 ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, მე-11 უნდა გადააგდონ? ან მანქანაში წინ ჯდომა რომ არ შეიძლებოდა და პირბადე რომ უნდა ჰკეთებოდა ცოლ-ქმარს და სახლში ერთად რომ წვანან, ასე არ გადაედებათ არაფერი? ანუ მანქანაში გადაედებათ და საწოლში _ არა?
მივმართავ საზოგადოებას, რომ არც იფიქროთ და არც აკადროთ საკუთარ თავს არანაირი აგრესია, იყავით მშვიდად, წყნარად, სიყვარული სავსენი. როგორც გიჭირთ თქვენ, ასე მიჭირს მეც. არ დაიწყოთ იმაზე ლაპარაკი, ნეტა, შენ რა გენაღვლება, ქვეყნის ფული გაქვსო. არ მაქვს.
_ რამდენად რთულად შეგეხოთ ეს პანდემია?
_ გააჩნია, როგორ შეიხებ რაღაცას. ვერ შემეხო და იცით, რატომ? _ ცოტა უფრო მაღლა ვდგავარ ასეთ რაღაცებზე. რაც შეიძლება უნდა გეჭიროთ ბევრი სინათლე და სიყვარული. ვერავის ვერაფრისკენ მოვუწოდებ. იყავით მაღალ განწყობაზე, მაღალ ცნობიერებაში, სიყვარულით სავსე, ნუ ჯუჯღუნებთ, ნუ შეგშურდებათ, არ იყოთ აგრესიულები. არის თავისუფალი ნება, კოსმიური კანონი და ამ ნებას არც ერთი ღვთისნიერი ადამიანი არ არღვევს, მხოლოდ დაბალ ვიბრაციაში მყოფი ადამიანები ძალადობენ. ძალით არასოდეს არაფერი გააკეთოთ.
_ თუმცა ეს თავისუფალი ნება თავისთავად გვეზღუდება, როცა კონკრეტულ რაღაცას კანონი გვიკრძალავს და კანონს უნდა დაემორჩილო.
_ კანონმა რომ გითხრას, თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადახტიო, გადახტები?
_ არა.
_ და კანონი თუ გეუბნება, გადახტიო? ამიტომ, ჩემო ძვირფასო, ადამიანს აქვს ნება და საკუთარი აზრიც. მე იმიტომ გავაკეთე ეს პატარა შედარება, რომ დაახლოებით უნდა მიხვდეს ადამიანი, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ვიღაცა თუ ცუდს მისურვებს, საკუთარ თავს ბლოკავს, მის ცხოვრებაში უკვე ისეთი კვანძი გაკეთდა, რომელიც უნდა მოიმუშაკოს, რომ რაღაცას ეღირსოს ცხოვრებაში.
_ არსებობს კულტურის პოლიტიკა?
_ კულტურის პოლიტიკა რომ არსებობდეს, გამოსვლებს კი არ მოითხოვდა ეს ხალხი. ერთ რაღაცას ვეტყვი ყველას: გამოსვლები არ გინდათ, ხალხო. ეს ნერვებს მოგიშლით, დაგაჯახებთ ვიღაცებს, არ გინდათ აგრესია. თქვენ ხომ ხელოვანი ადამიანები ხართ, რომლებსაც ევალებათ, რომ მუდმივ სიყვარულში იყვნენ. მესმის, რომ გიჭირთ, მაგრამ ნუ გეშინიათ. ყველაფერი კარგად იქნება.
_ ეს გამოსვლები ხომ ბევრისთვის ტრიბუნაა და ხმის მიწვდენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება?
_ და შენ როგორ ფიქრობ, არ იციან? ამ გამოსვლებით მხოლოდ და მხოლოდ გულს იფხანენ, არის საშინელი ენერგიის გამოსტყორცნა და ამ დროს არაფერი კეთდება. რამე მოხდა წლების განმავლობაში? რამე შეიცვალა?
_ გამოსავალს სად ხედავთ?
_ დაწყნარდნენ. ყველა უნდა დავწყნარდეთ. ყველამ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე ავანთოთ.
_ საქმის მხრივ რა იქნება?
_ არ ვიცი, რა ჰქვია კულტურის მინისტრს? გვყავს საერთოდ?! წლების განმავლობაში სულ იმას გავყვირი, რომ შეგვხვდით, ვინც რაღაცას ვაზროვნებთ, დაგველაპარაკეთ, გაგვიზიარეთ და გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას. მე ვიცი, რომ ერთი შეხვედრა კახი კალაძემ გააკეთა ხელოვან ადამიანებთან, მაგრამ ჩემთან არავის დაურეკავს.
_ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს კულტურის სფერო?
_ ხედავთ ვინმეს ინტერესს? მე _ არა.
_ ბევრი პრობლემის მიუხედავად, ძალიან პოზიტიური ხართ და არ ვარდებით დეპრესიაში. ძლიერი ადამიანი ბრძანდებით?
_ რა თქმა უნდა, ლომი ვარ. როგორ შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდნა? სიყვარული არის ყველაზე მაღალი ვიბრაცია და სიყვარული არის ღმერთი. დეპრესია და სასოწარკვეთა დაბალი ვიბრაციაა. თუ გინდათ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, გადადით მაღალ ვიბრაციებში, ანუ სიყვარულში. გაათავისუფლეთ თქვენი გონება და მხოლოდ კარგზე იფიქრეთ.
_ ცხოვრების გაკვეთილებიდან რა ისწავლეთ?
_ ძალიან ბევრი რამ. ამ ცხოვრებამ მასწავლა მოთმინება, პოზიტივისა და სინათლის დაჭერა, როგორ უნდა გავითავისუფლო გონება და ტვინი ყველანაირი ნეგატიური აზროვნებისგან და ვისწავლე ის, თუ როგორი კარგია ეს სამყარო. როგორც დაინახავ და დაგეგმავ ყველაფერს, ისე იქნება შენი ცხოვრება. ჩვენ ვართ შემოქმედი ღმერთის შვილები და ჩვენშიც არის ის შემოქმედება. თქვენი წარმოსახვა ქმნის თქვენს რეალობას. თუ რწმენა მყარია, ყველაფერი გამოდის. პატარა მაგალითს მოვიყვან: როდესაც იესო ქრისტე მიდის და უკან მიჰყვება ბევრი ხალხი, მას ერთი ქალი დაედევნება, სამოსელის ბოლოს მოჰკიდებს ხელს და განიკურნება. ეს ქალი წლების მანძილზე იყო სისხლმდენი, მას შეუწყდება სისხლდენა, განიკურნება. მოტრიალდება იესო ქრისტე და ქალი ეუბნება მას, _ მადლობა, უფალო, რომ შენ მე მომარჩინე. იესო კი პასუხობს, _ მე არა, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
თუ კარგად დაუკვირდებით ამ სიტყვებს, მაშინ ძალიან ბევრ რაღაცას მიხვდება თქვენი ლამაზი და ღვთაებრივი გონება.

გიორგი საკარული