ლელა ჯეჯელავა: „ივანიშვილის ხელისუფლება მაძღარი მონების მხარდაჭერაზე დგას!“



„ეპიდემია მაინც გაიქცა, ეკონომიკა დაიქცა, კრიზისმენეჯმენტი წაიქცა. როგორც ამბობენ, იმედი კვდება ბოლოს თუ ოცნება?“ _ ეს რიტორიკული კითხვა რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლელა ჯეჯელავამ დასვა.

ისე, მხოლოდ ქალბატონი ლელა კი არა, მთელი საქართველო ნათლად ხედავს, რომ ამ ქვეყანას, როგორც იტყვიან, დედა აღარ ჰყავს, თუმცა ამის მიუხედავად, „ოცნება“ სირაქლემის პოზიციას ირჩევს, ე. ი., თვალში ნაცარს მხოლოდ ჩვენ კი არა, თავადაც იყრის და ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა, ანუ არც ლარი გაუფასურებულა და ეპიდვითარებაც კონტროლს ექვემდებარება. კარგი, დავუშვათ, რომ ეპიდემია მართლაც კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ლარს რა მოვუხერხოთ? _ თუ ამ კითხვას რომელიმე „ქოცს“ დაუსვამთ, იგი არ დაიბნევა და ირაკლი კობახიძის ფრთიან ფრაზას მოგახლით, _ ლარს თანადგომა სჭირდება და მერე ლარი ეკონომიკას იქით დაეხმარებაო.
მოკლედ, კობახიძე ოცნებობს, ლელა ჯეჯელავა კი ქვეყანაში არსებულ რეალობას ასე ასახავს:
„მშიერი მონები აშენებდნენ პირამიდებსო, წერს ქართველი მწერალი. ბავშვობიდან გამუდმებით ვუკირკიტებდი ამ აზრს, ნახევარი საუკუნის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე სახიფათო მაძღარი მონაა. მსოფლიოს ისტორიას ქმნიდნენ იდეალისტები, მშიერი მონები მათ იდეებს ახორციელებდნენ, მაძღარ მონებს კი სძულდათ ერთნიც და მეორენიც…
გილიოტინებისა და ეშაფოტების გზით იარა ევროპულმა დემოკრატიამ, რომ მაძღარი მონის ფენომენი დაეძლია. მაძღარი მონების მხარდაჭერაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლებაც. არსად, არც ერთ დროში, არც ერთი ხელისუფლებისთვის მათ ზიანის გარდა არაფერი მოუტანიათ! ასეთია ისტორიული კანონზომიერება, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, უცვლელია!“

მოკლედ, ვინ არიან მაძღარი მონები? რატომ არ უნდა დაამყაროს იმედი „ოცნებამ“ ეკლესიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე? რატომ არის ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალი? _ ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხს ლელა ჯეჯელავას წინამდებარე ინტერვიუდან მიიღებთ!

_ ქალბატონო ლელა, როგორ ბრძანდებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როგორი განწყობა გაქვთ? სხვათა შორის, ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდით, „რუსთავი 2-მა“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატი უპირობოდ ლიდერობს…
_ აბა, სხვა რა მოლოდინი გქონდათ? _ „რუსთავი 2“ თუ „იმედი“ სხვანაირ კვლევას გამოაქვეყნებს? ჩემი აზრით, ამ კვლევებს არსებითი მნიშვნელობა არც აქვს.
_ შეიძლება, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებითაც „ოცნება“ ლიდერობს.
_ დიახ, მაგრამ, ჯამურად, ოპოზიციას ხმების მაინც მეტი რაოდენობა აქვს.
_ ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ ამ არჩევნებს „ოცნება“ წააგებს და ხელისუფლებაში მესამე ვადით ვეღარ დარჩება?
_ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული.
_ რაში?
_ დემოკრატიულ ქვეყნებში მმართველობის, მაქსიმუმ, რვაწლიანი ციკლი ტყუილად არაა შემოღებული. სხვათა შორის, ეს მხოლოდ პოლიტიკური ახირება არაა და ძალიან ბევრი აქტორით არის გათვალისწინებული, ანუ რვა წელი ის მაქსიმუმია, როცა ხელისუფლების რესურსი იწურება. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ რესურსში მხოლოდ ხალხის მხარდაჭერას კი არა, პოლიტიკურ შესაძლებლობებსაც ვგულისხმობ.
ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 8 წელი ის პერიოდია, როცა ელექტორატი სრულიად იცვლება და გადახალისდება.
_ ანუ?
_ არჩევნებში მონაწილეობას სრულიად სხვა თაობა იღებს _ წელს 2000-იან წლებში დაბადებულებმაც უნდა მისცენ ხმა. ეს თაობა კი სიტუაციას აბსოლუტურად სხვა პარამეტრებით, განწყობითა და, როგორც იტყვიან, მარკერებით აფასებს. მოკლედ, პოლიტიკისთვის 8-წლიანი ციკლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი კანონზომიერებაა. იცით, ეს როგორაა? _ ზოგ მცენარეს ყვავილობის ვადა ერთი წელი აქვს, ზოგს _ მეტი, ანუ პოლიტიკაშიც ყველაფერი ბუნებრივ პოტენციალზეა დამოკიდებული და არა იმაზე _ ვინმე მოგვწონს თუ არა.
ერთი სიტყვით, დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება შეიცვლება! ყოველ შემთხვევაში, რვაწლიანი ციკლის შემდეგ პოლიტიკური ცვლილებებისთვის ყველა პირობაა მომწიფებული. ამ პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად ელექტორატიც მზადაა და, შესაბამისად, არჩევნების ბედს უკვე სხვა მახასიათებლები განაპირობებს.
_ ქალბატონო ლელა, ეს პოლიტიკური ალგორითმი გასაგებია, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“, ანუ ოპოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, სუსტია. ყოველ შემთხვევაში, „ანტიოცნებელები“ ერთმანეთს კი არ კორტნიან, არამედ, ჭამენ და თითქმის ყველა ლიდერს პრემიერობის ამბიცია აქვს. ყველაფერი ეს, დამეთანხმეთ, ელექტორატზე ცუდად მოქმედებს და ადამიანები ამბობენ კიდეც, ამათ კოალიციური მთავრობა რომ შექმნან, ერთმანეთის ჭამას გადაჰყვებიან და ქვეყანას მაინც არაფერი ეშველებაო…
_ ამიხსენით, არჩევნების ბედი იმან რატომ უნდა განაპირობოს, მაგალითად, სააკაშვილსა და ბოკერიას ერთმანეთი მოსწონთ თუ არა? მართლა გგონიათ, რომ ხალხისთვის სააკაშვილ-ბოკერიას ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსების ურთიერთდამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ გაუფასურებული ლარი, ხელიდან გაქცეული ეპიდემია, ჩამოქცეული ეკონომიკა და წაქცეული კრიზისმენეჯმენტი?
_ ცხადია, არ მგონია, რომ ხალხს გაუფასურებულ ლარზე მეტად სააკაშვილ-ბოკერიას კინკლაობა უფრო აინტერესებს, მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე რეგიონში ვიყავი და მოსახლეობა ყველგან ერთსა და იმავეს ამბობს _ პოლიტიკოსების აღარ გვჯერა და აღარც მაგათი დაპირებების მოსმენა გვინდაო, ანუ, ქალბატონო ლელა, გამორიცხავთ, რომ 31 ოქტომბერს ხალხმა არჩევანი ე. წ. შეჩვეული ჭირის პრინციპით გააკეთოს?
_ ხალხის განწყობას, რასაკვირველია, მეც ვეცნობი და ვიცი, რომ ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ხალხმა ისიც იცის, რომ ამ მდგომარეობამდე სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებამ მიიყვანა. ეს ფაქტია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება! დიახ, ხელისუფლებას უკვე აღარ შესწევს უნარი, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს!
გასაგებია, რომ ადამიანებს იმედი აღარ აქვთ, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ ამის გამო გულზე ხელს დაიკრეფენ და ცვლილებებს არ მოინდომებენ?
_ შეიძლება, გულზე ხელი არ დაიკრიფონ, მაგრამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ეს კი, ბუნებრივია, „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ვცდები?
_ დიახ.
_ რატომ?
_ ახალგაზრდები არჩევნებზე აუცილებლად მივლენ. ეს ამომრჩევლის პატარა რაოდენობა არაა და 31 ოქტომბერს არჩევნების ბედს სწორედ ახალგაზრდები გადაწყვეტენ!
_ კეთილი, მაგრამ თუკი ისე მოხდა, რომ რაღაც მაქინაციებით „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩა, თქვენი აზრით, რა მოხდება?
_ ასეთი შემთხვევაში ის მოხდება, რაც „ოცნებისთვის“ იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ხელისუფლების არჩევნებით დათმობაა!
_ რევოლუციას პროგნოზირებთ?
_ არ ვიცი, ამას რევოლუცია დაერქმევა, აჯანყება თუ ხალხის თვითგადარჩენის ინსტინქტი, მაგრამ ხელისუფლება მშიერი ხალხის პირისპირ აღმოჩდება! მშიერი ხალხის პირისპირ აღმოჩენას კი ისეთი ხელისუფლებისთვისაც ვერ ვისურვებ, როგორიც „ქართული ოცნებაა“.
_ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ კორონის იმედი აქვს _ ხალხს, პანდემიის საბაბით, ფულს ურიგებს, ამასთან, ლოკალურ ლოკდაუნებსაც იყენებს. აი, მაგალითად, ბათუმი ჩაიკეტა, ანუ ყველაფერი ეს ხელისუფლების წისქვილზე არ დაასხამს წყალს?
_ თუ არ მეშლება, გია ხუხაშვილმა თქვა, ხელისუფლება ქევყანას სიკვდილისა და შიმშილის შიშით მართავსო, მაგრამ ასე დიდხანს არავის უმართავს, ანუ როცა შენი საუკეთესო მოკავშირე შიმშილი და სიკვდილია, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ თავად დგახარ!
_ რატომ?
_ პასუხი მარტივია: ადამიანებს არც შიმშილი უყვართ და არც _ სიკვდილი! შესაბამისად, „ოცნებისთვის“ ცუდი არჩევანი იქნება, თუ გადაწყვეტს, რომ მოკავშირედ სიკვდილისა და შიმშილის შიში გაიხადოს!
_ ე. ი., „ოცნება“ ფონს ვერც 200 თუ 300-ლარიანი კორონადახმარებით გავა?
_ ფასები ყოველწუთიერად იზრდება და ამ ვითარებაში თუნდაც 300-ლარიანი დახმარება ოჯახს რამდენ ხანს ეყოფა?
_ ე. ი., გაზაფხულისგან განსხვავებით, დღეს კორონა „ოცნების“ მთავარი მოკავშირე აღარაა?
_ დიახ, აღარაა! „ოცნებაზე“ უარი კორონამაც თქვა! ხელისუფლებას კი განსაკუთრებით ლარი _ ქართული ეროვნული ვალუტა ერჩის!
_ მე რომ „ქოცი“ ვიყო, აუცილებლად შეგეკამათებოდით და გეტყოდით, რომ ლარი „ოცნებას“ არ ერჩის. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრ, ქალბატონ თურნავას რწმენით, ეროვნული ვალუტა ისეთი მყარი, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა.
_ სიმართლე გითხრათ, ქალბატონ თურნავას ფიქრებზე კომენტარის გაკეთება ძალიან ძნელია.
_ რატომ?
_ 2012 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო, ქალბატონი თურნავა, ალბათ, ფიქრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა. ამიტომ მის ფიქრებზე კომენტარი ჩემგან ცოტა უხერხულია. საერთოდ, მას შეუძლია, ბევრი რამ იფიქროს, მაგრამ რეალური სურათი ასეთია _ ეკონომიკა, პრაქტიკულად, ჩამოქცეულია. ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და თუ ლარის ვარდნა ასე გაგრძელდა, ეს ზღვარი, რასაკვირველია, გადაილახება. ამასთან, კიდევ ძალიან ბევრი საშინაო თუ საგარეო გარემოება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩეს და ეს კანონზომიერი იქნება!
_ რა ამის პასუხია და, ამ დღეებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ბორდმა „ოცნების“ ფავორიტი აირჩია. ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც გენდირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ამ არჩევნებს 31 ოქტომბრის რეპეტიციად მიიჩნევს. ქალბატონო ლელა, ამ აზრს თქვენც იზიარებთ?
_ ილუზია არ მქონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნები განსხვავებული იქნებოდა, ანუ ხელისუფლება, წინამორბედების მსგავსად, ამ შესაძლებლობას არ გაუშვებდა. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების რღვევა სწორედ იქიდან დაიწყეს, როცა ტელევიზიას თანამშრომლებისთვის არასასურველი დირექტორი დაუნიშნეს.
მოკლედ, ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასე ვთქვათ, თავის უბეში ჰყავდეს, მაგრამ როცა დასასრული მოდის, ეს ტელევიზია რომელიმე ხელისუფლებას ადგება?
_ გეთანხმებით, რომ არ ადგება, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, ანუ საზმაუს გენდირექტორის არჩევის სცენარს „ოცნება“ 31 ოქტომბერსაც ხომ არ გამოიყენებს?
_ „ოცნების“ გაყალბებულ და ძალადობრივ არჩევნებს ლეგიტიმურად არავინ ცნობს! სხვათა შორის, ამაზე „ოცნებამ“ ევროპასა თუ აშშ-სგან უამრავი გაფრთხილება მიიღო.
_ ისე, ამერიკელი კონგრესმენები ბოლოს დროს მაინცდამაინც აღარ აქტიურობენ…
_ მათ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს.
_ კერძოდ?
_ ქალბატონ დეგნანს ყურადღებით მოუსმინეთო. საერთოდ, აშშ-ს საქართველოში ძალიან ძლიერი დიპლომატი ჰყავს, რომელიც აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ზუსტ ინფორმაციას არაჩვეულებრივად ფლობს. ელჩის განცხადებები იმის სრულ საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ ჩვენი პარტნიორი, ანუ აშშ, ძალადობრივ და გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს.
სხვათა შორის, ინაუგურაცია კონსპირაციულად ლუკაშენკომაც ჩაატარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში დიდი დღე აქვს, ანუ როცა მმართველი ინაუგურაციას კონსპირაციულად ატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დასრულებულია!
_ პრინციპში, ასეა… ქალბატონო ლელა, წეღან კორონა ახსენეთ, თქვენი აზრით, „ოცნების“ სანაქებო კრიზისმენეჯმენტი სად გაქრა და რატომ ჩამოიშალა, ანუ პანდემიის მართვის სადავეები რატომ გაექცა?
_ ხელისუფლებას ისეთი მასშტაბური ტესტირება, როგორსაც ახლა ატარებს, თავის დროზე რომ ჩაეტარებინა, მაშინაც სხვა მაჩვენებლები გვექნებოდა, მაგრამ, პირველ ეტაპზე, ხელისუფლებამ მასობრივ ტესტირებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ იმიჯი შეექმნა, თითქოს პანდემიას თავი კარგად გაართვა. ალბათ, გახსოვს, ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ როგორი შეფასებები კეთდებოდა, აი, ბატონი გახარია წარმატებული მენეჯერი აღმოჩნდაო. მაგრამ საყოველთაო თერმოსკრინინგზე, ანუ სიცხის მასობრივ გაზომვაზე ახლაც მეღიმება.
_ რატომ?
_ თითქოს ხალხს იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ სიცხე სახლში გაეზომა.
ერთი სიტყვით, თავიდანვე რეალურ შედეგს მასობრივი ტესტირება აჩვენებდა, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, ოპოზიციის განცხადებას, საკმარისი ტესტები არ არისო, რა შეფასებაც მოჰვა _ ამ განცხადების გამო ოპოზიცია ლამის ჯვარს აცვეს, მაგრამ როგორც კი მასობრივი ტესტირება დაიწყო, ინფიცირებულთა რაოდენობამაც გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა.
_ სხვათა შორის, მასობრივი ტესტირება, მგონი, აღარ ტარდება.
_ დიახ და, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მენეჯმენტია?
_ ალბათ, არა… ერთი სიტყვით, კორონის შიშით „ოცნება“ მოსახლეობაზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენს, არა?
_ რასაკვირველია, ვეღარ მოახდენს… როგორც ჩანს, ამ ვირუსს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ალბათ, უფრო მსუბუქად გადაიტანენ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემამ ამდენ შემთხვევას თავი რომ ვერ გაართვას, ეს უკვე კოლაფსი იქნება! ტესტირება სწორედ ამიტომ შეწყვიტეს და იცით, ეს რა არის? _ მხოლოდ მოსახლეობას კი არა, საკუთარ თავსაც ატყუებენ, მაგრამ მოსახლეობა არ ტყუვდება!
_ ქალბატონო ლელა, რა ამის პასუხია და, როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ სასარგებლოდ საპატრიარქოც ხომ არ ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის პარტიულ ღონისძიებას, რომელიც იმერეთში გაიმართა, სასულიერო პირები დაესწრნენ…
_ ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ორივე ინსტიტუციას _ ხელისუფლებასა და ეკლესიის მმართველ სტრუქტურასაც _ სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ ისინი ერთმანეთთან თვითგადარჩენის ინსტინქტმა მიიყვანა, თუმცა პირადად მე, ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, ეკლესიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იმედიანად არ ვიქნებოდი!
_ ერთსაც გკითხავთ, ქალბატონო ლელა: ლარი უფასურდება, პროდუქტი ძვირდება, კრიმინალი იმატებს, ანუ ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულში, ე. ი., 90-იანებისკენ ვბრუნდებით?
_ სიტუაციის ასე დახასიათების წინააღმდეგი ვარ!
_ ეს ხომ რეალობაა და წინააღმდეგი რატომ ხართ?
_ წარსულში ვერავინ დაბრუნდება!
მართალია, ყველას სახლში საათი ერთსა და იმავე დროს აჩვენებს, თითოეული ჩვენგანი, უფრო სწორად, ჩვენ და ხელისუფლება, მაინც სხვადასხვა დროში ვცხოვრობთ.
_ ანუ?
_ მოკლედ, 90-იან წლებში ვერ დავბრუნდებით! 2020 წელი მოსახლეობისთვის, ბევრი მიზეზის გამო, არცთუ სასიამოვნოდ მოსაგონარი იქნება, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს წელი იმით დასრულდება, რომ ეპიდემია მსოფლიოსთვის ასეთი საშიში აღარ იქნება და ამასთან, ბევრ ქვეყანაში მმართველი ელიტა შეიცვლება!
ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: კორონას ადამიანების სიკვდილი არ უნდა, კორონა ელიტებს ერჩის!
_ ეს როგორ?
_ იმის თქმა მინდა, რომ ელიტათა ცვლილებები ნამდვილად მოხდება და 2020 წელიც ისტორიაში სწორედ ამით დარჩება!
_ ქალბატონო ლელა, ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, თქვენი ოპტიმიზმი რას ეფუძნება?
_ ჯერ ერთი, საფუძველი არ მაქვს, პესიმისტურად ვიყო განწყობილი. მეორეც, ჩვენ წარსულში კი არა, ახლა ვცხოვრობთ. ის ვითარება, რომელიც ახლაა, არ მოგვწონს, მაგრამ დღევანდელი დღე ხვალ უკვე წარსული იქნება.
_ კი ბატონო, მაგრამ სანამ დღევანდელი დღე წარსული გახდება, რა ვქნათ, ანუ რეალობა როგორ შევცვალოთ?
_ იმისთვის, რომ დღევანდელი დღე, რომელიც არ მოგვწონს და გვინდა, რომ ხვალ აღარ იყოს და შევცვალოთ, უკეთესი მოლოდინი უნდა გვქონდეს! ყოველ დღეს აქ და ახლა ვქმნით. ამიტომ დღეს ჩვენი გაკეთებული არჩევანი ჩვენსავე ხვალინდელ დღეს განაპირობებს!
_ გეთანხმებით, მაგრამ მშიერ ხალხს ყველაფერ ამის გასაგებად ნერვები აღარ ჰყოფნის, ქალბატონო ლელა…
_ ზედმეტი ფილოსოფია მშიერი ხალხისთვის კი არა, საერთოდ არავისთვის არაა საჭირო!
ადამიანები გადაწყვეტილებას იმის მიხედვით კი არ იღებენ, რა იციან, არამედ იმის მიხედვით, რასაც დღეს გრძნობენ! იმაზე, რასაც დღეს ხალხი გრძნობს, წარმოდგენა გვაქვს. ამიტომაც 31 ოქტომბრის შემდეგ ცვლილებები აუცილებად იქნება!
_ ვნახოთ… ცვლილებების საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი მაქვს.
_ ერთ რამეში დამეთანხმეთ.
_ რაში?
_ ცვლილება ყველას უნდა, მაგრამ ამბობს, ის და ეს არ მომწონსო. ამის მიუხედავად, ფაქტია: რაკი ყველანი ვთანხმდებით, რომ ცვლილება აუცილებელია, ეს ცვლილება ნამდვილად მოხდება!
_ პოლიტიკურმა ღმერთებმა ინებონ, რომ ცვლილებები მართლაც მოხდეს!
წარმატებას გისურვებთ, ქალბატონო ლელა!

გიორგი აბაშიძე