ბეჟან ნათელაშვილი: „ივანიშვილმა პოლიტიკა სავაჭრო დახლად გადააქცია“

საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ სურათს ჩვენს სამეზობლოში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება კიდევ უფრო ამძიმებს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები ისევ განახლდა. ორივე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და თუ იქ დროზე არ დარეგულირდა ვითარება, საქართველოსაც შეექმნება პრობლემები. ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გონივრულ განცხადებებს გააკეთებენ. ნათელაშვილს განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის ტექსტები აშინებს. ის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსიარულე ბომბებს უწოდებს. ლეიბორისტული პარტიის წევრს ეჭვებს უჩენს ხელისუფლების სიმშვიდე კორონაინფიცირებულების ზრდასთან დაკავშირებით. იგი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც აქვს ჩაფიქრებული და არჩევნების წინ კორონას კარტს გაათამაშებს.

რატომ არის საშიში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები? როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება, თუ ყარაბაღის კონფლიქტი გამწვავდა? როგორ უნდა ვუშველოთ ლარს? უშვებს თუ არა შეცდომებს ოპოზიცია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო ბეჟან, ჩვენს სამეზობლოში სერიოზულად გამწვავდა სიტუაცია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოზეც იქონიებს უარყოფით გავლენას. თქვენი აზრით, რა საფრთხეები გვემუქრება?
_ საქართველო შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგეს. ხუმრობა საქმე ხომ არაა, რომ ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო ომის ქარცეცხლში ჩაება. საქართველოს პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს. ჩვენი პოლიტიკოსები სანამ რამეს იტყვიან, ასჯერ უნდა გაზომონ და ერთხელ გაჭრან.
_ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი დიპლომატია არ ახასიათებთ. სალომე ზურაბიშვილმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ აზერბაიჯანმა დავითგარეჯა წაგვართვა. ახლა რას ელოდებით ზურაბიშვილისგან? საქართველოში ბევრს ეშინია, თუ რა განცხადებებს გააკეთებს მთავარსარდალი.
_ სამწუხაროა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ასეთი არაპროგნოზირებადია. ისიც და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მოსიარულე ბომბები არიან. ძალიან მიჭირს იმის პროგნოზირება, თუ რა პოზიციას დაიკავებენ საქართველოს უმაღლესი ეშელონები ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. რთულ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ისეთი ხელისუფლება გვყავს, ჯობია, სულ უპატრონოდ ვიყოთ დარჩენილი. პრინციპში, უპატრონოები ვართ. ესენი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. ქვეყანა და ხალხის ბედი საერთოდ არ აღელვებთ.
ამათი წყალობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება, ჩვენთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. თავს რამე უბედურება რომ არ დაგვატყდეს, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყველამ გავიჭირვოთ და ოქტომბერი როგორმე გადავაგოროთ, მერე აუცილებლად გვეშველება. მთავარია, ერთი თვე რამენაირად გავძლოთ.
_ რატომ გგონიათ, რომ ოქტომბერს თუ გადავაგორებთ, გვეშველება?
_ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ დღეს საქართველოს სხეულიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვკვეთოთ ის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც „ქართული ოცნება“, ანუ საქოცეთი ჰქვია. ამ საქოცეთმა ქვეყანა ყველა მიმართულებით ჩამოშალა. სფერო არ დატოვეს, სადაც კატასტროფული ვითარება არ შექმნეს. ამ მავნებლურმა ძალამ საქართველოსა და მსოფლიოს ისიც დაანახა, რომ მათი გაუმაძღრობა უსაზღვროა. არც კი ვიცი, მათ ქმედებას რა დავარქვა. ჭამენ, ჭამენ და ვერ ძღებიან.
_ ასეთ მდგომარეობას ბულემია ჰქვია.
_ ამათ ბულემია კვადრატში სჭირთ. რვა წელია, ჭამენ, მაგრამ ვერაფრით დანაყრდნენ. თავის ქონებას რომ ჭამდნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ბიუჯეტისა და ხალხის ფულებით იკვებებიან. ამათი დაუოკებელი მადის დამსახურებაა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა საშინელი სისწრაფით გაურკვეველი მიმართულებით გარბის.
_ „ქართულ ოცნებაში“ ლარის თავაწყვეტილ სირბილს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.
_ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლარს ჩვენი თანადგომა სჭირდებაო. „გვეკაიფება“, ეგ შეჩვენებული, თუ მართლა ასეთი აზრები მოსდის თავში? ამ ადამიანის ნებისმიერი განცხადება ცოცხალი ანეკდოტია. მის გამოთქმებზე პირდაპირ მორგებულია შემდეგი ფრაზა _ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ კულულებიანი ბიჭის ყოველი პირის გაღება ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედიაა.
_ ქვეყნისთვის რატომ არის ტრაგედია?
_ იმიტომ, რომ ეს პერსონა რამდენიმე წელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ივანიშვილმა მისი გასპიკერებით საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა. ეროვნულ ვალუტას მართლაც სჭირდება შველა, ოღონდ ლარისთვის გვერდში ამოდგომა არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ერთმანეთს მთელი საქართველო უნდა დაუდგეს გვერდით, პოლიტიკური განსხვავებები დროებით უნდა გადავდოთ და ეს უგუნურები მოვიშოროთ. 31 ოქტომბერს მათი ბოგინი უნდა დასრულდეს. ბედის უკუღმართობით თუ ჩვენი დაუდევრობით დავისვით ისინი თავზე. ახლა მათი გაშვების დროა. ისედაც დიდი ხანი ავიტანეთ. ქვეყანა ამ სიმსივნისგან უნდა განვკურნოთ. ამას მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ. ამათ ხელისუფლებიდან რომ გავუშვებთ, ლარიც დასტაბილურდება და კრიმინალიც დაიკლებს, კორუფციაც გაქრება, სამუშაო ადგილებიც გამოჩნდება და ხალხი შიმშილით აღარ დაიღუპება. ამათ ხელში წელიწადში რამდენიმე ასეული ბავშვი იღუპება შიმშილით, ათეულობით ათასი ბავშვი კი ნახევრად მშიერი დადის.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც ყველა იმ გამოწვევას გაუმკლავდება, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა.
_ იმისთვის, რომ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავდეს, ოპოზიციამ ერთმანეთთან საერთო ენა უნდა გამონახოს. არსებულ სიტუაციაში ეს რამდენად რეალურია? დაჭამეს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთი.
_ არჩევნები კარს მოგვადგა და ასეთ დროს ემოციები სჭარბობს ხოლმე. ისმის მკვახე და მწვავე განცხადებები, მაგრამ პირადად მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. სხვებსაც მიგიწოდებთ, რომ დრამატულად ნუ აღიქვამთ ამ პროცესებს. იფიქრეთ იმაზე, რომ ბევრი საერთო აქვს ოპოზიციურ ძალებს. ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა გვეყოლება.
_ რა აქვთ საერთო ოპოზიციურ პარტიებს, რაც გაფიქრებინებთ, რომ კოალიციური მთავრობა გვეყოლება?
_ ყველას გვინდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. შეთანხმებულები ვართ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე. რაც არ უნდა ლანძღონ ოპოზიციონერებმა ერთმანეთი, მოლაპარაკებების მაგიდასთან მიღწეული შეთანხმებები ძალაში რჩება. კონკურენტულ გარემოში ჩვეულებრივი ამბავია, როცა ერთი ოპოზიციური პარტია მეორეს კბენს. ასეთი წაკბენები არჩევნების თანმდევი პროცესია.
ბედნიერი ვარ, რომ ოპოზიცია სწორედ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეთანხმდა ერთობლივ მოქმედებებზე. მართალია, „ქოცებმა“ ჩვენს თავყრილობებს ფანჩატური დაარქვეს, მაგრამ მთავარია ის შედეგი, რაც ჩვენ დავდეთ. ჩვენმა ბრძოლამ მოიტანა ის, რომ მომავალ პარლამენტში 73 მუქთახორა აღარ გვეყოლება. მხოლოდ 30 მაჟორიტარი იქნება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. 2024 წელს კი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა ქვეყანას. ამის შედეგად პოლიტიკა დაემსგავსება პოლიტიკას და არა სავაჭრო დახლს. პოლიტიკა სავაჭრო დახლად სწორედ მაჟორიტარებმა აქციეს. მაჟორიტარები აქამდეც კარგად ვაჭრობდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ნამდვილი ვაჭრობა გაჩაღდა. ჩვენ ამას წერტილს დავუსვამთ და ხალხი ნახავს, თუ რა არის ნამდვილი პოლიტიკა.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ის, რაც ოპოზიციაში ხდება, ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. მართლა ასე ფიქრობთ, თუ ამომრჩეველს უკეთებთ გულს?
_ მართლა ასე ვფიქრობ. ასეთი ამბები არჩევნების დროს ჩვეულებრივი ამბავია. ბევრ რამეზე კი შევთანხმდით, მაგრამ ისეთ სასწაულს ნამდვილად ვერ მოვახდენდით, რომ ოპოზიციონერებს ერთმანეთზე რამე აუგი არ წამოსცდენოდათ. შეიძლება, ეს ცუდი მოსასმენია,
_ მაგრამ ეს წამოცდენები „ქოცების“ წისქვილზე რომ ასხამს წყალს, ამაზე არ გიფიქრიათ?
_ რატომ ასხამს „ქოცების“ წისქვილზე წყალს? ჩვეულებრივი საარჩევნო გარემოა ოპოზიციაში. ჩვენ არ გადავქცეულვართ ერთ პარტიად. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკითხების გარშემო გაერთიანდნენ. არის თემები, სადაც ყველას სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს. არჩევნების წინ, გნებავთ, სხვა დროსაც, დასავლეთსა და აღმოსავლეთში პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს კბენენ ხოლმე. ეს პოლიტიკის თანმდევი ნაწილია. ამის გარეშე პოლიტიკა წარმოუდგენელია. ის უფრო ცუდი იქნებოდა, ყველა ერთ აზრზე რომ ვიყოთ.
_ როდესაც შენი კონკურენტი მილიარდერია, მაშინაც გამართლებულია ერთმანეთის წაკბენები?
_ კონკურენცია ყოველთვის გამართლებულია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის ოპოზიციის კონკურენტი არაა, ის საქართველოს დაუძინებელი მტერია. ისეთი საშინელება დამართა ქვეყანას, რომ საქართველოსთვის ამდენი მონღოლებს, ოსმალებს, სპარსელებსა და რუსებს ერთად აღებული არ დაუშავებიათ. ის საქართველოში ჩვენმა ოკუპანტმა მეზობელმა შემოაგდო. ის რეალურად პუტინის გუბერნატორია და არა დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფალი. ის რომ უნდა წავიდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ოპოზციაში ასებული დაპირისპირება მითქმა-მოთქმისა და ხალხის დაპანიკების საბაბი არ უნდა გახდეს.
_ იმასაც ხომ გააჩნია, რა ხარისხით კბენენ ოპოზიციონერები ერთმანეთს?
_ რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ძალიანაც რომ უკბინონ, არც ეს იქნება ტრაგედია. გველაშაპი კი გვყავს მოსაშორებელი, მაგრამ არჩევნები მაინც არჩევნებია და ოპოზიციის შიგნით კონკურენცია სულ იქნება. ასე უცებ ვერ გადავალთ იმ კულტურაზე, რომ ყველაფრისგან თავი შევიკავოთ და მხოლოდ მოზომილი განცხადებები ვაკეთოთ.
_ ქართველებისთვის თავის შეკავება ცოტა რთული იქნება.
_ ცოტა კი არა, ძალიან რთული იქნება. მოგეხსენებათ, ემოციური ხალხი ვართ. ამ დაპირისპირებაზე რომ ამდენ ყურადღებას ვამახვილებთ, იმაზე რატომ არ ვსაუბრობთ, რამხელა წინსვლა აქვს ოპოზიციურ პარტიებს.
_ რა წინსვლაა?
_ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისეთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასხდნენ, რომლებიც ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ. გამარჯობის თქმას ვინ ჩივის, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. ამათ ერთი მაგიდის გარშემო როცა მოიყარეს თავი, ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ეს არის ყველასთვის კარგი. პირველ რიგში, ეს ამომრჩეველს უნდა უხაროდეს.
_ ამომრჩეველს რატომ უნდა უხაროდეს?
_ იმიტომ, რომ არჩევნებზე აუცილებლად დადგება შედეგი, კამათიც იქნება, წაკბენებიც, მაგრამ ავტომატებს არავინ აიღებს ხელში. ეს გამორიცხულია. მე თუ მკითხავთ, ოპოზიცია ბევრად ნაკლებად ლანძღავს ერთმანეთს, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. თანაც ეს არაა ლანძღვა, ეს მხოლოდ კონკურენციაა. ვიღაცების გამოსვლები არც მე მომწონს და ამის შესახებ ვსაუბრობ. იმ დღეს, მაგალითად, მიშა სააკაშვილი გავაკრიტიკე. ამაში ცუდი არაფერია. ჯანსაღი კრიტიკა მხოლოდ მისასალმებელია.
_ ფიქრობთ, რომ რაც ხდება, ნორმალურია? ისიც ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ყველა პარტიას თავისი პრემიერობის კანდიდატი ჰყავს?
_ ჩემი აზრით, ესეც ნორმალური ამბავია. ჩვენც წარვადგინეთ პრემიერობის კანდიდატი. ის შალვა ნათელაშვილია. ძალიან სოლიდური წარდგენა გვქონდა. ყველაფერი ლამაზად გავაკეთეთ.
_ თქვენ მოგეწონათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრებმა და მომხრეებმა ამაზე მაგრად იხალისეს.
_ რაღაცები მეც მოვისმინე და ერთ გაცვეთილ ფრაზას ვიტყვი მათზე: ესენი არიან შემოდგომის ბუზებივით და მწარედ იკბინებიან. შემოდგომის ბუზის კბენა საშიში არაა, რადგანაც შემოდგომის ბუზისთვის მოდის ზამთარი. ამათთვისაც მოვა პოლიტიკური ზამთარი. სამაგიეროდ, ჩვენთვის მოდის პოლიტიკური გაზაფხული.
_ თქვენთვის კი მოდის პოლიტიკური გაზაფხული, მაგრამ ქვეყნისთვის როდის მოვა გაზაფხული?
_ ამ შემოდგომაზე მოვა პოლიტიკური გაზაფხული. როცა ვამბობ ჩვენთვის, ვგულისხმობ ხალხსაც და ქვეყანასაც. „ქართულ ოცნებას“ რომ გავუშვებთ, ქვეყანა ნელ-ნელა დადგება ფეხზე. ყველა კარგი საქმე მერცხლის ჭიკჭიკივით იწყება. მერცხლის ჭიკჭიკს კი გაზაფხული მოსდევს ხოლმე.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გაზაფხული ნოემბერში დადგება.
_ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
_ იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული გახდა. ასეთი სისტემით ჩატარებული არჩევნები ძალიან შედეგიანი იქნება. რაც მთავარია, ფეოდალებად ქვეული მაჟორიტარები რეგიონებში ადამიანებს ვეღარ იყიდიან. ფულიანი ტომრების, ყიდვა-მოსყიდვისა და დახლის ვაჭრების დრო წარსულს ჩავაბარეთ.
_ 30 მაჟორიტარი ხომ დარჩა, ისინი ვერ იყიდიან?
_ შეეცდებიან, მაგრამ სად 73 და სად 30 მაჟორიტარი. საზოგადოებაც და მეც ამ არჩევნებს დიდი იმედით ველოდებით.
_ არის ვარაუდი, რომ ეს არჩევნები გადაიდება და კორონაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა სწორედ ამის წინაპირობაა. ამაზე რას იტყვით?
_ ივანიშვილისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს კაცი. კორონა რომ იფეთქებდა, ამას მაშინ მივხვდი, კოჯრის ტყეში ქოცების მაჟორიტარების წარდგენაზე ინფექციონისტები რომ დავინახე. როგორც კი მათ სახეებს მოვკარი თვალი, გულმა რეჩხი მიყო და ვთქვი, რომ ხვალიდან დაიწყება კორონაინფიცირებულების რეკორდული მატება-მეთქი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი წინასწარმეტყველება ახდა.
მჯერა, რომ კორონა არსებობს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამდენი ადამიანი დაინფიცირდა. ჩემთვის ცოტა გაუგებარი და მიუღებელია კორონით დაინფიცირებულთა ვინაობის დამალვა. კიდევ უამრავი გადამდები დაავადება არსებობს, მაგრამ არც დაავადებულები და არც ექიმები არ მალავდნენ დიაგნოზს. ჩემი აზრით, ეს იმიტომ არის გასაიდუმლოებული, რომ როცა როგორ მოუნდებათ, იმდენ ინფიცირებულს დაასახელებენ. ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება. უნდათ, მაქსიმალურად დაამძიმონ სიტუაცია, შეზღუდონ არჩევნებზე უცხოელ დამკვირვებელთა დასწრება. საქოცეთს ძალიან აშინებს უცხოელი დამკვირვებლები. ისინი დარღვევებზე თვალს არ დახუჭვენ.
არც ადგილობრივი დამკვირვებლები ახატია გულზე ივანიშვილს. ისეთ ვითარებას შექმნიან, რომ ადგილობრივი დამკვირვებლებიც ვეღარ გაძლებენ საარჩევნო უბნებზე. ყველანაირად შეზღუდავენ და ხელს შეუშლიან მუშაობაში.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ სადღაც 20 ოქტომბრიდან დაიწყოს ინფიცირებულთა რაოდენობის კლება. არჩევნების წინა დღეს გამოგვიცხადებენ, ნახეთ, რა მაგარი ბიჭები ვართ, კორონის მეორე ტალღაც დავამარცხეთ და საქართველო გადავარჩინეთო. იმასაც დაამატებენ, რაის დავით აღმაშენებელი მოდით და ჩვენზე ილოცეთო.
_ სადაც საჩხერე გახადეს საქართველოსთვის სასურველ მოდელად, იქ გახარია აღმაშენებლად გამოაცხადონ, რა გასაკვირია.
_ გახარია აღმაშენებლობას არავითარ შემთხვევაში არ მოინდომებს, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.
_ აღმაშენებელს რას უწუნებს პრემიერი?
_ აღმაშენებელს არაფერს უწუნებს, მაგრამ კარგად იცის, რომ ამ ტიტულს ბიძინა ივანიშვილი არავის დაუთმობს. ამიტომ გახარია ჭყონდიდელობას უფრო დასთანხმდება.
_ რატომ დასთანხმდება ჭყონდიდელობას, რაკი გიორგი ჰქვია?
_ თუნდაც, მაგიტომ. აღმაშენებლად გამოცხადდება ბიძინა, რომლის გაკეთებულმა დენდროლოგიურმა პარკმა შვა ახალი კლასტერი. ამას არ ახმაურებენ. სამაგიეროდ, არ გამოვრიცხავ, რომ ლეიბორისტებს დაგვაბრალონ რაიმე კლასტერის შექმნა.
_ თქვენ რატომ უნდა დაგაბრალონ კლასტერის შექმნა?
_ ოპოზიცია ხომ ჩვენს ოფისში იკრიბებოდა, ეს დღემდე ვერ მოუნელებიათ. არ შერცხვებათ იმის თქმა, რომ ვიღაც ამ შეხვედრაზე დაინფიცირდა. ისეთები დაუბრალებიათ ჩვენთვის, ამასაც გადავიტანთ.
ძალიან საინტერესო მოვლენები გველის: „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ კორონას კარტს გაითამაშებს, რაც არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ხალხი უკვე კარგად ხვდება, რომ აფერისტობასთან აქვს საქმე.
ყველა სირთულის მიუხედავად, მჯერა, რომ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს და საქართველოს ეყოლება კოალიციური მთავრობა. ბევრი საქმე იქნება გასაკეთებელი. სფერო არაა დარჩენილი, სადაც სიტუაციას გამოსწორება არ სჭირდება. სპორტი რომ სპორტია, ისიც კრიმინალური გარჩევების ადგილად აქციეს. თითქოს ქუჩის კრიმინალი არ გვეყოფოდა. ამას წერტილი უნდა დავუსვათ. ერთ თვეც გავიჭირვოთ და ნოემბრიდან ყველაფერი შეიცვლება.

შორენა მარსაგიშვილი