პაატა მანჯგალაძე: „უარს ვამბობთ ოპონენტებისთვის ტალახის სროლაზე“

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და მისმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციასთან დაპირისპირებაში არ შევიდოდნენ. ოპოზიციონერებმა ისინი ბევრჯერ შეაჩვენეს, მაგრამ ამაზე პასუხი არ გაუციათ. ეს ჟესტი ოპოზიციამ დიდად არ დააფასა და მათი შეჩვენების პოლიტიკა დღემდე გრძელდება.

ვინ ღებულობს გადაწყვეტილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“? რატომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციამ ერთმანეთისთვის ტალახის სროლა? რა სტანდარტი უნდა დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკაში? რატომ არ აქვს ალტერნატივა ოპოზიციის ერთად დადგომას? არსებობს თუ არა გიორგი ვაშაძეზე კომპრომატები? არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი? ვინ უნდა მიხედოს საკუთარ ნათესავებს? რატომ არ სწყალობენ მეორად პოლიტიკოსებს „სტრატეგია აღმაშენებელში“? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პაატა მანჯგალაძე ესაუბრება:

_ პაატა, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის ამბიცია აქვს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციის მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდა. ყველაზე ხირად „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ გესხმოდათ თავს. გასულ კვირას მათ უკვე ერთმანეთს გამოუცხადეს ომი. ეს დაპირისპირება არჩევნებში ხელს არ შეგიშლით ოპოზიციას? კი ეძახით მმართველ პარტიას დამსხვრეულ ოცნებას, მაგრამ ჯერ მათ დამსხვრევაზე საუბარი ნაადრევია.
_ „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აღმშენებლობის სტრატეგია. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ. აქედან გამომდინარე, არ გვაინტერესებს, თუ რას იტყვის ჩვენზე ამა თუ იმ პარტიის ლიდერი ან წევრი.
ჩვენ დანარჩენი პარტიებისგან ის განგვასხვავებს, რომ არ ვმონაწილეობთ კინკლაობაში, არ ვისვრით ტალახს. ტალახს არც იმ შემთხვევაში ვისვრით, თუ ჩვენ გვესვრიან. ამაში იმიტომ არ ვმონაწილეობთ, რომ ვიცით, თუ როგორ დაიღალა ხალხი ამ ყველაფრით.
ხალხს აღარ უნდა, გამუდმებით კინკლაობას უსმინოს. მას აინტერესებს საუბარი საქმეზე. ჩვენ მხოლოდ საქმიან საუბარს ვაპირებთ. ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ.
კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ახლა საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა. ასეთი კინკლაობით ერთობა არ იქნება. ბიძინა ივანიშვილი გამოვა და გვეტყვის, ეს არის თქვენი ერთიანობა და სახეო. რომ ოპოზიცია ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ებრძვის.
ერთმანეთისთვის ტალახის სროლის კამპანია საქართველოში ათწლეულებია, დამკვიდრდა. ჩვენ არ მოგვწონს ეს. უარს ვამბობთ ოპონენტებისთვის ტალახის სროლაზე. არც ისაა ჩვენი მიზანი, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩავძიროთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ საქმეზე.
ჩვენს ძალას შემთხვევით კი არ დავარქვით „სტრატეგია აღმაშენებელი“. აღმშენებლობა ჩვენი ცხოვრებისა და პოლიტიკის ფილოსოფიაა.
მიგვაჩნია, რომ ის ენერგია, რასაც წლების მანძილზე ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, უნდა მივმართოთ ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ამის სათქმელად ვართ პოლიტიკაში მოსული. ძალიან გვინდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ეს სტანდარტი დავამკვიდროთ.
მთელ ქვეყანას ამ იდეით მოვივლით. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ეს იდეა გაიმარჯვებს.
_ ძალიან კარგია, რომ ოპონენტების ჩაძირვა არ გინდათ და მათ თუ ტალახი გესროლეს, პასუხის გაცემას არ აპირებთ. მაგრამ, როგორც ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო და თქვენი დუმილი ვინმემ ხომ შეიძლება ისე აღიქვას, რომ ოპონენტებს ეთანხმებით იმაში, რასაც თქვენზე ამბობენ?
_ ეს ის დუმილი არაა, რომელიც თანხმობას ნიშნავს. არც იმიტომ ვართ ჩუმად, რომ პასუხები არ გვაქვს. ყველასთვის კარგად შეგვიძლია პასუხის გაცემა. არ ვპასუხობთ იმიტომ, რომ არ გვინდა, ისედაც ნეგატიური ფონი კიდევ უფრო დავძაბოთ.
არავის ეგონოს, ჩვენ მიმართ წამოსულ პრეტენზიებს უგულებელვყოფთ. როცა საჭირო იქნება, ყველას გავცემთ პასუხს და ვეტყვით ჩვენს სათქმელს. მაგრამ ჩვენი საარჩევნო სტრატეგია არაა ოპოზიციურ ხმებზე ნადირობა. ოპოზიციის დაზარალება არ გვინდა.
„სტარატეგია აღამაშენებლის“ მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“. ჩვენ იმათთან ვართ დაპირისპირებული, ვინც ქვეყანაში კრიზისი შექმნა და ვინც შიმშილამდე მიიყვანა ხალხი.
ოპოზიციის ოპოზიციონერობა მიუღებელია. ეს ჩვენი ამოცანა არასდროს იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას. რაც უფრო ადრე გაიაზრებენ ამას ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მით მალე გავუშვებთ ამ ხელისუფლებას.
_ რატომ ვერ იაზრებს ამას ოპოზიცია? ერთმანეთის კრიტიკაში გართულებს სულ დაავიწყდათ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის არსებობა?
_ გავიხსენოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია _ ის ზნეობრივი და მაღალი იდეალების მატარებელი პოლიტიკოსი იყო. ამ ადამიანთანაც კი ვერ გამონახა საერთო ენა იმდროინდელმა ოპოზიციამ. იარაღი ესროლეს იმ ადამიანს, რომელიც თავის მომხრეებს მოუწოდებდა, შეიარაღებული მოწინააღმდეგისთვის ყვავილები ესროლათ.
დღეს ქართულ პოლიტიკაში იმათი ჩამომავლები არიან, ვინც გამსახურდიას ზარბაზნები ესროლა და რატომ გვიკვირს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ?
_ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ იმათი შთამომავლები არ არიან. ისინიც არიან, ვინც უშუალოდ ისროდა იარაღს.
_ ასეთებიც არიან. ამის ნათელი მაგალითია გოგა ხაინდრავა. კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლი. ეს გაუტანლობის მეტასტაზი მოდებულია მთელ ქართულ პოლიტიკას. სწორედ ამ მეტასტაზების ჩასარეცხად მოდის პოლიტიკაში „სტრატეგია აღმაშენებელი“.
იმ ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს, ვინც ერთმანეთის ჩაძირვისა და ერთმანეთისთვის ტალახის სროლის სტანდარტს ამკვიდრებს.
ეს ხალხი ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა, ვის ინტერესშია, რომ საქართველოში მუდმივად დაძაბულობა იყოს? არ უფიქრიათ იმაზე, თუ ვის არ აწყობს, რომ ქართველებმა კონსენსუსს მივაღწიოთ? მტრისა და მოყვრის გარჩევა რომ არ ვიცით, ეს ვის აწყობს? ვის აწყობს ეს ყოველივე და ჩვენს მტერს. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი მტრის წისქვილზე დავასხათ წყალი. ამიტომაც ვემიჯნებით ერთმანეთისთვის ტალახის სროლას.
_ თქვენ თქვით, ჩვენი მიზანი ოპოზიციისთვის ხმების წართმევა არ არის, გვინდა, რომ ივანიშვილი დავამარცხოთო. ზოგიერთი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, ზოგიც მინიშნებით ამბობს, რომ თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ამის შესახებ რას გვეტყვით?
_ ამბობენ, მაგრამ ამას დამტკიცება ხომ უნდა? რით ამტკიცებენ, რომ ეს ასეა? არანაირი არგუმენტიც კი არ წარმოუდგენიათ იმის დასამტკიცებლად, რომ გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ლიდერის პროექტია.
რა აძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ ჩვენ ივანიშვილის პროექტი ვართ? ჩვენზე მეტს იბრძვიან, ჩვენზე მეტს ამხელენ ბიძინა ივანიშვილს? როცა აქციები ტარდებოდა რუსთაველზე, ჩვენზე მეტად იდგნენ იმ სიცივეში? სადაც საჭირო იყო ბრძოლა, ყველგან ვიბრძოდით.
ჩვენზე მეტად მოიარეს რეგიონები? ჩვენზე ბევრ ხალხს შეხვდნენ? ჩვენზე მეტი ფინანსები დახარჯეს საკუთარი დანაზოგებიდან? აბა, რატომ ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძე ივანიშვილის პროექტია?! ამას იმიტომ ამბობენ, რომ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, ტალახი გვესროლონ.
ამის გარდა, ამოჩემებული აქვთ, რომ გიორგის მეუღლე ვანო ჩხარტიშვილის ნათესავია. სხვა არაფერი აქვთ სათქმელი. რამე მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, ამას ხომ ცხრაჯერ ააფრიალებდნენ. ამ ადამიანებს სალაპარაკო არ აქვთ.
პირადად მე მეამაყება, რომ გიორგი ვაშაძესა და „სტრატეგია აღმაშენებელზე“ ამის გარდა სათქმელი არაფერი აქვთ. არც არანაირი კომპრომატი აქვთ.
პოლიტიკური ქულების დასაწერად ოჯახის ღირსებას არავინ უნდა შეეხოს და ყველამ თავის ოჯახს, ნათესავსა და მამიდას მიხედოს.
_ ყველამ რომ საკუთარ ნათესავებს მიხედოს, არ იქნება ცუდი. თითქმის ყველა ოპოზიციონერს ჰყავს ნათესავი ხელისუფლებაში.
_ ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სხვას ესვრიან ტალახს. გიორგიზე სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ჩხარტიშვილიო, გაიძახიან. ეს ჰგონიათ კომპრომატი. ნამდვილი კომპრომატი რომ ჰქონოდათ, ამას ცხრაჯერ ააფრიალებდნენ.
_ თქვენმა ლიდერმა გიორგი გახარია დებატებში გამოიწვია. ეს პოპულისტური გამოწვევა იყო? მან ხომ თავიდანვე კარგად იცოდა, რომ მოქმედი პრემიერი მის გამოწვევას არ მიიღებდა.
_ რატომ იყო პოპულისტური გამოწვევა? ან რატომ უნდა ყოფილიყო გიორგი იმაში დარწმუნებული, რომ გიორგი გახარია დებატებს არ დასთანხმდებოდა? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ევროპული ტიპის ქვეყნის აშენება გვინდა?
დასავლური სტანდარტებისა და განვითარებული საქართველო თუ გვინდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრემიერობის კანდიდატები დებატებში მონაწილეობენ და საარჩევნო პროგრამებს აჯიბრებენ ერთმანეთს. გახარიაც ხომ პრემიერობის კანდიდატია? მაშინ, ადგეს და დასთანხმდეს ამ დებატებს.
დასავლეთში ასეთ დებატებს დიდი ყურადღებით ადევნებს ამომრჩეველი თვალყურს. იქ მოსახლეობას ისიც აინტერესებს, თუ რა პროგრამები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამაც კი არ შესთავაზა. ხალხს რომ არაფრად აგდებენ და ცხვრის ფარა ჰგონიათ, მაგიტომ გამოიწვია ვაშაძემ გახარია დებატებში. ქვეყანაში კრიზისია, მოსახლეობა ყოველდღე ღარიბდება, კორონაპანდემიის დროს ჩინოვნიკები გამდიდრდნენ, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, რაც პასუხებს საჭიროებს. ეს პასუხები გახარიამ პირდაპირ ეთერში, დებატების დროს უნდა გაგვცეს.
_ გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში პირველი იყო, ვინც თქვა, რომ პრემიერობის კანდიდატი ვიქნებიო, რასაც დიდი აგრესია მოყვა. ვაშაძეს პრემიერობაზე რომ არ ჰქონოდა პრეტენზია, იქნებოდა თქვენი პარტიის მიმართ ასეთი აგრესია?
_ არ მიყვარს ფარისევლობა რწმენაში, არ მიყვარს ფარისევლობა ცხოვრებაში და არ მიყვარს ფარისევლობა პოლიტიკაში. ის ხალხი, ვინც მესამე-მეოთხე ვადით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რა ნამუსით უნდა გმობდეს გიორგი ვაშაძის საპრემიერო ამბიციებს?
ნამდვილი ლიდერი ჩემთვის ის ადამიანია, ვინც სხვა ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებას მიაღწიონ.
_ ისევ ვაშაძის მიმართ წამოსულ აგრესიას დავუბრუნდები. ის ოპოზიციამ ერთობლივად დაასახელა მაჟორიტარ კანდიდატად, მაგრამ რაც საპრემიერო ამბიციები გაუჩნდა, „ნაციონალებმა“ მას ხატია დეკანოიძის კანდიდატურა დაუყენეს. ისანში ისედაც რთულად იყო საქმე და დეკანოიძის გამოჩენა ხომ კიდევ მეტ პრობლემას გააჩენს?
_ ძალიან დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი ვერ გასცდა ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ამ პარტიაში ბევრ ადამიანს ვიცნობ და ბევრ მათგანს პატივს ვცემ. ისინიც პატივს გვცემენ ჩვენ. სამწუხაროდ, მათ გადაწყვეტილებების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ. გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ ადამიანებს მიუწვდებათ ხელი, რომლებიც ვიწროპარტიულ მერკანტილურ ინტერესებს ვერ გასცდნენ.
ძალიან სამწუხარო რამ მოხდა ისანში. გიორგი ვაშაძეს შეეძლო, ამ ოლქში პირველივე ტურში გაემარჯვა, მაგრამ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებით „ნაციონალებმა“ მეორე ტურის შანსი მისცეს ბიძინა ივანიშვილს.
სამწუხარო და დასანანია, ასე რომ მოხდა, მაგრამ არა უშავს. ჩვენ ამ წინააღმდეგობასაც გადავლახავთ. ოპოზიციას მაინც არ დავუპირისპირდებით. შევეცდებით, ისევ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა.
ჩვენ დღეს ერთმანეთი გვჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი სამიზნე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ ყველამ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები. ახლა საქართველოს ძალიან სჭირდება ჩვენი ერთიანობა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ყველა ვიპოვით.
_ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალებიც“ იპოვიან? ბოლო დებატებში ძალიან ცუდად გამოჩნდა ორივე მხარე.
_ სხვა გზა გვაქვს, რომ ერთმანეთთან საერთო არ გამოვნახოთ? წარმატების მიღწევა და ივანიშვილის დამარცხება თუ გვინდა, ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვიპოვოთ.
ის დრო, რასაც დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მივმართოთ. ეს ენერგია უმუშევრობისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად რომ მიგვემართა, საქართველო ნომერ პირველი ქვეყანა იქნებოდა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ორიენტირებულია მომავალზე, ერთიანობასა და აღმშენებლობაზე. ამომრჩეველი ამას აუცილებლად დაინახავს.
მივმართავ იმათ, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს: თქვენ რა გგონიათ, გიორგი ვაშაძე ვერ შეკრებდა ე. წ. მეორად პოლიტიკოსებს? დღე არ გავა, რომ ასეთები არ მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ კატეგორიულ უარს ვამბობთ მათ მიღებაზე. უარს ვამბობთ, რადგან გვინდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სუფთა და ახალი ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული.
ახალ ადამიანებს რომ ვამბობ, სრულიად უცნობ პერსონებს არ ვგულისხმობ. ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, თორემ თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან. მათ შეუძლიათ საქმის კეთება. ჩვენც საქმის საკეთებლად მოვედით პოლიტიკაში და ჩვენი მიზანი კონკურენტების ჩაძირვა არ არის.
_ პოლიტიკაში სხვა თუ არ ჩაძირე, ისე არჩევნებს ვერ მოიგებ.
_ ჩვენ ვამკვიდრებთ სტანდარტს, რომ არჩევნებში წარმატების მიღწევა კონკურენტის ჩაძირვის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, თავად საზოგადოებამ მოინდომოს ეს ცვლილება.
_ უნდა საზოგადოებას ეს ცვლილება?
_ ვერავინ დამაჯერებს, რომ საზოგადოებას ცვლილება არ უნდა.
_ რატომ ვერ დაგაჯერებთ ამაში ვერავინ?
_ იმიტომ, რომ თუ საზოგადოებას ცვლილება არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მოსწონს შიმშილი, მაღალი საბანკო პროცენტების გადახდა, 300%-ით გაძვირებული მედიკამენტები;
საზოგადოებას ცვლილებები თუ არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მოეწონა, როგორ იშოვა კორონაპანდემიის დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მილიონები.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ მოსწონს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ამიტომ მჯერა, ხალხს ცვლილებები უნდა. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ყველანი ვიპოვით ერთმანეთთან მისასვლელ გზას და საქართველოს მომავლისთვის გავერთიანდებით. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ხალხს ნიჰილიზმი გაუქრეს. ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ ყველა ერთი არაა და ვიღაც აუცილებლად იზრუნებს მათზე. თუ გვინდა შევცვალოთ რეალობა, უნდა შევცვალოთ არჩევანი, რომელიც ახალი თაობის სუფთა პოლიტიკოსებს ეკუთვნის.

შორენა მარსაგიშვილი