გენრი დოლიძე: „სისხლიანი 9 წელი ცრემლიანი 8 წლით ჩაანაცვლეს“

რა გეგმები აქვს გენრი დოლიძეს საკანონმდებლო ორგანოში? რას ჰპირდება იგი ბათუმელებს? როგორ აფასებს ხელისუფლების მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში? ამ და სხვა საინტერესო დეტალებით „ქრონიკა+“ პარტია „ალეკო ელისაშვილი _ მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტში, გენრი დოლიძეს ესაუბრა:

_ გამარჯობა, ბატონო გენრი, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
_ პოლიტიკიდან შორს არც არასდროს ვმდგარვარ. ყოველთვის ვმონაწილეობდი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა აქტუალურ პროცესში. მოსწავლე ვიყავი, როცა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიდექი, როგორც რიგითი აქტივისტი, შემდეგ ხშირად ვმართავდი სტუდენტურ აქციებს სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად და, სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებამ მოგვცა სიმშვიდე სამოქალაქო საზოგადოებას. 16-წლიანი აქტიური გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ არის რიგი პრობლემები, რომელსაც გარედან ვერ მოაგვარებ. მათ გადასაჭრელად გჭირდება ბერკეტები, ლეგიტიმაცია, საზოგადოების მანდატი. ხშირად მეკითხებიან, პოეტ კაცს პოლიტიკაში რა გინდა, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. დიახ, ბინძური საქმეა, მაგრამ საქვეყნო საქმეა და ვიღაცამ უნდა დაიკაპიწოს ხელები, რომ ამ სიბინძურისგან გაწმინდოს ეს ქვეყანა.
_ თქვენი აზრით, რა ძირითადი პრობლემები არის რეგიონში, რომელიც ძალიან აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს?
_ რეგიონში ბევრი პრობლემაა. XXI საუკუნეში არსებობს სოფლები, რომლებსაც წყალი არ მიეწოდება, არ არის გზები. განათლების სამინისტრომ მარტივად გამოაცხადა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდეთო, მაგრამ ვინმემ იკითხა, რამდენი მოსწავლეა ბათუმში, ვისაც კომპიუტერი და სმარტფონი არ გააჩნია? რამდენი სოფელია აჭარაში, რომელსაც ინტერნეტი არ მიეწოდება? ეს ყველაფერი კი იქიდან მომდინარეობს, რომ ფორმალური ავტონომია და თვითმმართველობა გვაქვს. რეალურად კი ჩვენს თითოეულ საკითხს თბილისში, კაბინეტებში, თბილ სავარძლებში მოკალათებული ჩინოვნიკები წყვეტენ, ხშირად ისე, რომ ხულოში, ქედაში, შუახევში ნამყოფებიც არ არიან, ბათუმსა და ქობულეთში კი ზღვისპირა ზოლის მიღმა ხალხი თუ ცხოვრობს, ვერ წარმოუდგენიათ.
_ რას ჰპირდებით ამომრჩეველს?
_ ხშირად გვესმის უტოპიური დაპირებები სხვადასხვა პარტიის მხრიდან: პენსია ამდენი დოლარი, გაზი უფასო, დენი 5 თეთრი და ა. შ. ეს ყველაფერი ან გააზრებული ტყუილია, ან გულუბრყვილო პათეთიკა. ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ ვიქნებით მებრძოლი გუნდი, რომელიც არც ერთ უსამართლობაზე თვალს არ დახუჭავს. არ დავუშვებთ მავნებლური კანონების მიღებას, ვიბრძოლებთ მცირე მთავრობის კონცეფციის რეალიზაციაზე, ჩინოვნიკებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ტენდერების მავნებლური სისტემის შეცვლაზე სამართლიანი მოდელით… ვიბრძოლებთ, რომ თითოეული რეფორმა, რაც ჩვენს ქვეყანაში გატარდება, იყოს სამართლიანი და ქართულ რეალობას მორგებული!
_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ პარტია „ალეკო ელისაშვილი _ მოქალაქეების“ გეგმა ორ ფეხზე დგას: ეს არის განათლება და სოფლის მეურნეობა. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში ბავშვებს 12-წლიანი სკოლაში სიარულის შემდეგ რეპეტიტორებთან სოლიდური თანხის გადახდა არ სჭირდებოდეთ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ვიმუშავებთ იმაზე, რომ სახნავ-სათესი მიწები ეკონომიკის სამინისტროს კი არ ეკუთვნოდეს, სამართლიანად გაუნაწილდეს ხალხს, რომ სოფლის მეურნეობა მითიური აიეტის დროინდელი კოლხური თოხებით მიწის დამუშავებასთან არ ასოცირდებოდეს. ეს იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოდერნიზებული დარგი. ეს იყოს ბიზნესი და არა საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად გაწეული ერთწლიანი თავდადებული შრომა. ამისთვის აგრობიზნესი, სასაწყობე, სამაცივრე, გადამზიდი კომპანიები უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან, უნდა გავაძლიეროთ განათლების სისტემა ამ მიმართულებით. პრიორიტეტულ დარგად გამოვაცხადოთ აგროტურიზმი.
_ როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ რეგიონში?
_ რაც წინასწარ შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ ალეკო ელისაშვილისა და მისი ახალი, გაუსვრელი გუნდის მიმართ არსებობს ძალიან დიდი დადებითი განწყობა, როგორც ურბანულ ცენტრებში, ასევე სოფლებშიც. ჩვენი ამოცანაა, ეს კეთილგანწყობა გამოიხატოს საარჩევნო ბიულეტენებზე. რამდენად კარგად შევასრულებთ ამ ამოცანას, 31 ოქტომბერს გამოჩნდება.
_ თუ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვეთ, რას გააკეთებთ პირველად?
_ ვიბრძოლებ, რომ დეპუტატები არ წარმოადგენდნენ პრივილეგირებულთა კასტას. თავად ვიქნები ყველაზე გახსნილი, სახალხო და ხელმისაწვდომი პარლამენტარი.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, თუ რას ფიქრობთ პირადად თქვენ პანდემიაზე? როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მუშაობას?
_ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, ეპიდემიოლოგებმა, მართლა თავგანწირულად იმუშავეს, რასაც ვერ ვიტყოდი ხელისუფლებაზე, რომელმაც მთლიანად მიიტაცა და პარტიულ წარმატებად გამოაცხადა მედიკოსების დამსახურება. გარდა აუცილებელი და საჭირო ღონისძიებებისა, დააწესეს ყოვლად აუხსნელი და ულოგიკო შეზღუდვები, რომელიც დღესაც აზიანებს ჩვენს ეკონომიკას. დღემდე გრძელდება ყველაფერზე ორმაგი სტანდარტი. მაშინ როცა აკრძალულია ღონისძიებები, ქორწილები დაკეტილია კინო, თეატრი, სულს ღაფავს ტურიზმი, ათასობით ადამიანს ვხედავთ დენდროლოგიური პარკის რიგში.
_ თქვენი აზრით, საქართველოში მოქალაქეების უფლებები დაცულია?
_ დღეს ბავშვიც რომ გააჩერო ქუჩაში, გიპასუხებს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში დაუცველია. ერთი გახმაურებული საქმე მაინც დაასახელონ, რომლის გამოძიებასთან კითხვის ნიშნები არ ჰქონდეს საზოგადოებას და სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერესები ან სისტემური ძალადობა არ იკვეთება? შაქარაშვილი, სირაძე, ბაჩალიაშვილი _ ეს საქმეები ეყოფოდა ნორმალურ ქვეყანაში მთელი მთავრობის გადადგომას მიზეზად. სისხლიანი 9 წელი ცრემლიანი 8 წლით ჩაანაცვლეს. ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, იმდენი ბუნდოვანი და გამოუძიებელი მკვლელობა დაგროვდა. ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნებზე ხალხი მხარს დაუჭერს ცვლილებებს და პროპორციულად დაკომპლექტებული, დაბალანსებული ხელისუფლება იქნება სამართლიანობის დამკვიდრების გარანტი.

ხვიჩა მამულაძე