უნიტაზების დიდი დეფიციტი საბავშვო ბაღებში და ღამის ქოთნებით მორბენალი მშობლები



ორი წლის წინათ, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ახალი რეფორმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებთან ერთად დაიწყო, საბავშვო ბაღების გაერთიანებების დაშალასა და თითოეული სააღმზრდელო დაწესებულების ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. რეფორმის ფარგლებში, ასევე საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი უნდა მინიჭებოდათ. ცვლილებები ორი ეტაპად დაიგეგმა და, რა თქმა უნდა, არსებული ვითარების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.

აღნიშნული რეფორმირების საკითხი 2020 წელს უნდა დასრულდეს, ანუ დარჩენილ სამ თვეში. საქართველოს ყველა საბავშვო ბაღში დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღებში შემოწმდება, თუ რამდენად გაითვალისწინეს მათ ახალი რეფორმის შედეგად შემუშავებული მითითებები. თუ სამ წელიწადში საბავშვო ბაღი ვერ დააკმაყოფილებს საგანმანათლებლო კუთხით შემუშავებულ მოთხოვნებს და ბაღის თანამშრომლებს არ ექნებათ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი, ასევე თუ დაწესებულებაში არ იქნება მოწესრიგებული კვების ობიექტები, საძინებლები, საპირფარეშოები და არ იქნება ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში საბავშვო ბაღს შეუჩერდება ფუნქციონირების უფლება.
რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და როგორი ვითარებაა საქართველოს ბაგა-ბაღებში?
„ქრონიკა+“ გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მეთვალყურეობით არის გაკეთებული.
2020 წლისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 1481 საჯარო საბავშვო ბაღი, სადაც ირიცხება 150 930 აღსაზრდელი. კვლევამ მოიცვა თბილისისა და საქართველოს 10 რეგიონის 51 მუნიციპალიტეტის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში არსებული 143 სკოლამდელი ბაგა-ბაღი.
საბავშვო ბაღების აბსოლუტური უმრავლესობა განთავსებულია მაგისტრალიდან და სხვა სახის დამაბინძურებელი წყაროდან ძალიან ახლოს. შემოწმებული საბავშვო ბაღების 15,4% ფუნქციონირებს კერძო სახლში ან მის მხოლოდ რამდენიმე ოთახში, საცხოვრებელ კორპუსში, ძველი ამბულატორიისა თუ საკრებულოს შენობაში. საბავშვო ბაღების შენობებში არასაკმარისი ფართობით გამოწვეულ გადატვირთულობაზე საბავშვო ბაღების გაერთიანებათა დიდი ნაწილი _ 62,1% მიუთითებს. საკმარისი ფართობის არარსებობის გამო საბავშვო ბაღების 10,7%-ში მხოლოდ 2-3 წლის ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებს აძინებენ, ხოლო შემოწმებული საბავშვო ბაღების შენობების 3,7%-ს საერთოდ არ ჰქონდა საძინებელი ოთახი. ერთგან საძინებელი სივრცე საბავშვო ბაღის დირექტორის კაბინეტში იყო მოწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, კვლავ გამოწვევად რჩება მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, ბაღების გადატვირთულობა და კადრების არასაკმარისი რაოდენობა. ასევე ერთეული გამონაკლისების გარდა, საბავშვო ბაღები არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზოები არ არის გართობისა და დასვენებისთვის მოწყობილი, არ არის ინვენტარი, რაც შესაძლებელს გახდიდა ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობის ჩატარებას. ინვენტარის არარსებობის საკითხი განსაკუთრებით იჩენს თავს საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახებში. საბავშვო ბაღები იშვიათად
მარაგდება საკმარისი რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით. ასევე კვლავაც ვერ ხერხდება სველი წერტილების აღსაზრდელთა რაოდენობისა და ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად მოწყობა, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ისევ გამოწვევად რჩება სველი წერტილების თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი.
საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელი, თუმცა დაწესებულებათაგნ მხოლოდ 14.2%-ს ჰყავს სპეციალური პედაგოგი. თანამშრომელთა განცხადებით, აღსაზრდელთა მშობლები თავად არიან შვილებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მინიჭების წინააღმდეგნი. ისინი მოითხოვენ, რომ მათმა შვილებმა ისეთივე „სწავლება“ გაიარონ, როგორც არა შშმ ბავშვებმა. ეს კი გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მშობლებთან კონფრონტაციის თავიდან არიდების მიზნით, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ვერ მიმართავენ ვერც სოციალურ მუშაკებს, გარდა უკიდურესი მდგომარეობისა, როდესაც თავად ვეღარ მართავენ აღსაზრდელის ქცევას.
პრობლემურია მცირეწლოვნებისთვის საბავშვო ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც. კერძოდ, სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილიდან (13,75%) თუ ხერხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში. გარდა იმისა, რომ ტრანსპორტირებას აბრკოლებს სოფლებს შორის დიდი მანძილი, დამაბრკოლებელი ფაქტორია მუნიციპალიტეტების მიდგომაც, რომლის მიხედვითაც, აღსაზრდელთა ტრანსპორტირება არ არის იმ შემთხვევაში საჭირო, თუ ადმინისტრაციული ერთეული არაერთ სოფელს აერთიანებს.
შემოწმებული საბავშვო ბაღების 53,8%-ის შემთხვევაში, საბავშვო ბაღების 19.2%-ში დაზიანებული იყო კედლები და იატაკი, ხოლო, შემთხვევათა 3.8%-ში შეკეთებას საჭიროებდა შენობის ელექტროგაყვანილობა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შენობის კედლები, ჭერი და იატაკი ისე იყო დაზიანებული ნესტისგან, რომ გაუსაძლისს ხდიდა ოთახში სუნთქვას. გამოვლინდა იატაკის დაზიანების, ლურსმნების ამოსვლის, ფილების ჩავარდნის შემთხვევებიც, რაც საფრთხის შემცველია აღსაზრდელთათვის. რამდენიმე შემთხვევაში, კერძოდ, 4.5%-ში, განსაკუთრებით სოფლებში, გათბობის ცენტრალური სისტემის არარსებობის გამო, საბავშვო ბაღებში შეშის ღუმელს იყენებენ, თუმცა გათვალისწინებული არ იყო უსაფრთხოების ზომები.
აღნიშნული დაწესებულებების საკმაოდ დიდ ნაწილს _ 45,5%-ს, ეზო საერთოდ არ აქვს. განსაკუთრებით მწვავეა ვითარება იმ საბავშვო ბაღებში, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული. ასეთ შემთხვევაში აღმზრდელებს ბავშვები ახლოს მდებარე სკვერში გაჰყავთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოების მიუხედავად, სველი წერტილები მაინც არ არის გამართული. მათ ბსოლუტურ უმრავლესობაში _ 88,7%-ში, სველი წერტილები განთავსებულია შენობის შიგნით, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში _ საბავშვო ბაღის ეზოებში მოქმედებს ერთი საპირფარეშო, სადაც ერთი ან ორი თურქული ტიპის ჯამია განთავსებული.
საქართველოს მთავრობის #485 დადგენილებით, ერთი უნიტაზი უნდა იყოს ყოველ 10-12 გოგონაზე და ერთი უნიტაზი ყოველ 10-20 ბიჭზე, ასევე ერთი პისუარი ყოველ 20 ბიჭზე, ერთი ხელსაბანი ყოველ 20 ბავშვზე. ტუალეტის კაბინის ზომები უნდა იყოს 80×110 სმ., ხელსაბანი ნიჟარები უნდა იყოს 55,5 სმ. კვლევამ გამოავლინა ისეთი შემთხვევაც, როდესაც 2-3 წლის ასაკის ჯგუფის საპირფარეშოში საერთოდ არ იყო მოწყობილი კანალიზაციის სისტემა და აღსაზრდელებს მშობლების მოტანილი ღამის ქოთნებით უხდებოდათ სარგებლობა. დაწესებულებების 5% საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით, ხოლო 25.5%-ში ეს საკითხი მხოლოდ ნაწილობრივ არის მოწესრიგებული. რამდენიმე შემთხვევაში საბავშვო ბაღში მხოლოდ კვების ბლოკს მიეწოდებოდა თბილი წყალი, აღსაზრდელებს კი ცივი წყლით უხდებოდათ სარგებლობა. ასევე გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც შენობაში თბილი წყლის სისტემის არარსებობის გამო წყალს სააღმზრდელო ოთახში, შეშის ღუმელზე, სათლებით აცხელებდნენ.
საბავშვო ბაღების 69%-ის არც ერთ საპირფარეშოში არ არის განცალკევებულად გამოყოფილი სივრცე გოგონებისა და ბიჭებისთვის, ხოლო საბავშვო ბაღების ნაწილში _ 25%-ში, ეს საკითხი მხოლოდ ზოგიერთ ჯგუფშია მოგვარებული. ბაღების დიდ ნაწილში _ 37,1%-ში, უნიტაზების სიმაღლე საერთოდ არ შეესაბამება აღსაზრდელთა ასაკობრივ ჯგუფს. მაგალითად, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც აღსაზრდელთა ასაკისთვის შეუფერებელი ზომის უნიტაზზე დამაგრებული იყო ხის დასადგამი მოწყობილობა. ბავშვები ზედ დგებოდნენ და შემდეგ ისე თავსდებოდნენ უნიტაზზე.
საბავშვო ბაღების გაერთიანებები ყოველწლიური ბიუჯეტისა და საბავშვო ბაღებში არსებული საჭიროებების მიხედვით ადგენენ სამოქმედო გეგმას, რომელშიც საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარითა და სათამაშოებით უზრუნველყოფის საკითხიც არის გაწერილი. მიუხედავად ამისა, პრობლემაა ინვენტარის აღსაზრდელთა ასაკსა და საჭიროებებთან შეუსაბამობის საკითხიც. მაგალითად, რამდენიმე შემთხვევაში, პატარა ასაკის აღსაზრდელებს, დიდი ზომის მაგიდებთან მისაწვდომად, ერთმანეთზე დადგმულ ორ სკამზე სვამდნენ. რიგ შემთხვევებში კი სააღმზრდელო და სასადილო ოთახებში იდგა მძიმე სკამები და მაგიდები მახვილი კიდეებით. ზემოაღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია (73%) ღსაზრდელების სათამაშოებთან მიმართებით. ხშირად დაწესებულებაში სათამაშოები აღსაზრდელების მშობლებს მოაქვთ. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ სათამაშოები დროულად და პერიოდულად არ ახლდება. კერძოდ, საბავშვო ბაღების 62.9%-ში სათამაშოების განახლება და შევსება ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ისიც 18,5%. აღმზრდელების განცხადებით, ახალი სათამაშოებიც, უმეტესწილად, უხარისხოა და მალე ზიანდება.
რაც შეეხება კვების საკითხს: კვების პროცესს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სათანადო ყურადღება ექცევა. ყველა საბავშვო ბაღს წინასწარ აქვს გაწერილი 10-დღიანი ან ორკვირიანი მენიუ.
თუმცა, აქ რჩება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: საბავშვო ბაღების ნაწილში _ 5,2%-ში, საერთოდ არ არის ან მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული (16.9%) კვების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებები. მაგალითად, წვნიანის ჭამისას მშობელი აკითხავს აღსაზრდელს და ეხმარება კვების პროცესში.
ბაგა-ბაღებში არსებული სასმელი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებას. მონიტორინგისას გამოვლენილ იმ რამდენიმე საბავშვო ბაღს (4.4%), რომელთაც თავად არ აქვთ სასმელად ვარგისი წყალი, საბავშვო ბაღების გაერთიანებები ამარაგებს. თუმცა ერთ შემთხვევაში თანამშრომლები იძულებული იყვნენ, ადუღებული წყალი გამოეყენებინათ, რადგან მათი განცხადებით, შენობაში არსებული წყალი სასმელად უვარგისია, ხოლო საბავშვო ბაღების გაერთიანება მათ წყლით არ ამარაგებს. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ლაბორატორიული ანალიზის შესახებ დოკუმენტის თანახმად, წყალი არ იყო შემოწმებული რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე, როგორიც არის, მაგალითად, ბაქტერია E.coli. ამ მხრივ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა და არ არიან ზუსტად ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა მონაცემებით უნდა შემოწმდეს სასმელი წყალი. სხვაობა განსაკუთრებით დიდია ქალაქისა და სოფლის საბავშვო ბაღებს შორის.
საბავშვო ბაღების უმრავლესობაში ნარჩენები ყოველდღიურად გააქვთ ახლომდებარე ურნაში. ერთი შემთხვევაა, როდესაც ნაგვის ურნა საბავშვო ბაღთან არ იყო განთავსებული. ამ ბაღის თანამშრომლები ნარჩენებს ეზოში არსებულ სათავსო ოთახში ინახავენ, კვირის ბოლოს კი დაგროვილი ნარჩენები დასუფთავების სამსახურის მანქანას მიაქვს. რამდენიმე შემოწმებული დაწესებულების შემთხვევაში, სანაგვე ურნის არარსებობის გამო, ნაგავს ახლომდებარე ხევში ყრიან ან წვავენ.
საბავშვო ბაღში მიღებისას აუცილებელია ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა. ეს ცნობები საბავშვო ბაღში ან საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ინახება. მიუხედავად ამისა, კვლევისას გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც საბავშვო ბაღის დირექტორი მშობლებს არ ავალდებულებდა ჯანმრთელობის ცნობის მიტანას, რასაც იმით ხსნიდა, რომ ჯანმრთელობის ცნობის აღება, რომელიც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, უჭირდათ ეკონომიკური სირთულეების მქონე იმ ოჯახებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ჰქონდათ. ამასთან, საბავშვო ბაღების პერსონალთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობა არ იძლევა საჭირო ინფორმაციას აღსაზრდელის ჯანმრთელობის შესახებ, მაგალითად, ბავშვის კვებითი ალერგიის ან განსაკუთრებული საჭიროების შესახებ. საბავშვო ბაღების 22.4%-ში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აღსაზრდელის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო მისი ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის შესახებ არც ცნობაში იყო მითითებული და არც მშობელს უცნობებია.
საბავშვო ბაღებში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებიდან, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა (5,1%), ყველა ფიზიკური ძალადობის ფორმას მიეკუთვნება, რომელთა გამოვლენა მარტივად შეიძლება აღსაზრდელის ფიზიკური დათვალიერების შედეგადაც. საგულისხმოა ისიც, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მიერ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში აღსაზრდელზე ოჯახის წევრმა იძალადა, ხოლო საბავშვო ბაღის თანამშრომლის მხრიდან აღსაზრდელზე ძალადობის ეჭვის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, რის საფუძველზეც ეს თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (64.1%) არ არის თანამშრომელთათვის განკუთვნილი სათავსები და ერთეული გამონაკლისის გარდა, მათთვის არც სასადილო სივრცეა გათვალისწინებული, რის გამოც საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის, განსაკუთრებით კი აღმზრდელებისთვის, პრობლემაა სამუშაო პერიოდში საკვების მიღება. აღმზრდელთა თანაშემწეებსა და ძიძებს დამლაგებლის ფუნქციის შესრულება უხდებათ. ისინი ალაგებენ სააღმზრდელო ოთახებსა და საძინებლებს, წმენდენ სათამაშოებს, რეცხავენ ჭურჭელს და ხშირად თეთრეულსაც.
აქედან გამომდინარე, რთულია ითქვას, რამდენად წარმატებით შესრულდა 2018 წელს ზარზეიმით დაანონსებული რეფორმა, რომელიც საქართველოს სკოლამდელი დაწესებულებების სრულ „აფდეითს“ გულისხმობდა. როგორც ჩანს, ამის დასრულება (ან თავიდან დაწყება) სხვა მთავრობას მოუწევს.

თამარ როსტიაშვილი