ანზორ ბიწაძე: „ქვეყანა ამ კრიზისს მარტო ვერ გაუმკლავდება“

კორონა ეპიდემიითა და სტატისტიკით გადაღლილი საქართველო სხვა ციფრებზე გადაერთო. გასულ კვირას ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა, რომლის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდებოდა. ამას ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკოსებიც მიჩვეულები არიან, მაგრამ მაინც ატყდა ჟრიამული. კვლევების მიხედვით დიდად სახარბიელო შედეგი არ ჰქონია „ერთიან საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას“. ამის მიუხედავად, აქ მშვიდად შეხვდნენ დაბალ პროცენტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ კვლევებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

რატომ არ ამართლებს ხოლმე არჩევნების წინ ჩატარებული კვლევების შედეგები? რა საინტერესო სურათი გამოიკვეთა ქვეყანაში? რატომ არ შეიძლება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა? რა ელოდება ჩვენს ეკონომიკას, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ანზორ ბიწაძე ესაუბრება:

_ გასულ კვირას რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა. ის მკვეთრად განსხვადება ერთმანეთისგან. ამ კვლევებთან დაკავშირებით პარტიების ნაწილმა პრეტენზიები გამოთქვა. თქვენ რას იტყვით, კვლევების თანახმად, თქვენი პარტია „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობის“ შედეგები ნამდვილად არასახარბიელოა.
_ ამ კვლევებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიტიკურ ელიტაში პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება ხოლმე. პოლიტიკური ელიტის იქით ისინი დიდად არავის აინტერესებს. კვლევების შედეგები რაღაცით მკითხაობას ჰგავს. მოსახლეობისთვის სულერთია, რომელ კვლევაში რამდენი პროცენტი უკავია ამა თუ იმ პარტიას. ეს საკითხი განსაკუთრებით ახლაა უინტერესო.
_ ახლა რატომ არის უინტერესო, წინ ხომ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველოდება?
_ წინ, მართალია, არჩევნებია, მაგრამ ახლა მოსახლეობა საკუთარი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. კორონაპანდემიის გამო ხალხი ძალიან მძიმე დღეში ჩავარდა. ეს კვლევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ერთი რამ ყველა მათგანში აშკარად ჩანს: მოსახლეობის 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებში. შეიძლება, გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ არ ამბობს.
ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საქართველოში ჯერ არ გვყოლია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ექსპერტს ვესაუბრე, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მრავალი წელია, ყურადღებით აკვირდება. ქართულ პოლიტიკაში გამოცდილი ადამიანების დიდი დეფიციტი შეიქმნა და კვალიფიციური ხალხის მოსმენა მნიშვნელოვანია. ამ ექსპერტებმაც მითხრეს, რომ 2003 წლის შემდეგ მათ არ ახსოვთ ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.
თავად მონაცემებს რაც შეეხება, ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ „აირაისა“ და „ენდიაის“ კვლევებიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. „ენდიაის“ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ 17% აქვს, „ნაცმოძრაობას“ _ 5%. სხვა პარტიები ნახსენები არ არის, „აირაის“ კვლევებში კი სულ სხვა რეალობაა. ორივესგან განსხვავებული სურათი მივიღეთ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევებით. ეს კვლევები ტელეკომპანია „იმედმა“ წარმოადგინა და იქ სულ სხვა საქართველოა.
ხელისუფლების დაკვეთილ კვლეებში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე რაღაც-რაღაცები. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს პროცენტების ზრდა უფიქსირდებათ, ამის უკან ფარული კავშირების შესაძლებლობა დგას. ხელისუფლება კიდევ დაუკვეთს კვლევას და ამ კვლევის შედეგების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის სატელიტი. ამის გამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსახლეობის მოტყუების უფლება არავის უნდა მიეცეს. ადამიანმა შეიძლება თავისი სიმპათიებიდან გამომდინარე შემოხაზოს რომელიმე ოპოზიციური პარტია და რადგან ის ხელისუფლებასთან იქნება გარიგებული, სინამდვილეში, 41 ნომრისთვის გამოუვიდეს ხმის მიცემა.
რაც შეეხება ჩვენს დაბალ მაჩვენებელს, ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ყველა არჩევნებზე გვქონდა ასეთი მაჩვენებელი, მაგრამ მინიმუმ სამჯერ მეტ ხმას ვიღებდით. ასე რომ, ამისგან არანაირ ტრაგედიას არ ვქმნით. ასეთ პირობებში მუშაობასა და ბრძოლას მიჩვეულები ვართ. ბევრად უარესს პირობებშიც გვიმუშავია, ასე რომ, ეს დაბალი მაჩვენებლები ჩვენზე არანაირად არ იმოქმედებს. გადავწყვიტეთ, რომ არითმეთიკაში არ შევალთ, სანამ 31 ოქტომბრის 20.00 საათზე არ დაიხურება უბნები და არ დაიწყება ხმების დათვლა.
_ ამ დათვლისგან კარგს არ ელოდებით, რადგანაც მთელი ოპოზიცია შეთანხმდით, რომ ხმების დასაცავად იბრძოლებთ.
_ შეიქმნა ხმების დაცვის საერთო ოპოზიციური შტაბი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არის გაწევრიანებული. ჩვენ ყოველკვირა ვიკრიბებით და ვმსჯელოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ხმების დასაცავად სერიოზულად ვთანამშრომლობთ. ყველანაირ დარღვევასა და მანიპულაციებს გამოვკვეთთ. ამას გავაკეთებთ როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე. მაგალითად, „ქართული ოცნება“ თაღლითური გზით აპირებდა პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების ადგილზე საკუთარი აქტივისტების ან მათი ცოლებისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების დანიშვნას. ეს ძალიან სერიოზული დარღვევა იყო. ეს არჩევნების გასაყალბებლად გადადგმული ნაბიჯი გახლდათ და ამაზე სათანადო რეაგირება მოვახდინეთ.
ჩვენ თუ დავინახავთ, რომ რომელიმე პარტიას ხმებს პარავენ ან „ქართული ოცნების“ სატელიტებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებენ, მაშინ ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც ერთი, პროტესტს გამოხატავს.
აღარ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ ხალხს არჩევანი მოპაროს. ასეთი რამე უკვე არაერთხელ გააკეთა ივანიშვილმა: მაგალითად, 2016 წელს, როცა ჩვენს პარტიას ბიულეტენები მოპარა. მაშინ დიდი რაოდებით ბიულეტენი ირაკლი ალასანიას პარტიასაც მოპარეს. ამას „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ვეღარ გაიმეორებს, რადგან ოპოზიცია ერთიანი ძალებით შეეწინააღმდეგება.
ოპოზიციის გარდა არჩევნების მოპარვას არც ხალხი დაუშვებს. ყველა ხვდება, თუ რა მძიმე ვითარებაში შედის ქვეყანა. დღეს საქართველო არაკომპეტენტური, გამოუცდელი და არაკეთილსინდისიერი ხალხის ხელშია. კრიზისი ნელ-ნელა გვიახლოვდება და ამ ვითარებაში წარმოუდგენელია, რომ ქვეყანა ისევ „ქართულმა ოცნებამ“ მართოს.
კარგად ვიცი, რომ ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგი ყოველდღიური პრობლემებით დახუნძლულია, მაგრამ 31 ოქტომბერს მათ არჩევნებზე წასასვლელად დრო უნდა გამონახონ. არავის ვთხოვ, რომ ჩემს პარტიას მისცეს ხმა, ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ გამადიდებელი შუშით დააკვირდეს პარტიებს და ისე გააკეთოს არჩევანი. ახლა შეცდომის დაშვება საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯება.
ცნობილი ეკონომისტები ერთხმად ამბობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში 3-დან 5 წლამდე გასტანს ეკონომიკური კრიზისი, რაც კორონაპანდემიამ გამოიწვია. განვითარებად ქვეყნებში ის უფრო დიდხანს გაგრძელდება. წინ ძალიან მძიმე წლები გველოდება და კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ ვის ხელში იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ ძალადობას, ძალიან უხეშ დარღვევებს, მაგრამ ერთი რამ თვალში საცემია _ „ქართული ოცნება“ ცინიკურად უდგება იმ პრობლემებს, რაც დღეს მოსახლეობის წინაშე დგას. ამ პარტიის ნამდვილი სახე არის ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ის ისეთ საკითხზე ცრუობს ცინიკურად, რომელიც ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი ტყუილი რას შეიძლება შევადარო? ეს იმის ტოლფასი იქნება, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი რომ გამოვიდეს და თქვას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგაო. ნათია თურნავა გვიმტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკას არაფერი სჭირს. ამტკიცებს, რომ თურმე ლარის კურსის ასეთი მერყეობა ნორმალური პროცესია. სავალუტო რესურსების ამხელა ხარჯვის ფონზე მაინც ვერ ხერხდება ლარის ვარდნის შეჩერება და რანაირად არის ეს ნორმალური პროცესი? ლარის ვარდნის შეჩერება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლიანად დანგრეულია. ისედაც რა გვქონდა და ამათ სულ ჩამოშალეს. სავალუტო რეზერვებს იმისთვის კი არ ხარჯავენ, რომ პრობლემები მოაგვარონ, არამედ არჩევნების გადაგორებაზე ფიქრობენ მხოლოდ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოში ღებულობს რაღაც შემოსავალს, უფრო ღარიბია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.
საშინლად იზრდება უმუშევართა არმია, ამ მიმართულებით ნამდვილი კატასტროფაა. ასეთი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა თუ კიდევ დარჩა ქვეყანაში, ჩათვალეთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დავბრუნდებით.
პარტიული კუთვნილებისა თუ ასაკის მიუხედავად, ყველა ადამიანს ვთხოვ, რომ კარგად დაფიქრდნენ, ვის მისცემენ ხმას 31 ოქტომბერს. წინ ძალიან ცუდი პერიოდი გველოდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქარიშხალი ახლოვდება. მგონი, ყველა ხვდება, რომ ქარიშხლის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება გემის კაპიტანი. სამშვიდობოს გასვლა გამოცდილი კაპიტნის გარეშე შეუძლებელი იქნება. იმედია, ჩვენი ამომრჩეველი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ წინ მართლა ბევრი გამოწვევა გველოდება, მაგრამ ეს რამდენად აიძულებს ამომრჩეველს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება? ჩვენს ამომრჩეველს ბევრჯერ აქვს შეცდომები დაშვებული.
_ მგონია, რომ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. არჩევნების შედეგად მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამე: ჩვენნაირი ქვეყანა ასეთ ეკონომიკურ კრიზისს მარტო ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდება. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნათლად დაგვანახა, რომ ერთი კაცის არაფორმალურ მმართველობასთან არ აპირებს თანამშრომლობას.
უკვე ვეღარც ვითვლი, თუ რამდენი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა პირდაპირ თქვა, რომ არ ითანამშრომლებენ ოლიგარქიულ მმართველობასთან, ზოგიერთმა კი ირიბად მიგვანიშნა ამაზე. გაფრთხილება დიპლომატიური წყაროებითაც მიიღო ქვეყანამ.
ასეთ კრიზისში საქართველო მარტო ვერ გადარჩება. მას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „ქართული ოცნების“ პირობებში ასეთი თანამშრომლობა გამორიცხულია. დონორებმა ღიად გვითხრეს, რომ ისინი ერთი კაცის ჯიბეში ჩასმულ მთავრობასთან არ ითანამშრომლებენ. ისინი ისეთი ტიპის მთავრობასთან ითანამშრომლებენ, როგორის ჩამოყალიბებასაც ოპოზიცია აპირებს.
_ კოალიციურ მთავრობას გულისხმობთ? _ ოპოზიცია ასეთი მთავრობის ფორმირების პირობას დებს.
_ კოალიციურ მთავრობაზე მოგახსენებთ. დღეს ასეთი მთავრობა განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. მთავრობაში თანამდებობებზე ადამიანები პროფესიონალიზმის გათვალისწინებით უნდა დაინიშნონ და არა იმის მიხედვით, თუ ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს.
_ კოლიციური მთავრობის ფორმირებისას ოპოზიციის რიგებში უთანხმოება მოსალოდნელი არ არის?
_ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება მარტივი არ იქნება. ამაზე, რა თქმა უნდა, დებატები გაიმართება. იმაზეც იქნება დავა, თუ ვინ რა კვოტა უნდა მიიღოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამან არავინ უნდა გააკვირვოს. მთავრობაში არის საკვანძო თანამდებობები, სადაც ადამიანები კომპეტენციის მიხედვით უნდა დაინიშნონ.
_ რა თანამდებობები მიგაჩნიათ საკვანძოდ?
_ მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი. ამ პოსტებზე იმ პარტიებიდან უნდა დავნიშნოთ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე კომპეტენტური კადრები ეყოლებათ. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პოსტებზე ადამიანები მოვიწვიოთ. საბედნიეროდ, საქართველოში არიან კადრები, რომლებიც ამ მძიმე ვითარებაში სათავეში ჩაუდგებიან კონკრეტულ მიმართულებებს. დღეს ეს გახლავთ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა.
ყველანაირი პარამეტრით, ყველანაირი ციფრებითა თუ მაკრო და მიკროეკონომიკური დათვლებით საქართველოს ეკონომიკა ბრუნდება გასული საუკუნის 90-იან წლებში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უკან დავბრუნდეთ და რაც აქამდე უწვალია ქვეყანას, ყველაფერი წყალში გადავყაროთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ არჩევნებზე სწორი ნაბიჯი გადადგას. არჩევანის გაკეთება არასდროს არაა სახუმარო საქმე. დღეს კი განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვართ და დაფიქრება გვმართებს. ამ კრიზისს თუ ვერ გავართმევთ თავს, კიდევ ერთ თაობას დავკარგავთ, როგორც ეს ჩემი თაობის შემთხვევაში მოხდა. უკან თუ დავბრუნდით, ვერც ხალხი იქნება კარგად, ვერც ოპოზიცია და ვერც _ ხელისუფლება.
_ ოპოზიციისა და ხალხის რა გითხრათ, მაგრამ ხელისუფლებაში ისევ „ოცნება“ თუ დარჩა, ისენი ნამდვილად კარგად იქნებიან. ახლაც სერიოზული კრიზისია, მარამ თავს ძალიან ლაღად გრძნობენ.
_ ხელისუფლებაში მყოფების კარგად ყოფნა ფარდობითი ნათქვამია. თუ ადამიანს ისეთი მენტალიტეტი გაქვს, რომ შენთვის სულერთია, ხალხი რა დღეშია, მაშინ ყველა დროში კარგად იქნები, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ხარ და თვალნათლივ ხედავ, თუ როგორ გენგრევა ქვეყანა თავზე, არ მესმის, რა კომფორტმა უნდა გააკეთოს იმის კომპენსირება, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არ იგრძნო?
დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არსებულ კრიზისში იმიტომ გრძნობენ თავს კარგად, რომ გამოუცდელები არიან. მათ პოლიტიკასთან ახლოს ჩავლილიც კი არ ჰქონდათ, ისე აღმოჩნდნენ მაღალ პოსტებზე. ერთ დღეს ოლიგარქი მოვიდა ხელისუფლებაში და ყველაფერი შეიცვალა. ამ ოლიგარქმა თავისი სურვილით შეარჩია ადამიანები და ზოგს რა სამინისტრო ჩააბარა, ზოგს _ რა. მან კადრები მინისტრების პოსტებზე არსაიდან მოიყვანა. არსაიდან მოსულებს კი ვერ მოსთხოვ, რომ არსებულ სიმძიმეებზე პასუხისმგებლობა იგრძნონ. მათ ვერც იმას მოსთხოვ, რომ სახელმწფოებრივად იაზროვნონ. ასეთი ადამიანები ქვეყანას ვერც კრიზისიდან გამოიყვანენ და ვერც სწორ გზაზე დააყენებენ. მათთან არც გვაქვს პრეტენზიები. არსებულ ვითარებაზე ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვთხოვოთ პასუხი. იგი დღეს ამ ქვეყნის აბსოლუტური მმართველია, მას ყველა საკვანძო თანამდებობაზე არაკომპეტენტური კადრები ჰყავს დანიშნული.
_ ეს შეგნებულად გააკეთა?
_ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამა და ამ პირისთვის ჩაებარებინა მინისტრის პოსტი. მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კომპეტენცია. ქვეყნისთვის კარგი რომ სდომოდა და მის განვითარებაზე ყოფილიყო ორიენტირებული, კომპეტენტურ კადრებს შეარჩევდა. ავიღოთ თუნდაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მაგალითი. დღეს მთელი „ქართული ოცნების“ პარტაქტივი გახარიას რეიტინგს არის ამოფარებული.
_ გახარიას რა რეიტინგი აქვს, რომ ამოფარებოდნენ?
_ პანდემიის დროს მაღლა აიწია მისი რეიტინგი. სხვებთან შედარებით მას მართლაც მაღალი რეიტინგი და ნდობა აქვს. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არც რაიმე წყენა მალაპარაკებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: ბატონი გახარია ხელმძღვანელობდა და ხელმღვანელობს საქართველოს მთავრობას. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ამ კრიზისში შევიდა, ის ჩვეულებრივ კომენდანტად გადაიქცა.
_ კომენდანტად რატომ გადაიქცა?
_ რატომ და დღეში ხუთჯერ მაინც ატარებდა ბრიფინგს. მხოლოდ იმას გაიძახოდა, ამას დავკეტავ, იმას გავაღებ, მერე შეცვლიდა და იტყოდა, იმას დავკეტავ, ამას გავაღებო. ადამიანს პრემიერის პოსტი ეკავა და საკომენდანტო შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
მთავრობის მეთაურს სულ სხვა რამე უნდა გაეკეთებინა. მთავრობაც სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. გახარიას უნდა მოეხდინა სამედიცინო, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებების კოორდინაცია. კრიზისული ვითარების დროს ეფექტიან კოორდინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გიორგი გახარია კი დღეში ხუთჯერ ატარებდა ბრიფინგებს და იმას გვიყვებოდა, თუ რა ჩაკეტა და რა გააღო.
ამასობაში არავის გაახსენდა, რომ მოეწვიათ ეკონომიკის დარგების სპეციალისტები, ვისთან ერთადაც გააკეთებდა მთავრობა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ანტიკრიზულ გეგმებს. ჩვენს საერთაშორისო დონორებს ეს გეგმები რომ დაენახათ, საქართველო კიდევ უფრო დიდ დახმარებას მიიღებდა. მათი დახმარების წყალობით ლარის კურსი ასე არ გაუფასურდებოდა. გეგმების შემუშავებაზე არც კი უფიქრიათ. სამაგიეროდ, ძალიან მოეწონათ, ქვეყანა რომ გადაკეტეს.
ამის შედეგად მივიღეთ დანგრეული ეკონომიკა. მთავრობას დღემდე ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანი არანაირი გეგმა არ წარმოუდგენია. ეკონომიკის დანგრევის პარალელურად ისიც მივიღეთ, რომ კორონაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ხალხი ვეღარ ხვდება, როცა დღეში 7 კაცი იყო ინფიცირებული, ქვეყანა ჩაკეტეს და ახლა, როცა დღეში 200 ინფიცირებული ვლინება, ქვეყანა ღიაა. 200 ინფიცირებულის შემთხვევაში თუ შეიძლებოდა ქვეყნის არჩაკეტვა, მაშინ რატომ ჩაიკეტა გაზაფხულზე ყველაფერი და რატომ დაგვაქციეს სახელმწიფო თავზე? _ ეს ლეგიტიმური კითხვაა და მას ყველა სვამს. ხელისუფლება ნაცადი ხერხებით ცდილობს არჩევნების გადაგორებას. არჩევნების გადასაგორებლად სავალუტო რეზევებს აბსოლუტურად გაუთვლელად ისვრის ჰაერში, ასევე მანიპულირებს კორონავირუსით. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, ეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირად დაუჯდება. პოლიტიკური მიზნებისთვის პანდემიის გამოყენება ბოროტებაა!
_ ამ პანდემიის მომიზეზებით არჩევნებს ხომ არ გადადებენ? ამაზე რამდენიმე თვის წინ უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ.
_ წინასწარ ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“. ეგ არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის პრობლემა, რომ მისი ხელისუფლება გაუგებრად და არაადეკვატურდ იქცევა. იმდენად გაუმჭვირვალე ხელისუფლება მართავს ქვეყანას, რომ არჩევნებზე საუბარსაც კი არ აქვს აზრი. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი. რას მოიმოქმედებს იგი, არც მთავრობის წევრებმა იციან. ახლა, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთი კაცის ნებაზეა მიშვებული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ამომრჩეველზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ შორის ისიც, თუ როგორი იქნება ხვალ ლარის კურსი. ასე რომ, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ ამა თუ იმ პარტიის შემოხაზვას გადაწყვეტს.

შორენა მარსაგიშვილი