ნიკა მაჭუტაძე: „ხალხი 31 ოქტომბერს ელოდება!“

ნიკა მაჭუტაძე ახალგაზრდა პოლიტიკოსი და პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. სხვათა შორის, ეს პარტია, თავის დროზე, პაატა ბურჭულაძემ დააარსა, დღეს კი აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკური ლიდერი დეპუტატი ნატო ჩხეიძეა, რომელიც „ძალა ერთობაშიამ“ ხაშურის, ქარელისა და მე-16 საარჩევნო ოლქში შემავალი გორის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.
ჩვენი რესპონდენტი, ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძის საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩაბმული. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ „ძალა ერთობაშიას“ წევრი 2018 წლიდან, ე. ი., ამ ოპოზიციური პლატფორმის დაარსების დღიდანაა.

ამასთან, იმასაც შეგახსენებთ, რომ ნიკა მაჭუტაძე და მისი პარტია ენმ-ს ინიციატივას, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი მიხეილ სააკაშვილი გახდეს, მხარს უჭერს, თუმცა აქ ერთი კი არა, რამენიმე დეტალია გასარკვევი: ჯერ ერთი, სააკაშვილზე შიდა ძებნაა გამოცხადებული, ანუ როგორც კი ის ქვეყნაში ჩამოვა, მას დაიჭერენ. მეორე და მთავარი _ მესამე პრეზიდენტი საქართველოს კი არა, უკრაინის მოქალაქეა. ჰოდა, თავისთავად საინტერესოა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი პრემიერი როგორ გახდება?
„ქრონიკა+“-მა ნიკა მაჭუტაძეს, რომელიც ოლიგარქატისა და არადემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ, სიყმაწვილიდან იბრძვის, ცხადია, ეს კითხვები დაუსვა. ამას გარდა, იმითაც დაინტერესდა, რა დავალება აქვს სააკაშვილთან და იქნება თუ არა იგი „ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაში? _ გთავაზობთ ინტერვიუს ნიკა მაჭუტაძესთან:

_ ნიკა, როგორი საარჩევნო განწყობა გაქვს და რას ფიქრობ, 31 ოქტომბერს რა მოხდება?
_ წინასაარჩევნო განწყობა საუკეთესოა _ ბევრს დავდივარ.
_ სად დადიხარ?
_ დავდივარ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში.
_ მერე?
_ ვგრძნობ, ვხედავ და უმთავრესს განვიცდი.
_ და ეს უმთავრესი რა არის?
_ ეს უმთავრესი ჩვენი ხალხის მტკიცე ნებაა, რომ თავისი სახელმწიფო, თავისი ქვეყანა დაიბრუნოს და ასევე თავის ქვეყანაში თვით საკუთარი თავი დააბრუნოს!
ეს ორმხრივი პროცესია.
_ ანუ?
_ ეს ერთგვარი შემხვედრობაა პოლიტიკასა და მის შემოქმედს _ სახელმწიფოსა და მის ხალხს შორის.
მოკლედ, ამ არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია იგებს!
_ ამას რის საფუძველზე ამბობ?
_ დრო გავიდა, გადამწყვეტი არჩევნები დადგა და ეს არჩევნები ხალხისა და ოპოზიციისაა!
ამიტომაც 31 ოქტომბერს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აღდგენას ველოდები.
ასევე ველოდები, რომ ხალხი კვლავ განახორციელებს და უმთავრესს დემოკრატიულ საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი _ რეალობად აქცევს!
დიახ, ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ხალხია, რომელმაც თავისი სამშობლო უზარმაზარი შრომითა და ბრძოლით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცია!
_ ე. ი., ხალხში არის განცდა, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს?
_ დიახ, ამის განცდა მხოლოდ ხალხში კი არაა, არამედ საამისოდ სახელმწიფო _ პოლიტიკური ნებაც მომწიფებულია!
_ ნიკა, არ ვიცი, ამას რის საფუძველზე ამბობ, როცა იგივე კვლევებით „ოცნება“ ლიდერობს, ანუ თუ ხალხს ხელისუფლების შეცვლა უნდა, აბა, კვლევების შედეგებს რით ხსნი?
_ მთავარი კვლევა და მთავარი ამბავი არჩევნებია.
_ დიახ, მაგრამ კვლევები ხომ ერთგვარად განწყობებს ასახავს?
_ არჩევნები ხალხის ნებასა და გადაწყვეტილებას თვალსაჩინოდ და მკაფიოდ გამოამზეურებს! მეტიც: მხოლოდ კი არ გამოამზეურებს, აღასრულებს კიდევაც. სხვათა შორის, ამ კვლევებში ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
_ რას გულისხმობ?
_ ეს ე. წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და, პლუს, გრაფაა _ „უარი პასუხზე“.
სრული პასუხისმგებლობითა და ასევე ცოდნით ვაცხადებ, რომ ეს სეგმენტი ოპოზიციის მხარდამჭერია!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, ნიკა?
_ ადამიანები ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს არ ენდობიან.
_ შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერ ზემოთქმულთნ რა კავშირშია?
_ ამ ვითარებაში ხალხი საკუთარი ნებისა და პოზიციის არგამჟღავნებას ამჯობინებს!
დღეს საქართველოში არანაირი „გადაუწყვეტელი“ მოქალაქე არ არსებობს! თითოეულ მოქალაქეს მიღებული აქვს გადაწყვეტილება და იმ გადამწყვეტ დღეს _ 31 ოქტომბერს ელოდება.
_ ვთქვათ, ასეა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, მითხარი, მიხეილ სააკაშვილთან რა დავალება გაქვს?
_ ამჟამად სააკაშვილთან უმთავრესი დავალება საქართველოში მისი დაბრუნება, ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და სახელმწიფოს საფუძვლების აღდგენისთვის მუშაობის დაწყებაა.
_ ისე, ახლახან „ძალა ერთობაშიას“ კახა ოქრიაშვილი შეუერთდა, რომელიც, პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე „ქოცი“ იყო და ამასთან, პროპორციულ არჩევნებსაც აპროტესტებდა. ხმა დადის, რომ ოქრუაშვილთან კოლაბორაციამ „ძალა ერთობაშიას“ რეიტინგზე, რომელი გაერთიანების წევრი შენც ხარ, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ადამიანებთან მედიკამენტების სიძვირე ილინკება. მოკლედ, ამაზე რას მეტყვი?
_ კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს და ამაში დარწმუნებული ვარ!
_ ნიკა, სამაჟორიტარო ოლქის მოგებაზე არ მიკითხავს, თუმცა მეჩვენება, რომ სიტყვას ბანზე მიგდებ. ამიტომ ისევ სააკაშვილის თემას დავუბრუნდები, ანუ როგორც ცნობილია, მესამე პრეზიდენტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. მიშა როგორი პრეზიდენტი იქნება, ეს სხვა თემაა, მაგრამ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ჰოდა, რა მექანიზმი არსებობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი გახდეს?
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური და სრულიად სამარცხვინო დევნა შეწყდება.
_ შეიძლება, მაგრამ რატომ გავიწყდება, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არაა?
_ საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობაც აღუდგება.
_ არ მგონია, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინოს.
_ პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს უყრის და სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს!
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა სამართლდამცველი უწყებების დეპოლიტიზაციისა და ადამიანის თავისუფლების კონტექსტში „გაუვნებელყოფის“ რეალური, მყარი პროგრამა წარმოადგინა. მე თუ მკითხავთ, ამ ინიციატივას ასე უნდა ერქვას _ „დებოლშევიზაცია“!
_ ანუ?
_ რამდენი იმუშავეს, რამდენი მემორანდუმი იყო, რამდენი შეხვედრა _ არასამთავრობო სექტორი, უცხოელი ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები, მიზნობრივი ჯგუფები და მისთანანი, მაგრამ ასეთ საქმიან, რეალურ და უსაფრთხო გააზრებას, სავსებით გასაგებ კონკრეტიკას ჯერ ვერავინ და ვერც ერთმა პროცესმა ვერ მიაღწია.
გაკვეთილი გამოტანილია _ ეს გაკვეთილი მწარეც აღმოჩნდა და მტკივნეულიც, მაგრამ კონკრეტული შედეგი სახეზეა _ გააზრება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფს მოქალაქისა და მისი თავისუფლების უსაფრთხოებას სისტემური თვალსაზრისით.
დანარჩენი პიროვნული საკითხია _ თავისუფლება ყოველდღიურად თავიდან მოსაპოვებელი იქნება. უბრალოდ, თუ იოჰან გოტლიბ ფიხტეს ცნობილი თქმის პერიფრაზს მოვიხმობთ, ასეთია თავისუფლება.
მოქალაქედაც ყოველდღიურად უნდა შედგე და თავისუფლებაც ყოველდღე თავიდან უნდა მოიპოვო.
ეს ასე იქნება ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ პოლიტიკურ და ისტორიულ მოცემულობაში!
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ჩვენი პარტიის თანხმობაც აქვს _ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს.
არავითარი საშუალება არ გვაქვს, ცდები ჩავატაროთ ქართულ სახელმწიფოზე _ წარსულ სახელისუფლებო შეცდომებზე დაფიქრებული მიხეილ სააკაშვილი მთავარი პერსონა და კანდიდატია ივანიშვილის წინააღმდეგ და არამხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ.
_ აბა, კიდევ ვის წინააღმდეგ?
_ რუსული ინტერესების მთავარი ქართული წინააღმდეგობა სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკავშირდება.
ეს არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების კი არა, რუსული ორბიტიდან სამუდამოდ გაღწევის გადამწყვეტი დროა. სწორედ ამ კონტექსტშია სააკაშვილის ფიგურაც, ამ კონტექსტშია გაერთიანებული ოპოზიციის კოალიცია-ბლოკი და ამ კონტექსტშია ის საზოგადოებაც, რომელიც საკუთარ თავს დასავლეთის პოლიტიკურ-სამართლებრივ და კულტურულ სივრცეში მოიაზრებს.
რუსეთის იმპერიაა ჩვენი მთავარი სამიზნე, რუსეთია ჩვენი მთავარი მტერი და ყველაზე მეტი, დიდი გამოცდილება ამ ბრძოლაში, ამ ხიფათში სწორედ სააკაშვილს აქვს _ ქართული სახელმწიფოებრივი წვლილით და უკრაინული ეპოპეითაც მაიდნიდან _ დღემდე.
რუსეთის მიზანია, ფიგურებისა და სრული პოლიტიკური პერსონებისგან დაცალოს ჩვენი სახელმწიფო და პოლიტიკა, ანუ ადამიანებისგან, ვისაც პრეტენზია აქვს ისტორიაზე, ისტორიულობაზე. ჩვენ კი პირიქით გვინდა.
ჩვენ გვჭირდება პირიქით მოქცევა _ სახელმწიფოს მეთაური რომელიმე მეათეხარისხოვანი ლოგოთეტი კი არ უნდა იყოს ოლიგარქის, არამედ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ენდობიან, რომელსაც ელოდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები და რომელსაც, სხვათა შორის, ჰყავს მტრებიც. საერთოდ, მტრების გარეშე საკაცობრიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი ყოფილა და არ მომხდარა.
მარიონეტების დადგმა თეატრში კარგია. სახელმწიფოს კი სჭირდება ლიდერი, გაბედული, გადამჭრელი ზომების მიმღები ფიგურა, რომელსაც შეუძლია კონსოლიდაცია მთელი საზოგადო ენერგიის _ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, აღმშენებლობისთვის და საერთოდ, სახელმწიფოსთვის, რომელიც არ შეიძლება, მიეკუთვნებოდეს რომელიმე ერთ ადამიანს და რომელსაც უნდა განკარგავდეს ხალხი _ ტრადიციით, კონსტიტუციით, წარსულის მემკვიდრეობით, მეხსიერებითა და მომავლის ინტერესებით.
_ ყველაფერი ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ნაცმოძრაობას“ კოალიციურ მთავრობაში ხმათა უმრავლესობა ექნება. ისე, ზოგი ვარაუდობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, ანუ გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩრკვიანის ტანდემი, თქვენს ბლოკს სერიოზულ მხარდამჭერებს წაართმევს…
_ ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი გვყავს, რომელიც ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილია.
ამასთან, ცვლილებებიც ჩვენ, ანუ ჩვენს ბლოკს _ გაერთიანებულ ოპოზიციას უკავშირდება.
_ ვაშაძეს კი ნოვაციები უკავშირდება… სხვათა შორის, თავიდან, ანუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ძალა ერთობაშიას“ 9 წევრი ჰყავდა, ახლა კი არჩევნებზე ხუთწევრიანი ბლოკით გამოდიხართ. ვაშაძე-ჩარკვიანის გარდა, კიდევ ვინ გაგემიჯნათ?
_ შენ წარმოიდგინე, გაერთიანებული ოპოზიციისგან ვაშაძე-ჩარკვიანის ტანდემიც არ გამიჯნულა.
_ ბლოკი დატოვეს და ამაზე მეტი გამიჯვნა რაღაა?
_ ბლოკიდან ეს ორი სუბიექტი გავიდა და ასევე ორი სუბიექტი შემოვიდა.
_ ნიკა, ოპოზიციას რა მექანიზმი აქვს, რომ არჩევნების გაყალბება არ დაუშვას და საკუთარი ხმები დაიცვას?
_ არჩევნების გაყალბებას უწინარესად თავად ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერ ერთი, მოქალაქეთა ხმების დაცვის საერთო შტაბი შევქმენით და, მეორეც, ვმუშაობთ ინოვაციურ მეთოდებზე.
ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც ველოდებით.
_ თუმცა კორონას გამო საერთაშორისო დამკვირვებლები შესაძლოა, არ ჩამოვიდნენ…
ნიკა, რა ამის პასუხია და, მაჟორიტარობის კანდიდატი რატომ არ ხარ ან სიაში იქნები?
_ მაჟორიტარობაზე უარი თავადვე განვაცხადე.
_ რატომ?
_ გურია განიხილებოდა და შემოთავაზებებიც იყო…
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, სიაშიც ვიქნები და საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა ეს მთავარი სავსებით არაა.
_ მთავარი, აბა, რა არის?
_ ის, რაც მთავარია, წეღან უკვე მოგახსენე…
_ კარგი, მაგრამ ის მაინც მითხარი, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ხალხისთვის?
_ პირადად მე, სახელმწიფო მცირე მთავრობით, დაბალი გადასახადებით, ღირსეული, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოთი, შეთანხმებული ღირებულებებით და ამ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციით წარმომიდგენია.
ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ისე განიხილება, როგორც ერთგვარი სოციალური კონტრაქტი, გნებავთ, საზოგადოებრივი შეთანხმება იმ ქართველებს შორის, ვინც უკვე ცოცხლები აღარ არიან, ასევე მათ შორისაც, ვინც ჯერ არ დაბადებულან და რასაკვირველია, თანამედროვე ქართველებს შორისაც.
_ ნიკა, ძალიან რთულად მეუბნები. მოდი, მარტივად მითხარი, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ხალხისთვის?
_ ქართული სახელმწიფოს მიმართება მსახურებითი უნდა იყოს, რადგან მისი ძირითადი საშინაო შინაარსი სწორედ ასეთია.
_ წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: მიშამ არჩევნებამდე საქართველოში დაბრუნება რატომ გადაიფიქრა?
_ სააკაშვილი მაშინ დაბრუნდება, როდესაც მისი ჩამოსვლა ქართული სახელმწიფოს მტრებს ინსინუაციების საშუალებას არ მისცემს!
_ წეღან კოალიციური მთავრობა ახსენე და ამიხსენი, ჩემთვის, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ეს კარგი რატომ იქნება და რა ხეირს მომიტანს?
_ კოალიციური მთავრობა და კოალიციური უმრავლესობა თითოეულ ჩვენგანს რომელიმე ერთი პირის თავნება მმართველობისგან დაგვიცავს!
ეს ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთავარი მექანიზმია, რაც ქართული სახელმწიფოს რეალური თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ასე ძალიან გვჭირდება.
_ ამ ქვეყნისთვის სიღარიბე უფრო დიდი მტერია, კორუფცია თუ ოლიგარქია?
_ სიღარიბე სწორედ კორუფციასა და ოლიგარქიაზე დგას, რომელიც, თავის მხრივ, ფართო გასაქანს აძლევს რეკეტს, ძალმომრეობას, მტაცებლობას, ქურდობას, მოსყიდვასა და ყოველგვარ უზნეობას. ყველაფერ ამას 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაესმება წერტილი.
ეს უწინარესად არჩევანია რუსეთსა და დასავლეთს შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, პუტინის მოკავშირეობასა და დასავლურ ცივილიზაციაში სრულფასოვან მონაწილეობას შორის, იმ ცივილიზაციაში, სადაც ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა წინაპრებმა თავიდანვე განსაზღვრეს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი კულტურის, ჩვენი წარსულისა და მომავლის ერთადერთი ადგილი!

გიორგი აბაშიძე