ხათუნა ლაგაზიძე: „ჩემი გატეხა, მლიქვნელად და მეხოტბედ ქცევა არავის გამოუვა!“

მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძე მოულოდნელად გადადგა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური აღმოჩნდა. თავიდან ითქვა, რომ მაღლაფერიძემ „საზმაუ“ იმიტომ დატოვა, რომ შესაძლოა, „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოწინავე ადგილი დაიკავოსო, მაგრამ თავადვე განმარტა, რომ პოლიტიკაში ვერ ვიხილავთ. ამასთან, კულუარებიდან გამოჟონა ხმამ, რომ მაღლაფერიძის მოულოდნელი წასვლა შესაძლოა, გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებთან იყოს კავშირში. იქნებ, არც უამისობაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან, ანუ თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან, წელიწადში რამდენიმე ათეულ მილიონს იღებს და, მოარული ინფორმაციით, ერთგვარი კორუფციული მიდრეკილებები, ჯერ კიდევ, შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული, ამ დაწესებულების ყველა ხელმძღვანელს ჰქონდა.

მაღლაფერიძის გადადგომაზე არანაკლებ მოულოდნელი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემ გამოთქვა. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგობრებო, დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება:

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას: იმ დროს, როცა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში; ტოტალური ფეიკნიუსების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე საზოგადოების ფართო მასების განათლების პრობლემა: როგორ იყვნენ შეიარაღებულები და დაცულები ყალბი ინფორმაციული ნაკადებისგან. მაშინ, როცა საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი საქართველოს საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაქსაქსვაა, ამის საპირისპიროდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ერთიანი, პროგრესსა და აღმშენებლობაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანამედროვე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობისთვის წარმატების საჭირო უნარებისა და სწორი ორიენტირების დასახვაა;
  2. მე წაუგებელ ბრძოლაში შევდივარ: თუ სამეურვეო საბჭო ამირჩევს, მექნება საშუალება, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავაქციო საქართველოს საინფორმაციო სივრცის, საქართველოს საზოგადოების ყალბი საინფორმაციო ნაკადებისგან დაცვის მთავარ პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს მის ერთიან, პროგრესსა და აღმშენებლობაზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირებას და დაუსახავს მას თანამედროვე, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში წარმატებისთვის საჭირო უნარებსა და ორიენტირებს. და ვფიქრობ, ეს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებული მიზანია. მეორე მხრივ, ეს არჩევნები ხელისუფლების ტესტია: თუ ხელისუფლების ზეწოლით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მისი ინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკი მოგვევლინა, საპარლამენტო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე „ოცნება“ საკუთარ სახეს აჩვენებს როგორც მოსახლეობას, ასევე _ საერთაშორისო საზოგადოებას: როგორ აპირებს ის ზეწოლით და ხელების გადაგრეხით არჩევნების ჩატარებას?
  3. რადგან ამ ბრძოლაში შევდივარ, იმისთვისაც მზად ვარ, რომ ხელისუფლებამ უკადრებელიც იკადროს: ერთი წლის წინათ, როცა თანამედროვე საქართველოში პროფესიონალიზმის ერთ-ერთმა ეტალონმა ქალბატონმა საზმაუს ბორდის წევრობაზე განცხადება შეიტანა, მის სტუდენტს ისეთი სასაცილო, რომ არა სატირალი, ყალბი ბრალდებები ათითხნინეს, თავად მოიჭრეს თავი, თორემ ამ ქალბატონს არაფერი დაჰკლებია. ასე რომ, ჩემთვის და თქვენთვისაც სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერი კამპანია, რომელსაც კონკურსის პერიოდში ჩემ წინააღმდეგ მიმართავენ, ხელისუფლების ორგანიზებული იქნება;
  4. და ამის მიუხედავად, ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და ჭაობია“.

ისე, „ოცნება“, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ლაგაზიძე „საზმაუს“ დირექტორი ვერ გახდეს. ამის თქმის საფუძველს კი სოციალურ ქსელში ხელისუფლებასთან აფილირებული სუბიექტების აქტიურობა იძლევა, ანუ ყალბი თუ რეალური აქაუნტებით „ოცნების“ აქტივისტები ხათუნა ლაგაზიძეზე შტურმს ახორციელებენ _ მის ცოდნა-გამოცდილებას ვერ იწუნებენ, მაგრამ ოპოზიციურ განწყობებში სდებენ ბრალს და ამბობენ, როგორ შეიძლება, ტელევიზიის ხელმძღვანელი გახდესო. არადა, „ქოცებს“ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი „ოცნების“, ე. ი., ხელისუფლების კი არა, საზოგადოების საკუთრებაა და შესაბამისად, ეს ტელევიზია ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის _ „ქოცის“, „ნაცისა“ თუ მარშელის ინტერესს უნდა გამოხატავდეს.
მოკლედ, რატომ უნდა „საზმაუს“ ხელმძღვანელობა ანალიტიკოსს? _ „ქრონიკა+“ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ხათუნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
_ ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი სულ უფრო მასშტაბური ხდება, თუმცა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებისგან კონტრსაინფორმაციო პოლიტიკას ვერ ვხედავ. შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უსაფრთხოების საინფორმაციო პოლიტიკა არ გააჩნია, რაც საზოგადოებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს.
_ რატომ?
_ ყველაფერ ამის მიზანი მხოლოდ საქართველოში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საინფორმაციო ომს ახორციელებს, ერთია _ საზოგადოების მტრულად განწყობილ ნაწილებად გახლეჩა, რათა ადამიანებმა ერთმანეთთან სალაპარაკო ენა ვერ გამონახონ. მოკლედ, რუსეთის მიზანი ქვეყნებისგან ბაბილონის გოდოლის შექმნაა. ფეიკნიუსებისა თუ შეთქმულების თეორიების მთელი კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება.
_ ერთი სიტყვით, ჩვენი საზმაუწყებელი რუსული საინფორმაციო ომის, მინიმუმ, გასაქარწყლებლად არაფერს აკეთებს?
_ დიახ, თუმცა სანამ უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავალ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სახელმწიფოს თავდაცვითი და უსაფრთხოების საინფორმაციო პოლიტიკა არ გააჩნია, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ზღუდეები მთლიანად მოშიშვლებულია. არადა, იმ დროს, როცა ამ საინფორმაციო ომის მთავარი სამიზნე საზოგადოებაა, ამ კუთხით უპირველესი როლი სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება.
_ რას გულისხმობთ?
_ საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას _ საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, რა ხდება და რა ტიპის საინფორმაციო ნაკადებს ახვევენ თავს. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე მიმაჩნია, რომ ფეიკნიუსებისა თუ ფეიკსაიტების გამოვლენა და ასევე იმ განწყობებზე საუბარი, რომელთა დამკვიდრებასაც ცდილობენ, ყოველდღე უნდა ხდებოდეს. ამასთან, ყველაფერი ეს ძალიან ინტერაქტიული უნდა იყოს, ანუ როცა ადამიანს კითხვა გაუჩნდება, ესა თუ ის ნიუსი ან საინფორმაციო წყარო რამდენად რეალურია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხი უნდა გასცეს.
საერთოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ორი მიმართულება უნდა ჰქოდნეს.
_ კერძოდ?
_ ერთი განათლების მიმართულებაა, რომლითაც საზოგადოებას გააგებინებს, ფეიკნიუსი და, საერთოდ, საინფორმაციო ომი რას ნიშნავს და ყველაფერ ამის აქტორები ვინ არიან.
მეორე მიმართულება კი კონკრეტული ქეისების მაყურებელთან ერთად განხილვაა. ყველაფერი ეს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს და ამით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებადობაც გაიზრდება. სხვათა შორის, ეს ნოუჰაუ არაა _ საქართველოში არ ხდება, თორემ მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს და დასავლურ სამყაროში თითქმის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. მაგალითისთვის BBC-ს მოვიყვან, რომლის პარტნიორებიც Facebook -ი და Google -ა და ზემოხსენებული ტიპის ნიუსებს სწორედ მათთან ერთად ავლენს და რეაგირებასაც ახდენს.
_ სანამ ჩვენი „საზმაუ“ BBC-ს მიუახლოვდება, ალბათ, ათასი წყალი ჩაივლის, თან, ქალბატონო ხათუნა, ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელები თუ ამჟამინდელი მესვეურები აუცილებლად შეგეკამათებიან და გეტყვიან, იგივე ფეიკნიუსებთან საბრძოლველად სპეცპორტალი ჩვენც შევქმენითო…
_ დიახ, ეს ვებგვერდი ნანახი მაქვს, მაგრამ ვერაფრით შემეკამათებიან.
_ რატომ?
_ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაქსიმალურად შევეცადე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა დეტალი შემესწავლა _ ბიუჯეტიდან დაწყებული, პროგრამული ბადით, სტრატეგიითა თუ პრიორიტეტებით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ ფეიკნიუსებთან ვებგვერდის შექმნა ზღვაში წვეთი და ვალის მოხდაა!
_ ასე რატომ გგონიათ?
_ სოციალურ ქსელში წამოსულ ფეიკნიუსების ნიაღვარს რაღაც საიტით ვერ შეებრძოლები, თან აქ მხოლოდ სოციალურ ქსელზე კი არა, ათეულობით დაფინანსებულ საიტზეა საუბარი, რომლითაც, საბოლო ჯამში, ფეიკსაინფორმაციო ველი იქმნება, რასაც დაფინანსებული ადამიანების კოჰორტაც ემატება. ამიტომაც ყველაფერ ამას რაღაც ერთი ვალისმოსახდელი ვებგვერდით ვერ გაუმკლავდები.
სხვათა შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 102 მილიონი იყო, აქედან 40 მილიონი სახელმწიფოსგან სესხადაა აღებული. მოკლედ, ეს სოლიდური ბიუჯეტი იქითკენ უნდა მიიმართოს, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს. ინფორმირებულობა კი, თავისთავად, დაცულ საზოგადოებასა და წარმატებულ ქვეყანას ნიშნავს!
აი, ამ ჯაჭვის შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთი და ფუნდამენტური მიმართულებაა.
ამის პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთიანი და წარმატებული საზოგადოების მშენებლობაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
_ როგორც დირექტორობის კანდიდატს, ხედვები ამ კუთხითაც გაქვთ?
_ რა თქმა უნდა. დღეს ქართულ საზოგადოებას სრული ფრუსტრაცია, დეპრესია, იმედგაცრუება და არაფრის შეცვლის სურვილი სჭირს, თუმცა ყველაფერი ეს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვების შედეგი არაა.
_ აბა, კიდევ რისი შედეგია?
_ ეს სწორედ იმ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის შედეგიცაა, რასაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს.
_ ქალბატონო ხათუნა, თქვენი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა რუსულ საინფორმაციო ომს უცოდინარობის გამო არ ებრძოდა თუ ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა?
_ ეს კომპლექსური პრობლემაა.
_ ანუ?
_ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ გასართობი ან, თუნდაც, წმინდა საინფორმაციო ტიპის ტელევიზია ვერ იქნება. ის იმ დიდი მიზნის ნაწილი უნდა იყოს, რომელზედაც ვსაუბრობ და თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სათავეში ისეთი ადამიანი არ მოვა, რომელიც სტრატეგიულად აზროვნებს და სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, საინფორმაციო ომს არ ხედავს, მაშინ ყველაფერ ამას ვერ გააკეთებს. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვა მასშტაბის აზროვნებაა საჭირო და არა _ მხოლოდ ტელევიზიის ცოდნა და კარგი მედიამენეჯერის უნარი. დღეს ამ ტელევიზიას სხვა ტიპის მენეჯერი სჭირდება, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს სტრატეგიული კუთხით დაინახავს.
ამ ფრუსტრირებული საზოგადოების საპირწონედ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას 21-ე საუკუნის წარმატებული საქართველოს ფორმულა მასშტაბურად უნდა მიაწოდოს. აი, მაგალითად, რეგიონების მიხედვით წარმატებული ადამიანები უნდა გამოაჩინოს, მაგრამ დღეს თუ რამე კატასტროფა არ მოხდა, რეგიონები საერთოდ არ ჩანს. არადა, ამ დროს რეგიონებში რიგითი ადამიანები წარმატებულობის არაჩვეულებრივ მაგალითებს გვაძლევენ.
მოკლედ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია ფრუსტრირებული საზოგადოების წარმატებულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ საზოგადოებად გადაქცევაც უნდა იყოს!
ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებით მომავალი თაობებისთვის ხელშეწყობა _ ესეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა და ფულს იმიტომ ვუხდით, რომ თანამედროვე სამყაროს _ ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა თუ შრომის ბაზრის ტენდენციები ვიცოდეთ. ჩვენმა შვილებმა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი არაა, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან უნდა გაიგონ, ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი ან მომავალში ყველაზე წარმატებული პროფესია რომელი იქნება. ამასთან, ტელევიზიით IT პროგრამირებაც უნდა ისწავლებოდეს. ყველაფერი ეს ამ ქვეყნის მომავალ თაობას წარმატებულსა და კონკურენტუნარიანს გახდის.
_ მესმის, მაგრამ ამ კუთხითაც შეგეკამათებიან. ყოველ შემთხვევაში, ვასილ მაღლაფერიძემ, როცა „საზმაუს“ დირექტორობა დატოვა, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთვარ მიღწევად ის დაასახელა, რომ „ტელესკოლა“ გააკეთა…
_ კი ბატონო, „ტელესკოლა“ არის, მაგრამ აქაც ვერ შემეკამათებიან, რადგან ეს პროექტი დღეს საქართველოში არსებული განათლების სისტემის სრული ასახვა და ტელესივრცეში კოპირებაა. ბევრი რამ ძალიან კარგია, მაგრამ ამ გადაცემაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტსა თუ პროგრამირებაზე არაფერია ნათქვამი.
ერთი სიტყვით, ჩვენ ურმით მივდივართ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა კი ის უნდა იყოს, ამ ურმიდნ „ტესლაზე“ როგორ გადავსხდეთ, ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსახლეობას უნდა დაანახოს, რომ ურმის გარდა, „ტესლაც“ არსებობს და ადამიანებს ამ „ტესლაზე“ გადაჯდომის, ასევე იმის სურვილი და მოტივაცია უნდა გაუჩინოს, რომ თითოეული მათგანი „ტესლის“ შემქმნელი თავად გახდეს!
მოკლედ, მე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს, შემდეგი მიზნები მექნება: რუსულ საინფორმაციო ომში საქართველოს საზოგადოების ინტერესების დაცვა; ერთიან პროგრესზე, აღმშენებლობაზე, წარმატებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა.
_ გეგმა, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან კარგია, მაგრამ ვიცით, რომ „საზმაუს“ ბორდი უმეტესად „ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ქალბატონო ხათუნა, მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას როგორ მოიპოვებთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არსებული პრაქტიკით, ამ ტელევიზიის დირექტორი აუცილებლად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი თუ არა, მისი მფარველობის ქვეშ უნდა იყოს?
_ კი, ასეა, თუმცა მხოლოდ იდეალისტობის გამო არ გადავწყვიტე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში მივიღო მონაწილეობა.
_ აბა, საამისოდ კიდევ რა საბაბი თუ მიზეზი გაქვთ?
_ საერთოდ, ძალიან პრაგმატული და რაციონალური ადამიანი ვარ და იცით, რას ვაკეთებ?
_ რას?
_ ამ კამპანიის ფარგლებში, მინიმუმ, იმის საშუალება მექნება, რომ ადამიანებმა გაიგონ, თანამედროვე საზოგადოებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი და ფუნქცია რა არის.
გარდა ამისა, სამეურვეო საბჭოში ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც უნდა დაინახონ, რომ ტელევიზიაში მუშაობის პრაქტიკა იმის გარანტია არაა, რომ ადამიანმა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში ჩააყენოს, ანუ შეიძლება, ტელევიზიის კარგი მუშაკი იყო, მაგრამ სტრატეგიული ხედვისა და მენეჯმენტის არაფერი გაგეგებოდეს. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ ბორდი ჩემი ხედვების უპირატესობას დაინახავს, თუმცა ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ არჩევანში თავისუფლები იქნებიან.
ასეა თუ ისე, მე წაუგებელ ბრძოლაში შევედი, რადგან საზოგადოებას დავანახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი რა არის და მის მიერ ყოველწლიურად გადახდილი ასი მილიონი რაში უნდა დაინახოს.
სხვათა შორის, ძალიან საინტერესო რამ მოხდა.
_ კერძოდ?
_ ჩემი ამ ბრძოლაში შესვლის იმდენად შეეშინდათ, რომ ხელისუფლება ბორდის წევრებსაც აღარ ენდობა და კენჭისყრის წესს ცვლის.
_ ანუ?
_ პირველი ტური 22-შია _ ჯერ კენჭისყრის წესს შეცვლიან და მერე გენერალურ დირექტორს აირჩევენ.
_ ე. ი., გენდირექტორად არჩევის წესს ართულებენ?
_ ზუსტად არ ვიცი, თუმცა ვხვდები, რომ ბორდის წევრებზე კონტროლის უფრო მეტი მექანიზმის შემოტანას ცდილობენ.
სხვათა შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებს ისე ვუყურებ, როგორც დიდი, ანუ 31 ოქტომბრის არჩევნების რეპეტიციას.
_ ასეთი განწყობა რატომ გაქვთ?
_ თუ ხელისუფლება ბორდის წევრებს ხელებს გადაუგრეხს და საზმაუს გენერალური დირექტორის არჩევნებზე თავისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, 31 ოქტომბერსაც ზუსტად ასე მოიქცევა _ ამომრჩეველსაც ხელებს გადაუგრეხს.
_ 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ხელის გადაგრეხაში“ გაყალბებას გულისხმობთ?
_ არა მარტო.
_ აბა, კიდევ რას?
_ როგორც ქუჩის „შავი სამყაროს“ გამოყენებას, ასევე მოსყიდვასა და ა. შ.
მოკლედ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას „სახეს აახევს“ და კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ არაფერს ვერ კი არა, არ აკეთებს!
_ ქალბატონო ხათუნა, თუ ბორდმა თქვენი კანდიდატურა ჩააგდო და ამით აქამდე არსებული პოლიტიკა გაგრძელდა, ამ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა, ანუ ის, რომ წელიწადში ასი მილიონი გადავუხადოთ, აზრს ხომ არ დაკარგავს?
_ დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ამ მიდგომით ყველაფერს ხომ ვერ გავაუქმებთ? თუ ასეა, მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებით უნდა დაგვეწყო, იქ ისეთი გვიზის…
_ ჩვენთვის რომ ვთქვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია _ ამ ქალბატონს არავინ არაფერს ეკითხება…
_ მესმის, მაგრამ ყველაფერს სახელმწიფოს გაუქმებისკენ ხომ ვერ წავიყვანთ?
გამოსავალი ბრძოლაა _ ყველამ საკუთარი პოზიციიდან და რწმენით უნდა იბრძოლოს!
სხვათა შორის, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციასა და საქართველოში მის პარტნიორ ორგანიზაციას მივმართე, რომ ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩემი სოციალური გვერდების მონიტორინგი ჩაატარონ.
_ ეს რისთვის დაგჭირდათ?
_ იმის დასადგენად, ხელისუფლება ჩემთან ბრძოლას რა მეთოდებითა და რესურსით აპირებს. ამ დროისთვის, ალბათ, უკვე 30-მდე „ფეისბუქგვერდი“ დავარეპორტე.
_ რატომ?
_ ფეიკანგარიშები ან „ოცნების“ სხვადასხვა რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურობენ _ ისინი ჩემს გამოცდილებას, განათლებასა და კვალიფიკაციას აღიარებენ, რისთვისაც მათ მადლობას ვეუბნები, მაგრამ იქვე ამბობენ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ოპოზიციური განწყობები აქვს და როგორ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყოსო.
პირდაპირ ვამბობ: ხუთი ადამიანი მაინც დამისახელონ, რომელიც არც ერთი ხელისუფლებისგან არც ფულს იღებდა და არც დაკვეთას ასრულებდა. საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ კრიტიკულიც იყო და ობიექტურიც. ის, რომ „ქართული ოცნების“ მეხოტბედ არ დავრჩი, მხოლოდ ჩემი პლუსია! ჩემი ცხოვრების გზას გადახედონ და ნახავენ, რომ ოდესმე არც ხელისუფლების კრიტიკის შემშინებია და არც _ ოპოზიციის. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ობიექტური ვიყო! ამ შემთხვევაშიც, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირეტქორის კანდიდატის რანგში, საზოგადოების ინტერესებს წარმოვადგენ. ყველაფერი ის, რასაც ვამბობ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანის ინტერესებშია და ამიტომაც მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის სრული გარანტი ვიქნები! ხელისუფლებას ამიტომაც არ ვუნდივარ _ კბილი არაერთხელ მომისინჯა და ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი გატეხა, მლიქვნელად და მეხოტბედ ქცევა არავის გამოუვა!
_ მეც ვაღიარებ, რომ მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, თუ საჭიროა, ოპოზიციასაც აკრიტიკებთ ხოლმე! მოკლედ, ქალბატონო ხათუნა, წარმატებას გისურვებთ!

გიორგი აბაშიძე