ზურაბ ჭიაბერაშვილი: „კახელ გლეხს ვპირდები, რომ სოფლებს გადავცემთ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებს, საძოვრებსა და ტყეებს“

„ქრონიკა+“ ესაუბრება ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატს „ევროპული საქართველოდან“, ზურაბ ჭიაბერაშვილს:

– პირდაპირ თქვენ მიერ შემუშავებულ გეგმაზე გკითხავთ: რა არის ზურაბ ჭიაბერაშვილის ფორმულა, რომლითაც გვპირდებით, რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვლება და კარგად ვიქნებით?
– დიახ, „ევროპულ საქართველოს“ გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. მეტი პასუხისმგებლობა რომ გვქონდეს საზოგადოების მიმართ, ჩვენი გეგმა კონკრეტულ რაოდენობრივ მონაცემებს შეიცავს. კერძოდ, გეგმის მიხედვით, კახეთში 3300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, 8700-ზე მეტ ოჯახს გამოვიყვანთ სიღარიბიდან, 60 000 ათასზე მეტ ადამიანს დავუფინანსებთ საჭირო მედიკამენტებს, საბოლოოდ, „ევროპული საქართველო“ მოაგვარებს წყალმომარაგების პრობლემას რეგიონში. ჩვენ უნდა შევამციროთ აქციზი საწვავზე, რაც გააიაფებს ბენზინსა და დიზელს. ამ ქვეყნაში პენსია უნდა გაორმაგდეს. ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის პროგრამა, რომელიც გაწერილია ჩვენს სამოქმედო გეგმაში.
– მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველმა, რომ გკითხოთ, რა გააკეთა ბოლო 4 წლის მანძილზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, რას მიპასუხებთ?
_ რა გავაკეთე? „ევროპულმა საქართველომ“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მიმართული 40-ზე მეტი კანონპროექტი და წინადადება წარადგინა პარლამენტში. ნაწილის ავტორი მე ვიყავი. მოვითხოვეთ საწვავზე აქციზის შემცირება, სოფლად მოძრავი ავტომანქანების (რომლებიც მაგისტრალზე არ გადადიან) ტექნიკური დათვალიერებისგან განთავისუფლება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რომ ყოველ 100 ლარზე მოქალაქე 20 ლარის ნაცვლად მხოლოდ 15 ლარით იბეგრებოდეს. პარლამენტს წარვუდგინეთ დაგროვებითი პენსიის ალტერნატიული სქემა, რომ ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, როგორ დააგროვოს დანაზოგი. მე და დავით ბაქრაძეს მოთხოვნა გვქონდა პენსიის გაზრდის თაობაზე, რამაც მთავრობა აიძულა, თუნდაც მცირედით გაეზარდა პენსია.
_ დღეს რას ჰპირდებით ამომრჩეველს? კახელ გლეხს?
_ ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, გლეხი კაცისთვის არავინ არისო. ფრაზა „გლეხი კაცისთვის არავინ არის“ აწყობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ეს ნერგავს აზრს, რომ მთავრობის შეცვლას აზრი არ აქვს.
ამიტომ კახელ გლეხს ვპირდები, რომ სოფლებს გადავცემთ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებს, საძოვრებსა და ტყეებს. რადგან ხალხმა თავად მოუაროს მას და ჩინოვნიკების მიერ ხალხის საკუთრების მითვისება აღიკვეთოს.
– რამდენად მნიშვნელოვანი და ნაცნობია ქალაქ თელავის ტკივილი ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის?
_ თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვა თელაველების ტკივილია! თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაუბრუნდება. თავის დროზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს სტატუსი რამდენიმე ქალაქს მიანიჭა, ამ ნაბიჯს მივესალმე. თუმცა მაშინვე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ სტატუსს უნდა მოჰყოლოდა მეტი ფინანსური რესურსი და ავტონომია კომპეტენციებში, რომ თვითმმართველობა რეალური ყოფილიყო. სწორედ ფინანსური მოტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ ისევ გააუქმა ეს სტატუსი.
თელავსაც და სხვა ქალაქებსაც სტატუსი აღუდგება, მხოლოდ მკაფიოდ გაიმიჯნება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციები. თვითმმართველი ქალაქების კომპეტენციები გაფართოვდება და ძალიან ბევრი მომსახურება და საქმე, რაც უშუალოდ უკავშირდება მოქალაქეების ცხოვრებას, ადგილობრივად გადაწყდება.
– დაღლილი ჭიაბერაშვილი კახეთის რომელ მხარეს არჩევდა დასასვენებლად?
– კახეთი შრომისათვის შეუქმნია ღმერთს, ამას კი კეთილდღეობა და ბედნიერება უნდა მოსდევდეს. ამავე დროს, მგონია, რომ კახეთი საუკეთესოა დასვენების მხრივაც. უკლებლივ ყველა რაიონს თავისი გამორჩეული ხიბლი აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს პანკისის ხეობა – ამ მხარის მარგალიტი. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა ის დამოკიდებულება, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობას პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩვენი ქისტი და-ძმების მიმართ აქვს, _ ჩემთვის ეს მიუღებელია. განსხვავებული ეთნიკური წარმოშობა არ უნდა იყოს საფუძველი მთავრობისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა რომელიმე ჯგუფი მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს და ადგილობრივი პრობლემები სრულიად უგულებელყოს. დღეს ამას ვხედავთ. ხვალ ასე აღარ იქნება. ქისტები საქართველოს პატრიოტი ხალხია და ხეობის ეკონომიკური განვითარება მას საშუალებას მისცემს, თავიანთი შრომა და ენერგია ქვეყნის აღმშენებლობას მოახმაროს და თავადაც უკეთესი პირობები შეექმნათ კეთილდღეობის მისაღწევად.
_ ჭიაბერაშვილის ლაგოდეხი როგორია?
_ ლაგოდეხი მართლაც უნიკალური ადგილია. მრავალფეროვნება ამ კუთხის ძირითადი მახასიათებელია და სიმდიდრეა, თუ მთავრობა ხალხის სამსახურში დგას. მუნიციპალიტეტის განვითარებაში ეს ხალხი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. მეტი რესურსი უნდა ჩავდოთ აქ.
მომდევნო მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ ლაგოდეხი სხვადასხვა ქვეყანაში წარსადგენი დიპლომატების სამჭედლოა.
_ რატომ?
_ გინახავთ რაიონი, სადაც ამდენი ეროვნული შემადგენლობაა? ქართველები, ოსები, უკრაინელები, რუსები, ებრაელები, პოლონელები, სომხები, გერმანელები, აზერბაიჯანელები _ არც არსად! კულტურული და კუთხურ-ეთნიკური მრავალფეროვნება ლაგოდეხისა და საქართველოს სიმდიდრეა.
კახეთის მადლიანი მიწა შესაძლებლობას გვაძლევს, ეს მხარე ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურდეს. უნდა გაიხსნას საკონსერვო საწარმოები, ღვინის მარნები. ეს კი შექმნის მოთხოვნას ადგილობრივების მიერ მოყვანილ პროდუქციაზე, კახელების შრომა დაფასდება, გაიზრდება ოჯახების შემოსავალი.
_ სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება კახეთისთვის მნიშვნელოვანია. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კარგად დაგეგმილმა პოლიტიკამ ამ სფეროში?
_ მაღალგანვითარებულ, წარმატებულ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა ტრადიციაა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მთელი საფრანგეთი „ღვინის გზებითაა“ დაქსელელი, სადაც ათასობით პატარა, ოჯახურ მარანში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის და მშრომელ ადამიანს თავისი ნაოფლარის გაყიდვის პრობლემა მოხსნილი აქვს. შვეიცარიული ყველის ტრადიციული წარმოების ადგილებს ასევე მილიონობით უცხოელი სტუმრობს და სწორედ ისინი ასაღებენ ამ საყოველთაოდ ცნობილ პროდუქციას.
ჩვენთან პრობლემის სათავე ფინანსებზე, იაფ კრედიტზე ხელმისაწვდომობაა. ვისაც ვენახი აქვს, თანხა არ ჰყოფნის, თავისი პატარა მარანი გამართოს და ყოველწლიურად ყურძნის ჩაბარებაზე არ იყოს დამოკიდებული. თავის მხრივ, მარანი რომ გამართოს, გლეხს გარანტია სჭირდება, რომ ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს ადგილზეც გაყიდის ტურისტზე – იქნება ეს თბილისიდან ჩამოსული ქართველი, თუ უცხოეთიდან შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე – და უცხოეთშიც გაიტანს.
_ მხოლოდ სოფლის მეურნეობაა საქართველოს განვითარების ვექტორი?
_ კახეთში ძირი მაინც სოფლის მეურნეობაა. ეს არ გულისხმობს, რომ ტექნოლოგიების განვითარებაზე ქვეყანამ უარი უნდა თქვას, _ ტექნოლოგიები უნდა მივიდეს საქართველოს ყველა მოქალაქემდე. ერთმანეთს არ უპირსპირდება, ტექნოლოგიური განვითარება და სოფლის მეურნეობა.
ძველებს უთქვამთ: „თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო“. მთავარია, სოფლის მეურნეობა იდგეს მყარად ფეხზე. ამას სჭირდება ფინანსები, ტექნოლოგიები, კრედიტები. ოღონდ კრედიტს აიაფებს ეკონომიკური ზრდა. ის ეკონომიკური ზრდა, რაც „ქართული ოცნების“ პირობებშია, კრედიტს აძვირებს და ხელს უშლის იმას, რომ გლეხი მყარად დადგეს ფეხზე და თანამედროვე სტანდარტების ფერმერული მეურნეობები შექმნას.

მაკა მოსიაშვილი