პაატა დავითაია: „ამერიკამ ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა“

ოპოზიცია კმაყოფილია, რომ საქართველოში მრავლად არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ეს ხმები მათი მიმართულებით წავა. ამაში ეჭვი არც საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთ ლიდერ პაატა დავითაიას ეპარება. ჩვენთან საუბარში ის 2003 და 2012 წლებს იხსენებს, როცა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. მას ეჭვი არც იმაში ეპარება, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება. ამბობს, რომ ეს დასავლეთის მოთხოვნა და ქართველი ხალხის დაკვეთაა.

რატომ აქვს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმედი? რაზე მიიღო გაფრთხილება ივანიშვილმა ამერიკისგან? რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ გამარჯვებაზე? რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან წამოსულ ძალადობას? რა პრობლემებია ოპოზიციის შიგნით? რა საკითხები არ გამოდის გარეთ? _ ამის შესახებ პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ რამდენიმე პარტიამ საარჩევნო ბლოკი „ძალა ერთობაშია“ შექმენით. რატომ გადაწყვიტეთ მასში გაწევრიანება?
_ ამ ბლოკში უკვე მეორედ გავწევრიანდი. პირველად ჩვენ ამ ფორმატით 2018 წელს გამოვედით და საკმაოდ წარმატებული არჩევნები გვქონდა. ხელისუფლება ასეთ გაყალბებაზე რომ არ წასულიყო, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სხვა ადამიანი იქნებოდა.
_ ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ 2018 წელს მართლა კარგი შედეგი აჩვენა, საინტერესოა, რა იქნება წელს? სანამ ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, მაინტერესებს, რას ფიქრობთ ბლოკში კახა ოქრიაშვილის გაწევრიანებზაზე? ეს ადამიანი მაჟორიტარული სისტემის შესანარჩუნებლად იბრძოდა, თქვენ კი ამ სისტემის წინააღმდეგი იყავით. მასთან თანამშრომლობა არ გაგიჭირდებათ?
_ არ გამიჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტიისა და მისი ხედვები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, კახა ოქრიაშვილი კი ამ სისტემის მომხრეა. ის ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო და ბიძინა ივანიშვილის მითითებებით არ შეუცვლია აღნიშნული საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება.
_ ამის გამო არ გაგიჭირდებათ მასთან თანამშრომლობა?
_ მარტო ამის გამო არა. დასაფასებელია, რომ ადამიანი სხვისი მითითებით არ ცვლის პოზიციებს. ის, რომ კახა ოქრიაშვილი ჩვენთან ერთად არის ბლოკში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც ფრო მეტი ადამიანი იქნება ოპოზიციურ ბლოკში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მით მეტია შანსი იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის, სამწუხაროდ, დიდი საარჩევნო ბლოკი ვერ შედგა, მაგრამ რაც შედგა, ისიც კარგია. კახა ოქრიაშვილთან ვთანხმდებით, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ყველაფერში ერთი აზრი არ გვექნება, ეს ნორმალურია.
_ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ოპოზიცია პირობას დებს, რომ შეცვლის კანონს და არჩევნები საქართველოში სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება, კახა ოქრიაშვილი ისევ მაჟორიტარული სისტემის მომხრე იქნება?
_ მაჟორიტარული სისტემის მომხრე იქნება. მას ეს პოზიცია მრავალი წელია, რაც აქვს და მეეჭება, ახლა შეეცვალოს დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაა აუცილებელი, ყველანი ერთ პოზიციაზე ვიყოთ. განსხვავებულ აზრს პატივი უნდა ვცეთ.
_ კახა ოქრიაშვილის მსგავსად სხვებიც რომ წავიდნენ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, მერე რა ხდება?
_ ეს გამორიცხულია. დღევანდელი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ეს რომ მოხდეს, ამისთვის ჯერ არსებული ხელისუფლება უნდა გავუშვათ.
_ თქვენ სინანულით აღნიშნეთ, რომ დიდი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი ვერ შედგა. რატომ? შეუძლებელი იყო, თუ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც დიდი გაერთიანების შექმნას ხელი შეუშალა?
_ შეუძლებელი არ იყო დიდი ბლოკის შექმნა. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. ახლა სიღრმეებში და დეტალებში ჩასვლა არ მსურს, მაგრამ ვიღაცებმა ბლოკის მიღმა გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა. დროთა განმავლობაში ამაზე, ალბათ, აუცილებლად ვისაუბრებ. ამ საკითხზე სხვებისგან განსხვავებით ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ. არჩევნებამდე ამ თემაზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ წუხილით შემოვიფარგლები, რომ უფრო დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა ვერ შევძელით.
აქვე ვთქვათ სიმართლე და ვაღიაროთ, რომ დღეს მთავარი ოპოზიციური ძალა საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშია“ გაწევრიანებული, ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლების შეცვლა.
_ ოპოზიციის დიდი ნაწილი თვეების მანძილზე ერთი მაგიდის გარშემო ისხედით. დიდი ხანი იყავით თანამებრძოლები, ერთად იდექით აქციებზეც, მაგრამ ახლა ერთმანეთთან ხართ დაპირისპირებულები, ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს?
_ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ერთმანეთის პოზიციებს, უფრო მოთმინებით ვისმენთ განსხვავებულ აზრს, რაც ერთ რამეზე მიუთითებს _ საქართველოში პოლიტიკური კულტურა გაიზარდა. დღეს რომ ოპოზიცია ერთმანეთში ასე მკვეთრად დაპირისპირებული არ არის, ამაში მეც შევიტანე დიდი წვლილი და ამით ძალიან ვამაყობ.
_ რა წვლილი შეიტანეთ?
_ ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია მე მეხება. ყველაფერი ჩემთან იყრის თავს. ვიცი, სად რა ხდება. თუ რამე პრობლემაა, ვცდილობ, ეს ისე მოვაგვარო, რომ მას დიდი ხმაური არ მოჰყვეს.
_ ე. ი. კიდევ არის რაღაც დაპირისპირებები, რაც ჩვენ არ ვიცით, ასეა?
_ არა, არა. მე დაპირისპირებაზე არ ვსაუბრობ. ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზე მოგახსენებთ. ერთ მაგიდასთან ვსხედვართ ყველა და მშვიდად ვსაუბრობთ. ესეც დიდი მიღწევაა. საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ვართ. ასეთ დროს ერთმანეთთან ნორმალურად საუბარი ხუმრობა საქმე არ არის.
_ ჯერჯერობით რაღაცნაირად ახერხებთ ოპოზიცია თავის შეკავებას, მაგრამ ასე როდემდე გასტანს?
_ ბოლომდე ასე ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ასე მივალთ. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ მომავალ პარლამენტში ერთობლივად ვიმოქმედებთ და ერთად შევქმნით კოალიციურ მთავრობას.
_ რეიტინგებსა და კვლევებზე რას ფიქრობთ? ოპოზიციას დიდად სახარბიელო შედეგი არ აქვს.
_ დღეს რეიტინგებზე საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ როგორ ცრუობდა რეიტინგები. საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ძალა ერთბაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 16-17% ეწერა, მაგრამ 40% ავიღეთ. ამ რეიტინგებში ერთი რამე იყო საინტერესო, 60%-მდე ამომრჩეველი გადაუწყვეტელია. ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე სურათია.
_ ხელისუფლებისთვის რატომ არის მძიმე?
_ ასეთი ხმები ყოველთვის ოპოზიციისკენ მიდის.
_ ვითომ ყოველთვის ასეა?
_ ამაზე ციფრები და ფაქტები მეტყველებს. 2012 წელს ამომრჩევლის 58% გადაუწყვეტელი იყო. ეს ხმები ბოლო მომენტში „ქართული ოცნებისკენ“ წავიდა და ხელისუფლება შეიცვალა. ზუსტად ასეთი სურათი იყო 2003 წელს, მაშინ 48%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმებს. ეს ხმები ბოლოს ოპოზიციისკენ წავიდა და ხელისუფლება შეიცვალა. ამიტომ ვთქვი, რომ ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლებისთვის საგანგაშოა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს 60% გადაწყვეტილებას მიიღებს ემოციურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხმები შეიძლება, ხელისუფლების მხარესაც წავიდეს.
_ ანუ არცთუ ისეთი ცუდი სურათი ყოფილა ხელისუფლებისთვის.
_ ოპოზიციისთვის უფრო კარგი სურათია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როგორც წესი, უფრო ოპოზიციისკენ იხრება. 2003 წელსაც ასე მოხდა და 2012 წელსაც.
_ 2003 და 2012 წელს უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი იყო. ჩანდა ის ძალაც, რომელიც ხელისუფლების ჩანაცვლებას შეძლებდა. ახლა ასეთი რამე არ ჩანს.
_ მაშინ შეიძლება ჩანდა კონკრეტული ძალა, რომელიც შეცვლიდა ხელისუფლებას. ახლა ასეთი ერთი კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ოპოზიციური პარტიებისკენ წავა.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ იმიტომ, რომ ვიცი, რა არის დასავლეთის მოთხოვნა და ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ერთიც და მეორეც მიიჩნევს, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია. საზოგადოებას ყელში ამოუვიდა ერთპარტიული მმართველობა. ეს მაფიქრებინებს სწორედ იმას, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ოპოზიციისკენ წავა. ოპოზიციური ძალები, თავის მხრივ, კოალიციურ მთავრობას შექმნიან.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციური მთავრობის შექმნას? „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს მთავრობას.
_ ოპოზიცია აუცილებლად შექმნის კოალიციურ მთავრობას. „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას ვეღარ აიღებს. ეს ყველა კვლევიდან ჩანს და ამას ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეგუოს. ერთპარტიული მმართველობა აღარც ჩვენი ხალხისთვის არის მისაღები და აღარც _ დასავლეთისთვის.
_ დასავლეთი ვახსენეთ და ხომ არ იცით, რაზე ისაუბრეს აშშ-ს ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა წინა კვირაში?
_ ამ შეხვედრის დეტალები არ ვიცი, ისინი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მე მხოლოდ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე შემიძლია ვიმსჯელო. საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ვაშინგტონი სერიოზულად აფრთხილებს „ქართულ ოცნებას“. ამერიკამ სერიოზულად გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილიც.
_ „ქართულ ოცნებას“ გაფრთხილების მიღების არაფერი ეტყობა, ძალიან თავხედურად იქცევა. ისევ იმას ამბობს, რომ არჩევნებში უმრავლესობას ის აიღებს.
_ ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და სხვებსაც ამას ვურჩევ. ბუნებრივია, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამას რომ ამბობენ. ის უფრო უცნაური იქნებოდა ეთქვათ, რომ არჩევნებში დამარცხდებიან.
_ წავაგებთო, ამას არც ერთი პარტია ამბობს, მაგრამ ესენი ნამეტანი იგებენ. ამბობენ, 60%-ს მივიღებთ არჩევნებზეო. ცოტა მოკრძალებული ციფრი რომ დაასახელონ, არ შეიძლება?
_ ახლა იცით, როგორ გამოდის? _ პოლიციელი ნასვამ ახალგაზრდას რომ ეუბნება, ბანს კი ამბობ, მაგრამ ცოტა მოგუდულად თქვიო. არჩევნები ბრძოლაა, ამ დროს ათას რამეს ამბობენ პარტიები. ხელისუფლება ბუნებრივია, რომ მოგებაზე საუბრობს. ეს, პირველ რიგში, მათ ამომრჩეველზე გათვლილი განცხადებაა.
_ მოგებაზე ოპოზიციაც საუბრობს და თქვენი განცხადებებიც მხოლოდ პიარზე ხომ არ არის გათვლილი?
_ რას იტყვის ან ხელისუფლება, ან ოპოზიცია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავრი ისაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი. მოწოდებები და განცხადებები მრავლად იქნება, საარჩევნო პროცესი ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ საბოლოოდ ხალხი გადაწყვეტს, ვინ ხელისუფლება იქნება, ვინ _ პოზიცია და ვინ წავა სახლში.
_ ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მომხრეების მიმართ ძალადობა იყო. ამ ფაქტებზე ოპოზიციას, რატომღაც, მწვავე რეაგირება არ ჰქონია.
_ ვერ ვიტყვი, რომ სათანადო რეაგირება არ გვქონია. რეაქცია იყო და მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში ჩვენ უფრო მწვავედ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს. ამ კვირაში დაფუძნდება ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბი, სადაც ყველა ძალადობრივი ფაქტი მოიყრის თავს. ამ მონაცემებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივაწვდი. მე პირდაპირი კონტაქტები მაქვს ამ თემებზე დიპლომატიურ კორპუსთან, ძალადობაზე ძალიან მკვეთრი რეაქციები გვექნება.
_ თქვენ კი მოახდენთ ამ ძალადობაზე რეაგირებას, მაგრამ ხელისუფლებას რამდენად ააღებინებთ ამაზე ხელს?
_ „ქართული ოცნება“ ძალადობაზე უარს თუ არ იტყვის, ამაზე ძალიან მწარედ აგებს პასუხს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ივანიშვილს ამას აღარ აპატიებენ. ძალიან არაორდინალური და საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. ჩვენ კი ვსაუბრობთ ხელისუფლების მხრიდან წამოსულ ძალადობაზე, მაგრამ აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ფრთხილობს. გავიხსენოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ საშინლად იქცეოდა.
_ არჩევნებამდე ერთ თვეზე მეტი დროა დარჩენილი და ჯერ ყველაფერი წინ არის.
_ ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ხელს აიღებს ხელისუფლება ძალადობაზე, მაგრამ აშკარად თავშეკავებით იქცევა. ეტყობა, დასავლეთის გაღიზიანების ეშინია. ამ ეტაპზე ასეა, რა იქნება წინ, არავინ იცის.
იმ შემთხვევაში, თუ აქ გამოსვლები დაიწყო და ხელისუფლებამ 20 ივნისი გაიმეორა, ამას ივანიშვილს არავინ აღარ აპატიებს. „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ დასავლეთი არ გააღიზიანოს.
_ მოსახლეობის სერიოზული ნაწილი საერთოდ უარს ამბობს არჩევნებზე მისვლაზე. ამ ხალხის მიყვანას როგორ აპირებთ საარჩევნო უბნებთან?
_ რაღაც მონახაზები გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, თუ როგორ გავაკეთებთ ამას, ჩვენ ხომ ახლა განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვართ _ ვირუსთან გვიწევს თანაცხოვრება. რაც არ უნდა დავგეგმოთ, კორონამ შეიძლება, ყველაფერი შეგვიცვალოს. ამიტომ რაღაცებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
_ ვირუსთან გვიწევს თანაცხოვრებაო და ამ ვირუსის შიშით შეიძლება, რომ მოსახლეობა არჩევნებზე არ წავიდეს?
_ გამორიცხული არაფერია. ეს თავად ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. იმაზე შემიძლია გესაუბროთ, თუ რა მეთოდებია იმისთვის, რათა ამომრჩეველი უბანზე მივიყვანოთ. კორონამ ყველა ეს მეთოდი შეიძლება თავდაყირა დააყენოს.
_ ამომრჩევლის მიყვანაზე იმიტომ გკითხეთ, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეძლებს თავისი მომხრეების მობილიზებას.
_ მაგრამ საკითხავია, ვის მისცემს ეს ამომრჩეველი არჩევნებზე ხმას? 2018 წლის არჩევნებმა ძალიან საინტერესო რამ გვაჩვენა. ოპოზიციამ ამ არჩევნებზე უამრავი ხმა აიღო. ამდენი ხმა იცით, როგორ დავაგროვეთ? ჩვენს კანდიდატს ძალიან ბევრმა სახელმწიფო მოხელემ მისცა ხმა. სახელმწიფო მოხელეებში „ოცნებამ“ იმ წელს არჩევნები წააგო.
_ თქვენი აზრით, წელსაც იგივე განმეორდება?
_ არ ვიცი. გადაჭრით იმის თქმა შემიძლია, რომ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას მისცემენ ხმას. ორი წლის წინათ ბევრმა სახელმწიფო მოხელემ ოპოზიციის კანდიდატს მისცა ხმა.
_ მაგ არჩევნებზე მილიონამდე ხმა მიიღეთ, მაგრამ რად გინდა? _ არჩევნები მაინც ხელისუფლების კანდიდატმა მოიგო.
_ ეგ სულ სხვა თემაა, მაშინ ჩვენ საარჩევნო კამპანია, სულ რაღაც, 2 მილიონი ლარი დაგვიჯდა, როცა ხელისუფლებამ 200 მილიონი დოლარი დახარჯა. განსხვავებას ხომ ხედავთ? ეს ფული იმ ადამიანის გასაპრეზიდენტებლად დახარჯეს, რომელიც მათ თავს ჭრის. „ოცნება“ თავის პრეზიდენტს მალავს.
_ რაკი „ოცნების“ რჩეულს შევეხეთ, ამ პარტიის საარჩევნო სიაზე და მაჟორიტარებზე რა აზრის ხართ?
_ ამ შემადგენლობას რომ გადავხედე, კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნება“ მართლა ერთი კაცის პარტიაა. ივანიშვილი რომ ჩამოშორდეს „ქართულ ოცნებას“, იქ ერთი კაციც არ დარჩება.
_ ისე, მართლა საინტერესოა, რა მოხდება, ივანიშვილი თავის გუნდს რომ გაემიჯნოს? თუ ასეთი რამ არ მოხდება?
_ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ გამორიცხული არაფერია. არჩევნების წინ ივანიშვილი პარტიას არ ჩამოშორდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ რა იქნება, ეს არავინ იცის. ამის პროგნოზირება ძნელია. საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი მაქვს და ვიცი მათი განწყობები. მათი ნაწილი ოპოზიციას იმიტომ კი არ მსცემს ხმას, რომ ოპოზიციის მხარდამჭერია, არამედ იმიტომ, რომ ამ ძალას შესწევს უნარი, ივანიშვილი გაუშვას სახლში. ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა. ასეთივე ვითარება იყო 2012 წელსაც. მაშინ არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა კი არ მოიგო, არამედ მიშა სააკაშვილმა წააგო. ამ აჩევნებზეც იგივე მოხდება, ივანიშვილი წააგებს არჩევნებს. ის გარემოება, რომ ოპოზიციას შეუძლია ერთად დასხდომა, ხალხს იმის შანსს აძლევს, რომ მას მისცეს ხმა. ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. ახლა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიას ხმას აღარ მისცემენ.
_ თქმით შეიძლება, ასე ამბობენ, მაგრამ მიცემით მაინც ივანიშვილს მისცემენ ხმას.
_ არა, ასე არ იქნება. ამ ხელისუფლების საქციელი ბევრს ამოუვიდა ყელში. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. ბევრმა ისეთმა ადამიანმა მითხრა, ოპოზიციას მივცემ ხმასო, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ისინი ოპოზიციას იმიტომ კი არ აძლევენ ხმას, რომ ან მე ან სხვა ვინმე მოსწონთ, ისინი ხმას იმიტომ გვაძლევენ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ უნდათ. ხალხი ხვდება, რომ ჩვენ შეგვიძლია არსებული ხელისუფლების შეცვლა. ძალიან საინტერესო ფენომენი ჩამოყალიბდა ბოლო წლებში საქართველოში. წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება.

შორენა მარსაგიშვილი