ჯონდი ბაღათურია: „გირჩი“ და ბოკერია ივანიშვილის სატელიტები არიან“



მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი პოლიტიკური პარტიაა, მხოლოდ რამდენიმე მათგანი მიიჩნევა ძირითად მოთამაშედ. ბევრს ამის აღიარება არ სურს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე მთავარი მოთამაშეები „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ არიან. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც ივანიშვილმა „ნაციონალებთან“ ერთად 2012 წელს დაიწყო. მაშინ „ოცნების“ ლიდერმა თქვა, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო. შუა გაკრეფის პროცესი ახლაც გრძელდება. ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ამით საზოგადოების პოლარიზება ხდება.

რას მოგვიტანს საზოგადოების პოლარიზება? ვინ თამაშობს ოპოზიციაში ივანიშვილის თამაშს? გახდება თუ არა კიდევ ერთხელ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი? გაგრძელდება თუ არა ბრძოლა სააფთიაქო მაფიის წინააღმდეგ? როგორი ძალების ნაკლებობაა ქართულ პოლიტიკაში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ჯონდი ბაღათურია ესაუბრება:

_ ბატონო ჯონდი, თქვენ „ოცნებას“ მოუწოდეთ, რომ სასწრაფოდ იპოვოს სააკაშვილის ორეული, რადგანაც მიშას შემთხვევთ რამე რომ მოუვიდეს, მათი საქმე წასული იქნება. რატომ ფიქრობთ, რომ მესამე პრეზიდენტი მათი მაშველი რგოლია?
_ „ქართულ ოცნებას“ მართლა სჭირდება მიშას ორეული. ეს გახლავთ ის რეალობა, რომელიც ერთობლივად შექმნეს მიშა სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა. ორივე ხედავს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს მიშასა და ბიძინას ჯინაზე ცხოვრება. შესაბამისად, ისინი ხელი-ხელს ჰბანს პრინციპით მოქმედებენ. როგორც კი „ქართული ოცნების“ საქმე ცუდად მიდის, იმ წუთში მიშა მეხანძრე-მაშველივით გამოჩნდება ხოლმე და რაღაც საშინელ სისულელეს დააბრეხვებს. მაგალითად, იტყვის, რომ თურქეთიდან შემოვდივარ საქართველოში და თავს დაგესხმებითო. ამით ავტომატურად ახდენს „ოცნებაზე“ განაწყენებული საზოგადოების მობილიზებას, რომელიც ივანიშვილის ირგვლივ ირაზმება. ამას „ოცნების“ ლიდერი ძალიან კარგად იყენებს. მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები მიშას სულელურ განცხადებებს დღედაღამ ატრიალებენ, თითქოს ქვეყანაში მეტი პრობლემა არ იყოს.
_ მიშას განცხადებები ივანიშვილის გარშემო კი რაზმავს „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულ ხალხს, მაგრამ ამით ან სააკაშვილს რა ხეირი აქვს, ან მის „ნაციონალურ მოძრაობას“?
_ მიშა სააკაშვილზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ათასგვარ სისაძაგლესა და სისულელეს ამბობენ. ეს აღიზიანებს იმ ხალხს, ვისაც მიშა უყვარს და ბიძინა სძულს და ისინი ივანიშვილის ჯინაზე უკვე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას გარშემო ირაზმებიან.
_ ხალხი ვერ ხვდება, რომ „ქოცებიც“ და „ნაცებიც“ მათით მანიპულირებენ?
_ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ხვდება. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს ასეა, მაგრამ მერე ისეთ შოუს დგამენ მიშასა და ბიძინას კონტროლირებადი ტელევიზიები, რომ ხალხზე მაინც ახდენენ ზემოქმედებას. ეს ძალზე პრიმიტიული მეთოდია, მაგრამ ის ჯერ კიდევ მუშაობს. მიშას შეიძლება, ბევრი რამე დააბრალო, მაგრამ იდიოტი ნამდვილად არაა. ის ტყუილად არ აკეთებს ასეთ სულელურ განცხადებებს. მას რომ ქვეყანა მართლა ადარდებდეს, ცოტა ხანი დაისვენებდა და გაქრებოდა პოლიტიკიდან.
_ ამით რა სარგებელს მოუტანდა საქართველოს?
_ დიდ სარგებელს მოუტანდა. სანამ ის კიდევ ერთხელ გააქტიურდებოდა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ძალიან საინტერესოდ მიდიოდა. საზოგადოების დიდი ნაწილი გაემიჯნა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ და ეძებდა ალტერნატივას. ამ ალტერნატივას ისინი არც „ქოცებში“ ეძებდნენ და არც „ნაცებში“, მაგრამ გააქტიურდა მიშა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ბოლო ერთი კვირაა ვატყობ, რომ ქვეყანაში ისევ დაიწყო პოლარიზაცია და შუას გაკრეფა.
_ შუას გაკრეფა ცუდია თუ კარგი? 2012 წელს ამას ის ახსნა მოეძებნა, რომ ოპოზიციის ხმები არ დაკარგულიყო და ყველა „ოცნებისკენ“ წასულიყო, რათა მათ „ნაციონალური“ მოძრაობა დაემარცხებინათ. ახლა შუას გაკრეფა, ალბათ, მიშასთვის იქნება კარგი.
_ შუას გაკრეფა მიშასთვის და ბიძინასთვის ახლა იდეალური ვარიანტია. ამას წლებია, ძალიან ოსტატურად აკეთებენ. გაკრეფის საფრთხე არ ემუქრება ივანიშვილის სატელიტებს. მათ ძალიან დიდი ფული აქვთ. სახელისუფლებო მედია მათ აქტიურად აშუქებს. საკმარისია, ბოკერიამ პირი დააღოს, რომ ეგრევე პირდაპირ ეთერში რთავენ. იგივე ითქმის კიდევ ერთ-ორ პარტიაზე.
_ ბოკერია ივანიშვილის სატელიტია?
_ აბა, ვისია? დავიჯერო, არ იცოდით? „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელიტად ძალიან ოსტატურად გადააქცია. 2013 წელს ამ გუნდის წევრების მიმართ სამი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს საქმეები თაროზე შემოდეს, სამაგიეროდ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ მიშა სააკაშვილი გამოაცხადეს ჯართად და მისი დაშლილებში ჩაბარება ჩათვალეს მიზანშეწონილად. ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ძალიან გაანაწყენეს. სამაგიეროდ, ბიძინას კონტროლირებადი ტელევიზიების ეთერები გაიხსნა მათთვის. ამ ტელევიზიებში დღემდე დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ.
მეორე ივანიშვილის სატელიტი არის პარტია „გირჩი“. ამ ძალას ბიძინა საზოგადოების შესამზადებლად იყენებს. მაგალითად, მათ აჟღერებინებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემას. ისინი იწყებენ საუბარს, რომ მარიხუანა თავისუფლად უნდა გაიყიდოს და ა. შ. „გირჩი“ პირდაპირ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რუპორია.
„ქართული ოცნების“ ლიდერს კი ჰყავს სატელიტები ოპოზიციაში, მაგრამ მაინც ისე დაამთავრებს, როგორც მიშამ დაამთავრა. თავის დროზე მიშას ოპოზიცია რომ არ გაენადგურებინა და მათთვის ტელევიზიები არ დაეკეტა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამ დოზით ვერ მოვიდოდა. მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს, თუ როგორ ჭირდა ტელევიზიებში ჩვენი გაშუქება. დღესაც იგივე ვითარებაა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. როგორ არ არსებობს, მაგრამ დაბლოკილია და ამის გამო ჩრდილში უწევს ყოფნა. სამაგიეროდ, „გირჩები“ და ბოკერიას პარტია არ ჩამოდიან ეკრანებიდან.
თვალში საცემია ის გარემობაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამები არ წარმოუდგენიათ. მხოლოდ ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა. ამის ფონზე ბოკერია უნამუსოდ გაიძახის, პენსიებს გავაორმაგებთო. ამასაც იმიტომ ამბობს, რომ მათი საარჩევნო ნომერი არის 2. როგორ შეიძლება, ასე დაამცირო საზოგადოება? მათი საარჩევნო ნომერი 3 რომ ყოფილიყო, ის უნდა ეთქვა, აგვირჩიეთ და გავასამმაგებთო. ტელევიზიები მის ამ სულელურ განცხადებას აშუქებენ დიდი ანშლაგით. „ქართულმა დასმა“სერიოზული საპენსიო რეფორმა მოამზადა. ჩვენს პროგრამას ტელევიზიამ სულ 20 წამი დაუთმო.
ჩვენ ძალიან მშვიდ და უბოროტო კამპანიას ვატარებთ. არც თავს ვესხმით ვინმეს და არც იმას ვაძახებთ, ვინ რამდენი ლუკმა გადაყლაპა. მიხარია, რომ ხალხს ასეთი თემები აღარ აინტერესებს. საზოგადოება გაიზარდა და მათთვის აღარ არის საინტერესო, თუ როგორ ლანძღავენ პარტიები ერთმანეთს. ხალხს აკადემიური მსჯელობა და პროგრამები აინტერესებს.
_ თქვენ საკმაოდ სერიოზული კამპანია გქონდათ დაწყებული სააფთიაქო მაფიის წინააღმდეგ. ახლა ამ მიმართულებით აღარ აქტიურობთ და რა ხდება, შეწყვიტეთ ბრძოლა?
_ როგორ არ ვაქტიურობთ. უბრალოდ, ეს თემა გადაიფარა და დიდად არც მედიით შუქდება. სააფთიაქო მაფიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას რამდენიმე პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა. ჩვენ შორის სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ კონსულტაციებმა ძალიან ოპტიმისტურად განმაწყო. მივხვდი, რომ ჩვენ შეიძლება ერთიანი ეროვნული ფრონტი ჩამოვაყალიბოთ. ეროვნულ ფლანგზე პოლიტიკური კლასი ძალიან მოიკოჭლებს.
დღეს მედია ძალიან აქტიურად აშუქებს, როგორც ლიბერალებს, ასევე ულტრაპატრიოტებს. მედია ამ ულტრაპატრიოტების რადიკალურ გამონათქვამებს ატრიალებს და ძალიან მძიმე სურათი იხატება. ჩემი აზრით, საქართველოს გადარჩენის გზა ზომიერი ნაციონალიზმია. ამ ზომიერ ნაციონალიზმიში აუცილებლად ჩართული უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ეს არის საქართველოს მომავალი და არა რომელიმე ერის გამოცხადება ჩვენს მტრად.
საქართველოს მტრები არიან ის ადამიანები, რომლებიც 30 წელია, რაც მართავენ ქვეყანას. ხაზინისა და ხალხის ძარცვის გარდა არაფრით არიან დაკავებული.
ეროვნული ფრონტის შექმნის საქმეში თავიდან დიდი იმედებით არ ვიყავი განწყობილი, მაგრამ რამდენიმე პარტია გამომეხმაურა და იმედი მომეცა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფლანგი დავალაგოთ. დრო მართალია ცოტა გვაქვს, მაგრამ რაღაცის გაკეთებას მაინც მოვასწრებთ.
_ ამ არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას?
_ ვაპირებთ. თვის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ და რა გამოგვივა, ვნახოთ.
_ თქვენ სააკაშვილის პერიოდი გაიხსენეთ, როცა ოპოზიცია მძიმე დღეში იყავით. არც ახლა ულხინს ოპოზიციას. მაშინ უფრო რთული იყო ოპოზიციონერობა, თუ ახლა? მიშას დროს ოპოზიცია ღიად იდევნებოდა, ახლა ასე აღარ ხდება.
_ მაშინდელ და დღევანდელ ყოფას შორის ეს განსხვავებაა. ფიზიკურად აღარ გვისწორებენ ანგარიშს, მაგრამ სხვანაირად ვართ „გატისკულები“. მედია შეზღუდულია ჩვენთვის. ფინანსებზე წვდომაშიც შეზღუდულები ვართ. ერთი ეგაა, რომ ქუჩაში არ დაგვდევენ. ესეც შეიძლება დროებითია.
_ დროებითი რატომაა? ფიქრობთ, რომ ძალის გამოყენებაზეც გადავლენ?
_ თუ დასჭირდებათ, გადავლენ. ჯერ ამის გაკეთება არ დასჭირვებიათ. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. წინასწარ ძნელია იმის თქმა, მოქმედი ხელისუფლება გამოიყენებს თუ არა ძალას ოპოზიციის წინააღმდეგ.
_ გასული წლის 20 ივნისს ერთხელ უკვე გამოიყენა ხელისუფლებამ ძალა ხალხისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.
_ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით მიშისტებისგან განსხვავებული აზრი მაქვს. „გავრილოვის ღამეს“ მართლაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. პოლიციამაც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, 20 ივნისისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ამის გაკეთება არ შეიძლება.
_ რატომ არ შეიძლება ამ ორი აქციის შედარება?
_ არ მიყვარს ოპოზიციის წინააღმდეგ რაღაცების თქმა, მაგრამ ახლა მომიწევს ამის გაკეთება. გასული წლის 20 ივნისს პოლიტიკურმა ძალებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი.
_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ახალგაზრდების პროტესტი ცუდად გამოიყენეს?
_ პოლიტიკურმა ძალებმა რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდების დახმარებით გაამწვავეს სიტუაცია.
_ თქვენი აზრით, ახალგაზრდებს მწვავე პროტესტი არ უნდა ჰქონოდათ იმაზე, რომ რუსეთის დუმის წევრი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა?
_ ეს ნამდვილად იყო პროტესტის მიზეზი. ჩემი აზრით, გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა იყო დანაშაული და არა იმის გამო, რომ ის რუსეთის წარმომადგენელი გახლდათ და აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა.
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ უნდა დასვა. მათ შორის, არც საქართველოს პარლამენტის წევრები. წლების მანძილზე ვიყავი პარლამენტის წევრი. არაერთხელ ყოფილა ისე, რომ სპიკერატში რაღაც მოლაპარაკები გამართულა. ზოგი სად ჯდებოდა, ზოგი _ სად. ვიცე-სპიკერის სავარძელში ჩავმჯდარვარ, მაგრამ სპიკერის სავრძელში არასდროს ჩავჯდებოდი. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ქვეყნის ერთგვარი სიმბოლოა და იქ როგორც შეიძლება, სხვა დაჯდეს?!
_ ე. ი. სამართლიანად გაუპროტესტებია ოპოზიციას გავრილოვის ჩაჯდომა სპიკერის სავარძელში.
_ ძალიან ცუდი ფორმით მოხდა ამის გაპროტესტება. ამას შედეგად მოჰყვა აქციის დარბევა და საქართველოც სერიოზულად დაზარალდა.
_ საქართველო რანაირად დაზარალდა?
_ ეკონომიკურად. ამ ამბების შემდეგ საქართველოში მკვეთრად შემცირდა რუსი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ დავკარგეთ მილიონამდე რუსი ტურისტი. როდესაც რუსეთის მიმართ სამართლიანი პროტესტით გამოვდივართ, ყოველთვის ზღვარი უნდა გავავლოთ რუსეთის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. არ შეიძლება, ხალხი ხალხს დაატაკო და შენს ქვეყანას დააკარგვინო შემოსავალი.
_ იმის შიშით, რომ აქ რუსი ტურისტები აღარ ჩამოვლენ, მოსკოვის ქმედებები არ უნდა დავგმოთ?
_ როგორ არ უნდა დავგმოთ, მაგრამ რუს ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის მკვეთრი საზღვარი უნდა გავავლოთ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ტურისტული ბიზნესით ირჩენს თავს. გავრილოვის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის გამო ძალიან ბევრი შემოსავალი დაკარგა ხალხმა. პოლიტიკოსები ამით არ დაზარალებულან. ისინი გრანტებზე და შავ ფულზე სხედან და მშვენივრად ცხოვრობენ. ამიტომ არ ვიყავი 20 ივნისის აქციით აღფრთოვანებული. ამის მიუხედავად, აუცილებლად ვიტყვი, რომ იმ ღამეს პოლიციამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
_ თქვენი აზრით, რა შედეგი დაიდება არჩევნებზე? არც „ქოცი“ ხართ და არც „ნაცი“, ამიტომ თქვენი პროგნოზი საინტერესო იქნება.
_ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გაზრდილია მგრძნობელობა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ამიტომ იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგი დაიდება არჩევნებზე, ძალიან რთულია. ადვილი შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ რაღაცაზე წაიბორძიკოს და ამით სიტუაცია დიამეტრულად შეიცვალოს. რამე თუ არ შეიცვალა და ხელისუფლებამ არ წაიბორძიკა, სავარაუდოდ, ისევ ორპოლუსიან პარლამენტს მივიღებთ. პარლამენტში ისევ „ქოცები“ და „ნაცები“ იქნებიან მთავარ ძალებად წარმოდგენილები.
„ქართული ოცნების“ სატელიტებს ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა, მაგრამ ივანიშვილი ყველა ღონეს იხმარს, რომ „გირჩი“ და ბოკერიას პარტია პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ.
პარლამენტში მოხვდება კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მგონია, რომ იქ „ქართული დასიც“ შეძლებს შესვლას. ამის იმედს ის ცნობილი პარტიები მაძლევს, ვისთან ერთადაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შეიძლება, ერთად გამოვიდეთ არჩევნებზე.
_ არ გვეტყვით, რომელ პარტიებთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს?
_ ჯერ არ გეტყვით. დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ კვირაში გავაკეთოთ პრეზენტაცია. ყველა ძალასთან მოლაპარაკებების დასრულებას შეიძლება არც დაველოდოთ და ვინც მოვილაპარაკეთ, იმათ გავაკეთოთ განცხადება. დიალოგს პრეზენტაციის შემდეგაც გავაგრძელებთ. თვის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მსხვილი გაერთიანება გავაკეთოთ.
_ პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოებაში მგრძნობელობა მომატებულია და პროგნოზის გაკეთება ძნელიაო, თქვით. იმის თქმაც გიჭირთ, გვეყოლება თუ არა მომავალში კოალიციური მთავრობა?
_ გადაჭრით ამ თემაზე საუბარიც რთულია. თუ არაფერი შეიცვალა და ეს პროცესები გაგრძელდა, ეჭვი მეპარება, რომ კოალიციური მთავრობა გვყავდეს. ხელისუფლება თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინ უკვე შესაძლებელია კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ფიქრი.
_ არის იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა შეცდომა დაუშვას?
_ პროცესების რადიკალიზაცია თუ მოხდა, ხელისუფლება უფრო იოლად დაუშვებს შეცდომას. შუას გაკრეფა და საზოგადოების პოლარიზება ეს უკვე რადიკალიზაციაა. საქართველო ბევრი ქვეყნის ინტერესის სფეროს წარმოადგენს და აქ პროცესების რადიკალიზაცია ვიღაცამ შესაძლოა, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. დღეისთვის ივანიშვილს თითქმის ყველა აქტორთან აქვს დალაგებული სიტუაცია. აშკარაა, რომ რუსეთთანაც დალაგებულია საქმე. მოსკოვი დიდად აგრესიულად არ მოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩვენს არჩევნებზე.
_ რუსეთი ვერ მოახდენს არჩევნებზე გავლენას?
_ ირიბი გავლენის მოხდენა რუსეთსაც შეუძლია. საქართველოში არის პრორუსულად განწყობილი საზოგადოება. მოსკოვს შეუძლია მათ მიმართოს, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. ამ მიმართულებით აშშ უფრო აქტიურია. ამერიკის ახალი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. ძალიან აქტიური ქალბატონია. თითქმის ყველაფერზე აკეთებს კომენტარს, მათ შორის, ისეთ თემებზეც, რაზდაეც ელჩი კომენტარს არ უნდა აკეთებდეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ის კომენტარებს ძალიან კორექტული ფორმით აკეთებს. ერთი შეხედვით ვერ იფიქრებ, რომ არჩევნების შედეგებით დაინტერესებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თუ რამხელა ინტერესი აქვს ვაშინგტონს საქართველოს მიმართ.
საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას სხვა სახელმწიფოებიც ცდილობენ. ეს ჩვენ არ ვცდილობთ არაფერს. ისევ პოლარიზაციას დავუბრუნდები და ეს ძალიან სახიფათო პრიცესია. ამ შუა გაკრეფამ შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანიოს. ამას რომ თავი დავანებოთ, შუას გაკრეფა პოლიტიკური სპექტრის განვითარებას უშლის ხელს. პოლიტიკურ ველზე მხოლოდ რამდენიმე პარტიის ადგილია და ისინი ამ ველზე სხვას არ შემოუშვებენ. ქვეყანაში კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ აწყობთ.

შორენა მარსაგიშვილი