კახა მიქაია: „მრჩება განცდა, რომ ივანიშვილი ოპოზიციასაც აკონტროლებს“

მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ოცეულმა „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც კი გაუცრუა იმედები. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მეოცნებეებისგან უკეთესი სიის წარდგენას არც ელოდა, მაგრამ არც ისე ეგონა, თუ ასეთი შემადგენლობით გამოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, „ოცნებას“ ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს, მაგრამ რაკი ოპოზიცია უფრო სუსტია, ის შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებებს არ ელოდება. დღეის მონაცემებით ასე ფიქრობს და ხვალ, როგორც თავად ამბობს, შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. მიქაიას აზრით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. არაფორმალურ მმართველს სამოქალაქო აქტივისტი ურჩევს, რომ არჩევნებისთვის კარგად დაფიქრდეს და მისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას.

რა იქნება ივანიშვილისთვის საბედისწერო შეცდომა? რატომ გამოიყურება გახარია სხვებზე უკეთესად? რატომ არ ღირს ირაკლი კობახიძეზე სერიოზული ლაპარაკი? ვიხილავთ თუ არა დროებით ჩაჩოჩებულ დიტო სამხარაძეს მთავრობაში? რას ვერ იყოფენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები? თანამშრომლობს თუ არა ოპოზიცია ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს კახა მიქაია ესაუბრება:

_ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები _ „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“, რომელსაც კახეთში გაზზე გადაყვანილ „ნაცებს“ ეძახიან, ზუგდიდის ოლქის გამო სერიოზულად დაეტაკნენ ერთმანეთს. გაზზე გადაყვანილები ძალიან გაანაწყენა იმ ინფორმაციამ, რომ „ნაცები“ აქ მაჟორიტარად გიული ალასანიას წარდგენას აპირებდნენ.
_ ნატურალური „ნაცები“ და გაზზე გადაყვანილი „ნაცები“ რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ეს ცუდი ამბავი არაა, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. არა მგონია, რომ ნატურალური, გნებავთ გაზზე მომუშავე „ნაცები“ რაიმე პრობლემას ქმნიდნენ. ისინი პრობლემას არც სამეგრელოში წარმოადგენენ და არც მთლიანად ქვეყანაში. პრობლემა თავად ხელისუფლებაშია. აი, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი ამბავი.
გამუდმებით იმით აპელირება, რომ ოპოზიცია სუსტია, არაფერს წარმოადგენს და არჩევნებს უპრობლემოდ მოვიგებთ, ეს თავად „ქართულ ოცნებასა“ და მის ამომრჩეველზე მოქმედებს ძალიან ცუდად.
_ ცუდად რატომ მოქმედებს?
_ იმიტომ, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის კრიტიკით და ქილიკით არის დაკავებული, გამუდმებით იმას გაიძახის, რომ მათ არჩევნებზე მოუგებენ. არჩევნებს მართლაც მოიგებენ, მაგრამ ამით რა? ხომ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ამის შემდეგ? ხელისუფლებამ ვერც პანდემიის დროს და ვერც მანამდე ვერ შეასრულა ვერანაირი დაპირება, რომელიც საზოგადოებას მისცა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა საზოგადოების ვერც ერთი დაკვეთა და ეს არის ფაქტი. ამას რიცხვებიც კარგად მოწმობს.
სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, მე ოპოზიციაზე საერთოდ არ გავამახვილებდი ყურადღებას. ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. საქართველოში დღეს ოპოზიცია არ არის იმ დონეზე, რომელიც რეალურად დააყენებს ხელისუფლების ცვლილების საკითხს საზოგადოების წინაშე. ამის გამო ძალიან ვწუხვარ.
_ გინდათ თქვათ, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება?
_ ჯერჯერობით ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი ცვლილებებისთვის მზად არ არის.
_ რატომ არ არის მზად ცვლილებებისთვის საზოგადოება?
_ იმიტომ, რომ ის ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ხედავს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხაროა.
_ მარტო ამის გამო დარჩება ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, რომელმაც, როგორც თავად აღნიშნეთ, ხალხს ვერც ერთი დაპირება ვერ შეუსრულა?
_ არ ვამტკიცებ, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩება. დღეის მონაცემებით პირადად მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც არსებულ ხელისუფლებას შეცვლის. ჰორიზონტზე ცვლილებები, ჯერჯერობით, არ ჩანს. ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხედავენ და ამით იმშვიდებენ თავს. მხოლოდ ასე თუ აპირებენ ფონს გასვლას. ეს, პირველ რიგში, მათთვის იქნება ცუდი. ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გასტანს. თანაც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ ევროპა და შეერთებული შტატები ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს. შეიძლება, ისეთი რამეები მოხდეს არჩევნებზე, რომ რადიკალურად სხვა სურათი მივიღოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ჯერ არ ჩანს ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის.
_ ოპოზიცია დაიწუნეთ და „ქართული ოცნების“ სიის პირველ ოცეულზე რას გვეტყვით? ფეისბუქზე გამოქვეყნებული თქვენი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდად აღფრთოვანებული არ ხართ.
_ აღფრთოვანებული არც ოპოზიციით ვარ და არც მმართველი პარტიით. იმედი მქონდა, ბიძინა ივანიშვილი სათანადოდ შეაფასებდა არსებულ ვითარებას და აქედან გამომდინარე იმოქმედებდა. მჯეროდა, რომ საარჩევნო სიასაც ამ რეალობის გათვალისწინებით შეადგენდა. პირველმა ოცეულმა იმედები ძალიან გამიცრუა. ამ სიაზე სოციალურ ქსელში ბევრი სახუმარო სტატუსიც დავწერე, მაგრამ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. პირდაპირ გეუბნებით, კატასტროფაა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული.
_ სიის პირველ ნომერ გახარიასაც კატასტროფად მიიჩნევთ? თქვენ მისი გულშემატკივარი იყავით. „გავრილოვის ღამის“ სიმძიმის მიუხედავად, ის მმართველ პარტიაში ყველაზე ნათელი სახეა.
_ მინდა, აუცილებლად აღნიშნოთ, რომ არასდროს არ ვგულშემატკივრობდი პრემიერ გიორგი გახარიას.
_ აბა, იბრაჰიმოვიჩს რატომ ადარებდით?
_ ხუმრობით ვადარებდი. ვფიქრობდი, რომ მოქმედ პრემიერს ბევრის გაკეთება შეეძლო, ვიდრე გააკეთა. აქ ერთი რამ ობიექტურად ვთქვათ, გახარიას რომც სდომოდა რამის გაკეთება, იმაზე მეტს მაინც ვერ გააკეთებდა, რაც აქამდე გააკეთა.
_ რატომ ვერ გააკეთებდა?
_ იმიტომ, რომ გახარია არ ღებულობს გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი კაცი ღებულობს და ეს ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილია. პრობლემა გახარიას დამოკიდებულებაა ივანიშვილის გადაწყვეტილებების მიმართ. გახარია არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. მას ძალიან კარგი მენეჯერული, პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ პრემიერი ძლიერ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. გახარია დღეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე და სანამ ეს ასეა, ის ვერ იქნება მთავრობის ისეთი მეთაური, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს მოახდენს ქართულ პოლიტიკაში.
_ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ნორმალურია, რომ გახარია სიის პირველ ნომრად ჩაწერა ივანიშვილმა. მაგრამ არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძეს რატომ არგუნა საპატიო მეორე და მესამე ნომერი? თალაკვაძე კიდევ პოეტობს, კობახიძე კი…
_ კობახიძეს, ეტყობა, პოეტობა უნდა (იცინის)…. ახლა მომიყვანეთ ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ რასაც კობახიძეზე ვფიქრობ, ამას ვერც გეტყვით და რომც გითხრათ, გაზეთში ვერ დაწერთ. ამიტომ კობახიძესა და თალაკვაძეზე აღარ გავაგრძელოთ. ამ პერსონებზე საუბარი ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია.
_ თქვენ კი არასერიოზულად მიგაჩნიათ მათზე საუბარი, მაგრამ სიის სამეულში მათმა ხილვამ ხალხი გააღიზიანა. რატომ აღიზიანებს „ქართული ოცნების“ ლიდერი ქართველ ამომრჩეველს? „გავრილოვის ღამე“ ირაკლი კობახიძის სინდისზე უფროა, ვიდრე _ გიორგი გახარიას. ეგ სპიკერობიდან რომ გადამდგარიყო, რუსთაველზე სისხლი არ დაიღვრებოდა.
_ გეთანხმებით. „გავრილოვის ღამეში“ ყველაზე დიდი დამნაშავე არის ირაკლი კობახიძე. ქუჩაში ხალხის გამოსვლის შემდეგ მას პარლამენტის სპიკერის პოსტი რომ დაეტოვებინა, აქციის მონაწილეები დაიშლებოდნენ და ჩვენ არ მივიღებდით გავრილოვის სისხლიან ღამეს.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ აღიზიანებს ქართველ ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილი, ეს ჩემთვისაც ცოტა გაუგებარია. მას ჩვენი საზოგადოება მხოლოდ კობახიძით და თალაკვაძით არ გაუღიზიანებია. მარტო ეს ორი პერსონა რომ იყოს პრობლემა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. აშკარაა, რომ „ოცნების“ ლიდერს ქართველი ამომრჩევლის გაღიზიანება უყვარს.
_ ექსპერიმენტს ხომ არ ატარებს ჩვენზე? პოლიტიკაში რომ მოვიდა თქვა, ფსიქოანალიზით ვარ გატაცებულიო.
_ არ დაგიმალავთ და ამაზე მეც მიფიქრია. შეიძლება, მართლაც ექსპერიმენტებს ატარებს ჩვენზე, მაგრამ იმაზე არ უფიქრია, თუ როგორ დასრულდება ეს ექსპერიმენტი? რა იცის, იქნებ, მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდეს.
_ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად არ ფიქრობს, თუ როგორ დასრულდება ეს ექსპერიმენტი.
_ მისი ნაბიჯები ჩემშიც ბევრ გაკვირვებას იწვევს და ვერ ვხვდები, ასე რატომ იქცევა. შეიძლება, თავად ჩავარდეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
_ ასეთ ლაფსუსებს იმიტომ ხომ არ უშვებს, რომ გარემოცვას ჰყავს შეცდომაში შეყვანილი და არსებულ სიტუაციაზე არასწორ ინფორმაციას აწვდის?
_ ამაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ის გარემოცვას შეცდომაში ჰყავს შეყვანილი. ეს გამორიცხულია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც გარემოცვა მოატყუებს.
_ აბა, თავს იტყუებს?
_ თავს იტყუებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან შესანიშნავად იცის, თუ რა ხდება ქვეყანაში. თალაკვაძემ და მათიკაშვილმა როგორ უნდა მოატყუონ ივანიშვილი? ეს წარმოუდგენელია.
_ მათიკაშვილი ვახსენეთ და როგორ მოხდა, რომ ივანიშვილმა ის პირველ ოცეულში არ გაამწესა?
_ პირველ ოცეულში ვერ მოხვდა, მაგრამ ცოტა ქვევით ჩასვამს, მაგალითად, მეორე ოცეულში. საჯაროდ ვაცხადებ, დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ სიაში რომ არ ვიხილო, ძალიან გავბრაზდები.
_ დიტო სამხარაძის სიის მიღმა დარჩენითაც „უკმაყოფილო“ ჩანდით.
_ უკმაყოფილო ვიქნები, აბა, რა! ველოდი, რომ პირველ სამეულში ჩაწერდა მას ბიძინა ივანიშვილი. მისი არყოფნა სიის პირველ ოცეულში დიდი დანაკლისია მმართველი პარტიისთვის.
_ ხუმრობა იქით იყოს და რატომ გაწიეს საპარლამენტო სიიდან გვერდით? შემთხვევით, მინისტრობისთვის ხომ არ ამზადებენ?
_ ბიძინა ივანიშვილს ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, არ გამოვრიცხავ, რომ დიტო სამხარაძეს მართლაც ჩააბაროს რომელიმე სამინისტრო. სანამ სამხარაძე მინისტრად დაუნიშნავთ, გავიხსენოთ, რამდენი მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ სახლში. ზოგიერთი ციხეშიც მოხვდა. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, გაშვებულთა რაოდენობა ოცს ნამდვილად აჭარბებს. რეგიონები სამხარაძეს ჰქონდა ჩაბარებული და ყველა ეს კადრი მან შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს. მასთან ერთად კადრების შერჩევაში სოსო გოგაშვილიც მონაწილეობდა.
ამ მერებისა და საკრებულოების გაშვების შემხედვარეს ერთი კითხვა მებადება, არ ინტერესდება „ქართული ოცნების“ ლიდერი, ვინ მოიყვანა პარტიაში ეს ხალხი და ვისი რეკომენდაციით მოხვდა თანამდებობაზე? მგონი, ასეთ დროს ასეთი კითხვა ლოგიკურია.
_ წესით, ივანიშვილს ამ საკითხზე კითხვის დასმა არ უნდა სჭირდებოდეს. თავად არ თქვით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ყველაფერი იცისო?
_ იცის და, მათ შორის, ისიც, თუ ვინ გაუწია ამ ხალხს რეკომენდაცია. აქედან გამომდინარე, დასკვნა ასეთია _ საქართველოს მოსახლეობაზე ექსპერიმენტი გრძელდება, რომელიც ძალიან ცუდად დასრულდება.
_ სოციალურ ქსელში თქვენ გია ხუხაშვილს ლექსი დაუწერეთ. ის თქვენი მუზა მას შემდეგ გახდა, რაც ამ უკანასკნელმა პრემიერის საქმიანობა მოიწონა. რატომ შემოსწყერით მას, ექსპერტსაც ხომ აქვს უფლება, ვიღაცა მოიწონოს?
_ არაფერიც არ შემოვსწყერი, ხუხაშვილს სრული უფლება აქვს, ვინც უნდა, ის შეაქოს. აქ სულ სხვა რამეა მთავარი. და იცით, რა არის ამ ქვეყნის უბედურება? ის, რომ გიორგი გახარია ითვლება ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად. ეს ადამიანი ივანიშვილის პოლიტიკის პირობებში გამოჩნდა.
_ თავის დროზე კვირიკაშვილიც გამორჩეული არ იყო?
_ ძალიან გთხოვთ, გიორგი კვირიკაშვილზე ნუ ვილაპარაკებთ. მისი და გახარიას შედარება არ შეიძლება. დღეს საქართველო და მისი მოსახლეობა სისტემური პრობლემის წინაშე დგას. დღეს ხელისუფლება ჩამოკიდებულია ერთ კაცზე და ყველა გადაწყვეტილებას ეს ერთი კაცი იღებს. „ქართულ ოცნებაში“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები არ არიან. არსებული სისტემიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. ეს სისტემა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ.
_ არსებულ სისტემაში არც მარგველაშვილი ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა? პრეზიდენტად ყოფნის ჟამს მან ხომ გაბედა და ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავიდა?
_ არ მინდა გიორგი მარგველაშვილზე საუბარი. არ მინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე რამე ცუდი წამომცდეს. ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან და თქვენც არაფერი მკითხოთ მასზე.
_ საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილიც. კითხვა რომ დაგისვათ, მასზეც არაფერს გვეტყვით?
_ მარგველაშვილი სულ სხვაა და მიშა _ სულ სხვა. სააკაშვილზე იმდენი რამე ვთქვი, რომ სალაპარაკო აღარ დამრჩა. ჩემზე მეტი არავის უსაუბრია მასზე და არც მის წინააღმდეგ უბრძოლიათ იმდენი, რამდენიც მე ვიბრძოლე. მიშაზე თუ მკითხავთ, ვისაუბრებ, მაგრამ მარგველაშვილზე არაფერს ვიტყვი.
_ „ოცნებაში“ დამოუკიდებელი ფიგურები არ არიანო. ოპოზიციაში თუ არის ასეთი ხალხი? ყველა პარტიას ჰყავს ლიდერი და ის ღებულობს გადაწყვეტილებას. განსხვავებული ვითარებაა „ევროპულ საქართველოში“. ამ პარტიას რამდენიმე თანაბარი ძალის ლიდერი ჰყავს.
_ ამ ლიდერებს არ გააჩნიათ იმის ძალა, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები განახორციელონ. ასეთი განცდა მაქვს, რომ ოპოზიციასაც საკმაოდ კარგად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მათ დამოუკიდებლად მოქმედებას სკეპტიკურად ვუყურებ.
_ რას გულისხმობთ როცა ამბობთ, რომ ივანიშვილი ოპოზიციას აკონტროლებს? შეკრულები არიან და ერთ თამაშს თამაშობენ?
_ იმისთვის, რომ ოპოზიცია ივანიშვილმა აკონტროლოს, შეკვრა და პირდაპირი დიალოგი საჭირო არ არის.
_ აბა, რა არის საჭირო?
_ ივანიშვილი ოპოზიციის შეცდომებს იყენებდა წარსულში, იყენებს ახლაც და მომავალშიც გამოიყენებს.
_ უშეცდომო არც ისაა და მის შეცდომებს ვერ გამოიყენებს ოპოზიცია?
_ ჯერჯერობით ამ შეცდომებს ოპოზიცია ვერ იყენებს. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. არაერთხელ ვთქვი ამ ინტერვიუში და კიდევ ვიტყვი, რომ დღეის მონაცემებით ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ შეცვლის.
_ 2012 წელსაც ასე ჩანდა, მაგრამ ციხის კადრებმა ბევრი რამე შეცვალა. წელსაც შეიძლება, არჩევნების წინ რაღაც ისეთი მოხდეს, რომელიც არსებულ სურათს რადიკალურად შეცვლის.
_ საუბრის დასაწყისშივე გითხარით, რომ მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებს. ახლაც ვიტყვი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა _ ამაზე არ ვიმარჩიელოთ. პოლიტიკაში შეიძლება წინასწარ თქმა, რომ ასე და ასე იქნება, მაგრამ მტკიცებითი ფორმით საუბარი საჭირო არაა.
_ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე რას ფიქრობთ? რაც ქვეყნიდან წავიდა, ყველა არჩევნების წინ დაბრუნებას აანონსებს. ახლაც თქვა, დავბრუნდებიო.
_ სააკაშვილის დაბრუნებაზე ლექსს დავწერ და გამოგიგზავნით, ეგ იქნება ჩემი პასუხი.
_ ბოლო დროს რაღაც მოუხშირეთ ლექსების წერას და არჩილ თალაკვაძეს ხომ არ ბაძავთ?
_ თალაკვაძე დაბადებული არ იყო, მე რომ ლექსებს ვწერდი. ერთი ეგაა, ალუჩაზე არაფერი დამიწერია.
_ ხუმრობა კარგია, მაგრამ საუბრის ბოლოს ისევ სერიოზულ თემაზე გადავიდეთ. თქვენი აზრით, საარჩევნო პროცესი მშვიდად ჩაივლის?
_ დღეის მონაცემებით ოპოზიციას არსებული ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლია. ამის მიუხედავად, არჩევნებზე დაძაბულობა აუცილებლად იქნება. ბოლო დროს ერთ რამეზე ვამახვილებ ყურადღებას და საუბარსაც ამ თემით დავასრულებ: არ მგონია, რომ დასავლეთმა არჩევნებში ვინმეს თავნებობა აპატიოს. დასავლეთი „ოცნების“ ლიდერს არანაირ დარღვევას აღარ გაუტარებს. ეს ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა გააცნობიეროს.

შორენა მარსაგიშვილი