ლია მუხაშავრია: „ვიცი, ბრძოლა ვის და რის წინააღმდეგაც მომიწევს!“

ამ ადამიანს მთელი საქართველო ჯერ ისე იცნობდა, როგორც უფლებადამცველსა და წარმატებულ იურისტს; მერე პროფესია ნაწილობრივ შეიცვალა და ფერმერობას მიჰყო ხელი; ახლა კი ლია მუხაშავრია პოლიტიკაში წავიდა, ანუ წლევანდელ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს, მაგრამ „ტრიბუნას“ პარტიულ სიაში იქნება.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ შეაჩერა არჩევანი მაინცდამაინც დავით ჭიჭინაძის გუნდზე? _ „ქრონიკა+“ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

_ ქალბატონო ლია, თავიდანვე გავარკვიოთ, ვის ვესაუბრები _ უფლებადამცველს, ფერმერსა თუ აწ უკვე პოლიტიკოსს?
_ სამივე სტატუსი მისაღებია, რადგან სამივე სიმართლეს შეეფერება _ დღეს სამი სტატუსის ქვეშ აქტიურად ვმოქმედებ.
_ ისე, ადამიანის უფლებების დაცვა თუ ფერმერობაც ირიბად პოლიტიკაა და ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი, გურიაში კენჭსაც იყრიდით, მაგრამ პოლიტიკური პარტიის წევრი აქამდე არ ყოფილხართ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ პარტიაში გაწევრიანებულიყავით?
_ 30 წელია, უფლებადამცველი ვარ და ისეთი მიღწევებით დატრაბახება, რომელიც ამ კუთხით მაქვს და, ალბათ, მომავალშიც მექნება, ბევრს არ შეუძლია. საერთოდ, ჩემი საქმიანობით მუდმივად ვცდილობ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდეს და ადამიანის უფლებები დაცული იყოს, მაგრამ ჩემი შედეგების მიუხედავად, რომელთაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინეს, მივხვდი, რომ ეს საკმარისი არაა, ანუ ტრამალის მგელივით მარტო ბრძოლამ შედეგი, მაინცდამაინც, ვერ მომიტანა.
შუახანს რომ გადასცდები და საკუთარ ცხოვრებას აანალიზებ, იმაზე იწყებ ფიქრს, რა შეიძლება, ისეთი გააკეთო, რომ უფრო ღირსეულად იცხოვრო და ადამიანებისთვისაც მეტი გააკეთო. მოკლედ, ვიფიქრე, რომ პარლამენტში მოსვლითა და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულობით უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, სტუდენტებმა მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე დავიწყეთ და ეს, ასე ვთქვათ, პროცესი მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში არ შემიწყვეტია, თუმცა ყველაფერი ისეთი შედეგიანი არ აღმოჩნდა, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო.
_ გასაგებია, რომ პარლამენტიდან ადამიანის უფლებათა კუთხით შესაძლოა, უფრო ბევრი რამ გააკეთოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში უამრავი პარტიაა, თქვენ კი არჩევანი ახალშექმნილ „ტრიბუნაზე“ შეაჩერეთ. რატომ?
_ კარგი კითხვაა და აუცილებლად გიპასუხებთ. იმაშიც გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი პარტიაა და განსაკუთრებით მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრია, მაგრამ ყველა შემოთავაზებას ყურადღებით გავეცანი.
_ ანუ „ტრიბუნას“ გარდა თავის რიგებში გაწევრიანებას სხვა პარტიაც გთავაზობდათ?
_ დიახ, რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება მქონდა.
_ კონკრეტულად, რომელი პარტიებისგან?
_ ამას არ დავასახელებ, რადგან არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, ანუ არაეთიკურად გამომივიდეს.
_ უკაცრავად, არაეთიკურობა რა შუაშია?
_ მათ უარი ვუთხარი, „ტრიბუნას“ კი დავთანხმდი. დავით ჭიჭინაძეს დიდი ხანია, ვიცნობ, მისი მხოლოდ პოლიტიკური კი არა, სხვა საქმიანობის შესახებაც ვიცი და მჯერა, რომ ამ ადამიანს ძალიან კეთილსინდისიერი განზრახვა აქვს, რათა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა მართლაც შეცვალოს. ჩემი აზრით, „ტრიბუნას“ ყველაზე სწორი ხედვა აქვს, თუ როგორ შეიძლება ქვეყნისა და ადამიანების უსასოო ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. დავით ჭიჭინაძე უფრო ეკონომიკურ საკითხებზეა ფოკუსირებული, მე კი _ სამართლებრივზე. ამიტომ მგონია, კარგ ტანდემს შევქმნით, რათა პარლამენტში ჩვენი საქმიანობა უფრო ქმედითი იყოს.
_ ჭიჭინაძემ „ტრიბუნაში“ გაწევრიანება რომ შემოგთავაზათ, მაშინვე დასთანხმდით თუ მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ?
_ ვერ გეტყვით, რამდენი საათი და დღე ვფიქრობდი, მაგრამ ვითარება და ისიც გავაანალიზე, თუ როგორი საარჩევნო კამპანია აქვთ გარკვეულ სუბიექტებს და გადაწყვეტილებაც ამის მერე მივიღე. საერთოდ, სიძულვილის ენა და აგრესია ჩემთვის მიუღებელია. მე კონსტრუქციული, ოპტიმისტური და პოზიტიური კამპანია მომწონს. ამ თვალსაზრისით „ტრიბუნას“ კამპანია ჩემში სიმპათიას იწვევს.
_ ოპტიმიზმი და კონსტრუქცია გასაგებია, მაგრამ, ქალბატონო ლია, თქვენ ლიბერალი ხართ, დავით ჭიჭინაძე კი, მინიმუმ, ლიბერალური ეკონომიკის წინააღმდეგ ილაშქრებს და მთავარ აქცენტს ტრადიციულ ღირებულებებზე აკეთებს. ჰოდა, ამის გამო თქვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არის?
_ ესეც, წეღანდელის მსგავსად, ძალიან კარგი კითხვაა და მადლობას გეუბნებით, რომ მეძლევა საშუალება, განვმარტო, თუ რატომ დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები და პოზიციები. დღეს ჩვენ მხოლოდ ფინანსურ და ეკონომიკურ კი არა, ძალიან ღრმა მორალურ კრიზისშიც ვართ. ამიტომ რადიკალური ღონისძიებების გატარება და ისეთი პოლიტიკური ნების შექმნა გვჭირდება, რომელიც ამ მდგომარეობას ოდნავ მაინც გამოასწორებს და ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამ ვითარებაში ლიბერალიზმისა და მაქსიმალური თავისუფლების გამოყენება კი შესაძლოა, უპრიანი და შედეგის მომტანი არ იყოს.
_ ანუ თქვენს პრინციპებსა და შეხედულებებზე უარს ამბობთ?
_ არა, უბრალოდ, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა და მისი შეცვლა მხოლოდ რადიკალური ნაბიჯებით შეიძლება. ლიბერალური და დემოკრატიული მიმართულებების დრო მაშინ დგება, როცა ქვეყანაში სიმდიდრე და ნაკლები გაჭირვებაა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს უმძიმესი ეკონომიკური და უსაშველო ფინანსური გაჭირვება შეცვალოს. ამის შემდეგ კი სხვაგვარი პოლიტიკის დრო დადგება. ასე რომ, ამ კუთხით ჩემი და დავით ჭიჭინაძის შეხედულებები ერთმანეთის აბსოლუტურად თანხვედრია.
_ ქალბატონო ლია, მაინც, რა მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელიც ამ უმძიმესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისიდან გამოგვიყვანს?
_ პირველ რიგში, ისეთი სამთავრობო გუნდის შექმნაა აუცილებელი, რომელიც კრიზისული მდგომარეობის დაძლევაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ქვეყანა და მოსახლეობა ბანკების მონოპოლიებისგან.
_ ქვეყნის ბანკების მონოპოლიისგან განთავისუფლებაზე თითქმის ყველა პოლიტიკოსი ლაპარაკობს, მაგრამ საამისოდ კონკრეტული გეგმა ჯერ არავის წარმოუდგენია…
_ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებო ბერკეტი აქვს, რომლითაც ბანკების მონოპოლიის დასრულება შესაძლებელია, მაგრამ დღეს პოლიტიკური ნება არ არსებობს და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმ მთავარ ფუნქციას არ ასრულებს, რომელიც კონსტიტუციით ევალება. ამიტომაც ბანკებს სრული თავისუფლება აქვთ, წარმოუდგენელ და არარეალისტურ საპროცენტო განაკვეთებს აწესებენ და ამ გზით ფიზიკური თუ იურიდიული პირების ქონებას ხელში იგდებენ.
მოკლედ, დღეს საქართველოს ორი ოკუპანტი ჰყავს: ერთია რუსეთი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო და მეორეა საბანკო სექტორი, რომელსაც მოსახლეობის ქონება, პრაქტიკულად, ოკუპირებული აქვს. შესაბამისად, ათასობით ოჯახი საკუთარი საცხოვრებლიდან გამოსახლებას ელის და საზოგადოებაში პესიმიზმის განცდას სწორედ ეს აჩენს, ანუ ადამიანები ამ ქვეყანაში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ. ყველაფერ ამას წერტილი უნდა დაესვას!
ბანკირებს სერიოზული ფინანსური ბერკეტები აქვთ, რომ პოლიტიკაში, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე, საკუთარი მიზნებისა და ამოცანების ლობირება შეძლონ, თუმცა ახლა მიაჩნიათ, რომ ეს ლობირება საკმარისი აღარაა და ამიტომ ცდილობენ, პოლიტიკაში მოვიდნენ და იმ გადაწყვეტილებების უშუალო მიმღებნი გახდნენ, რომელიც მათ ფინანსურ ძალაუფლებასა და მონოპოლიას კიდევ უფრო გააძლიერებს. დღეს სწორედ ამ ვითარების შეცვლაა მნიშვნელოვანი, რადგან ამის შემდეგ ათი ათასობით ადამიანის ქონებრივი უფლება აღდგება.
ერთი სიტყვით, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო და პრეზიდენტი შეიცვალოს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ადამიანებისთვის თაღლითურად და უკანონოდ წაგლეჯილი ქონების დაბრუნებაა, თუმცა ამ უკანონობაზე საგამოძიებო ორგანოები არ რეაგირებენ. საგამოძიებო მექანიზმების ამოქმედებაც აუცილებელია, თუმცა ამისთვისაც პოლიტიკური ნებაა საჭირო.
_ ქალბატონო ლია, როგორ უნდა დადგინდეს, რომ ბანკები ხალხს ქონებას თაღლითური სქემით ართმევდნენ და ართმევენ?
_ როცა კრედიტის დაუფარაობის გამო მოქალაქის იპოთეკაში ჩადებული ქონება აღსრულებაზე გააქვთ და ამ ქონებას, თითქოს, აუქციონის შედეგად, ბანკები, მათი თანამშრომლები ან მევახშეები იფორმებენ, სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაუხადონ, მაგრამ საშემოსავლო გადასახადი არავის გადაუხდია.
ყველასთვის გასაგები რომ გახდეს, თუ რაზე ვსაუბრობ, ნინო ბურჯანაძისთვის, პარლამენტის დადგენილებით, ერთ ლარად წყნეთის რეზიდენციის გადაცემას გავიხსენებ: ქალბატონმა ნინომ ამ ქონებაზე საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადა და ამიტომ ეს სახლი ჩამოართვეს. მართალია, ნინო ბურჯანაძე ამ თემას ასაჩივრებდა, მაგრამ სასამართლოში ვერ მოიგო, რადგან საშემოსავლო გადახდილი არ ჰქონდა და, შესაბამისად, ქონებაც სრულიად კანონიერად ჩამოერთვა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება, ეს მექანიზმი ამუშავდება და ჩვენ მხოლოდ ობიექტური და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ მართლმსაჯულების სისტემას კი არა, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საგამოძიებო ორგანოსაც შევქმნით. ამასთან, სამართალდამცველი უწყების ტალღისებურ კი არა, ძირფესვიან რეფორმას გავატარებთ და ყველაფერი ეს შესაძლებელს გახდის, რომ ხალხი კაბალური მდგომარეობიდან განთავისუფლდეს და მისი დარღვეული ქონებრივი უფლებებიც აღდგეს. ყველაფერ ამას კი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის აშკარა გაჯანსაღება მოჰყვება.
_ იმისთვის, რომ ეს გააკეთოთ, „ტრიბუნა“ ხელისუფლებაში უმრავლესობით უნდა მოვიდეს, რაც წარმოუდგენელია. თქვენი პოლიტიკური ლიდერი კი კოალიციის შექმნას არც „ოცნებასთან“ აპირებს და არც _ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. შესაბამისად, რატომ გაქვთ იმედი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენთ?
_ 31 ოქტომბრის შემდეგ პარლამენტში „ტრიბუნას“ რიცხოვნობა მინიმალურად წარმოადგინეთ.
_ ქალბატონო ლია, მე კი არ წარმოვადგინე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე ვმსჯელობ, რომელიც დღეს ქვეყანაშია. განა, თქვენ უარყოფთ, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მხოლოდ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აქვს?
_ ჩვენი პროგრამის საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალასა და სუბიექტს სურვილი გაუჩნდება, რომ ამ იდეას შემოუერთდეს.
_ შემოერთებაში რას გულისხმობთ?
_ მართალია, საარჩევნო პროცესში ყველა სუბიექტი ცალ-ცალკე ვართ ჩართულები, მაგრამ ვცდილობთ, რომ ნაბიჯები საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემებთან დაკავშირებით გადავდგათ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს საპროგრამო მიმართულება ძალიან პოპულარული გახდება და სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც შეეცდებიან, მეტ-ნაკლებად დაგვიჭირონ მხარი.
აი, მაგალითად, ბანკების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ გიორგი ვაშაძე განცხადებებს უკვე აკეთებს.
_ დიახ, მაგრამ ვაშაძისა და „ტრიბუნას“ კოლაბორაცია თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხში წარმოუდგენელია, რადგან ისნის მაჟორიტარულ ოლქში ვაშაძე და ჭიჭინაძე ერთმანეთის კონკურენტები არიან.
_ მე კოლაბორაციაზე არ ვსაუბრობ.
_ აბა, რაზე საუბრობთ?
_ ოპოზიციური ძალების კონკრეტული პროგრამის გარშემო გაერთიანებაზე. საერთოდ, არ მგონია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ან პარლამენტში შესვლის შემდეგ რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ საზოგადოების წინაშე თავი შეირცხვინოს და ის არ გააკეთოს, რაც ხალხისთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია.
სხვათა შორის, მედია ძალიან დეტალურად აშუქებს, ვის რა პროგრამა აქვს და ამისთვის ჟურნალისტებს მადლობას გეუბნებით. ერთი სიტყვით, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ადამიანები ჩვენ გარშემო იდეურ ერთობას შექმნიან. სწორედ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება შევცვალოთ.
_ ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ 31 ოქტომბერს „ოცნება“ ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა?
_ დიახ, დარწმუნებული ვარ, ანუ პარლამენტში ისეთი უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, რომ პროცესებზე გავლენას, პრაქტიკულად, ვერ იქონიებს!
_ მომიტევეთ, მაგრამ მგონია, რომ ძალიან არარეალისტურად მსჯელობთ, ანუ ვინ-ვინ და თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ არჩევნებს ის იგებს, ვინც ითვლის. გაყალბებაზე უარს, ბუნებრივია, არც „ოცნება“ იტყვის…
_ დიახ, ვიცი, რომ გაყალბებისგან დაცულები არ ვართ, მაგრამ ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით საერთაშორისო საზოგადოება დგამს, ძალიან მეიმედება.
_ ეს იმედიც, ვფიქრობ, ფუჭია, რადგან არსებული პირველადი ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები შესაძლოა, არ ჩამოვიდნენ და ამის საბაბად კორონა სახელდება.
_ მესმის, მაგრამ ოპოზიციური ძალებიც საკმარისად ვართ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება არ მივცეთ და გაერთანებას ამ მიმართულებითაც შევეცადოთ! ამასთან, ძალიან დიდი რაოდენობით ამომრჩეველია მობილიზებული, რომ არჩევნები არ გაყალბდეს! ამ კუთხით მედიის როლიც უმნიშვნელოვანესია.
_ ცხადია, მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქვე ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკვე ამოქმედდა ე. წ. ბავშვთა დაცვის კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაძლოა, ძალადობის წახალისებად ჩაითვალოს. ქალბატონო ლია, პირდაპირ გკითხავთ და პირდაპირვე მიპასუხეთ: ბავშვთა უფლებებზე ზრუნვის საბაბით „ოცნება“ მედიადიქტატურის დამყარებას ცდილობს?
_ დიახ, ხელისუფლება ცდილობს, რომ პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების მედიაშესაძლებლობები როგორმე გაფილტროს, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს კანონი, საეთაშორისო მონიტორინგის წყალობით, შესაძლოა, სრულად ვერ ამოქმედდეს და მეორეც, ამომრჩეველი მხოლოდ ტელევიზიაზე არაა მიბმული.
_ აღნიშნული კანონი ინტერნეტმედიაზეც ვრცელდება.
_ დიახ, მესმის, მაგრამ იგივე სიციალური ქსელი და ბეჭდური მედია დიდ როლს ასრულებს.
მოკლედ, ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და კომუნიკაციის კუთხითაც მეტი თავისუფლება გვაქვს. შესაბამისად, სახელისუფლებო კონტროლი და ცენზურა დაიძლევა!
_ ისე, ამ კანონიდან გამომდინარე, „ტრიბუნას“ ლოზუნგიც _ ტრიბუნიდან ტრიბუნალამდე, შესაძლოა, ძალადობის წახალისებად ჩითვალოს. სიტყვამ მოიტანა და, უფლებამდაცველი ლია მუხაშავრია რას ფიქრობს, ტრიბუნალს ვინ უნდა გადაეცეს?
_ დავიწყოთ იმით, რომ ის ზიანი, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანას მიადგა, იმ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ, რომელთაც ეს ზიანი მიაყენეს. დღეს ციხეში ისეთი ურიგო პირობები აღარაა, როგორც ადრე იყო და ადამიანი, რომელსაც რამდენიმე მილიონი აქვს გადანახული და იცის, რომ პატიმრობის შემდეგ ცხოვრებას მშვენივრად გააგრძელებს, ციხეში სიამოვნებით ჯდება.
_ უკაცრავად, საითკენ მიგყავთ საუბარი?
_ სისხლის სამართლის კოდექსს, სადაც, ასე ვთქვათ, ქონებრივ დანაშაულზეა საუბარი, პატიმრობასთან ერთად, რამდენიმე ათასიანი ჯარიმაც უნდა დავამატოთ, ანუ, ვთქვათ, პატიმრობა 5-დან 7 წლამდე და ჯარიმა 50 ათასი ლარი და მეტი. ეს სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, რომ დამნაშავეები რეალურად დასაჯოს და მათგან ის ქონება ამოიღოს, რომელიც სხვას უკანონოდ წაგლიჯეს!
„ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამუნათებს ხოლმე ევროსასამართლოში წაგებული იმ საქმეების გამო, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა და მმართველ გუნდს 6 მილიონის გადახდა მოუწია. ჰოდა, ამ 6 მილიონის გადახდა შესაძლოა, სრულიად კანონიერად იმ კონკრეტულ პირებს დაეკისროთ, რომელთა გამოც საქართველოს მთავრობამ ეს საქმეები სტრასბურგში წააგო. სხვათა შორის, ეს მექანიზმი კანონში არსებობს, მაგრამ მის ამოქმედებას პოლიტიკური ნება სჭირდება და მეტი არაფერი!
_ ქალბატონო ლია, ამ მექანიზმის ამუშავებით, ვფიქრობ, სამართლიანობა მაინც არ აღდგება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო პოლიტიზებულია და ბევრჯერ „ვირის აბანოში“ სრულიად უდანაშაულო ადამიანს უშვებენ. ამიტომ, მგონი, ახალმა ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, ეს სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან განთავისუფლებაა. ვცდები?
_ დიახ, გეთანხმებით, მართლმსაჯულების რადიკალური და ძირეული რეფორმაა გასატარებელი. ამის გარეშე სამართლიანი სასამართლო წარმოუდგენელია.
სხვათა შორის, ჩვენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები გვაქვს, სადაც კონკრეტული პირების დანაშაული ძალიან კარგადაა დასაბუთებული და დამტკიცებული. ამასთან, იმ მოსამართლეების ჩამონათვალიც ცნობილია, რომელთა გადაწყვეტილებაშიც გადაცდომები იყო. შესაბამისად, ასეთ საქმეებზე ხელახალი გამოძიება არ გვჭირდება, რადგან ყველაფერი გარკვევით წერია.
ისე, რომ იცოდეთ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოს ვალდებულება ევროსაბჭოში გაწევრიანებითა და ევროკონვენციაზე ხელმოწერით აქვს ნაკისრი. ერთი სიტყვით, მოქმედება თუნდაც ამ კუთხით რომ დაიწყოს, ძალიან ბევრი ადამიანის დარღვეული უფლება აღდგება!
_ ქალბატონო ლია, უკვე ხელისუფლებაც აღიარებს, რომ კორონაპანდემიის გამო მძიმე ზამთარი გველის. თქვენ, როგორც ფერმერმა, მთავრობის კორონაშეღავეთებით ისარგებლეთ?
_ მიწის დამუშავებისა და საწვავისთვის გაცემული ვაუჩერი მივიღე, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს სავსებით არასაკმარისია.
_ რატომ?
_ 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანს ერთ ხელში აიფონი უჭირავს და მეორეში _ თოხი, ეს წარმოუდგენელი შეუსაბამობაა! ადამიანს და მის საქმეს სწორედ ეს განსხვავება და ატავიზმი ანგრევს.
_ შეიძლება, მაგრამ ამ კუთხით ხელისუფლებას ბრალს რატომ სდებთ?
_ მოკლედ, მიწის დამუშავებისა და საწვავის ვაუჩერი კარგია, მაგრამ სოფელში ხალხს ტექნიკა არ გააჩნია. გლეხები თოხითა და ბარით მუშაობენ. ხალხს ღირსეული შრომის პირობები უნდა შევუქმნათ, რაც მხოლოდ სოფლად ახალი ტექნოლოგიების დანერგვითაა შესაძლებელი! სხვაგვარად ნებისმიერი სახის დახმარება, პირადად მე, მოსყიდვის მცდელობად მეჩვენება, ანუ ხელისუფლება ღატაკ მოსახლეობას ეუბნება, აი, რაღაც მოგეცი და ამით კმაყოფილი იყავიო.
_ ე. ი., სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ კორონის პირველი ტალღის დროს გაგვაცნო, ბლეფია?
_ იცით, რა ხდება? _ აი, მაგალითად, ტრაქტორის შესაძენ პროგრამაში ასეთი თანაფარდობაა: 40 პროცენტი გრანტია, 60 პროცენტი კი ფიზიკურმა პირმა თუ კოოპერატივმა უნდა დააფინანსოს. წარმოიდგინეთ, ყველაზე იაფფასიანი ახალი ტრაქტორი 160 ათასი ლარი ღირს. ჰოდა, თუ ადამიანს ამ თანხის 60 პროცენტი აქვს, დამეთანხმებით, 40-პროცენტიანი საგრანტო დახმარება ნამდვილად აღარ დასჭირდება. ბოლოს და ბოლოს, იმ თანხით, რომელიც აქვს, წავა და მეორად ტრაქტორს იყიდის და იმ ბიუროკრატიული ფორმალობებისგანაც განთავისუფლდება, რასაც უამრავი დრო და საკამოდ კვალიფიციური გამოცდილება სჭირდება, რომ ყველა აპლიკაცია სათანადოდ შეავსო. ეს პროგრამები ისევ მდიდრებზეა გათვლილი, სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კი სრულიად სხვა სახის დახმარება სჭირდება.
_ ისე, ქალბატონო ლია, პოლიტიკური თავდასხმებისთვის მზად ხართ?
_ თავდასხმები იმ სფეროშიც იყო, სადაც პოლიტიკამდე ვსაქმიანობდი, მაგრამ ყველაფერ ამას მარტო გავუმკლავდი. ახლა კი ძალიან მყარ გუნდთან ერთად ვმოქმედებ, თანაც ყოველთვის მახსოვს ჩინური ანდაზა _ მამაცი ის კი არაა, ვინც ვეფხვს შეებრძოლება, არამედ ის, ვინც იცის, ვეფხვთან შებრძოლება რა ძნელია, მაგრამ მაინც შეებრძოლება. მოკლედ, უკვე 58 წლის გავხდი და, დარწმუნებული ვარ, ის, რასაც დღეს ვაკეთებ, თავდადებად ღირს. მინდა, ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდი უფრო მეტად შედეგიანი იყოს და უფრო ბევრ ადამიანს გამოვადგე! ამიტომ პოლიტიკური თავდასხმების ნამდვილად არ მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბრძოლა ვის და რის წინააღმდეგაც მომიწევს!

გიორგი აბაშიძე