ბექა ნათელაშვილი: „ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებზე ფინანსური რესურსი იქნება“

ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. როგორც იტყვიან, წინ მთელი ცხოვრება აქვს და ბევრი გამოწვევა ელოდება, _ სასიამოვნოც და უსიამოვნოც. გართობას საქმე ამჯობინა და დიდ აურზაურში შეყო ფეხი. ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, პოლიტიკაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილმა, ბექა ნათელაშვილმა, საკუთრი ბედი პოლიტიკაში ეცადა.

მამასავით ენერგიული და მიზანდასახული ბექა მცხეთა-მთიანეთში ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
„ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ ხელისუფლების ზონდერბრიგადები დაგვიპირისპირდნენ და სწორედ ამ ადგილიდან მინდა, მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო და სწორედ ამ ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარო თითოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ქვეყნიდან გაქცევა არ არის ხსნა, სოფლების დაცლა, სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი“, _ ეს სიტყვები ბექა ნათელაშვილმა საკუთარი კანდიდატურის დაყენების შემდეგ წარმოთქვა და საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო.

იგი დარწმუნებულია, რომ ხალხს ახალგაზრდა თაობა და მესამე ძალა სჭირდება. თუ რა აძლევს ამის თქმის უფლებას? ვის მიიჩნევს კონკურენტად? ითვალისწინებს თუ არა მამის რჩევებს? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს ბექა ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ბექა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
_ ასე ხელაღებით პოლიტიკაში წასვლა არ გადამიწყვეტია. თითოეული ადამიანის ცხოვრება არის პოლიტიკა და ჩვენ გარშემო რაც ხდება, ყველაფერი პოლიტიკაა. ის, რომ რაღაც გვაწუხებს, გვიხარია ან გვინდა, რომ გაუმჯობესდეს, ამ ყველაფერს პოლიტიკა აწესრიგებს. მგონია, რომ რაღაც დოზით ყველა ადამიანი ჩართულია პოლიტიკაში, უბრალოდ, ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ მეტი დოზით მომიწია ჩართულობა, ვიდრე სხვას, რადგან აქამდეც ჩემი ყოველდღიური ცხოვრება დაკავშირებული იყო პოლიტიკასთან და ზოგადად პოლიტიკოსის ოჯახში გავიზარდე. ვფიქრობ, ადეკვატურად აღვიქვამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წასვლა და გააქტიურება პოლიტიკაში. სხვანაირად ქვეყანა არა მგონია, განვითარდეს.
_ თქვენი ეს გადაწყვეტილება ოჯახისთვის რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა?
_ 2011 წლიდან პოლიტიკაში ვიყავი, პარტიის საერთაშორისო მდივანი გახლდით და ვარ, უცხოეთთან და დასავლეთთან კომუნიკაციას, შეხვედრებსა და ვიზიტებს მე ვაკეთებ, ამ ყველაფერში ვარ ჩართული, თუმცა სატელევიზიო სივრცეში დიდად აქამდე არ ვჩანდი. არ ვაქტიურობდი იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტდა პროპორციული სისტემის ჩაგდებას და ჩვენს მოტყუებას. შესაბამისად, დავიწყე საჯაროდ აქტიური გამოსვლები და გავედით ქუჩაში. გამოსავალი დღევანდელ მდგომარეობაში არის ხმის ამაღლება და ეს შესაძლებელია გარეთ გასვლით, გაპროტესტებით და დისკომფორტის შექმნით, რასაც ჩვენ ვაკეთებდით უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.
_ ბექა, თქვენ რომ კანდიდატურა დაასახელეთ, პარალელურად ამუშავდა ტროლების ქარხანა და მავანი ცდილობდა შავი პიარის აგორებას. მოკლედ, თქვენი მისამართით ბევრი უარყოფითი მესიჯი იწერებოდა. რამდენად მძაფრად აღიქვით და აღიქვამთ ზოგადად ამ ყველაფერს და როგორ რეაგირებთ ამ დროს?
_ სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს ჩემზე არ უმოქმედია. იქ ვინც წერდა უშვერ სიტყვებს, ამ კომენტარების ავტორები, ძირითადად, არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ასევე საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები, რომლებიც თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ბინძური საქმე გაამართლონ. მეორე ჯგუფს განეკუთვნებიან ფეიქმომხმარებლები, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და მესამე ჯგუფია „პატრიოტთა ალიანსის“ ფეიქები და აქტივისტები. ეს სამი კატეგორია იყო, ძირითადად, რომელიც გამოირჩეოდა დიდი აგრესიუობით და ამაზე ნამდვილად არ მაქვს რეაქცია, პირიქით, მსგავსი შინაარსის კომენტარები უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, სხვის დისკრედიტაციაზე ააგოს თავისი პოლიტიკა და ხალხი ძალიან კარგად ხედავს ამ ყველაფერს.
_ მცხეთა-მთიანეთში იყრით კენჭს. რატომ მაინცდამაინც ეს რეგიონი და რამდენად კარგად იცნობთ იქაურ პრობლემებს?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმოშობით აქედან ვარ, აქ გავიზარდე და ცხოვრების უდიდესი პერიოდი აქ მაქვს გატარებული. შესაბამისად, ვიცნობ აქაურ ხალხს, ვიცი, რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი და ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს რეგიონი. აქ ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად არიან და ძირითადად ასაკოვანი ხალხი დარჩა, ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი და აქაც შეიძლება დავრჩეთ, ვიბრძოლოთ და ჩვენ თვითონ შევცვალოთ ის რეალობა, რაც არ მოგვწონს და გამოვასწოროთ. დღეს რომ ქუჩა-ქუჩა დავდივარ და ადამიანებს ვხვდები, ძალიან ნიჰილისტურად არიან განწყობილები ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ და აღარ აქვთ იმედი არც ერთი პოლიტიკოსისა და პარტიის მიმართ. ახალგაზრდებს შესცქერიან იმედის თვალით. სწორედ იმით განვსხვავდები სხვა კანდიდატებისგან, რომ ახალგაზრდა ვარ, წარსულში მათთვის არაფერი მომიტყუებია, არაფერი დამიშავებია, არ მაქვს პირადი ინტერესები, არ ვაპირებ პარლამენტარობას იმიტომ, რომ ჩემი ბიზნესის ხელშეუხებლობა უზრუნველვყო და მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს იმედი მიეცეთ პოლიტიკოსების მიმართ.
_ ნდობის ფაქტორი რამდენად ექნებათ? თქვენ ხომ ძალიან ახალგაზრდა ხართ და პირველ ნაბიჯებს ახლა დგამთ დიდ პოლიტიკაში?
_ ჩემ მიმართ უფრო მეტი ნდობის ფაქტორი აქვთ, ვიდრე იმ „გაცვეთილი“ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ყოველ წელს დადიან წრეზე და ახალ-ახალ დაპირებებს იძლევიან.
_ საიდან გამომდინარე ამბობთ იმას, რომ ხალხი გენდობათ?
_ ხალხის დამოკიდებულებით ვხვდები. არ უნდათ გაგონება არც ძველი ხელისუფლების, არც ამათი და მესამე ძალას ელის ხალხი. ეს ძალა კიდევ უნდა იყოს ახალი თაობა, მომავალი თაობა და ახალგაზრდები. ხუნდაძე ავიღოთ, ქუცნაშვილი _ 8 წლის განმავლობაში ეს ადამიანები რეგიონში არ გამოჩენილან. იმედი უნდა მივცეთ ხალხს, რომ რაღაცა შეიცვლება.
_ თქვენსავე რეგიონში უკონკურენტო კანდიდატი ხართ?
_ არა, რა თქმა უნდა. სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც არიან კონკურენტები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, ასევე არის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი და კონკურენცია დიდია. ვფიქრობ, ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებზე იქნება ფინანსური რესურსი, რომელიც საკმაოდ მრავლად აქვს სახელისუფლებო პარტიას და მათ შორის ცეზარ ჩოჩელს, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ მხარდაჭერილი კანდიდატია ამ რეგიონში. ცეზარ ჩოჩელი ამ რეგიონის მინიოლიგარქია და ყოველ არჩევნებზე გამოირჩევა ხმების ყიდვით. მსგავსი ტიპის ოლიგარქები სარგებლობენ ხალხის სიდუხჭირით და მათი გაჭირვებით. მე ამომრჩეველთან სულ სხვა დაპირებებით მივდივარ და ვინც ხმას მომცემს, ის არ მისცემს ხმას არც სახელისუფლებო პარტიას და არც მინიოლიგარქ ცეზარ ჩოჩელს.
_ თქვენი დაპირება რა არის?
_ დაწესდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი, რომ ადამიანებმა 300 ლარზე არ იმუშაონ სრულ განაკვეთზე ყოველდღე _ ეს არის მთავარი და ევროპული პრაქტიკა, რასაც მე ჩემს ამომრჩეველს ნამდვილად ვპირდები და ბატონი ჩოჩელი, რომელიც წეღან ვახსენე, რამდენიმე კომპანიის მფლობელია, ბიზნესმენი, რომელსაც ხალხი ჰყავს დასაქმებული და მათი ხელფასები შეადგენს 250 და 300 ლარს. ვის სჯერა, რომ ჩოჩელი ისურვებს დასაქმებული ადამიანების ხელფასების გაზრდას? სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რომ 150 პარლამენტის წევრიდან 41 არის მილიონერი და დღევანდელ 2020 წლის საპარლამენტო სიებსაც თუ გადავხედავთ, არ წყვეტენ მილიონერები და ოლიგარქები პოლიტიკაში მოსვლას.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ?
_ პოზიტიური, სხვნაირად საარჩევნო კამპანიას არ ჩავატრებდი. იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე. მაღალი აქტივობის პირობებში ხელისუფლების გამარჯვება შეუძლებელია.
_ როგორ ფიქრობთ, მამის ჩრდილიდან შეძლებთ გამოსვლას?
_ ეს დამოკიდებულია ცნობადობაზე. დღეს შალვა ნათელაშვილს ყველა იცნობს. თუ შევძელი იმდენი, რომ ჩემი სახელი დავტოვო ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ბექა ნათელაშვილი ვიქნები.
_ ძალიან ბევრი წელია, რაც მამათქვენი, შალვა ნათელაშვილი, ქართულ პოლიტიკაშია. როგორ შეაფასებდით მის პოლიტიკურ კარიერას?
_ საკმაოდ პოზიტიურად. ჩვენ არ ვყოფილვართ არასდროს ხელისუფლებაში, არასდროს გვქონია იმის ბერკეტი, რომ რაღაც ძირეული ცვლილებები მოგვეხდინა, თუმცა შალვას აქცენტები ყოველთვის იყო სწორი და ადეკვატური. ვფიქრობ, რომ ისტორია უფრო კარგად შეაფასებს შალვას პოლიტიკურ საქმიანობას, ვიდრე _ მე.
_ რჩევებს თუ გაძლევთ და რამდენად ითვალისწინებთ?
_ ამაყი ვარ იმით, რომ აქამდე რა გადაწყვეტილებაც მიმიღია, მხოლოდ დამოუკიდებლად და ყოველთვის არ ვითვალისწინებ მის რჩევებს. როცა რაღაცას მეუბნება, საპირისპიროს ვაკეთებ და კამათი მოგვდის ხოლმე.
_ რატომ?
_ ჩემით მინდა, რომ გავაკეთო და ჩემს შეცდომებზე მირჩევნია ჩემითვე ვისწავლო და გამოვასწორო ყველაფერი. გააჩნია საკითხებს, თორემ ზოგადად ვითვალისწინებ და ხშირად ვუსმენ ხოლმე, შემდეგ ჩემით ვიღებ გადაწყვეტილებას.
_ დამარცხების შემთხვევაში კვლავ აპირებთ, რომ გააგრძელოთ აქტიური პოლიტიკური ცხოვრება?
_ არ მაქვს ისეთი ამბიცია, რომ არჩევნებზე პირველივე მონაწილეობაზე ციდან ვარსკვლავებს მოვწყვეტ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და სხვა დანარჩენი რა იქნება და როგორ, ამას დრო გვაჩვენებს. ჩემი პოლიტიკური კარიერა დიდი ხნის წინ დაიწყო და ასე გაგრძელდება ყოველთვის.

გიორგი საკარული