აჭარა წითელ ზონაშია!

რამდენიმე დღეა, აჭარა უკვე წითელი ზონის სტატუსს ატარებს. ინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. 12 აგვისტოს აჭარაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა _ დაინფიცირდა 80 ადამიანი. დღეს (14 სექტემბერი) აჭარაში COVID-19-ის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2530 PCR ტესტი ჩატარდა.
ცნობისთვის: პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 484 შემთხვევა დადასტურდა.

რუსუდან შავიშვილი _ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი:
_ გასული (12 აგვისტო, _ რედ.) დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გახლავთ 80 დადასტურებული შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა არის კვლევის ფაზაში, ანუ კვლევა ბოლომდე არ დასრულებულა.
კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა უკავშირდება საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს.
22 შემთხვევა გახლავთ უცნობი, ანუ პირველწყარო ცნობილი არ არის. 7 არის სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული შემთხვევა, 3 გახლავთ ხოფის ბაზრობის სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული, მათ შორის არიან თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრები. ასევე პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სადაც არ არის ორზე და სამზე მეტი პირი დასაქმებული.
კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს.
ასევე დაუდასტურდა მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს ქობულეთში.
ყველა კონტაქტირებული პირი გადაყვანილია იზოლაციაში. კოვიდინფიცირებული არის ჰოსპიტალიზებული. ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, ყველას PCR ტესტი ჩაუტარდა და პასუხები არის უარყოფითი.

შეგახსენებთ: ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული იყო კარვები, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ, ტესტი სურვილის მიხედვით ჩაეტარებინათ, მაგრამ აღნიშნულ ლოკაციაზე განთავსებული კარვები წყვეტს ფუნქციონირებას და მხოლოდ დარჩება ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ტესტის გაკეთება.

„ქრონიკა+“ ამ საკითხის შესახებ რამდენიმე მოქალაქეს გაესაუბრა და შეეცადა, პასუხი მიეღო კითხვაზე, თუ რატომ გავრცელდა ვირუსი ასე ელვისებურად? მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უკონტროლობის ბრალია. მათივე თქმით, სათანადოდ არ იყო კონტროლი შესაბამისი უწყებიდან, რამაც ვირუსის ხშირი გავრცელება გამოიწვია რეგიონში.

ეთერ ბერიძე:
_ ნამდვილად პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უკონტროლობის ბრალია. მოგეხსენებათ, ჩვენ ისეთი ერი ვართ, არ ვიცავთ წესრიგს, თუ ვინმემ სათანადოდ არ გაგვაკონტროლა. თავიდან კონტროლი იყო, მაგრამ მერე აღარავინ აქცევდა ყურადღებას. უნდა გენახათ, რა ხდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში _ მგზავრები ფეხზე იდგნენ და პირბადე არ ეკეთათ. ზედამხედველობის სამსახური არც კი ამოსულა და არ შეუმოწმებია არაფერი. მძღოლებიც არაფერს გვეუბნებოდნენ, რომ პირბადე გაგვეკეთებინა და აბა, რა იქნებოდა _ გავრცელდებოდა ვირუსი!

ნაზი ბოლქვაძე:
_ ბაზარშიც დავდიოდი, შვილო და ბანკშიც, არც დისტანციას იცავდნენ და არც პირბადე ეკეთათ.

ხვიჩა მამულაძე