ქართული პოლიტიკის სიმახინჯე და ბრწყინვალება

საქართველო ის სახელმწიფოა, სადაც სეკულარიზმი დეკლარირებულია, მაგრამ მის პრინციპებს, პირველ რიგში, ის ადამიანები არღვევენ, რომელთაც მისი დაცვა ევალებათ, ანუ პოლიტიკოსები.

ეკლესიის ნაწილში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონტექსტში, ყველაფერი გასაგებია: მათ სულაც არ ეპიტნავებათ სეკულარიზმი და თეოკრატიას მიესწრაფვიან.
აბსოლუტურად გასაგებია, თუ რას აკეთებს და რისთვის იბრძვის ეკლესია საარჩევნო პერიოდებს შორის. მაგრამ ისიც ხომ თვალნათელია, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში საპატრიარქოს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანოს კულუარებში?! არჩევნების შემდეგ ეკლესიის მიერ მიღებული დივიდენდების, ბენეფიტების საფუძველზე თვალნათელია, თუ რა გარიგებები იდებოდა საპატრიარქოში წინასაარჩევნოდ. იმასაც ხომ ნათელი ეფინება ხოლმე, როცა ღვთისმსახურნი წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულებრივ აგიტატორებად და ღმერთის სახელით მოძალადეებად იქცევიან. ისინი განწყობებს ქმნიან და არჩევნების წინა დღემდე ვაჭრობენ ხოლმე. ახლა თავი დავანებოთ ეკლესიას, საპატრიარქოს, რომელსაც საკუთარი პრაგმატული ამოცანა აქვს, მიიტაცოს რაც შეიძლება მეტი ხელისუფლება ან გავლენა ხელისუფლებაზე და მეტი ძალაუფლება ჰქონდეს. დავსვათ მარტივი კითხვა, _ ვინ არის ამ ძალაუფლების მიტაცებაში მისი ყველაზე მყარი დასაყრდენი პარტნიორი? ვისთან ვაჭრობენ ისინი? რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებთან ყელს იღერებენ ხოლმე, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა.
და ახლა სწორედ მათ მინდა, მივმართო: რომელ სეკულარიზმზე მესაუბრებით საქართველოში, განსაკუთრებით „პრადვინუტი“ პარტიები და პოლიტიკოსები, ღიად და ფარულად რომ დარბიხართ საპატრიარქოში მომავალ არჩევნებში მხარდაჭერის მოსაპოვებლად და კურთხევისთვის?!
მე და ჩემისთანებმა თუ არ მოგეცით ხმა და ხელი თუ არ გაანძრიეთ თავად, ღმერთი ვერაფერს გიშველით. მით უფრო ვერ გიშველით ცრუ კერპები, რომლებიც იმას ფიქრობენ, როგორ გამოგლიჯონ ხელისუფლებებს მეტი ძალაუფლება და მეტი გარანტიები, მოიპოვონ მეტი გავლენა. საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ გარიგებების შედეგად ჩვენ ვზიანდებით _ ქართველი ხალხი (რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად), საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ გვართმევთ მიწებს, ქონებას, სხვა სიმდიდრეებს და აძლევთ ეკლესიას ან პირთა ჯგუფს, რომელიც ამ ქონებას განკარგავს და ჩვენ ხარჯზე მდიდრდება.
არ არის ღმერთი იქ, სადაც თქვენ გგონიათ, რომ რელიგიური ლობისტები გყავთ. თან იმათ, ვისაც კუდს უქიცინებთ, ღმერთი თვალით რომ არ ჰყავთ ნანახი. გასაგებია, უბრალოდ არ იციან, რა არის უფალი და არც მისი სწავლების შესახებ სმენიათ რამე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მათ ლამის ორიათასწლოვანი მეხსიერება და მემკვიდრეობითობა აქვთ იმ ინსტიტუციის ხარჯზე, სადაც თავშესაფარი იპოვეს. მემკვიდრეობითობა და მეხსიერება თქვენ რომ საერთოდ არ იცით, რა არის და როგორც კი ხელისუფლებაში აღმოჩნდებით ხოლმე, წინამორბედისას ყველაფერს ანადგურებთ. ისინი ასე არ იქცევიან. მეტიც: თქვენზე გამჭრიახენი და გონიერნი არიან და თუ ვინმე აკეთებს ამ ქვეყანაში პოლიტიკას, თან წარმატებულად, ეს მხოლოდ საპატრიარქო და მისი გარემოცვაა.
სწორედ თქვენი მაამემლობითა და ფარისევლობით, პატივცემულო პოლიტიკოსებო, საქართველო არ არის აბსოლუტურად (მეტწილად) სეკულარული სახელმწიფო და, რეალურად (არაფორმალურად), იმპულსური თეოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოა, ალბათ უფრო ქვეყანა. იმპულსური იმიტომ, რომ მათ მუდამ სცენაზე ყოფნა ჯერ არ აწყობთ. ჯერ, მაგრამ თუ შანსი მიეცათ, ისე გაგანადგურებენ, თვალს არ დაახამხამებენ. თუმცა მაშინ, ალბათ, პოლიტიკოსების უმეტესობა ანაფორას ჩაიცვამთ.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და საპატრიარქოს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ადმინისტრაციული ორგანოს ურთიერთობების შესახებ საკუთარი მოსაზრებები „ქრონიკა+“-ს თეოლოგმა გურამ ლურსმანაშვილმა გაუზიარა:

_ განვითარებულ ქვეყნებში, აი, ისეთებში, რომლებსაც უკვე წლებია, შევნატრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება მემარჯვენე თუ მემარცხენე იდეოლოგიური პარტიების დებატები, სჯა-ბაასი საარჩევნო პროგრამაზე, ეკონომიკის განვითარების გეგმაზე, კამათები ქვეყნის საგარეო კურსსა და ა. შ. და ამ ყველაფერს სტაბილური ხასიათი აქვს. წინასაარჩევნო სიტუაცია ჩვენთანაც „სტაბილურია“, ახლაც ის ხდება, რაც წლებია, ოღონდ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პროგრამებზე მსჯელობა კი არ იმატებს, არამედ ის, თუ რომელი პოლიტიკოსი რომელს „მიასწრებს“ საპატრიარქოში და თაფლის სანთლითა თუ მავედრებელი გამომეტყველებით, სად გადაიღებს სურათს.
ერთი დიდი კაცი ამბობდა, ოღონდ სხვა თემაზე: „წრეზე კი არ ვტრიალებთ, არამედ ვსრიალებთო“. აქაც იგივე სიტუაციაა. არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი ქრისტიანია, ათეისტი, მართლმადიდებელი თუ, საერთოდ, აგნოსტიკოსი, საპატრიარქოში ვიზიტი და „დალოცვა“ საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
_ გეთანხმები, თუმცა ამ პოლიტიკურ, მე ვიტყოდი, მახინჯ პოლიტიკურ თამაშში ხომ საპატრიარქოც მონაწილეობს?
_ და რას ვერჩით მას? საპატრიარქოს ხომ საკუთარი ინტერესები აქვს?
_ დააკონკრეტე, თუ შეიძლება.
_ საპატრიარქო საქართველოში, ალბათ, ყველაზე კარგად „ერკვევა“, თუ როგორ უნდა გამოვიდეს მშრალად ნებისმიერი ტიპის ხელისუფალთა მმართველობიდან. ამ სიტუაციას თავის სასიკეთოდ იყენებს და კი გახლავთ ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი.
_ აქვე ვაღიაროთ, რომ საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი საერთოდ არ აქცევს ამას ყურადღებას იმ კონტექსტში, როგორადაც შენ ან მე ვმსჯელობთ. მას მიაჩნია, რომ ეს არის აუცილებლობა _ მუხლის მოყრა პატრიარქისთვის და ხარკის გადახდა საპატრიარქოსთვის. ანუ პოლიტრელიგიური გარიგება ნორმალურად მიაჩნიათ. თუ მაინცდამაინც ნეგატივზე ვისაუბრებთ, „განათლებულები“ მეტწილად პოლიტიკოსებს კიცხავენ ასეთი ქმედებებისთვის.
_ ვიღაც შეიძლება ზერელედ უყურებს ამ თემას და მიაჩნია, რომ ამგვარი ფარისევლობა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აზიანებს. არა, ბატონო, ასე, უმთავრესად, ეკლესია ზიანდება და ამგვარი ეკლესია რამდენად წარმატებით დადის ქრისტეს გზაზე, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ამქვეყნად მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულება უმთავრესად ისაა, რომ ევქარისტია აღასრულოს და ქმნილი სამყარო უქმნელს დაუკავშიროს, ამაში ვლინდება მისი იდენტობა და ეს რომელიმე თანამედროვე თეოლოგის ახირებიდან კი არა, ქრისტეს სწავლებიდან გამომდინარეობს, რომელმაც, ერთი მხრივ, ეკლესიას პირდაპირ მოუწოდა, რომ საეკლესიო და სასულიერო ძალაუფლება ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაემიჯნა და, მეორე მხირვ, ასევე უცხადესად გვიანდერძა, რომ ეკლესიამ მთავარი ყურადღება ევქარისტიის აღსრულებაზე უნდა გაამახვილოს, რათა ქრისტე მოიხსენიოს. როცა ეს ტენდენცია იცვლება, ეკლესია საკუთარ იდენტობას აზიანებს და როგორც სხვა დროსაც გვითქვამს, ჩვეულებრივ კონვერტორად იქცევა, რომელშიც წინასაარჩევნოდ რაღაც დოვლათს ჩაუშვებენ, რადგან შემდგომში მან საკუთარი ელექტორატის მეშვეობით სასურველ პოლიტიკურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რათა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საკუთარი გავლენები და ფინანსები (რაც ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია) მაქსიმალურად განიმტკიცოს. ამგვარ სისტემაში ხედავთ ქრისტეს? მე პირადად _ ვერა.
_ თუმცა პოლიტიკური ლიდერების ვოიაჟი საპატრიარქოში, ძირითადად, ასე იფუთება: „მოინახულა“, „ესტუმრა“. ეს ხომ ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ვის მოინახულებს და ვის ესტუმრება. ის არ არის ამაში შეზღუდული.
_ თავისუფლება, რა თქმა უნდა, გადაადგილების შეუზღუდავობასაც გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია, სხვა ადამიანი მოინახულოს, ესტუმროს _ განურჩევლად მისი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსისა, მაგრამ ამ ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ.
_ რისთვის აპირებ სახელის დარქმევას?
_ როდესაც ასეთი მონახულება და თან საჯარო მხოლოდ იმიტომ სრულდება, რომ ელექტორატზე გავლენა მოახდინოს, ეს არის ფარისევლობა, რაც ქრისტიანს არ შეშვენის.
_ პოლიტიკოსებისთვის ეს ქმედება PR ტექნოლოგიის ნაწილია. ან სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, პოლიტიკური ეთიკა მოსთხოვო პოლიტიკოსს, ცოტა არ იყოს, უმადური საქმეა, რადგან არ არსებობს. აქ ხომ მთავარი სლოგანი ისაა, _ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი კარგია.
_ მესმის, მაგრამ ჩვენ ვიმსჯელოთ სწორად.
_ ანუ?
_ სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი მოქალაქე უნდა იყოს, ეკლესიისთვის ეს მოქალაქე ქრისტეს ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანია. ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ და ზემოთ მოყვანილი შემთხვევები იმის საილუსტრაციოდ გამოვიყენოთ, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო და ეკლესია მის მოქალაქესა და მრევლის წევრს. რეალურად ვიღებთ ვითარებას, რომ ადამიანი სახელმწიფოსთვის სრულფასოვანი მოქალაქე კი არა, თავისუფლებაწართმეული არსებაა, რომლის ყიდვაც წარმატებით შეიძლება, თუკი გავლენიან ინსტიტუტს მოთაფლავ. საპატრიარქოს შემთხვევაში კი მისი მრევლის წევრიც ასევე თავისუფლების არმქონე ადამიანია, რომელიც გარკვეულ იერარქებს საშუალებას აძლევს, რომ პოლიტიკოსების წინაშე მისით იმანიპულირონ.
_ მაგრამ აქ ხომ მთავარი არა მხოლოდ ამ, პირობითად, ორი სუბიექტის გარიგებაა, არამედ ის, რომ ამ გარიგების შედეგად მრევლი და მოქალაქეები ძალიან იაფად იყიდებიან.
_ ეს ყველაფერი ჩაკეტილი და მოჯადოებული წრეა, საიდან გამოსავალიც, ამ ეტაპზე, ვაღიაროთ, რომ არ ჩანს. ის, რაც რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, წლების მანძილზე თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად იქმნებოდა, რთულია, რომ ასე ერთი ხელის მოსმით დაინგრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უსამართლო და უმართებულოა.
_ და მაინც, არ არსებობს ჩიხი გამოსავლის გარეშე…
_ დიახ, ამ ყველაფრის შეცვლას აუცილებლად პოლიტიკური და სამოქალაქო ნება სჭირდება. ამ ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ, რომ არჩევნების ბედს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტის წინაშე კეკლუცი და ფარისევლობა კი არა, გაბედული და პრაგმატული მიდგომების განხორციელება განსაზღვრავდეს, რის გარეშეც, როგორც ქვეყანას, ასევე ეკლესიას, ნორმალური მომავალი ნამდვილად არ მოელის.

კოკა წერეთელი