გიგლა ბარამიძე: „ახალქალაქის ინციდენტი ასე მარტივად არ დასრულდება“

8 აგვისტოს საქართველომ კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე. ახალქალაქში დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით და სახლების გადაწვით დასრულდა, დროებით შეჩერებულია. ჯავახეთი ის რეგიონია, რომლის არევასაც რუსეთი ძალიან დიდი ხანია, ცდილობს. წლების წინათ ამ რეგიონში საქართველოს იურისდიქცია მხოლოდ ფორმალურად ვრცელდებოდა. ჯავახეთში შეიარაღებულ ფორმირებებს შლაგბაუმი ჰქონდათ აღმართული და იქ ქართველ ჩინოსნებს არ უშვებდნენ. ასე თუ გაგრძელდა, მალე ჯავახეთში შეიძლება, იგივე მოხდეს, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ხდებოდა.

ეს ამბები კარგად ახსოვს სამცხე-ჯავახეთის ყოფილ გუბერნატორ გიგლა ბარამიძეს. ის თითქმის 7 წელი იყო ამ მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული და კარგა ხანი ისიც ვერ შედიოდა ჯავახეთში, _ მას ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არ უშვებდნენ. მაშინ საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის ჯავახეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლებოდა. ბარამიძის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე იქ საქართველოს მთავრობის დელეგაცია ჩაფრინდა. მინისტრები ადგილობრივი ფორმირების წევრებმა მძევლად აიყვანეს და რამდენიმე საათი საბძელში ჰყავდათ გამოკეტილი. შეიარაღებული ფორმირებები ჯავახეთში ისევ გამოჩნდნენ. „ქრონიკა+“ არაერთხელ წერდა ენზელ მკოიანის ფორმირების თარეშის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ ასე თუ გააგრძელა, ჯავახეთში შეიძლება, ისევ შლაგბაუმები დადგან.

რას გადაურჩა გასულ კვირას საქართველო? რა საფრთხეების წინაშე დგას ჯავახეთის რეგიონი? როგორ აღდგა იქ წლების წინათ საქართველოს იურისდიქცია? ვინ მფარველობდა შეიარაღებულ ფორმირებებს? რა უნდა გააკეთოს მოქმედმა ხელისუფლებამ არსებულ სიტუაციაში? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი, გიგლა ბარამიძე:

_ გასულ კვირას საქართველომ კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე. 8 აგვისტოს ახალქალაქში დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება კინაღამ ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა. ამ რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრს შეეშინდა. თქვენ წლების მანძილზე იყავით ამ მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული. იცით იქაურების ხასიათი. რას გვეტყვით 8 აგვისტოს ინციდენტზე? რატომ მივიდა საქმე აქამდე?
_ ჯავახეთში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. ვისურვებდი, რომ იქ ეს ფეთქებადსაშიში სიტუაცია ჩაცხრეს და მას გაგრძელება აღარ მოჰყვეს. ხაზგასმით მინდა იმის აღნიშვნაც, რომ ჯავახეთში ძალიან ღირსეული, მშრომელი და გვერდშიმდგომი ადამიანები ცხოვრობენ. ამავე დროს ისინი თავისებური და ემოციური ხასიათითაც გამოირჩევიან.
ყველა ძალიან შევწუხდით იმის გამო, რაც ახალქალაქში გასულ კვირას მოხდა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ჯავახეთშიც იმ სტანდარტებმა იჩინა თავი, რასაც მთელ ქვეყანაში ამკვიდრებს „ქართული ოცნება“. ყველგან უსამართლობა და დაუსჯელობის სინდრმია გამეფებული. მთელმა საქართველომ ნახა კადრები, თუ როგორ დარბოდა ერთი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი ახალქალაქის ცენტრში იარაღით ხელში და ისროდა.
_ ენზელ მკოიანზეა საუბარი?
_ დიახ. ის ჯერ ისევ „ქართული ოცნების“ დეპუტატია და იარაღიდან სროლის გამო მას კაციშვილმა პასუხი არ მოსთხოვა. როდესაც მოსახლეობა ამ ყველაფერს უყურებს, ისიც ცდილობს იგივეს გამეორებას. 8 აგვისტოს ჯავახეთში საშინელება მოხდა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. კულიკამის მკვიდრისა და ახალქალაქის სასტუმროს მეპატრონეს შორის დაპირისპირება, რასაც ეს ამბები მოჰყვა, ორი წელია, რაც მიმდინარეობს. ამ დროის მანძილზე სამხარეო ადმინისტრაციას, ადგილობრივ პოლოციას, სუსსა და ახალქალაქის მერიას შეეძლოთ პრობლემის მოგვარება.
ასეთ უთანხმოებაზე სხვა რეგიონში კიდევ შეიძლება თვალი დახუჭო, მაგრამ ჯავახეთში ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს მხარე ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ რეგიონს ერთ მხარეს სომხეთი ესაზღვრება, ხოლო მეორე მხარეს _ თურქეთი. იქ კიდევ სხვა ფაქტორებიც არის, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არად ჩააგდო და შედეგიც მძიმე დადგა. იმედი მაქვს, რომ დაპირისპირება ამაზე შორს არ წავა, მაგრამ კარგად ვიცნობ რა იქაურთა ბუნებას, ეს ამბები ასე იოლად და მალე არ დასრულდება.
როდესაც ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, კონფლიქტი განეიტრალებულია. დაპირისპირების გასანეიტრალებლად ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ისევ თავად დაპირისპირებული მხარეები დაიშალნენ და წავიდნენ.
ახალქალაქის მოსახლეობას როგორ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს იმედი, როცა საკუთარი თვალით იხილა, რა ხდებოდა მათ ქალაქში. ჯგუფებად დარბოდნენ ადამიანები, იყო ლინჩის წესით გასამართლებაც. მანქანები დაზიანდა, 5 შენობა გადაწვეს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები არსად ჩანდნენ. სპეცრაზმიც მაშინღა შეიყვანეს, როცა თითქმის ყველაფერი დამთავრებული იყო. შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ კარგად გადავრჩით.
საზღვრისპირა რეგიონებში სპეცსამსახურები გაათმაგებულად უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი მიშვებულია. ხელისუფლებას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აინტერესებს. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მათთვის მეორეხარისხოვანია. ჩვენი სპეცსამსახურებიც სულ სხვა სპეციფიკით მუშაობენ და მათი მუშაობის სტილი ძალიან უცნაურია.
8 აგვისტო ყველა ქართველისთვის უმძიმესი დღეა, აგვისტოს ომის წლისთავია და ყველანი მუხათგვერდის სასაფლაოზე ვიყავით ასული, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მივაგეთ. იქ იმყოფებოდა დიპლომატიური კორპუსი და ჩვენი ხელისუფლება. ჩვენმა სპეცსამსახურებმა იქაურობა სპეციალური დანადგარებით ისე გათიშეს, რომ ტელეფონი არ მუშაობდა. აი, ესაა ივანიშვილის სპეცსამსახურების მუშაობა. ამის იქით ვერ მიდიან.
როგორც უკვე ვთქვი, დაპირისპირება, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, ორი წლის წინ დაიწყო. სპეცსამსახურებს დაპირისპირებული მხარეების შერიგებაზე უნდა ემუშავა. ისეთი რეგიონის მიშვება, როგორიც ჯავახეთია, არაფრით შეიძლება. არც სხვა რეგიონები უნდა მიუშვა, მაგრამ აქ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო. შენი არაპროფესიონალიზმისა და უმაქნისობის გამო სამოქალაქო ომის ნიშნები არ უნდა გააჩინო.
_ იყო ახალქალაქში სამოქალაქო ომის ნიშნები?
_ იყო. ახალქალაქი და მთლიანად ჯავახეთი არის სპეციფიკური რეგიონი და იქ ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს. მე იქ 7 წელი ვიმუშავე და კარგად შევისწავლე როგორც რეგიონის სპეციფიკა, ასევე იქაური მოსახლეობის ხასიათი.
_ ისე მიუშვეს ეს რეგიონი, რომ არაა გამორიცხული, აქ გასული საუკუნის 90-იანი წლები დაბრუნდეს, როდესაც ჯავახეთში ჩასული საქართველოს მთავრობის წევრები მძევლად აიყვანეს.
_ ეს ერთი თვით ადრე მოხდა, სანამ მე სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორად დავინიშნებოდი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სხვა მსხვილი მოხელეები ჯავახეთში ვერტმფრენით ჩაფრინდნენ. სხვანაირად ჯავახეთში მოხვედრა შეუძლებელი იყო.
_ სამანქანე გზით რატომ არ შეიძლებოდა შესვლა?
_ რეგიონის მისადგომები გადაკეტილი იყო. შლაგბაუმები აღმართეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ნინოწმინდა და ახალქალაქი არ ცნობდა. ამბობდნენ, ჯავახეთი საქართველოა, მაგრამ გუბერნატორს არ ვექვემდებარებითო.
საქართველოს მთავრობის წევრები ამიტომ ჩაფრინდნენ ვერტმფრენით ჯავახეთში. იქ მათ დახვდნენ ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების წევრები. მათ ვერტმფრენს ალყა შემოარტყეს, მაღალჩინოსნები გადმოსხეს და რამდენიმე საათით საბძელში ჰყავდათ ჩაკეტილები. ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს.
იმ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებსაც შლაგბაუმები ჰქონდათ აღმართული, ახალქალაქში მდებარე რუსეთის 62-ე სატანკო დივიზიის სამხედრო ბაზა უმაგრებდა ზურგს.
_ ეს ის სამხედრო ბაზაა, რომლის გაყვანასაც სალომე ზურაბიშვილი თავის მიღწევად მიიჩნევს?
_ მაგ ბაზის გაყვანას იბრალებს ეგ მატრონა. რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებული ფორმირებები არაფერს ერიდებოდნენ. შლაგბაუმთან რომ მიხვიდოდი, მხარზე დაგადებდნენ იარაღს და გეტყოდნენ, _ რომელი სახელმწიფოდან შემოხვედი, გენაცვალე? ასეთი კითხვა ნებისმიერს გამოიყვანდა წყობიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმირებებში მარტო ეთნიკური სომხები არ იყვნენ გაწევრიანებული, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც იყვნენ მათ რიგებში.
ეს შეიარაღებული ფორმირებები საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. მათ მხოლოდ იარაღი კი არ ეჭირათ ხელში, სამხედრო წვრთნებსაც ატარებდნენ. სამხედრო სწავლებები ყოფილი პიონერთა ბანაკების ტერიტორიაზე ტარდებოდა.
რეგიონში ყვაოდა კონტრაბანდა, რომელსაც შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ და მას ვერავინ ეხებოდა. კონტრაბანდის ნაწილი საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილი ტრაილერებით გადიოდა. მაგალითად, გაიღებოდა 62-ე დივიზიის ბაზის ჭიშკარი, 40-50 სამხედრო კამაზი იყო ჩამწკრივებული, გადაძეძილი ბაზალტის ქვით და ხე-ტყით. ასე ჩამწკრივებულები გამოივლიდნენ ახალციხეს, ტაშისკარს, ბორჯომს, ჩავიდოდნენ ნატახტრამდე, მერე გადაუხვევდნენ და სამხედრო გზით მიდიოდნენ რუსეთში. მათ გაჩერებას ვერავინ ბედავდა. თუ გააჩერებდნენ და ჰკითხავდნენ, რა მიგავქთო? სამხედროები პასუხობდნენ, _ აბა, ჩვენ რა ვიცითო. მანქანების შემოწმება გამორიცხული იყო.
ჯავახეთში რომ ჩავედი, იქ არაქართული სიმბოლიკები დამხვდა. სახელმწიფო უწყებებზე უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიების დროშები ფრიალებდა. კორუფცია ყვაოდა და შუამავლების ინსტიტუტი მოქმედებდა.
_ რას წარმოადგენდა ეს შუამავლების ინსტიტუტი?
_ თბილისი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯავახეთში ვითარებას ვერ აკონტროლებდა, მაგრამ თბილისში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჯავახეთში კარგი კავშირები ჰქონდათ. ისინი მიდიოდნენ შევარდნაძესთან და ეტყოდნენ, პოლიციის ან საბაჟოს უფროსად ამას და ამას თუ დანიშნავთ, საქმე კარგად იქნებაო.
_ შუამავლები ქართველები იყვნენ თუ სომხები?
_ ქართველები. საუბარია თბილისელ ყოფილ ჩინოვნიკებზე ან საზოგადოებისთვის ცნობილ სახეეებზე. ისინი ამას უანგაროდ არ აკეთებნდნენ. ჯავახეთში თავიანთი ინტერესები ამოძრავებდათ. ეს შუამავლები ფულს აკეთებდნენ მხოლოდ. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ჯავახეთი გაძეძგილი იყო იარაღით. ამ იარაღის ამოღების ოპერაციაში უშუალოდ ვმონაწილეობდი.
_ იარაღის ამოღება რწმუნებულის საქმე რომ არ იყო?
_ სხვა გამოსავალი არ მქონდა. როცა იარაღის ამოღების ოპერაციას ვატარებდით, რწმუნებულიც ვიყავი, პოლიციის უფროსიც და უშიშროების სამსახურსაც ვხელმძღვანელობდი. უშუალოდ რომ არ ამეღო ეს საკუთარ თავზე, არავინ გამომყვებოდა.
ახალქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც მეტსახელით იცნობდნენ. მერე ის ციხეში იჯდა. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ მის ოჯახში ინახებოდა 7 ერთეული რაკეტა „დედამიწა ჰაერი“. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერ ეკარებოდნენ. სპეცოპერაციის ჩასატარებლად ბევრი წავედით. სამხედროებიც წავიყვანე. მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო და მხოლოდ სანდო ხალხი წავიყვანე. როცა დაუკაკუნეს და უთხრეს, რომ სახლი უნდა გაეჩხრიკათ, გაბრაზდა, _ როგორ მიბედავთო?! ამათ უთხრეს, _ ეს მეთოდი აღარ გამოგივა, ჩვენთან ერთად გუბერნატორიაო. როცა მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო, შეუშვა ოპერატიული ჯგუფი. ამოვიღეთ ის რაკეტები. თბილისში ჩამოვიტანეთ და ჩავაბარეთ. ავტომატებზე აღარაფერს ვამბობ, ლამის ყველა ოჯახში ინახებოდა. ჯავშანმანქანაც კი მაქვს ამოღებული.
_ მასაც კერძო პირი ფლობდა?
_ კერძო პირს ჰყავდა და საბძელში მალავდა.
_ იარაღის ამოღება უმტკივნეულო პროცესი იყო?
_ არა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვხვდებოდა. რამდენჯერმე გვესროლეს კიდევაც. ერთხელ კამაზის მძღოლი დაათვრეს და დაგვადევნეს. უნდა დაგვჯახებოდა, ფარავნის მდინარეში გადავეგდეთ, ძლივს გადავრჩით. მერე იმ მანქანის გაჩერება მოვახერხეთ. მძღოლი ისეთი მთვრალი იყო, ძლივს გადმოვიდა მანქანიდან. მან არ იცოდა, ვის ეჯახებოდა. უთხრეს, რომ მანქანაში ის კაცი იყო, ვინც ქვეყანას საფრთხეს უქმნიდა. ბევრი რამე გადამხდა თავს გუბერნატორობის დროს, მაგრამ ჩემს თავზე საუბარი არ მინდა.
სერიოზული პრობლემა იყო სამხერხაოების დახურვა. ეს სამხერხაოები ტყეში ჰქონდათ პირდაპირ მოწყობილი და მათ ავტომატიანი ხალხი დარაჯობდა. ტყეში რომ ხარ, ავტომატი გაქვს და ვიღაც მოგდევს, სროლის ცდუნება გიჩნდება. ჩვენც გვესროდნენ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და სამხერხაოების დიდი ნაწილი დავხურეთ. გადავკეტეთ ის გზები, საიდანაც კონტრაბანდა გადიოდა. 150-მდე ასეთი შემოვლითი გზა იყო.
ძალიან გვიჭირდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთის კონტროლი, რომელიც სამცხე-ჯავახეთზე გადიოდა. იქ რუსი მესაზღვრეები იდგნენ.
_ რუსი მესაზღვრეების ბაზა ახალციხეში იყო?
_ რუსი მესაზღვრეები ახალციხეში იდგნენ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის 155-კილომეტრიან მონაკვეთს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. იქ ქართველი მესაზღვრეები 1998 წელს ჩადგნენ. ცხონებული ვალერი ჩხეიძე იყო მაშინ სასაზღვრო ძალების სარდალი. ძალიან ბევრს მუშაობდა ამ საკითხზე. სულ ახალციხეში დარბოდა. თბილისში ჩასული არ იყო, როცა ისევ უკან ბრუნდებოდა. ბევრი მუშაობის შედეგად მოვახერხეთ, რომ იქიდან რუსები გავიდნენ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გაკონტროლება ქართველმა მესაზღვრეებმა დაიწყეს. ეს ძალიან მნიშვნელვანი ამბავი იყო. მე-16 საუკუნის შემდეგ იქ პირველად ჩადგნენ ქართველები. სამწუხაროდ, ეს ამბავი არავის გაუშუქებია, ისევევ როგორც ახალქალაქიდან რუსული ჯარების გაყვანა. ამას პირველმა არხმა მხოლოდ რამდენიმეწამიანი სიუჟეტი მიუძღვნა. მაშინდელ სახელისუფლებო ელიტას ამ თემების გაშუქება არ აწყობდა. იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებიც „მოქკავშირის“ ლიდერები იყვნენ და შემდეგ „ნაციონალურ“ მოძრაობაში გადაინაცვლეს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად სანამ დავინიშნებოდი, სომხეთში ვიყავი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი. როცა შევარდნაძემ მითხრა, რომ გუბერნატორად უნდა წავსულიყავი, თავიდან უარი ვუთხარი. ჩემთვის ეს მხარე უცხო იყო. შევარდნაძემ ელჩის თანამდებობა შემინარჩუნა, რაც ჯავახეთში არსებული პრობლემების მოგვარებაში ძალიან დამეხმარა.
_ როგორ დაგეხმარათ?
_ მე კარგი ურთიერთობა მქონდა სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ტერპეტროსიანთან. როცა რაღაც პრობლემები იქმნებოდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მათთან ვრეკავდი, ისინი ურეკავდნენ ამათ და საქმე კეთდებოდა. სომხეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა. ამის მიუხედავად მათ ჯავახეთის ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენები ჰქონდათ. მთელი რიგი მიზეზების გამო რეგიონი გიუმრიზე იყო მიბმული. თბილისისკენ არავინ იხედებოდა. სასწავლებლადაც იქ მიდიოდნენ და სამკურნალოდაც. იქაურებს რუსეთისა და სომხეთის მოქალაქის პასპორტები ჰქონდათ.
_ ახლაც ჯავახეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ან რუსეთის მოქალაქეა, ან _ სომხეთის.
_ ძალიან ბევრია ჯავახეთიდან რუსეთში სამუშაოდ წასული და იქ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა. ისინი არანაირ პრობლემებს არ ქმნიან. მახსოვს, ჯავახეთში ლარს საერთოდ არ ცნობდნენ. ამბობდნენ, რომ რუსული რუბლი აეღოთ. დღეს მთლად ასეთი ვითარება არაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ ჯავახეთში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას. ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის სინდრომი ამ რეგიონზეც გავრცელდა. ამ რეგიონის მოსახლეობამაც ჩათვალა, რომ მათაც აქვთ იარაღით სირბილის უფლება.
მართალია, ბევრ სიძნელეს წავაწყდით, მაგრამ ყველა პრობლემა, რაც ჯავახეთში იყო, წელში გადავტეხეთ. ახლანდელ ვითარებას რომ ვუყურებ, გული მტკივა. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალებმა“ ჩემზე საქმე აღძრეს და 9 წელი დევნილი ვიყავი.
_ „ნაციონალებმა“ ტყუილად კი აღგიძრეს საქმე, მაგრამ იმას ვერ უარყოფთ, რომ მათ ჯავახეთში წესრიგი შეინარჩუნეს.
_ ამის უარყოფას არც ვაპირებ. მათ დროს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა და ასეთი განუკითხაობა არ იყო. ამათმა კიდევ რა ქნეს?! _ ლამის სამოქალაქო ომის წინაშე დაგვაყენეს. ამ ვითარებიდან გამოსავალია კანონს დაქვემდებარებული სიმკაცრე, ხალხის მოფერება და 24-საათიანი მუშაობა. თან ეს ყველაფერი სუფთა ხელებით უნდა განახორციელო. რამეში გასვრილი თუ ხარ, არაფერი გამოგივა. ხალხი არც შენს სიმკაცრეს მიიღებს და არც შენს მოფერებას. ჩვენ სუფთა ხელებით ვიყავით. მე არანაირი ქონება არ დამიგროვებია გუბერნატორობის დროს. არც ლიკანში მაქვს სახლი, არც ბაკურიანში და არც აბასთუმანში. ჩემს შვილს იქ რომ უნდა დასვენება, სახლს ვქირაობთ და ისე ვუშვებ.
_ კორუფციაში თქვენი დადანაშაულება „ნაციონალებმაც“ კი არ იკადრეს.
_ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ხულიგნობისთვის აღმიძრეს საქმე. საჭიროა სუფთა ხელებით მუშაობა. ჯავახეთი ძალიან რთული რეგიონია. „ნაციონალებმა“ რეგიონში სიმშვიდე შეინარჩუნეს. ამათ კიდევ ვერაფერი გააკეთეს. 8 აგვისტოს ჯავახეთმაც და დანარჩენმა საქართველომაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. სამწუხაროდ, ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება.
_ არეულობა გარდაუვალია?
_ გააჩნია, როგორ იმუშავებს ხელისუფლება. სასწრადფოდ უნდა დაიწყოს ამ ოჯახების ერთმანეთთან შერიგება. დაპირისპირება მთის ხალხს შორის მოხდა, ისინი კი ემოციურები არიან და მათ შორის სერიოზული მტრობა იქნება. კაცმა არ იცის, როდის რა ამოხეთქავს. ჯავახეთში კი არა, თბილისში ხდება საშინელება. დედაქალაქიც იარაღით არის გაძეძგილი. ამას არავინ უყურებს, სამაგიეროდ, მთავრობის წევრები თუ სადმე მიდიან, იქაურობას სპეციალური დანადგარებით ახშობენ და კავშირგაბმულობას თიშავენ. აი, ეს ჰგონიათ ამათ მუშაობა.

შორენა მარსაგიშვილი