აჭარის ტელევიზიიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაუშვეს

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? რატომ რა რისთვის უშვებენ თანამშრომლებს? როდის დაიწყო მაუწყებელში პრობლემები? ამ თემით „ქრონიკა+“ დაინტერესდა, რომელსაც სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ აჭარის ტელევიზიიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გაუშვებენ.

აჭარის ტელევიზიაში პრობლემები თითქმის ერთი წლის წინათ, 2019 წლის აპრილში, დაიწყო, როცა აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. იმპიჩმენტი შედგა და ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონდა აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სიუჟეტები და დირექტორის მოხსნით აპირებდა ტელევიზიის „მოთვინიერებას“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე 2019 წლის ნოემბერში აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება ტელევიზიიდან არაერთი ჟურნალისტის განთავისუფლება, რის გამოც კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული.
პირველ ორ კონკურსში მან მრჩეველთა საბჭოს ვერც ერთი წევრის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მესამე კონკურსზე კი მხოლოდ 2 ხმა მიიღო. მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა. მათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კოხრეიძის თქმით, რადგან გობაძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, ის ოთახში დამსწრის სტატუსით იმყოფებოდა, დანარჩენი სამი წევრიდან კი მას ორის, ანუ უმრავლესობის ხმა ჰქონდა და ამიტომ დირექტორად ის უნდა გამოეცხადებინათ. საბოლოოდ, დირექტორიც გახდა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილმა საფრთხე დაინახა, რომ ტელევიზის დამოუკიდებლობა შეიცვლებოდა.
და ასეც მოხდა! _ არხზე ცვლილებები დაიწყო, რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაუშვეს, რამდენიმე ეთერს ჩამოაშორეს, ნაწილს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს, ნაწილი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს, ერთი კი _ ქუთაისის ბიუროში.
შემდეგ დაიწყო აქციები: არხისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სოლიდარობის მიზნით, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო და არის მენეჯმენტის შეცვლა, დირექტორის გადაყენება და განთავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა აჭარის ტელევიზიაში.
დროებით შეწყდა არხიდან თანამშრომლების გაშვება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი ისევ გაგრძელდა.
30 ივლისს მაუწყებლიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.
განთავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ დაითხოვეს.

მაია მერკველიძე _ აჭარის რადიო, რედაქტორი:

„სხვა შემთხვევაში ეს ამბავი, რომელიც მათ განთავისუფლებას დაედო საფუძვლად, გაფრთხილება იქნებოდა, ამათ შემთხვევაში კი დისციპლინური დევნის საფუძველი აღმოჩნდა და ტელევიზია დაატოვებინეს ხალხს, რომელმაც არაერთი საინტერესო გადაცემა შექმნა აჭარის მაუწყებელში. მჯერა, რომ სიმართლე თავის გზას იპოვის და გიორგი კოხრეიძე და მრჩეველთა ის გუნდი, რომელმაც ეს ქაოსი გამოიწვია, მაუწყებელს ძალიან სწრაფად დატოვებს. არ დავიშლებით, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. პირველ რიგში, ვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ განთავისუფლებული თანამშრომლები, შეწყდეს ეს პროცესი, გადადგეს მრჩეველთა საბჭო ან დაიწყოს დირექტორის იმპიჩმენტის საქმე“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ტელევიზიის მენეჯმეტს კოლეგების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, წერილობით, ოფიციალურად ორშაბათს, 3 აგვისტოს მიმართავენ. წერილს უკვე 200 ადამიანამდე აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 360-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

„ქრონიკა+“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და დამატებითი სიახლის შემთხვევაში აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას თავის მკითხველს.

ხვიჩა მამულაძე