გიორგი ვაშაძე: „ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია _ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში“

გასულ კვირას „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ყრილობა გამართა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახელია. ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე მათ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. აქამდე გიორგი ვაშაძის პარტია გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენდა. მართალია, ვაშაძის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ გაერთიანებიდან მათი წამოსვლა ოპოზიციას არ დააზიანებს, მაგრამ ოპოზიცია მაინც განრისხებულია. მათი მრისხანების ხარისხი მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გიორგი ვაშაძემ ღიად თქვა, რომ მას აქვს ამბიცია, გახდეს პრემიერი.

გიორგი ვაშაძის საპრემიერო ამბციებზე რამდენიმე თვის წინათაც ატყდა ჟრიამული. მაშინ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ვაშაძე უნდა იყოს პრემიერიო. ვაშაძეზე კარგი პრემიერობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანს არც ახლა ეგულება. ამის შესახებ მან ყრილობაზეც ისაუბრა:
„ერთხელ მკითხეს, ვინ არის თქვენი ამომრჩეველიო? ჩვენი ამომრჩეველია თაღლითი პოლიტიკოსებისგან გაძარცული საქართველო. ამან მაფიქრებინა, რომ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა ადამიანი. მე მსგავსი პრაქტიკოსი, რეფორმატორი, რომელმაც უკვე გვაჩვენა, რა ტიპის რეფორმები გააკეთა ყოფილი ხელისუფლების დროს, არ მინახავს. მისი სახელი მხოლოდ რეფორმებს უკავშირდება. ის ადამიანიც მინდა აღვნიშნო, რომელმაც მას საშუალება მისცა, რეფორმები გაეკეთებინა, ამასაც დიდი ნიჭი უნდა. მიხარია, რომ 2018 წელსაც ამ ადამიანმა კვლავ დაასახელა და თქვა, სავარაუდოდ, კარგი პრემიერი იქნებოდაო. შემთხვევითი არაფერია, როდესაც ახალგაზრდა კაცი გამოცდილი გყავს რეფორმებში, შემდეგ მას თამამად ასახელებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თავის ამბიციებზე გიორგი ვაშაძემაც ისაუბრა. მან თავისი გუნდის ხუთი მთავარი დაპირება დააანონსა, რომლის განხორციელებას გაერთიანება არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაიწყებს:
„მე მზად ვარ, თქვენთან ერთად შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს მოძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და დიდი მადლობა აქ შეკრებისთვის. ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, რომლებსაც შეზღუდვების გამო აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, დიდი მადლობა მათ და მთლიანად საქართველოს აქ ყოფნისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იცოდეთ, არასდროს გაგიმტყუნებთ ჩვენს გუნდთან ერთად არც ერთ იმ იმედს, რომელსაც ახლა ჩვენ თქვენს გულებში ვსახავთ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის თანამოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის პროექტი, რომელიც დაგვიბრუნებს ემიგრანტებს საქართველოში.
გთავაზობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხუთ მთავარ დაპირებას, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე:
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება #1: ოთხ წელიწადში შეიქმნება 300 ათასამდე სამუშაო ადგილი დეტალურად გაწერილი გეგმით. 95 ათასი სამუშაო ადგილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ანუ განვავითარებთ წარმოებას, 30 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი სამ აიტი ქალაქში, რომელიც საქართველოში განთავსდება. ტექნოლოგიური გიგანტები უნდა ჩამოვიყვანოთ აქ და ახალგაზრდებმა უნდა დაიწყონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. 90 ათასი სამუშაო ადგილი საქართველოს აგროსექტორში: საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იქნება აგროკლასტერი და სოფლის მეურნეობა უნდა დავაყენოთ ყველამ ერთად ფეხზე. საქართველოში ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონამდე;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება #2: 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლიები, ანტიმონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარადგენს;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება #3: ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება #4: 2021 წლიდან საქართველოში წამლები გაიაფდება, მინიმუმ, 30 პროცენტით. ამის პირობას გაძლევთ მე! აღარ იქნება არც ერთი მონოპოლისტური ფარმაცევტული თუ სამედიცინო კომპანია, რომელიც გაჭირვებული ადამიანების ძარცვის ხარჯზე გამდიდრდება;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის დაპირება #5: 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნესს, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გავათავისუფლებთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რატომ გადაწყვიტა პრემიერობა? რას ფიქრობს იმ რეაქციაზე, რაც მის საპრემიერო ამბიციებს მოჰყვა? რა არის მისთვის მთავარი? _ ამის შესახებ გიორგი ვაშაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თქვენ უკვე ღიად განაცხადეთ, რომ იქნებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ამას ოპოზიციაში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა. ელოდით ასეთ რეაქციას და რას უპასუხებთ მათ? რით ხსნით თქვენს ამბიციას, რომ გინდათ იყოთ პრემიერი?
_ ჩემი მთავარი მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღებისა არის ის უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს და ეს სხვა არჩევანს არ მიტოვებს, გარდა იმისა, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ პრემიერ-მინისტრობის პოზიციიდან შესაძლებლობა მქონდეს სწრაფი, გადამწყვეტი რეფორმებით დავიწყოთ აღმშენებლობა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავამარცხოთ სიღარიბე.
მთავარია არა ის, რას ფიქრობს რომელიმე პოლიტიკოსი, მთავარია _ რა სჭირდება ხალხს.
ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია: ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს მოძიება ნაგავსაყრელზე.
ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის. არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს.
დღეს ქვეყანას ჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში.
_ თქვენმა პარტიამ დატოვა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“. ეს თქვენ ან ოპოზიციურ ერთობას არ დააზიანებს? ხალხი ერთიანობას ითხოვდა თქვენგან.
_ პირიქით, გადაწყვეტილება მიღებულია საერთო ოპოზიციური შედეგის გაუმჯობესებისა და გამარჯვების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ხალხს სჭირდება მრავალფეროვნების ერთიანობა და არა შავ-თეთრი არჩევანი.
_ დასავლეთიდან მორიგი კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა. ხელისუფლება უკვე ირონიულად აფასებს კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებს. ეს რას ნიშნავს? დასავლეთის აზრი არ აინტერესებთ?
_ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან კარგად აფასებენ იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ისინი მხარს უჭერენ არა კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს და მის მოქალაქეებს. შესაბამისად, ყველა მათი კრიტიკა უნდა გავიგოთ, როგორც ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან ნაკარნახევი შენიშვნები. ბოლო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, როგორ ცდილობს ივანიშვილის მთავრობა, ჩამოაშოროს საქართველო პროდასავლურ ვექტორს, განვითარების ევროპულ კურსს, რაც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით ჩამოვაშოროთ ივანიშვილი ხელისუფლებას. ამისთვის გვაქვს მარტივი არჩევანი: ან აღმშენებლობა, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია! ან საქართველო რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, ან დღევანდელი საქართველო, რომელიც რეგიონში არის გაღარიბებული და მაჩანჩალა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს დეტალური, დროში გაწერილი გეგმა, თუ როგორ შექმნას 300 000-მდე სამუშაო ადგილი და დაამარცხოს სიღარიბე.

შორენა მარსაგიშვილი