საქართველოდან გაძევებული ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც პოლიტიკური თავშესაფარი უცხოელებმა მისცეს!

ma

საქართველოდან 2009 წელს გაძევებული ქართველი ჯარისკაცები ისევ სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და სამშობლოში დაბრუნებას არ ფიქრობენ. „ქრონიკა+“ ერთ-ერთ მათგანს, პოლონეთში გადახვეწილ დავით გაბაძეს ესაუბრა. იგი წარმოშობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოდან არის. 20 წლის იყო, როცა სამხედრო სამსახურში წავიდა, 2008 წელს კი ცხინვალის ომში გააგზავნეს. იქ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, მაგრამ მერე ისე მოექცნენ, თავშესაფარი სხვა ქვეყანას სთხოვა. 6 წელია, სამშობლოს მიწაზე ფეხი აღარ დაუდგამს.

დავით გაბაძე:

_ თავიდან სავალდებულო სამსახურში წამიყვანეს, მერე გადავედი საკონტრაქტო სამსახურში და მე-4 ბრიგადაში მოვხვდი. სანამ 2008 წლის ომი დაიწყებოდა, ცხინვალში სამშვიდობო მისიის შესასრულებლადაც წამიყვანეს და იქ 7 თვე გავატარე. მე-4 ბრიგადა ვაზიანის ტერიტორიაზე იყო განლაგებული და ამერიკელი ინსტრუქტორები ერაყისთვის გვამზადებდნენ. ის-ის იყო, უკვე უნდა წავეყვანეთ, რომ ცხინვალის ომიც დაიწყო. განგაში 6 აგვისტოს საღამოს მოულოდნელად გამოაცხადეს. სასწრაფოდ ავიღეთ იარაღი, შეგვყარეს სამხედრო მანქანებში და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. ცხინვალი რომ ვიცანი, მერე მივხვდი, სადაც ვიყავით. პირველად იქ ჩვენი ბრიგადა ჩაიყვანეს.

_ მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დღემდე საჯილდაო ქვად არის ქცეული ომის დაწყების საკითხი. ზოგი ამბობს, რომ რუსების შეიარაღება იქ უკვე იყო და ქართველი ჯარისკაცები თავიდანვე მათ ებრძოდნენ, ზოგი კი ამტკიცებს, რომ 2008 წლის ცხინვალის ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რა ნახეთ ცხინვალში ჩასულებმა?!

_ ჩვენ რომ ჩავედით ცხინვალში, მხოლოდ სამშვიდობო ნაწილები იყო. ოსური დაჯგუფებები დაწანწალებდნენ, მაგრამ რუსი სამხედროები ნამდვილად არ დამინახავს. მეოთხე დღეს გამოჩნდა რუსული შეიარაღება. თავიდან ოსური დაჯგუფებების განიარაღება დავიწყეთ. შეიარაღებულ წინააღმდეგობას ვინც გვიწევდა, თავდაცვის მიზნით მხოლოდ მათ ვესროდით. ცხინვალში რუსები ავიაციით შემოვიდნენ და გამოჩენისთანავე ჩვენი შეიარაღებული ძალების დაბომბვა დაიწყეს. ავიაციასთან კი უსუსურები აღმოვჩნდით, რადგან მხოლოდ ავტომატები გვქონდა, ისინი კი ჰაერიდან გვესროდნენ. უბედურება კიდევ ის იყო, რომ წინ მხოლოდ ჯარისკაცები გაგვყარეს და ოფიცრები არ გამოჩენილან. ჩემგან ორ მეტრში ჩვენი ბატალიონის წევრი საშინელი სიკვდილით დაიღუპა _ ტყვიამ ფერდებში გაუარა; მერე სერჟანტი მოკვდა _ ნაწილ-ნაწილ დაიშალა. ყველას იგივე ბედი გველოდა, თავის გადარჩენაზე თუ არ ვიზრუნებდით. დამხმარე ძალაც არ ჩანდა. ავტომატებით ავიაციასთან ბრძოლა ჯარისკაცებს დამოუკიდებლად გაგვიჭირდა და ამიტომ ბომბებს გავურბოდით. ჩვენი ბატალიონის მეთაური იყო მერაბ კიკაბიძე, მაგრამ ცხინვალში ის თვალით არ დამინახავს. ერთი კვირის მერე გორამდე ჩამოვაღწიეთ და იქ დავინახეთ, „ჰაილუქსის“ ავტომობილში იჯდა და მუსიკებს უსმენდა. ე. ი. ცხინვალში მხოლოდ სერჟანტები და კაპრალები შეგვყარეს დასახოცად და საზარბაზნე ხორცად.

ახლა გეტყვით, როგორ დავაღწიეთ თავი ამ ჯოჯოხეთს: ჩემს ოცეულში მსახურობდა გორში დაბადებული და გაზრდილი ბიჭი. ტერიტორიას კარგად იცნობდა. 11 აგვისტოს 6 ჯარიკაცი ფეხით წამოვედით გორის მიმართულებით. იქ დავინახე პირველად ოფიცრები, რომლებიც გორისკენ „ჰაილუქსებით“ გარბოდნენ! არ ვიცი, მანამდე სად იმალებოდნენ, მაგრამ ჯარისკაცებს ისინი თვალით არ გვინახავს. ხელს ვუქნევდით, რომ გორამდე ჩვენც წავეყვანეთ, მაგრამ არ გვიჩერებდნენ. ბოლოს ექვსივე ჯარისკაცი ერთ-ერთ მანქანას წინ გადავუდექით და იარაღი გადავუტენეთ, ამის მერე იკადრეს, გაგვიჩერეს და გორამდე წაგვიყვანეს.

_ ცხინვალი თქვენი ნებით დატოვეთ, თუ ბრძანება მიიღეთ?

_ ჯერ ოცეულის სერჟანტმა გვითხრა, თავს უშველეთო. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნებით მაინც არ წამოვსულვართ. 42-ე ბატალიონის ხელმძღვანელობიდან ვერავინ ვნახეთ, ამიტომ მეორე სოფელში, 43-ე ბატალიონში გადავედით. ამ ბატალიონს ორი საზენიტო დანადგარი ჰქონდა და ეტყობა, ამიტომ მათი ბატალიონის მეთაურიც იქ იყო, ვინმე ტალახაძე. მას ვესაუბრეთ და გვითხრა, უკანდახევის ბრძანება მოსულიაო. ისედაც ხომ ვხედავდით, რომ ყველა უკვე გარბოდა და ჩვენც წამოვედით. ოფიცრებს „ჰაილუქსებში“ ადგილები ჰქონდათ, მაგრამ ჯარისკაცებს მაინც არ უჩერებდნენ, ისინიც რომ გადაერჩინათ. საშინელი სისწრაფით გარბოდნენ გორისკენ. პასუხისმგებელი პირი ჯარიკაცების მოქმედებაზე ცხინვალში არ იყო და ჩვენს ბრძოლასაც ტაქტიკა არ გააჩნდა. ყველა თავისი ინციატივით იბრძოდა და გარბოდა. გორში რომ ჩავედით, დაბომბილი დაგვხვდა. ერთ-ერთ ქუჩაზე კიკაბიძის მანქანა შევნიშნეთ, მძღოლიც მანქანში იჯდა. გითხარით უკვე, რომ კიკაბიძე მის გვერდით, სკამზე იყო გადაწოლილი და მუსიკებს უსმენდნენ. არ გავჩერებულვართ, რადგან მასთან სალაპარაკო არაფერი გვქონდა. ყველა ჯარისკაცი მასზე განაწყენებული იყო. ომის ორგანიზება ბატალიონის მეთაურს უნდა გაეწია, რაც მას არ გაუკეთებია. ცხინვალში ჩასულები სოფლებში, კარდაკარ, ოჯახებში დავდიოდით და ოსი ბანდიტებისგან იქაურობას ვწმენდდით. ასეთი წმენდის დროს ბიჭებს უნახავთ, რომ ოფიცრები, მათ შორის, კიკაბიძეც, ერთ-ერთ ოჯახში სარდაფში იჯდა და კომპოტებს მიირთმევდა. ამ დროს ჩვენ ბრძოლის ველზე ვიყავით უპატრონოდ დაყრილები.

გორი გავიარეთ და ერთ-ერთ სოფელში ჩვენი ჯარისკაცის სახლში მივედით. ვიცოდით, რომ გორი-თბილისის გზის გარკვეულ მონაკვეთს რუსები აკონტროლებდნენ. ჩვენ იარაღი გვქონდა და შეგვეშინდა იარაღით წამოსვლა. ორი დღის მერე, 13 აგვისტოს, ბიძაჩემი ჩამოვიდა და მისი მანქანით გადაცმულები წამოვედით ვაზიანში. ასე გადავარჩინეთ იარაღი, რომელიც ნაწილში მისვლისთანავე ჩავაბარეთ. კიკაბიძე უკვე ვაზიანში დაგვხვდა, რამდენიმე დღეში კი ე. წ. მოწყობა ჩაგვიტარა. საერთოდ, ვაზიანის ბაზაზე დიდი არეულობა დაგვხვდა _ ვის რამდენი ჯარისკაცი აკლდა, ვერ იგებდნენ. ამ მოწყობის მერე კიკაბიძე ასმეთაურის კაბინეტში დაჯდა, მიიყვანა ბატალიონის მეთაური, ასეულის მეთაური რაქვიაშვილი, ბატალიონის სერჟანტი გოგიბერიძე, ასეულის სერჟანტი და თითო-თითოს გვიძახებდნენ გასაუბრებაზე. დაკითხვა კიკაბიძემ დამიწყო, _ რომელ დღეს სად იყავიო?! იმ დღესთან რომ მივედით, როცა ის გორში ვნახეთ, ვუთხარი, _ სადაც თქვენ იყავით, იმ დღეს მეც იქ ვიყავი გორში, ამა და ამ ქუჩაზე-მეთქი. ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა და გამიმეორა, _ ე. ი. ომში იყავიო?! _ თქვენ ხართ ბატალიონის მეთაური და ეს თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, ვინ რას აკეთებდა-მეთქი. ასეთმა პასუხებმა გააბრაზა და ხმას აუწია, _ თქვენ გეკითხებით, ჯარისკაცო, იყავით თუ არა ომშიო?! _ კი-მეთქი! _ როცა ვუპასუხე, მითხრა, _ მერე იქ რა გააკეთეო?! ოფიცრებს გადაულაპარაკა, _ ეს ღორები, რა გააკეთეს, იქ რომ იყვნენო? ოცეულის უფროსმა, სერჟანტმა აფშილავამაც უთხრა, _ ეს ჯარისკაცი ომში ნამდვილად იყო, ცხინვალშიც იბრძოდა, მე ვნახეო. ოცეულის სერჟანტები მართლაც იყვნენ ჩვენთან და მათ უფრო იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ მასაც დაუყვირა, _ რომ იყო, რა გააკეთაო?! ვერ მოვითმინე და კიდევ შევეპასუხე, _ ბატონო კაპიტანო, ბოდიში და მარტომ ვერ დაგიბრუნეთ ცხინვალი-მეთქი! _ გადი კაბინეტიდანო! _ მიყვირა. წინა დღეს კი კმაყოფა მომიხსნეს და სამხედრო ტანსაცმელი ჩამაბარებინეს.

_ კმაყოფა ვინ და რატომ მოგიხსნათ?

_ არ ვიცი, სანამ კიკაბიძეს შევხვდებოდით, წინა დღეს სასადილოში სხვა ჯარისკაცებთან ერთად შევედი. ასეულის სია ამოიკითხეს და აღარ ვეწერე. ჩვენი ასეულიდან 14 კაცი სიაში აღარ იყო. ლოჯისტიკის თანამშრომელმა ფორმის ჩაბარება მომთხოვა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ჩავაბარე. სამოქალაქო ტანსაცმლით დავრჩი ბაზაზე და ოპერატიული მორიგე ნაწილიდან მაგდებდა. წეღან ხომ გითხარით, რომ ცხინვალი ექვსმა ჯარისკაცმა დავტოვეთ, მაგრამ აქედან, რატომღაც, მხოლოდ სამს მოგვექცნენ ასე. რა ნიშნით შეადგინეს გასაყრელების სია, ვერ გეტყვით. კმაყოფის მოხსნის გამო ჯერ ასმეთაურთან მივედით, რომელმაც ისე მოგვაჩვენა, თითქოს არ იცოდა ეს ამბავი. დაგვაკვალიანა, „ეს-1“-ში ჩადით და იქ გაარკვიეთო, თან სისულელე დაამატა, 43-ე ბატალიონში მივლინებით იყავით, ალბათო, _ და თავიდან ასე მოგვიცილა. კიკაბიძესთან კიდევ მომიხდა შეხვედრა. მის კაბინეტში ჩემთვის უცნობი ოფიცრები და „ეს-1“-ში მომუშავე ქალბატონებიც იყვნენ. მასაც ვუთხარი, რომ ფორმა ჩამოგვართვეს, სასადილოში არ გვიშვებდნენ და მორიგე ბაზიდან გვაგდებდა უფორმობის გამო. ისევ ყვირილი დაიწყო, _ ღორები ხართ, რა ხდება, ჯარისკაცო, მოგშივდაა?! ოსი და რუსი დედას რომ მო…თ, მერე ნახავთო! _ სიტყვები შეარჩიეთ-მეთქი! _ გამწარებულმა ვუთხარი. _ ნუ მეტლიკინები და გაა…ვი ნაწილიდანო! ჩემს მერე მასთან გურამ მიშელაძე შევიდა, რომელიც იგივე მდგომარეობაში იყო. გამოსულმა თქვა, _ კიკაბიძემ მითხრა, უკანალში წიხლს სანამ დაგცხებ, ჩქარა გადი საკონტროლო გამშვებ პუნქტთანო. მე და გურამმა ერთად დავტოვეთ ბაზა. იქვე იყო სამხედრო პოლიცია და იქაც მივედით. გამომძიებელს ვესაუბრეთ, რომელმაც განცხადება არ დაგვაწერინა და გვითხრა, _ არაფერი არ გინდათ, ჩვენ დაველაპარაკებით კიკაბიძესო. მერე ჩვენი ტელეფონის ნომრები ჩაიწერეს, _ ახლა წადით და დაგიკავშირდებითო. ერთი წელი ამაოდ ველოდე მათ დაკავშირებას და მერე დავტოვე ქვეყანა.

_ თავად აღარ შეეხმიანეთ? როგორც ვიცი, თქვენზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და ეს რატომღა მოხდა?

_ სამხედრო ნაწილსა და პოლიციას აღარ შევეხმიანეთ, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატში მივედით. მაშინ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო. კიკაბიძეს იქიდან ტელეფონით ესაუბრნენ. ეს ამბავი მაშინ გაზეთშიც დაიბეჭდა. კიკაბიძეს უთხრეს, _ საჩივრებია შემოსული თქვენზე, რადგან ომში ნამყოფი ჯარისკაცები უმიზეზოდ გაგითავისუფლებიათ და რა ხდებაო?! კიკაბიძემ გვარები იკითხა, ვის აქვს საჩივარი შემოტანილიო? 80 ადამიანი ვიყავით მისული სუბარის აპარატში და მეც მაშინ აღმოვაჩინე, რომ მე-4 ბრიგადიდან ამდენი ადამიანი ჰყავდათ გამოყრილი. ყველა იყო მოსული და იგივე ისტორიას ყვებოდა, რაც მე გადამხდა. ზუსტი მიზეზი ამ განთავისუფლებებისა დღემდე არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ომში გამოგვიყენეს და მერე ამ ფაქტის მოწმეები აღარ სჭირდებოდათ. ასეთი ფორმით შეეცადნენ სიმართლის დაფარვას და ჩვენს გაუვნებელყოფას, თანაც ხელფასს ხომ გვიხდიდნენ და, ეტყობა, ამ ფულის ორმაგად ამოღებაც გადაწყვიტეს. საკონტრაქტო სამსახურის დარღვევის მუხლით დაგვსაჯეს 80 ჯარიკაცი, ანუ ვინც სახალხო დამცველის სამსახურში მივიდა და სიმართლე განაცხადა. ამის გამო ვიყავი ძებნილი, რაც უკვე სხვა ქვეყანაში ჩამოსვლის მერე გავიგე. ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდი ზარს და სიმართლის გარკვევას, სხვანაირად სამსახურის დაწყების უფლება არ გამაჩნდა. ბანკში კრედიტი მქონდა აღებული. ეს დავალიანება რომ მომეცილებინა, ამიტომ ვაპირებდი ერაყში წასვლასაც, რაც ომის გამო ვერ მოვახერხე. სახლი გავყიდე, „საქართველოს ბანკში“ ვალი რომ გადამეხადა. 2009 წელს დავტოვე ქვეყანა და პოლონეთს თავშესაფარი ვთხოვე. ჯარისკაცებს, რომლებიც ჩემსავით გამოყარეს სამსახურიდან, გირაო შეუფარდეს და 5 და 10 ათასი ლარები გადაახდევინეს. მათაც კონტრაქტის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, დააკავეს, გირაო შეუფარდეს და როცა დაფარეს, მერე გამოუშვეს.

ერთი ჯარისკაცი იყო კოკოროვი, რომელსაც და საბერძნეთში ჰყავდა. მან გადმოუგზავნა 6 ათასი, პატიმრობიდან რომ გაეთავისუფლებინათ. თვითონ გამოგვყარეს სამსახურიდან და ისევ ჩვენ დაგვადანაშაულეს! ეს იყო სამართალი?! საქართველოში ჩემს დას მიუვიდა პროკურატურიდან წერილები, სადაც წერია, რომ თითქოს ჩემით დავტოვე ნაწილი, რაც აბსურდია და სიცრუე. მოწმეებიც გვყავს, რომ გამოგვყარეს და ეშმაკური მეთოდებით დაგვიწყეს ცხინვალში პირველად შესულ მებრძოლებს განეიტრალება. სამხედრო პოლიციაშიც ერთი გამომძიებელი მეორეს აწერდა ჩვენს საქმეს, მეორე _ მესამეს და ასე გადაჰქონდათ ხელიდან ხელში. ბოლოს გამომძიებელ ადეიშვილს ჰქონდა ჩემი საქმე. „რუსთავი 2“-ზე ვიდეოპატრულშიც  გამომაცხადეს, როგორც დამნაშავე. დედოფლისწყაროში ჩავიდნენ და მეზობლებს სთხოვდნენ ხელის მოწერას, თითქოს საშიში პიროვნება ვიყავი. ცუდ დოსიეს შეგნებულად მიკერავდნენ და ძებნაც გამოაცხადეს, მაგრამ პოლონეთმა ლტოლვილის სტატუსი მაინც მომცა. გურამ მიშელაძეც წავიდა ქვეყნიდან და მას თავშესაფარი საფრანგეთმა მისცა. ახლახან გავიგე, რომ იმ მუხლზე, რომელიც ჩვენ შეგვიფარდეს, ამნისტია გამოცხადებულა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ ჩამოვალ.

_ შეიცვალა ხელისუფლება, აგერ ამნისტიაც გამოუცხადებიათ და სამშობლოში დაბრუნება რატომ არ გინდათ? ის თუ იცით, კიკაბიძე ისევ თავდაცვის სამინისტროში მუშაობს?

_ ვაზიანის ბატალიონიდან ის გენერალურ შტაბში გადაიყვანეს, მაგრამ, როგორც ვიცი, ახლა იქაც აღარ არის. ჩამოსვლაზე, ცხადია, ვფიქრობდი, ძალიან მინდა ჩემს სამშობლოში ყოფნა, მაგრამ ვაკვირდები მანდ შექმნილ მდგომარეობას და ამ ნაბიჯს ვერ ვდგამ. ისე ლაპარაკობენ და ისეთი პირი უჩანს, შეიძლება „ნაცმოძრაობა“ მობრუნდეს და თუ ეს მოხდა, აუცილებლად დამიჭერენ. მათი მთავარსარდალი, სააკაშვილი, კვლავ თავისუფლებაშია, კიკაბიძეს და მისნაირ მაღალჩინოსნებსაც პასუხს არავინ არაფერზე სთხოვს და თუ დაბრუნდნენ, კარგ დღეში არ ჩაგვყრიან. მებრძოლი ბიჭების ამ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის არც ეს ხელისუფლება სთხოვს ვინმეს პასუხს და აბა, რა ვიფიქრო?!

ისიც გავიგე, რომ 2010-11 წლებში უკვე ომში ნამყოფ ოფიცრებს დაერივნენ და ისინიც გაყარეს სამსახურებიდან, როგორც ჩვენ. ომში არ გვქონია იმდენი პრობლემა, რამდენიც მერე ამათ შეგვიქმნეს და ეს მათ რატომ უნდა ეპატიოთ, ვერ გამიგია?!! ამის შემდეგ მითხარით, აბა, როგორ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში?!

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს ეკა შანიძეს დაუკავშირდა, რომლის კომენტარსაც უცვლელად გთავაზობთ:                                                                                                                 

„მერაბ კიკაბიძე მსახურობდა მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 2012 წლის 1-ლი დეკემბრიდან (17 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე) დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს უფროს მეკავშირე ოფიცრად აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში. 2013 წლის 14 იანვარს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ განთავისუფლდა შეიარაღებული ძალებიდან (კადრების განკარგულებაში ყოფნისას თუ არ დაინიშნა რამე ვაკანსიაზე, ვადის გასვლის შემდეგ ხდება დათხოვნა).

რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებში ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებას: 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ   გენერალურ შტაბში შეიქმნა  კომისია, რომელმაც განიხილა ყოფილი ხელისუფლების პირობებში დათხოვნილი  თანამშრომლების საჩივრები. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შემოვიდა 4832 განაცხადი.     2012 წლის 1-ლი ნოემბრიდან დღემდე შეიარაღებული ძალების რიგებში დასაქმდა (დაბრუნდა) თავდაცვის სამინისტროს 3817 ყოფილი თანამშრომელი;

განცხადების დაუკმაყოფილებლობის მიზეზები იყო შემდეგი: კონტრაქტის პირობების დარღვევა, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელი, ავადმყოფობა, ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ზღვრული ასაკის მიღწევა, ვაკანტური თანამდებობის არარსებობა.“

 

                                                                                    ნელი ვარდიაშვილი