კახა მიქაია: „ქართულ ოცნებაში“ კონტრაბანდიდან შემოსულ ფულს ვერ იყოფენ“

საქართველო კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, თან ისე ღრმად, რომ ამას უკვე ვეღარც „ქართული ოცნება“ მალავს. არადა, ცოტა ხნის წინ ხელებს ასავსავებდნენ, _ სად ჩვენ და სად კორუფციაო? „მეოცნებე“ ჩინოსნები არც კონტრაბანდისტობაზე ამბობენ უარს. ამ თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამეგრელოს რეგიონშია. წლების წინათ ამ მხარის გუბერნატორი პოსტიდან კონტრაბანდის მფარველობის გამო გაუშვეს. იგი ციხეს გავლენიანი ნაცნობობის წყალობით გადაურჩა. მისგან განსხვავებით გავლენიანი მფარველები არ აღმოაჩნდა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიას. 26 ივლისს ის საკრებულოს რამდენიმე წევრთან ერთად აფხაზეთიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია კარგა ხანია გაიძახის, რომ სამეგრელოში ჩინოსნები კონტრაბანდულ საქმიანობას ეწევიან. აქედან გამომდინარე მისთვის წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა. ის კონტრაბანდისტის დაკავებას „ოცნებაში“ არსებული კლანების დაპირისპირებას უკავშირებს. მიქაია ამბობს, რომ კონტრაბანდისტი ჩინოსნების წყალობით სამეგრელო სომალის რესპუბლიკას დაემსგავსა.

რა ხდება სამეგრელოში? ვინ მფარველობდა წალენჯიხის საკრებულოს კონტრაბანდისტ თავმჯდომარეს? რისთვის იბრძვიან „ქართულ ოცნებაში“ არსებული კლანები? რა ნიშნით არჩევენ მაჟორიტარობის კანდიდატებს? რისთვის არ არის მზად ოპოზიცია? რატომ იკავებს „ნაცმოძრაობა“ სამეგრელოში მყარ პოზიციას? _ ამის შესახებ კახა მიქაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო კახა, თქვენთან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე მინდოდა მესაუბრა, მაგრამ სამეგრელოში დიდი სკანდალი მოხდა _ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე აფხაზეთიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანის ფაქტზე დააკავეს. რა ხდება სამეგრელოში?
_ ამაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს? დააკავეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც აფხაზეთიდან გადმოჰქონდა კონტრაბანდული საქონელი. კონტრაბანდა ამ პირს სამსახურებრივი მანქანით გადმოჰქონდა. მასთან ერთად იყვნენ წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატები.
პირდაპირ ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს სამეგრელოს სომალიზაცია. ჩვენ ვართ უკვე სომალიში. სამეგრელოს სომალიზაციას საფუძველი ჩაუყარა მხარის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ. მან ბრძანა, რატომ არის აფხაზეთიდან გადმოტანილი საქონელი კონტრაბანდული, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ არისო? აი, ამ დონეზე აზროვნებენ სამეგრელოში სახელმწიფო მოხელეები. ისინი ჩართული არიან კონტრაბანდულ საქმიანობაში. მივმართავ „ქართულ ოცნებას“: არაფერი დააბრალოთ სხვას. ყველაფერში თავად ხართ დამნაშავეები.
_ საკრებულოს თავმჯდომარე რომ კონტრაბანდისტობდა, ამის შესახებ ზემოთ არ იცოდნენ?
_ სამეგრელოში სად იყიდება წამალი, სამეგრელოში სად იყიდება კონტრაბანდული საქონელი _ ეს ყველაფერი იცის ხელისუფლებამ. კონტრაბანდისტები თავად სახელმწიფო მოხელეები არიან. სხვა კონტრაბანდისტებიც შეკრული არიან ხელისუფლებასთან. ხელისუფლების სანქციისა და ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. ყველაფერი „ქართულ ოცნებასთან“ არის შეთანხმებული. მთელი სამეგრელო კონტრაბანდულ საქონელს მიაქვს.
_ ხელისუფლება თუ მფარველობს კონტრაბანდისტებს, მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ დაიჭირეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე?
_ ეს დაკავება „ოცნების“ შიგნით არსებული დაპირისპირებას უკავშირდება. ვერ გაიყვეს ფული ბიჭებმა.
_ ვინ ბიჭებმა ვერ გაიყვეს ფული?
_ „ოცნების“ სხვადასხვა კლანის წარმომადგენლებმა.
_ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ვისი კლანის წევრია?
_ ეს არის სახელისუფლებო კლანი. იქ რას ვერ იყოფენ გახარია და გომელაური, ეს მე არ ვიცი. არც ის ვიცი, კიდევ რამდენი კლანია ერთმანეთთან დაპირისპირებული. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა კლანებს შორის არსებული დაპირისპირება. გახარიამაც მშვენივრად იცის და გომელაურმაც, რომ სახელმწიფო მოხელეები კონტრაბანდისტულ საქმიანობაში არიან ჩართულები. ახლა თავად გაარკვიონ, რომელ კლანს წარმოადგენს ღვინჯილია, ვინ ვერ გაიყო ფული და რატომ დააკავა ეს კონტრაბანდისტი აფხაზეთის პოლიციამ?
მივმართავ გახარიასა და გომელაურს: სასწრაფოდ გაარკვიეთ და გვითხარით, რა ხდება?! სამეგრელოში პირადად თქვენც ხართ ამის მონაწილე, რადგან თქვენ გარეშე აქ არაფერი ხდება.
_ ახლა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზეც გადავიდეთ. 22 ივლისს ხელისუფლებამ თავისი მაჟორიტარები წარმოგვიდგინა. ამ კანდიდატებზე თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? საზოგადოების დიდი ნაწილი და მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერები, გაოგნდნენ.
_ სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, დიდად არ მაინტერესებს, თუ ვინ წარადგინა „ოცნებამ“ მაჟორიტარებად. სამაგიეროდ, მაინტერესებს, როგორ წარიმართება არჩევნები, ამას ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ოცნების“ მაჟორიტარებმა მეც გამაოგნეს.
_ ყველაზე მეტად ვისმა წარდგენამ გაგაოგნათ?
_ ანზორ ბოლქვაძის წარდგენამ.
_ ბოლქვაძე იმდენი ხელისუფლების მაჟორიტარი იყო, რომ არ წარედგინათ, ეგ იქნებოდა გასაკვირი.
_ მეგონა, რომ ანზორი დაიღლებოდა საქართველოს პარლამენტში ყოფნით და ლორდთა პალატაში იყრიდა კენჭს. მართლა არ ველოდი მის წარდგენას. დანარჩენიც დიდ გაოგნებას იწვევს, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არჩევანია.
_ მაჟორიტარებად გუბერნატორები, გამგებლები, ყოფილი „ნაციონალები“ წამოიყვანეს და კადრები არ ჰყავთ, თუ რა ხდება?
_ ყოფილი „ნაციონალების“ წარდგენა არ მიკვირს. მათ შორის ისეთი ჰარმონიაა, რომ დიდი ხანია გასცდნენ კოჰაბიტაციის საზღვრებს. ახლა ისინი უნისონში არიან. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ რაც მეტი „ნაციონალი“ ეყოლება პარტიაში, მით უკეთესი იქნება მათთვის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, წამყვანი „ნაცები“ ახლა რომ გადმოვიდნენ „ოცნებაში“, მათ წამყვან პოზიციებზე დააყენებენ. გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მაჟორიტარად დასახელებაზეც არ იყტყვის „ოცნება“ უარს. მთავარია, ისინი „გაქოცდნენ“.
იმ მდგომარეობამდე ვართ მისულები, რომ ვფიქრობთ, რომელი „ნაცი“ სჯობს _ „გაქოცებული“ თუ „ნაცებში“ დარჩენილი? ივანიშვილმა ყველა ძველი თანამებრძოლი მოიშორა და პარტია „ნაცებით“ გაავსო. სამწუხარო ისაა, რომ უვარგისს „ნაცებზე“ აკეთებენ არჩევანს. ცოტა ნორმალური „ნაცები“ მაინც შეარჩიონ, ხალხს რაღაც სიმპათია რომ გაუჩნდეს.
_ ივანიშვილი მხოლოდ „ნაცებზე“ არ აკეთებს არჩევანს. შევარდნაძის დროინდელი კადრებიც წარადგინა მაჟორიტარებად.
_ ეს არ მიკვირს. შევარდნაძე ხომ „ნაცებისა“ და „ქოცების“ სულიერი მამა და შეუცვლელი კერპია.
_ სამეგრელოს რეგიონს სამი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს. წინა ინტერვიუში მითხართ, რომ მაჟორიტარების შერჩევაზე დიდი ამბები იყო და საქმეში სიძეები და პატარძლებიც კი იყვნენ ჩართულები. დასახელდა კანდიდატები, რას იტყვით ირაკლი ჩიქოვანზე, ალექსანდრე მოწერელიასა და ირაკლი ხახუბიაზე?
_ ირაკლი ჩიქოვანს გაახსენეს წარსული, რომ ის ალასანიას პარტიიდან იყრიდა კენჭს. კადრებიც გამოაგდეს, სადაც ის „ოცნებას“ აკრიტიკებს. ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, რომ ჩიქოვანი თავიდანვე „ქრთული ოცნების“ წევრი იყო. ის „ნაციონალებიდან“ არ გადმომხტარა.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანი 4 წლის წინათ ამბობდა, „ოცნება“ არჩევნებს აყალბებსო და ახლა ამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია. ესაა უცნაური.
_ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას ბევრი ვინმე აბრალებდა. რა დროს ჩიქოვანია, როცა მამალი „ნაცები“ ჰყავთ მაჟორიტარობის კანდიდატებად. ირაკლი ჩიქოვანი „ნაცებს“ აკრიტიკებდა, „გაქოცებული“ მამალი „ნაცები“ დედას აგინებდნენ ივანიშვილს.
_ ივანიშვილს ყოფილი „ნაცები“ აშკარად მოსწონს. ასევე დიდად აფასებს, ვინც ალასანიას უღალატა, ჩიქოვანიც ალასანიას პარტიის წევრი იყო.
_ ივანიშვილის გემოვნებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩიქოვანზე აჟიოტაჟის ატეხვა უხერხულია. ის ოპოზიციაში რომ დარჩენილიყო და ასე ეყარა კენჭი, უფრო დიდი მხარდაჭერა ექნებოდა.
_ სხვა კანდიდატებზე რას გვეტყვით, რას ფიქრობენ მათზე სამეგრელოში?
_ სხვადასხვა აზრია, ზოგს მოსწონს ეს კანდიდატები, ზოგს _ არა. მოწერელიას რაც შეეხება, ის მხარის გუბერნატორია. ბოლო დროს სამეგრელომ ბევრი გუბერნატორი გამოიცვალა. ყველა მათგანთან იყო პრეტენზიები. ალეკო მოწერელიასთანაც იყო პრეტენზიები, მაგრამ წინამორბედებთან შედარებით ის კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერად გამოიყურება.
_ ისე, მეგრელ შვარცენეგერსაც ამოუქექეს წარსული და თქვეს, რომ „ნაცი“ იყოო.
_ მას ნაცებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ეს არის ჭორები.
_ ზემოთაც გკითხეთ და არ მიპასუხეთ, მაჟორიტარებად გუბერნატორების დასახელება რატომ დასჭირდა, ხალხი აღარ ჰყავს ივანიშვილს?
_ არა მგონია, რომ არ ჰყავდეს ხალხი. ეს მას ჰგონია, რომ ხალხი აღარ ჰყავს და სათანადო კადრების დეფიციტია.
_ ეს მას ჰგონია ასე, თუ გარემოცვა არწმუნებს ამაში?
_ გარემოცვა ეუბნება და მასაც სჯერა ამის. არადა, ძალიან ბევრი პროფესიონალია ამ ქვეყანაში.
_ ქვეყანაში მრავლადაა ასეთი ხალხი, მაგრამ პარტია „ქართულ ოცნებაში? იქაც მრავლად არიან პროფესიონალები?
_ პარტიაში ვინ დარჩებოდა პროფესიონალი? ვინც კი ნორმალური იყო და მასთან ერთად იბრძოდა „ნაცების“ წინააღმდეგ, ყველა გაუშვა. ახლა „ოცნებაში“ „გაქოცებული“ „ნაცები“ არიან ძირითადად. ყოფილი „ნაცებიდან“ კი ნორმალური კადრი როგორ უნდა აარჩიოს?
ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას, თუმცა სათქმელი ბევრი არ მაქვს. ამ ადამიანს არ ვიცნობ. 4 წელი კი იყო პარლამენტში, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ერთხელ მოვხვდით რაღაც შეხვედრაზე და იქაც არ ამოუღია ხმა. შეხედულებებს ვინ ჩივის, მისი ხმის ტემბრიც კი არ ვიცი, როგორია.
_ „ნაციონალები“ ახსენეთ და სამეგრელოში მათ ისევ მაღალი რეიტინგი აქვთ?
_ ისეთი მაღალი რეიტინგი აღარ აქვთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა რეგიონებთან შედარებით, ამ რეგიონში ყველაზე ძლიერია.
_ ეს რა ფენომენია, „ნაცების“ მმართველობის დროს ეს კუთხე ძალიან დაზარალდა და კიდევ მათ როგორ უჭერენ მხარს?
_ სამეგრელოში დღემდე ახსოვთ, რომ სააკაშვილმა ჩამოაგდო შევარდნაძე. „მხედრიონისა“ და შევარდნაძის დროს სამეგრელომ ბევრი საშინელება გადაიტანა. ამ მხრივ სააკაშვილის დროს მოჩვენებითი სიმშვიდე იყო და ეს ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს. „ნაცების“ მყარი პოზიცია მე არ მიკვირს. იმისთვის, რომ „ნაცები“ არ იყვნენ ძლიერები, „ქართული ოცნება“ უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე. მმართველმა პარტიამ სამეგრელოში ვერ შეასრულა დაპირებები და შედეგიც სახეზეა.
_ „ოცნებას“ არც სხვა რეგიონების მოსახლეობისთვის შეუსრულებია დაპირებები, მაგრამ იქ „ნაცმოძრაობა“ ასეთი ძლიერი არ არის.
_ არც სხვა რეგიონებშია დაპირებები შესრულებული, მაგრამ სამეგრელოს ცოტა მძიმე წარსული ჰქონდა. ძალიან ბევრი ცუდი გააკეთა შევარდნაძემ, ამიტომ აქ ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო ივანიშვილის პარტია. მაგრამ როდესაც კორუმპირებული და წამლის ბარიგა გეყოლება მხარის გუბერნატორად, რაზე უნდა ილაპარაკო?!
_ ვის გულისხმობთ წამლის ბარიგაში?
_ ვის და ლევან შონიას. ასეთი გუბერნატორი რომ გყავს, იქ სხვას რას ელოდები? ზუგდიდის მერად როლანდ ახალაიას ეზოს მენაგვე ლაშა გოგია დანიშნეს, მერის მოადგილედ კი ყოფილი მხედრიონელი გია გულორდავა გაამწესეს. ამ ყველაფრის შემდეგ საზოგადოებას არ უნდა დააბრალო, რატომ არიან „ნაცები“ მომძლავრებულები. ეს გოგია და გულორდავა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შემდეგ როგორ გინდა, რომ ხალხმა მმართველ პარტიას პატივი სცეს?!
_ შონია შეეწირა კონტრაბანდას და ამის შემდეგ ამ მხრივ რაღაც უნდა შეცვლილიყო. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებამ აჩვენა, რომ არაფერი შეცვლილა.
_ სამეგრელოში კონტრაბანდის პრობლემა შევარდნაძის დროიდან მოდის. ამას ვერ დაადგა საშველი. აფხაზეთიდან კონტრაბანდის გადმოტანა ვერაფრით აილაგმა. ამ პრობლემას ვერავინ მოერია.
_ შევარდნაძის დროს ენგურის ხიდი ჩაკეტილი არ იყო, აფხაზეთთან თავისუფლად მიმოსვლა შეიძლებოდა. ახლა სხვა ვითარებაა. წესით, კონტრაბანდა აღარ უნდა ყვაოდეს სამეგრელოში.
_ მერე რა, რომ თავისუფალი მიმოსვლა აღარ არის? _ ფაქტია, კონტრაბანდა უპრობლემოდ გადმოდის. ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია, მაგრამ კატასტროფაა, როცა ამ საქმეში მხარის გუბერნატორია ჩართული. თან ამ ადამიანმა თქვა, _ რატომაა ეს კონტრაბანდული საქონელი, აფხაზეთი ხომ საქართველოაო? ამ განცხადების გაკეთებისთანავე უნდა გაეგდოთ, მაგრამ პოსტზე დატოვეს. მანამდე იყო ამ პოსტზე, სანამ მე არ გავხეთქე და თავზე არ გადავამტვრიე მათი კორუმპირებულობის ფაქტები. ახლა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს კონტრაბანდის გადმოტანაზე. ბევრი სხვა ჩინოსანია ამ საქმიანობაში ჩართული. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომაც არ აქვს სამეგრელოში „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი. სამეგრელოში მმართველ პარტიას რა პრობლემებიც აქვს, ეს არ არის არც „ნაციონალებისა“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიის ბრალი, ეს თავად „ოცნების“ ბრალია. სხვა რეგიონებშიც ასეთივე ვითარებაა.
_ „ოცნების“ მაჟორიტარებს რა შანსები აქვთ? აშკარად ჩანს, რომ არც ოპოზიციას ჰყავს სასწაული კანდიდატები, რომ მათ სათანადო კონკურენცია გაუწიონ.
_ ოპოზიციასაც სერიოზული პრობლემები აქვს საკადრო საკითხში. არაერთხელ მითქვამს თქვენთან საუბარში, რომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ „ქართულ ოცნებას“. არ მომწონს მისი პოლიტიკა, მაგრამ ოპოზიციაშიც ძალიან მძიმე ვითარებაა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ოპოზიციამ შეძლოს ივანიშვილის პარტიის დამარცხება.
_ ეს სამეგრელოში თუ მთლიანად ქვეყანაში?
_ მთელს ქვეყანაში. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ოპოზიციას არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება.
_ რატომ არ შეუძლია? გაყალბება იქნება თუ ობიექტურად არ შეუძლიათ მოგება?
_ გაყალბებას თავი დავანებოთ. ოპოზიცია დღეს ხელისუფლების დასამარცხებლად მზად არ არის.
_ ასე ჩანდა 2018 წლის არჩევნებზეც, მაგრამ პირველი ტური ოპოზიციამ, ფაქტობრივად, მოიგო, რატომ გგონიათ, რომ ახლაც იგივე არ მოხდება. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ცხოვრება ბევრად გაუარესდა.
_ ცხოვრების დონის გარდა გაუარესდა „ქართული ოცნების“ რეიტინგიც, მაგრამ გაუარესდა ოპოზიციის მდგომარეობაც. ამას გეუბნებით როგორც გარედან მაყურებელი ადამიანი. არც „ნაცი“ ვარ და არც _ „ქოცი“. მე არ ვიცი, რა მოხდება ქვეყანაში ოქტომბრამდე! შესაძლოა, ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, მაგრამ ახლა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მზად არ არის.
_ „ოცნება“ თუ არის მზად არჩევნების მოსაგებად, რჩება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების მოგება არ უნდათ. ასეთ მაჟორიტარებს რომ წარადგენ, წესით, გამარჯვებაზე არ უნდა იყო ორიენტირებული.
_ არც „ქართული ოცნება“ არის მზად არჩევნების მოსაგებად. ესეც აჩენს კითხვებს. დაველოდოთ და ვნახავთ, რა მოხდება. ამ ვითარებაში მთავარი მაინც ერთი რამაა: მისცემს თუ არა დასავლეთი ლეგიტიმაციას ამ არჩევნებს? ლეგიტიმაცია რომ მიიღონ, ნორმალურად უნდა ჩაატარონ.
_ ჩაატარებენ?
_ ლეგიტიმაცია თუ უნდათ, უნდა ჩაატარონ.
_ ფიქრობთ, რომ ლეგიტიმაციის ხათრით „ქართული ოცნება“ კორცხელის მსგავსს ინციდენტებზე უარს იტყვის?
_ თუ კიდევ განმეორდება კორცხელი, მაშინ ლეგიტიმაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. დასავლელ პარტნიორებს რა დამოკიდებულებაც აქვთ, ეს ასახვას ჰპოვებს შეფასებაში, რომელიც არჩევნების შემდეგ გაკეთდება. გაითვალისწინონ ეს ასპექტი და ნორმალური არჩევნები ჩაატარონ. დაე, ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება.

შორენა მარსაგიშვილი