რატომ გადადგა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე?

როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმის მერი გადადგა _ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ლაშა კომახიძემ 16 ივლისს დაწერა. მან მედიასთან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა: აიძულებდა თუ არა ვინმე მას გადადგომას? ითხოვდა თუ არა „ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრას? თუმცა ბევრ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.

ვინ არის ლაშა კომახიძის შემცვლელი არჩილ ჩიქოვანი? როგორ აფასებს საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ბათუმის მერ ლაშა კომახიძის გადადგომას? „ქრონიკა+“ ამის შესახებ რამდენიმე დეპუტატს ესაუბრა:

ლევან ანთაძე _ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა:
_ თვითმმართველობაზე საუბარი ზედმეტია. ეს არის თამაში, ე. წ. ტრიუკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხშირად ახასიათებს. ლაშა კომახიძე, სიმართლე გითხრათ, უფრო ფხიანი მეგონა. რაც შეეხება ჩიქოვანს, ეს არის ჩვეულებრივი კლერკი, რომელიც აპარატის უფროსად მუშაობდა. ჩვეულებრივი ბიუროკრატია. ისე დანიშნეს, თითქოს არჩევნები არ უნდა ჩაატარონ. ვფიქრობ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით თვითმმართველობა დაასამარეს ბათუმში.

მირდატ ქამადაძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:
_ ამ ყველაფრის უკან ვინ დგას კონკრეტულად, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ამ შემთხვევაში ოლიგარქიულ მმართველობას სისტემური პრობლემა ახლავს, რადგან პირდაპირი წესით არჩეული მერს უშვებენ თანამდებობიდან ისე, რომ კომენტარის გაკეთებას და ამ ხნის განმვალობაში მედიასთან გამოჩენას უკრძალავდნენ! ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არჩეული მერი იქცა ფორმალობად. ვირჩევთ მერს, მაგრამ შემდგომ ეს მერები ისე მიდიან, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ, განმარტებასაც არ აკეთებენ და შემდგომ მოდიან ადამიანები, რომლებსაც ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ.

ბესო გოგოტიშვილი _ „ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს წევრი:
_ ბათუმის უკვე გადამდგარმა მერმა ლაშა კომახიძემ ბევრი რამ გააკეთა ქალაქისთვის და იმ პროექტებს, რომელიც მან დაიწყო, ჩიქოვანი აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე. ჩიქოვანის პერიოდში ინფრასტრუქტურა უფრო და უფრო წინ წაიწევს.
ლაშა კომახიძის გადადგომასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, მაგრამ იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც ლაშა კომახიძემ თავის ბრიფინგზე თქვა. მხოლოდ დავამატებ, რომ ძალიან კომპეტენტურია. რაც შეეხება მის საქმიანობას 3 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი პროექტები იყო, ღონისძიებები, ინსფრასტრუქტურის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯები ვიხილეთ _ დღესდღეობით 19 მისამართზე მიმდინარეობს ქუჩების რეაბილიტაცია. გამოვყოფდი არდაგანის ტბის მიმდებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობას, რომელიც ქალაქს უხვი ნალექისგან განტვირთავს; აგერთვე გამოვყოფდი ხელიმისაწვდომი საცხოვრებელი სახლის უკვე ბოლო პროექტს, რომელიც ადრე ძველმა მერმა დაიწყო და ლაშა კომახიძემ ეს პროექტი კარგად დაასრულა. გამოვყოფდი, აგრეთვე, „შენი იდეა ბათუმს“, რომელიც ნახევარი მილიონი ლარით ფინანსდება და სადაც ბათუმში რეგისტრირებულ უშუალოდ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. დიდი პრობლემაა გარემოვაჭრეობა, რომელიც ლაშას დამსახურებთ აღიკვეთა. ის პანდემიის დროს ძალიან ბევრ ოჯახს ეხმარებოდა. რაც შეეხება ჩიქოვანს, მას წლებია, ვიცნობ _ ის შესანიშნავი ადამიანი და მენეჯერია. მას დიდი გამოცდილება აქვს საჯარო სამსახურში. არჩილ ჩიქოვანს საკუთარი, განსხვავებული ხედვა ექნება. ველოდებით და ვიცით, რომ ლაშა კომახიძის დაწყებულ პროექტებს ბოლომდე მიიყვანს და ახალ იდეებს შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ: ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას 27 852 ბათუმელმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.
ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით, მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა.

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი?

2013 წლამდე იგი ძალოვან უწყებებში მუშაობდა. 2013 წლიდან ჩნდება საჯარო სამსახურში. აჭარის საავტომობილო გზებს სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა, როცა აუდიტმა 2016-2017 წლებში უწყების მიერ ჩატარებული სამუშაოები და დაგებული გზები უხარისხოდ მიიჩნია. უწყების მისამართით, გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პროკურატურამ დაიწყო კიდეც გამოძიება, თუმცა არანაირი შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

ხვიჩა მამულაძე