თამარ კორძაია: „ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს „შაქარაშვილის საქმის“ გამოუძიებლობა“

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება. მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, მასზე ძალადობის თავიდან ასარიდებლად, შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.
18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
10 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ცდილობს თუ არა ხელისუფლება ამ საქმის ჩაფარცხვას? რა როლი აქვს ამ ვითარებაში საზოგადოებას და რას პასუხობს ოპოზიცია ხელისუფლების ბრალდებას, რომ საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ?
ამ და სხვა აქტუალური პოლიტიკური თემების შესახებ „ქრონიკა+“ რესპუბლიკური პარტიის წევრ თამარ კორძაიას ესაუბრა:

_ ქალბატონო თამარ, კონკრეტულად, რა კითხვები გაქვთ „გიორგი შაქარაშვილის საქმის“ გამოძიებასთან დაკავშირებით?
_ რა თქმა უნდა, ამ თემის შესახებ ყველა ის კითხვა მიჩნდება, რასაც მედია სვამს. არსებობს შეუსაბამობები, _ რამ გამოიწვია მოწმეების ჩვენებების რამდენჯერმე ცვლილება? რატომ დაიწვა ის შენობა, რომელიც შესაძლოა, მტკიცებულებებით ყოფილიყო სავსე? გასაგებია, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, მაგრამ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, _ შაქარაშვილი დაახრჩვეს თუ გონდაკარგული ჩააგდეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, ბევრი შეკითხვაა და ეს არსებითი საკითხია სისხლის სამართლის საქმეების დროს, რადგან კვალიფიკაცია ზუსტი უნდა იყოს და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებისთვის და დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა. რეალურად, ასეთი გამოძიების პირობებში შესაძლებელია, რომ ამ ახალგაზრდის მკვლელობისთვის ვინმემ პასუხი აგოს?! შეიძლება, ვიღაცებმა პასუხი აგონ ძალადობისთვის, ვიღაცებმა _ ცრუ ჩვენების მიცემისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ შეიძლება ვერ დადგინდეს დამნაშავის ვინაობა. ამ ეჭვს ამყარებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქმის შესწავლის შედეგად საქმის მასალებში ჩანს მკვლელობისთვის ბრალის წასაყენებლად არასაკმარისი მტკიცებულებები. მთელი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ საგამოძიებო უწყებები იმდენად ნელა მუშაობენ, რომ სათანადო მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი გახდა. ზოგიერთ მტკიცებულებას ამდენი დროის განმავლობაში ბუნებრივად განადგურებაც კი ემუქრებოდა, ზოგაც _ ხელოვნური. მაგალითად, კვალის წაშლა და ა. შ. რეალობა ასეთია: ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, როგორც ხორავას ქუჩის შემთხვევაში, _ მკვლელი არ ჩანს ამ საქმეში. ეს იქნება ყველაზე ცუდი, რადგან ცალსახაა, _ ახალგაზრდა მოკლეს, მაგრამ სახელმწიფო გიორგი შაქარაშვილის მკვლელს ვერ პოულობს, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს ვიღაცას ან, უბრალოდ, ვერ მუშაობს. ეს ჩემი შეფასებაა და იგი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ამ ინფორმაციის თანახმად კი უფრო სავარაუდოა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფებს სერიოზული მფარველები ჰყავთ.
_ თქვენ ახსენეთ „ხორავას საქმე“. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში დაგვიგროვდა მსგავსი ტიპის საქმეებზე, გავიგებთ თუ არა სიმართლეს „შაქარაშვილის საქმის“ შესახებ?
_ „ხორავას საქმეზეც“ ადამიანები ციხეში სხედან; თავის დროზე, „გირგვლიანის საქმეზეც“ ჩასვეს ვიღაცები ციხეში… მაგრამ ფაქტია: გადაწყვეტილება უსამართლო იყო და საკითხები სათანადოდ არ შეისწავლეს _ ვისაც რა სიმძიმითაც ეკუთვნოდა სამართლის თანახმად პასუხისმგებლობა, შესაბამისად და ადეკვატურად არ დაისაჯნენ. იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოძიებისთვის ხელის შეშლას და მკვლელებზე ხელის დაფარებას ან დანაშაულის შემსუბუქებას, წლების შემდეგ მოუწიათ ამ საქმეებზე ციხეში ჩაჯდომა (მაგალითად, „გირგვლიანის საქმეზე“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი). აქედან გამომდინარე, შეიძლება წლების შემდეგ რაღაც შეიცვალოს, მაგრამ მთავარია, საზოგადოებამ არ დავივიწყოთ ეს საქმე. ჩვენი გამოცდილების მქონე ქვეყანაში, ბუნებრივია, განცდა, რომ სამართალი სრულყოფილად იზეიმებს, არ გვაქვს. გარდა ამისა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის საქმეები, სადაც სასამართლომ სასტიკი დამნაშავეები გამამართლებელი განაჩენით გამოუშვა. მაგალითად: მარნეულის გამგებელ თემურ აბაზოვის ქეისი მკვლელობაზე უარესი დანაშაულია და სასამართლომ იგი გაამართლა; სტურუას ქეისიც კატასტროფულია, რადგან ადამიანმა თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანი მას აშანტაჟებდა და სხვა გზა რომ არ ჰქონდა, ამიტომ მოიკლა თავი. ის ადამიანი კი, ვის გამოც თავი მოიკლა, სასამართლომ გაამართლა; ჩვენ გვაქვს ქეისი, სადაც ადამიანი მოწმეთა დაცვის ინსტიტუტით სარგებლობდა, მას შეცვლილი ჰქონდა სახელი და გვარი, რადგან ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. სწორედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის „ეგიდით“ და სახელმწიფო დაცვის მექანიზმებით, ისევ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, „კანონიერი ქურდის“ დავალებით გაიტაცეს, მიუყვანეს ქურდებს, ამ უკანასკნელებმა კი იგი მოკლეს. ასეთ განუკითხაობაში, როცა ხელისუფლება დანაშაულებრივ გარიგებაშია კანონიერ ქურდებთან, კრიმინალურ სამყაროსთან, განცდა რეალურია, რომ შაქარაშვილის თემაზეც იგივე შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მთავარია, საზოგადოებამ არ დაივიწყოს „შაქარაშვილის საქმე“. რა როლი აქვს საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს იმ კუთხით, რომ სამართალი აღსრულდეს?
_ საზოგადოებას ძალა აქვს და შეუძლია აიძულოს ხელისუფლება, რომ ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს. „ხორავას საქმე“ ამის მაგალითია, _ რომ არა საზოგადოებრივი პროტესტი, ზაზა სარალიძე ვერ მიაღწევდა იმას, რასაც მიაღწია, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ეს საქმე და არ ვიცით, რა შედეგს ვიხილავთ. ამიტომ საზოგადოება ხელისუფლების მთავარი მაკონტროლებელია და საზოგადოება არის ხელისუფლების წყარო. თუ ეს ხელისუფლება არ გამოიჩენს გონიერებას და ვერ მიხვდება, რომ მისი ძალაუფლება ხალხზე დგას და არა _ ბიძინა ივანიშვილზე, რა თქმა უნდა, ცუდად დაამთავრებს და ისეთი შედეგი დადგება, როგორიც _ გირგვლიანის შემთხვევაში. მერე ყველა აგებს პასუხს! ამ ეტაპზე ასეთი განცდა მრჩება: ეს, რა თქმა უნდა, წინასწარი შეფასებაა. სანამ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, 100%-იანი სიზუსტით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ „შაქარაშვილის საქმეზე“ მომავალ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა მოუწევს. საგამოძიებო კომისია ღია პროცესია და გამჭვირვალობა ულტერნატივოა ნორმალურ ხელისუფლებაში. სწორედ ამ ფარგლებში უნდა დავსვათ შეკითხვები გამოძიებასთან, პროკურატურასთან.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ რისკავს ხელისუფლება, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ? რატომ იკვეთება ლაფსუსები ძიების პროცესში?
_ დიდი ხანია, ეს ხელისუფლება ძალაუფლებით ტკბება და დიდი ხანია, კავშირი გაწყვეტა საზოგადოებასთან. მთავრობისთვის ბიძინა ივანიშვილი ხალხზე პრიორიტეტულია. ხელისუფლებას არჩევნების წინ არ უნდა აწყობდეს „შაქარაშვილის საქმის“ გამოუძიებლობა, მაგრამ სიმძიმის ცენტრი სხვაგან არის და არა საჯარო სივრცეში…
_ შაქარაშვილის მკვლელობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული“, _ რამდენად ადეკვატურია პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის განცხადებაში?
_ მიმაჩნია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს, ისევ და ისევ, ქართულ ენაზე ვერბალიზაციის პრობლემა აქვს და მის განცხადებაში არავითარი კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერა არ იკვეთებოდა. სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტი არ ცდილობს, საკუთარ თავზე იმუშაოს, რომ სწორად გამოთქვას საკუთარი ნააზრევი. ეს არის უპატივცემულობა მისი მოქალაქეების მიმართ.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციური სპექტრი შაქარაშვილის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რას უპასუხებთ მათ ამ შეფასებას?
_ სამწუხაროა: საქართველოში, როდესაც სერიოზულ საკითხებზე უნდათ მსჯელობა, მაშინვე პოლიტიკური შეფასებების დემონიზაციას უწყობენ ხელს, სინამდვილეში კი თუ სერიოზულად გვინდა კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა, ზუსტადაც პოლიტიკურად უნდა ვიმსჯელოთ და ეს უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება, პოლიტიკა და პოლიტიკური შეფასებები საშინელებად მიიჩნეოდეს. ხშირად სწორედ პოლიტიკური შეფასებებია ვექტორის განმსაზღვრელი. მთელი დასავლეთი და თანამედროვე სამაყარო ამაზე დგას. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური შეფასებების იარლიყით დაფაროს საკუთარი უმოქმედობა და ისრები ოპოზიციაზე გადმოიტანოს, თუმცა პოლიტიკოსები ოპოზიციაში იმიტომ არსებობენ, რომ მოვლენა სათანადოდ შეაფასონ და პოლიტიკური გამოსავალი დაინახონ; ხოლო ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პოლიტიკაში ხარ, ეს მარტივად გასაგებია. ხელისუფლება კი ცდილობს დამანგრეველი პოზიციებით ძალაუფლების ხელში დაკავებას.
_ უკვე თვეებია გრძელდება აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკა მმართველი გუნდის მისამართით. მეტიც: 13 კონგრესმენის წერილში ბიძინა ივანიშვილი ღიად არის მოხსენიებული, როგორც პუტინის კაცი. როგორ აისახება ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებზე?
_ ამ შეფასებების მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სწორად და ადეკვატურად წარმართვა, რათა არ დაზიანდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
წერილების პასუხად „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკელ კონგრესმენებს პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებულებს უწოდებს; რომ ოპოზიციას ლობისტები ჰყავს დაქირავებული. ლობიზმი კანონიერი და ლეგალური საქმიანობაა. შეუძლიათ, თვითონაც დაიქირავონ ლობისტები, ჰყავთ კიდეც დაქირავებული, გაცილებით მეტს იხდიან, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ იმდენად ცუდად მუშაობს, რომ ლობისტებიც კი ვერაფერს ხდებიან მათი ინტერესების დასაცავად. დემოკრატიული განვითარება, როგორც ღირებულება, მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია და ისინიც სწორედ ამას უჭერენ მხარს. დემოკრატიული განვითარება საქართველოში ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით და ხელისუფლება არ უნდა ძალადობდეს საზოგადოებრივ აზრზე.
რაც შეეხება ივანიშვილის პუტინის კაცად მოხსენიებას, ეს, გარკვეულწილად, სიგნალია. ის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა, ახლა უკვე ღრმაწყლოვანი პორტის თემებზე გაურკვეველი და ბუნდოვანი ვითარებაა ან საკანონმდებლო დონეზე საქართველოს პარლამენტი იღებს არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, რომელიც გულისხმობს მედიაში დროებითი მმართველის შეყვანას, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების მიტაცება უნდა პუტინივით. ეს კი მიზეზს აძლევს დასავლეთს, რომ პუტინის კვალი დაინახოს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში.
_ როგორ ფიქრობთ, ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა რუსული ინტერესების გასატარებლად?
_ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ ვის სასარგებლოდ დგება შედეგი. შედეგი კი ცალსახად რუსეთის სასარგებლოდ დგება. რუსეთი მართლა იმას კი არ ფიქრობს, რომ ტანკებით შემოვა საქართველოში, მისი მიზანია არაცივილიზებული, გაჭირვებული სახელმწიფოს ხილვა, სადაც დასავლური სამყარო, ამერიკის შეერთებული შტატები, თავის ინტერესებს ვერ გაატარებს. აქედან გამომდინარე, შედეგის თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი შედეგი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
_ გარდა იმისა, რომ დასავლეთი ხელისუფლებას აკრიტიკებს, ოპოზიციას რა ბერკეტები გაქვთ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, მაშინ, როცა ხელისუფლება ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებს ფლობს?
_ პირველი რიგში, ძალიან გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლების სერიოზული წარმომადგენლობა, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის ყურადღება, რომ არჩევნების დღეს ხელისუფლებამ არჩევნები ვერ გააყალბოს.
_ ნეიტრალური ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მას რა ალტერნატივა აქვს?
_ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც საერთაშორისო და საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად განხორციელდა, არ არის სრულად პროპორციული, მაგრამ არის 120/30-ზე, რათა საქართველოს მოქალაქეს არჩევანის მეტი შანსი ჰქონდეს, რაც ადეკვატურად აისახება საპარლამენტო შემადგენლობაზე. უფრო დიდი შრომა გვჭირდება წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანები არჩევნებზე მოვიდნენ და ირწმუნონ, _ მათთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვა უკვე ნიშნავს დიდ შანსს, რომ მისი წარმომადგენელი აუცილებლად მოხვდება პარლამენტში.
_ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძე დაინიშნა. როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის ამ გზავნილს?
_ მმართველი გუნდი აგრესიულ და თავხედურ კამპანიას ჩაატარებს, რადგან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნული ირაკლი კობახიძე თავად არის თავხედი ადამიანი.
_ რა ფორმით ჩაერთვებით რესპუბლიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
_ პარტიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. დღევანდელი საარჩევნო სისტემა ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად ან კოალიციურად გავიდეთ რომელიმე პარტიასთან ერთად. ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. აუცილებლად შეგატყობინებთ.

ნენე ინჯგია