50 000 მასწავლებელი განთავისუფლების მოლოდინშია!

ნ3

ხმაურით ჩავარდა განათლების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში პირველ მოსმენაზე წარდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“. შესაშური ერთსულოვნება, რომლითაც საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა დოკუმენტი დაიწუნეს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებამ დააგვირგვინა. ივანე კიღურაძემ სანიკიძის უწყებას შეახსენა, რომ როცა მასწავლებელთა სერტიფიცირების წესში ერთი სქემის მეორით შეცვლა ხდება, საკითხზე დამატებითი მუშაობაა საჭირო და რომ მასწავლებლები საცდელი ბაჭიები არ არიან და მათზე ექსპერიმენტების ჩატარება არ შეიძლება. 

 

რატომ გახდა მასწავლებელთა სერტიფიცირების ნაცვლად შემუშავებული „მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა“ დეპუტატების საყოველთაო უკმაყოფილების მიზეზი და რატომ უწოდებენ მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ სიახლეებს კორუფციულს, „ქრონიკა+“-ს განათლების ლიგის“ პრეზიდენტი და განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრება:

 

_ მგონი, პირველი შემთხვევა, როცა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონი ასე ერთხმად დაიწუნა და არა მარტო დაიწუნა, გაცხოველებული დებატი გამართა. სხვა საკითხია, რომ „ნაციონალებს“ სინდისი თუ აქვთ, ხმა არ ამოეღებათ, რადგან 2007 წელს, როცა ამ კანონებს იღებდნენ, კომიტეტის სხდომაზე ოთხსაათიანი სიტყვით გამოვედი და უზარმაზარი დასკვნა მივიტანე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს სქემა არ იმუშავებდა; რომ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მუხლები, რომელსაც კანონში დებდნენ, მასწავლებლის დიპლომის სტატუსს ხელყოფდა. არ დამიჯერეს და ზუსტად ის მივიღეთ, რასაც მაშინ ვპროგნოზირებდი. ამჯერად პარლამენტს სრულიად საფუძვლიანად გაუჩნდა კორუფციული ხვრელებით სავსე კანონის მიღების შიში. მაგალითისთვის ავიღოთ, თუნდაც, დირექტორების არჩევის წესი. თუ სახელმწიფო მიდის იმ გზით, რომ სკოლის დირექტორი მინისტრმა უნდა დანიშნოს, მაშინ პირდაპირ და ყოველგვარი მოკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა დანიშნოს. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას ამის გამოცდილება აქვს. სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ნორმა გააუქმა და სკოლის დირექტორების არჩევა ვითომ დემოკრატიულად არჩეულ სამეურვეო საბჭოებს გადააბარა, მაგრამ ამის შედეგები ყველამ ერთად ვიხილეთ: უპატრონოდ და მოვალეობის შემსრულებელთა ამარა დარჩენილ სკოლებში, საბოლოოდ, გასამხედროებული და პოლიციური რეჟიმი დამყარდა. ასეთი აბსურდული წესი არც ერთ ქვეყანაში არ არის. უმეტეს შემთხვევაში სკოლის დირექტორს ნიშნავს მინისტრი, იმიტომ, რომ განათლების სისტემაზე პასუხისმგებელი მინისტრია. ეს არჩევითობა და არაფრისმომცემი კონკურსები გასაუქმებელია და დირექტორი პირდაპირ მინისტრმა უნდა დანიშნოს.

_ დირექტორების შესარჩევი კონკურსის გაუქმების შემთხვევაში რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს დირექტორობის კანდიდატის შერჩევა?

_ რა კრიტერიუმებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კრიტერიუმებით, მაგრამ  დირექტორებს თავი დავანებოთ და მასწავლებლის უფლების ჩამორთმევაზე ვისაუბროთ: როგორც იცით, ამ ინიციატივამ საკანონმდებლო ორგანოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვეთანხმები პარლამენტს, რომ ეს არის დიპლომის სტატუსის ხელყოფა და მასწავლებლის უფლების ჩამორთმევა საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს გადასაწყვეტი უნდა იყოს. რატომ გამოვრიცხავთ, რომ ვინმემ პრინციპულ მასწავლებელთან ანგარიშსწორებისთვის მას მოსწავლის ცემა დააბრალოს? რა, არ გვაქვს ასეთი ფაქტები?

_ რამდენიც გინდათ! თუნდაც, მოსწავლის ცემის ბრალდებით სკოლიდან გაშვებული პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, თუმცა მოგვიანებით, სასამართლომ მოსწავლის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. ბავშვის ცემის ბრალდება წლების მანძილზე არასასურველი მასწავლებლის მოშორების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნეოდა.

_ ამიტომ სჭირდება ამას გამოძიება და სასამართლო. რაც შეეხება დირექტორს, რომელსაც მუშაობაში დარღვევები აღმოაჩნდა, გასაგებია, რომ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა უნდა აეკრძალოს, მაგრამ გასარკვევია, რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი. ფინანსური დანაშაულისგან განსხვავებით, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ჩაგდება სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება, მაგრამ შედეგები უარესი მოაქვს. ფინანსებს რაღაც ეშველება და ბავშვის დაზიანებულ სულს _ ნაკლებად. ჩემი აზრით, სკოლის დირექტორს, რომელიც სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ჩააგდებს და განათლების ხარისხს დაბლა დასწევს, საერთოდ აღარ უნდა მიეცეს სკოლის მართვის უფლება. განათლების სამინისტრომ სკოლა კომპლექსურად უნდა შეამოწმოს და დაადგინოს, ამა თუ იმ დირექტორის მოსვლის შემდეგ განათლების ხარისხმა აიწია თუ პირიქით, დაეცა და დასკვნები ამის მიხედვით გამოიტანოს.

_ მოდით, საპარლამენტო განხილვებს დავუბრუნდეთ. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი მასწავლებლებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს შეადარა.

_ ამაში სრულიად ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ ამ ხელისუფლებამ არ გააუქმა სააკაშვილ-მერაბიშვილის ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები. თავის დროზე ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ტარდებოდა ეს გამოცდები და აღარ გავიმეორებ, მხოლოდ მოვუწოდებ პარლამენტს, რომ ამ გამოცდების შედეგები გააუქმოს.

_ სერტიფიცირების გამოცდებში იმხელა ფული დაიხარჯა, რომ მეეჭვება, ვინმემ მისი შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი სერტიფიცირებული მასწავლებლებიც იქნებიან.

_ მასწავლებლები რატომ უნდა იყვნენ, ვინმე ცოდნას წაართმევთ? თანაც, საუბარია შედეგების გაუქმებაზე და არა 60-ლარიანი დანამატის მოხსნაზე. დანამატის გაუქმება კი არა, ხუთჯერ 60 ლარია მასწავლებლის ხელფასზე დასამატებელი. სადაა „ქართული ოცნების“ დაპირებული 500-ლარიანი საბაზისო ხელფასი? თუ თვითონ რომ პრემიების სახით 138 მილიონი აიღეს, მასწავლებლებისთვის ფული აღარ დარჩათ? რაც შეეხება სერტიფიცირებაში დახარჯულ ფულს, მასწავლებელთა სერტიფიცირება 1996-98 წლებშიც ჩატარდა და გარკვეული ფული დაიხარჯა, მაგრამ ალექსანდრე კარტოზიამ ტესტირების შედეგები მაინც გააუქმა. გასაუქმებელი იყო და იმიტომ. დოკუმენტები მოიძია, დასკვნები შეაჯერა, ყველაფერი სახელმწიფოებრივ დონეზე გამოიკითხა და გაუჩნდა შინაგანი რწმენა, რომ შედეგები უნდა გაეუქმებინა. ახლა თუ დაინტერესდა ვინმე, როგორ ასწავლიან მათი სერტიფიცირებული მასწავლებლები? სრულიად უვიცი ბავშვები რომ გამოდიან სკოლიდან, რატომ ვერ აწიეს განათლების ხარისხი? ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: სასერტიფიკაციო გამოცდები უნდა ჩატარდეს უმაღლეს სასწავლებელში, სანამ მასწავლებელი პროფესიაში შევა. პროფესიაში შესვლა გულისხმობს ჯერ ბაკალავრიატის და შემდეგ მაგისტრატურის დამთავრებას, შემდეგ სახელმწიფო, თუ გნებავთ, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, სერტიფიკატის მოპოვებას და შემდეგ დიპლომის აღებას. ამ პროცესების გავლას სრულიადაც არ სჭირდება გამოცდების ეროვნული ცენტრი და ზედმეტი ხარჯების გაღება. ყველანაირი გამოცდა უმაღლესი სასწავლებლის კედლებში დამთავრდება და პროფესიაში მოვა სრულიად მომზადებული ადამიანი, რომელსაც არ დასჭირდება გაუთავებელი და უხარისხო ტრენინგები. ასე ხდება საფრანგეთში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება მასწავლებელთა ღირსების შემლახავი გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ მოდელით სქემაც გამარტივდება და უზარმაზარი ფულიც დაიზოგება. ჩემთვის სრულიად მიუღებელია გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის გარე დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაც. გასაგებია, რომ მიმინოშვილის უწყებას ჰყავს უმაღლესი სკოლის უძლიერესი მეცნიერები, მაგრამ ამ ადამიანებმა არც სკოლის და არც გაკვეთილის შეფასების არაფერი იციან. ხალხს, რომელსაც ცხოვრებაში ერთი გაკვეთილიც არ ჩაუტარებია და სკოლასთან საერთო არაფერი ჰქონია, მსოფლიო ბანკის ტრენინგები უშველის? პედაგოგიკა და განსაკუთრებით გაკვეთილის შეფასება ურთულესი მეცნიერებაა, რომელსაც ტრენინგებით ვერ ისწავლი. პედაგოგიკის ისტორიას არ მოსწრებია, რომ წელიწადში ორ გაკვეთილზე დაკვირვებით მასწავლებელი შეფასებულიყო. ბუნებრივია, რომ ეს „გარე დამკვირვებლები“ უფასოდ არ ირბენენ და ამ სრულიად უსარგებლო შრომისთვის ხელფასები დასჭირდებათ. კიდევ წყალში ვყაროთ ფული? რა თქმა უნდა, ამის დაშვება არ შეიძლება და პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა დაამტკიცოს.

_ როგორც იცით, უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტს რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი შესთავაზა. დავით საგანელიძის თქმით, განათლების სამინისტროს მხრიდან კანონპროექტის ზუსტ ფორმულირებამდე კენჭისყრა უნდა შეჩერდეს.

_ ამ არაეფექტურ, ქაოსურ და ყველას მიერ დაწუნებულ დოკუმენტს ვერავითარი ზუსტი ფორმულირება ვერ უშველის. არსებობს ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ვანო კიღურაძემ კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა და გულისხმობს ზოგადი განათლების კანონიდან 61-ე მუხლის ამოღებას და გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას. მოგეხსენებათ, რომ ამ მუხლის თანახმად, 50 000-მდე არასერტიფიცირებულ მასწავლებელს მასწავლებლობის უფლება 2014 წლის 31 დეკებრამდე უნარჩუნდება. 2015 წლის 1-ლი იანვრიდან კი ამ ხალხის სკოლაში ყოფნა უკანონო იქნება. ნორმალურ და დალაგებულ სახელმწიფოში მოხდება არეულობა, 50 000 მასწავლებელს უმუშევრად დარჩენა რომ დაემუქროს და ამ არეულ და გადარეულ ქვეყანაში ამის დაშვება შეიძლება? „მაიდანს“ მასწავლებლებს აწყობინებენ თუ რა ხდება? არავითარი ზუსტი და არაზუსტი ფორმულირება. მხოლოდ ეს ერთი მუხლი ამოიღონ კანონიდან და გარდამავალი პერიოდი გამოაცხადონ, შემდეგ კი მთლიანად და უპირობოდ უნდა შეცვალონ არსებული „ზოგადი განათლების“ კანონი. დირექტორების შერჩევის წესი დაწუნებულია, სერტიფიცირების წესი დაწუნებულია, პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა დაწუნებულია და რაღა დარჩა? დარჩა იმის აღიარება, რომ ეს დანაშაულებრივი ზოგადი განათლების კანონი მთლიანად შესაცვლელია. სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე იმუშავეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცუდად იმუშავეს. სხვათა შორის, ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე მასწავლებელთა გადამზადებაში და ტრენინგ-ცენტრების გახსნაში მილიონები იშოვა. მაშინ მე და იმდროინდელმა განათლების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ, ეს საქმეები პროკურატურაში გავაგზავნეთ, პროკურატურამ კი თაროებზე შემოდო და შედეგი სახეზეა. იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი სისტემისთვის ჩამოეშორებინათ, ახალი დოკუმენტების შექმნაში ჩართეს და ახალი კორუფციული სქემები აწერინეს. ახლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ნორმალური სქემის შექმნას მთელი სისტემის ამოყირავება სჭირდება. ახალი ხელისუფლება რომ ებღაუჭება და ცოცხალი თავით არ ცვლის, იმ მახინჯმა კანონებმა, განადგურებულმა განათლებისა და მეცნიერების სისტემამ და ჩარეცხილმა ინტელიგენციამ შეარყიეს „ნაციონალური“ ხელისუფლება. ციხე იყო ბოლო წერტილი და ამ დროს ხელისუფლების ბედი უკვე გადაწყდა. ამიტომ ეს კანონები „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე უნდა შეცვლილიყო, როგორც თავის დროზე სააკაშვილმა წინამორბედების კანონმდებლობა შეცვალა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გაიგოს უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, რომ არავითარი ფორმულირება საქმეს არ უშველის და ეს დანაშაულებრივი კანონი, რომელმაც გაანადგურა და ნულამდე დასცა განათლების დონე, გასაუქმებელია.

 

როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამოთქმულ მოსაზრებებს არ იზიარებს. თამარ სანიკიძის თქმით, ამ საკითხზე კომპეტენტური მოსაზრება ჯერ არ მიუღია. არასერტიფიცირებული მასწავლებლების კანონიერად სკოლაში ყოფნამდე კი სულ რაღაც ორითვენახევარი დარჩა.

 

 

                        ნელი თორდია