ოთარ კვირიკაშვილი: „ოპოზიციამ გაცილებით აგრესიული საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს“

დასავლეთის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საბოლოოდ შესრულებაზე _ მმართველი პარტია გიორგი რურუას ციხიდან არ უშვებს. არაა გამორიცხული, მალე პოლიტპატიმრების რაოდენობა ისევ გაიზარდოს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილი კიდევ ერთხელ აპირებს ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ საგანგებოდ გაავრცელა ერთობლივი განცხადება.

რატომ სურს ხელისუფლებას ოქრუაშვილის გაშავება? გაიზიარებენ თუ არა მის ბედს სხვა ოპოზიციონერი ლიდერები? რას უპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლების ტროლ-ბოტებს? ჩაერევა თუ არა რუსეთი შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება:

_ ოთარ, 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი კიდევ ერთხელ შეაბრუნონ ციხეში თქვენ რას ელოდებით? გარისკავს ხელისუფლება ასეთი ნაბიჯის გადადგმას?
_ ამ ხელისუფლებას იმის თავი აღარ აქვს, რომ ირაკლი კიდევ ერთხელ გამოკეტოს ციხეში. ეს პროცედურულადაც საკმაოდ რთული იქნება. რამდენიმე ასეული პოლიციელია დასაკითხი. ყოველდღიურადაც რომ ჩანიშნონ სასამართლო პროცესები, არჩევნებამდე ამ მოწმეების დაკითხვას სრულად ვერ მოახერხებენ. რაკი ვერ დაიჭერენ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ამ სასამართლოთი ირაკლის წინააღმდეგ მორიგი შავი პიარი ააგოროს. ისევ ძველ რაღაცებს გაიხსენებენ, ტვ „იმედზე“ დაატრიალებენ ვიდეორგოლებს, თუ როგორი ჯალათი იყო ირაკლი, როგორ ხოცავდა ხალხს. იქნება კივილი, _ სისხლიანი ოქრუაშვილიო! ჩემი აზრით, ამ კამპანიის ნაწილია 22 ივლისს ჩანიშნული სასამართლოც.
ეს სასამართლო ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმებას. შეთანხმება ისედაც ბოლომდე არაა შესრულებული, გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და ამ დროს ირაკლის საქმეს თავიდან იწყებენ. გასაგებია, რისთვისაც უნდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მსგავსი მეთოდები აღარ მუშაობს. ეტყობა, საარჩევნო კამპანიის დასაგეგმად ისევ ცნობილი და აგრესიული მოშე ჰყავთ ჩამოყვანილი. სავარაუდოდ, მისი რჩევით დაასისხლიანა კახა კალაძემ რამდენიმე ტელევიზიის ლოგო.
_ მოგვიანებით, ეს სისხლი თბილისის მერმა მოაშალა ამ ლოგოებს.
_ მეორე სიმართლის მუშტზე სისხლი აღარ ჩანდა. აშკარაა, რომ ისევ წარსულის გახსენებით და სისხლიანი ცხრა წლის ძახილით აპირებენ საარჩევნო კამპანიის წარმართვას. საინტერესოა ბოლოს გამოქვეყნებული კვლევებიც: იქ ირაკლის 1% დაუწერეს და პარტიას _ არაფერი. არადა, საარჩევნო კამპანია არც გვაქვს დაწყებული. ხელისუფლება ამ კვლევებს არ ენდობა. ისინი თავიანთ კვლევებს ატარებენ, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომაც მიიჩნევს „ოცნება“ მას ერთ-ერთ მთავარ ოპონენტად. ასე რომ არ ყოფილიყო, მის წინააღმდეგ ასე გულმოდგინედ არ ააგორებდნენ შავ პიარს. „ქართული ოცნება“ იმ პარტიებსა და ლიდერებზე ახორციელებს წერტილოვან დარტყმებს, სადაც საფრთხეს ხედავს.
არიან ოპოზიციონერები, რომლებსაც წარსულში ირაკლიზე ბევრად მეტი შეცდომა დაუშვიათ, საშინელებები გაუკეთებიათ, მაგრამ ხელისუფლება მათზე ხმას არ იღებს და არც შავ პიარს უგორებს.
_ „ქართული ოცნება“ საეჭვოდ არის გაჩუმებული ვანო მერაბიშვილზე. ეს დუმილი რისი მანიშნებელია, _ მასზე საუბარს ვერ ბედავენ, თუ სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამენ?
_ „ოცნება“ ვანო მერაბიშვილს იმიტომ არ ახსენებს, რომ მთავარ კონკურენტად ოქრუაშვილს მიიჩნევს. მას ათას სიბინძურეს დააბრალებენ და სისხლიან ჯალათად გამოაცხადებენ.
_ იმ ფონზე, როცა ახალგაზრდებს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ხოცავენ, ოპოზიციის ლიდერებისთვის სისხლიანის ძახილი რამდენად ნორმალურია? სულ რაღაც ერთი თვის წინ მოკლეს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი.
_ ოპოზიციის ლიდერების სისხლიანებად წარმოჩენა იმისთვისაც სჭირდებათ, რომ ეს საშინელებები გადაფარონ. ტვ „იმედის“ ფუნქცია ხომ ასეთი ამბების გადაფარვაა. ყოველ საღამოს ეთერში სვამენ 1500-ლარიან ექსპერტებს, ისინიც ლაპარაკობენ და ლაპარკობენ სხვის დანაშაულებებზე.
ძალიან კარგად ხვდება ხელისუფლება, რომ მორღვეულები არიან და ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება ჩამოშალოს. ცდილობენ, როგორმე ამომრჩეველი შეინარჩუნონ. ეს ხალხი ბოლოს მაინც დაინახავს, რას წარმოადგენს „ოცნება“ და მას ზურგს შეაქცევს. რაც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ ხმას. მათ რამე შუალედური პარტია და ლიდერი უნდა ნახონ. ერთ-ერთი ასეთი ლიდერია ოქრუაშვილი. ამიტომ უნდა „ოცნებას“, რომ ირაკლი „ნაციონალ“ ჯალათებთან გააგივოს.
_ რაღაც პერიოდი ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მათი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
_ გასაგებია, მაგრამ ირაკლი იქიდან 2006 წელს წამოვიდა. მის კისერზე არც ერთი სერიოზული დანაშაული და დარბევა არ არის. ბოლო პერიოდში სამი დიდი დარბევა იყო: 2007 წლის 7 ნოემბერი, 2011 წლის 26 მაისი და 2019 წლის 20 ივნისი. სამივე ამ დარბევის დროს ჩვენი პარტიის ლიდერი ოპოზიციაში გახლდათ. ამ დროს ძალიან ბევრი შუა რუსთაველზე ქართველი ხალხის სისხლს ღვრიდა.
ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ჯიუტად ცდილობს, ყველა ეს სისხლი ირაკლის აჰკიდოს. არადა, რამდენი სისხლიანი ჰყავთ საკუთარ რიგებში. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი თვის წინ მოკლეს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი. ეს მკვლელობა რომ ამ ხელისუფლების მიერ წაქეზებულმა პირებმა ჩაიდინეს, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა.
წახალისებულია კრიმინალი და ძალადობა. დღე ისე არ გაივლის, სადმე ადამიანი არ მოკლან ან არ დაჭრან. „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალები პირდაპირ მიუშვა და ისინიც თავისუფლად მოქმედებენ. თითქოს აქ არსებული კრიმინალები არ იყო საკმარისი, სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანეს ჩვენებური ძველი ბიჭები. არჩევნებზე მათი დახმარება სჭირდებათ და არაფერში უშლიან ხელს. სულ არ აინტერესებთ, რას დაატრიალებენ ეს კრიმინალები. კარგა ხანია, სერიოზული დანაშაულის გარეშე აღარ ჩაუვლია დღეს.
_ თქვენ პატარა ხართ და შეიძლება, არ გახსოვთ, მაგრამ დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო 2003 წელსაც. მაშინაც თითქოს ვიღაცას მიშვებული ჰყავდა კრიმინალები.
_ როგორ არ მახსოვს 2003 წელი. როგორც მაშინ, დღესაც პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს. სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.
_ მაშინ ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა.
_ ახლაც ასე იქნება. ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არ შეიცვლება, რომ კრიმინალი გაიზარდა. ხელისუფლების შესაცვლელად ძალიან ბევრი მიზეზი დაუგროვდა მოსახლეობას. ხელისუფლების შეცვლას დასავლეთიც უჭერს მხარს. ეს ხელისუფლება რომ მათთვის მისაღები ყოფილიყო, ამერიკა დახმარებას არ შეგვიმცირებდა. ამის მსგავსი 2003 წელს მოხდა და ხელისუფლებაც შეიცვალა. სააკაშვილის რეჟიმი სისხლიანი იყო, მაგრამ ამერიკას არც მწვავე წერილები მოუწერია და არც სანქციებზე დაუწყია საუბარი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც თითქმის შვიდი წლის მანძილზე არ აკრიტიკებდნენ. „ნაციონალების“ დროს თავს იმიტომ იკავებდნენ, რომ ხედავდნენ, ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობდა. ახლა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია, კორუფციაში ლპება მთელი ხელისუფლება, კრიმინალი ბოლომდე მიშვებულია. სახელმწიფო აღარ არსებობს. რაც დარჩა, იმას 90-იანი წლების რუსული მეთოდებით მართავენ. ეს დასავლეთისთვის მიუღებელია.
ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ ამ ვითარების შეცვლა არჩევნებით შეიძლება. ამიტომაც ანიჭებენ 2020-ის არჩევნებს ამხელა მნიშვნელობას. ეს არჩევნები მცირედითაც რომ გაყალბდეს, დასავლეთი შედეგებს არ აღიარებს. ეს გაფრთხილება „ოცნებას“ არ ესმის და საქმე ისე მიდის, რომ არჩევნები გაყალბდება. ამ პროცესში ჩართეს კრიმინალები, სპორტსმენები… ეტყობა, ივანიშვილი ჭორვილის იქით ვერ იხედება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, თუ რას ნიშნავს, როცა ამერიკა სანქციებს გიწესებს. არც ის იცის, რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში.
_ თავად შეიძლება, ეს ყველაფერი არ იცის, მაგრამ მრჩევლების არმია რისთვის ჰყავს? გოგა ხაინდრავა, ალბათ, ეუბნება მიდი, მიაწექი, ამერიკა ვერაფერს დაგაკლებსო.
_ ხაინდრავა და გია აბაშიძე ამას ნამდვილად ურჩევენ. მათი რჩევებით რომ დადის, მაგიტომაც აქვს ასე „სახარბიელოდ“ საქმე.
_ სახარბიელოდ საქმე არც თქვენს პარტიაშია. „გამარჯვებული საქართველო“ რამდენიმე ლიდერმა დატოვა.
_ ეს ხალხი ახლა არ წასულა, მათ პარტია „გამარჯვებული საქართველო“ მაშინ დატოვეს, როგორც კი ოქრუაშვილი დაიჭირეს. ყველაზე გვიან კოტე კემულარია წავიდა. მან პარტია დეკემბერში დატოვა.
_ რატომ წავიდნენ ეს ადამიანები პარტიიდან?
_ ლიდერი დაიჭირეს და მათაც პერსპექტივა ვეღარ დაინახეს. ეტყობა, წვალება და ბრძოლა არ უნდოდათ.
_ როცა პარტიიდან ადამიანები მიდიან, ეს ამომრჩეველზე მოქმედებს. თქვენს პარტიაზე ეს არ იქონიებს გავლენას?
_ არ მგონია. „გამარჯვებულ საქართველოს“ იმიტომ არ ჰქონია რეიტინგი, რომ გუბაზ სანიკიძე იყო აქ. ძირითადი რეიტინგი ირაკლის გამო გვქონდა. ირაკლი ახლა თავისუფალია. მალე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას და თავადაც დარწმუნდებით, რომ ბევრი არაფერი დაგვკლებია.
_ ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმუშავებენ ტროლები და ბოტები. მათ ბევრი რამე შეუძლიათ. ნებისმიერი ლიდერისა და პარტიის გაშავება ხელეწიფებათ.
_ ბევრი რამე შეუძლიათ, მაგრამ არა _ ყველაფერი. ოპოზიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ამ ბინძურ ტროლებს რაც შეიძლება ნაკლები სალაპარაკო მივცეთ. ფეისბუქის ადმინისტრაცია რეკლამებთან დაკავშირებით ავტორიზაციის მოთხოვნას აპირებს. ასე რომ, ყველა გვერდიდან ვეღარ დაარეკლამებენ მათთვის სასურველ ამბებს.
_ ეს კარგია, მაგრამ ამით ტროლებისა და ბოტების პარპაში ვერ აილაგმება.
_ ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები აილაგმება, მაგრამ ტროლებს დღეში 100 და 1000 ახალი გვერდის შექმნა შეუძლიათ. ნაწვიმარზე სოკოებვით ამოდიან ხოლმე.
_ ამასთან ბრძოლას როგორ აპირებს ოპოზიცია? გვინდა თუ არა, ეს ტროლები და ბოტები საზოგადოებაზე მაინც ახდენენ გავლენას.
_ გავლენას როგორ არ ახდენენ. ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და ოპოზიციამაც სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოიყენოს მათთან საბრძოლველად. მხოლოდ ტელევიზიით ლაპარაკი არასაკმარისია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. „ქართულ ოცნებას“ ბევრი რესურსი აქვს ოპოზიციასთან საბრძოლველად: ფული, შსს, ადმინისტრაციული რესურსი, სუსი _ ყველა ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ დასანგრევად იყენებენ ტროლებსა და სპორტსმენებს. ამ სისტემასთან დაპირისპირება იგივეა, რომ რინგზე ავტომატიან კაცთან შიშველი ხელებით გახვიდე საბრძოლველად. ძალით ამათ როგორ უნდა ვაჯობოთ, მაგრამ გონიერებას თუ გამოვიჩენთ, ვაჯობებთ.
ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ საარჩევნო კამპანია ბოლომდე მშვიდობიანად მიიყვანო და ამათ ანკესზე არ წამოეგო. ამასთან, შედეგის დადებაზეც იმუშავო.
_ ამის გაკეთება ძნელი იქნება. განსაკუთრებით სიმშვიდის შენარჩუნება გაჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ოპოზიციას კარგად აქვს მორგებული კონსტრუქციულის მანტია. არადა, ხალხს რადიკალური ოპოზიცია უფრო მოსწონს. შარშან აქციებზე ბევრი ხალხი უჭერდა მხარს ოპოზიციას. როგორც კი კონსტრუქციულობაზე გადახვედით, მომხრეებიც დაკარგეთ.
_ ამ შემთხვევაში ოპოზიციამ მართლაც აგრესიული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ასეთ მომენტში კონსტრუქციულობა ცოტა უადგილოა. აგრესიული პოლიტიკა და ხელისუფლებასთან დაპირისპირება ამომრჩეველს კი ღლის, მაგრამ დგება წუთები, როცა სიმშვიდე მომგებიანი აღარ არის. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აგრესიული პოლიტიკაა საჭიროა. რთულია, როცა ხელისუფლება აგრესიულად იქცევა და შენ გაჩუმებული ხარ, ასეთ დროს არაადეკვატურადაც კი გამოიყურები. ოპოზიციაშიც ადამიანები ვართ, _ ხან გავბრაზდებით, ხან დავწყნარდებით.
არიან ერთ თარგზე მოჭრილი ოპოზიციონერები, რომლებიც არასდროს უწევენ ხმას და ათ რეიტინგიც შესაბამისი აქვთ. თუ მათ მიბაძავ, რეიტინგიც ანალოგიური გექნება. უმჯობესია, იაქტიურო და მეტი სიბრაზე გამოავლინო. ასე ხალხის თვალში უფრო ადეკვატური გამოჩნდები.
_ ჩვენ ზემოთ არჩევნების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ვისაუბრეთ. მათ უნდათ, რომ პროცესები დემოკრატიულად წარიმართოს. ამ არჩევნების მიმართ დიდ ყურადღებას გამოიჩენს რუსეთიც. ჩაერევა მოსკოვი არჩევნებში? სადაც ამერიკის არჩევნებში ერევა, არც აქ უნდა გაუჭირდეს.
_ რუსეთი ლამის ყველა სახელმწიფოს არჩევნებში ერევა. ახლახან დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვი მათ არჩევნებშიც ერეოდა. ამირიკაში ამ ჩარევაზე უკვე ღიად საუბრობენ. ჩვენს არჩევნებში ყველაზე სერიოზულად ჩაერევიან. ან ჩარევა რად უნდათ, ფაქტობრივად, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ ხელისუფლების სათავეში. ყველა სისტემა რუსული მეთოდებით იმართება. ინსტიტუტები რომ ჩამოიშალა და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი მოირღვა, ესეც რუსული პოლიტიკაა. კრემლი 2020-ის არჩევნებში აქტიურად ჩაერევა, მაგრამ შედეგი იქნება საპირისპირო. რუსეთი ვეღარ მიიღებს იმას, რაც უნდა.
საქართველოში ხშირად გვქონია პერიოდები, როცა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს აკნინებდნენ, მაგრამ დგებოდა დრო, როცა კოლექტიური გონი ამოდიოდა წუმპიდან. ახლაც ასე მოხდება. ხალხის გონი მიხვდება, რომ ამათი თამაშის წესებს არ უნდა დაექვემდებაროს. ასე ერთიანობით შეგვიძლია გამარჯვება. ამაზე ძლიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ბოლომდე მიგვიყვანია საქმე და გამარჯვებაც მოგვიპოვებია. ვიმეორებ, ძლიერი მოწინააღმდეგეებისთვის მოგვიგია და აღზევებული ივანიშვილი რა გახდა.
_ აღზევებულს ახლა 7 მილიარდი აქვს და ამ ფულით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
_ ზოგჯერ ფული ვერაფერს წყვეტს. მერე რა, რომ 7 მილიარდი აქვს? გაღლეტილი არც სააკაშვილი იყო. უფულობას არც შევარდნაძე უჩიოდა… მაგრამ როცა სიტუაცია მომწიფდა, ხალხის ნებას ვერც ერთი დაუდგა წინ. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერც ივანიშვილი წავა. ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს.
სერიოზული ამბები მიდის რუსეთში. მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოსვლები დაიწყო. იქ თუ გამოვიდა ხალხი, აქ რატომ არ გამოვა? კიდევ ერთხელ ვიტყვი: ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა და ხალხის გაჩერება შეუძლებელი იქნება.
_ კორონაპანდემიის მომიზეზებით ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია. ასეთ დროს კი ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოვა.
_ კორონაპანდემიას ახლაც მშვენივრად იყენებენ სათავისოდ და არჩევნების წინაც არ იტყვიან უარს, მაგრამ როგორც კი ზღვარს გადავლენ, ხალხი ამაზეც მოსთხოვს პასუხს.
_ ზღვარგადასვლაში რას გულისხმობთ?
_ კორონაპანდემიის სათავისოდ გამოყენება რომ თვალში საცემი გახდება. ეს ხელისუფლება ბალანსის დაცვაში ნამდვილად არ უქნია ღმერთს. მათი ზრახვები იოლად გაიშიფრება. ასე რომ, მოსახლეობას ვერ მოატყუებენ და თუ გაბედავენ, კორონაც ცუდად შემოუტრიალდებათ და ის დივიდენდებიც, რაც ამ პანდემიით დაიწერეს.
_ მოტყუებას ხალხი იოლად ეგუება. ყველა ხელისუფლება გვატყუებდა, „ქართული ოცნება“ მერვე წელია, გვატყუებს, მაგრამ საზოგადოებისგან პროტესტი არ არის.
_ ჩვენი ხალხი ტყუილს ეგუება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. შეუსრულებელი დაპირებებით დაიღალა ხალხი. მეეჭვება, „ოცნებას“ კიდევ ვინმემ მისცეს მესამე შანსი. ამას აღარც ამერიკა დაუშვებს. აქ რომ დემოკრატია განვითარებულიყო, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მილიარდები დახარჯა. მათ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო თურქმენეთს დაემსგავსოს. „ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება დაახლოებით ისეთი ამბავია, რომ მგელს ცხვარი მიუგდო, _ უყარაულეო. „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს, საქართველო რუსეთს ჩაუგდო ხელში. ამას დასავლეთი არ დაუშვებს.
_ სამაგიეროდ, რუსეთი შეეცდება, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს.
_ რუსეთი ასე იოლად არ დათმობს საქართველოს. მოსკოვი, როგორც წესი, არჩევნების წინ აქტიურდება ხოლმე. ახლაც იგივე სურათს მივიღებთ. ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორები აღარ დაუშვებენ, რომ ეს ქვეყანა რუსულ ორბიტას დაუბრუნდეს. „ოცნებაც“ არ დათმობს იოლად საკუთარ პოზიციებს. ყველა რესურსს გამოიყენებს: სუსი, შსს, ძველი ბიჭები, ზონდერები, სპორტსმენები _ ყველა ოპოზიციის წინააღმდეგ დაირაზმება.
_ ეს სპორტსმენები იმდენს იზამენ, რომ მალე გარეთ ვეღარ გაბედავენ გამოსვლას. ხალხს ძალიან შეაძულეს თავი.
_ მართალია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება. ისე ნუ მოიქცევიან, რომ კარიერა მთლიანად დაიმახინჯონ. სწორედ არშემდგარ სპორტსმენებს იყენებს ხელისუფლება თავისი ბინძური მიზნებისთვის. ამდენი ივარჯიშეს, ძალა ერჩით და უნდათ, რომ რაღაც კუთხით თავისი რეალიზება მოახდინონ. ფულს აძლევენ და ამიტომ ურტყამენ ოპოზიციას, თორემ „ქართულ ოცნებაზე“ მზე და მთვარე კი არ ამოსდით. ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვლება, „ოცნების“ წევრებს მიბეგვავენ დიდი სიამოვნებით. იმედია, მომავალი ხელისუფლება ასეთ მეთოდებს აღარ გამოიყენებს. როდემდე უნდა ვდიოთ ერთმანეთს გამოქვაბულის ადამიანებივით? დროა, ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ.

შორენა მარსაგიშვილი