გიორგი ვაშაძე: „ივანიშვილმა „ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად გავრილოვი დანიშნა“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნას საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის აზრით, პარლამენტის ექსსპიკერის წინ წამოწევით ივანიშვილმა ყველას მიანიშნა, რომ მმართველ პარტიას აგრესიული საარჩევნო კამპანია ექნება. ნასპიკერალი თავისი უხეშობით და უზრდელობით მართლაც გამოირჩევა. „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად კობახიძის დანიშვნას მიესალმება. მისი თქმით, ეს ოპოზიციისთვის კარგია. ვაშაძე ფიქრობს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დაწინაურება მოსკოვისთვის გაგზავნილი მესიჯია.

რა მესიჯი გაუგზავნა ოლიგარქმა მოსკოვს? რას ნიშნავს კობახიძისთვის საარჩევნო შტაბის ჩაბარება? რა შანსები აქვს ამ არჩევნებზე ოპოზიციას? რატომ არ უნდა დაესხნენ თავს ერთმანეთს ოპოზიციონერები? _ ამ თემების შესახებ გიორგი ვაშაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარად წარგადგინათ, მაგრამ ამ მიმართულებით აქტიურობა ჯერ არ დაგიწყიათ, ხომ არ აგვიანებთ?
_ ძალიან მიყვარს სისტემური მუშაობა და ასეც მივუდექით ისნის რაიონს. ფართომასშტაბიანი კვლევა ჩავატარეთ, ადამიანები გამოვკითხეთ. ვმუშაობთ თითოეულ მოქალაქესთან. ამ მიმართულებით მუშაობა არ დამიგვიანებია, ყველაფერი პირიქით არის.
ჩვენს გუნდს ისანში უკვ 10.000-12.000 ოჯახთან ჰქონდა შემხებლობა. გამოვიკითხეთ, თუ რა უნდათ მათ; მოვისმინეთ, რა მდგომარეობაა რაიონში. ნებისმიერი არჩევნების მთავარი საკითხი ის კი არ არის, თუ რა გვინდა პოლიტიკოსს ან პარტიას, არამედ ის, თუ რა უნდა ხალხს. აქედან გამომდინარე, ხალხის მოსმენა დავიწყეთ. 2.000-მდე ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდეს. მხარდამჭერი გაცილებით ბევრია. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი რესურსია. ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. ჯერ მხოლოდ მოსახლეობის 30% გამოვკითხეთ. ისანში მწყობრი სტრატეგიით მივდივართ. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ისანში პირველივე ტურში ვაპირებ გამარჯვებას.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ეს რომ ასე იქნება, ამაზე მიუთითებს ყველა კვლევა. მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ პარლამენტში მოსახვედრად არ ვგეგმავ, ეს ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესოა.
_ აბა, რატომ იყრით კენჭს მაჟორიტარად?
_ მინდა, რომ მაგალითი შევქმნა, თუ როგორ შეიძლება გამარჯვებულმა კანდიდატმა მიაქციოს ყურადღება საკუთარ რაიონს და ის პრობლემები გადაწყვიტოს, რომლის მოგვარებასაც ამომრჩეველი ითხოვს.
_ ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა, რომ არჩევნების მოგების შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატს თავის რაიონზე ეზრუნოს.
_ ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს. ადამიანმა, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს, ის დაპირებები უნდა შეასრულოს, რაც არჩევნების წინ გასცა. 2012 წელს მძლავრი კამპანია მქონდა ისნის რაიონში. რომ არა გარკვეული მოვლენები, ის არჩევნები სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა. ბევრს ახსოვს აღნიშნული კამპანია ისანში. ეს რაიონი ჩემთვის ძალიან ახლობელია _ ყველა ქუჩასა და უბანს ვიცნობ. უამრავ ადამიანთან მაკავშირებს ნაცნობობა და არც მათი პრობლემებია ჩემთვის უცხო. აქედან გამომდინარე წარვადგენ ჩვენს გეგმას. ისანი გახდება ურბანული განვითარების მაგალითი როგორც თბილისში, ასევე სრულიად საქართველოში; ყველა ნახავს, როგორ უნდა განვითარდეს რაიონული ტიპის დასახლებები; ნახავენ იმასაც, თუ როგორ შეიძლება აქვე სამუშაო ადგილების შექმნა; ნახავენ, თუ როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს.
_ ხელისუფლება ასე იოლად არ დათმობს თავის პოზიციებს. მზად ხართ იმ პროვოკაციებისთვის, რაც „ქართული ოცნებიდან“ შეიძლება წამოვიდეს?
_ რვა წელია, რაც პოლიტიკაში ვარ. ამ პროვოკაციებისთვის უკვე გამოვიბრძმედე. პროვოკაციებს ახლაც გვიწყობენ და მაგალითსაც მოგიყვანთ: ჩვენ საბანკო სესხებთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებთ. ვითხოვთ მათ შემცირებას. ჩვენს წარმომადგენლებთან ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მიდიან და აჯარიმებენ აგიტაციის დროს.
_ მიზეზი?
_ რატომ დგას ბანერი, სადაც ადამიანები მიდიან და ხელს აწერენ ჩვენს ინიციატივას? _ ასეთი პრეცედენტი არასდროს ყოფილა, პირველად ხდება. ამ ყველაფერს აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში. ეს არის უკანონობა და თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვა. ამას ჩვენ არ ვემორჩილებით და ხელმოწერების შეგროვებას ვაგრძელებთ. თავიდან უნდოდათ, რომ ჩვენი ბანერები აეღოთ. როცა პირადად მე თანაგუნდელებთან ერთად ადგილზე მივედი, უკან დაიხიეს. ამ მიმართულებით აღარ არის პრობლემა, მაგრამ ჯარიმებს ისევ გვიწერენ. დაწერონ და იყვნენ.
_ ის მაინც თუ გაარკვიეთ, რა კანონს არღვევთ, რის გამოც ჯარიმდებით? რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?
_ ვერ გავარკვიეთ, რადგანაც ჯერ არც ერთი უწყება არ მოგვსვლია. პირიქით, ჩვენ ვაძლევთ იქით დოკუმენტს, თუ რომელი მუხლით გვაქვს იმ საქმიანობის უფლება, რასაც ვახორციელებთ. საჯარო აგიტაციის შეზღუდვის უფლება არავის გააჩნია. ეს ყველაფერი კონსტიტუციით გარანტირებული გვაქვს. რა საფუძველს უდებენ ჯარიმას, არ ვიცით. დილით ჩვენი გუნდის წევრები მიდიან, ხელმოწერებს აგროვებენ და ჯარიმებით ბრუნდებიან.
ამ ჯარიმების გამოწერას საბანკო სექტორს ვუკავშირებ. ჩვენი ინიციატივით საბანკო სექტორს სერიოზულად დავარტყით _ ის მოსახლეობას ძარცვავს! კორონავირუსმა უფრო მეტად გამოაჩინა ეს. პენსიონერი 36%-იან სესხს არ უნდა იხდიდეს. ეს წარმოუდგენელია! მსოფლიოში ასეთი რამე არსად ხდება. დავთვალეთ რისკები და ეს სესხები შეიძლება, 4-5%-ში გაიცემოდეს. საქართველოში ყველაზე ღარიბი ადამიანი ყველაზე მეტს იხდის. როგორც ჩანს, კალაძეც ერთ-ერთი ლობისტია საბანკო სექტორის და მან გასცა დავალება, რომ ხელმოწერების შეგროვება შეაჩერონ. აქედან გამომდინარე გვაჯარიმებენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
_ მეტი პრობლემა არ შეგქმნიათ?
_ მეტი არა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას არ ვაპირებ… თუმცა ვნახოთ, რა იქნება სახელისუფლებო კანდიდატის დასახელების შემდეგ.
_ გვითხარით, კარგად ვიცი, რა არის ისნის მოსახლეობის პრობლემებიო. რას ითხოვს ყველაზე მეტად მოსახლეობა?
_ მათი ნომერ პირველი პრობლემა იგივეა, რაც დანარჩენ საქართველოში _ უმუშევრობა. ხალხს შემოსავალი არ გააჩნია. ჩვენთან ხომ საშუალო ფენა არ არსებობს. აქ ადამიანების 1% სულ უფრო მდიდრდება და 99% სულ უფრო ღარიბდება. 500-ლარიან სამსახურს იხვეწებიან ადამიანები. 500 ლარი კი არაფერი არაა. ამ თანხით ოჯახის რჩენა ძალიან ძნელია.
ისნის რაიონს ბევრი ურბანული პრობლემა აქვს. ავლაბარში უამრავი ავარიული ისტორიული სახლია. ავლაბართან დაკავშირებით რეაბილიტაციის კონკრეტულ გეგმას წარვადგენთ, რომელიც ახალი თაობის მიდგომით შემუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ისტორიული უბნების მიმართ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებაა _ იქვე უნდა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები. ამას დიდი დატვირთვა აქვს _ ვინ ცხოვრობს იქ და რა კულტურაა. ავლაბარი ტრადიციული უბანია და ეს ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ.
ავლაბრის განვითარების გეგმა ებმება ელიას მთას. გვაქვს პროექტები, რომლებზედაც ახლა ვერ ვისაუბრებ. მოგვიანებით გვექნება მათი პრეზენტაცია და ყველა ნახავს, რა უნიკალური რამე მოვიფიქრეთ. ერთსაც გეტყვით: ყველაზე მაგარი განვითარების გეგმა ისნის რაიონს ექნება.
ვაზისუბანზე ცალკე გეგმას შევიმუშავებთ. აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამ უბანში ურბანული განვითარების მახასიათებლებიც კი არ არსებობს _ ერთი ნორმალური კაფე და რესტორანიც არ არის. აქაური მოსახლეობა ძალიან დაბალშემოსავლიანია. იქ ადგილზე სამუშაო ადგილები არ არსებობს. ვაზისუბნის კონცეპტუალურ გეგმას ჩამოვაყალიბებთ. იგი დაკავშირებული იქნება უბნის დასახელების წარმომავლობასთან.
_ ვაზთან აპირებთ ამ უბნის განვითარების გეგმის მიბმას?
_ გვინდა, რომ ვაზის ხეივანი გავაკეთოთ, სადაც იქნება ქართული ღვინის მაღაზიები, კაფეები. გვინდა, რომ იქ ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი შევქმნათ. ადგილობრვი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდება. ვაზისუბანს ტრანსპორტის პრობლემა აქვს, რომლის მოსაგვარებლადაც ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ საბაგიროების კომპლექსი შეიქმნას, რამდენიმე გაჩერება გავაკეთოთ, რათა ვაზისუბანი ქალაქს სწრაფად დაუკავშირდეს. მნიშვნელოვანია მეტროს გაფართოება, რომლის პროექტიც ვაზისუბანში იყო და იგი უნდა გავაცოცხლოთ, რაც შემდეგ ელიას მთაზე ავა.
_ ღია მეტროზეა საუბარი?
_ სადღაც ღია იქნება, სადღაც _ დახურული. საბაგიროების სისტემამ შეიძლება დაფაროს ეს ყველაფერი და მეტრო აღარ დაგვჭირდეს. კომპლექსურად ვმოქმედებთ. სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ ნავთლუღის მიმართულებით, რომელიც ძალიან დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე უბანია. ამ უბანსაც აქვს ტრანსპორტის პრობლემა. აქ იყო ტრამვაი. მეტრო ვერ წვდება მთელ დასახლებას და ხალხი ტრამვაით სარგებლობდა. ახლა ტრამვაი აღარ დადის. ისეთი ტიპის პროექტებზე ვმუშაობთ, რომელიც ურბანულად მოაწესრიგებს და საცხოვრებლად კომფორტულს გახდის უბანს.
ადგილზე გვინდა შეიქმნას განვითარების პერსპექტივა. ისანი-სამგორის რაიონში ძალიან ბევრი ქარხანა იყო. ცუდი არ იქნება, ინდუსტრიული პარკი თუ გაკეთდება, სადაც მცირე და საშუალო საწარმოები მოიყრის თავს. ეს საწარმოები შემდეგ თბილისს მიაწვდის სხვადასხვა პროდუქციას. ინდუსტრიული პარკები გახლავთ ახალი თაობის მიდგომა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა იყენებს. ეს გამოცდილება ჩვენც უნდა გავიზიაროთ.
_ თქვენს პარტიას სხვა ოლქში თუ ეყოლება კიდევ მაჟორიტარობის კანდიდატი?
_ ჯერ არ ვიცით, როგორ ჩამოვყალიბდებით. უნდა გადავწყვიტოთ, დამოუკიდებლად მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ასე თუ იქნება, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს და მაქსიმალურად ვიმუშავებთ პროპორციულზე. საარჩევნო სისტემა შეიცვალა და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ. ეს ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
_ ეს თავდასხმები უკვე დაიწყო. რაღაც უთანხმოება არის და ამას არავინ მალავს.
_ ყველა ოპოზიციურ პარტიას შევთავაზებ იმას, რომ საერთო კონსენსუსი იყოს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა მრავალფეროვნებით. ესაა მთელი შინაარსი, რითაც შეგვიძლია ივანიშვილს მოვუგოთ. რას ნიშნავს ერთიანობა მრავალფეროვნებით? იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ხარ საერთო სტრატეგიის თანამონაწილე, რათა ხელისუფლება შეიცვალოს. ამასთან, ამომრჩეველს ჩვენი განსხვავებულობები უნდა შევთავაზოთ. არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს. გამარჯვების ფორმულას სწორედ აქ ვხედავ.
პირდაპირ გეტყვით: ამ პირობებში „ქართული ოცნება“ 30-32%-ზე მეტს ვერ აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოდის კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
_ რატომ არის მნიშვნელოვანი?
_ ეს არის კონკურენტული მმართველობა. ასეთ შემთხვევაში საქმის კეთებაში კონკურენცია იქნება. ერთი ადამიანი ვეღარ გადაწყვეტს ყველაფერს. ასე უფრო ანგარიშვალდებულები ვიქნებით ხალხთან. ყველა წავა მოქალაქეებთან. არავის ექნება იმის გარანტია, რომ ჩავიგდე ხელში პროკურატურა, სასამართლო და ყველაფერი შემიძლია მოვაგვარო ან ისე გავაკეთო, როგორც მე მინდა.
რაც შეეხება ოპოზიციონერების ერთმანეთზე თავდასხმებს, ჩემ მიმართაც იყო თავდასხმები, მაგრამ არ ვუპასუხე. სწორადაც მოვიქეცი.
_ ბოლო დროს ოპოზიციაზე თავდასხმებით ალეკო ელისაშვილმა ძალიან გამოიჩინა თავი.
_ ეს არ იყო ლამაზი და ელისაშვილმაც შეაჩერა თავდასხმები, რადგან გაიზრა, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობა ყველაზე ცუდი საქმეა, რაც ახლა შეიძლება ოპოზიციონერმა გააკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა. ვაპირებ, ყველას შევთავაზო თავდაუსხმელობაზე შეთანხმების გაფორმება.
_ მიიღებენ ამ შეთავაზებას?
_ არ ვიცი. ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება თუ არ შედგება, ცალმხრივად ვაპირებ ამის შესრულებას. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ოპოზიციიდან წამოსულ არც ერთ თავდასხმას არ ვუპასუხებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თუ ვინმეს აწყობს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს თავს ესხმოდეს, ეს არის „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს არ დავასხამ და ყოველთვის შევეცდები, რომ მსგავსი ქმედებები შევაჩერო. ჩემი გუნდიდან ეს გამორიცხული იქნება და სხვებსაც ვთხოვ, რომ იგივე გააკეთონ.
_ „ქართული ოცნება“ 30-32%-ზე მეტს ვერ აიღებს არჩევნებზეო. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა დათმონ. ასე იოლად შეელევიან ძალაუფლებას?
_ როცა არჩევნებს წააგებენ, ძალიან მარტივად გადავლენ ოპოზიციაში. ილუზიაა, რომ ისინი ხელისუფლებას არ დათმობენ. ასეთ ილუზიას თავად „ქართული ოცნება“ ქმნის. ჩვენ ვხედავთ, თუ რამხელა მხარდაჭერაა დასავლეთიდან. უსამართლო და უკანონო არჩევნებს არავინ აღიარებს. არავინ ცნობს ისეთ არჩევნებს, როგორიც იყო 2018 წლის მეორე ტური. დღეს გარანტიებიც გვაქვს, მაგრამ სხვა რამეა მთავარი _ ჩვენ უნდა ავმუშავდეთ. „ოცნება“ 32%-ზე მეტს ვერ აიღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ 70% გვაქვს გარანტირებული. სწორი სტრატეგიისა და სწორი მუშაობის პირობებში ამას შევძლებთ.
_ ირაკლი კობახიძე თავისი აგრესიული მარგალიტებით არის გამორჩეული. ბიძინა ივანიშვილმა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას აგრესიული საარჩევნო კამპანია ექნება?
_ სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თაოსნობით გაიშალა სცენა, სადაც პირველივე ტურში გამარჯვება უნდა ეზეიმათ. შემდეგ თავისი ხელით დაშალეს ეს სცენა. ასევე იქნება ამ არჩევნებზეც. პირადად მე ძალიან გამეხარდა, რომ ირაკლი კობახიძე იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ეს ძალიან კარგი ამბავია.
_ მართლა გაგეხარდათ?
_ მართლა გამეხარდა. ირაკლი კობახიძე არის პერსონალურად პასუხისმგებელი სერგეი გავრილოვის ამ ქვეყანაში ჩამოყვანაზე. სანამ რუსი კომუნისტი საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილს დაიკავებდა, კობახიძე მას მანამდე ელიცლიცებოდა და ეარშიყებოდა. ამის ამსახველი ფოტოები მრავლად არსებობს. პარლამენტამდე სერგეი გავრილოვს ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლეს. ყველაფერი ხომ გასაგებია და ცხადია. კობახიძე გამიზნულად დაინიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად. ასეთი გადაწყვეტილებები შემთხვევით არ მიიღება.
_ რას გულისხმობთ?
_ კობახიძეს საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნა რუსეთთან ანგარიშის ჩაბარების ნაწილია. მოსკოვს უთხრეს, გავრილოვის მასპინძლობის გამო თუ სპიკერობიდან მოგვიაწია მისმა გაშვებამ, აგერ ახლა ვაბარებთ საარჩევნო შტაბსო.
_ შაქარაშვილის მკვლელობაზეც მინდა გკითხოთ: ამ დანაშაულს დიდი ამბები მოჰყვა. ეს მკვლელობა იმ ხელისუფლების პირობებში მოხდა, რომელიც სულ ასეთ საქმეებს გახსენებთ. „ნაციონალებიც“ იმიტომ გაუშვა ხალხმა ხელისუფლებიდან, რომ ბევრი მკვლელობა ვიხილეთ მათი მმართველობისას.
_ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ზღვრამდე მივედით, როცა უსამართლობას ყოველთვის უსამართლობა მოჰყვება. ყველას ახსოვს ალბათ სარალიძის, მაჩალიკაშვილისა და სხვათა საქმეები. სულ ამბობდნენ, რომ შეცდომებზე ვისწავლით და ასეთი რამეები აღარ განმეორდებაო. უეცრად, იგივე შეცდომა მივიღეთ. თავად დანაშაულის შინაარსი შემზარავია. ეს მოიტანა ხელის დაფარებების იმ კასკადმა, რაც ზოგადად არის ქვეყანაში. ხელს აფარებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მთავრია, რომ დანაშაული მოხდა და სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ დავალებით დაიწყეს საქმის გაყალბება, სამხილების განადგურება და ჩვენებების შეცვლა. ერთ რამეს ვპირდები საზოგადოებას, რომ როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ, იქნება სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა. ამის შესახებ მემორანდუმიც კი გავაფორმეთ ოპოზიციამ. სხვა გამოსავალი არაა! „ქართული ოცნება“ შეეჩვია სამართალდამცველი ორგანოების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს. არჩევნებისთვის გარკვეული წრე სჭირდებოდათ, ამიტომ დაიწყეს კვალის არევა. ეს ხომ ფაქტია. ჟურნალისტები რომ არა, თვალში ნაცარს შეგვაყრიდნენ და ვერც კი გავიგებდით, რა მოხდა. ისეთი სურათის დახატვა სურდათ, რომ მოხდა ჩხუბი და შემდეგ ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ აუცილებლად შევქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ყველა გახმაურებულ საქმეს შეისწავლის და უკლებლივ აგებენ პასუხს დამნაშავეებზე ხელის დამფარებლები.

შორენა მარსაგიშვილი