ზურაბ მელიქიშვილი: „შაქარაშვილის ტრაგედია იმ განუკითხაობის შედეგია, რომელიც „ოცნებამ“ დაამკვიდრა!“

ბოლო ერთი თვეა, დიდი და პატარა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დღემდე ბურუსით მოცულ მკვლელობაზე საუბრობს და გასაკვირი არაა, რომ ამ ტრაგედიამ პოლიტიკური დღის წესრიგიც შეცვალა, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიტიკურ კულუარებში პროცესები დუღს. აი, მაგალითად, ახლახან ცნობილი გახდა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელმაც საპატიმროში შვიდი წელი გაატარა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილიც იმყოფებოდა.

რაზე ისაუბრეს ყოფილმა მმართველებმა? _ ამის შესახებ დანამდვილებით არფრის თქმა შეგვიძლია, რადგან შეხვედრის თაობაზე სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მხოლოდ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის გარდა ჩანან: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები ლიზა იასკო, დიმიტრი გორდონი, ალესია ბაცმანი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ცხაკაია, ყოფილი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, „ძალა ერთობაშია“ დატოვოს, თუმცა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

რატომაა დარწმუნებული ოპოზიცია, რომ წლევანდელ არჩევნებში „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ზურაბ მელიქიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელთან საუბარიც, რასაკვირველია, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით დავიწყეთ:

_ ბატონო ზურაბ, შაქარაშვილის საქმეზე რას ფიქრობთ?
_ ესაა ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა და საზოგადოება უნდა დააფიქროს. ამ ტრაგედიამ გვაჩვენა, რომ მოზარდი, რომელიც ქუჩაში გადის, დიდი ალბათობით, მსხვერპლი ან მოძალადე ხდება! ეს კი იმ განუკითხაობის შედეგია, რომელიც დღეს საქართველოშია და რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, ახლანდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა!
_ 2012 წლის შემდეგ არაერთი მსგავსი ტრაგედია მოხდა, მათ შორის, მაჩალიკაშვილის, სარალიძისა თუ სირაძის, თუმცა შაქარაშვილის ქეისი მაინც პრეცედენტულია. ამას რით ხსნით?
_ გეთანხმებით, მაგრამ შაქარაშვილის ტრაგედია იმაზე მეტყველებს, რაც ქვეყანაში ხდება.
სხვათა შორის, შემთხვევით არ მითქვამს, რომ მოზარდი, რომელიც ქუჩაში გადის, დიდი ალბათობით, მსხვერპლი ან მოძალადე ხდება. ამიტომ ყველაფერ ამაზე მხოლოდ კი არ უნდა დავფიქრდეთ, არამედ სერიოზულადაც უნდა ვიმოქმედოთ, რათა ის შედეგი არ მივიღოთ, რაც საქართველოში 90-იან წლებში ხდებოდა.
_ ე. ი., თქვენც, როგორც მშობელს, გაქვთ შიში და განცდა, რომ ქუჩაში გასულ თქვენს შვილს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს?
_ რა თქმა უნდა. ასეთი განცდა მხოლოდ მე კი არა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს!
საერთოდ, პოლიტიკური ოპონენტების მიერ პოლიტიკური შეფასებები ერთია, მაგრამ მეორეა რეალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. დიახ, სურათი ასეთია _ ვიღაც ხელდაფარებულია, ვიღაც კი დაუცველია!
_ ბატონო ზურაბ, რაკი 90-იანი წლები ახსენეთ, გკითხავთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ე. წ. ქურდული მენტალიტეტის რომანტიზება ხდება და ყველაფერ ამის გათვალისწინებით სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამართლებული იყო?
_ იცით, რეალურად რა ხდება?
_ რა?
_ ძალადობა „მოსულა“, ანუ ძალადობა ხელდაფარებულია. ამას კი მთელი საზოგადოება უნდა შეეწინააღმდეგოს!
შაქარაშვილის გარდაცვალება ერთი ოჯახის კი არა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა!
_ გეთანხმებით, მაგრამ ოპონირება უნდა გაგიწიოთ, ბატონო ზურაბ: თქვენ იმ პარტიის წარმომადგენელი და პოლიტსაბჭოს წევრი ხართ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არაერთი ტრაგედია მოხდა. გავიხსენოთ, თუნდაც, გირგვლიანის მკვლელობა. ჰოდა, მაშინაც ასე ფიქრობდით, რომ ყველაფერი ეს ერთი ოჯახის კი არა, მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო?
_ ხაზგასმით ვამბობ: ჩემი ნათქვამი იმ გარემოს ეხება, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში შეიქმნა, ანუ ძალადობა წახალისებული და ხელდაფარებულია. მეტიც: ხელისუფლება ძალადობას საკუთარი პოლიტიკური უპირატესობისთვის იყენებს. ამიტომ მოძალადეები იმ საქმეებში, რასაც აკეთებენ, ხელდაფარებას ითხოვენ!
ჩვენ პოლიტიკური პერიოდები კი არ უნდა შევადაროთ, არამედ არსებულ გამოწვევებზე უნდა ვისაუბროთ! დიახ, სიმართლე ისაა, რომ მოზარდს ორი შანსი აქვს _ ან მსხვერპლი უნდა გახდეს, ან _ მოძალადე! ამის შემდეგ ვისაც უნდა, ისეთი შეფასება გააკეთოს!
ბოლო დროს მომხდარი ტრაგედიები მთელი ქვეყნისა და მოსახლეობის გამოწვევაა!
_ გეთანხმებით, რომ ამ მოჯადოებულ წრეს როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ, მაგრამ თავის დროზე ამბობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მმართველი ძალის დასასრული „გირგვლიანის საქმით“ დაიწყოო. შესაძლოა, ამ ორი საქმის შედარება არ შეიძლება, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ „შაქარაშვილის საქმე“ „ოცნების“ დასასრულის დასაწყისი იქნება?
_ ამ შემთხვევაში არც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვფიქრობ და არც „ოცნებაზე“ ვდარდობ! უბრალოდ, იმ გარემოზე ვსაუბრობ, რაც ჩვენს ქვეყანაშია!
ხალხო, ეს სახელმწიფოს დეგრადაციის დასაწყისია! ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი შვილია, ანუ მისთვის წვალობს და შრომობს, რათა ნორმალურ გარემოში იცხოვროს, მაგრამ ახლა ჩვენი მომავალი თაობა იმ ორი საშიშროების წინაშე დგას, რომელიც წეღან გითხარით. აქედან გამომდინარე, ყველაფერ ამის პოლიტიკურ პარტიებამდე დაყვანა სწორად არ მიმაჩნია!
ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ კეთილი ინებოს და ამ ვითარების შესაცვლელად პოლიტიკური ნება გამოავლინოს, მაგრამ „ოცნება“ პირიქით იქცევა.
_ თქვენი მძაფრი შეფასებების მიუხედავად, საზოგადოების უმეტესობა მაინც „ოცნებას“ უჭერს მხარს. ყოველ შემთხვევაში, „ედისონ რისერჩის“ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც „ფორმულამ“ ახლახან გაასაჯაროვა, ყველაზე დიდი ნდობა მმართველ გუნდს აქვს. ამას რით ხსნით, ბატონო ზურაბ?
_ საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ 31 ოქტომბერს გასცემს პასუხს, რასაც თქვენც დაინახავთ და მეც, ანუ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას მიღებული აქვს, თუმცა საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება ჯერ კიდევ დიდი საფრთხის შემცველია.
_ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვა საფრთხის შემცველი რატომაა?
_ „ოცნების“ ხელისუფლება ადამიანებზე სამსახურიდან გაშვებით, მათი ახლობლების დაჭერითა თუ მუქარით მოქმედებს. ამ ვითარებაში საზოგადოების რეალური განწყობა კვლევებში, რა თქმა უნდა, არ აისახება, თუმცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომელსაც 31 ოქტომბერს გაახმოვანებს!
_ დავუშვათ, ასეა, მაგრამ ახლანდელი და 2012 წლის წინასაარჩევნო ვითარება განსხვავებულია, ანუ მაშინ ამომრჩეველმა იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებით“ უნდა შეეცვალა, ახლა კი ოპოზიციის მიმართ არ მგონია, ასეთი ნდობა არსებობდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „ანტიოცნებელების“ ბანაკში ერთმანეთს კვანტს უდებენ… აი, მაგალითად, კულუარული ინფორმაციით, „ძალა ერთობაშია“ ვერ ჩამოყალიბდა, არჩევნებზე როგორ გამოვიდეს…
_ რაკი გაინტერესებთ, გეტყვით: „ძალა ერთობაშია“ პიროვნებების გამარჯვებისა და მათი თანამდებობებისთვის არ შექმნილა!
_ უკაცრავად, თანამდებობები რა შუაშია?
_ „ძალა ერთობაშია“ ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის შეიქმნა! ჩვენ ამ პრინციპებს არ ვღალატობთ!
მეტიც: ძალიან მალე „ძალა ერთობაშიას“ კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია შემოუერთდება!
_ ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პლატფორმას არ დატოვებს?
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის გაერთიანება როგორ უნდა დატოვოს, რომელიც მისი ინიციატივითა და მის გარშემო შეიქმნა?
_ ბატონო ზურაბ, თქვენ ხომ ჩემზე უკეთ იცით, რომ იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის გუნდს უპირისპირდება?
_ არანაირი დაპირისპირება არაა!
ერთ რამეს ხაზს ვუსვამ: ბატონ გიორგი ვაშაძეს შესაძლოა, გარკვეული მოსაზრებები აქვს და ეს კონკრეტულად მისი მოსაზრებებია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, როგორც „ძალა ერთობაშიას“ წევრს, ის მოსაზრებები და ღირებულებები აქვს, რომელიც თავიდანვე გაჟღერდა და ჩვენ ამ გზას ძალიან მტკიცედ მივყვებით!
აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშიას“ არათუ არ, არამედ ვერც დატოვებს _ ეს გამორიცხულია!
მოკლედ, „ძალა ერთობაშია“ კიდევ უფრო გაძლიერდება და ამას ძალიან მალე გაიგებთ!
_ კარგი, მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეთ, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით უნდა გამოხვიდეთ. ეს შეთანხმება ძალაშია?
_ დიახ, ჩვენ ამ მემორანდუმის ერთგულები ვართ!
_ ე. ი., „ძალა ერთობაშიას“ ერთიანი სია ექნება?
_ ვიმეორებ: ჩვენ ამ მემორანდუმის ერთგულები ვართ და ამას ძალიან მალე დაინახავთ! ის, რომ ბევრს არ ვლაპარაკობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს არ მივდევთ, რომელიც თავის დროზე გადავდგით დ მივიღეთ!
_ თუ „ძალა ერთობაშიას“ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი დატოვებს, ამით ხალხს ერთიანობის განცდა აღარ ექნება. არადა, ამომრჩევლის მთავარი შეკვეთა, დამეთანხმეთ, რომ სწორედ ერთიანობაა!
_ დიახ, მაგრამ გეუბნებით, რომ „ძალა ერთობაშიას“ კიდევ ბევრი პარტია დაემატება.
_ შეიძლება, მაგრამ მთავარია, ისეთი პარტია დაემატოს, რომელსაც გავლენა აქვს, თორემ ერთ-ორკაციანი პარტიის შემომატება რა ხეირს მოგცემთ?
_ „ძალა ერთობაშია“ ერთად ყოფნის იძულებითი კი არა, გამარჯვების აუცილებელი მოდელია! ყველას მივესალმებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში იყოს, მაგრამ თუ ვინმეს სხვა მოცემულობა და ამოცანა ექნება, ესეც ბუნებრივი იქნება.
_ ბუნებრივი რატომ იქნება?
_ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება და არა _ იმის, რომ ვინმე შესაძლოა, ვინმეზე ნაწყენი იყოს.
_ ბატონო ზურაბ, თუ ისე მოხდება, რომ არჩევნებში „ოცნება“ 40-პროცენტამდე აიღებს, თქვენი აზრით, ოპოზიციაში ხომ არ გამოჩნდებიან პარტიები, რომელთა დახმარებითაც ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას შექმნის და, შესაბამისად, მთავრობასაც ისევ თავად დააკომპლექტებს?
_ მსგავსს საკითხებს ცოტა უფრო მასშტაბურად და შორიდან ვუყურებ.
_ ანუ?
_ დაშვება და ალბათობა, რა თქმა უნდა, ყველაფრის შეიძლება და თქვენი კითხვაც სრულიად ლეგიტიმურია, თუმცა მთავარი მაინც საზოგადოებრივი განწყობაა, ანუ საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია გადაწყვეტს, რომ „ოცნებას“ იქ გაჰყვეს, სადაც მისი გზაა, ეს ამ პარტიის არჩევანი იქნება, თუმცა გარწმუნებთ, რომ მსგავსი მმართველობა შესაძლოა, ძალიან მცირე ალბათობით იქნას დაშვებული!
_ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ ფსევდოოპოზიციაა. თქვენ რას ფიქრობთ?
_ ყველას, განსაკუთრებით, ოპოზიციაში მოვუწოდებ, რომ პირადი წყენა გადადოს!
დღეს ყველაზე მთავარი საზოგადოების განწყობის შესაბამისად მოქმედებაა! საზოგადოების განწყობა კი ისაა, რომ არსებული განუკითხავი, არაფრისმომცემი და დამანგრეველი პერიოდი უნდა დასრულდეს. მომავალ ნებისმიერ კოალიციურ მთავრობას საქართველოს მოსახლეობა, ასე ვთქვათ, დაალაგებს. ამ დალაგების პირველ ნიშნებს კი 31 ოქტომბერს დავინახავთ!
_ ამ „დალაგებაში“ გადამწყვეტი როლი მიხეილ სააკაშვილს ექნება, რომელიც ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორია?
_ მიხეილ სააკაშვილი ფაქტორი მხოლოდ საქართველოში კი არა, უფრო დიდ მასშტაბზეა, რასაც ყველანი ვხედავთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პოლიტიკაში მისი როლი ძალიან დიდია და ასევე ის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ პირდაპირ კავშირშია!
_ ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილი შეხვდა. შს ყოფილი მინისტრის პოლიტიკური გააქტიურება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ცუდად ხომ არ იმოქმედებს?
_ ჯერ ერთი, ძალიან კარგი, რომ სააკაშვილს შეხვდა. მეორეც, მერაბიშვილმა ცუდად რატომ უნდა იმოქმედოს? ის ივანიშვილმა შვიდი წლის განმავლობაში ციხეში ჩასვა და ეს, სხვათა შორის, იმ საქართველოში მოხდა, რომლის დანგრევისა და გადაწვისთვის არც ერთი თანამდებობის პირი არც ერთ ხელისუფლებას ციხეში არ გაუშვია!
ვანო მერაბიშვილი კი სამაგალითოდ დასაჯეს _ ის ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო!
_ ივანიშვილ-მერაბიშვილის ურთიერთობაზე კი არა, ხალხის განწყობაზე გკითხეთ, ანუ ხალხს ჯერ კიდევ არ დავიწყებია, რომ მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი ცუდი მოხდა…
_ თქვენ ხომ სააკაშვილისა და მერაბიშვილის შეხვედრაზე მკითხეთ?
_ უფრო კონკრეტულად იმაზე გკითხეთ, მერაბიშვილის პოლიტგააქტიურება „ნაცმოძრაობაზე“ ცუდად ხომ არ იმოქმედებს-მეთქი?
_ ცუდად რატომ უნდა იმოქმედოს?
_ კითხვას სხვანაირად დაგისვამთ: რომელიმე რეგიონში მერაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება?
_ მაჟორიტარობის კანდიდატი ვინ იქნება და ვინ _ არა, დაგვიტოვეთ უფლება, რომ ეს ინფორმაცია პარტიამ თავის დროზე გაავრცელოს.
ოპოზიციის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ თბილისის მაჟორიტარობის ორი კანდიდატურა დავასახელეთ. ყველა სხვა კანდიდატს კი ძალიან მალე წარვადგენთ!
_ თბილისის მაჟორიტარებზე უნდა ჩაგეკითხოთ: საბურთალოზე „ნაციონალური მოძრაობა“ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას რატომ არ უჭერს მხარს?
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მაჟორიტარების კანდიდატები ლეიბორისტების ოფისში არსებული ოპოზიციის ფორმატით წარვადგინეთ. ეს კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი არიან.
_ ეს ვიცი, ბატონო ზურაბ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ არჩევნებში მაინც „ოცნებამ“ გაიმარჯვა, ოპოზიცია რას იზამს? ანუ თუ ის სცენარი გათამაშდა, რომლითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ოპოზიციას რა მექანიზმები გაქვთ, რომ გაყალბება არ დაუშვათ?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტი არ ყოფილა.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ ყველამ იცოდა, რომ ერთი პრეზიდენტი ვერაფერს განახორციელებდა.
სხვათა შორის, როცა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს საჯაროდ და სახალხოდ აკრიტიკებდა, ეს ისე აღიქმებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს თითქოს წყენას არ პატიობდა. სინამდვილეში კი ივანიშვილს სხვა რამე ჰქონდა ჩაფიქრებული.
_ რა?
_ ივანიშვილს უნდოდა, ყველაფერ ამით ხალხისთვის დაენახვებინა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არაფერს წარმოადგენს და პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, უბრალოდ, ფუჭი და წყალში გადაყრილი იყო. აქედან გამომდინარე, ის შედეგი დადგა, რომელიც დადგა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი გადამწყვეტია და ამ გადამწყვეტ არჩევნებზე ყველაფერს ბოლომდე გამოვიყენებთ.
_ ანუ?
_ ჩვენ გაყალბების წინააღმდეგ არაერთი მექანიზმი გვაქვს და ყველაფერ ამის პრეზენტაციას სიურპრიზის სახით შემოგთავაზებთ!
მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობა“ და, საერთოდ, მთელი ოპოზიცია იმისთვის ვემზადებით, რომ ამ არჩევნებზე ხალხის განწყობის შესაბამისი შედეგი დადგეს!
_ ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ერთიც უნდა გკითხოთ: ასეა თუ ისე, ფაქტია _ კორონა „ოცნების“ მოკავშირედ იქცა, მით უფრო, რომ მეორე ტალღას ელოდებიან და სწორედ ამ ნიადაგზე ხელისუფლებამ კორონაშეზღუდვების შემოღების უფლება წლის ბოლომდე გაიხანგრძლივა…
_ კორონა „ქართული ოცნების“ მოკავშირე არ გამხდარა! „ოცნების“ მოკავშირე კორონას შიში იყო, თუმცა ისიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
დღეს ეს შიში ხალხმა დაძლია, ანუ იცის, რომ კორონა განაჩენი არაა.
ისე, რატომ გგონიათ, რომ „ოცნებამ“ კორონა მოკავშირედ გაიხადა? _ რა, ვინმემ რამე დახმარება მიიღო, ვინმეს სამსახური შესთავაზეს თუ მას, ვინც სამუშაო დაკარგა, რამე ბენეფიტი მისცეს?
მას შემდეგ, რაც სამმილიარდიან დახმარებაზე თანხმობა მიიღო, „ოცნებამ“ გარკვეული დანაპირები გასცა, მაგრამ ამ დანაპირების მიღმა 2 მილიონ 700 ათასი მოქალაქე დარჩა! თქვენ კი იმაზე საუბრობთ, რომ კორონა შეიძლება, „ოცნების“ მოკავშირედ იყოს აღქმული?
„ოცნებამ“ შიში გამოიყენა, ანუ სხვებს აშინებდა, თვითონ კი ძალიან ცუდად იქცეოდა. აი, მაგალითად, გვეუბნებოდნენ, რომ ავტომქანაში წინ ჯდომა დანაშაული იყო და ამის გამო ადამიანებს 3 ათასით აჯარიმებდნენ. ამ დროს კი ჯანდაცვის მინისტრი წინა სავარძელზე იყო წამოსკუპებული და გვიმტკიცებდა, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი ვარ და ჩემთვის დაშვებულიაო.
ე. ი., გვმიტკიცებდნენ, რომ თუ მანქანაში წინ ცოლი და ქმარი ისხდებოდა, კორონა რომელიმეს ეცემოდა, მაგრამ თუ მძღოლის გვერდით მინისტრი დაჯდებოდა, მას _ არა!
ამას გარდა, გვეუბნებოდნენ, მანქანით გადაადგილება არ შეიძლება და ფეხით უნდა იაროთო. ამ დროს კი მაღალჩინოსნები ავტომობილებით დაგრიალებდნენ და ამაზე ფიქრობთ, რომ საზოგადოება კორონას „ოცნების“ მოკავშირედ აღიქვამს?
_ ბატონო ზურაბ, რატომ მიბრაზდებით?
_ თქვენ კი არ გიბრაზდებით, იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც ფიქრობს, რომ კორონა ხელისუფლების მოკავშირეა!
ვიმეორებ: „ოცნების“ მოკავშირე კორონა კი არა, კორონას შიში იყო.
ისე, „ოცნებას“ მართლა ჰქონდა შანსი, რომ ამ პანდემიის დროს ხალხისთვის რამე გაეკეთებინა, მაგრამ ის საერთაშორისო დახმარებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეღოთ, იქამდე დაიყვანა, რომ საარჩევნოდ მისი ფეოდალ-კანდიდატები ერთ ლიტრა ზეთს, ერთ კილოგრამ ხახვს დაიჭერენ, მოსახლეობას მიადგებიან და დაიბრალებენ, აი, გეხმარებითო.
ერთი სიტყვით, ეს არჩევნები გადამწყვეტი რომელიმე პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვისაა! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება: სახელმწიფო გვინდა თუ ერთი ადამიანის მოსამსახურეებად ყოფნა?!

გიორგი აბაშიძე