ზუგდიდის დასუფთავების სამსახური: „კარი იკეტება? აბა, დატეულხართ და ეგაა!“

n1

როცა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ჩაწყნარდა, ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტებში მმართველი ძალა დადგა თითქმის გადაუჭრელი ამოცანის წინაშე: სად და როგორ დაესაქმებინა ის ოდიოზური ფიგურები და მოკრიმინალო ტიპები, ქალაქში კარგად ცნობილი ელემენტები, რომლებმაც წინასაარჩევნოდ არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშეს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.

ამოცანა მართლაც გადაუჭრელი ჩანდა: ადგილები შეზღუდული იყო და შტატებიც _ არც ისე ბევრი, ხოლო დასაქმების მოლოდინში გამგეობის შესასვლელებთან რიგებიც კი გაჩნდა. ისინი, ვისაც, თავის დროზე, ორი წიგნი მაინც ჰქონდა წაკითხული, გამგეობების სხვადასხვა სტრუქტურებში კი დაასაქმეს, მაგრამ დანარჩენ აქტივისტებს ვერაფერი მოუხერხეს. ბოლოს, ზუგდიდის მაგალითის მიხედვით, გამოსავალი იპოვეს _ ყველანი დასუფთავების სამსახურში გადაამისამართეს.

ეს სამსახური უკვე იქცა ერთგვარ თავკომბალად, რადგან ზუგდიდის მაგალითი სხვა ქალაქებმაც გადაიღეს. ასე რომ, ახლა ზუგდიდის, სენაკისა და ხობის ქუჩებში რომ ხუთი ადამიანი გააჩეროთ და დასაქმების ადგილი ჰკითხოთ, ერთი მაინც გიპასუხებთ, დასუფთავებაში ვმუშაობო.

ზუგდიდში უკვე ხუმრობენ კიდეც, ამდენს რას ასუფთავებენ, დამნაგვიანებელზე მეტი დამსუფთავებელიაო. „კაზანტიპის“ ფესტივალის დროს, იცოცხლეთ, მოგეცა ლხენა _ რამდენიმე მანქანა და რამდენიმე ათეული კაცი ანაკლიაში გადაისროლეს, მაგრამ ზაფხული ჩამთავრდა და სანაპიროს ახლა არავინ ასუფთავებს, „დამხმარე ძალებს“ კი ანაკლიაში გატარებული დღეების ანაზღაურება დღემდე არ მიუღიათ _ ზღვაზე ბანაობა და უკრაინელი და რუსი „ნაშობის“ ჭვრეტაღა შერჩათ სამადლოდ…

როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა ძალიან დიდი პრობლემა გახდება და არ არის გამორიცხული, ამ ფონზე სამეგრელოში გამოსვლებიც დაიწყოს მოტივებზე: „ამისთვის ვიდექი წვიმაში?“ სიმპტომები უკვე შეინიშნება.

სამაგიეროდ, უფრო „კოლორიტულები“ კარგად გრძნობენ თავს ქალაქისა თუ რაიონის გამგეობებში. რა სიტუაციაა, მაგალითად, ზუგდიდის რაიონის გამგეობაში, იმ დეტალითაც ვლინდება, რაც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ექსკლუზიურად ცნობილი:

მოგეხსენებათ, სისხლის დონორობა საჯარო მოხელეებისთვის ერთგვარი ვალდებულებაცაა. ჰოდა, ერთ დღესაც, თბილისიდან მოსული დირექტივით, გამგეობის ზედა ეშელონები, სულ 31 ადამიანი (მამაკაცები), სისხლის ჩასაბარებლად წაიყვანეს. მათ დონორობის ვალი პირნათლად აღასრულეს და სამსახურებს დაუბრუნდნენ, მაგრამ საინტერესო ისაა, რაც სისხლის ჩამბარებლებმა „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად გაუმხილეს: 31 დონორის სისხლიდან 17 „ცე ჰეპატიტით“ დაავადებული აღმოჩნდა, ხოლო 3 _ „აივ“ ინფიცირებული…

რასაკვირველია, მედიკოსებს არ დაუსახელებიათ დონორების ვინაობა, მაგრამ სურათი რომ სავალალოა, ცხადია. როგორც ამბობენ, უფრო მძიმე სურათი იქნება, როცა დონორობისთვის დაწესებულებებს მიაკითხავენ ქალაქის გამგეობის თანამშრომლები…

მედიკოსები ვარაუდობენ, რომ სისხლის დონორთა ასეთი სტატისტიკის მიზეზი ინტრავენური ნარკომანიაა, რომელსაც მისდევენ ან წარსულში მისდევდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც დონორები იყვნენ. მედიკოსმა „ქრონიკა+“-თან საუბარში წინა ხელისუფლების დროინდელი პრაქტიკა გაიხსენა:

„მახსოვს, გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მოვიდნენ დონორები და 67 თანამშრომლიდან ერთს აღმოაჩნდა „ცე ჰეპატიტი“, რაც მაშინვე ვაცნობეთ თბილისს, თბილისმა კი _ გუბერნატორის ადმინისტრაციას. ეს მამაკაცი დაიბარეს და ხელახალი ანალიზი აუღეს. დიაგნოზი დადასტურდა. მერე გაირკვა, რომ ამ ბიჭმა თვითონაც არ იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა. მერე ამოქექეს მისი ბიოგრაფია, ხელახლა გადაამოწმეს კავშირები და დაადგინეს, რომ მას არაინტრავენური გზით, სტომატოლოგიურ კლინიკაში გადაედო ვირუსი, თორემ სამსახურიდან უშვებდნენ… ახლა რა ხდება, ძნელი დასადგენია…“

უნდა ითქვას ისიც, რომ როცა საჯარო მოხელეს სამსახურში ღებულობენ, მან უნდა წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური დაწესებულებიდან იმის შესახებ, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ არის. ყველას გვახსოვს, რომ ამას წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეები სახალხოდაც აკეთებდნენ. მაგალითად, ყოფილმა გუბერნატორმა, კახა არდიამ, ჟურნალისტები იახლა, როცა ზუგდიდის ნარკოლოგიურ დისპანსერში შემოწმებაზე მივიდა _ ნარკოლოგმა მასთან დაკავშირებული კომენტარი კამერების წინ გააკეთა და განაცხადა, რომ კახა არდიას ნარკოტიკებთან შეხება არ აქვს.

ახლა, ამ მხრივ, სავარაუდოდ, არანაირი ვალდებულება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, არც პარლამენტში და არც საჯარო დაწესებულებებში ამ პროცედურის გავლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამიტომაც ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული და მოსახლეობას დასკვნები იმის მიხედვით გამოაქვს, თუ ვინ რას წარმოადგენდა და როგორ წრესთან ჰქონდა კავშირები ცოტა ხნის წინათ:

„ჩემი მაღაზიის უკანა მხარე გადის ეზოში, რომელიც რაიონის გამგეობის უკანა მხარეს მდებარეობს. უკვე წლებია, მანქანას იქ ვაყენებ ხოლმე და უკვე მეორე წელია, სანამ დავაყენებ, ყოველ მეორე დილით ადგილს ერთჯერადი შპრიცებისგან და გამოხდილი წყლის ბოთლების ნამსხვრევებისგან ვასუფთავებ _ ღამღამობით, ეტყობა, გამგეობის შენობიდან ყრიან, აბა, აქ სხვა შენობა არაა და გამვლელი ნარკომანები აქ ვერ შეიკრიბებიან, ხე აქ არ არის და ბუჩქი, რომ ამოეფარონ“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.

სხვათა შორის, კურიოზები არა მხოლოდ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს უკავშირდება. სამეგრელოში მრავლად არიან როგორც ყოფილი პატიმრები, ასევე „მოშავო გაგების“ პირები, რომლებისთვისაც ნებისმიერ სამსახურში დასაქმება მიუღებელია. თუ ადრე ასეთები თავს იკავებდნენ ხოლმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „კაიფში“ გამოჩენისგან, ახლა ეს სურათიც შეიცვალა.

ამ ბოლო დროს ზუგდიდში ამ თემასთან დაკავშირებული ორი კურიოზი მოხდა:

ერთ-ერთი ასეთი „მოკოლორიტო“ ტიპი, რომელიც ქალაქის ცენტრში ჯერ აბირჟავებდა, მერე კი ვიღაცას ეჩხუბა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებისას მან პოლიციელებს აგინა და ტანსაცმელი შემოახია. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაკავებული იგინებოდა და ყვიროდა: „თქვე ყ***ბო, ვის უბედავთ, მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ უნდა პატიოსანი ადამიანის დაჭერა!“ ის ჯერ პოლიციაში, მერე ნარკოდისპანსერში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული თრობა დაუდგინდა. ამის მიუხედავად, თვითონ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ გაოგნებული, რადგან ბიჭი მათ აქეთ ემუქრებოდა: „თქვენ ფეხებს ვერ მომჭამთ, აგერ ნახავთ, სადაც ამიყვანეთ, ხვალ თუ ისევ იქ არ ვიქნები!“ როგორც ამ დაკავების მონაწილე პოლიციელმა პირად საუბარში ახლობელს უამბო, მართლაც ასე მოხდა:

„მეორე დღეს სამსახურში გავედი და მანქანით, მეწყვილესთან ერთად, ქალაქში გავიარე. ვხედავ, ვიღაცა ბიჭი ტროტუარიდან ხელს გვიქნევს და შუა თითს გვაჩვენებს. ზუსტად ის იყო, ვინც დავაკავეთ. წესით, იქ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ალბათ, გაუშვეს. რა უნდა მექნა? გავიარე…“

კიდევ ერთი შემთხვევა, ოდნავ განსხვავებული, სულ ცინცხალია და წინა კვირას მოხდა:

ქალაქის ცენტრში მდებარე ხეივანში, სადაც სამი-ოთხი „კოლორიტი ნარკუშა“ იყო შეკრებილი, დღისით-მზისით, 17-18 წლის ბიჭებმა ჩამოიარეს, როგორც მერე გაირკვა, ფეხბურთის ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ. ბიჭები სპორტულებში ყოფილან ჩაცმული და ერთ-ერთს შარვალი ოდნავ მოტმასნილი ეცვა, რამაც „კოლორიტების“ დამცინავი რეპლიკები გამოიწვია.

ბიჭები შედგნენ და მას, ვინც დასცინოდა, პასუხი მოსთხოვეს. იმათაც უპასუხეს და ჩხუბი ატყდა. სანამ პატრულის ეკიპაჟი მოვიდა გასაშველებლად, ფეხბურთელებმა „კოლორიტები“ სასტიკად სცემეს, ხოლო როცა ერთ-ერთმა დანა ამოიღო, წაართვეს და სახეში ტარით ჩაარტყეს. ზუგდიდელებს ამ შემთხვევიდან ერთი დასკვნა გამოაქვთ:

ახალგაზრდები, „მიშას პრეზიდენტობის“ თაობა, ისე წამოიჩიტნენ, რომ მათთვის „ავტორიტეტი“ აღარაფერს ნიშნავს. ისინი არ მოსწრებიან იმ დროს, როცა ყოველ მეორე ბიჭს „ქურდობა“ სურდა, ყოველ მესამე გოგოს კი _ „ქურდის“ ცოლობა. ახალგაზრდები თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და ღირსების შელახვას ადვილად არავის აპატიებენ…

როგორც ჩანს, ეს ასეა არა მხოლოდ სამეგრელოში, უკვე თბილისშიც, სადაც არაერთი მსგავსი შემთხვევაა, როცა სკოლებში „ზონისთვის ფულის შეგროვების“ იდეამ კრახი განიცადა და არც ქუჩაში „მობლატავეებს“ აქვთ ის „ვესი“, რაც მანამდე ჰქონდათ…

                       დოროთე გითოლენდია

 n2