ირაკლი ლომაიას გზა დამლაგებლობიდან მსახიობობამდე

საქართველოში მან პარაფსიქოლოგიით გაითქვა სახელი, თუმცა სინამდვილეში კლასიკური მედიცინის მუშაკია. ირაკლი ლომაია წლებია, რაც ემიგრაციაში იმყოფება. როგორც მან „ქრონიკა+“-სთან აღნიშნა, რთული გზა გამოიარა, რათა ბავშვობის ოცნება აეხდინა. სენაკში დაბადებული პატარა ბიჭი ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე მოუწევდა მსოფლიო კინოლეგენდების გვერდით თამაში. დიახ, ის არაერთ პოპულარულ სერიალსა თუ ფილმში მონაწილეობს და კანადაში საკმაოდ წარმატებული კინოკარიერა აქვს. წარმატებული კინოკარიერის გარდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი მსოფლიო მოგზაურთა ასოციაციის საპატიო წევრიც ყოფილა ჟენევაში. აღსანიშნავი ის არის, რომ ქვეყნებში, სადაც ლომაია მოგზაურობს, თან დააქვს საქართველოს დროშა და ასე აცნობს უცხოელ ტურისტებს საქართველოს.

როგორ აღმოჩნდა კინოში? რა ხდება და როგორია კორონავირუსის ეპიდსიტუაცია კანადაში? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“ ირაკლი ლომაიას კანადაში დაუკავშირდა:

_ ირაკლი, საქართველოში ცხოვრების დროს პარაფსიქოლოგიაში მოღვაწეობდით და შეიძლება ითქვას, რომ ამით გაითქვით სახელი, გახდით პოპულარული, თუმცა წარმატებული კარიერის მიუხედავად თქვენ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ. რატომ?
_ პროფესიით პარაფსიქოლოგი არასოდეს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა ამ სფეროში უდიდესი გამოცდილება და მიღწევები მქონდა, მაგრამ ჩემი ნამდვილი პროფესია სამედიცინო სფერო იყო და მაშინაც კი, როცა საქართველოში ჩემზე მხოლოდ პარაფსიქოლოგიის კუთხით შუქდებოდა ნიუსები, სინამდვილეში მე კლასიკური მედიცინის მუშაკი გახლდით და ონკოლოგიის ინსტიტუტში ღამეებს ვათენებდი და ვაღამებდი მეტი განათლების მისაღებად. სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და გახლავართ მუცლის ღრუს ზოგადი პროფილის ექიმი. ამდენად ის, რომ მაშინაც და დღესაც ზოგიერთს მუდამ პარაფსიქოლოგია აკერია პირზე, არ არის ეს სწორი ფორმა. გარდა პარაფსიქოლოგიისა, უამრავი სხვა პროფესია მაქვს. მით უმეტეს ახლა, როცა წლებია, კანადაში ვარ და ამ პროფესიით აღარ ვმუშაობ, მაინც გაიძახიან, პარაფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგიაო. არადა, უამრავი სხვა საზოგადო მოღვაწე ვიცი, ვისაც არაერთხელ შეუცვლია ცხოვრებაში პროფესია და მათ შორის ვარ მეც. ეს ხომ ჩვენი არჩევანია და არავინ გვიშლის? მეტიც: თურმე ზოგიერთს მკითხავი თუ წინასწარმეტყველი ვგონივარ. მეცინება ხოლმე, რამეთუ ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, ვისაც ოდესმე ირაკლი ლომაიამ მართლა უმკითხავა. რას ვიზამთ, ზოგადად, საზოგადოება ხშირად ვერ ერკვევა ბევრ რამეში, რაც ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი.
_ თქვენ საქართველოში საკმაოდ წარმატებული და პოპულარული იყავით. ემიგრაციაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
_ როდესაც ახალგაზრდა ბიჭი დახეული ფეხსაცმლით იწყებ საკუთარ სამშობლოში ცხოვრებას, მაშინ როცა სწავლა გწყურია და იმის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, რომ ისწავლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობ მიაღწიო მიზანს _ გადიხარ ქუჩაში ძველი ფეხსაცმლით, სადაც ჩაფენილი გაქვს პარკი, რომ ფეხი არ დაგისველდეს და მერე სიგარეტს ყიდი ელიავაზე და ასე ცოდვითა და ტანჯვით თავიც გაგაქვს და იმდენს აღწევ, რომ სასწავლებელში სტუდენტმა ფული გადაიხადო, არ თაკილობ არც ერთ სამუშაოს და ამ ყველაფრის მერე, უდიდესი ტანჯვის ფასად, როდესაც წლების მერე შენს სამშობლოში ხდები უზომოდ პოპულარული და წარმატებული, როდესაც წერ სამეცნიერო ნაშრომებს და ამას მსოფლიოს საკმაოდ ცნობილი გამოცემები გიბეჭდავენ და მაშინ, როცა 24 წლის ასაკში გენიჭება პროფესორის წოდება და ამ დროს უმადურობის პიკია, _ ვიღაცას მკითხავი ჰგონიხარ, როგორ ფიქრობ, ეს კარგია? და მაშინ, როდესაც ყველასგან დამოუკიდებლად ხსნი საკუთარი ერის სასარგებლოდ საქველმოქმედო ფონდს, სადაც დონორი ორგანიზაცია არ გყავს და ისევ შენი მოღვაწეობიდან და შრომიდან ნაშოვნ ფულს დებ ამ ფონდში, რომ ქართველებს დაეხმარო, მაგრამ მაინც უმადურობისგან შეპყრობილი ბოღმიანები რომ სამარეს გითხრიან, ათას ჭორს თხზავენ შენ წინააღმდეგ, ეს, როგორ ფიქრობთ, არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ერთ დღეს დაჯდე და გააანალიზო: ნუთუ, ღირს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არასოდეს ფასდება ადამიანის პატიოსანი შრომა და მადლობის ნაცვლად ტალახს გესვრიან? ჩემი შეცდომა, ალბათ, ის იყო, რომ როდესაც ქველმოქმედებას ჩავდიოდი, სხვებისგან განსხავებით, არასოდეს დავრბოდი კამერებითა და პრესის თანხლებით, არამედ სიკეთეს ჩუმად ვაკეთებდი და ზუსტად მაგიტომ არ იცის დღემდე საზოგადოებამ ჩემი ორგანიზაციის მიერ ათასობით გაკეთებული კარგი საქმის შესახებ. ეხლა, როდესაც ვიღაცა გამოხტება და მკითხავს, რა გაგიკეთებია შენი სამშობლოს წინაშეო, მაშინ იძლებული ვარ, ფაქტები ავაფარო სახეზე. არაფერს ვამბობ ჩემს სამეცნიერო ნაშრომებზე, წიგნებზე, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიყიდა და აღიარება ჰპოვა, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. თუ ეს არაფერი იყო ჩემი სამშობლოსთვის და ჩემი ერისთვის? რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოკლედ, იმხანად ძალიან ვიყავი გულნატკენი, ცუდად მომექცნენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სულსა და გულს ვუზიარებდი და მათ შორის იყო ბევრი ცნობილი სახე, რომლებიც 24 საათი ჩემი ოფისის კართან იყვნენ ატუზულები _ მაშინ ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო. მაშინ ყველა გაიძახოდა, ლომაია ჩემი ძმააო და ამაყობდნენ ჩემით, ბოლოს ძმობა და ახლობლობა კი არა, საჯაროდ გამოდიოდნენ უსირცხვილოდ და პრესაში ყვებოდნენ, _ ვინ არის ლომაია, საერთოდ არ მყავს თვალით ნანახიო. ამ დროს ის ავიწყდებოდათ, რომ, საბედნიეროდ, არქივი ინახავს ისეთ ექსკლუზიურ კადრებს, რომელსაც ვერავინ შეცვლის, ფაქტები ფაქტებად რჩება და საზოგადოება ამას ხედავს. ამ პერიოდს ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის გარდაცვალება დაემატა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ მომიღო ბოლო და დეპრესიაში ჩამაგდო. მახსოვს მისი ბოლო სიტყვები: წადი, იკა, სხვაგან… შენ აქ არავინ დაგაფასებს, აქ ნუ დარჩებიო. ეს სიტყვები იყო ზუსტად, რაც ცხონებულმა ქალბატონმა მზია კვირიკაშვილმა მითხრა _ მის სულს ვეთაყვანე! სიგიჟემდე მიყვარდა და მიყვარს დღემდე. ზუსტად მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე წამოსვლა. უბრალოდ, მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდამ ახლს ეძებს. მე ვარ პიროვნება, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება საკუთარი შესაძლებლობით. აქედან გამომდინარე, კანადა იყო და არის ჩემთვის უნიკალური ქვეყანა, სადაც ნიჭი საკმაოდ ფასობს.
_ ძალიან ბევრი ქართველისთვის კანადაში წასვლა და მით უმეტეს, ცხოვრება აუხდენელი ოცნებაა. თქვენ როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი და რამდენად რთული გზა გაიარეთ?
_ მაშინ რომ მცდონოდა, თუ რა გზა მქონდა გასავლელი და რა მელოდა იმისთვის, რომ კანადამდე ჩამოვსულიყავი და ის რომ მცოდნოდა რა ტანჯვა-წამება მელოდა, რომ ამ ქვეყანაში შევმდგარიყავი, ალბათ, ისევ იქ დარჩენას გადავწყვეტდი, რაც ნამდვილად შეცდომა იქნებოდა. ის რომ მცოდნოდა, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი, თუ რა ტკივილია ეს, ალბათ, ისევ თბილისში ვიქნებოდი. მაგრამ ღვთის წყალობით ეს შევძელი, მართალია რთულად, მაგრამ მაინც შევძელი. ამ ქვეყანაში არ არის მარტივი თავის დამკვიდრება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, თუ მე ვიბრძოლებდი, აქაც არანაკლები წარმატება მექნებოდა, ვიდრე ამას მივაღწიე საკუთარ სამშობლოში და მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რაც წეღან მოგახსენეთ, აქ ჩამოსვლამ არ გამაბოროტა. ზოგიერთი ჩემს ადგილზე საერთოდ ხაზს გადაუსვამდა თავის სამშობლოს და მაშინ, როცა უცხო ქვეყანაში წარმატებას მიაღწევდა, იტყოდა, _ ერთი, მაგათი! მაგრამ მე დღემდე სული ამომდის ჩემს სამშობლოსა და ჩემს ერზე. რა ვქნა, ასეთი ვარ და მორჩა, წარსულს არასოდეს მივტირი, რამეთუ კარგად მაქვს გაცნობიერებული, როცა რაიმე ცუდი ხდება, უფალი უკეთესობისკენ გამზადებს და ზუსტად ასე მოხდა, როცა სამშობლოდან კანადაში გადმოვბარგდი.
_ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება რთულია. მოგვიყევით გზაზე პარაფსიქოლოგიიდან _ კინომდე. როგორ გახდით მსახიობი, პირველად ვინ აღმოგაჩინათ, ვინ შეგნიშნათ, სად და რა სიტუაციაში?
_ ნამდვილად არ იყო მარტივი გზა. თავიდან არ ვყოფილვარ მსახიობი, მეტიც _ პირველად საქონლის ფერმაში დავიწყე მუშაობა და ფეკალიებს ვწმენდდი. ეს იყო უზარმაზარი სტრესი და ტკივილი. ერთი წელი ყოველდღე ვტიროდი, რადგან უზომოდ მენატრებოდა ჩემი სამშობლო და ოჯახი. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ სამშობლოში პოპულარული, აქ კი არავინ და არაფერი ვიყავი. არც ენა ვიცოდი, არც საბუთები მქონდა და არც ნორმალური სამსახური _ ერთი წლის მანძილზე ბევრჯერ მომაბრუნეს აეროპორტიდან _ დარჩი, არ წახვიდე, თორემ ინანებო. გახსენებაც არ მინდა, ეს იყო ნამდვილი კოშმარი. ასე ნელ-ნელა, დიდი სირთულის ფასად შევეგუე და გამოვცოცხლდი. ერთ დღესაც უბრალოდ ავდექი, სარკეში ჩავიხედე და ვთქვი. აქ თავის მოსაკლავად თუ ჩამოხვედი, მაშინ იქ გამოსალმებოდი სიცოცხლეს-მეთქი, მორჩა გლოვა და ტირილი, დღეიდნ ახალი ცხოვრება იწყება-მეთქი და მართლაც ასე აგიხდეთ ყველაფერი _ ჩემს ცხოვრებაში დიდი სასწაული მოხდა. ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს სამშობლოში ვერც ერთმა რეჟისორმა ვერ ან არ აღმომაჩინა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სერიალსა და ფილმს, სადაც ეპიზოდური როლები ვითამაშე. მადლობა მინდა გადავუხადო ზაზა კოლელიშვილს, მან მათამაშა ფილმში „ომი და ქორწილი“ და ასევე უდიდესი მადლობა ნიკა ქავთარაძეს, რომელმაც გადამიღო ტელესერიალში „მესამე თაობა“. როგორც იცით, მე სულ სხვა პროფესიით დავკავდი, მაგრამ ერთი დღე არ გავიდოდა ისე, რომ ჩემთვის არ მეოცნება მსახიობობაზე. სწორედ 20 წლის მერე მოხდა ნამდვილი სასწაული: ერთ დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე განცხადება, სადაც ვანკუვერის ერთ-ერთი ცნობილი სააგენტო აცხადებდა ქასთინგს _ იქ ეწერა: თუკი თქვენ გსურთ მსახიობობა და გაქვთ წარსულში გამოცდილება ან გაქვთ მინიმუმ ერთი როლის მოკლე ვიდეო, მხოლოდ ასეთ დროს გამოგვეხმაურეთ, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოები, მოკლე ბიოგრაფია და განვიხილავთო. თუმცა იქვე მიწერილიც იყო, რომ ჩვენ არ გამოვეხმაურებით იმ კატეგორიას, რომელსაც არ ჩავთვლით საჭიროდ, ანუ ვინც არ მოგვეწონებაო. ეს რომ წავიკითხე, ვიფიქრე, „ახლა მე ჩემი დანგრეული ინგლისურით არანაირი კანადური სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს და ვინ დაინტერესდება-მეთქი“. მაგრამ ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო და როგორც კი გავაგზავნე წერილი, იმწამსვე ავტომატური შეტყობინება მოვიდა, სადაც ეწერა, რომ 3 დღეში თუ არ შემოგეხმიანებით, ე. ი. არ მოგვეწონა თქვენი კანდიდატურაო. ის სამი დღე სამასი წელი იყო. წამში ერთხელ ვხსნიდი მეილს და ზუსტად მესამე დღეს მხვდება მოწერილი: „ჩვენ ვნახეთ თქვენი ვიდეო, საქართველოში ნათამაშები როლი“ (ეს ვიდეო ჩემს ფეისბუქზე წინასწარ ავტვირთე და ფრენდებს მოვუწოდე აქტიურობისკენ, რომელსაც 1 დღეში უამრავი გამოხმაურება მოყვა). რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს ლინკი გავაგზავნე სააგენტოში, საიდანაც მწერდნენ, რომ მართალია, ჩვენ ქართულად ვერ გავიგეთ საზოგადოების გამოხმაურება და კომენტარები, მაგრამ აშკარად ვნახეთ, რომ დიდი ტალანტია თქვენშიო, ასევე მოგვეწონა თქვენი ტიპაჟი და გაცნობებთ, რომ შემდეგი ეტაპი ტელეფონზე გასაუბრება იქნება. თუ ამ ეტაპსაც წარმატებით გადალახავთ, მერე დავნიშნავთ შეხვედრას თქვენთანო. სიხარულის შოკი მივიღე. 10 წუთი ხმას ვერ ვიღებდი, სუნთქვა შემეკრა, ამას ვერ აგიხსნით, რა გრძობა იყო.
_ მეორე ეტაპმა როგორ ჩაიარა?
_ ჩვენმა ინტერვიუმ ტელეფონზე ზუსტად 5 საათი გასტანა, სადაც 4 ჩემთვის უცნობი პიროვნება უბრალოდ კი არ მესაუბრებოდა, არამედ დაკითხვაზე მეგონა თავი. ინტერესდებოდნენ, რატომ მსურდა მსახიობობა, ასევე მთხოვდნენ მომეყოლა მთელი ჩემი ცხოვრება. მეკითხებოდნენ, თუ მე წარმატებული მსახიობი გავხდებოდი, რა მიზნებისთვის გამოვიყენებდი ამ შანსს და ა. შ. მოკლედ, 5 საათის მერე დამემშვიდობნენ და მითხრეს, რომ თუ ეს ინტერვიუ დამაკამაყოფილებელი იქნებოდა, მეილზე შემატყობინებდნენ მომდევნო ეტაპის შესახებ. ვიფიქრე, ალბათ, არ მოვეწონე-მეთქი და ძალიან დავღონდი. მეილს ისევ აქტიურად ვამოწმებდი. ზუსტად სამი დღის მერე წერილი მომივიდა: გილოცავთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მსახიობად აგიყვანოთ. თუ შეიძლება, მობრძანდით ჩვენს ოფისში სხვა დეტალების გასარკვევად და კონტრაქტის გასაფორმებლადო. ვაიმეე! ეს წავიკითხე თუ არა, ისე დავიყვირე, მოკლედ ნამდვილი შოკი ეს ყოფილა. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. რა თქმა უნდა, იქ მისულს მელოდა უამრავი სწავლება, რეპეტიცია, ტრენინგი, 25-ფურცლიანი კონტრაქტი, ყველა წუთი და წამი გაწერილი ჩემი და მათი უფლებებით. ასე გრძელდება დღემდე. ამის მერე ჩემმა სააგენტომ თავიდან ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმა. ამ დროის მანძილზე ჩემს ტალანტს შეაფასებდნენ და იმის მიხედვით გააგრძელებდნენ გრძელვადიან კონტრაქტს.
_ პირველ როლზე მოგვიყევით.
_ ჩემი პირველი როლი არასდროს დამავიწყდება _ ეს იყო რეჟისორ კაილი მოსონის კომედიური ჟანრის ფილმი „ To the Madness “, სადაც ეპიზოდურ როლზე დამამტკიცეს. სხვათა შორის, ამ ფილმმა შარშან ლას-ვეგასის კინოფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი კომედიური ჟანრის ტიტული მიიღო. ამის შემდეგ იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი უდიდესი წარმატება, რასაც ამერიკული უპოპულარულესი ტელესერიალ „ხვალინდელი დღის ლეგენდების“ მეოთხე სეზონში თამაში მოყვა _ ამ ტელესერიალში მე-17 საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიის რელიგიური პერსონა, პურიტანელი ვითამაშე. ეს არის ტელესერიალი, რომელსაც მსოფლიოს 37 ქვეყანაში თარგმნიან და ანახებენ ადგილობრივი ტელევიზიები, მათ შორის, საქართველოში ქართულად თარგმნის აჭარაბეთი. საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ბელგიიდან, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან მწერენ ჩემი ძვირფასი ქართველი ემიგრანტები, _ ვამაყობთ შენითო. ეს საოცარი გრძობაა, ენით აუწერელი. ამ ტელესერიალმა უდიდესი აღიარება და წარმატება მომიტანა, რომელსაც მოყვა სხვა სააგენტოების დაინტერესება, მაგრამ ჩემმა სააგენტომ ის ერთწლიანი კონტრაქტი ხუთი წლით გააგრძელა. ამ ტელესერიალის მერე იყო არანაკლებ ცნობილი ტელესერიალი „სირინოზი“, რომელსაც იგივენაირად საქართველოშიც აშუქებენ, მერე მოყვა და მოყვა სხვა უამრავი პოპულარული ტელესერიალი და ბოლოს რაშიც გადამიღეს, ეს იყო „ეფლის“ საოცრად წარმატებული და ყველასთვის ცნობილი ტელესერიალი „ SEE “, სადაც მთავარ როლს ჯეისონ მომოა თამაშობს. ამ ტელესერიალში ერთ-ერთი ძალიან სახასიათო როლი მაქვს. იქ უსინათლო ტომები ცხოვრობენ – ჩვენ, ბრმებს ტყეში გვივარდებიან და გვაწიოკებენ. ეს როლი ძალიან მიყვარს _ განსაკუთრებული და სახასიათო კოსტიუმი მაცვია. როლში დიდი შრომა ჩავდე. მარტივია თქვა, აქ ვთამაშობო, რეალურად კი იდგე სცენაზე ისეთი კაშკაშა მსახიობის გვერდით, როგორიც ჯეისონ მომოაა და სხვები, ეს არც ისე ადვილია.
ვითამაშე ტელესერიალ „სახეცვლილი ნახშირბადის“ მასობრივ სცენებში. პრინციპში, ეს უფრო მეორეხარისხოვანი როლი იყო, ვიდრე _ „მასოვკა“, სადაც გადაღებების დროს რეჟისორმა აღმომაჩინა და იცით, ეს რეჟისორი ვინ იყო? არც მეტი და არც ნაკლები, სეტ გორდონი. ეს არის რეჟისორი, რომელმაც გადაიღო მსოფლიოში უპოპულარულესი ტელესერიალი „კარგი ექიმები“. სწორედ ამ საბედისწერო დღის წყალობით გადამიღეს ამ ტელესერიალში, სადაც მე შოკირებული ვიყავი და იცით, რატომ? აი, თქვენ გვერდით რომ უცებ საგრიმიოროში ზის ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი, როგორიც ფრედი ჰაიმორია და გადასაღებ მოედანზე ასეთი ლეგენდის გვერდით თამაშობთ, ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კარგად მახსოვს რა დამემართა, როცა პირველად რეალურად ვნახე და გავიცანი კაშაკაშა ვარსკვლავი კეიტი ლოტცი _ იცით, რა ხდება კანადაში, როცა ლოტცი გადასაღებ მოედანზე გამოდის? აბსოლუტურად იკეტება ირგვლივ ყველაფერი, რადგან ფანების ზღვა დგას, არის წივილ-კივილი და გულის წასვლები. ამ დროს შენ არათუ მის გვერდით დგახარ, არამედ მასთან ფილმში თამაშობ. ეს, დაახლოებით, ნამდვილ ზღაპარს ჰგავს, რადგან ერთ დროს სენაკში გაზრდილი ბიჭი, რომელსაც თავის სამშობლოში კინომსახიობი სურდა გამხდარიყო და ერთი როლი არ აღირსეს, დღეს თამაშობს ასეთი ვარსკვლავების გვერდით. მერე იყო სხვა უამრავი ფილმი: „ THE 100“, „ ASHKE “, „ THE MURDERS “, „ IASMINA “ და მწვერვალი მთავარი როლი „ LA CATRINA “ _ ეს ძალიან სახასიათო და ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო როლია. „ლა კატრინა“ მექსიკური რელიგიის მიხედვით მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. იქ სწამთ და სჯერათ, რომ „ლა კატრინა“ ზეციური სამყაროს ქალღმერთია, რომელიც ეხმარება საზოგადოებას საიქიო გზის გაკვლევაში. ფილმში ნაჩვენები ეპიზოდები დაწერილია სწორედ ამავე ტრადიციებზე დაყრდნობით მექსიკელი აწ უკვე ჰოლივუდში მოღვაწე წარმატებული სცენარისტისა და ავტორ Emerson Hill -ის მიერ. ეს დიდი გამოწვევა და უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის. იცით, დაახლოებით, როგორი რაღაცაა? მექსიკელმა მსახიობმა რომ შეასრულოს ჩვენი რომელიმე წმინდანის როლი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა განხილვა და კრიტიკა დაატყდება თავს. ეს სასწაულად დადებითი პერსონაჟი იყო, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა სჭრდებოდა და ნამდვილი ნიჭით თამაშს მოითხოვდა. კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი პოპულარული ტიპაჟი არის, როდესაც მამაკაცი ქალის როლს ირგებს და რაც ყველაზე სიანტერესოა, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცებს ქალის განსახიერებულმა როლებმა მსოფლიო დიდება და სუპერპოპულარობა მოუტანა. ამ როლზე შესარჩევ კასტინგზე ზუსტად 150 კანადელი და მექსიკელი მსახიობი იბრძოდა და მე დამამტკიცეს. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს?
_ პანდემიის მხრივ რა ხდება, როგორი სიტუაციაა? განახლდა გადაღებები?
_ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყველა კინოსტუდია გაჩერებულია, რადგან აქ ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამ წუთის მონაცემებით ქვეყანას ოფიციალურად 108,023 ინფიცირებული ყავს და 8,765 გარდაცვლილი. პანდემია იმდენად სწრაფად მზარდია, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, კიდევ ვინ იცის, რამდენი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა. პირადად თებერვლიდან არც ერთი როლი არ მითამაშია. მარტში დაგეგმილი იყო გადაღებები, სადაც 5 ძალიან კარგი როლი მქონდა სხვადასხვა ფილმში, ყველა განუსაზღვრელი ვადით გამიუქმდა. არც ერთი ამერიკული კინოსტუდია არ შემოდის ქვეყანაში, უფრო სწორად, ვერ შემოდის, რადგან კანადამ საზღვარი ჩაკეტა შეერთებულ შტატებთან. ადგილობრივი კინოსტუდიები მთავრობის დახმარების პროგრამებზე დასხდნენ და ამიტომ შეწყვიტეს მუშაობა. არის შიგადაშიგ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებები და მცირე კორპორაციული შემოთავაზებები, მაგრამ ასეთ მოწვევებზე უკვე არ დავდივარ, რადგან მაქსიმალურად ვიცავ მთავრობის მოწოდებას, რომ დავრჩეთ სახლში _ მეშინია, აქ ქათმებივით იხოცება ხალხი. გაახარებს უფალი ამ ქვეყნის მთავრობას _ ძალიან კმაყოფილი ვარ, ფორსმაჟორული სიტუაციის დროს ხელისუფლება იმ ხელფასის 80 პროცენტს გვიხდის, რაც გვქონდა პანდემიამდე. ამ ეტაპზე ვარსებობ და ვცოცხლობ იმ იმედით, რომ კორონავირუსი მე არ დამემართება და მალე ისევ უწინდებურად აღდგება მუშაობა და ძველებურად დამაბრუნებს ჩემი სააგენტო კინოსტუდიებში.
_ თქვენ მუშაობდით კლინიკაშიც, მერე გიხილეთ გადასაღებ მოედანზე. სად მუშაობთ, თქვენი ძირითადი საქმიანობა რა არის, ანუ შემოსავლის წყარო?
_ როგორც გითხარით, სანამ მსახიობი გავხდებოდი, პროფესიით ექიმი ვარ და ჰოსპიტალში ვმუშაობდი უმცროს ძმად, ექთანს რომ ეძახიან. აბა, ამ ქვეყანაში ექიმად არავინ დაგნიშნავს, ეს არც ისე ადვილი საქმეა. ექიმი კი არა, ექთანი რომ გავმხდარიყავი, ლამის თავიდან ვისწავლე ამათი მედიცინა. ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა, თუ რა გზა გავიარე დალაგებიდან _ ჰოსპიტალში თეთრ ხალათამდე. იქამდე იყო შავი სამუშაოები, ტანჯვა და წამება, სანამ ამ ქვეყანაში საბუთები მივიღე და ენა ვისწავლე. მეც მომიწია მძიმე სამსახურებში მუშაობა, ყველგან ვმუშაობდი, არ ვთაკილობდი არც ერთ სამუშაოს: დალაგება იქნებოდა, პიცერია, ჭურჭლის მრეცხავი, მშენებლობა თუ ფერმა. ამ ეტაპზე ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ კინოა _ ფულს ჩემი გამომუშავებული როლებიდან ვიღებ. მე კანადის სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ და როცა დახმარება მჭირდება, მთავრობა მეხმარება. ასევვე წლებია, რაც მსოფლიო მოგზაურთა ასოციაციის საპატიო წევრი ვარ ჟენევაში.
_ აი, ეს ნამდვილად არ ვიცოდით.
_ აი, ხედავთ ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, რომ ერთადერთი ქართველი მოგზაური ჰყავდათ, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს ჟენევაში მსოფლიო მოგზაურთა ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი მიიღო. სამაგიეროდ, ყველამ იცის, ვინ იყო პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია. პრესა ყოველთვის იმას წერდა, რაც აწყობდა. ჩემი უდიდესი ჰობია მოგზაურობა. თითქმის ყოველდღურად დავეხეტები ტყეში, მთებში, ტბებსა თუ ბარში. არ მაშინებს წვიმა, თოვლი, არანაირი დაბრკოლება. დავდივარ იქ, სადაც ბინადრობენ დათვები და სხვა მტაცებელი ცხოველები. მიყვარს ექსტრემი და საშიში ადგილების დალაშქვრა. ჩავდივარ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ამის შანსი და შესაძლებლობა მაქვს. არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა და ადგილი, სადაც მომინდეს ჩასვლა და რამემ დამაბრკოლოს.
_ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
_ მსოფლიოს 125 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. 15 წლის ვიყავი, პირველად რომ დავიწყე მოგზაურობა და აგერ უკვე 22 წელია, ამ სფეროში ვარ. წელიწადში ერთხელ საგანგებო მისიით მაგზავნიან ქვეყნებში, საიდანაც ვამზადებ რეპორტაჟს და ვაგზვანი ჟენევაში. მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და მიყვარს ლამაზი ადგილების გადაღება. მოგზაურობისას კი ჩემი სავიზიტო ბარათია ქართული დროშა. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია მოგზაურობა. ჩემი მიზანია ყველგან, სადაც ლამაზ ადგილზე დავდგამ ფეხს, ყველა ქვეყანაში გავშალო ქართული დროშა და ირგვლივ მყოფებს ვუთხრა, რომ მე საქართველოდან ვარ. ამ საქციელით ერთგვარ პიარს ვუწევ ჩემს სამშობლოს, რადგან როდესაც უცხოელები ხედავენ ქართულ დროშას, ისინი ინტერესდებიან და მეკითხებიან თუ რომელი ქვეყნის დროშას დავატარებ. ასე იწყება მათთან კომუნიკაციის პირველი წყარო, რაც, საერთო ჯამში მათი საქართველოსადმი დიდი ინტერესით მთავრდება და მერე თავად ისინი იწყებენ მოგზაურობას ჩვენს სამშობლოში.
_ არ გიჭირთ ოჯახის გარეშე ცხოვრება? როგორც ვიცი, თქვენი შვილები, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები საქართველოში ცხოვრობენ.
_ ძალიან მტკივნეული თემაა. სიტყვა „არ მიჭირს“ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით რასაც განვიცდი, რადგან ამ ცხოვრებამ ორად გამგლიჯა. ერთი ფეხი ოკეანის გაღმა _ საქართველოში და მეორე ფეხი გამოღმა _ კანადაში მაქვს. იცით, მე დაოჯახებული ვარ კანადაში და მყავს ჩემი საყვარელი ბიჭუნა, პატარა ჯასტინი. რომ არა ის, მე აქ ამდენს ვერ გავუძლებდი. მისმა დაბადებამ შემაძლებინა ყველაფერი, რაც ამ დრომდე მოგიყევით და ასევე მყავს საქართველოში პირველი ქორწინებიდან ორი ულამაზესი შვილი, რომლებიც იქ დედასთან იზრდებიან. ისინი ჩემი სიცოცხლე და სიყვარულებია. მე მათი მონატრებით ვათენებ და ვაღამებ.

გიორგი საკარული