ცოტნე აბესაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მორგებულია თანამედროვე ახალგაზრდებზე“

ქვეყნის პოლიტიკური განვითარების _ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმის ავტორი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეა. მისი თქმით, სტრატეგია სამ ძირითად ფასეულობაზეა დაფუძნებული და ესენია: ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი და ძლიერი საქართველო.

რა ფორმით არიან ჩართულები „სტრატეგია აღმაშენებელში“ ახალგაზრდები? რას მოიცავს სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები? როგორ აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში თავიანთ შანსებს ისინი? _ აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრ ცოტნე აბესაძეს ესაუბრა:

_ ცოტნე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. თქვენ რატომ დაინტერესდით და როგორია თქვენი როლი ამ სტრატეგიის ნაწილში?
_ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის პროფესიონალებითა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი, რომელიც ინტესიურ რეჟიმში მუშაობს და ქმნის ქვეყნის განვითარების გეგმას სხვადასხვა კუთხით. ამ დროისთვის სტრატეგია აღმაშენებელს იმაზე მეტი პროფესიონალურად ჩამოყალიბებული განვითარების გეგმა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჯგუფს საქართველოში, რომელიც გამყარებულია კვალიფიციური ექსპერტების მოსაზრებებითა და შეხედულებებით. მაშასადამე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დებს გეგმებს იმისას, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს განვითარება უახლოეს მომავალში, როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე, როგორ უნდა განვავითაროთ განათლება, როგორ უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას, დემოგრაფიულ პრობლემებს, როგორ უნდა ვიმუშაოთ თავდაცვის გაძლიერების კუთხით, როგორ უნდა განვავითაროთ ტურიზმი, სასამართლო სისტემა, წარმოება, ჯანდაცვა და სხვ., შესაბამისად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის შესახებ (და არა მარტო), „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს შემუშავებული აქვს კონკრეტული პროგრამები, რომლის პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ სფეროებში პრობლემების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება, ვიყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი, გამომდინარეობს შემდეგიდან: იქ, სადაც იქმნება საქართველოს განვითარებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის კონკრეტული გეგმები და პროგრამები, ვიღებდე მონაწილეობას და საკუთარი წვლილი შემქონდეს ამ საერთო საქმეში.
_ ახალგაზრდები „ქრონიკა+“-სთან ხშირად აღნიშნავენ განათლების მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ. როგორც ვიცი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ კონკრეტული ხედვა აქვს. როგორ გადაწყვეტთ განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს?
_ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს კომპლექსურად შემუშავებული გეგმა განათლების მიმართულებით, კერძოდ, თხუთმეტი ინიციატივა განათლებაში:

  1. ახალი, 7 კაცისგან დაკომპლექტებული განათლების ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელიც იქნება არჩევითი და მას აირჩევს 80 000-მდე პედაგოგი 7 წლის ვადით. სწორედ ეს ორგანო შეიმუშავებს განათლების განვითარების გრძელვადიან პოლიტიკას, რითაც თავიდან ავიცილებთ განათლების სისტემაში პროგრამების სწრაფ და არაგონივრულ ცვლილებებს, რაც უარყოფითად მოქმედებს განათლების ხარისხზე;
  2. პირდაპირი წესით არჩეული ბაღისა და სკოლის დირექტორები _ რაც გულისხმობს, რომ სკოლისა და ბაღის დირექტორს აირჩევენ სკოლისა და ბაღის პედაგოგები 4 წლის ვადით, რაც უზრუნველყოფს განათლების სისტემაში სკოლების დეპოლიტიზაციას;
  3. პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები 4 წლის ვადით, რაც ასევე უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დეპოლიტიზაციას;
  4. სკოლის დირექტორის ხელფასი მინიმუმ უნდა იყოს 3000 ლარი, რაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების დაინტერესებას ამ მიმართულებით;
  5. საბავშო ბაღის დირექტორის ხელფასი _ 1500 ლარი;
  6. მასწავლებლის მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1000 ლარი, ბაღში _ 700 ლარი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განათლებული, პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დაინტერესება განათლების სფეროს მიმართ გაიზარდოს;
  7. ბაღების ვაუჩერულ სისტემაზე გადაყვანა;
  8. ვაუჩერის გათანაბრება და წლიური 10%-ული ზრდა;
  9. ტოპ 100 უნივერსიტეტთან შექმნილ პროგრამებზე ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტზე პლუს 30% დანამატი დაფინანსებაზე;
  10. უნივერსიტეტს პლუს კვლევა, პლუს პრაქტიკა, საქართველოს კულტურის კვლევითი ცენტრი;
  11. 10 000 გრანტი მომავლის პროფესიების დასაუფლებლად, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიების აიტი, აუთსორსინგი, ეიჯკომპიუტინგი, ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების მიმართულებით პროფესიონალი კადრების აღზრდა;
  12. XXI საუკუნის თანამედროვე სკოლა, სადაც დაემატება ისეთი საგნები, როგორიც არის ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლის, თანამედროვე ეკონომიკის საბაზისო ცოდნის განვითარებისა და სხვა თანამედროვე აუცილებელი მიმართულებების განვითარება;
  13. თანამშრომლობითი სამიტი 5000 მასწავლებლისთვის წელიწადში ორჯერ, სადაც ტოპ 5000 პედაგოგის შკრებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და მიდგომები გაუზიარონ ერთმანეთს;
  14. მასწავლებელთა დახელოვნებითი ცენტრები რუსთავსა და ქუთაისში, სადაც პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ მასწავლებელთა სწრაფი, მოკლევადიანი და ეფექტიანი გადამზადებებისთვის;
  15. ყოველწლიურად 500 წარჩინებული პედაგოგის სტაჟირება უცხოეთში.
    ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ 15 ინიციატივის განხორციელება პრაქტიკაში განათლების სისტემას აქცევს დეპოლიტიზებულს, მოდერნიზებულსა და დეცენტრალიზებულს.
    _ რამდენად რეალისტურია თქვენი ხედვები დასაქმების პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და რა გამოწვევებია დასაძლევი ამ მიმართულებით?
    _ სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია ეროვნული წარმოების განვითარება. ამჟამად, დაბალი მწარმოებლურობის შედეგად, ქვეყანში არ იქმნება სამუშაო ადგილები და იზრდება სიღარიბე. საქართველოში 221.0 ათასი ადამიანი უმუშევარია, რაც სამუშაო ძალის 12.7%-ს შეადგენს, ჯამურად კი 3.7-მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი სამსახურს ეძებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმოების განვითრების პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას სამუშაო ადგილები, შეამციროს იმპორტდამოკიდებულება და მაქსიმალურად აითვისოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალი ინდუსტრიული პარკების განვითარების გზით: ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და წარმატების გარანტია სამეცნიერო ინოვაციებზე, ტექნოლოგიებსა და განათლების ხარისხზე ორიენტირებაა. მეცნიერებისა და ინოვაციების პრიორიტეტად ქცევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოების გაძლიერებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალგაზრდა ტალანტების ქვეყანაში დასაქმებასა და საერთო დოვლათის შექმნას საზოგადოებრივი სიკეთისათვის. ჩვენი ინიციატივა მოიცავს 2 IT/blokCein ქალაქის გაშენებას რუსთავსა და ქუთაისში, ხოლო ჩვენი მიზნები იყოფა ორ ეტაპად: საშუალო და გრძელვადიანი. 2025 წლისთვის თითო IT ქალაქიდან მხოლოდ კომპიუტერული სერვისების ექსპორტი $350-400 მილიონს მიაღწევს, დასაქმდება 15,000 ადამიანი (ჯამურად 30.000), ხოლო საშუალო ხელფასი იქნება არანაკლებ $2200-ისა, უკვე 2030 წელს კი კომპიუტერული სერვისების ექსპორტი თითო ქალაქში მიაღწევს $1.3 მილიარდს (ჯამურად $2.6 მლრდ.), დასაქმდება 35.000 ადამიანი (ჯამურად 70.000), ხელფასი კი საშუალოდ $3100-ს გადააჭარბებს. ასევე კონკრეტული ხედვები გვაქვს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესცენტრების იგივე კონგრესჰოლების განვითარების კუთხით.
    _ როგორია უშუალოდ ახალგაზრდების მონაწილეობა „სტრატეგია აღმაშენებელში“? რა ფორმით არიან ისინი ჩართულები?
    _ იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი პროგრამა და გეგმა ახალგაზრდების ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარეშე ვერანაირად ვერ იქნება პერსპექტიული, ვინაიდან სწორედ ახალგაზრდობაა საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ყველაზე მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში, ეს დამოკიდებულება ზედმიწევნით ზუსტად არის გათვალისწინებული „სტარტეგია აღმაშენებლის“ გუნდის ფორმირებაში. იგი მორგებულია თანამედროვე განათლებულ ახალგაზრდებზე და ისინი სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ მუშაობის პროცესში.
    _ რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს გიორგი ვაშაძის გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რა უპირატესობას ფლობთ სხვა პარტიებთან შედარებით?
    _ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ეს არის უპრეცედენტო ქართულ რეალობაში და ქართველი ახალგაზრდების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, მტკიცე პროტესტისა თუ დაღვრილი სისხლის ფასად, ვინაიდან ჩვენ გადავედით არსებითად პროპორციულ არჩევნებზე, სადაც მოსახლეობის ხმა და მოსახლეობის შეხედულებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკური ლიდერებისადმი მაქსიმალურად აისახება ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში. ვფიქრობ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ლიდერი გიორგი ვაშაძე გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ახალი პროდასავლური, კოალიციური და ყველასთვის მისაღები განვითარებისთვის ორიენტირებული მთავრობის ფორმირების პროცესში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტრატეგია აღმაშენებლისა და მისი ხელმძღვანელის უპირატესობა სხვა ნებისმიერი გუნდის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარ შემუშავებული კომპლექსური, დახვეწილი და ქვეყნის შეუქცევადად განვითარებისთვის მომართული სტრატეგიები, რომლებიც ერთიანდება სტრატეგია აღმაშენებლის ფორმატით.
    _ როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდების როლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში?
    _ ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტასა და პოლიტიკური ამინდის შექმნაში დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე მანამდე. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, 20 ივნისს რუსთაველზე გამოვედით და დავამტკიცეთ, რომ ამ ქვეყნის ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები ჩვენში გაცილებით უფრო მყარი და ძლიერია, ვიდრე ეს ჰგონიათ მოსკოვში და ეგონათ თბილისშიც. ვხედავთ, რომ შეიქმნა და შედეგიანად აქტიურობს სამი დიდი ახალგაზრდული ჯგუფი, როგორებიც არიან: „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილია“. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა და ახალგაზრდების მონაწილეობა იქნება გადამწყვეტი იმ შედეგის მისაღწევად, რაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარების რელსებზე გადასაყვანად. ამისთვის აუცილებელია ახალი, კოალიციური, პროდასავლური პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა, რომელიც იმუშავებს ქვეყნის უკუსვლის შეჩერებაზე და სწრაფად მისი განვითარების გზაზე გადასაყვანად.
    „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და გიორგი ვაშაძის გუნდი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული, მოდერნიზებული და ინოვაციური ჯგუფი, რომელიც ასევე აუცილებლად ჩაერთვება საერთო მიზნისთვის ბრძოლაში.

ნენე ინჯგია