როგორ მიისაკუთრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ წართმეული ბინა?

10726638_10204237482832657_1013879677_n

უახლოეს მომავალში ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სასამართლოში შესაძლებელია, საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდეს. ამ რეზონანსულ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ფიგურირებს.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის გარემოცვის წარმომადგენელთა გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხთან დაკავშირებით კვლევა დაასრულა. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ სარფის საბაჟოს უფროსის ყოფილი მოადგილის, როლანდ ბლადაძის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებები ტოვებს ღია დასკვნების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით პიროვნების დევნას, მისი სამოქალაქო უფლებების უხეშ დარღვევას, რაც, საბოლოო ჯამში, დასრულდა იმით, რომ ბლადაძემ იძულებით დატოვა საქართველო და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო.

ამ საქმეში მთავარი შეკითხვა უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის კეთილსინდისიერების საკითხს, რომელიც დღესაც როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს. პაპუაშვილმა ბლადაძის ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოსგან იმ ვითარებაში მიიღო, როდესაც საქმეზე სასამართლოებში არაერთი დავა მიმდინარეობდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ყველაზე მაღალი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მართებდა, როდესაც ბლადაძის უძრავი ქონების მიღებაზე სამართლებრივ პროცედურებს იწყებდა.

1990-იანი წლებიდან როლანდ ბლადაძე აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის გარემოცვასთან დაახლოებული ადმინისტრაციული თანამდებობის პირი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს საბაჟო დაცვის სამსახურში საქმიანობდა. 2001 წლიდან 2004 წლის აპრილამდე მუშაობდა სარფის გამშვები საგუშაგოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა უფლებამოსილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუწყდა. განთავისუფლების ბრძანებაში საბაჟო სამმართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ოფიციალურ მიზეზად აღნიშნა, რომ ბლადაძე სამსახურში უცნობი მიზეზების გამო არ ცხადდებოდა, რითაც ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, სინამდვილეში კი მან საქართველოდან ფარულად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რა დროსაც აჭარის ა/რ პროკურატურამ ბლადაძის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, სასამართლომ კი მიიღო გადაწყვეტილება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ. როლანდ ბლადაძე იმ პირთა შორის აღმოჩნდა, რომელთაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ წაართვეს. სამართალდამცველი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული ორგანოები შეთანხმებულნი აღმოჩნდნენ, ემოქმედათ შერჩევითი სამართლის გამოყენებით, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო აჭარის ყოფილ მეთაურთან დაკავშირებული მოხელეების გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხი.

მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, ბლადაძის სახლში ცხოვრობს, საქმეზე კი სამართლებრივი დავა გრძელდება, თუმცა უშედეგოდ. 2013 წლის ივნისში როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, რამაც კანონერი საფუძველი შექმნა, უძრავი ქონების დაბრუნებაზე სამართლებრივი მოქმედებები გაძლიერებულიყო, მაგრამ ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების პირობებში, სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლობას სპობს, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ბათილობის საკითხი დასაშვებად ცნოს, რადგანაც სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გასაჩივრებიდან უკვე გასულია დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა.

 

როლანდ ბლადაძე:

_ აჭარის რევოლუციის შემდეგ, სანამ საქართველოს დავტოვებდი, ორჯერ დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მთავაზობდნენ, ჩამოდი, „რუსთავი 2“-ის ეთერით გალანძღე აბაშიძე და ამის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებ მუშაობასო. უარი ვუთხარი.  დათა ახალაია მანამდე მთელი თვე სამსახურში მეჯდა, როგორც პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი და საბაჟოზე პირადად აკონტროლებდა ყველაფერს. თბილისში ჩასვლის შემდეგ ტელევიზიითაც თქვა, სარფში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოვაჩინეო. ახალაიას ზარის შემდეგ საქართველო დავტოვე. ჩემი წასვლის მერე მამაჩემთანაც მისულან, უთხოვიათ, როგორმე გაგვიყვანე კონტაქტზეო. უკვე აშკარად მოითხოვდნენ ფულს, ჯერ 500 000 თქვეს, შემდეგ 50 000-ზე ჩამოვიდნენ. როცა თანხის გადახდაზე უარი განვაცხადე, დაიწყო მუქარები, _ თუ არ გადაიხდი, სახლს წაგართმევთო! მე მარტო წავედი მოსკოვში, მეუღლე და სამი შვილი ბათუმში დავტოვე. ერთ მშვენიერ დღეს ნიღბიანები შეიჭრნენ სახლში და მეუღლე სამი მცირეწლოვანი შვილით გარეთ გამოაგდეს. ჩემი პატარა ერთ ნიღბიანთან მისულა და შეხვეწია, არ გაგვყარო აქედანო, მას კი ბავშვისთვის ხელი გაურტყამს. ეს ის პერიოდია, როცა ასლან აბაშიძის ხელისუფლების წევრებს შიშის გამო ქუჩაში არავინ ესალმებოდა. ვინ გაბედავდა მათ შეფარებას? ხან ერთ ნათესავთან იმალებოდნენ, ხან _ მეორესთან. მთელი წელი ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ. ამის შემდეგ მოსკოვში მათი წაყვანა მოვახერხე. გამოსახლების დროს უკვე ვიცოდით, რომ ჩვენს სახლში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი უნდა შესულიყო… ახლა ამბობს, არ ვიცოდი, რომ წართმეული იყოო. როგორ არ იცოდა, რამდენჯერმე გავუგზავნე საერთო ნაცნობები და შევუთვალე, _ რას აკეთებ, ეს ყველაფერი ცვალებადია და ცოდვას ნუ დაიდებ-მეთქი. მან ჩვენი ბინა ისე დაიკავა, არანაირი უხერხულობა არ უგრძნია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სამართლის დაცვას მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში გამოყრა არჩია. ჩემმა მეუღლემ შეუთვალა, ბავშვებმა იმდენი ცრემლი დაღვარეს ამ ბინაში, მაინც ვერ გაიხარებო. პაპუაშვილის პასუხი ასეთი იყო: არსად წასვლას არ ვაპირებო“. სხვათა შორის, როცა გავიგე, რომ ჩემს სახლში პაპუაშვილი შეასახლეს, გიორგი თარგამაძე „იმედში“ მუშაობდა. დავურეკე და ვთხოვე, სიუჟეტი გააკეთე-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა, მაგრამ რამდენიმე დღეში უარი მითხრა, _ ეკა ხოფერია მუშაობს ჩემთან და პაპუაშვილი მისი დისქმარიაო.

აჭარის ხელისუფლებას ჩემი ბინა ბევრისთვის შეუთავაზებია, მაგრამ არავინ შესულა გიორგი პაპუაშვილის გარდა. ყველამ უარი თქვა, _ აქ პატარა ბავშვები ცხოვრობენ და მათ ცოდვას ვერ დავიდებთ, მით უმეტეს, რომ ბინა უკანონოდ არის ჩამორთმეულიო. პაპუაშვილის მეუღლეს, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ეკა ხოფერიას და არის, ძალიან მოსწონებია ჩემი ბინა. ადვოკატი ურჩევდა, არ შეხვიდეთ ამ ბინაში, უკანონოდ არის ჩამორთმეულიო, მაგრამ მას დაუჟინებია, გინდა თუ არა, ეს ბინა მომწონსო… როცა იგებენ, რომ ჩემს ბინაში გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს, ყველა თავიდან იცილებს საქმეს. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჩემთვის წართმეული ბინის გაყიდვას აპირებს. როგორც ჩანს, შეეშინდა, რომ ბინას დავიბრუნებ და ცდილობს, ნაძარცვი ქონება თავიდან მოიშოროს, რომ ფული მაინც შერჩეს. მოვუწოდებ ყველას, არ იყიდოს ბინა გიორგი პაპუაშვილისგან, რადგან ეს ბინა ჩემია და მისი შემძენი კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლება. ადრე თუ გვიან, მაინც დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!

არჩილ კაიკაციშვილი _ სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი:

_ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა პოლიტიკური მმართველობის ცვლილებამ საზოგადოების წინაშე არაერთი სისტემური დანაშაულის ჩადენის ფაქტი გახადა ცნობილი. მათ შორის ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა იმ მოქალაქეების მიმართ არსებობს, რომლებსაც 2004-2012 წლებში საკუთრება დაათმობინეს და სამართლიანი სასამართლოს უფლება შეულახეს. მოქალაქეების მიერ საკუთრების მასობრივად მიტოვებისა და სახელმწიფოსთვის ჩუქების შემთხვევებმა, აგრეთვე მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირების ფაქტებმა ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ათმობინებდნენ კერძო პირებს საკუთრებებს, თუმცა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოსულმა ხელისუფლებამ საკუთრების დათმობისა და ხელყოფის ყველაზე მასშტაბური მოქმედება აჭარაში განახორციელა. 2004 წლის „აჭარის რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც აჭარაში შემოიღეს პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა და დასრულდა აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის მრავალწლიანი მმართველობა, დაიწყო აჭარის ყოფილი მეთაურისა და მასთან დაკავშირებული გარემოცვის პოლიტიკური დევნა, მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, რეგიონის მაღალჩინოსანთა რეპრესიები და მათი ქონების გადანაწილების პროცესი.

2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში აჭარაში საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ ჩადენილი უკანონო მოქმედებები მთლიანად შესასწავლია. ჯერ არ მომზადებულა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები, თუ რა ზიანი მიადგათ მოქალაქეებს, რომლებმაც იძულება მიიღეს პოლიტიკური ნიშნით, მათი გამოკვეთილი სამოქალაქო პოზიციის გამო, თუმცა როლანდ ბლადაძის საქმე, შეიძლება ითქვას, საკმარისი ისტორია იქნება, რომელიც რეგიონში პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ, ქონების წართმევის რთულ ისტორიას გადმოსცემს. ამასთან, მკაფიოდ წარმოაჩენს მმართველობის იმ სტილს და ფორმებს, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ არსებობდა. წარმოაჩენს სისტემას მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების არამართლზომიერი მოქმედებების შედეგად, იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო, ოჯახით საცხოვრებლად წასულიყო რუსეთის ფედერაციაში და ამ ფორმით დაეცვა პიროვნული უსაფრთხოება.

2013 წლის 18 ივნისს როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა მას შემდეგ, რაც აჭარის ა/რ პროკურატურამ ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და სახელმწიფოს მხრიდან ქონების ჩამორთმევის ფაქტის დელეგიტიმაცია ღიად მოხდა, სახელწოდებით: „წადი ჩემი სახლიდან“, ბლადაძის ჩამორთმეულ სახლთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პაპუაშვილის მიმართ, საპროტესტო აქცია გამართეს. მიუხედავად სამართლებრივი ძალისხმევისა, ამ საქმეზე სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ მომხდარა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მოქმედი ხელისუფლების შემდგომ საერთო გადაწყვეტილებასთან.

კვლევის განხორციელების პროცესში საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის დროს დაადგინდა, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2014 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რეგისტრირებულია 60 მოქალაქის განაცხადი საკუთრების უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 12 აგვისტოს საჯარო განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს, თუ რა ბედი ეწევათ მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება. `მინდა, განვუმარტო მოქალაქეებს, რომელთა უფლებები უხეშად, ძალადობით, სისატიკით ირღვეოდა წლების განმავლობაში, რომ სახელმწიფო, ჩვენ, 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ მათი უფლებების აღდგენისთვის. პროკურატურამ, პრაქტიკულად, დაასრულა მათ საქმეებზე მუშაობა _ საქმეების შესწავლა ბოლო ეტაპზეა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას შევატყობინებთ, რა ბედი ეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება, ბიზნესი, სიცოცხლე. ჩვენი ვალია, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ყველა დანაშაულს დაერქმევა თავისი სახელი და ჭეშმარიტება სამუდამოდ დადგინდება“, _ აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის ინფორმაციითაც, პროკურატურამ ამ ტიპის საქმეების სისტემატიზაცია უკვე მოახდინა.

განვიხილოთ როლანდ ბლადაძის საქმის სამართლებრივი მხარე, რომელიც ასე გამოიყურება: 2004 წლის 13 ივნისს აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შპს „ბათუმგამწვანების“ ხელმძღვანელობის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სამართლებრივი საფუძველი გახდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერების მიმართ. საქმის წარმოების ისტორიამ მიუთითა, რომ შპს „ბათუმგამწვანების“ დირექტორ ედნარ შამილიშვილს, 2003 წლის მაისიდან 2003 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო წესების დარღვევით, შემოჰქონდა დიდი ოდენობის ფინიკის პალმები. საქმეზე ბრალდებულის სახით დაკითხულმა ედნარ შამილიშვილმა მიუთითა, რომ ფინიკის პალმები აჭარაში რეგიონის იმდროინდელი მეთაურის, ასლან აბაშიძის დავალებით აჭარის მთავრობას შემოჰქონდა.

ედნარ შამილიშვილის ჩვენებით, ასლან აბაშიძის დავალების თანახმად, შპს „ბათუმგამწვანებას“ ჩაერიცხებოდა 700 000 ლარი, თუმცა ეს თანხა აღნიშნულ კომპანიას უნდა გადაეცა აჭარის ყოფილი მეთაურის მიერ კომპანიის დირექტორისთვის გაცნობილ თურქი ეროვნების მოქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პალმები შეიძინეს და შემოიტანეს თურქეთის რესპუბლიკიდან, შამილიშვილს უნდა შეედგინა ყალბი დოკუმენტაცია, თითქოს მან აღნიშნული პალმები შეიძინა აჭარაში მცხოვრები ფიზიკური პირისგან. საქმეში აღნიშნულია, თითქოსდა ასლან აბაშიძემ ედნარ შამილიშვილი დაარწმუნა, რომ პალმების შემოტანისას მას საბაჟოს თანამშრომომლები პრობლემას არ შეუქმნიდნენ. ამასთან, აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2004 წლის 2 ივლისის შუალედური აქტის მიხედვით ჩანს, რომ აღნიშნული პალმები საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ საბაჟო ტვირთად რეგისტრირებულია, მაგრამ შემდეგ ისინი არ არის მოქცეული საბაჟო რეჟიმში და, შესაბამისად, არ არის განბაჟებული, რის გამოც დარღვეულია საბაჟო კოდექსის მოთხოვნები.

2004 წლის 13 ივნისს აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა, შოთა ბოლქვაძემ, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მომზადებული მასალების საფუძველზე, რომელიც ფინიკის პალმების ისტორიას გადმოსცემდა, მიიღო დადგენილება როლანდ ბლადაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დაწყების შესახებ. აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ზემოთ აღნიშნული სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ილია ქარცივაძემ, მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნეს, რომ კონტროლის პალატის აქტში არ იყო მითითებული, თითქოსდა პალმების განუბაჟებლობა გამოწვეული იყო პირადად როლანდ ბლადაძის, ან საბაჟოს რომელიმე სხვა თანამშრომლის უკანონო მოქმედებით. აღნიშნული გარემოება უნდა დადგენილიყო გამოძიებით 2004 წლის 25 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, როლანდ ბლადაძეს დაუსწრებლად წაეყენა ბრალდება და ბრალდებულის სახით მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ბლადაძის მიმართ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ: „როლანდ ბლადაძე მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და იყო რა მოხელე და ევალებოდა რა გამშვებ პუნქტ „სარფის“ საქმიანობის ნორმალური წარმართვის უზრუნველყოფა, განზრახ არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, 2003 წლის მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით განვლილ პერიოდში არ უზრუნველყო სათანადო კონტროლი მის დაქვემდებარებაში მყოფი მებაჟეების მიერ საქართველოში სარფის საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილი მოძრავი ტვირთის განბაჟებაზე, რის შედეგადაც ქ. ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორმა, ედნარ შამილიშვილმა, თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინიკის ჯიშის პალმები და ყვავილები. კერძოდ, მითითებული დროის განმავლობაში შამილიშვილმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოიტანა 1020 ცალი პალმა _ საერთო ღირებულებით 15 050 აშშ დოლარი და ყვავილები 153 000 ძირი _ საერთო ღირებულებით 900 აშშ დოლარი, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადის სახით დააკლდა 15 950 აშშ დოლარის გადასახადი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“.

2004 წლის 26 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურორმა, გიორგი პაპუაშვილმა, სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და როლანდ ბლადაძის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. პროკურატურის სარჩელში ვკითხულობთ: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა სარჩელში აღნიშნული მოპასუხის ქონება მიჩნეულ იქნეს დაუსაბუთებლად, რისი მტკიცების საფუძველზე იძლევა შემდეგი არგუმენტაცია: დასახელებული თანამდებობის პირის შემოსავლების შესახებ მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ოდენობის შემოსავალი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სარჩელში ჩამოთვლილი ქონების მოპოვებას. სწორედ ამ გარემოებამ აღგვიძრა ის ვარაუდი, რომელიც განაპირობებს, თავის მხრივ, წინამდებარე სარჩელის წამოყენებას. კერძოდ, როლანდ ბლადაძე 2001 წლიდან 2004 წლის აპრილამდე მუშაობდა სარფის გამშვები საგუშაგოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი 12579,39 ლარი~. პროკურატურამ სასამართლოს სარჩელით მიუთითა, რომ ბლადაძეს ეკუთვნოდა შემდეგი ქონება, რომელიც უნდა აღიარებულიყო უკანონოდ, დაუსაბუთებლად, მომხდარიყო ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა: საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ერას ქ. N37, ბ.8, საერთო ფართი: 215,6 კვ.მ.; საცხოვრებელი სახლი ქობულეთის რაიონის სოფელ სამებაში; საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში ნ. დუმბაძის ქუჩაზე; მიწის ნაკვეთი ქობულეთის რაიონის სოფელ სამებაში; ავტომანქანა „მერსედეს-ბენც“WMW  009 ღირებული 40000-ად; ავტომანქანა გაზ-31-10, სახელმწიფო ნომრით, IOO 462.

2004 წლის 30 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურორმა, გიორგი პაპუაშვილმა, ხელი მოაწერა მინდობილობას საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ვალერიან ცერცვაძის, პროკურორების გიორგი ხიზანიშვილისა და ვლადიმერ ხუჭუას მიმართ, რათა საქართველოს პროკურატურის სახელით განეხორციელებინათ კანონმდებლობით დადგენილი ყველა საპროცესო მოქმედება.

ბლადაძის საქმესთან ერთად, პროკურორები აღიჭურვნენ უფლებამოსილებით, რომ სასამართლოში პროკურატურის ინტერესები დაეცვათ ასლან აბაშიძის, იოსებ გოგიტიძის, როსტომ ბოლქვაძის, ირაკლი აბაშიძის, თეიმურაზ კომახიძის, დავით ბაკურიძის, სერგო გოგიტიძის, თეიმურაზ კომახიძის, გურამ გოგიტიძის, ელგუჯა მოწყობილის, ჯემალ გვარიშვილის, ტარიელ ხალვაშის, ინა ხარაზის, თამაზ ანანიძის, მათი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მათთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე წარმოებულ სასამართლო პროცესებში, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი. ყველა დასახელებული პირი, 2000-2003 წლებში, აჭარის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს წარმოადგენდა.

2004 წლის 9 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, როლანდ ბლადაძეს შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით და ამავე დღეს გამოიტანეს დადგენილება მისი ძებნის გამოცხადების შესახებ. 10 სექტემბერს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მოსამართლეების: დავით ანანიძის (თავმჯდომარე), რეზო ბერიძისა და ილია ქამადაძის, ასევე პროკურორების: ვალერიან ცერცვაძის, გიორგი ხიზანიშვილისა და ვლადიმერ ხუჭუას მონაწილეობით როლანდ ბლადაძის საქმეზე საქმისწარმოება განაახლა. სხდომას არ დასწრებია მოპასუხე ბლადაძე და არც მისი კანონიერი წარმომადგენელი. ბრალდების მხარეს სასამართლოს მიმართ არ ჰქონია აცილება, განცხადება და არც შუამდგომლობა. სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სხდომა დაიწყო 16:00 საათზე და დასრულდა 17:00 საათზე. სასამართლო კოლეგიამ, სათათბირო ოთახში გასვლის შემდგომ, ბლადაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კერძოდ, პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედასამებაში არსებული უძრავი ქონების გარდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნეს დანარჩენი ქონება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: `საქმეში წარმოდგენილი ცნობიდან ირკვევა, რომ სარჩელში მითითებული სახლი ქობულეთის რაიონის სოფელ სამებაში ეკუთვნის მოპასუხე როლანდ ბლადაძის მამას, უსუფ ბლადაძეს და არის მათი მამაპაპისეული სახლი, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის ამ ნაწილში უნდა ეთქვას უარი. სარჩელის დანარჩენი ქონების ნაწილში პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. გამოცხადდეს იგი უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად, ჩამოერთვას მოპასუხეს და რადგანაც არ არის ამ ქონების სხვა მესაკუთრე, გადაეცეს სახელმწიფოს. საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები, ან ამ სახსრების კანონიერი გზით მოპოვებისთვის საჭირო გადასახადების გადახდის დოკუმენტები. ამდენად, პროკურორის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოპასუხეს არ შეეძლო საკუთარი ხელფასით და კანონიერი გზით ამ ქონების შეძენა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რაც იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს“. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, როლანდ ბლადაძეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდაც დაეკისრა.

ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 12 ნოემბერს, ხოლო 30 ნოემბერს სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი ბლადაძის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შპს „კონსალტინგ აუდიტმა“ 2004 წლის 22 სექტემბერს წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა და როლანდ ბლადაძის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების, ბინების, სატრანსპორტო საშუალებების, საზოგადოებებში წილებისა და აქციების ღირებულება შეაფასა 70 000 ლარად.

2004 წლის 17 ნოემბერს აჭარის ა/რ პროკურატურამ ბლადაძეს ბრალდება დაუმძიმა და, სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენების გარდა, შეერაცხა გამოძალვა, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მიღების მოთხოვნა ძალადობის გამოყენების მუქარით. პროკურატურამ მოქალაქე მიხეილ ბოგვერაძე ერთ-ერთ საქმეზე დაკითხვის დროს დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ ცნო, რომელმაც აღნიშნა, რომ მესამე პირის სასარგებლოდ ბლადაძე თითქსოდა ცდილობდა თანხის ამოღებას. 2013 წლის 12 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, აღნიშნული ეპიზოდის განხილვის დროსაც აღმოჩნდება, რომ როლანდ ბალდაძის მიმართ წაყენებული ეს ბრალდებაც უსაფუძვლო იყო.

2006 წელს როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს. სასარჩელო განცხადებაში აღინიშნა, რომ ბლადაძის მეუღლემ, მარინა ესელიძემ, 2006 წლის 22 მარტს აჭარის სააღსრულებო ბიუროდან მიიღო გაფრთხილება ბლადაძის მიმართ დაკისრებული 5000 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბლადაძის ოჯახისთვის, ასეთი გაფრთხილების მიღებამდე, ცნობილი არ ყოფილა. სასამართლოს მიემართა კიდევ ერთი საყურადღებო გარემოების შესახებაც, რა დროსაც ესელიძის მიერ მოძიებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონების ნაწილი ეკუთვნოდა არა როლანდ ბლადაძეს, არამედ უშუალოდ მას. მარინა ესელიძის სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000 ლარის აღსრულება იწყებოდა თავის ქონებაზე, რომელიც არღვევდა მის კანონიერ უფლებებს. 2006 წლის 29 მარტის განჩინებით სასამართლომ მარინა ესელიძის სასარჩელო განცხადება დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მართალია, იგი არ არის მოვალე, მაგრამ აღსრულება მიქცეულია იმ ქონებაზე, რაც წარმოადგენს მის ინტერესს. სასამართლოს განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა.

2006 წლის 14 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა, გელა თავდგირიძემ და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 და 10 სექტემბრის გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილის, დაუსაბუთებლად ცნობილი ქონების ჩამორთმევისა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ განმარტება მოითხოვა.

 

                                                                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)