როგორ შენდება მოკლული ქართული ბიზნესის საძირკველზე რუსული ბიზნესი?!

როცა გვიჩნდება კითხვა, როგორ შემოდის ჩვენთან რუსეთი, პასუხი მარტივია, _ რბილი ანექსიით, ფულით და ხონჩით. მან იცის, რომ მშიერი კუჭის დაპურებით შეიძლება, ადამიანების გონება დაბინდოს და დაავიწყოს მათ ყველაფერი, რაც ბოლო 200 წელზე მეტია, ხდება ჩვენს ქვეყანაში.

კახეთში რუსეთი ამერიკული დოლარით შემოდის და რუსული რუბლისთვის ყიდულობს მიწებს, აშენებს საწარმოებს, აგებს შატოებს, წურავს ყურძენს, ცდილობს ააშენოს ჰესები და რაც მნიშვნელოვანია, რუსეთი ამას არათუ კახეთის შუაგულიდან, არამედ მისი საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებიდან იწყებს.
30 წლის წინათ ლაგოდეხის მცხოვრებთა უმრავლესობა კაზაკები, მალაკნები და კრასნოდარის მხარიდან გადმოსახლებული რუსები იყვნენ. წლების მანძილზე ლაგოდეხი საბჭოთა ეპოქის დროს იზრდებოდა და აქ სახლობდნენ ოსები ოსური სოფლებით, პოლონელები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, ვოლგისპირეთის გერმანელები, შიდა მიგრაციის დროს ჩამოსახლებული იმერლები და რაჭველები, მათ რიცხვს მხოლოდ მოგვიანებით შეემატა აჭარლები. ლაგოდეხი ის გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც რამდენიმე აზერბაიჯანული სოფელი არსებობს. ლაგოდეხი საქართველოს საზღვრისპირა რაიონია და მისი სოფლები ერთგვარ ჯარისკაცების როლშიც კი გვევლინებიან მიწისა და საზღვრის დასაცავად. საბჭოთა კავშირის დაშლამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, _ აქაც: უმეტესი მოსახლეობა რუსეთში გადასახლდა. დღეს ლაგოდეხის საერთო მოსახლეობის 5%-ზე ცოტა მეტს წარმოადგენს რუსი ერი.
ლაგოდეხი ერთგვარად კარგი საზრდოა ოკუპანტისთვის, რადგან აქ არავის გაჰკვირვებია ვლადიმერ ხომერიკის გამოჩენა, როგორც არავის გაჰკვირვებია მამა-შვილ მოისენკოვების დაფუძნება. რუსეთის მოქალაქე ოლგა და ვლადიმირ მოისეენკოვებმა წლების წინათ დაიწყეს ლაგოდეხში მიწების შესყიდვა. თავდაპირველად მათ კერძო პირებისაგან შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო მიწები ლელიანში, ჭაბუკიანში, გურჯაანის მიმდებარედ, სოფელ აფენის მიდამოებში. მოგვიანებით კი, 2017 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ. მ. მიწის ნაკვეთი გაიყიდა. სამივე ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.
რუსეთის მოქალაქეების კუთვნილმა შპს „პიროუზმა“ სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონზე იყიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ.მ. ფართობის 3 მიწის ნაკვეთი, რაშიც 78 000 ლარი გადაიხადა. მანამდე იმავე კომპანიის საკუთრებაში ირიცხებოდა ლაგოდეხში მდებარე დაახლოებით 183 000 კვ. მ. მიწა.
2017 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ. მ. მიწის ნაკვეთი გაიყიდა. სამივე ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.
პრივატიზებული მიწის ნაკვეთები შეიძინა შპს „პიროუზმა“, რომელმაც 78 000 ლარი გადაიხადა. ქონების შემძენის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2017 წლის 11 აპრილს დარეგისტრირდა.
ოფიციალური მონაცემებით, შპს-ს მესაკუთრეები 2012 წლის 8 ივნისიდან არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები _ ოლგა მოისეენკოვა (50%-ის მფლობელი და დირექტორი) და მისი მამა _ ვლადიმირ მოისეენკოვი (50%).
რუსი ბიზნესმენებისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთების მიყიდვის კონკრეტული მიზანი წლების მანძლზე უცნობი იყო, რადგან სახელმწიფოს მიერ კომპანიასთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ ჩანდა. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ რუსმა ბიზნესმენებმა ლაგოდეხში საწარმოს გახსნა გადაწყვიტეს და პლანტაციებზე ვარდიც გააშენეს.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში კომპანია „გრინ ვილიჯმა“ ვარდის ზეთის წარმოება 2017 წელსვე დაიწყო.
„კაზაკსკი“ ჯიშის ვარდის პლანტაციები დღეს ჭაბუკიანის, ლელიანისა და ლაგოდეხის სხვადასხვა სოფლების შემოგარენშიაა. „კაზაკსკი“ ვარდის ყვავილობა მაისის შუა რიცხვებში იწყება და დაახლოებით 40 დღე გრძელდება. ვარდს ხელით კრეფენ. დაკრეფის შემდეგ მოსავალი სწრაფად მუშავდება, რომ არ გამოშრეს და ხარისხი არ დაკარგოს. ვარდის ზეთი ეთერზეთების ყველაზე ძვირფასი სახეობაა. იყენებენ სუნამოების დასამზადებლად და ფარმაციაში. ვარდის ზეთი 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო უნარი აქვს. ერთი ლიტრი ვარდის ზეთის მისაღებად 3 ტონა ვარდის ფოთოლია საჭირო, ამიტომ მისი ზეთი ძალიან ძვირია.
სასარგებლო თვისებების გამო 1 ლიტრი ვარდის ზეთის ღირებულება, ადგილწარმოშობის მიხედვით, 10 000-15 000 დოლარს აღწევს.
მოისეენკოვებს ლაგოდეხის რაიონში ეთერზეთების ვარდი 82 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. აქედან 50 ჰექტარზე კომპანიამ ვარდი 2017 წელს გააშენა. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ვარდის წარმოების განვითარებისთვის საქართველოში 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს და 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.
არადა, კომპანია „კოპალა“, რომელიც საქართველოში ერთადერთი ვარდის ზეთის მწარმოებელი იყო, სამწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ 2014 წელს წარმოების დაწყებას ცდილობდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვაჟა ლეშკაშელი ყვებოდა, მისი კომპანია ლოპოტის ტბასთან სიახლოვის გამო ძველი ხელისუფლების ინტერესის არეალში მოხვდა. შესაბამისად, 2011 წელს მას თავისუფლების აღკვეთის მუქარით არასასოფლო-სამეურნეო მიწა თავის ქარხანასთან ერთად მიზერულ თანხად დაათმობინეს.
„37 დღის განმავლობაში ციხეში ვიჯექი, ბოლოს მეუღლეზე მინდობილობა გავაფორმე და ქონება დავთმე. არადა, სრულიად ახალი ქარხანა იყო, თურქეთიდან ჩამოვიტანე და აქ ავაწყვე.
ისევ კუსტარულად მომიწევდა ვარდის ზეთის გამოხდა, როგორც წლების წინათ, როცა ბიზნესი დავიწყე“, _ აღნიშნავდა ლეშკაშელი.
თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა 2010 წელს „ათასწლეულის ფონდის“ აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 ათას დოლარით დაფინანსდა. შემდეგ კომპანიამ სახელმწიფოდან „იაფი სესხიც“ მიიღო.
ვარდის ზეთი ექსპორტზე გერმანიაში იგზავნებოდა. პროდუქცია ეთერზეთების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობაა, რომელიც პარფიუმერიაში გამოიყენება, მისი ფასი კი უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მაღალია.
თუმცა მხოლოდ ერთი წელი ეცადა ლეშკაშელი ეთერზეთების წარმოების აღდგენას.
სამაგიეროდ, როცა ქართული ბიზნესი კვდება ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, კლავენ, მის ნაცვლად საქართველოში რუსული ბიზნესი იწყებს ხეირს. კანონში ცვლილებამ შეძლო და რუს ბიზნესმენებს საკუთარ სახელსა და ბიზნესებზე მეტი მიწა აღარ დაურეგისტრირებიათ. მაგრამ ფაქტი ერთია, ასე ვხდებით დღითი დღე რუსულ რუბლზე მიბმულები.
დღეს ბევრმა, იქნებ, არც კი იცის, რომ სუბტროპიკულ კულტურათა წარმოების ძირითად ბაზას ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო წარმოადგენდა: აფხაზეთის, აჭარის, სამეგრელოს, კახეთისა და მარნეულის რაიონებში ასამდე სპეციალიზებული მეურნეობა, კოლმეურნეობა თუ ქარხანა აწარმოებდა ეთერზეთოვან კულტურებს. ყველაზე დიდი აბაშის ქარხანა იყო, რომელიც დღე-ღამეში 80-100 ტონამდე ნედლეულს ამუშავებდა. ამ ქარხანასთან მუშაობდა აგრეთვე იზოევგენოლის _ რეჰანის ზეთის მეორადი გადამუშავების პროდუქციის საამქრო. აღნიშნული ქარხნები ამუშავებდნენ ევგენოლური რეჰანის, ვარდის გერანის, ყაზანლიკური ვარდის, დაფნის, ევკალიპტის, ჟასმინისა და სხვა ეთეროვან ზეთებს.

P. S. 1961 წელს კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საუკეთესო ღვინოებისა და კონიაკების გვერდით წარდგენილი იყო საქართველოში დამზადებული ცხრა დასახელების ეთეროვანი ზეთი, რომლებიც არანაირად არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპაში დამზადებულ ეთეროვან ზეთებს, პირიქით, ზოგიერთი მათგანი სჯობდა კიდეც. აქედან დასკვნა _ საქართველოს შეუძლია ნატურალური ეთეროვანი ზეთებით შორს გაითქვას სახელი და ქვეყნის ეკონომიკაზე იფიქროს.

„ქრონიკა+“ სერიული სახით გააგრძელებს იმ რუსული კომპანიების მხილებას, რომლებიც საქართველოს ქალაქებში, სოფლებში წყნრად, უჩუმრად არსდებიან, განაგებენ მიწებს, აშენებენ ქარხნებს საწარმოებს და რუსულ საწარმოებში ქართველებს ასაქმებენ.

მაკა მოსიაშვილი