ზურაბ ნადირაძე: „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დაყენება“

ხელისუფლებაც კი ვეღარ უარყოფს იმას, რომ ქვეყანაში კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია. „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად. კრიმინალებისთვის ბრძოლის გამოცხადების ნაცვლად ისინი მათთან თანამშრომლობას ამჯობინებენ. კრიმინალს სათანადოდ არც პოლიცია ებრძვის.

როდის გამოიძიებენ გახმაურებულ მკვლელობებს? რატომ თანამშრომლობს „ქართული ოცნება“ კრიმინალებთან? რას მოუტანს მმართველ პარტიას საარჩევნო სიაში ივანიშვილის პირველ ნომრად ჩაწერა? სადამდე მიგვიყვანს დასავლური სანქციები? რჩება თუ არა ოპოზიცია ერთიანი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ნადირაძე:

_ ბატონო ზურაბ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ოპოზიცია წლების მანძილზე ითხოვდა. ის ცვლილებები, რომლის თანახმადაც არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარდება, თქვენი აქტიურობითა და დასავლეთის ზეწოლით მიიღეს, მაგრამ ახლა ხელისუფლება ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს მათი სურვილი იყო. ეს ამომრჩეველს ხომ არ დააბნევს, რადგან ოპოზიციას რეგიონებში ერთიანი კანდიდატები ეყოლება? რა გავლენას მოახდენს ეს საერთო სურათზე?
_ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები უპირობოდ 20 ივნისისა და პროდასავლურად განწყობილი ქართველი ხალხის მონაპოვარია და ხელისუფლების ანტაგონიზმი, მიიწეროს ოპოზიციის აქტიურობით და დასავლეთის ზეწოლით მიღებული საარჩევნო სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მათ უტიფრობაზე მეტყველებს და ჩანასახშივე განწირულია. ავხსნი, რატომაც: ყველას გვახსოვს, 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ სისხლიანი მოვლენებიდან მესამე დღეს, 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილი და კომპანია 2020-ში საზოგადოებას სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაჰპირდა, რაც პრეზიდენტმა და მთელმა რიგმა ხელმძღვანელმა პირებმა მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც დააანონსეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ივანიშვილისეული ფარსი გათამაშდა, რადგან 14 ნოემბერს „ამბოხებულმა“ დეპუტატებმა, 4 წლის მანძილზე მიკროფონი რომ არ ჩაურთავთ, კენჭისყრა ჩააგდეს და მოსახლეობა ისევ ძველი, 77/73-ზე სისტემის მოლოდინში დატოვეს.
გახსოვთ, მაშინ ივანიშვილის ხელისბიჭი დემაგოგი მაღალჩინოსნები გვამუნათებდნენ, რომ არანაირი პროპორციული არჩევნები არ იქნებოდა. შემდეგ ოპოზიციისა და დასავლეთის ზეწოლის შედეგად ე. წ. ვაჭრობაზე წამოვიდნენ და 100/50-ზე სისტემა შემოგვთავაზეს, რაც ხალხისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა. ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპოზიციის ერთიანობამ და თანმიმდევრულობამ, აქციების რბევის, ზამთარში წყლის ჭავლების, უკანონო დაკავებებისა და რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე, 8 მარტის შეთანხმება მოიტანა, რომელიც, მიუხედავად პოლიტპატიმრად აღიარებული ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგლავას გამოშვებისა, ხელისუფლებამ ბოლომდე მაინც არ შეასრულა, რადგან პატიმრობაში დატოვა გიორგი რურუა, მაგრამ ზეწოლის შედეგად მიიღო პროპორციულთან მიახლოებული 120/30-ზე საარჩევნო სისტემა. ამიტომ და ამგვარად 2020 არჩევნები მთლიანად ხელისუფლების შეცვლის წყურვილით შეპყრობილი, ოპოზიციურად განწყობილი ხალხისა და ასევე პრორუსული ხელისუფლებისადმი სკეპტიკურად განწყობილი დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა. ამომრჩეველი განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და არა მგონია, ამან რაიმე დაბნეულობა გამოიწვიოს, მიუხედავად ხელისუფლების აქტიური მცდელობისა და ტროლების ფაბრიკით ანტიოპოზიციური უნიჭო პროპაგანდისა.
რაც შეეხება რეგიონებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს, ამ თემაზე ოპოზიციის შიგნით კონსულტაციები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ეს დემოკრატიული პროცესია. მრავალპარტულობისა და დაბალი ბარიერის ფონზე ყველა პარტია ცდილობს პროპორციული ხმების მოგროვებას, მაგრამ ყველას ესმის, რომ ამით მთავარი იდეა (ივანიშვილის ხელისუფლების გაშვება) არ უნდა დაზარალდეს. არის რეგიონები, სადაც მომგებიანია ერთიან კანდიდატზე შეჯერება. ეს, ძირითადად, დიდ ქალაქებს ეხება, მაგრამ არის რეგიონები, სადაც ერთიანი კანდიდატი, როგორც თქვენ ბრძანეთ, შესაძლო დაბნეულობას გამოიწვევს. „გაშლას“ მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია და ამ მხრივ აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
_ „გამარჯვებული საქართველო“ თითქოს გაემიჯნა ოპოზიციას. არც საერთო მაჟორიტარების დაყენებას აპირებთ. ეს მართლია, თუ ასე ჩანს? და საერთოდ, რა ხდება თქვენს თავს?
_ „გამარჯვებული საქართველო“ 2019 წლის 11 ივნისს დაფუძნდა, ცხრა დღეში კი 20 ივნისის მოვლენები მოხდა, რა დროსაც ერთი თვის თავზე მოძრაობის წევრი კობა კოშაძე დააკავეს, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობის გამო იარაღი ჩაუდეს. ერთ კვირაში კი „გავრილოვის ღამეს“ განვითარებული მოვლენების შეთითხნილი ბრალდებით თავად ახალდაფუძნებული მოძრაობის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. აშკარა გახდა, რომ ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლება მშვიდად განვითარების საშუალებას არ მოგვცემდა.
მოკლე დროში, მიზეზთა გამო, რამდენიმე წევრმაც დაგვტოვა და, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში გვიწევდა ფუნქციონირება. სამწუხაროდ, დიდი დრო დავკარგეთ, 10 თვე ლიდერის გარეშე გავატარეთ, რა დროც პარტიული სტრუქტურის მშენებლობისთვის და აქტივის გაზრდისთვის უნდა დაგვეთმო. კვირაში 3-4 დღე სასამართლოს დარბაზებს ვიყავით გამოკერებულნი. საბედნიეროდ, 15 მაისს ხელისუფლება იძულებული გახდა, ირაკლი ოქრუაშვილი გაეთავისუფლებინა და მან, ისევე როგორც ცოტა ადრე კობა კოშაძემ, საპატიმრო დატოვა. მაგრამ დრო 2020-ის არჩევნებამდე და დასახული მიზნების განსახორციელებლად ძალიან ცოტა დაგვრჩა. მიუხედავად ამისა, „გამარჯვებული საქართველო“ ლეიბორისტული ფორმატის ოპოზიციურ ერთობაში, დღიდან მისი შეკრებისა, აქტიურად მონაწილეობდა და ლიდერის განთავისუფლების შემდეგაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებთ კონსულტაციებს. რაც შეეხება საერთო ოპოზიციური მაჟორიტარის არდაყენებას, სწორედაც საერთო ინტერესების გამო, ერთობა რომ არ დაზიანებულიყო, ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილმა. თუმცა თბილისის ორი ოლქი ჯერ კიდევ თავისუფალია და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული არა ჩვენი, მაგრამ ჩვენთვისაც მისაღები საერთო კანდიდატის შერჩევის კონსულტაციებში.
ჩვენ დავაყენებთ მაჟორიტარებს რეგიონებში და ამისთვის აქტიური მუშაობა, შეხვედრები და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ჩემი აზრით, დღიდან ოპოზიციის გაერთიანებისა, შედეგი ცალსახად დადებითია. ეს გაერთიანება უალტერნატივოა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად, რაც ხელისუფლებამაც კარგად იცის და დეზინფორმაციით სისტემატურად ცდილობს განხეთქილების შეტანას ოპოზიციაში. დამიჯერეთ, ეს ფუჭი მცდელობაა მხოლოდ.
_ ამერიკა სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და უკვე დაიწყო საქართველოსთვის სანქციების დაწესება. ამის საპასუხოდ „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი ივანიშვილი იყოს. მის მიმართ საზოგადოებაში მაინც არის ნდობა. ეს ოპოზიციას ხელს ხომ არ შეუშლის? თქვენს ლიდერად ხომ სააკაშვილი მოიაზრება. აქამდე ყველა არჩევნებზე სააკაშვილის დაბრუნებით აშინებდა „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს.
_ აშშ-ის კონგრესის მხრიდან სანქციები, კერძოდ დახმარებიდან 15%-ის გაყინვა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელა, შესაბამისად ეს სანქცია იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი. „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დაყენება, რადგან თვით ამერიკის კონგრესშიც კი ღიად ალაპარაკდნენ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობასა და ივანიშვილის პუტინთან ფარულ თუ ღია კავშირებზე, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია.
საქართველოს მოსახლეობის 75%-მა დიდი ხანია გააკეთა თავისი არჩევანი დასავლური კურსისა და ევროპასთან ინტეგრაციის სასარგებლოდ და რუსული იმპერიალისტული რეჟიმის დაბრუნებას ქვეყანაში აღარ დაუშვებს. სწორედ ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პირველობამ შესაძლოა, ამომრჩეველში უფრო მეტი ნეგატივი გამოიწვიოს, ვიდრე რაიმე სარგებელი მოუტანოს ხელისუფლებას. უამრავი ნაცნობი და მეგობარი მყავს საჯარო სექტორში (განათლება, პოლიცია, თავდაცვა და სხვ.), რომლებმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა სამართლიანობის, აღმშენებლობისა და დასავლური კურსის დაპირების გამო, რაზედაც 2012 წელსვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ დღეს გაწბილებული არიან. 8 წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შესრულდა, მეტიც _ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება. ამ ხალხს კი შვილები ჰყავთ, მათ მომავალზე ფიქრობენ და განსხვავებით წინა წლებისგან არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას „ქართულ ოცნებას“.
ხალხი ხვდება, 8 წელიწადი ნგრევის მეტი არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ კორუფციას, კრიმინალსა და უკიდურეს გაჭირვებას ვხედავთ. ამ დროს კი რიგი ჩინოვნიკები მდიდრდებიან, უამრავი კორუფციული სქემა გაიშიფრა, მილიონობით ლარია დატაცებული ბიუჯეტიდან. ხელისუფლება კი აგრძელებს სრულიად ოპოზიციისთვის „ნაციონალების“ ძახილს და ისევ ცდილობს სააკაშვილისგან მტრისა თუ მგლის ხატის შექმნას. ორი აზრი არ არის, მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი და რეფორმატორია, მაგრამ საქართველოში უკვე მომწიფდა სიტუაცია, რომ ერთპიროვნული მმართველობა აღარასოდეს დაბრუნდეს. ხალხმა ბევრი იბრძოლა მრავალპარტიული არჩევნებისთვის და მომავალში კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ამ ბრძოლას შემოდგომაზე ბოლომდე მიიყვანს.
_ სანქციების თემას დავუბრუნდეთ: გამწვავდება თუ არა ამ მიმართულებით სიტუაცია? აიღებს „ქართული ოცნება“ ხელს თავის ზრახვებზე?
_ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საქმე იცით, როგორ არის? „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და გამიშვით, ცხვარი გარბისო“. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებამ დასავლური დირექტივებიდან და კეთილი შეგონებებიდან, რომელიც ბოლო დროს არცთუ ისე კეთილია, რამე გაიგოს. „ოცნებას“ ისედაც ბოლო ჟამი უდგას, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ასეთი მიდგომით ქვეყნის იმიჯი და მოსახლეობა ზარალდება.
სამწუხაროდ, პრობლემის სიმწვავეს ხელისუფლება ადეკვატურად ვერ ან არ აღიქვამს და განაგრძობს ქვეყანაში ამერიკელი და უცხოელი ბიზნესმენების შევიწროებასა და მათ გაძევებას. ამის დასტურად კმარა განუხორციელებელი ანაკლიის პორტისა და ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის ჩაშლაც, რომელსაც უამრავი სიკეთე უნდა მოეტანა თითოეული მოქალაქისთვის. ვფიქრობ, შეუსრულებელი დირექტივების გამო სანქციები გაგრძელდება ევროპისა და მსოფლიოს სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდანაც, მით უმეტეს პანდემიისა და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ჩვენთვის ეს დახმარებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გახსოვთ, ალბათ, აპრილ-მაისში, მწვავე პანდემიის დროს, ევროპარლამენტარი კუბილიუსი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო იქამდე მიიყვანეს, 500-მილიონიანი დახმარება დადგა ეჭვქვეშ. აღარ ვსაუბრობ კორონავირუსის პრევენციისთვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებზე, სხვათა შორის რომელი თანხებითაც და თემითაც ხელისუფლება არჩევნებისთვის შემოდგომაზე აპირებს ხელის მოთბობას. ახლა ის დაგვრჩენია, რომ როგორმე ნოემბრამდე მივიყვანოთ „ქართული ოცნება“ ისე, რომ ისედაც შელახული ქვეყნის იმიჯის განადგურების საშუალება არ მივცეთ და სამართლიანად შევცვალოთ ხელისუფლება.
_ დღეს ყველაზე აქტიური თემა კრიმინალის მატებაა. აშკარაა, რომ ხელისუფლება მათთან კარგ დამოკიდებულებაშია. რატომ არ აწუხებს საზოგადოებას კრიმინალების პარპაში და როგორ აპირებს ოპოზიცია მათთან გამკლავებას?
_ ცალსახაა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გამძაფრებულია და სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყანას, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სინდიკატი მართავს და მათთან დაახლოებული კრიმინალური დაჯგუფებებიც კომფორტულად გრძნობენ თავს. წლებია, ხელისუფლება ასეთ ჯგუფებს ხალხის დასაშინებლად, საპროტესტო ტალღის აღსაკვეთად და არჩევნების მოსაგებად წარმატებით იყენებს, მათთან ვალშია და, რა თქმა უნდა, სასათბურე პირობებს უქმნის.
წარმოიდგინეთ, მრავალი ფაქტი იყო, როდესაც თავად პოლიციელის სიცოცხლე გახდა დაუცველი, გახშირდა პოლიციელებზე თავდასხმა და შეურაცხმყოფელი მოპყრობები, მოსახლეობისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების დისკომფორტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უამრავი კეთილსინდისიერი პოლიციელი გრძნობს თავს შეუსაბამოდ და ტოვებს სამსახურს, რადგან მათ მხოლოდ აქციების დასაშლელად და ოპოზიციის სადევნად იყენებენ. ისე როგორც 90-იან წლებში კრიმინალი შეზრდილია პოლიციასთან, მიმდინარეობს მიზანმიმართული ხელის დაფარება დანაშაულებრივი ჯგუფების წევრებზე, რომლებსაც მძიმე კვალიფიკაციის დანაშაულებებში ედებათ ბრალი. ხალხს დაკარგული აქვს ნდობა სამართალდამცველი სტრუქტურების მიმართ, რაც არაკეთილსინდისიერი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ გახშირებულ ძალადობაზე, დაფარული თუ დამალული დანაშაულის წახალისებასა და, შესაბამისად, დანაშაულის სტატისტიკის გაზრდაზე მიუთითებს. ცალსახად ეს პრობლება სისტემურია და ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან იღებს სათავეს.
ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლების შეცვლა და ევროპული სტანდარტების რეფორმებია, რაც შესაბამისად მოიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ძალოვანი სტრუქტურების აქტიურ მუშაობას, განათლების დონის ამაღლებას, სამუშაო ადგილებს, ახალგაზრდების დასაქმებას, მენტალური პრობლემების აღმოფხვრასა და დანაშაულის პრევენციას.
_ დღეს მთელი საქართველო დასტირის გიორგი შაქარაშვილს. ამ ხელისუფლების პირობებში ბევრი მსგავსი ფაქტი მოხდა. არის თუ არა ეს საზოგადოების ბრალი, რადგანაც როცა პირველად მიიჩქმალა მკვლელობა, ხმა არ ამოვიღეთ, მეორედაც გავჩუმდით, მესამედაც…
_ გიორგი შაქარაშვილის შემზარავმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა, როგორც, თავის დროზე, შალვა თათუხაშვილის, დემურ სტურუას, თემირლან მაჩალიკაშვილის, დათუნა სარალიძის, ლუკა სირაძისა და სხვა კიდევ მრავალმა მკვლელობამ. ამ საქმეების მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ განელებულა და მათი გამოძიება ჩვენი საზოგადოების ღირსებად მიმაჩნია. ოღონდ არა ამ ხელისუფლების პირობებში, რომლის დროსაც ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ საქმეების ფაქტობრივი გარემოებები მთლიანად თუ არა ნაწილობრივ განადგურებულიყო და დამნაშავეები დღესაც დაუსჯელნი დადიან.
ასევე ხდება „შაქარაშვილის საქმეშიც“, სადაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან დაახლოებული პირების ინტერესებთან იკვეთება და ვართ ასე ჭიდილში. ფაქტებს მიზანმიმართულად ჩქმალავენ, არასათანადოდ იძიებენ, რათა ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მოხვედრილი პირები პასუხისგებაში არ მიეცენ, როგორც ეს წინა შემთხვევებში მოხდა და სათანადოდ არავინ დასჯილა.
„გირგვლიანის საქმით“ მოსული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლება სამართლიანად გადაიყოლა, რადგან იგი მაღალი თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აფარებდა ხელს, დღეს გვეუბნება, რომ ოპოზიცია ასეთ საქმეებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. დიახაც, არის თითოეული ეს საქმე პოლიტიკური, რადგან ეს არის სისტემური პრობლემა და დანაშაული. როდესაც საზოგადოება სისტემის წინააღმდეგ ირაზმება, რომელმაც დანაშაული დამალა და არ გამოიძია, პოლიტიკურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ასეთმა ხელისუფლებამ თუ კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი, რაც ადრე თუ გვიან მოხდება.
მედია და საზოგადოება რომ არა, ხომ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება როგორ გააყალბებდა შაქარაშვილის ჯერ ისედაც ბურუსით მოცულ საქმეს. ფაქტია, რომ ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების კვალდაკვალ იწყებს შსს ახალი გარემოებების მოკვლევას, რაც მათ არაპროფესიონალიზმსა და მიზანმიმართულად არასათანადო გამოძიებაზე მეტყველებს.
_ სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნაზეც უნდა გკითხოთ. სულ გვეუბნებიან, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ, თქვენც ასე ფიქრობთ? თოკო შენგელიას ცსკაში გადასვლაზე რას ფიქრობთ და რატომ რთავს ხელისუფლება პოლიტიკაში კუნთმაგარ ზონდერებს, რომლებიც, მათივე თქმით, პოლიტიკისგან უნდა იყვნენ გამიჯნულები?
_ მთლიანობაში სპორტიც, კულტურაც და სხვა სფეროებიც ერთი მთლიანი და მაშასადამე, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მხოლოდ, აქ უნდა გავმიჯნოთ შიდა და გარე პოლიტიკა. ქვეყნის შიგნით დაუშვებლად მიმაჩნია პოლიტიკური გემოვნებით ან რომელიმე პარტიისადმი მხარდაჭერით სპორტისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების გარჩევა, რისი მომსწრენიც ხშირად გავმხდარვართ, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებების დროსაც, მაგრამ ქვეყნის წინაშე ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრიათ ქვეყნის გარეთ წასულ სპორტსმენებს. ცალსახად წინააღმდეგი ვარ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული სპორტსმენების რუსეთში მოღვაწეობისა, მით უმეტეს, როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, რუსეთის წითელი არმიის მიერ დაფინანსებული კლუბის მაისური 3 წლის განმავლობაში არ უნდა ჩაიცვა.
ზოგადად, წლებია, დაკვირვებული ვარ და სპოტსმენების უმრავლესობამ, ვინც რუსულ კლუბებში გადავიდა, საშინელი რეგრესი განიცადა. ვერ გეტყვით, ეს მიზანმიმართულად რუსული პოლიტიკის ნაწილია ქართველი წარმატებული სპორტსმენების მიმართ თუ თავად სპორტსმენების მენტალობის ბრალი, თუმცა მათზე მოღალატეების ძახილისა და შეურაცხყოფის მიყენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ სპორტსმენების გამოყენებას ზონდერებად, ესენი, ძირითადად, წარუმატებელი, უპასუხისმგებლო, კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანების კასტაა, რომელთაც გარკვეული საზღაურისა და პრივილეგიების ფასად ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. ეს ინდივიდები კი ნამდვილად არიან მოღალატეები. როგორც ყოფილი სპორტსმენი, უამრავ წარმატებულ მოჭიდავეს, ფეხბურთელსა თუ რაგბისტს ვიცნობ, მაგრამ მათი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მათთვის ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოქცევა, რადგან ნამდვილი სპორტსმენი საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემსახურება და საბედნიეროდ ისინი მრავლად არიან საქართველოში.

შორენა მარსაგიშვილი