გიორგი გიუაშვილი: „ხალხს ხელისუფლებაც ყელში ამოუვიდა და _ ოპოზიციაც“

ოპოზიციის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხს განიცდის. მმართველი პარტიის დამარცხების სურვილი ლეიბორისტული პარტიის წევრ გიორგი გიუაშვილსაც აქვს, მაგრამ ოპოზიციის საყოველთაო აღტაცებას არ იზიარებს. მისი თქმით, ოპოზიცია ნაადრევად ზეიმობს გამარჯვებას. გიუაშვილს დიდ იმედს არც სანქციების თემა აძლევს. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ყელაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

რატომ ვერ დაახევინებს უკან სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერს? რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია? რა პროცესები მიდის მმართველ პარტიაში? რა ჭორებს უვრცელებენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრები? რა შედეგის მიღწევა შეუძლია ოპოზიციას არჩევნებზე? _ ამ თემების შესახებ გიორგი გიუაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, აშშ-მ უკვე ღიად თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებს, თუ აქ პროცესები დემოკრატიულად არ განვითარდება. თქვენი კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ეს „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში ხელს შეუშლის.
_ სანქციების თემა შემაკავებელი იქნება, მაგრამ ეს ფაქტორი ივანიშვილს განზრახვის სისრულეში მოყვანაზე ხელს ვერ ააღებინებს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდეს საიმისოდ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სანქციები დაწესდეს.
_ რისთვის სჭირდება ივანიშვილს ეს?
_ დასავლეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველომ დასავლეთს ზურგი აქციოს.
_ საინტერესო ვერსიაა, მაგრამ რას გააკეთებს ივანიშვილი, თუკი მის ქონებას დააყადაღებენ? ესეც მის ინტერესებშია?
_ დღეს ბევრი საუბრობს, რომ ამერიკა პირადად ივანიშვილს დაუწესებს სანქციებს. ამ თემაზე საუბარი ცოტა პოპულიზმი მგონია. პირადი ქონების დაყადაღება საკმაოდ რთული განსახორციელებელია.
_ რთულია, მაგრამ არა _ შეუძლებელი. დასავლეთს არაერთი ოლიგარქისთვის დაუყადაღებია ქონება.
_ ივანიშვილის ქონების დაყადაღებაზე უარს იმიტომ კი არ იტყვიან, რომ მისი ერიდებათ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერს ეს ქონება. რამდენადაც ვიცით, მას ამერიკაში ქონება ნაკლებად აქვს. ამერიკა მის ქონებას სხვა ტერიტორიაზე ვერ გაყინავს, მათ შორის, ევროპაში, რუსეთზე აღარაფერს ვამბობ.
_ ევროპაც კრიტიკულად არის განწყობილი ჩვენი ხელისუფლების მიმართ და შესაძლოა, მათაც დაუჭირონ მხარი სანქციების დაწესებას.
_ ევროპაც თუ გადაწყვეტს ივანიშვილის დასჯას, მაშინ შესაძლებელია ევროპაში მისი ქონების დაყადაღება.
_ ზემოთ თქვით, რომ ივანიშვილს შესაძლოა, უნდოდეს კიდევაც, რომ დასავლეთმა საქართველოს სანქციები დაუწესოს, რათა დასავლეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს. ვთქვათ და შეწყვიტა დასავლეთმა ჩვენი დახმარება, ეს ხომ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს? ხალხის რისხვის არ ეშინია „ოცნების“ ლიდერს?
_ ეს ძალიან სერიოზული თემაა, ამაზე ექსპერტები და პოლიტოლოგები უნდა მუშაობდნენ. ასეთი გადაწყვეტილება უცბად არ მიიღება. მსგავსი სცენარები წლების მანძილზე იწერება. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, დემოკრატიის კუთხით, საქართველოში წინსვლა არ არის. ივანიშვილი არანაირ ბერკეტს არ თმობს, საშინელ და დრაკონულ კანონებს ღებულობს. მედიაში დროებითი მმართველის დანიშვნაც კი მოინდომა და ეს საკითხი განსახილველად პარლამენტში შეიტანეს.
_ საკითხის განხილვა კი დაიწყო, მაგრამ ის უკან გაიწვიეს.
_ იმიტომ გაიწვია, რომ საზოგადოებაში ამას დიდი პროტესტი მოჰყვა. მთავარია, ხომ შეეცადა, მის მიღებას. ამხელა პროტესტი რომ არ ყოფილიყო, უპრობლემოდ მიიღებდნენ ამ ცვლილებებს. ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საარჩევნო კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა. ხელისუფლების ხელში კვლავ უამრავი ბერკეტია.
_ სამაგიეროდ, ხალხის განწყობაა შეცვლილი „ქართული ოცნების“ მიმართ.
_ ხალხის განწყობა შეცვლილია, მაგრამ ეს დიდ იმედს არ მაძლევს. ვიმეორებ: ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, რომ არჩევნებზე სასურველი შედეგი გაუფორმოს საკუთარ თავს.
_ 2012 წელსაც ყველა ბერკეტი ჰქონდათ „ნაციონალებს“, მაგრამ მაშინ ხალხის განწყობამ ბევრი რამე, მათ შორის, ხელისუფლებაც შეცვალა.
_ 2012 წელს რა განწყობაც იყო ხალხში, ისეთი განწყობა ახლა არ არის. ვერც ოპოზიცია დგას იმ სიმაღლეზე, როგორზედაც მაშინდელი ოპოზიცია იდგა. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. 2012 წელს ოპოზიციამ ბევრად ადრე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. ახლა არჩევნები კარს მოგვადგა და დღემდე არ არიან მაჟორიტარებზე შეთანხმებულები.
_ მაგ მხრივ არც „ქართულ ოცნებაში“ აქვთ კარგად საქმე _ ვერც მაჟორიტარებზე თანხმდებიან და საარჩევნო სიის შედგენაზეც დიდი ამბები მიდის.
_ ჩემი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო თემაზე სერიოზული კლანური დაპირისპირებებია. ეს კლანები ერთმანეთის ჩაჩოჩებას ცდილობენ. ბიძინასთან აბეზღებენ ერთმანეთს. შიდაპარტიულ სკანდალებს ჟურნალისტებს თავად აწვდიან.
_ გაიხსენეთ, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებაში“ ვიყავიო. მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ რვა წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად მოგიწევდათ ბრძოლა?
_ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. არჩევნების დასრულების შემდეგ ბორჯომის გამგებლის მოადგილედ დავინიშნე. ამ მოვალეობას 9 თვე ვასრულებდი. შემდეგ უშიშროებასთან მომიწია დატაკება რაღაც საკითხებზე და „ოცნებისთვის“ მიუღებელი გავხდი. თანამდებობიდან ვერ მხსნიდნენ, ადგნენ და ის პოსტი გააუქმეს, რომელიც მეკავა. ამასთან დაკავშირებით სასამართლოში შევიტანე სარჩელი და სამივე ინსტანციაში მოვიგე, მაგრამ აღდგენას აზრი აღარ ჰქონდა, უკვე საკრებულოს წევრი ვიყავი. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რომ მომიწევდა ბრძოლა, ამაში არჩევნების დასრულებიდან მესამე დღეს დავრწმუნდი, ისეთი რაღაცები დატრიალდა ბორჯომში. ასეთი ვითარება შეიქმნა დანარჩენ საქართველოშიც.
_ ასეთი რა ამბები დატრიალდა?
_ კატასტროფული რამეები. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს ქვეყანაში მოხდა ოროსნების რევოლუცია: ნარკომანები, ხულიგნები და ოროსნები დაეპატრონნენ ხელისუფლებას. ბორჯომის საკრებულოს წევრია ერთი ტიპი „ქართული ოცნებიდან“, რომლის ვინაობას არ გავამხელ და თავის დროზე იცით, რატომ დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობას“? _ პლანის მოწევის უფლებას არ აძლევდა. აქაური პოლიციის უფროსი უშლიდა ამაში ხელს და ამიტომ წავიდა პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ასეთი ადამიანი შემოიკრიბა გარშემო. ჩაიგდეს ხელისუფლება ხელში და მოსთხოვე ახლა ამათ რამე. თქვენ კიდევ გიკვირთ, პრემიებსა და დანამატებს რომ იწერენ. ბორჯომის საკრებულოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც უზარმაზარი ხელფასი აქვს, დაზღვევით სარგებლობს, ამ დროს საკრებულოსგან კიდევ 530-ლარიანი დახმარება მოითხოვა. ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკო?!
_ ოჯახი ხრამიაო და ეტყობა, დასჭირდა ამ პატიოსან კაცს დახმარება.
_ ეს უკვე მათხოვრობაა. იმხელა ხელფასი რომ გაქვს და თან დაზღვევით სარგებლობ, დამატებითი დახმარება არ უნდა მოითხოვო.
_ ზემოთ მითხარით, რომ დღევანდელი ოპოზიცია არ დგას იმ სიმაღლეზე, რაზედაც 2012 წელს იდგა ოპოზიციაო. უფრო დეტალურად გვითხარით, რა განსხვავებაა მათ შორის?
_ არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, _ დღევანდელი ოპოზიციის ქმედებებით ძალიან გულგატეხილი ვარ. აშკარად ვხედავ, რომ ოპოზიცია იმისთვის არ იბრძვის, რათა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილოს. ოპოზიცია შეეგუა იმ აზრს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს ამ არჩევნებზე ვერ მოიცილებს. ამის მიუხედავად, უკან მაინც არ იხევენ და ბრძოლას აგრძელებენ. ოღონდ იბრძვიან იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიცია უფრო დიდი დოზით შევიდეს. მომავალი პარლამენტი ბევრად უფრო მრავალფეროვანი იქნება. ეს ვარიანტი ოპოზიციას აწყობს. შევლენ პარლამენტში, ისევ კამერების წინ დადგებიან, გამოიყენებენ პარლამენტს რუპორად და ისევ ამათ ძიძგილაობას უნდა უყუროს მოსახლეობამ. არადა, ხალხი დაიღალა ამ კინკლაობის ყურებით.
_ ოპოზიცია თითქმის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დამარცხებას შეძლებს და ტყუის, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს?
_ მე ჩემს აზრს გეუბნებით. ვხედავ, რომ ოპოზიცია ივანიშვილის მოშორებას ვერ ახერხებს და იმაზეა გადართული, რაც შეიძლება მეტი პარტია მოხვდეს პარლამენტში. ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, ივანიშვილს ვერ ჩამოაშორებს ხელისუფლებას. „ქოცების“ დამარცხება ადვილი არ იქნება, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იკადრებენ და არაფერზე უკან არ დაიხევენ.
_ მაინც, რას გააკეთებენ?
_ ძალიან ბევრ ფულს დახარჯავენ. კრიმინალებს გამოიყენებენ სიტუაციის დასალაგებლად. ამ მიზნით ჩამოჰყავთ ქვეყანაში „კანონიერი ქურდები“. სერიოზული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არ შესულა. ყველა ბერკეტი ამათ ხელშია.
_ დასავლეთის ზეწოლა არ დაახევინებს უკან? არჩევნების ჩატარებას ძველი სისტემით აპირებდნენ, მაგრამ შეაცვლევინეს, არც პოლიტპატიმრების განთავისუფლება უნდოდათ, მაგრამ მოუწიათ.
_ დასავლეთის ზეწოლა რაღაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ძალადობაზე ბოლომდე არ იტყვის უარს.
_ ხალხი რას იზამს? მომატებული კრიმინალი არ იქონიებს მათზე გავლენას? შაქარაშვილის მკვლელობამ ძალიან გააბრაზა საზოგადოება.
_ კრიმინალის თვალსაზრისით საშინელება ხდება. ეს საზოგადოებას სერიოზულად აშფოთებს. რაღაც რეაგირება ამაზე აუცილებლად იქნება. რაღაც უნდა შეიცვალოს, ასე ვეღარ გაგრძელდება. წინასაარჩევნოდ რამდენიმე ბორჯომელი კრიმინალი გამოუშვეს ციხიდან, მათ რაღაცები უნდა დაულაგონ ხელისუფლებას. კრიმინალებზე არანაკლებ კრიმინალს სჩადიან ხელისუფლების წარმომადგებლები _ ღიად იტაცებენ სახელმწიფო ქონებებს. ბაკურიანში პირდაპირ მიიტაცეს მიწები და იქ ბეტონის ჯუნგლების გაშენებას აპირებენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები. აიშენეს აგარაკები და ვილები. არ ვიცი, როგორ უნდა დაიბრუნოს სახელმწიფომ ჩინოვნიკების მიერ უკანონოდ მითვისებული ქონება.
_ პოლიტიკური ნება თუ იქნა, ძალიან კარგადაც დაიბრუნებს სახელმწიფო ამ ქონებას უკან.
_ ნება თუ იქნა, მიტაცებულ ქონებას ჩამოართმევენ, მაგრამ იქნება ეს პოლიტიკური ნება? რა ვიცი.
_ ეჭვი გეპარებათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შეთხვევაში უკანონოდ მიტაცებულ ქონებას ჩამოართმევენ?
_ საბაბი მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო. როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოდიოდა, ყველას გვეგონა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ სადაა სამართალი? დამნაშავეების დასჯის ნაცვლად კოჰაბიტაცია მივიღეთ. ნახევარი „ნაცმოძრაობა“ გადავიდა „ქოცებში“. დღეს მმართველი პარტია პორტირებულ „ნაცებზე“ დგას. ის ხალხი, ვისზედაც ყველა უბედურებამ გადაირია, გვერდით გაწიეს და კოდუას, სოდ-სა თუ ახალაიას კუდ-ში ნამუშევრები დააწინაურეს.
_ ძველი ძალოვნები ახსენეთ და მათი გამორჩეული სახე, ვანო მერაბიშვილი, სამცხე-ჯავახეთში აპირებს მაჟორიტარად კენჭისყრას. ამის გამო თქვენი რეგიონი სერიოზული ყურადღების ცენტრში იქნება. როგორც ამბობენ, მერაბიშვილს მანდ სერიოზული შანსები აქვს. თქვენ რას გვეტყვით, მართლა ასეა?
_ ჩვენს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, არჩევნებზე მაგარი „ბარდაგი“ იქნება. ბიძინა აქ მაჟორიტარად იმ კაცის დაყენებას აპირებს, რომელიც მას აბასთუმანში რაღაცებს უშენებს. ვანო მერაბიშვილი ეყოლება „ნაციონალებს“, მამუკა ხაზარაძესაც მოუძებნია ვიღაცა. ამათ ფონზე ვანო მერაბიშვილი ხალხში გაცილებით მეტ სიმპათიას იწვევს.
_ თქვენც იმას ფიქრობთ, რომ მას არჩევნები მოგებული აქვს?
_ ბორჯომში ცოტა გაუჭირდება. მის ხელქვეითებს აქ საშინელებები აქვთ გაკეთებული. ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში სერიოზულ ხმებს აიღებს.
_ გედი ფოფხაძე არ აპირებს მანდ თავისი კანდიდატურის დაყენებას? თანამოაზრეებთან ერთად რაღაც ახალი პარტია შექმნა და ბედს არ სცდის?
_ გედი ფოფხაძე ბორჯომში დასრულდა _ რა პარტიაც არ უნდა შექმნას, მას აქ ხმას არავინ აღარ მისცემს. როგორც გავიგე, ეს პარტია სამცხე-ჯავახეთში გედი ფოფხაძის ძმის კანდიდატურას დააყენებს მაჟორიტარად.
_ ძმისას რატომ?
_ აბა, თავად გედი რეიტინგდაკარგულია და უნდა, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს. სხვა კანდიდატი კი არ ჰყავთ.
_ გედის ძმას კარგი რეიტინგი აქვს?
_ არა! ძმაც გედისნაირია. წლების მანძილზე საკრებულოსა და მერიაში მუშაობდა მაღალ პოსტებზე. ერთნაირი გათქვეფილი და „ჟულიკი“ ძმები არიან. მაგათი დანახვა აღარვის უნდა. ამიტომ ვთქვი, რომ ყველა სხვა კანდიდატის ფონზე მერაბიშვილი უფრო სიმპათიურად გამოიყურება. ამასთან, მასაც ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორც უკვე გითხარით, მის ხელქვეითებს ბორჯომში ბევრი სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. ხალხს ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, კარგად ახსოვს.
_ ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ. რას ურჩევდით მათ, რომ იმ სიმაღლზე დადგნენ, რაზედაც 2012 წელს იდგა ოპოზიცია? თქვენ მაშინ ოპოზიციაში იყავით და გახსოვთ ეს ყველაფერი.
_ არჩევნების მოგება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო კამპანია. ოპოზიციამ კარდაკარ უნდა დავიაროთ ყველა სოფელი, ყველას სახლის კარი უნდა შევაღოთ. მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ. 2012 წელს ოპოზიციამ მთელი ქვეყანა კარდაკარ მოვიარეთ. საარჩევნო აგიტაცია უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებზე ძალიან გაგვიჭირდება. რაც არ უნდა სძულდეს ხალხს ხელისუფლება, ხმები თავისით არ მოვა. საჭიროა აქტიურობა.
ოპოზიციამ არცერთ დარღვევაზე არ უნდა დახუჭოს თვალი. ყველზე მცირე გადაცდომაც კი უნდა გააპროტესტოს. საარჩევნო პროცესში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ უცხოელი დამკვირვებლები. მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, შეიძლება, ამ არჩევნებმა მათ გარეშე ჩაიაროს.
_ რატომ?
_ არაა გამორიცხული, პანდემიის მომიზეზებით ჩაკეტონ საზღვრები. ასეთ შემთხვევაში საქართველოში უცხოელი დამკვირვებლები ვეღარ ჩამოვლენ. დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. და ეს ყველაზე უმტკივნეულო ამბავი იქნება.
_ ყველაზე უმტკივნეულო რატომ იქნება, კიდევ რას ელოდებით?
_ აქ ისეთი ამბები დატრიალდება, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. ამხელა ძალაუფლებას ასე მარტივად არ დათმობენ, ცხოვრება აიწყვეს, უზარმაზარი ქონება იშოვეს და ამას არავის დაუთმობენ, ბოლომდე იბრძოლებენ.
_ თავის დროზე გვეგონა, რომ არც „ნაციონალები“ დათმობდნენ, მაგრამ დათმეს. მათაც ბევრი რამე ჰქონდათ დასაკარგი.
_ მაშინ სხვა სიტუაცია იყო ქვეყანაში. „ქართულ ოცნებას“ სეროზულ ზიანს მიაყენებდა ოპოზიციის ერთობა. ახლა კი არ ვიცი, რა იქნება.
_ ოპოზიციური ერთობა დაიშალა?
_ ოფიციალურად არა, მაგრამ ვიღაცები პროცესებიდან გაიძურწნენ. ვიღაცები განზე დგანან. უკმაყოფილება აშკარაა. დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის და ის ვერც იქნება ერთიანი. იმდენი ადამიანია ამ ერთობაში და ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ისაა გასაკვირი, ერთობა თუ იქნება. ბევრ რამეზე ვერ შეთანხმდებიან. ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ გამოიყენებს.
_ ტყუილად დასხდნენ ოპოზიციაში ერთად?
_ ტყულად არა, რაღაც შედეგს ამ ერთობამ მიაღწია. ბევრის მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ ამისთვის თავიდანვე სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ.
_ სხვანაირად როგორ?
_ ნამდვილი და მებრძოლი ოპოზიცია უნდა გამოყოფილიყო. მათგან უნდა შექმნილიყო ძირითადი ბირთვი, დანარჩენი ბალასტი უკანა პლანზე უნდა გადაეწიათ. ამ ერთობაში ბევრი პარტია არაფერს წარმოადგენს და მათი წინა პლანზე წამოწევა ოპოზიციას სერიოზულ ზიანს აყენებს.
_ რა ზიანს?
_ ისინი ხალხის გაღიზიანებას იწვევენ. უმაქნისი არავის უნდა. ხალხთან კონტაქტი მაქვს და კარგად ვიცი მათი განწყობა. ხალხი ამათ ხსენებზე უკვე იჯღანება.
_ მარტო ოპოზიციის ხსენებზე?
_ „ქართულ ოცნებაზეც“ იჯღანებიან და _ ოპოზიციაზეც. ყველა ყელში ამოუვიდათ და არ იციან, ვის მისცენ ხმა. ერთი მეორეზე უარესები არიან. ეს ცუდ გავლენას იქონიებს. 2012 წელს ივანიშვილი შველასავით გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ახლა ეს ფაქტორიც აღარაა. „ქართული ოცნების“ ლიდერის არჩევა მაშინ ბევრს არ უნდოდა, მაგრამ მაინც მისცა ხმა. ყველა ხვდებოდა, რომ მის გარეშე ხელისუფლება ვერ შეიცვლებოდა. მაშინ ქვეყანას ჰაერივით სჭირდებოდა ეს ცვლილებები.
_ ცვლილებები ახლაც სჭირდება ქვეყანას და ამას ხალხი ვეღარ ამჩნევს?
_ როგორ არ ამჩნევს, მაგრამ ვერ ხვდება, თუ ვისით უნდა შეცვალოს „ქართული ოცნება“. ოპოზიციაზე გული აქვთ გატეხილი.

შორენა მარსაგიშვილი