გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ მანქანების რეექსპორტის ბიზნესი გაწირა

ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მანქანების რეექსპორტი ბიზნესი ხელისუფლებამ გაწირა, ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი ადამიანი შემოსავლის და სამსახურის გარეშე დარჩა. ვაშაძე, ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„მანქანების რეექსპორტი – ბიზნესი ფაქტობრივად არის განწირული ხელისუფლების მხრიდან. უმძიმეს ვითარებაში და მდგომარეობაშია ათასობით ადამიანი ვინც ჩართული იყო ამ ბიზნესში, ეს არის როგორც რეექსპორტიორები, ასევე პროფილაქტიკები, სასტუმროები თუ სხვა ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ სექტორთა. ხელისუფლება კი კვლავ დუმს და არაფერს აკეთებს, ამიტომ სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელსაც ვუყენებთ ბატონ გახარიას და დავიწყებ ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვებას : 1-დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ 31 დეკემბრამდე გადავადდეს მანქანების განბაჟების დრო, იმიტომ რომ საზღვრები დაკეტეთ და შეუძლებელია დღეს რეექსპორტი განხორციელდეს ქვეყნიდან; 2- გავრცელდეს ეს განბაჟების გადავადება იმ მანქანებზეც, რომლებიც შემოვიდა პირველი მაისის შემდეგ და 3- დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლიდანაც ძირითადად ჩამოდიოდნენ მანქანების მყიდველები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა, ათიათასობით ოჯახი, დასაქმებული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შემოსავალს ნახულობდა ამ ბიზნესიდან ან მასთან დაკავშირებული ბიზნესებიდან ფაქტობრივად ნულოვანი შემოსავლით არიან დატოვებულები და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმამ, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდებს საქართველო ეკონომიკას. კიდევ ერთხელ მივმართავ გახარიას და ვუთხრა, რომ თქვენი ფუნქცია მარტო კაბინეტში ჯდომა და კაბინეტიდან კეკლუცი კიარ არის, ხალხს მიხედეთ, პრობლემებზე იმუშავეთ. გუშინ ვიყავი მანქანების ავტო ბაზრობაზე და არცერთი თქვენი წარმომადგენელი იქ მისული არ ყოფილა და არ გაუვლიათ ამ ადამიანებთან თუ რა პრობლემები აქვთ. როგორ შეიძლება რომ მოგვარდეს ეს პრობლემა, ხომარ შეიძლება, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის ფაქტობრივად გაანულოთ ყველა ეკონომიკური სექტორი საქართველოში. როგორც ჩანს ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ებრძვის საშუალო ფენას ქვეყანაში, იმიტომ, რომ ფიქრობენ უშემოსავლოდ, მშიერად დატოვებული ადამიანების მართვა უფრო მარტივი იქნება არჩევნებზე, მაგრამ ეს არის ცეცხლთან თამაში და თქვენ ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ უკიდურესად მძიმე ვითარებაში მდგომი ხალხი თქვენ მოგაკითხავთ და თქვენგან მოითხოვს პასუხს ამ საკითხებთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში. მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული ჯანმრთელობის კუთხით-ეპიდუსაფრთხოება, რათა შემოვიდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.