კახა მამულაშვილი: „რთულია ყველაფრის ნულიდან დაწყება, მაგრამ მებრძოლი ადამიანი ვარ“

ახალ რეალობასთან შეგუება არცთუ ისეთი მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ადამიანები იძულებულები ვართ, დავემორჩილოთ იმას, რასაც კანონი გვავალდებულებს. „ქრონიკა+“-ის წინა ნომრებში ვსაუბრობდით, თუ როგორი ეკონომიკური შოკი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და როგორ დააზარალა აბსლუტურად ყველა სფერო კორონავირუსმა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა კულტურასა და შოუბიზნესს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ ნელ-ნელა მოხსნა შეზღუდვები და ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, საქართველო მაინც აგრძელებს გამკაცრებული ზომების მიღებას და გარკვეული წესებისა თუ რეგულაციების დაცვას. მაგალითად, დღემდე ვერავინ ამოხსნა, თუ რატომ არ შეიძლება კონცერტის ჩატარება მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა ან თუნდაც ბაზარში არავინ იცავს დისტანციას. ეს კითხვა აწუხებს პროდიუსერ კახა მამულაშვილსაც („მამულიჩა“), რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, აქტიურ სამუშაო პროცესს შეუდგა.
როგორც პროდიუსერმა „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, მას და მის შემოქმედებით ჯგუფს ახალ რეალობაში მოუწევთ მუშაობის დაწყება. ყველანაირი წესისა და რეგულაციის გათვალისწინებით, პანდემიის შემდეგ, ლელა წურწუმია იქნება პირველი მომღერალი, რომელიც ახალი რეპერტუარით წარდგება საზოგადოების წინაშე:

კახა, კორონავირუსმა ნაწილობრივ ჩაიარა და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდით, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს და რეგულაციების დაცვა გვიწევს. რთულია ყველაფრის ისევ ნულიდან დაწყება და ახალ რეალობაში ცხოვრება?

-ზოგადად, რთულია, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მაგრამ მებრძოლი ადამიანი ვარ _ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში. არსებობს არაჩვეულებრივი გამონათქვამი: არასოდეს თქვა არასოდესო! მართლაც, ყველაფერი რომ გგონია კარგად, შეიძლება პირიქით მოხდეს. ამიტომ მომზადებული უნდა იყო, რომ ნებისმიერ სიტუაციას მოერგო. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ. რაც შეეხება პანდემიას, არავინ ელოდებოდა ამ ყველაფერს, პანდემიამდე მთელი წელი გაწერილი გვქონდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, _ შემოვიდა რეგულაციები. ყველაზე მტკივნეული კი ჩვენი სფეროსთვის ის არის, რომ მეექვსე, „სასიკვდილო ზონაში“ მოვხვდით _ ამ მოლოდინში შეიძლება ყველაფერი ისევ იგივე დარჩეს, როგორც იყო. ერთ ადგილზე რომ იჯდე, არავინ არაფერს მოგიტანს, ამიტომ გადავწყვიტე, სასტუმრებთან, რესტორნებთან მოლაპარაკებები მეწარმოებინა, სადაც კარგი აპარატურაა. დავიწყე მუშაობა და რეგულაციების გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ. პრობლემა ის არის, რომ ბილეთების გაყიდვა არ შეიძლება, ამიტომ ყველა რესტორანი ბილეთის გაყიდვის გარეშე აკეთებს საქმეს, ანუ მაგიდები ლიმიტირებულია.
_ ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, თუმცა იქამდე კორონამდელ პერიოდს დავუბრუნდეთ. თქვენ წინასწარ გქონდათ მთელი წლის პროგრამა გაწერილი. დღეს რა ხდება ამ კუთხით?
_ ჯერჯერობით მხოლოდ ივლისი მაქვს გაწერილი მთლიანად. „ნონსტოპით“ უკვე დავიწყე მუშაობა, ბენდია და დიდ ჰონორარებზე არ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ლელას, რომელიც მაღალბიუჯეტიანია, იმ სიტუაციას უნდა მოვერგოთ, რა რეალობაშიც ვართ.
_ რას გულისხმობთ? მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, ლელას ყველა კონცერტი ანშალგით მიმდინარეობდა. დღეს რა ბარიერი უნდა არსებობდეს მომღერალსა და მაყურებელს შორის?
_ მაგიდების დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი, მის გარშემო, მინიმუმ, 6 კაცი უნდა ისხდეს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი ერთი თვე ვხვდებოდი კონკრეტულ ადამიანებს, ვუხსნიდი და ვეუბნებოდი მათ, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა შოუბიზნესის ასეთ „მოჭერას“. რეალურად, თუ მეტროში უშვებ ხალხს, ბაზრობაზე, სამარშუტო ტაქსებსა და ხალხმრავალ ადგილებში, რატომ არ უნდა ჩატარდეს კონცერტი? მარტო ესტრადა ხომ არ არის? იგივე პრობლემის წინაშე დგას თეატრიც. ჩემთვის წარმოუდგენელია, ფეხბურთელებმა ითამაშონ ფეხბურთი, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და მაყურებელი არ ისხდეს სტადიონზე. ძალიან გადამატებული მგონია ასეთი რეგულაციები. ყველას ვუხსნი, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს შოუბიზნესს.
_ მაგალითად?
_ ის, რომ არ არის ბიუჯეტზე დამოკიდებული და აბსოლუტურად ყველანაირ გადასახადს იხდის; მეორე _ ქორწილებისა და ბანკეტების აკრძალვა ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევს-მეთქი. ადამიანების ნაწილი გარეთ გავიდა, ბინებს ქირაობენ ან საკუთარ კოტეჯებში იხდიან დაბადების დღეებს ან თუნდაც აწყობენ წვეულებას. რა ხდება ამ დროს?! _ უსაფრთხოება დაცული არ არის! ბიუჯეტი თავისთავად კარგავს ამხელა ფულს, რადგან დიდი რესტორნები, ძირითადად, ბანკეტებითა და ქორწილებით მუშაობდნენ. ამ ყველაფერს კიდევ დაწვრილებით ვუხსნიდი კონკრეტულ ადამიანებს.
_ საბოლოო ჯამში, მათგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეთ?
_ საბოლოო ჯამში, მეთანხმებოდნენ, თუმცა ვინც ამ რეგულაციებს ადგენს, იმათ გარეშე ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. იურიდიული პირი ვერ ხდება მუსიკოსი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გადასახადია, ესეც ავუხსენი და თუ იურიდიული პირი არ ხარ, სახელმწიფო ვერანაირი ფორმით ვერ იურთიერთებს შენთან. შესაბამისად, რესტორნებიც ვერ ურთიერთობენ მომღერლებთან, რადგან იურიდიული ფორმა არ გააჩნიათ. ეს ფორმა რომ გააკეთონ, ამისათვის დიდი გადასახადების გადახდა მოუწევთ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შოუბიზნესი ასე რჩება. გერმანიაში, თუნდაც ამერიკაში, დიდი თანხები გამოყვეს შოუბიზნესისთვის, რადგან ფიქრობენ, რომ იგი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და გარკვეულწილად თერაპიაა ადამიანებისთვის გართობა, კონცერტებზე სიარული და ა. შ. რეალურად, ამ სამი თვის განმავლობაში ადამიანები ჯოჯოხეთში ვიმყოფებოდით დაზომბირებულები და ამ მოცემულობიდან უნდა გადმოვიდეთ დადებით ენერგიტიკაში.
_ რესტორანში კონცერტის დროს ცეკვა არ შეიძლება?
_ ლელას პირველი კონცერტი მცხეთაში იქნება, სადაც ძალიან დიდი და ღია სივრცეა. მაგიდებს შორის ორ-ორმეტრიანი დისტანციაა და თითო მაგიდა 6-კაციანია. სიმართლე გითხრათ, აქაც ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა 6-კაციანსა და 8 ან 10-კაციან მაგიდებს შორის და ვერც ვერავინ ამიხსნის.
რაც შეეხება ცეკვას, ესეც იქნება, რადგან ლელას პროგრამაზე რომ არ იცეკვო, შეუძლებელია. ვნახოთ, რა გამოვა.
_ ბილეთების გაყიდვა აკრძალეს, რადგან ის შესაძლოა, ინფექციის გადამტანი გახდეს. ეს გასაგებია, მაგრამ ინტერნეტით ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ორგანიზება?
_ იმიტომ, რომ ბილეთების გაყიდვა ზოგადად ნიშნავს ადამიანების თავშეყრას კონკრეტულ ობიექტზე, ამიტომ ავარჩიეთ კონკრეტული ლოკაციები, სადაც ყველანაირი რეგულაციების დაცვით ჩატარდება კონცერტი. ყველა ამ ობიექტმა, მაგალითად, ბათუმში რესტორანმა „სანრემომ“, ჯანმოს წარმომადგენლებთან წესები გაიარა. მათ ნება დართეს, რომ ასეთი ფორმით გაგვეკეთებინა საღამო.
_ ამ რეგულაციებით მუსიკოსი ზარალდება, ეს მისთვის წამგებიანია.
_ მუსიკოსი ზარალდება, მაგრამ რას ვიზამთ? ჰონორარებიც განახევრებულია, თუმცა ამ შემთხვევაში კომერციულ სკითხს იმდენად არ ვაქცევ ყურადღებას, რამდენადაც, ზოგადად, ბენდის მუდმივ მუშაობას, მის აქტიურ მოქმედებას, ტონუსის შენარჩუნებას, რეპეტიციებსა და ბევრ სხვა რამეს ურუნველვყოფ. შოუბიზნესიც ასე არის, ნელ-ნელა ყველაფერი დაიქოქება. ადრე თუ მილიონობით ადამიანი მოდიოდა კონცერტზე, ახლა ნელ-ნელა დაიწყებენ მოსვლას, რადგან ბევრს შიშის ფაქტორი აქვს და ესეც უნდა დაიძლიოს. ამ ვირუსს ჩვეულებრივად აღვიქვამ, როგორც გრიპის ვირუსს. ასე ჩავიდე თავში, რადგან იგი იკურნება. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ვიღაც ავად რომ გახდება, არ უნდა გამოვიდეს გარეთ, არ უნდა წავიდეს დაბადების დღეზე ან სხვა თავშეყრის ადგილზე, ეს პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მოქალაქეებმა, თორემ სახელმწიფომ რაც არ უნდა რეგულაციები დააწესოს, შენ თუ არ შეუწყვე ხელი, არაფერი გამოვა.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ _ მაყურებელი აქტიურად ივლის კონცერტებზე?
_ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და დადებითად ვუყურებ ყველაფერს. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ხვალ რა იქნება, არავინ იცის, ამიტომ ჩემ ირგვლივ ვინც არის, ყველას პოზიტიურად ვმოძღვრავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რადგან არ შეიძლება, სხვანაირად იყოს.
_ კახა, თქვენ ძალიან დიდი შემადგენლობით დადიხართ: ტექნიკური ჯგუფი, ბენდი, ბექვოკალისტები, სოლო შემსრულებლები, ხმის რეჟისორი და…
_ …და ფოტოგრაფიც! სხვათა შორის, გაწყვეტინებ და ჩემმა შვილმა, მარიკომ, დაიწყო ჩვენთან მუშაობა ფოტოგრაფად _ ბენდის ფოტოგრაფია.
_ მაშინ ცალკე ხარჯები აღარ გექნებათ.
_ მეგონა, რომ ხარჯები დავზოგე, მაგრამ გამეზარდა. ლელაზე სულ სხვა თანხას ითხოვს, „ნონსტოპზე“ _ სხვა თანხას. ვხუმრობ, მაგრამ ისიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის გასამრჯელო, ჰონორარი და სერიოზულად უდგება ამ საქმეს.
_ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლა ფოტოგრაფიას?
_ კი, კი, თავისით წავიდა, ჩააბარა და სერტიფიკატი აიღო.
_ ზემოთ კითხვა ვეღარ დავასრულე. საინტერესოა, ამხელა ჯგუფთან ერთად მუშაობა და მოძრაობა რამდენად წამგებიანია დღეს, რადგან, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება.
_ დიახ, ამ ეტაპზე, კომერციულად თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად წაგებაზე ვმუშაობთ, მაგრამ არც ისე, რომ დავზარალდეთ. მინიმუმზე ვართ და ჩვენ ახლა პირველი რაც გვჭიდება, ეს არის ექშენი და ამაზეც კმაყოფილები ვართ. იმედი მაქვს, 15 ივლისიდან ეს რეგულაციები მოიხსნება.
_ აღსანიშნავია, რომ პირველები ხართ, ვინც ასე ფართო მასშტაბით გამოდიხართ აუდიტორიის წინაშე.
_ ალბათ, პირველები. ჩვენ გვინდა, სხვებისთვის ინსპირაცის წყარო ვიყოთ, რომ ყველამ დაიწყოს ნელ-ნელა მუშაობა და ამოძრავება. ბევრია მოკლებული ამ ყველაფერს და სურვილი დიდია. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ.
_ ლელას როგორი განწყობა აქვს?
_ ლელა შემართებითაა. მას ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს და მნიშვნელოვანია, რომ კარგი განწყობა შეინარჩუნოს, რადგან არ შეიძლება ცხვირის ჩამოშვება. ჩვენი მთავარი მიზანია: მუშაობა, მუშაობა და მუშაობა! ღმერთის წყალობით, მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
_ როგორც ვიცი, ლელა ახალი რეპერტუარით წარდგება მაყურებლის წინაშე. გვიამბეთ ამ სიახლეების შესახებ.
_ ერთი სიმღერა გავაკეთეთ _ „ციცინათელები“, რომელსაც ადრე ლელა „ბასტი-ბუბუსთან“ ერთად მღეროდა. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი რიმეიქი გააკეთა ლელას დისშვილმა, სანდრო წურწუმიამ. მართლა საინტერესო რიმეიქი გამოვიდა და უმრავლესობას ძალიან მოეწონება. ასევე ერთი ახალი სიმღერა ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“ და მესამე გახლავთ ზურა მანაგაძის სიმღერა „გიორგობის თვე“, რომლის არანჟირებასაც ქალბატონი ნინო გულიაშვილი გვიკეთებს და ვცდილობთ, ეს ძველი სიღერები ახალი ჟღერადობით შემოგთავაზოთ. ძალიან რთულია დღევანდელ დღეს გააჟღერო ახალი სიმღერა, ფიზიკურად არც არის, კომპოზიტორები ვერ გაწვდიან იმას, რაც შეიძლება, რომ გააკეთო და ამიტომ ვცდილობთ, საზოგადოებისთვის ნაცნობი სიმღერები ახლებურად ავაჟღეროთ. მელი მსოფლიო ასე მუშაობს. უკვე ელექტრონული სისტემისკენ მიმყავს ბენდი, რომელმაც ეს თემა ჩართო. არ გვინდა, რომ მსოფლიო მოვლენებს ჩამოვრჩეთ.

გიორგი საკარული