საქართველო _ რევოლუციასა და ევოლუციას შორის

როგორც იქნა, მრავალთვიანი გადადების, საფუძვლიანი ეჭვებისა და ხელმეორედ საზოგადოების გადაგდების რისკის მიუხედავად, საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, აქვს ახალი საარჩევნო სისტემა.
რა თქმა უნდა, ის არ გახლავთ იდეალური და გაცილებით უარესია, ვიდრე მთლიანად პროპორციული სისტემა. ის სახელისუფლებო პარტიას დაუმსახურებლად გამარჯვების შანსს მაინც უტოვებს, თუმცა ბევრად ნაკლებს _ „ოცნებამ“ ამ კანონის მიღებით, თითქმის, 30%-იან უპირატესობაზე თქვა უარი.
დასაწყისისთვის არც ეს გახლავთ ცოტა.

რა იქნება სამომავლოდ? რა შედეგების დადგომაა ყველაზე რეალისტური ამ საარჩევნო სისტემით?
პირველ რიგში, უკლებლივ უნდა გავაცნობიეროთ _ ნებისმიერი, თუნდაც, ყველაზე პროგრესული საარჩევნო სისტემა არის შანსი და არა _ გარანტია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დაუნდობელი იქნება.
უმნიშვნელო, არაფრის მთქმელი საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ ატეხილი ცივი სამოქალაქო ომი ყველას გვახსოვს.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში რა კოშმარი გველის მაშინ, როდესაც არა ბუტაფორიული პრეზიდენტის, არამედ რეალური ძალაუფლების საკითხი წყდება. თანაც ახალი საარჩევნო სისტემით, რომლითაც ხელისუფლებისთვის მარცხის შანსი გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, „დამაჯერებელი გამარჯვება“ _ უფრო რთული.
შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მავნეა რეალობის არაადეკვატური შეფასება _ იმის რწმენაც, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია, აგონიაში იმყოფება და პირიქითაც, რომ ბიძინა საკუთარი ნებით არსად წავა და არჩევნებს აზრი არ აქვს.
არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, როდესად საზოგადოებაში არ შეიმჩნევა არავითარი რევოლუციური განწყობები. წინა ხელისუფლების რადიკალური მომხრეები დღესაც ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებენ _ არჩევნებით ვერაფერს მივაღწევთ, ივანიშვილი მაინც ყველას მოისყიდის, დააშინებს ან, თუ საჭირო იქნა, ციხეში გაუშვებს.
ამიტომაც რევოლუცია და მხოლოდ რევოლუცია! 2003 წლის მეორე სერია.
თუმცა ისინი ცდებიან. როგორც ყოველთვის, ბრაზი და ნეგატიური ემოციები ადამიანებს თვალებს უბრმავებს.
ისინი იმ ფაქტს ვერ აცნობიერებენ, რომ 2003 წელი 2003 წელს იყო და ის ვერასდროს განმეორდება. „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა აკრიტიკო, და საფუძვლიანადაც, დღევანდელი ვითარება ქვეყანაში წარმოუდგენლად შორსაა 2003 წლისგან. იმდროინდელ ვარდნას ქვეყანა უკვე ვერასდროს დაუბრუნდება, მაშინაც კი, თუ ხელისუფლება საერთოდ არ ეყოლება.
თანაც ძალიან დიდი გამარტივებაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ მომხრეები საერთოდ არ ჰყავდეს, მოსყიდული ლუმპენპროლეტარიატის გარდა.
სახელისუფლებო პარტიას თავისი მტკიცე ელექტორატი ჰყავს და ის არცთუ ისე მცირეა _ 40-45%. კარტოფილის 1 ტომრით და სესხების განულებით ნაყიდებთან ერთად „ქართულ ოცნებას“ საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები და მათი ახლო ნათესავებიც აძლევენ ხმას. გარდა ამისა, „ოცნებას“ რადიკალი „ანტიმიშისტების“ იმედიც ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს _ ადამიანების, რომლებიც წინა ხელისუფლებას იმდენად ვერ იტანენ, რომ ყველგან მიშა ელანდებათ.
ეს ფენა არცთუ ისე მცირეა _ 10-15%.
საბოლოო ჯამში, ამ სამი ჯგუფის ერთობლიობა საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია _ როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე ჰიპოთეტური რევოლუციის დროს.
2003 წლის მაგალითი გვიჩვენებს: წარმატებული მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება მთლიანადაა გაკოტრებული, როდესაც მას არც ერთი მომხრე არ გააჩნია, საკუთარ აპარატშიც კი.
ქუჩის გამოსვლები დიდ მასობრივ ჩართულობას მოითხოვს. ერთი შეხედვით, 20.000-30.000 ათასი აქტიური მომიტინგე საკმარისია ქუჩიდან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
სინამდვილეში, იმისთვის, რომ 2 კვირის მანძილზე ქუჩაში, თუნდაც, 10-15 ათასი ადამიანი იდგეს, რეალურად, აქციებში ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობაა საჭირო.
საპროტესტო აქცია _ ეს ცოცხალი და დინამიკური პროცესია. აქტივისტების გარდა მასში რიგითი ადამიანებიც ერთვებიან _ ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის. როდესაც მომსვლელი წამსვლელზე მეტია, აქცია იზრდება, მისი მრისხანება კი მატულობს. როდესაც მეტი მიდის და ნაკლები მოდის _ საპროტესტო მუხტი იკარგება.
სწორედ ამიტომ, ბოლო წლების მანძილზე, არაერთი საპროტესტო ტალღა დიდი მიტინგებით დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, ჩაქრა.
ამის მიზეზი კი სწორედ ისაა, რისი აღიარებაც რევოლუციონერებს არ სურთ _ ქუჩის ამბოხისთვის მათ მხარდამჭერთა რაოდენობა არ ჰყოფნით. რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თუნდაც მდუმარედ და პასიურად მოსახლეობის 90% უჭერს მხარს. ასე იყო 2003 წელს.
დღეს ასე არაა. როდესაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ასე თუ ისე, ხელისუფლების მხარდამჭერია, სიტყვა „რევოლუცია“ საერთოდ დაივიწყეთ.
თანაც, ამ პირობებში „ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი _ კონტრაქციებზეც კი, რომელიც ოპოზიციის გამოსვლებზე ხალხმრავალი იქნება და პირდაპირ ძალადობაზე ორიენტირებულ ზონდერებზე, რომლებიც „შაქარაშვილის საქმეშიც“ ვიხილეთ.
მოკლედ, მოცემულ ვითარებაში ხელისუფლებას რევოლუციის ჩასახშობად ყველა საჭირო ბერკეტი აქვს, მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერაც. ხოლო არჩევნების იქით კი გზა არ გააჩნია. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება არ იქნება ერთჯერადი პროცესი ან არჩევნებში ცალსახა დამარცხება.
2020 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ გაჭირვებით, დიდი ძალისხმევისა და პირდაპირი ძალადობის გზით. ის თავის ჩვეულ 80-85%-იან უპირატესობას დაკარგავს და მას მოუწევს ახალ პირობებში 52-53%-იანი უმრავლესობის პირობებში საქმიანობა. ეს კი ლეგიტიმურობის დეფიციტსა და პარტიის თვითრწმენის შემცირებას ნიშნავს. „ქართული ოცნება“ ერთჯერადად არ ჩამოიშლება _ ის თანდათანობით დასუსტდება და 2024 წლისთვის უკვე სრულიად სხვა პარტია იქნება.
ქვეყანას წინ ელის ხანგძლივი და დამღლელი ევოლუცია და არა რევოლუცია.

თენგიზ აბლოთია